სამშენებლო მასალების ბაზარი საქართველოში
მაკა ღანიაშვილი
საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანია “Deloitte and Touche”-მა თბილისის უძრავი ქონების ბაზარი შეისწავლა. კომპანიის დასკვნით, საქართველოში ბოლო პერიოდში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გამო (7 ნოემბრის მოვლენები, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები) უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობა შენელდა, თუმცა ეს დროებითი მოვლენა იყო და მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში სამშენებლო ბუმი კვლავ იქნება.
ამას დასტურებს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე არსებული სიტუაცია, ეს სფერო ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და სწრაფად განვითარებადია საქართველოში. ის არა მარტო ადგილობრივ ბიზნესმენთა, არამედ საერთაშორისო ინვესტორთა დაინტერესებასაც იწვევს. მომავალი 2-3 წლის განმავლობაში ბევრი დიდი პროექტი დასრულდება და ბევრის განხორციელებაც დაიწყება. აუდიტორული კომპანიის მონაცემებით, დეველოპერთა უკვე ცნობილი პროექტები გააორმაგებს საცხოვრებელ, საოფისე, სასტუმროების, საცალო ვაჭრობისათვის განკუთვნილ, თუ სხვა დანიშნულების ფართობებს. მიუხედავად იმისა, რომ 2003 წლიდან მოყოლებული ფასები უძრავ ქონებაზე თითქმის 4-ჯერ გაიზარდა, მოთხოვნა მაინც დიდია. უძრავი ქონების ბაზარი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გაჯერებული და ეს ეხება როგორც საცხოვრებელ, ასევე საოფისე, სასტუმრო და სავაჭრო ფართებს. საცხოვრებელი ფართები – საცხოვრებელი სახლების უმეტესობა თბილისში 1945-1985 წლებში კომუნისტების პერიოდშია აგებული და არცთუ მაღალი ხარისხით გამოირჩევა, ამიტომ ბევრს აქვს თანამედროვე, ფეშენებალურ სახლში გადასვლის სურვილი. ეს იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა კიდევ დიდხანს იქნება მაღალი. საოფისე ფართები – აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქალაქებთან შედარებით თბილისი საოფისე ფართების ნაკლებობას განიცდის, A კლასის საოფისე ფართი, შეიძლება ითქვას, თითზე ჩამოსათვლელია მაშინ, როცა მათზე მოთხოვნა მართლაც დიდია. მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში საოფისე ფართის მოცულობა გაორმაგდება, მაგრამ “Deloitte and Touche”-ის შეფასებით, ის მაინც არ იქნება მოთხოვნის შესაბამისი. სასტუმროები – 2010 წლისათვის საქართველოს ექნება რამდენიმე უმაღლესი ხარისხის სასტუმრო. მიუხედავად ამისა, ერთ სულ მოსახლეზე სასტუმროს ოთახთა რაოდენობა სასურველი ციფრისაგან შორს იქნება, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ საქართველოში ტურისტული ბუმი სულ უფრო მატულობს და სეზონურად ჩვენს ქვეყანაში სულ უფრო მეტი ტურისტი ჩამოდის, მათ მისაღებად და დასაბინავებლად კი სულ უფრო მეტი სასტუმროა საჭირო. ფართები საცალო ვაჭრობისათვის – საცალო ვაჭრობის პუნქტები თბილისსა და საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში სულ უფრო თანამედროვე ხდება, ე.წ. ბაზრების ტიპის სავაჭრო ობიექტები თანამედროვე სუპერმარკეტებით იცვლება და ეს ტენდენცია მომავალშიც იქნება შენარჩუნებული. თბილისს უახლოეს 3-4 წელიწადში 150 000 მ2 საცალო ვაჭრობის ფართი შეემატება. ახლა ეს მაჩვენებელი დაახლოებით 60 000-80 000 მ2. ამის შედეგად კი თბილისს 2010 წლისათვის ყოველ 1000 სულ მოსახლეზე ექნება იმაზე მეტი საცალო ვაჭრობის ფართი, ვიდრე ეს დღეს აქვს ბუდაპეშტსა და კიევს.
როგორც ვხედავთ, “Deloitte and Touche”-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში უძრავი ქონების ბაზარზე კვლავ დიდი აქტივობაა მოსალოდნელი, ბაზრის ბოლომდე ასათვისებლად ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი და, რაც მთავარია, ასაშენებელი. რას სთავაზობენ საქართველოში წარმოდგენილი სამშენებლო კომპანიები მომხმარებელს, დღეს ბაზარზე რა სახის სამშენებლო პროდუქციაა წარმოდგენილი?
