ახალი საბაჟო კოდექსის პროექტი ბიზნესმენთა თვალთახედვით
დავით ნარმანია
საბაჟო კოდექსი ქვეყნის ერთ-ერთი სტრატეგიული დოკუმენტია, რომლის გამართული დებულებები და მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიმართულებები ქვეყნის საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სწორ და მიზანმიმართულ პოლიტიკას, ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას განაპირობებს.
ამ თვალსაზრისით, ახალი საბაჟო კოდექსის პროექტი (რომელიც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მომზადდა) მოქმედ საბაჟო კოდექსთან შედარებით დადებითი მიმართულებებით ხასიათდება. ამის უმთავრესი საფუძველია საბაჟო რეჟიმების ოპტიმიზაცია, მთელ რიგ რეჟიმებზე კოდექსშივე დეტალური პროცედურული დებულებების გაწერა, საბაჟო დავების მოგვარების ერთიანი სისტემის ფორმირება და საბაჟო სამართალდარღვევების სახეობების დეტალიზაცია, ასევე პასუხისმგებლობის ფორმების სისტემატიზაცია.
ახალი საბაჟო კოდექსის პროექტის ძირითადი მიმართულებები და სიახლეებია:
საბაჟო რეჟიმების ოდენობის შემცირება 15-დან 8-მდე, ზოგიერთი მათგანის გაუქმება ან ტრანსფორმაცია, ხოლო შესაბამისი დებულებების სხვადასხვა პროცედურებში გაწერა.
საბაჟო რეჟიმები, რომლებიც რჩება ახალი საბაჟო კოდექსის პროექტით, შემდეგია:
საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება (იმპორტი);
ტრანზიტი;
საბაჟო საწყობში შენახვა;
გადამუშავება საბაჟო ტერიტორიაზე;
გადამუშავება საბაჟო კონტროლის ქვეშ;
დროებით შემოტანა;
გადამუშავება საბაჟო ტერიტორიის გარეთ;
ექსპორტი.
საბაჟო რეჟიმები, რომლებიც გადაკეთდა საბაჟო დამუშავების ოპერაციებად, შემდეგია:
თავისუფალი ზონა;
თავისუფალი საწყობი;
რეექსპორტი;
საქონლის განადგურება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ;
სახელმწიფოს საკუთრებაში საქონლის გადაცემა.
საბაჟო რეჟიმები, რომლებიც უქმდება და შესაბამისი დებულებები გაიწერა სხვადასხვა პროცედურებში, შემდეგია:
რეიმპორტი და დროებითი გატანა – ერთიანდება საბაჟო პრეფერენციებში დაბრუნებული საქონლის სახით;
უბაჟო ვაჭრობა – ერთიანდება საბაჟო საწყობში შენახვის საბაჟო რეჟიმში.
საბაჟო დავების, ისევე როგორც საგადასახადო დავების, ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მოგვარების ახალი სისტემის ჩამოყალიბება. საბაჟო დავების მოგვარების უმთავრესი საფუძველია დავების გადაწყვეტა მხოლოდ ორ უწყებაში: ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში; ბ) სასამართლოს მიერ. თუ საბაჟო პროცედურების განმახორციელებელი პირი უარს აცხადებს საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილების შესრულებაზე, იგი უფლებამოსილია, საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილების მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში საბაჟო ორგანოს გაუგზავნოს წერილობითი შესაგებელი, თუ დავის დაწყების ფორმად ირჩევს მის გადაწყვეტას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, ან წერილობითი შეტყობინება, თუ დავის გადაწყვეტის ფორმად ირჩევს მის გადაწყვეტას სასამართლო წესით1. მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ სადავო თანხისა და შესაბამისი ჯარიმის გადახდის ვალდებულება საბაჟო დავის დაწყების დღიდან დავის დასრულებამდე შეჩერებულია, ანუ სანამ საბოლოოდ არ გაირკვევა სამართალდარღვევის შინაარსი და შესაბამისი პასუხიმგებლობის ფორმა, პირს სანქციის გადახდა არ მოუწევს. თუ საბაჟო დავა არ გადაწყდება საბაჟო პროცედურების განმახორციელებელი პირის სასარგებლოდ, მაშინ მას სადავო საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დღიდან დაეკისრება სადავო თანხისა და საურავის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ძირითადი თანხის 0,07%-ს ოდენობით;
