რედაქტორისაგან

ჯემალ ინაიშვილი

მზისგან გარუჯულებს და დასვენებულ ჩვენს მკითხველს მძიმე სექტემბერი დახვდა. მსოფლიო შეძრა ქარიშხალმა “კატრინამ” და “რიტამ”. ოკეანის შხეფებმა ამერიკის სანაპიროდან საქართველომდეც მოაღწია. ძალზე განვიცდით ჩვენი მეგობარი ქვეყნის ტრაგედიას, რასაც ისიც ემატება, რომ ამის შედეგად გაძვირდა ნავთობზე ფასი, რასაც მოჰყვა ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ ბანკთაშორისი კრედიტის დასარიცხი პროცენტის განაკვეთის კიდევ ერთხელ 3.75%-მდე გაზრდა.

გაძვირდა კრედიტი და შენელდა წარმოების ზრდა. სავალუტო ფონდის პროგნოზი უახლოეს მომავალზე მეტად პესიმისტურია. ეს ყველაფერი უშუალოდ შეეხო საქართველოსაც – რეკორდულად გაიზარდა ბენზინზე ფასი და გაძვირდა სამომხმარებლო კალათა. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, ამ ნომერში ამ აქტუალურ თემას შევეხოთ და მსოფლიო ეკონომიკის მიმოხილვის პრიზმაში საქართველოს ეკონომიკის პრობლემები გავაანალიზოთ.

ამ თემასთან უშუალო კავშირშია ინფლაცია და ქვეყნის ეკონომიკის პრობლემები, ასევე საფინანსო და სამომხმარებლო ბაზრის მიმოხილვა, საარსებო მინიმუმი საქართველოში.

ამ თვის ბოლოს საქართველოს კიდევ ერთხელ საარჩევნო ციებ-ცხელება მოიცავს. მე წილად მერგო, ბათუმიდან მეყარა კენჭი. ჩემი საქმიანობით ამ კუთხესთან მუდმივად ვარ მიჯაჭვული. ბოლო თვეებიც ბათუმსა და აჭარაში გავატარე. ვაკვირდებოდი მის ეკონომიკას, იმ გარდაქმნებს ტურიზმსა და ინფრასტრუქტურაში, რაც იქ ხდება და გადავწყვიტე, შემოგვეთავაზებინა დისკუსია აჭარის რეგიონის ეკონომიკის შესახებ.

ვაგრძელებთ მსჯელობას მცირე ბიზნესის ბუღალტრული აღრიცხვისა და საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა საკითხებზე. ბოლო დროს პარლამენტში დაიწყო ჯერჯერობით კულუარული საუბარი კოდექსის კრიტიკული განხილვის შესახებ და ჩვენ ამას მივესალმებით. ვფიქრობთ, ჩვენი კონსტრუქციული კრიტიკით წვლილს შევიტანთ კოდექსის დახვეწაში.

აზია და წყნარი ოკეანის რეგიონი დღეს მსოფლიოში ეკონომიკურად ყველაზე მზარდი რეგიონია. საქართველო, პრაქტიკულად, პირველი ქვეყანაა, რომელიც თებერვლის თვეში აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების სავაჭრო პალატის კონფედერაციაში გაწევრიანდა (CACCI).

აზია-წყნარი ოკეანის სავაჭრო პალატების კონფედერაციის კომიტეტის 70-ე შეხვედრას და პირველ აზიურ ბიზნეს ფორუმს 27-28 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს. ამაზეც გთავაზობთ ინფორმაციას და დაინტერესებულ ბიზნესმენებს ფორუმზე გიწვევთ.

ოქტომბერში ბალცეროვიჩი ესტუმრება საქართველოს, ადამიანი, რომლის რეფორმატორულმა პოლიტიკამ შეძრა არა მარტო პოლონეთი, არამედ აღმოსავლეთი ევროპა. ის პირველად არ არის საქართველოში. საინტერესო იქნება არსებული სიტუაციის მისეული შეფასება. გთავაზობთ ინტერვიუს ბალცეროვიჩთან, რომელიც რეფორმებს შეეხება და პოლონურ გაზეთში გამოქვეყნდა.

საქართველოს, ღვთის წყალობით, გამორჩეული მამულიშვილები ყველა დროში მრავლად ჰყავდა. ბევრი მათგანის სახელთანაა ჩვენი ეკონომიკის ისტორია დაკავშირებული. ნიკო ნიკოლაძის იუბილეს ეძღვნება სტატია ამ გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეზე. ტრადიციულად, გთავაზობთ სექტემბრის თვის ბიზნეს კალენდარს და რუბრიკით მეცნიერება სამ სტატიას, სადაც ასევე ვაგრძელებთ ჩვენს ექსპერტებთან ერთად საქართველოს ეკონომიკაზე პოლემიკას.

ეკონომიკა მძიმე თემაა, მით უმეტეს, საქართველოს ეკონომიკა, მაგრამ იმედია, დაინტერესებულ მკითხველს არ გადატვირთავს ჩვენი მასალების გაცნობა.