მცირე ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა საქართველოში

ლ. ქადაგიშვილი

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია ითვალისწინებს ყოველი ადამიანის უფლებას -იცხოვროს ღირსეულად, რაც გულისხმობს მისი ძირითადი სოციალური და ეკონომიკური მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ამ დეკლარაციის მიღებიდან ორმოცდამეათე წელს მსოფლიო თანამეგობრობა კვლავ ურთულესი პრობლემების წინაშეა – მსოფლიოში 2,8 მილიარდი ადამიანი ღარიბია და მოკლებულია ძირითადი მოთხოვნილების დაკმაყოფილების შესაძლებლობას. ამ ადამიანთა შორისაა საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილიც.

უკანასკნელი წლების განმავლობაში სიღარიბესთან ბრძოლამ გლობალური ხასიათი მიიღო. საერთაშორისო თანამეგობრობამ გამოხატა თავისი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით და მესამე ათასწლეულის დასაწყისი მსოფლიოში სიღარიბის შემცირების პერიოდად გამოაცხადა. საქართველოს მთავრობა ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა ამ ინიციატივას და 2002 წელს შეიმუშავა “საქართველოში ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის შემცირების სტრატეგია”. აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოს მთავრობის სტრატეგიულ განაცხადს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანასა და სამომავლო განვითარებაზე. სტრატეგიაში განსაზღვრულია ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების მიზნები 2015 წლამდე.

3

ამ დოკუმენტის რეალისტური პროგნოზით, მოსახლეობის ერთ სულზე მოსულ რეალურ მთლიან შიდა პროდუქტს უნდა შეედგინა: 2001 წელს 1397 ლარი, 2002 წელს – 1456 ლარი, 2003 წელს – 1599 ლარი, 2004 წელს – 1677 ლარი, 2005 წელს – 1759 ლარი, 2010 წელს – 2129 ლარი, 2015 წელს – 2704 ლარი;1 ფაქტობრივად, მოსახლეობის ერთ სულზე მოსულმა რეალურმა მთლიანმა შიდა პროდუქტმა შეადგინა 2001 წელს 1439,4 ლარი, 2002 წელს – 1626 ლარი, 2003 წელს – 1879,3 ლარი, 2004 წელს – 2161 ლარი,2 მაშასადამე, 2001 – 2003 წლებში მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ სულ მოსახლეზე მოსული ფაქტობრივი მაჩვენებელი აღემატებოდა პროგნოზულს, რაც იმას ნიშნავს, რომ პროგნოზი მართლაც რეალური იყო და მის მისაღწევად დასახულმა ღონისძიებებმა მეტ-ნაკლებად იმუშავა. მაგრამ საქმე ის არის, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ეს მოცულობები, წლიური 12-15%-ის ზრდის მიუხედავად, ძალზე მცირეა და ასეთი ტემპით საქართველოს მოსახლეობას მეტად დააგვიანდება “ღირსეულად ცხოვრება”. შეგახსენებთ, რომ ერთ სულ მოსახლეზე მოსული მთლიანი შიდა პროდუქტი განვითარებულ ქვეყნებში შეადგენდა (1996 წლის მონაცემებით): აშშ-ში – 23100, იაპონიაში – 24800, გერმანიაში – 21500, საფრანგეთში – 21300, კანადაში – 20500, იტალიაში 197003 დოლარს. ამ დონის მიღწევას საქართველო დღეს არსებული ტემპით მხოლოდ ორი ათეული წლის შემდეგ შეძლებს. ამ პერიოდის შესამცირებლად საჭიროა, დაჩქარდეს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი, რაც მიიღწევა ქვეყნის რესურსული პოტენციალის სრული (ან თითქმის სრული) ამოქმედების შემთხვევაში. ბუნებრივია, ისმება კითხვა: რა გზებით, რა საშუალებებით შეიძლება ამოქმედდეს ქვეყნის რესურსული პოტენციალი? “საქართველოში ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის შემცირების სტრატეგიაში” ვკითხულობთ: “ქვეყნის რესურსული პოტენციალის ამოქმედების, ეკონომიკის სტაბილური, დინამიკური განვითარების, მოსახლეობის დასაქმების, შემოსავლების დონის ამაღლებისა და სხვა სოციალური პრობლემების გადაჭრის საქმეში გადამწყვეტი როლი მცირე და საშუალო ბიზნესს ეკისრება”. ამრიგად, საქართველოს მთავრობა ოფიციალურად აცხადებს, რომ ქვეყანაში რესურსული პოტენციალის სრული ათვისებისათვის, რასაც, ცხადია, დაუკავშირდება მოსახლეობის დასაქმება და, აქედან გამომდინარე, სიღარიბის შემცირება, აუცილებელია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება. მაშასადამე, მოსახლეობის დასაქმების უზრუნველყოფა და ამ გზით სიღარიბის შემცირება საქართველოს მთავრობის მიერ მცირე (და საშუალო) ბიზნესის ერთ-ერთ ძირითად პასუხისმგებლობად არის მიჩნეული. თუმცა ამაში ახალი არაფერია. ასეა ყველა სხვა ქვეყანაშიც. მთავარი არის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის საქართველოს მთავრობის მხრიდან პრაქტიკული ხელშეწყობა. ამის აუცილებლობას ზემოთ დასახელებული დოკუმენტიც აღიარებს: “მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება შეუძლებელია სახელმწიფო მხარდაჭერის ღონისძიებათა მძლავრი სისტემის შექმნისა და განხორციელების გარეშე. მისი მეშვეობით უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მცირე და საშუალო საწარმოებისათვის უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის შექმნა…”