21-24 მაისს გამოფენების ცენტრ “ექსპო-ჯორჯიას” ტერიტორიაზე მშენებლობისა და ინტერიერის მე-13 საერთაშორისო, უძრავი ქონების პირველი და სამშენებლო ტექნიკის მე-2 საერთაშორისო გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო პროდუქცია 17 ქვეყნიდან, მათ შორის ავსტრიიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, იაპონიიდან, იტალიიდან, ლატვიიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, საფრანგეთიდან და ფინეთიდან. 140 საგამოფენო სტენდზე წარმოდგენილი იყო 250-ზე მეტი კომპანია, რომლებიც მომხმარებელს სხვადასხვა პროდუქციასა და მომსახურების სერვისს სთავაზობდნენ, კერძოდ, სამშენებლო მასალებისა და აქსესუარების ფართო სპექტრს: ლაქ-საღებავებს, აბაზანებს, ჯაკუზებს, სანტექნიკას, გათბობისა და კონდიცირების სისტემებს, განათებას და ელექტროაღჭურვილობას, კარ-ფანჯრებსა და ჟალუზებს, პარკეტს და მოსაპირკეთებელ ფილებს, ასევე სამშენებლო ტექნიკას, სატვირთო ავტომანქანებს და სხვა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამჯერად უფრო დაწვრილებით სამშენებლო მასალებზე ვისაუბრებთ და წარმოვაჩინეთ, თუ რა ახალსა და ინოვაციურს სთავაზობენ მომხმარებელს ამ სფეროში მოღვაწე კომპანიები.
Maxit Group (Maxit Oy Ab) – სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების მწარმოებელი კომპანიაა. “მაქსიტი” უკვე 100-ზე მეტი წელია ცნობილია, როგორც თანამედროვე და საიმედო მშრალი ნარევებისა და კერამზიტბეტონური პროდუქტების მწარმოებელი. “მაქსიტი” Maxit Group-ის ნაწილია, რომელსაც ათზე მეტ ქვეყანაში (ფინეთი, რუსეთი, ბელარუსი, უკრაინა, ყაზახეთი, უზბეკეთი, აზერბაიჯანი, საქართველო და სხვა) აქვს ქარხნები, ასევე ჰყავს დილერები და საცალო გამყიდველები მთელს მსოფლიოში. ”maxit group”-ი შედის ”haidelberger cement ag”-ის კონცერნის შემადგენლობაში. კომპანიის სავაჭრო ბრუნვა შეადგენს 1 მილიარდ ევროს და ასაქმებს 5000-ზე მეტ ადამიანს. მრავალწლიანი გამოცდილებისა და მასალების სრულყოფის შედეგად ფირმა MAXIT-ი მომხმარებელს სთავაზობს გამოცდილ, საიმედო და ზედაპირზე ადვილად დასადები მასალების ფართო ასორტიმენტს როგორც ახალი ობიექტის მშენებლობაში, ასევე ძველი შენობების რეკონსტრუქციაში. გარდა ამისა, “Maxit Group”-ში შედის “Vetonot”-ის, “Serpo”-ს და “Deitermanis”-ის პროდუქცია. VETONIT-ის ხსნარებმა, ბეტონმა და ფითხებმა, როგორც სამშენებლო და მოსაპირკეთებელმა მასალებმა, სრულყოფილი ტესტირება გაიარა. ისინი ფართოდ გამოიყენება თანამედროვე მშენებლობაში. MAXIT-ი მსოფლიოს ლიდერი კომპანიაა იმ ხსნარებისა და მინარევების შემუშავება-წარმოებაში, რომლებიც მექანიკური წესით იდება ზედაპირზე. ეს მომხმარებელს დიდი მოცულობის სამუშაოების შესრულების დროს დროისა და ენერგიის ეკონომიის საშუალებას აძლევს. VETONIT-ის მინარევები კედლების, ჭერისა და იატაკების დამუშავების მაღალი ხარისხის გარანტიას იძლევა. ყველა მასალა წარმოდგენილია მშრალი სახით. MAXIT Group-ი მომხმარებელს ასევე სთავაზობს SERPO-ის ფირმის ფასადისთვის განკუთვნილ ბათქაშების და საღებავების ფართო არჩევანს, ასევე მათი გამოყენების ტექნოლოგიას. SERPO-ს პროდუქციის გამოყენება შეიძლება როგორც თანამედროვე მოპირკეთებაში ახალი ტექნიკის გამოყენებით, ისე ტრადიციული მეთოდებით ძველი შენობების რეკონსტრუქციის დროს. მის მასალებს ფასადისათვის აქვს ფერთა ფართო გამა, ფერთა საფირმო რუკის შესაბამისად.MAXIT-ი მშრალი სამშენებლო მინარევების გარდა მომხმარებელს სთავაზობს ცემენტისა და სინთეტიკური ნივთიერებების დისპრესიის ბაზაზე დამზადებულ მასალებს ჰიდროიზოლაციისათვის. ეს მასალები გამოიყენება სააბაზანოების, შენობების საძირკვლის (გარეთა მხრიდან), სარდაფების (შიგნითა მხრიდან), საცურაო აუზებისა და სასმელი წყლის რეზერვუარების მხრიდან ჰიდროიზოლაციისათვის.
