თბილისში ბირჟა იქმნება, რატომ?
მარი მანია
15-წლიანი შესვენების შემდეგ საქართველოში, თბილისის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინიციატივით, საერთაშორისო სასაქონლო ბირჟა იხსნება. რას მოუტანს ეს ქართულ ეკონომიკას, რა პირობებია საჭირო მსგავსი ბირჟის წარმატებული მუშაობისთვის და რამდენად აკმაყოფილებს საქართველო ამ კრიტერიუმებს? ამ საკითხებზე “საქართველოს ეკონომიკას” თბილისის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები ესაუბრნენ.
ბირჟა რეგისტრაციაში გატარდა 2009 წლის 6 ოქტომბერს, ფუნქციონირებას კი 2010 წლის თებერვლის დასასრულს დაიწყებს. ბირჟის ხელმძღვანელები გეგმავენ, რომ საბროკერო საქმიანობისთვის თვითონ მოამზადებენ ბროკერებს უმაღლესი სასწავლებლის იურიდიული და ეკონომიკური ფაკულტეტების ბაზებზე. ბირჟა ამჟამად შპს-ს სახით არსებობს, თუმცა დამფუძნებლები მომავალში მის სააქციო საზოგადოებად გარდაქმნას აპირებენ. ბირჟა განთავსებულია თბილისში, წერეთლის გამზირზე.
ალექსანდრე გორგიჯანიძე, თბილისის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი: ჩვენ მივიჩნიეთ, რომ საქართველოში უკვე მომწიფებულია სასაქონლო ბირჟის არსებობისთვის აუცილებელი პირობები. ბირჟის ჩამოყალიბება პრეზიდიუმის სხდომაზე, დაახლოებით, 1 წლის წინათ გადაწყდა. იდეის განხორციელებას ერთი წელი დასჭირდა, რადგან თბილისის სავაჭრო-სამრეწველო პალატას არ გააჩნია იმის თანხა, რომ ასეთ დიდ პროექტს ადვილად შეეჭიდოს. როცა დიდ სტრუქტურებს მივმართეთ, ამ საქმისთვის ვერავინ გამონახა სახსრები. არავინ ისურვა ამ საქმიანობაში მონაწილეობა, ვინაიდან საჭირო იყო დიდი რაოდენობის საწყისი კაპიტალი. დღეს ფული ბევრს აქვს, მაგრამ არ იციან, სად დააბანდონ და რა გააკეთონ. მიუხედავად ამისა, ჩვენ ბირჟა მაინც დავაარსეთ. ვიცოდით, რომ ბირჟის გახსნის შემდეგ მთავარი საკითხი და პრობლემა ის იქნებოდა, თუ ვის უნდა ემუშავა აქ. სამწუხაროდ, ბოლო 15 წლის განმავლობაში საქართველოში ისეთი ცნება და პროფესია, როგორიც არის სასაქონლო ბირჟის ბროკერი, პრაქტიკულად, აღარ არსებობს. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, პირდაპირ გავსულიყავით უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებზე.
რა არის ჩვენი თანამშრომლობის იდეა – მიგვაჩნია, რომ სწორი იქნება დიდკონტიგენტიანი სასწავლებლების იურიდიული და ეკონომიკური ფაკულტეტების ბაზაზე მოვაწყოთ ჩვენი ბირჟის პრეზენტაცია, ავუხსნათ სტუდენტებს, თუ რას ნიშნავს სასაქონლო ბირჟის ბროკერი, რა ფუნქციები აქვს მას, რისი მიღწევა შეუძლია თავისი საქმიანობით და ასე შემდეგ. ჩვენ სტუდენტებს ვაძლევთ საშუალებას, 2-თვიანი კურსების გავლის შემდეგ მიიღონ სერტიფიკატი და პრაქტიკულად დაიწყონ მუშაობა. ამ სერტიფიკატებით მათი მომავალი დასაქმების საკითხიც წყდება. ჩვენ ვიყავით, მაგალითად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაუ-ში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში და ასე შემდეგ. მათი მხრიდან დაინტერესება ძალიან დიდია.
ს.ე. – თქვენ აღნიშნეთ, რომ სასაქონლო ბირჟის შესაქმნელად საქართველოში პირობები უკვე მომწიფებულია. რა პირობებზეა საუბარი?
ა.გ. – ბირჟამ შეიძლება იმუშაოს მხოლოდ იმ ქვეყანაში, სადაც სიტუაცია სტაბილურია. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ ეკონომიკურ პოლიტიკას ახორციელებს ქვეყნის მთავრობა. რაც არ უნდა ვილაპარაკოთ მინუსებზე, მაგალითად, საგადასახადო კოდექსის, არ შეიძლება იმ დიდი პლუსების არდანახვა, რომლებიც საქართველოში ბოლო პერიოდში განხორციელებულ ნაბიჯებს მოჰყვა. მაგალითად ის, რომ საქართველოში ფირმის რეგისტრაცია შეიძლება 15 წუთში მოხერხდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი პლუსია ისიც, რომ ჩვენს ქვეყანაში მალე ამოქმედდება, და მე ამის მჯერა, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, რაც ასევე წაადგება ბირჟის მუშაობას.