საქართველოში უკვე გამოჩნდა მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების მხარდაჭერის სურვილი. დაიწყო მუშაობა გადასახადების რაოდენობისა და განაკვეთების შემცირების მიმართულებით. შემცირდა მაკონტროლებელ ორგანოთა უფლებები და უფლებათა საზღვრებიც. მაგრამ ხელისუფლების ცალკეული ღონისძიებები მცირე მეწარმეობის განვითარებაში სრულყოფილ შედეგს არ იძლევა, თუ კომპლექსური ღონისძიებები არ გატარდა. ამას გვიდასტურებს მცირე ბიზნესის განვითარების მაჩვენებლების დინამიკა საქართველოში: ცხრილი 1-დან ჩანს, რომ მცირე ბიზნესში 1999-2003 წლებში საანალიზოდ აღებული ხუთი ძირითადი მაჩვენებლიდან – საწარმოთა რაოდენობა, პროდუქციის გამოშვება, საქონელბრუნვა, დასაქმებულთა რიცხვი, ძირითადი კაპიტალი – ოთხი მაჩვენებელი შემცირებულია. მათ შორის, პროდუქციის გამოშვება – 23%-ით, საქონელბრუნვა – 28,1%-ით, დასაქმება – 12%-ით, ძირითადი კაპიტალი – 23,5%-ით.

ამ პერიოდში გაზრდილია მხოლოდ მცირე საწარმოთა რიცხვი – 14,4%-ით, რასაც თეორიულად უნდა გამოეწვია კიდეც ზემოთ დასახელებულ მაჩვენებელთა არა შემცირება, არამედ ზრდა, რაც ფაქტობრივად არ მოხდა. ეს გვაფიქრებინებს, რომ საქართველოს მცირე ბიზნესს არა აქვს სათანადო სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა და აქედან გამომდინარე განვითარების ხელშემწყობი ბიზნეს გარემო. ეს რომ ასეა, ჩანს საქართველოს მეწარმეობაში მცირე ბიზნესის ადგილით და როლით (იხ. ცხრილი 2)

