პრესა – ეკონომიკური ფენომენი და თავისებურება ჩვენი ქვეყანის გარდამავალ ეტაპზე
ემზარ ჯგერენაია
ამას წინათ, ერთი ჩემი მეგობარი ირმა, რომელიც დიდი ხანია ეკონომიკურ
პრობლემატიკაზე მუშაობს, მოვიდა და თავის სადისერტაციო ნაშრომზე მესაუბრა. ის მედიის და ინფორმაციის ეკონომიკურ ასპექტებს შეეხო. ძალიან საინტერესო ხედვა ჰქონდა. ინფორმაციას საკუთრების კონტექსტში განიხილავდა, პრესის ბიზნეს მენეჯმენტის თავისებურებას კი ტრანზიტული ქვეყნისათვის დამახასიათებელ ნიშაში. სიმართლე გითხრათ თავიდან ამ პროექტის სრულად აღქმა გამიჭირდა. ვიფიქრე, არც ისე მწვავე იქნებოდა. მაგრამ, ძალიან ვცდებოდი.
ამას წინათ, ერთ-ერთმა მეტად წარმატებულმა მედია გამოცემამ საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის მუშაობის შედეგებს, ერთი გვერდი დაუთმო. მასალის სათაური ასეთი იყო: “სიჩქარე ეტაპობრივად იზრდება – სალიანდაგო სამსახურმა მასშტაბური სარემონტო სამუშაოები ჩაატარა. და ჰოი საოცრებავ, თურმე, “თბილისს, საკვანძო ქალაქს, დამხარისხებელი ლიანდაგები შეეცვალა. და სიჩქარე, 40 კმ. სათ-დან, 100 კმ სათამდე გაეზარდა იგივე მომხდარა გრაკალი-უფლისციხის გადასარბენზეც. სიჩქარე 100 კმ. სათ-დე იქაც გაზრდილა. უცებ წარმოვიდგინე – დიდუბიდან როგორ მოწყვიტა ელმავალი 40 რონოდით მემანქანემ და 100 კმ /სთ სიჩქარით ისნისკენ გააქანა. სადგურთან კი სიჩქარის გადაჭარბებისათვის პატრულმა დააკავა. ჰოი, რას მოვესწარით. ზღაპარია თუ სინამდვილე! არადა, წლების განმავლობაში საქართველოში მატარებლის მოძრაობის სიჩქარე მუდმივად საერთაშორისო კრიტიკის საგანი იყო: 5-7 კმ/სთ დან 34.75-დე. ამიტომ, ქვეყანა სერიოზულ ზარალს განიცდიდა. ამ მხრივ სიტუაცია წლების განმავლობაში უარესდებოდა. ასე მაგალითად, ჭალადიდში 5 კმ/სთ. ვალესკენ 8კმ/სთ. უღელტეხილზე 3-4 კმ /სთ და აი, ევროპასაც დავეწიეთ, სადაც ამ მიჯნას – 100 კმ /სთ-ში, უკვე მიაღწიეს. საქართველოში უფრო კარგად რომ მოენდომებინათ, ევროპასაც გავასწრებდით. ამას რემონტი თუ უშველიდა ექსპერტებს, ალბათ, არ ეგონათ. ამიტომ, ამიერიდან ფრთხილად იყავით, არ გაგიკვირდეთ მატარებელმა 100-ით რომ “ჩაგიშხუილოთ. რას იტანს ეს ქაღალდი? გაგიჟდები პირდაპირ! აი ეს, ნამდვილად სადისერტაციო თემაა. ჩემს მეგობარს მინდა ვურჩიო ეს ფაქტი გამოიკვლიოს.
სისწრაფე კარგია, ტვირთბრუნვა გაიზრდება. მაგრამ, სამაგიეროდ ტელეპროექტ “პატრულში” ახალი რუბრიკა გაჩნდება – “პატრული რკინიგზაზე” და ის საინტერესო ისტორიებით დაიტვირთება – 100 კმ/სთ-ით მიმავალმა შემადგენლობამ, 120 კმ/სთ მიმავალ ცისტერნიან შემადგენლობას გვერდი ვერ აუარა და ფრთა დაუზიანაო. ან, დიდი სიჩქარით მიმავალი დაეჯახა, პატრული შემთხვევის ადგილზე გამოჩნდა და დანარჩენს მოკვლევა დაადგენსო. მერე კი, როგორც ნაცნობ ტექსტშია.
