მსოფლიო ეკონომიკა ალან გრინსპენის გარეშე ანუ რა გველოდება ხვალ

ემზარ ჯგერენაია
79 წლის საბანკო ჯადოქარი თითქმის 19 – წლიანი ბატონობის შემდგომ გაისად იანვარში წავა პოსტიდან, სადაც ის სამჯერ აირჩიეს და საიდანაც ამერიკისა და მსოფლიო ეკონომიკაში 18 წელი კლიმატს ქმნიდა. რა ძირითადი ფაქტორები განსაზღვრავდა მსოფლიო ეკონომიკის კონტურებს სექტემბრის თვეში და როგორი პროგნოზებია მოსალოდნელი წლის ბოლომდე თუ 2006 წელს?

უმთავრესი ფაქტორია ნავთობის ფასების ზრდა.
– სტიქიური უბედურებები აშშ სანავთობო რეგიონებში;
– არასტაბილური პოლიტიკური სიტუაცია ევროპასა და იაპონიაში;
– ჩინეთის ეკონომიკის უკონტროლო ზრდა.

მსოფლიო დღეში დაახლოებით 80 მილიონ ბარელ ნავთობს მოიპოვებს. აქედან 28 მილიონი მოდის ნავთობის საერთაშორისო კართელის ოპეკ-ის წევრ ქვეყნებზე (საუდის არაბეთი, ყატარი, გაერთიანებული არაბთა საემიროები, ირანი, ვენესუელა, ალჟირი, ინდონეზია, ერაყი, ლიბია,Nნიგერია, კუვეიტი). სულ თერთმეტი ქვეყანაა და თერთმეტი სხვადასხვა სახეობის ნავთობი. ნავთობის სერიოზული მომპოვებლები არიან აგრეთვე აშშ, ნორვეგია, ინგლისი, რუსეთი, რუმინეთი, აზერბაიჯანი, უზბეკეთი, ყაზახეთი და ა.შ. ნავთობის მოპოვების პიკი 2010 წელს იქნება – დღეში 90 მილიონი ბარელი. ხოლო კრიტიკული წერტილი – 2030 წელს, რადგან სულ 40 წლის მარაგი დარჩა. მარაგების საერთო ოდენობა, აშშ ნავთობის ინსტიტუტის პროგნოზით, არის 3 ტრილიონი ბარელი, ხოლო ევროპელი ანალიტიკოსების პესიმისტური პროგნოზით, 1 ტრილიონი. ამასთან, ადვილად მოპოვებადი საბადოები თითქმის იწურება და აუცილებელია ახალი ტექნოლოგიებით ღრმა ფენებში განლაგებული მარაგების დამუშავებაზე გადასვლა. ამიტომ ნავთობზე ფასების ზრდა ლოგიკურიცაა და აუცილებელიც, რომ ეს ძნელად მისაღწევი საბადოები მიმზიდველი და მომგებიანი გახდეს ინვესტორებისათვის.

6

ბოლო წლებში ნავთობზე ფასების დინამიკა ასეთი იყო: ამასთან, ოპეკის ქვეყნების სამომხმარებლო კალათა უფრო ნაკლები მაჩვენებლებით ხასიათდებოდა. ბუნებრივია, ნავთობი მსოფლიო ეკონომიკის და, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკის ძირითადი შემადგენელი ნაწილია. როცა იგი ძვირდება, საწარმოო ხარჯები იზრდება, რადგან ბენზინზე, დიზელსა და ნავთზე ფასების ზრდასთან ერთად პლასტმასზე, ქიმიურ პროდუქციაზე, კავშირგაბმულობისა თუ კომუნიკაციის სხვა საშუალებებზეც მატულობს ფასები. სწორედ ამიტომაც არის ნავთობი ეკონომიკის განვითარების მულტიპლიკატორი და ინდიკატორიც იმავდროულად. მის მომპოვებელ და მომხმარებელ ქვეყნებს შორის მუდმივი დავაა, ვის დარჩება საბოლო ჯამში მეტი შემოსავალი.