“საბა და კომპანიას” აქვს მომსახურების მრავალფეროვანი სერვისი, მათ შორის სამშენებლო მასალებიც – მარმარილოები, რომლითაც შეიძლება ყველანაირი ფასადის მოპირკეთება, კერამიკის სახიანი მასალები, კერამოგრანიტები, სამშრიანი ლამინირებული პარკეტი და სხვა. აღნიშნული პროდუქტები ძირითადად იტალიური წარმოებისაა.
როგორც “საბა-ჯგუფის” დევეროპერი დავით შავთაშვილი აღნიშნავს: “ჩვენ კომპანიას სამშენებლო მასალები ძირითადად საზღვარგარეთიდან შემოაქვს. მშენებლობის დროს ვიყენებთ სუფთა გერმანულ, ფირმა “ფაშალის” სამშენებლო ყალიბებს. საზღვარგარეთიდან შემოგვაქვს მოსაპირკეთებელი მასალები, ლიფტები და ელექტრომოწყობილობები, ეს უკანასკნელი, ძირითადად, უკრაინიდან და ბელორუსიიდან.”
შპს “ჯორჯიან ალკონ თრეიდი” არის “უ-კონ ენჯინერინგის” ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. “უ-კონის” სისტემა წარმოადგენს “უ-კონ ენჯინერინგის” კუთვნილ პროდუქციასა და იწარმოება რუსეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და გერმანიაში. “უ-კონის” სისტემის მოდიფიკაციების მრავალფეროვნება უზრუნველყოფს ისეთ სხვადასხვა მოსაპირკეთებელ მასალებზე ხელმისაწვდომობას, როგორიცაა: კომპოზიციური პანელები, ლითონის ფილები, ბრტყელი პანელები, კერამიკული გრანიტი, ბუნებრივი ქვა. “ჯორჯიან ალკონ თრეიდის” პროდუქცია ამჟამად იმპორტირებულია, მაგრამ როგორც კომპანიის დირექტორმა სლავა ბურდულმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, მალე ჩინეთიდან შემოიტანენ სპეციალურ დანადგარებს, რომლის საშუალებითაც უკვე საქართველოში დაიწყება ალუმინის მასალების წარმოება. შპს “knauf marketing Tbilisi”, გერმანული კომპანია “Knauf”-ის წარმომადგენელია საქართველოში და ეწევა თაბაშირ-მუყაოს, ცემენტისა და თაბაშირის მზა მშრალი ნარევების იმპორტს. როგორც კომპანიის გაყიდვების მენეჯერმა ლევან ჯაფარიძემ განაცხადა: “ბაზრის ეს ნიშა საქართველოში თანდათან ფართოვდება, მაგრამ მზარდი მოთხოვნის პარალელურად, შეიძლება ითქვას, რომ მიწოდება არაადეკვატურია. ბაზარზე რამდენიმე ახალი კომპანიის შემოსვლის მიუხედავად, კონკურენცია არცთუ მძაფრია, რადგან ბაზარი არ არის სათანადოდ გაჯერებული აღნიშნული პროდუქციით”. ანალოგიური პროდუქციის მწარმოებელი კიდევ ერთი თურქულ-ქართული კომპანია საქართველოს ბაზარზე “ვ.მ. ჯორჯია-ორდექსიაა”, რომელიც ფუნქციონირებს 2006 წლიდან. კომპანიის საქმიანობის ძირითადი სფეროა მშრალი მინარევებისაგან სამშენებლო-სარემონტო მასალების წარმოება. პროდუქტის წარმოებისათვის მასალა შემოდის თურქეთიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან და შვეიცარიიდან. პროდუქცია: წებოცემენტი (კერამიკის, გრანიტის, მარმარილოს, ბუნებრივი ქვიშის, შუშის მოზაიკის და დაპრესილი აგურის ნაკეთობებისათვის), ბათქაშები შიდა და გარე ფასადისათვის (პოლიფიბერისძაფებიანი, დეკორატიული, ქვიშიანი, აბრეშუმის და სხვა), კერამიკის ელასტიური, დეკორატიული ფხვნილი გრანიტის, კაფელისა და მარმარილოს ფილებს შორის შოვების ამოსავსებად, ჰიდროიზოლაციები (ტერასების, სახურავების, აუზების, ნესტიანი ადგილებისათვის, წყლისა და სხვა მასალების რეზერვუარებისათვის, ასევე გაჟოვნის ადგილებში ცემენტისა და ბეტონის შიდა და გარე ზედაპირებისათთვის), ბეტონის დანამატები – სუპერგამხსნელები, მოჭიმული და თვითსწორებადი იატაკის ფერადი ფხვნილები, საღებავები შიდა და გარე ინტერიერისათვის.
