აზერბაიჯანი საქართველოს გაზს გაუძვირებს

რედაქციისაგან

აზერბაიჯანი საქართველოსთვის გაზის გაძვირებას გეგმავს. “გაზის ფასი მეზობელი საქართველოსთვის იქნება ორივე ქვეყნისთვის მომგებიანი”, – აცხადებს აზერბაიჯანის ენერგეტიკისა და მრეწველობის მინისტრი ნაგიტ ალიევი. ის არ გამორიცხავს, რომ ეს ფასი ათას კბმ-ზე 180-200 დოლარი იქნება.
2007 წელს აზერბაიჯანი საქართველოს გაზს ათას კბმ-ზე 120 დოლარად აწვდიდა, მაგრამ 2008 წლის იანვარში გაზის მოწოდება შეჩერდა, ხოლო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დაიწყო მოლაპარაკებები გაზის მოწოდების მოცულობასა და ფასზე. ნ. ალიევის აზრით, გაზის ფასი აუცილებლად უნდა მიუახლოვდეს მსოფლიო ფასს.
საქართველო წელიწადში 1,5 მლრდ კბმ გაზის შესყიდვას აპირებს, მაგრამ ჯერ კიდევ უცნობია დათანხმდება თუ არა აზერბაიჯანი გაზის მიწოდების გაზრდაზე. “ჩვენს მიერ საქართველოსთვის მიწოდებული” გაზის მოცულობა მაქსიმუმ წელიწადში 5400 მლნ კბმ იყო, – აცხადებს ნ. ალიევი.

რუსეთი და უკრაინა გაზის ფასზე შეთანხმდნენ
რუსეთი და უკრაინა 2008 წლისთვის გაზის ფასზე შეთანხმდნენ, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იუშენკოს განცხადებით, მისი ქვეყანა გაზზე 2007 წლის ფასს გადაიხდის.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ გაზის ვალის დაფარვა უახლოეს პერიოდში დაიწყება. “გაზპრომი” უკრაინის საერთო ვალს 1,5 მლრდ დოლარით აფასებს, ხოლო 2008 წლის იანვრის თვისას – 500 მლნ დოლარით. თავის მხრივ ვიქტორ იუშენკომ განაცხადა, რომ “გაზპრომი” და “უკრაინის ნავთობგაზი” შექმნიან სპეციალურ სამუშაო ჯგუფს, რომელიც გაზის ფასებზე იმუშავებს. ვალის დაფარვა კი 14 თებერვალს დაიწყო.
12 თებერვალს “გაზპრომი” უკრაინისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტას აპირებდა. 11 თებერვალს მიწოდების ვადა გაგრძელდა 8 საათით, რადგან 12 თებერვალს დაგეგმილი იყო უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა.
არც ვლადიმერ პუტინსა და არც ვიქტორ იუშენკოს არ გაუკეთებიათ განცხადება იმის შესახებ, შეიცვლება თუ არა უკრაინისთვის გაზის მიწოდების სქემა. უკრაინის პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო ადრეც აცხადებდა, რომ აუცილებელია შუამავლებისაგან – “Rosukrenergo”-სგან განთავისუფლება. “გაზპრომი” მიწოდების სქემის შენარჩუნების მომხრე იყო. 11 თებერვალს კომპანიის წარმომადგენელმა სერგეი კუპრიანოვმა განაცხადა, რომ “გაზპრომი” მზადაა განიხილოს სხვა ვარიანტები, თუ ისინი არ დააზარალებს რუსეთის კონცერნს”.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ უკრაინა რუსულ გაზს ადრინდელი მოცულობით მიიღებს, “ნავთობგაზუკრაინის” მმართველობის თავმჯდომარემ ოლეგ დუბინმა განაცხადა, რომ მიწოდების სქემას შუამავლები გამოეთიშება, “გაზს “გაზპრომიდან,” “ნავთობგაზუკრაინა” პირდაპირ მიიღებს”.