დღეისათვის განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში ძირითადად საბოლოო ნავთობის ფასს ასეთი ანატომია აქვს:

60% გადსახადების სახით მომხმარებელ ქვეყანას რჩება, 20% – გადამამუშავებელს და ოპერატორს, ბოლო 20% – მომპოვებელს. ამიტომ თუ 2004 წელთან შედარებით 100%-ით გაიზარდა ფასი ნავთობზე, იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი ქვეყანა 20 პროცენტით შეამცირებს საგადასახადო წნეხს, საბოლოო პროდუქტზე, მაგალითად, ბენზინზე ლეგალური ეკონომიკის პირობებში ფასები არ შეიცვლება. იგივე სქემა მოქმედებს საქართველოშიც. მაგრამ ნებისმიერი ქვეყნის საბიუჯეტო შემოსავლების შევსების მნიშვნელოვანი წყარო არის საწვავის დაბეგვრა, ამიტომ მომხმარებელი ქვეყნები ვერ ელევიან ამ ნადავლს და ურჩევნიათ მომპოვებლებზე ზემოქმედება, რომლებიც სუსტები არიან და მუდამ უთმობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ზრდიან მიწოდებას და არეგულირებენ ფასს. მაგრამ დღეს სიტუაცია კატასტროფულია და ალბათ ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს. 2004 წლის აპრილში, როცა ერთ ბარელ ნავთობზე ფასმა 37 დოლარამდე აიწია, ექსპერტები კატასტროფაზე ალაპარაკდნენ, ახლა კი 67 დოლარსაც შეეჩვივნენ, ხოლო 62 დოლარს სტაბილურად მიიჩნევენ.

არის თუ არა ნავთობზე ფასების ზრდა მხოლოდ კატრინას და რიტას ბრალი?

აშშ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების 23% სამხრეთ სანაპიროზე, თექსასშია – სულ 26 ქარხანა. აქედან 18 უშუალოდ ზღვის სანაპიროზე, მექსიკის ყურეში მოიპოვებს (სადაც ქარიშხლების საბრძანებელია) დღეში 1.23 მილიონ ბარელ ნავთობს. ეს დონე “კატრინას” დროს 70% იყო, “რიტას” დროს 50%-მდე დაეცა. სულ აშშ დღეში მოიხმარს 10 მილიონ ბარელ ბენზინს, ხოლო აწარმოებს 8.773 მილონ ბარელს დღეში. ქარხნებს დღეში მიეწოდებათ 15 მილიონი ბარელი ნავთობი გადასამუშავებლად ანუ მსოფლიო მოპოვების 20%-მდე. თვითონ მოიპოვებს დღეში 5.7 მილიონ ბარელს. შტორმის დროს მოპოვება შემცირდა 4-4.5%-მდე. Exxon Mobil corp. Conocophillips-მა საერთოდ დახურა მომპოვებელი საწარმოები მექსიკის ყურეში.

7

ნავთობის და ნავთობპროდუქტების მთლიანი მარაგი სექტემბრის ბოლოსათვის იყო 1.0123 მილიარდი ბარელი. აქედან სტრატეგიული მარაგები, რომელსაც სახელმწიფო განკარგავს, 699.2 მილიონი ბარელი. ბუნებრივია, მისი ნაწილი დაიხარჯა სექტემბერში და ამ გზით მოხდა ფასების გარკვეული სტაბილიზაცია, მაგრამ “რიტას” შემდგომ ისევ დაიწყება შევსება, რაც გაზრდის ნავთობზე მოთხოვნას და შეიძლება ფასებზე საპირისპიროდ იმოქმედოს.

არსებულ სიტუაციაში სექტემბრის ბოლოს აშშ-ის ბაზარზე ნავთობის ფიუჩერსული ფასები შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: Light sweet: ნოემბერი – 66.8$, დეკემბერი – 66.79$, იანვარი – 67$, ხოლო ინგლისურ სორტზე Brent – 64.73$; ოპეკის კალათაზე – 58.9$ ბარელზე.

8

9

აშშ ეკონომიკის დასახმარებლად და ფასების რეგულაციის მიზნით ოპეკმა სექტემბრის ბოლოს მიიღო გადაწყვეტილება, სამი თვის ვადით გაზარდოს მოპოვება დღეში ორი მილიონით. მაგრამ მიუხედავად ამისა, ნავთობის ბაზარზე ამინდს კატრინა და რიტა ქმნიან, რადგან ზუსტად იმ რაიონებს დაატყდნენ თავს, სადაც აშშ-ის – უდიდესი ნავთობმომხმარებლის მომპოვებელი და გადამამუშავებელი საწარმოებია.

ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე 2005 წლის იანვარ-სექტემბერში ბენზინი გაძვირდა 49%-ით, არაეთილირებული – 45 %-ით.

ყველაზე მეტად ბენზინზე ფასები გაიზარდა: ბალტიისპირეთში, უკრაინაში, სომხეთში და რუსეთში. საქართველო და სხვა ქვეყნები მეორე ადგილზე არიან.

