საქართველოს ბანკის აქციონერი ავსტრიული ბანკი გახდა

რედაქციისაგან

საქართველოს ბანკის აქციონერი ავსტრიული ბანკი გახდა როგორც სამშაბათს გამართულ პრეზენტაციაზე “საქართველოს ბანკის” პრეზიდენტმა ლადო გურგენიძემ განაცხადა, “Bank Avstria kreditalt”-მა 1 212 000 ათასი ჩვეულებრივი აქცია შეიძინა, რაც ბანკის სააქციო კაპიტალის 9,9 პროცენტს წარმოადგენს.

“ავსტრიულმა ბანკმა გამოუშვა შეძენის უფლების “ვორანტები” “საქართველოს ბანკის” აქციებზე. შეძენის უფლების “ვორანტებით” ვაჭრობა შესაძლებელია ვენის საფონდო ბირჟაზე და არასაბირჟო ბაზრებზე. ჩვენ მოხარული ვართ იმით, რომ ავსტრიულმა ბანკმა პირველად საქართველოს ფინანსურ ბაზარზე და მთელს კავკასიაში დაასრულა სტრუქტურული დაფინანსების ტრანზაქცია. შეძენის უფლების “ვორანტები” “საქართველოს ბანკის” აქციებს კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის ინსტიტუციონალური ინვესტორებისათვის”, – განაცხადა გურგენიძემ.

მისი თქმით, მართალია, განვლილი რამდენიმე თვის განმავლობაში “საქართველოს ბანკი” წარმატებით ახორციელებს არაერთი ინსტიტუციონალური ინვესტორის მოზიდვას, მაგრამ არ გააჩნია შესაძლებლობა, ინსტიტუციონალური ინვესტიციების მნიშვნელოვან სეგმენტებზე გავიდეს. “კერძოდ, იმ უმსხვილეს საინვესტიციო ფონდებზე, რომლებიც ვერ ვაჭრობენ ეგზოტიკური ფასიანი ქაღალდებით, საერთაშორისოდ აღიარებული კასტოდიანის მონაწილეობის გარეშე”, – განაცხადა გურგენიძემ.

საქართველოს ეროვნული ბანკისაგან თანხმობის მიღების შემთხვევაში ავსტრიული ბანკი აპირებს, შეისყიდოს “საქართველოს ბანკის” დამატებითი აქციები უფლების “ვორანტების” გამოშვების რაოდენობის გასაზრდელად. “ეს უმნიშვნელოვანესი მიღწევაა, რამაც საქართველოს სწრაფად რეფორმირებადი ეკონომიკა კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვა საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებს”, – აღნიშნა გურგენიძემ.

“საქართველოს ბანკმა” 500 ათასი ახლად დემიტირებული აქცია “East Kapital Holding AB”-ს მიჰყიდა, თითო აქციის ფასი 7,20 ლარია. “ჩვენ მოხარული ვართ, რომ “East Kapital”-ი ინტერეს იჩენს, “საქართველოს ბანკის” აქციებისადმი და უახლოეს მომავალში მასთან თანამშრომლობის გაღრმავებას ველით”, -განაცხადა გურგენიძემ.

შეძენის უფლების “ვორანტი”, ანუ წარმოებული ფასიანი ქაღალდი მფლობელს საშუალებას აძლევს, შეისყიდოს შესაბამისი აქცია შეთანხმებულ ფასად კონკრეტულ დღეს, ან კონკრეტულ თარიღამდე.