საბაჟო სამართალდარღვევათა ფორმების და პასუხისმგებლობის ზომების საბაჟო კოდექსითვე განსაზღვრა, ისევე როგორც საგადასახადო სამართალდარღვევის შემთხვევაში – საგადასახადო კოდექსით. სამართალდარღვევათა სახეობებია: საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის უკანონო გადაადგილება; საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი ან საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ არსებული საქონლის მიმართ განხორციელებული უკანონო ოპერაციები; საბაჟო საწყობისათვის, თავისუფალი ზონისათვის ან თავისუფალი საწყობისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევა; საბაჟო ორგანოს თანამდებობის პირისათვის წინააღმდეგობის გაწევა; საქონლის დასაწყობების, შენახვის ან აღრიცხვის წარმოების მოთხოვნების დარღვევა; სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებული საბაჟო წესების დარღვევა; საბაჟო იდენტიფიცირების საშუალებების თვითნებური მოხსნა; საბაჟო წესების შესაბამისად ან საბაჟოს ორგანოს მიერ განსაზღვრული ვადების დარღვევა; დოკუმენტების შენახვის ვადის დარღვევა; საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფ გემთან ან სხვა მცურავ საშუალებასთან საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე გემით ან სხვა მცურავი საშუალებით მიდგომა და საქონლის გადატვირთვა/გადმოტვირთვა; ავარიის, დაუძლეველი ძალისა და სხვა გაუთვალისწინებელი გარემოებების დროს გასატარებელი ღონისძიებების განუხორციელებლობა; სატრანსპორტო საშუალებების შემოსვლის ან გასვლის შესახებ საბაჟო ორგანოსთვის შეუტყობინებლობა; საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ არსებული საქონლის მიმართ განხორციელებული უკანონო ოპერაციები; დეკლარირების წესების დარღვევა; შემოტანილ ან გატანილ საქონელზე და სატრანსპორტო საშუალებაზე არსებული ვალდებულების შეუსრულებლობა; საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ არსებული საქონლის განადგურების წესების დარღვევა; საბაჟო ბროკერის საქმიანობის უკანონოდ განხორციელება. თითოეული სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული ჯარიმების ოდენობა 200-დან 1500 ლარამდე მერყეობს. სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში კი მისი ოდენობა იზრდება. სხვა სახის სამართალდარღვევები, რომლებზეც კოდექსის პროექტით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა, ჯარიმდება 300 ლარით.
საბაჟო კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი სიახლეა ზოგადი, გამარტივებული და ელექტრონული საბაჟო დეკლარაციების ინსტიტუტის შემოღება. ზოგადი დეკლარაცია შეიცავს იმ ზოგად მონაცემებს საქონელზე, რომლებიც აუცილებელია საბაჟო გაფორმებამდე საქონლის იდენტიფიკაციისათვის, საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის. საბაჟო პროცედურების გამარტივების მიზნით საბაჟო ორგანოს უფლება აქვს, შესაბამისი წერილობითი განცხადების საფუძველზე ნება დართოს დეკლარანტს, წარადგინოს გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია. საბაჟო დეკლარაციის წარდგენის ფორმად კი არჩეულია წერილობით ან ელექტრონული ფორმით დეკლარირება. დეკლარირების აღნიშნული ფორმები საგარეო ვაჭრობაში მონაწილე ბიზნესმენების საქმიანობას გაცილებით გაამარტივებს, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია მათი დეტალური ფორმები, ვინაიდან ის საბაჟო კოდექსის მიღების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა უნდა დაამტკიცოს;
სატრანსპორტო საშუალების, მგზავრის, მისი პირადი ნივთების, ასევე საფოსტო გზავნილების დათვალიერების პროცედურების სისტემატიზაცია. აღნიშნული პროცედურები საბაჟო კოდექსის პროექტში გაწერილია მხოლოდ თითო მუხლად, თუმცა ესეც სიახლეა მოქმედ საბაჟო კანონმდებლობასთან შედარებით. საბაჟოზე დათვალიერებისას პრობლემების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია ამ მუხლების და შესაბამისი პროცედურების დეტალიზაცია;