ჩვენი ბირჟის წარმატებული მუშაობისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ საქართველოს მეზობელ ქვეყნებში – თურქეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში, ირანში ანალოგიური სასაქონლო ბირჟა არ არის. იქ არსებობს საფონდო ბირჟებია, მაგრამ მათ სულ სხვა დანიშნულება აქვთ. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ სასაქონლო ბირჟაზე, ჩვენ ვლაპარაკობთ ცივილიზებულ ბაზარზე, სადაც ცივილიზებული მეთოდებით, სათანადო შემოწმების შემდეგ ხდება საქონლის ყიდვა-გაყიდვა. არავისთვის არის ახალი, რომ საქართველოში უხარისხო პროდუქცია ძალიან დიდი რაოდენობით შემოდის. ხშირად იყიდება ვადაგასული პროდუქტი, რომლის შემოწმებაც, სამწუხაროდ, არ ხდება. დღეს საქართველოში არ არსებობს ოფიციალური სტრუქტურა, რომელსაც ამ სახის კონტროლი დაევალება. ბირჟაზე არსებული წესების თანახმად კი, დაუშვებელია იმ საქონლით ვაჭრობა, რომლის ხარისხიანობაშიც ბროკერი დარწმუნებული არ არის – ეს პროდუქტი არის თუ არა სტანდარტების დაცვით წარმოებული, საქონელი ვადაგასული ხომ არ არის და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს აკონტროლებენ ექსპერტები ბროკერების დავალებით. ანუ ის, ვისაც საქართველოში შემოაქვს უხარისხო პროდუქცია, ვერასდროს გახდება ჩვენი კლიენტი. ის ისევ საწყობიდან, ჩუმად გაყიდის საქონელს. ფალსიფიცირებული პროდუქტით ბირჟაზე ვერავინ ივაჭრებს, რადგან ექსპერტები საქონლის ყველა საბუთს ამოწმებენ.
ს.ე. – სვოპ ოპერაციები და ფიუჩერსებით ვაჭრობა თუ განხორციელდება ბირჟაზე?
ა.გ. – რა თქმა უნდა, აუცილებლად.
გიორგი კაპანაძე, თბილისის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდიუმის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კოორდინატორი: “ეს პროექტი დიდ რეგიონალურ მნიშვნელობას იღებს, რადგან ამიერკავკასიაში მსგავსი ბირჟა არ არსებობს. მეორე საკითხია ის, რომ ეს ბირჟა აუცილებლად შეუწყობს ხელს ადგილობრივი მრეწველობის განვითარებას, გაიზრდება ადგილობრივი საქონლის წარმოება. გარდა ამისა, ამ ბირჟაზე გაყიდული საქონელი აუცილებლად ეკოლოგიურად და ბიოლოგიურად სუფთა იქნება. ჩვენ ბირჟის სისტემაში ძლიერ ლაბორატორიას შევქმნით, რომელიც ხარისხის კონტროლს განახორციელებს. პროდუქციის შემოწმება მხოლოდ ადგილობრივ დონეზე არ მოხდება, საზღვარგარეთ სხვადასხვა ლაბორატორიებში აუცილებლად გაიგზავნება ის, რისი შემოწმების საშუალებაც ჩვენ არ გვექნება”.
აზიკო სისვაძე, პროფესორი, თბილისის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მეცნიერ-კონსულტანტი: “სასაქონლო ბირჟა თავის გარშემო ეკონომიკის იმდენად დიდ მასშტაბებს მოითხოვს, რომ დიდ ქვეყნებში ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ერთი სასაქონლო ბირჟა არსებობს ან რამდენიმე განვითარებულ ქვეყანას მხოლოდ ერთი ბირჟა აქვს. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ქვეყანა მხოლოდ თავისი მასშტაბებით სასაქონლო ბირჟისთვის ძალიან პატარაა, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ ჩვენ, ფაქტობრივად, საქარავნო გზების გზაჯვარედინზე ვიმყოფებით ანუ ეს ბირჟა მოემსახურება როგორც ჩრდილოეთისა და სამხრეთის, ასევე დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებს. ჩვენ, ფაქტობრივად, კარიბჭე ვიქნებით და აღნიშნულ ბირჟას ამ თვალსაზრისით დიდი პერსპექტივა აქვს. თვითონ ბირჟასა და ეკონომიკას შორის ორმხრივი კავშირია – ბირჟის შესაქმნელად საჭიროა განვითარებული ეკონომიკის არსებობა და, მეორე მხრივ, თვითონ ბირჟის არსებობა ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებას. ჩვენ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ უცხოეთის გამოცდილება ამ მიმართულებით, დავნერგოთ ყველანაირი სიახლე და ინოვაცია ადგილობრივი სპეციფიკისა და პირობების გათვალისწინებით. ჯერჯერობით ინვესტიციების მოზიდვა ცოტა ჭირს, რადგან საქართველოში სასაქონლო ბირჟა ჯერ ახალი ხილია, ადამიანები კი ბუნებით კონსერვატორები არიან, ვერ აცნობიერებენ ამ პრობლემის აქტუალობასა და მნიშვნელობას. თუმცა გვჯერა, დადგება დრო, როცა ინვესტიციების მოზიდვა ჩვენ კონკურსის სახით მოგვიწევს””.
როგორც ბირჟის დამფუძნებლები აცხადებენ, ისინი ამ ეტაპზე საბროკერო ადგილებს არ ყიდიან, საბროკერო ადგილები იჯარით გაიცემა. იჯარის ღირებულება შეადგენს 5000 აშშ დოლარს წელიწადში. ბირჟის ხელმძღვანელები ასევე გეგმავენ თანამშრომლობას მსოფლიოს ისეთ დიდ და ცნობილ სასაქონლო ბირჟებთან, როგორიც არის მაგალითად, ნიუ-იორკის, ჩიკაგოსა და დიდი ბრიტანეთის სასაქონლო ბირჟები.