4

ცხრილი 2-ის მონაცემების საფუძველზე ირკვევა, რომ 2003 წელს, 1999 წელთან შედარებით, შემცირებულია მცირე საწარმოთა ხვედრითი წილი პროდუქციის საერთო გამოშვებაში 20,3%-დან 9,3%-მდე, საქონელბრუნვაში – 33,6%-დან 13,6%-მდე და ძირითადი კაპიტალით აღჭურვაში – 11,7%-დან 8,1%-მდე. გაზრდილია მხოლოდ მცირე საწარმოთა ხვედრითი წონა საწარმოთა საერთო რაოდენობაში 88,8%-დან 90,5%-მდე, და მცირე საწარმოთა ხვედრითი წონა დასაქმებაში 24,3%-დან 27,2%-მდე. ამასთან, დასაქმებულთა აბსოლუტური რიცხვი მცირე ბიზნესშიც შემცირებულია (11036) და საერთოდ ბიზნესშიც (81569 კაცით). სწორედ ამითაა გამოწვეული დასაქმებაში მცირე ბიზნესის ხვედრითი წონის ზრდა. რაც შეეხება მცირე საწარმოთა რიცხვის ზრდას, ეს მოხდა არა იურდიულ პირ მცირე საწარმოთა ხარჯზე, არამედ ინდივიდუალურ საწარმოთა რიცხვის ზრდის ხარჯზე. ეს კი ისეთი საწარმოებია, რომლებიც დასაქმებას მნიშვნელოვნად ვერ გაზრდიდნენ.

საქართველოს მცირე ბიზნესის ზემოაღნიშნულ მაჩვენებლებს ევროკავშირის ქვეყნების მაჩვენებლებს თუ შევადარებთ, დავინახავთ, რომ ევროკავშირის ისეთი ქვეყნების, როგორიცაა ბელგია, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ნიდერლანდები და ესპანეთი მცირე საწარმოებში დასაქმებულთა რიცხვი მთელ დასაქმებულთა 40-70%-ს შეადგენს.4 მაშასადამე, საქართველოს მცირე მეწარმეობამ ამ სფეროში ევროკავშირის მინიმალურ დონეს (40%) რომ მიაღწიოს, მან დამატებით კიდევ უნდა დაასაქმოს მეწარმეობაში საერთოდ დასაქმებულთა 40-27,2=12,8%, ანუ 297795X12,8 :100=38118 კაცი, ხოლო მაქსიმალური დონის უზრუნველსაყოფად [(70-27,2)X297795];100=127445 კაცი. მაგრამ ესეც არ არის საქართველოს მცირე ბიზნესში დასაქმების მაქსიმალური პოტენციალი, რადგან იგი გამოთვლილია საერთო დასაქმების მეტად შემცირებული მაჩვენებლიდან – 297795 კაციდან. მართლაც განა კარგია, რომ საქართველოში, სადაც 4535300 კაცი ცხოვრობს, საერთო დასაქმება შეადგენდეს მხოლოდ 297795 კაცს – ეს ხომ ის რიცხვია, რისი უზრუნველყოფაც სათანადო სახელმწიფოებრივი ხელშეწყობის პირობებში მარტო მცირე ბიზნესს რომ შეუძლია.

2004 წლის დასაწყისში საქართველოში ფუნქციონირებდა 24326 მცირე საწარმო, აქედან 9171 იყო იურდიული პირი, ხოლო 15155 – ფიზიკური პირი (ინდივიდუალური საწარმო). ერთ საწარმოზე ანგარიშით, იურდიულ პირ მცირე საწარმოებში საშუალოდ მუშაობდა 3 კაცი, ინდივიდუალურ საწარმოებში კი – 1,7 კაცი.5 საქართველოს კანონი “მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერის შესახებ” მცირე საწარმოებს დასაქმების ზღვრულ ლიმიტად 20 კაცს უწესებს. ასეთ დროს მცირე საწარმოებში დასაქმება საშუალოდ 3 კაცს არ აღემატება.

სათანადო სახელმწიფოებრივი ხელშეწყობისა და ბიზნესისათვის მისაღები პორობების შემთხვევაში იურდიულ პირ მცირე საწარმოებს შეუძლიათ, დაასაქმონ თუ 20 არა, საშუალოდ 10-15 კაცი, ხოლო ინდსაწარმოებს – 5-10 კაცი. ასეთ შემთხვევაში, თუ აღარაფერს ვიტყვით მსხვილ და საშუალო საწარმოებზე, საქართველოში ამჟამად არსებულ მცირე საწარმოებსაც კი შეუძლიათ, დაასაქმონ მოსახლეობის ის რაოდენობა, რაც ამჟამად მთელ მეწარმეობაშია დასაქმებული. ამას დაემატება აგრეთვე ახლად გახსნილი მცირე საწარმოები, რომელთა დაფუძნებას აუცილებლად წაახალისებს მცირე ბიზნესის სახელმწიფოებრივ მხარდაჭერაში რადიკალური ცვლილებები.

