აუდიტორული მომსახურება CERMA-ს საქმიანობაში
ვასილ კაციაშვილი
საბაზრო ეკონომიკის პირობებში სახელმწიფოებრივი კონტროლის სისტემასთან ერთად მოქმედებს არასახელმწიფოებრივი კონტროლი, რომლის აღიარებული ფორმაა აუდიტორული საქმიანობა. იგი უმთავრესად გამოიყენება საფინანსო-სამეურნეო სფეროს შესამოწმებლად და სათანადო ფინანსური დასკვნების გამოსატანად. აუდიტი ფინანსური კონტროლის ერთ-ერთი ფორმა და საზოგადოების ეკონომიკურ ურთიერთობათა ნორმალური ფუნქციობის რეგულირების ერთ-ერთი პირობაა.
ერთობლივი ეროვნული პროდუქტის შექმნისა და განაწილების პროცესში იგი უზრუნველყოფს დავალიანებებისა და ვალდებულებათა შესრულების შემოწმებას, საკუთრების ყველა ფორმის დაცულობას, კანონიერებას და რესურსების გამოყენების ეფექტიანობის გამოვლენას. აუდიტორული მომსახურება ასევე ხელს უწყობს ქვეყნის მიერ აღებული კურსის, ეკონომიკური პროცესების მართვაში სახელმწიფოს ჩარევის თანდათანობით ლიბერალიზაციას.
საფინანსო კონტროლის სრულყოფა საქართველოს ეკონომიკური რეფორმების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და ქვეყანაში მიმდინარე პრივატიზაციის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
საფინანსო კონტროლის მთავარი ფუნქციაა ბუღალტრული აღრიცხვა, კერძოდ, ფინანსური ანგარიშგების სწორი აღრიცხვიანობა, რაც მოითხოვს ფინანსურ ანგარიშგებებში მაღალი ხარისხის, გამჭვირვალე და შესადარისი ინფორმაციის ასახვას. ზემოაღნიშნული კი მთავარი წინაპირობაა მსოფლიო კაპიტალის ბაზარზე მონაწილეთათვის და სხვა (ადგილობრივი პარტნიორების, საბანკო სექტორის, საფონდო ბირჟების) მომხმარებლებისათვის ეკონომიკური გადაწყვეტილებების მისაღებად და საქართველოს საწარმოებში ინვესტიციების ჩასადებად.
აუდიტი არ არის მხოლოდ კონტროლის მექანიზმი. აუდიტორული შემოწმება ხელს უწყობს კომერციული საქმიანობის წარმატებით განხორციელებას, რადგან კონსულტაციები, რომლებსაც ახორციელებენ ბიზნესის წარმართვის სპეციალისტები, საბოლოო ჯამში, კლიენტის ეკონომიკურ წარმატებას უზრუნველყოფს.
კანონში ცვლილების მიღებამდე აუდიტის ჩატარება სავალდებულო იყო ყველა კომპანიისთვის და კომპანიების მენეჯერები ამ საკითხს აღიქვამდნენ როგორც მხოლოდ და მხოლოდ ბიუროკრატიულ მექანიზმს, რომელსაც რეალური სარგებელი არ მოჰქონდა კომპანიისათვის.
2005 წლის 2 აგვისტოს საქართველოს კანონში “აუდიტორული საქმიანობის შესახებ” შეტანილ იქნა ცვლილება, სადაც მითითებულია, რომ აუდიტორული შემოწმება სავალდებულო არ არის “იმ სამეურნეო სუბიექტებისათვის, რომელთა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ითვალისწინებს მესაკუთრეთა შეზღუდულ ქონებრივ პასუხისმგებლობას”. ეს ცვლილება წინგადადგმული ნაბიჯია მეწარმეებისათვის, რადგან მათ საშუალება ეძლევათ, შეაფასონ რამდენად ღირებულია აუდიტი.
პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის დახმარების ცენტრი (CERMA) სახელმწიფოს მიერ აღებულ კურსს ეკონომიკაში წარმატებით ახორციელებს. იგი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დავალებით და დახმარებით, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების წინა-საპრივატიზაციოდ მომზადებას. სამინისტროს ძალისხმევით CERMA უზრუნველყოფს ამ საწარმოთა რესტუქტურიზაციას, პოტენციური ადგილობრივი და უცხოური ინვესტორებისათვის კვალიფიციური ბიზნეს-ინფორმაციის და პროგნოზების მომზადებას. CERMA ცალკეული პროექტების მიხედვით საწარმოებს და სააქციო საზოგადოებებს უტარებს ბაზრის კვლევას, ფინანსურ და სტრატეგიულ ანალიზს, უწევს კოსულტაციებს მარკეტინგში, ფინანსებში, მენეჯმენტში, უდგენს ბიზნეს-გეგმებს და აკავშირებს მათ ქვეყნის შიდა თუ გარე ბაზარზე არსებულ პოტენციურ პარტნიორებთან და ა.შ.
ფინანსური აღრიცხვიანობის მოსაწესრიგებლად და საქართველოს საწარმოებში უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად, სხვა მრავალ წარმატებით განხორციელებულ პროექტთან ერთად, CERMA-მ ერთ-ერთ მიმართულებად დაისახა აუდიტორული მომსახურების გაწევა, რასაც აქტიურად ახორციელებს ქართულ თუ ერთობლივად შექმნილ ქართულ-უცხოურ საწარმოებსა თუ სააქციო საზოგადოებებში. ერთ-ერთი მათგანია ქართულ-თურქული ერთობლივი საწარმო – შპს “გეო-ნიტრო”, რომლის ხელმძღვანელობა სრულად აკონტროლებს ორგანიზაციას ნებისმიერ დონეზე, არ გამოეპარებათ შემოსავლების თუ დანახარჯების თუნდაც ერთი ცენტი. მათ მიაჩნიათ და სამართლიანადაც, რომ პროფესიონალი ბუღალტერ-აუდიტორი სრულად ასახავს საწარმოში არსებულ ფინანსურ მდგომარეობას, დარღვევების შემთხვევაში კი შეიმუშავებს სათანადო რეკომენდაციებს და უზრუნველყოფს ნებისმიერი ინფორმაციის კონფიდენციალურობას.
აუდიტორულ საქმიანობაში CERMA-ს თანამშრომელთა პრაქტიკული გამოცდილებიდან ნათლად გამოჩნდა, რომ საწარმოს მფლობელები (დამფუძნებლები, მესაკუთრეები, აქციონერები), რომლებსაც აუდიტორული დასკვნა მხოლოდ საგადასახადო ინსპექციაში წლის ბოლოს ბალანსის ჩაბარებასთან ერთად სჭირდებოდათ, უმეტეს შემთხვევაში ეკონომიკურ საქმიანობას გაკოტრებით ასრულებდნენ.
აუდიტის ჩატარების აუცილებლობა იმათ ინტერესებშია, ვინც უშუალოდ არიან დაკავშირებულნი საწარმოს მართვასთან. ამით დაინტერესებულნი არიან ამ საქმიანობის დამფინანსებლები (მესაკუთრეები, აქციონერები, ინვესტორები). ეს განაპირობა იმან, რომ დამფინანსებლები ვერ ეყრდნობიან ფინანსურ ინფორმაციას, რომელიც წარუდგინეს მმართველებმა და საწარმოს ბუღალტრებმა. აქციონერებს სურთ, დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მათ არ მოატყუებენ და აღრიცხვა, რომელსაც ადმინისტრაცია წარუდგენს, სრულად ასახავს საწარმოში არსებულ ფინანსურ მდგომარეობას. ამრიგად, ფინანსური ინფორმაციის სინამდვილისა და აღრიცხვიანობის დასადგენად სპეციალურად იწვევენ აუდიტორებს, რომელთა მოსაზრება, აქციონერების აზრით, სარწმუნოა და დასაჯერებელი. მთავარი წინაპირობა, რაც აუდიტორს მოეთხოვება, არის მისი უმწიკვლო პატიოსნება და დამოუკიდებლობა.
ამრიგად, CERMA-ს საკმარისი გამოცდილება აქვს და პროფესიონალი კადრები ჰყავს იმისათვის, რომ არასახელმწიფოებრივი კონტროლის ერთ-ერთი სახეობით – აუდიტორული მომსახურებით ხელი შეუწყოს კომერციული და ამავდროულად სახელმწიფო მნიშვნელობის საქმიანობის წარმატებით განხორციელებას და ქვეყნის მიერ აღებული კურსის – ეკონომიკური პროცესების მართვაში სახელმწიფოს ჩარევის თანდათანობით ლიბერალიზაციას.