დეკლარანტის მიერ საბაჟო დეკლარაციის შესწორების უფლება და ყველა კეთილსინდისიერი დეკლარანტისთვის საბაჟო ვალდებულების 1 თვემდე გადავადება, ანუ დეკლარანტს ექნება უფლება, ჯარიმების გარეშე შეასწოროს საბაჟო დეკლარაცია ან ფინანსური სახსრების უქონლობის შემთხვევაში საბაჟო ვალდებულება გადაუვადდეს 1 თვემდე ვადით. აღნიშნული ფაქტორები საგარეო ვაჭრობაში მონაწილე ბიზნესმენებს შეცდომის დაშვების შემთხვევაში პასუხისმგებლობას აარიდებს და მათ საქმიანობას გაცილებით გაამარტივებს;
გაუქმდება საბაჟო გადამზიდველის ლიცენზიის მექანიზმი, რაც იმას ნიშნავს, რომ საბაჟო გადაზიდვების განმახორციელებელ ნებისმიერ პირს ლიცენზიის გარეშე შეეძლება გადაზიდვები, რაც ადმინისტრაციული ბარიერების გარეშე თავისუფლად განხორციელდება;
საბაჟო კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია, რისი ნათელი დადასტურებაა ბევრი საბაჟო პროცედურისა და პრაქტიკის, ასევე საბაჟო კოდექსის სტრუქტურის ევროკავშირის საბაჟო კანონმდებლობასთან მიახლოება;
საბაჟო გარანტიების გაძლიერებული მექანიზმის შემოღება საბაჟო ვალდებულების შესასრულებლად (მუხლები 184-194), რისთვისაც შემოღებულ იქნა გარანტიის სამი ფორმა: საბანკო გარანტია, ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი და სახელმწიფო ხაზინაში დეპოზიტი. თუ დეკლარანტმა არ გადაიხადა გადასახდელები ან არ განახორციელა საგარანტიო უზრუნველყოფა, შემოიტანა აკრძალული ან შეზღუდვას დაქვემდებარებული საქონელი ან გაშვებიდან სამი სამუშაო დღის ვადაში საქონელი არ გაიტანა საბაჟო კონტროლის ზონიდან, მაშინ საბაჟო ორგანო განკარგავს საქონელს (მათ შორის, იგულისხმება უსასყიდლოდ ჩამორთმევა, რეალიზაცია, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ განადგურება ან უსასყიდლოდ გადაცემა). აღნიშნულმა ფაქტორებმა, ბიზნესმენების აზრით, შეიძლება საქართველოს მიმართულებით ან გავლით მოძრავი ტვირთნაკადების შემცირება გამოიწვიოს, ვინაიდან ყველას არ ექნება საგარანტიო თანხის დეპონირების საშუალება და გამკაცრებული ადმინისტრირების პირობებში ტვირთების გადაზიდვის სურვილი;
საბაჟო კონტროლის ზონაში ფიტო-სანიტარული, ვეტერინარული და სანიტარულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელება მხოლოდ საბაჟო ორგანოს მიერ. აღნიშნული რეფორმით მნიშვნელოვნად მცირდება იმ სასაზღვრო მაკონტროლებელ უწყებათა ოდენობა, რომელთაც საზღვრის გადამკვეთ პირებთან უწევდათ შეხება, რაც დიდ დროსთან, ასევე დამატებითი ფინანსური სახსრების ხარჯვასთან იყო დაკავშირებული.
გარდა ამისა, საბაჟო კოდექსის გამარტივებისა და ნორმების სრულყოფილად აღქმის მიზნით შეიქმნა ახალი ტერმინები და ცნებები, ასევე ჩამოყალიბდა მთელი რიგი პროცედურული საკითხები. საბაჟო ვალდებულების შეუსრულებლობისას საბაჟო გადასახდელების დაგვიანების დროს პირს დაეკისრება საურავი ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, გადაუხდელი თანხის 0,07%-ის ოდენობით. კეთილსინდისიერი გადამხდელებისთვის კი გათვალისწინებულია საბაჟო ვალდებულების 1 თვემდე ვადით გადავადება. საბაჟო დოკუმენტაციის შენახვის, საბაჟო გადასახდელების ან საბაჟო სანქციის, ზედმეტად გადახდილი საბაჟო გადასახდელების თანხის ჩათვლის ან დაბრუნების ხანდაზმულობის ვადა განისაზღვრება 6 წლით. საბაჟო რეჟიმებისა და საბაჟო საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული დეტალური პროცედურული დებულებები საბაჟო კოდექსის მიღების შემდეგ საქართველოს მთავრობამ და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა უნდა დაამტკიცონ.