ინფორმაცია საოცრებაა! რას არ გაიგონებ კაცი?! თან სუფთა ეკონომიკური “ნიშა- აქვს. მისი მოსმენის შემდეგ გახარებული გადამზიდველები უკვე ითვლიან დროს, რომელსაც დაზოგავენ. ისე, ამ პუბლიკაციის შემდეგ, ლიანდაგებზე მდგომარეობა გადავამოწმეთ და მეტი არ აგტკივდეს თავიო. ეს “ფიარიაო იტყვის ვინმე. ეს რა უბედურებაა? რა არის ბატონებო და შოკისმომგვრელი, ლამაზად შეფუთული სიმართლეა. ახალია? არა, ძალიან ძველი, დავიწყებული და ხელახლა აღორძინებული. იმას გავს, ადრე ცნობილ გაზეთებში რომ იწერებოდა: კოლმეურნე სონიამ, ახალი ვალდებულება აიღო და სამ ძროხას ერთდროულად ერთი ხელით მოწველის. ან – “შაქრო ერთდროულად ორი ცელით მოთიბავს, რათა აღებული სოციალისტური გეგმა შეასრულოს”. ან – “ორშაბათ დილიდან ჭიათურაში, მეტ შავ ქვას მისცემს სამშობლოს ზალიკია. ხოლო “ძუკუმ დღეში ტონა ჩაი იმ პლანტაციებიდან მოკრიფა, რომელიც კაი ხანია გახმა.” და ა.შ. აი ახლა, გასაგებია ყველაფერი. ეს მეთოდები მოძველებულია. ამიტომ, მასზე, ანუ “ფიარზე,” ახალი ფორმით და სახელით, ნერვიულობა არც ღირს, და არც ეკონიმიკური საქმიანობისათვეს გამოდგება
გაბრაზდნენ ჩვენი ტრანსპორტელები და იყვირეს – რა გაგვიწყალეთ გული: “არისტაფან, ვიხუმრე კაცო, ვიხუმრე. რა ყველას უნდა ეფერო
კაია, თუ იხუმრეთ ჩემო “პიარშიკებო მაგრამ, ინფორმაციას სერიოზული ეკონომიკური დატვირთვა აქვს. მე არა ვიცი, მაგრამ ასე მითხრა ირმამ, ჩემმა ჭკვიანმა დისერტანტმა. ჰოდა, ფრთხილად იყავით, მემანქანემ არ წაიკითხოს და უფლისციხესთან, ლადოს ლექსის ღიღინით 100კმ. საათით არ გააქანოს ელმავალი და არ ამოყოს თავი მტკვარში.
მაგრამ რა “საყვარლობაა,” მემანქანეებს ისე ნელა დაყავთ თავიანთი შემადგენლობა და იმდენ დროს ანდომებენ ფოთიდან ბიუკიასივიკამდე გზას, რომ მერე მხოლოდ ძილის დრო რჩებათ, გაზეთს არ კითხულობენ და არ იციან რა არის “ფიარი.
ან სულაც, აიღეთ გაზეთში ჰოროსკოპი. ერთმა ჩემმა ნაცნობა თავისი ჰოროსკოპი წაიკითხა – დღეს ფინანსური წარმატება გელით, სამსახურში ხელფას მოგიმატებენო. დაიჯერა, მივიდა უფროსთან და ამ მოთხოვნით “მიაწვა. შედეგი? სამსახურიდან საერთოდ გაათავისუფლეს. მეორე მაგალითი. ისევ გაზეთის ჰოროსკოპი – დღეს აზარტულ თამაშებში გაგიმართლებთ. წავიდა კაზინოში და ყველაფერი წააგო.
არა არის თავისებურება. დასავლეთში პრესა უნდა წაიკითხო, იმიტომ, რომ ინფორმაციამ შეიძლება მილიონები გაშოვნინოს, ან გაგაფრთხილოს როგორ მოიქცე, რომ რაც გაქვს, ის არ დაკარგო. საქართველოში, გაზეთი არ უნდა წაიკითხო. ან, არ უნდა დაუჯერო, თუ არ გინდა ყველაფერი დაკარგო. ან, პატრულმა ელმავლის სიჩქარის გადაჭარბებისთვის არ დაგაკავოს. ან, ამ მაისის ცივ დღეებში, ცივ მტკვარში არ აღმოჩნდე შენც და შენი ელმავალიც, ორივეს გლანდები არ გაგიღიზიანდეთ, არ მოხვდეთ ზოგიერთებივით ბიჭი მაჭავარიანის ხელში, ნარკოზით გაციებული ნაწილის ამოსაჭრელად და შეიქმნათ კიდეც პრობლემები. ჰოდა, ერიდე “პიარს” გარდამავალი ეკონომიკის ქვეყანაში.