კომპანია “ალპა-ჯეო” ფრანგული და ავსტრიული სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების დისტრიბუტორ/რეალიზატორია საქართველოში უკვე 10 წელია. ფირმა ეწევა სხვადასხვა სახის პროდუქციის ექსპორტს, კერძოდ, შემოაქვს ავსტრიული კომპანია ARDEX-ის თვითსწორებადი და მალშრობადი ცემენტი, რომელიც ქართულ ბაზარზე 2 თვეა რაც შემოვიდა, გარდა ამისა, ჰიდროიზოლაცია ყველა ტიპის სამუშაოსათვის, პარკეტის წებოები, ფასადის შპაკლები, ადგეზიის საწინააღმდეგო გრუნტები, ეპოქსიდური თვითსწორებადი იატაკები, ასევე ფრანგული საწარმოALPA-ის პროდუქცია, რომელიც აწარმოებს წყალ-ემულსიურ ზეთოვან საღებავებს და ბეტონის ანტისეპტიკებს. შპს “გონიო” წარმოადგენს კომპანია “SIKA”-ს ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში უკვე მე-3 წელია. შვეიცარული “SIKA” მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა სამშენებლო ქიმიაში, წარმოდგენილია 70-ზე მეტ ქვეყანაში შვილობილი კომპანიების სახით. 1910 წლიდან “SIKA”-ს პროდუქცია გამოიყენება გვირაბების, ხიდების, ჰიდროტექნიკური ნაგებობების, სამრეწველო შენობების, ბიზნეს-ცენტრების, საცხოვრებელი სახლების, პარკინგებისა და სხვა სახის მშენებლობებში. პროდუქციის ასორტიმენტი მთლიანად ფარავს მშენებლობის ყველა ეტაპს, დაწყებული ფუნდამენტის ჩასხმიდან, დამთავრებული სახურავის იზოლაციამდე. SIKA-ს პროდუქციის გამოყენების ძირითადი სფეროებია: ბეტონის წარმოება, ჰიდროიზოლაცია, გერმეტიზაცია, გამაგრება, შეკეთება, ზედაპირის დაცვა და სამრეწველო იატაკები.
გარდა ზემოთ აღნიშნული ქიმიური პროდუქციისა, საქართველოში ისევე, როგორც მსოფლიოში, სულ უფრო იზრდება მოთხოვნა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტზე, ასეთ პროდუქტს კი ქართულ ბაზარზე მომხმარებელს სთავაზობს კომპანია “პიკა ჯეო”, რომელიც წარმოადგენს იტალიურ კომპანია “Iნდუსტრიე Pიცა სპა”-ს საქართველოსა და ამიერკავკასიაში. Iნდუსტრიე Pიცა სპა დაარსდა 1930 წელს და ამჟამად თიხის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიაა ევროპაში, მის კუთვნილებაშია 3 ქარხანა და 6 საწარმო. “პიკას” პროდუქციიდან შეიძლება შემდეგი ძირითადი მიმართულებები გამოვყოთ: თიხის კრამიტი, ფასადის აგური, იატაკის აგური, თიხის ფილები ინტერიერისა და ექსტერიერისათვის. პროდუქცია მზადდება თანამედროვე ტექნოლოგიის საშუალებებით სუფთა თიხისაგან, მინარევებისა და ფერების პიგმენტების გარეშე. როგორც კომპანიის მენეჯერმა დავით მოსიძემ გვითხრა: “საზოგადოება მიხვდა, რომ საჭიროა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი და ნელ-ნელა უბრუნდება ისეთ მასალებს, როგორიცაა კრამიტი, აგური და სხვა. ვინაიდან თიხა და კრამიტი ეკოლოგიურად სუფთა მასალაა, მთელი ევროპა და თითქმის მთელი მსოფლიო ახლა უკვე აქტიურად იყენებს ამ მასალებს მშენებლობაში. არადა, ამ მასალებს საქართველო ტრადიციულად ოდიდგანვე იყენებდა. ჩვენ 2 წელი ეს პროდუქცია შემოგვაქვს საქართველოში და უნდა აღვნიშნო, რომ ბაზარი თანდათან ფართოვდება და თიხასა და კრამიტზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება”.
ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას სთავაზობენ მომხმარებელს ქართული საწარმოები, რომლებიც ეწევიან ბუნებრივი ქვის მოპოვება-დამუშავებას და რეალიზაციას. ეს კომპანიებია “სტანდარტ სტოუნი”, “სტოუნ არტი” და “კამარა”. ეს საწარმოები ქვას ძირითადად საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან მოიპოვებენ, მაგალითად ბოლნისის ტუფს, ნიჩბისის ყვითელ ქვას, ნოსტეს მწვანე ქვას.
გარდა აღნიშნული კომპანიებისა, გამოფენაში მონაწილეობას იღებდნენ სხვა ქართული საწარმოები, მაგალითად კომპანია “ინტერპლასტი”, რომელიც დაარსდა 2007 წელს და მისი საამქროები განთავსებულია 7 ჰექტარ ტერიტორიაზე თბილისის გარეუბანში (დიდი ლილო). კომპანია აწარმოებს მეტალოპლასტმასის პროფილებს, შეკიდულ ჭერს, პოლიეთილენის, პოლიპროპილენის, ფოლგირებულ კანალიზაციის მილებსა და ფიტინგებს, მეტალოკრამიტს, სენდვიჩპანელებს, პენოპლასტს, ლამინირებულ პარკეტს, ღრუბელს, სამშენებლო ბლოკსა და მოსაპირკეთებელ ფილებს. 2007 წლის ოქტომბერში “ინტერპლასტს” გადაეცა ISO 9001:2000 სერთიფიკატი. როგორც საწარმოს მარკეტინგული განყოფილების მენეჯერმა დიანა ქარდავამ გვითხრა: “კომპანია აგზავნის პროდუქციას ექსპორტზე სომხეთში, ასევე დიდი დაინტერესებაა უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან და ყაზახეთიდან, სადაც ასევე მალე შევა ქართული პროდუქცია”.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო კიდევ ერთი ქართული კომპანია ABCD Group, რომელიც მომხმარებელს მომსახურების მრავალფეროვან სერვისს სთავაზობს, კერძოდ, საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს, გზების ქვაფენილით დასაგები მასალების წარმოებასა და მონტაჟს, მოსაპირკეთებელ მასალებსა და ბეტონის ღობეებს. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სიახლეს – ბურუსის სისტემას, რომელიც საშუალებას იძლევა ექსტერიერში ტემპერატურის 10 გრადუსით დაწევით გააგრილოს მოქმედების არეალი, ფართოდ გამოიყენება კაფეების, რესტორნების, ტერასების, პლაჟების და დასვენების ზონების გასაგრილებლად, ასევე სოფლის მეურნეობაში, სათბურებში, ფერმებში და სხვა დანიშნულებით. ABCD Group-ის ერთ-ერთი პროდუქტი, რაც ასევე სიახლედ შეიძლება ჩაითვალოს ქართულ ბაზარზე, არის OSB ორიენტირებული ბურბუშელის დაპრესილი წყალგამძლე ფილები, რომელიც შექმნილია ტექნოლოგიების უკანასკნელი მიღწევების საფუძველზე და მიეკუთვნება ხის დამამუშავებელ წარმოებაში ბოლო მნიშვნელოვან გამოგონებას. ის წარმოადგენს ნატურალური ხისგან დამზადებულ პროდუქტს, რომელიც მზადდება წყალგამძლე შემკვრელში, რამდენიმე ფენის დაპრესვით, მაღალი ტემპერატურისა და წნევის პირობებში. როგორც კომპანიაში აცხადებენ, OSB არის გაუმჯობესებული ხის მასალა და უფრო მტკიცე და მოქნილი, ვიდრე ნატურალური ხე, არა აქვს ისეთი დეფექტები, როგორიცაა კორძი, ბზარი და სხვა.