ახალი საბაჟო კოდექსის პროექტი წინგადადგმული ნაბიჯია საბაჟო კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობისა და არაერთი პროცედურული დებულების გამარტივების თვალსაზრისით, თუმცა ზოგიერთი საკითხი დასახვეწი და გასამარტივებელია. საჭიროა საბაჟო კოდექსის ამოქმედების შემდეგ საქართველოს მთავრობის მიერ მისაღები დადგენილებებისა და ფინანსთა მინისტრის მიერ გამოსაცემი ბრძანებების ოპტიმიზაცია. ისეთი საკითხები, რომლებიც შესაძლებელია კოდექსით დარეგულირდეს, აუცილებლად კოდექსშივე უნდა გაიწეროს. ამით თავიდან იქნება აცილებული საბაჟო სფეროში კანონქვემდებარე აქტების დიდი რაოდენობა, რის გამოც ხშირად უკმაყოფილებას გამოთქვამენ ბიზნესმენები. როგორც პრივატიზებულ საწარმოთაAრესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის დახმარების ცენტრის – CERMA-ს ბიზნეს-სექტორთან თანამშრომლობამ გვიჩვენა, უნდა შემუშავდეს ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნების მკაცრი მექანიზმი, ვადები და მიეთითოს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მის დროულ დაბრუნებაზე. ბიზნესმენთა აზრით, კოდექსის პროექტს ასევე უნდა დაემატოს დებულებები ისეთი სპეციფიკური საქონლის საბაჟო დამუშავების (ექსპორტი, იმპორტი და ტრანზიტი) ოპერაციების თაობაზე, როგორიცაა ნავთობი, გაზი და ელექტროენერგია ან საბაჟო კოდექსშივე იქნეს მითითებული აღნიშნული საკითხების კანონქვემდებარე აქტით დარეგულირების შესახებ.
მნიშვნელოვანი სიახლეებისა და რიგი პროცედურული დებულებების ლიბერალიზაციის, ასევე საბაჟო კოდექსის პროექტის ევროკავშირის საბაჟო კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიუხედავად, ბიზნესმენები შენიშვნებს და მოსაზრებებს გამოთქვამენ ამ საბაჟო კოდექსის სრულყოფის მიზნით. კერძოდ, თავიანთ წინადადებებს გვთავაზობენ CERMA-ს იმ პარტნიორი ბიზნეს – სექტორის წარმომადგენლები, რომელთაც ეს ორგანიზაცია უწევს ბიზნეს – კონსულტაციებს.
ქართულ-თურქული ერთობლივი კომპანია “გეონიტრო”-ს გენერალური დირექტორის, ალი ქელლეჯის მოსაზრებით, ახალი საბაჟო კოდექსის პროექტი მნიშვნელოვანი სიახლეა ბიზნესის რეგულირების სფეროში და ბევრ სიახლეს გვთავაზობს ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციით. მაგრამ გარანტიების ახალი ფორმების შემოღება – საბანკო გარანტია, ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი და სახელმწიფო ხაზინაში დეპოზიტის განთავსება მძიმე ტვირთად დააწვება საქონლის გადამაადგილებელ პირებს და ეს გარკვეულწილად შეიძლება ტვირთნაკადების შემცირების საფუძველი გახდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ მექანიზმის დანერგვით ტვირთების მუდმივად შემომტან და გამტან პირებს ასევე მუდმივად უნდა ჰქონდეთ შესაბამის ანგარიშებზე საგარანტიო თანხები გაყინული და, ამდენად, მათი გამოყენების საშუალება მათ არ ექნებათ. ეს გზა საბიუჯეტო შემოსავლების უდანაკარგოდ მობილიზების საფუძველია და ამიტომ ქვეყნის ხელისუფლებამ ბიზნესის სიმძიმესა და საბიუჯეტო შემოსავლების ოპტიმიზაციას შორის ეკონომიკური არჩევანი უნდა გააკეთოს.