საქართველოში ბენზინის მოხმარება თვეში შეადგენს 70000 ტონას, წელიწადში – 840000 ტონას, (540 ათას მანქანაზე საშუალო წვა 11 ლიტრია 100 კმ-ზე და საშუალო გარბენი 1700კმ-ზეა გათვლილი), დიზელის – 450000ტ, ავიანავთი – 340000ტ. მრეწველობაში უშუალოდ ნავთობპროდუქტები არ გამოიყენება. ამიტომ ნავთობის გაძვირებამ სამომხმარებლო კალათა 25%-ით დაამძიმა და, ლარის გამყარების მიუხედავად, ინფლაცია 2005 წელს 13-15% გახდა 2004-თან შედარებით. მარტო ბენზინის იმპორტირებას წლის ბოლომდე მოხმარდება 630 მილიონი დოლარი, ხოლო თუ ამას მიუმატებთ გადასახადებს, საბრუნავი სახსრების მნიშვნელოვანი ნაწილი მიდის საწვავზე.

ეკონომიკაში ფულის დეფიციტი შეიმჩნევა და ბიზნესს სტაგნაცია ელოდება. ამას ემატება როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში საბანკო რესურსების გაძვირება და მწირი მსყიდველობითუნარიანი ბაზრის პირობებში ჩვენში შემცირდება მოხმარება და სამუშაო ადგილები. ლოგიკურად, შენელდება ეკონომიკის ზრდის ტემპი ბოლო კვარტალში და 2006 წელს.

სექტემბრის ბოლოს სავალუტო ფონდმა გამოაქვეყნა მსოფლიო ეკონომიკის მიმოხილვა და პროგნოზი, რომელიც განკუთვნილია მსოფლიო ბანკის და ფონდის წლიური შეკრებისათვის World Economic Outlook, სადაც რეალობასა და ძირითად ეკონომიკურ ტენდენციებზე დაყრდნობით მოცემულია ნავთობის ფასების პროგნოზი ბოლო კვარტალისა და 2006 წლისათვის. ძირითადი და მნიშვნელოვანია ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლები. საერთო სურათი მთელ მსოფლიოში ძალზე პესიმისტურია.

2004 წელს GDP-ის ზრდის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი იყო 1999 წლის შემდგომ, თუმცა უნდა ითქვას, რომ იგივე სავალუტო ფონდის 2005 წლის პროგნოზი იყო 4.4%, მაგრამ ქარიშხლებმა შეიტანა ცვლილებები.

ქარიშხლებისა და ნავთობის ფასების გარდა, ამაზე გავლენა იქონია ევროპის პრობლემებმაც – გერმანიაში არაორდინალურმა არჩევნებმა, იტალიის სამთავრობო კრიზისმა და ევროს სიძვირემ.ამის საპასუხოდ უკვე მეთერთმეტეჯერ აშშ-ის სარეზერვო სისტემამ 0.25%-ით გაზარდა ბანკთაშორისი კრედიტის განაკვეთი და მან 3.75% შეადგინა. ეს მაჩვენებელი, ანალიტიკოსთა აზრით, იანვრისათვის 4.5 % გახდება, როცა გრინსპენი თანამდებობას დატოვებს. მაშინვე კომერციულმა ბანკებმა 6.5%-ამდე აწიეს ბიზნესისა და მომხმარებლებისათვის კრედიტის განაკვეთი, ფული გაძვირდა და შეჩერდა წარმოების ზრდა, რათა ინფლაცია მართვადი გამხდარიყო და ნავთობზე ფასების მატება ნაკლებმტკივნეულად გადაეტანა ეკონომიკას. ექსპერტების აზრით, ეს პროცესი 2006 წელსაც გაგრძელდება. ამას დაემატება ისიც, რომ 65 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო კონგრესმა დაზარალებული რაიონების აღსადგენად. ბუში აპირებს, 200 მილიარდი აშშ დოლარი მოითხოვოს და ხელახლა ააშენოს დანგრეული რაიონები, რაც დამატებითი სამუშაო ადგილების და წარმოების ზრდას შეუწყობს ხელს.

10

ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაეცა დსთ-ის ქვეყნებშიც, პირველ რიგში, რუსეთში, სადაც ნავთობის ფასების მატების მიუხედავად, ზრდა მხოლოდ 3.9% იქნება. თუ გავითვალისწინებთ რუსეთის სავაჭრო ურთიერთობებს საქართველოსთან, ჩვენშიც სერიოზული დაცემაა მოსალოდნელი.