უპირველესად, ამისათვის საჭიროა სახელმწიფოს პოლიტიკური ნება. ეს ნება ჯერჯერობით არ ჩანს. ეკონომიკური რეფორმების მთელი პერიოდი გვიჩვენებს, რომ საქართველოს მთავრობის ზრუნვა მცირე ბიზნესზე მხოლოდ “მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერის შესახებ” კანონის მიღებით (ისიც დაგვიანებით – 1999 წელს) და მცირე საწარმოთა განვითარების და ხელშეწყობის ცენტრის შექმნით (2000წ.) შემოიფარგლა. სამწუხაროდ, დღემდე არც კანონს უმუშავია სათანადოდ და არც ამ ცენტრს. ეს რომ ასეა, ჩანს ჩვენს მიერ ცხრილებში მოტანილი მასალიდანაც – მცირე ბიზნესის მუშაობის 2003 წლის მაჩვენებლები ამჟამად გაუარესებულია 1999 წელთან შედარებით.

მაშასადამე. საქართველოს მთავრობა აღიარებს მცირე (და საშუალო) ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე – მან უნდა აამოქმედოს მისი პოტენციალი, დაასაქმოს მოსახლეობა და გამოიყვანოს ქვეყანა სიღარიბიდან, მაგრამ პრაქტიკულ ნაბიჯებს ნაკლებად დგამს მის დასახმარებლად.
გარდაქმნის დღიდან დღემდე საქართველოს მცირე ბიზნესს, მსხვილ ბიზნესთან შედარებით, ქმედითი შეღავათები არ მისცემია – არც ფისკალურ სფეროში, არც საინვესტიციო სფეროში, არც სახელმწიფოს შესყიდვების კვოტებში და არც სხვაგან. ამის საჭიროება დადასტურებულია მსოფლიო გამოცდილებით. თითქმის ყველა ქვეყანაში მცირე ბიზნესს ფინანსური შეღავათები აქვს (ან ჰქონდა). სწორედ ამან გამოიწვია იმ ქვეყნებში მცირე ბიზნესის განვითარების “ბუმი” და ამის შედეგად ქვეყნების ეკონომიკური აღმავლობაც.

კიდევ ერთი, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანი ღონისძიება იქნება ჯერ საქართველოს ყველა რეგიონულ ცენტრში, ხოლო შემდეგ ყველა დიდ და საშუალო ქალაქში ბიზნეს ინკუბატორების შექმნა. ბიზნეს ინკუბატორი არის ახლად წარმოქმნილი ფირმების მჭიდრო კონცენტრაციის ადგილი, სადაც მათთვის შექნილია საერთო ინფრასტრუქტურა. ბიზნეს ინკუბატორები მსოფლიოში მცირე (და საშუალო) მეწარმეობის მხარდაჭერის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ღონისძიებად არის მიჩნეული. ისინი დაახლოებით 20%-ით ამცირებენ წარუმატებლობის შემთხვევებს ბიზნესში. ბიზნეს ინკუბატორების საქმიანობაში მთავარი ის არის, რომ ისინი დახმარებას უწევენ ახალგახსნილ საწარმოებს ფეხზე დადგომაში, რაც მათ მეტად ეხმარება შემდგომში საქმის წარმატებულად წარმართვაში.

საქართველოს მცირე ბიზნესი ქვეყნის მთავრობის მხრიდან ნამდვილ, ქმედით მხარდაჭერას ელოდება და არა მხოლოდ დეკლარირებულს. მცირე საწარმოებს შესწევთ უნარი, გაააქტიურონ ეკონომიკური ზრდა ქვეყნის მასშტაბით, შექმნან დამატებითი სამუშაო ადგილები, ოპერატიული რეაგირება მოახდინონ სამომხმარებლო მოთხოვნის ცვლილებებზე, გააფართოონ კონკურენცია და ა.შ.