ალქიმიკოსები ანუ რამდენია ორჯერ ორი
ემზარ ჯგერენაია
ზღვის ქაფქაფა ტალღების, ზაფხულის დგაფუნა წვიმების და შვებულებით ბოძებული უსაქმურობის შემდგომ ძნელია, სერიოზულ საქმეებზე იფიქრო. არადა, საჭიროა ეკონომიკაზე, ხალხზე, ქვეყნის მომავალზე და მარადიულ ინტერესებზე დარდი და ზრუნვა.
ამიტომ ჩამოვედი თუ არა წვიმებისა და ღრუბლების ქვეყნიდან, ჩვენს ზღვისპირეთს ვგულისხმობ, ციფრებს დავეწაფე, ციფრებს ეკონომიკაზე. მაინტერესებდა, რა ხდებოდა ჩემს არყოფნაში, რამეთუ იმის გარდა, რომ ურეკთან, “ეკოს” გასამართ სადგურზე ლიტრი ბენზინი 181 თეთრად შევიძინე და ხორცი ბაზარში – 8 ლარად, არაფერი ვიცოდი ამ ხნის განმავლობაში. თვალებს არ ვუჯერებდი, ოფიციალური სტატისტიკა საოცრებებს ჰყვებოდა. ნამდვილი ალქიმიკოსები არიან ჩემმა მზემ.
საერთოდ სტატისტიკა საოცარი რამეა. ნახეთ, ერთი სტატისტიკოსი ფორმულა ერთში ბრაზილიის დიდი პრიზის გათამაშების შემდგომ იტყოდა, 24 წლის ესპანელმა ალონსომ მესამე ადგილი დაიკავა და დამარცხდაო. მეორე იტყოდა, Aალონსო ამ რბოლის დროს ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიოს ჩემპიონი გახდაო ფორმულა ერთში. რომელი სტატისტიკოსი ტყუის? არც ერთი, ორივე მართალია. ჩვენთანაც ასეა. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ობიექტური თუ სუბიექტური პირობის გამო საწვავზე და ბევრ თქვენთვის ცნობილ და საჭირო პროდუქტზე ფასებმა სერიოზული მატება განიცადა, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, სამომხმარებლო კალათის გაძვირება თითქმის არ მომხდარა, საარსებო მინიმუმი ლამის უცვლელია და ინფლაცია გმირულად დგას ნულის მისადგომებთან. არის ამაში რაიმე არასწორი? გააჩნია, რა შემთხვევაში. თუ ჩვენი სამომხმარებლო კალათის გაძვირების გაანგარიშებისას ამოვაგდებთ ბენზინს და მის მაგივრად ცხრილში ჩავსვამთ ვაშლს ან ატამს, მივიღებთ, რომ ყველაფერი რიგზეა და არ გაძვირებულა კალათის ღირებულება. თუ ამ ალქიმიას არ მივმართავთ და კალათას დავიანგარიშებთ საწვავით, პურით, შაქრით, ტრანსპორტით, მაშინ 20% გაძვირებას მივიღებთ. ამის მაგალითად გამოდგება უმუშევრობის მაჩვენებელი?! თუ ჩვენ 2 მილიონი შრომისუნარიანი მოსახლეობიდან მარტო იმათ ჩავთვლით უმუშევრად, ვინც მიაკითხა შრომითი მოწყობის ბიუროს, უმუშევრობის დონე ნორმის ფარგლებში იქნება, რადგან დანარჩენს მივიჩნევთ თვითდასაქმებულად. ე.ი ადამიანი თავად ასაქმებს თავის თავს, მაგრამ ეს არსად არ ჩანს, ინკოგნიტოდ ხდება. მაგალითად, მთელი მსოფლიო ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელს გულის კანკალით შეჰყურებს. სავალუტო ფონდის პროგნოზი 2006 წლისათვის საგანგაშოა 3.4% მთელ მსოფლიოში, დსთ-ის მასშტაბით 5.5%, მათ შორის საქართველოშიც. ჩვენი ქვეყნის 2006 წლის ბიუჯეტის პარამეტრებს კი – 7.8% მშპ-ს ზრდა უდევს საფუძვლად. ვინ არის სწორი, ჩვენ თუ სავალუტო ფონდი? გინდ დაიჯერეთ, გინდ – არა, ორივე! იმიტომ, რომ ჩვენ GDP-ს გაანგარიშების კორექციას ვახდენთ სოფლის მეურნეობაში და შიდა მეურნეობაში წარმოებული საქონლით, რაც უზარმაზარი მაჩვენებელია და ამით ხდება საჭირო ციფრის მიღება. გნებავთ, 10% იქნება, გნებავთ, 5.5%. როგორც საჭიროა, როგორც იტყვით. აი, მაგალითად, საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ზრდა გვაქვს. მაგრამ თუ დეფიციტს ნახავთ, უზარმაზარია ისიც. ამიტომ ჩვეულებრივი ადამიანი იკითხავს, ცუდია თუ კარგი, ბრუნვა რომ გაიზარდა? ვუპასუხებთ: გააჩნია, რა შემთხვევაში.
კი მაგრამ, ჩვენი თავი ჯანდაბას, ეკონომიკის სამინისტრო როგორ აკეთებს ამ ციფრებით გათვლებს და პროგნოზებს? ჰოდა, ამიტომაც საერთოდ არ აკეთებს, მას თავისი გაჭირვებაც ეყოფა, რეფორმირების შემდგომ პრივატიზაცია და ქონების მართვა შეუერთეს და ეკონომიკასთან სახელის გარდა არაფერი აკავშირებს.
ოპონენტები იკითხავენ, ასე არ იყო მუდამ და ყველგანო?
კი, როგორ არა, ასე იყო და ალბათ ასე იქნება. აი მაგალითად, სტატისტიკოსს რომ ჰკითხო, ვინ უფრო დიდი მხატვარია – მოდილიანი თუ პიკასო, გეტყვით, პიკასოო, იმიტომ, რომ 100 -ჯერ მეტი აქვს დახატულიო. მხატვარი გეტყვით, მოდიო, ცოტა ჰქონდა, მაგრამ გენიალურიო.
პაულო კოელიომ გამახსენა ალქიმიკოსი. მისი გმირი ამავე სათაურის ნაწარმოებში ამბობს: “დუმილი მასწავლა უდაბნომ”.
დუმილი ცხოვრებამ ასწავლა სტატისტიკას და იმიტომ არიან სტატისტიკოსები ალქიმიკოსები. უყვართ მხოლოდ პროცენტები, პროცენტები და მეტი არაფერი. ერთი შეხედვით ციფრებზე უტყუარი რა უნდა იყოს? რა და ისევ ციფრები, ოღონდ არა სტატისტიკური.
საოცარი რამეა ალქიმიკოსობა და მაინც რამდენია ორჯერ ორი?