ბიზნესის მაკროგარემო საქართველოში
ბ. მღებრიშვილი
ბიზნესის ეფექტიანობა უშუალოდ არის დამოკიდებული მაკროგარემოში მოქმედ ფაქტორებზე, რომელთაგან საწარმოთა ფუნქციობისათვის საქართველოში დღეისათვის ყველაზე მეტი პრობლემები დემოგრაფიულ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ გარემოშია. ამ ფაქტორების საფუძვლიანად შესწავლა მათი არასასურველი ზემოქმედების თავიდან აცილების ან შერბილების, ხოლო მოსალოდნელი შესაძლებლობების წარმატებით გამოყენების საშუალებაა, რადგან “ცოდნა-ძალა” [8.გვ.296] და საქმიან გარემოცვასთან აქტიური ურთიერთდამოკიდებულების მძლავრი იარაღია.
ბიზნესის განვითარებაზე დემოგრაფიული ფაქტორების გავლენის გაძლიერება განპირობებულია იმ დიდი ცვლილებებით, რომლებიც უკანასკნელ წლებში ხდება დემოგრაფიული სისტემის შემადგენელ ელემენტებში, კერძოდ, მოსახლეობის რაოდენობასა და სქესობრივ-ასაკობრივ შემადგენლობაში, შობადობაში, სიკვდილიანობაში, მიგრაციაში, დასაქმებაში, რელიგიურ რწმენაში, ოჯახების რაოდენობასა და შემადგენლობაში. ბიზნესის და დემოგრაფიული გარემოს კავშირი არ არის ცალმხრივი. არა მარტო დემოგრაფიული გარემო, მასში მიმდინარე ცვლილებები ზემოქმედებს ბიზნესის განვითარებაზე, არამედ ბიზნესის განვითარების დონეც ახდენს გავლენას დემოგრაფიულ გარემოზე, იწვევს დადებით ან უარყოფით ძვრებს მოსახლეობის მთლიან რაოდენობასა და სტრუქტურში, ოჯახების რაოდენობასა და შემადგენლობაში, ცხოვრების დონეში, მიგრაციაში [1.გვ.58].
მოსახლეობის რაოდენობის ზრდა სხვა თანაბარ პირობებში იწვევს მოთხოვნილებათა ზრდას და ამ საფუძველზე ბიზნესის სხვადასხვა დარგის განვითარებას. პირველ რიგში, ვითარდება ბიზნესის ის სახეები, რომლებიც ემსახურებიან მომხმარებელთა ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. ძირითადი მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მოსახლეობა ფიზიკურად განადგურდება. ამიტომ ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობას მოსახლეობა სხვადასხვა ფორმით უპირისპირდება. დაპირისპირების ფორმა დამოკიდებულია პრობლემის სიმწვავეზე. ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისათვის საკმარისი არ არის ბიზნესის იმ დარგების განვითარება, რომლებიც პირველადი მოთხოვნილების საქონელს აწარმოებენ, იმავდროულად აუცილებელია მოსახლეობის დასაქმება და შემოსავლების გაზრდა. ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რადგან საქართველოში საარსებო მინიმუმი 2000 წლიდან მოყოლებული განუწყვეტლივ იზრდება და თანაც ბევრად აღემატება ერთ სულზე საშუალო თვიურ შემოსავალს. 2000 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 144,6 ლარი იყო, 2001 წელს-116,6, 2002 წელს-125,4, ხოლო 2003 წელს კი 130,7 ლარი [4.გვ.85]. საშუალო თვიური შემოსავალი ბევრად ჩამორჩება საარსებო მინიმუმის სიდიდეს. 2002 წელს საშუალო თვიური შემოსავალი ერთ სულზე მთლიანად ქვეყანაში შეადგენდა 60,8 ლარს, 2003 წელს კი-64,6 ლარს [4.გვ.76]. ასეთ პირობებში სოციალური აფეთქების ალბათობა ძალიან დიდია.
დღეისათვის საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა თავის შემოსავლებს თითქმის მთლიანად პირველადი მოთხოვნილების საქონლის, პირველ რიგში, სურსათის შეძენაზე ხარჯავს. ცხადია, ასეთ პირობებში შიდა ბაზრისათვის სხვა სახის სამომხმარებლო საქონლის ადგილზე წარმოება ან შემოტანა სხვა ქვეყნიდან დიდი სიფრთხილით და მხოლოდ სათანადო გაანგარიშებების საფუძველზე უნდა მოხდეს.
უკანასკნელი 10-12 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა სისტემატურად მცირდება. 1992 წლის დასაწყისისათვის ქვეყანაში ცხოვრობდა 5467,4 ათასი კაცი. ეს მაჩვენებელი 1995 წლისათვის – 5061,3, ხოლო 2000 წლისათვის კი 4672,2 ათას კაცამდე შემცირდა. მოსახლეობის შემცირების ტენდენცია შენარჩუნდა 2000-2004 წლებშიც [4.გვ.33], თუმცა შემცირების ტემპები შენელდა. 1996-2000 წლებში მოსახლეობა შემცირდა 5,4%-ით, 2000-2004 წლებში კი შემცირების ტემპი 2,8% იყო. ასე რომ, დღევანდელ ეტაპზე და უახლოეს პერიოდში (შესაძლებელია ხანგრძლივი დროის მანძილზეც) საქართველოში მოთხოვნილებათა ზრდა მოსახლეობის რაოდენობის ზრდის ხარჯზე არ არის მოსალოდნელი. ეს, ვფიქრობთ, ყურადსაღები მომენტია ბიზნესმენთათვის.
მოსახლეობის რაოდენობის შემცირება გამოწვეულია, ერთი მხრივ, გარე მიგრაციით, მეორე მხრივ, სიკვდილიანობის ზრდით და შობადობის შემცირებით. ოფიციალური სტატისტიკის მონაცემებით, გარე მიგრაციის სალდო 1995 წლიდან მოყოლებული დღემდე უარყოფითია და მცირდება როგორც აბსოლუტურ, ისე შეფარდებით მაჩვენებლებში. 1995 წელს გარე მიგრაციის სალდო 127,2 ათასი კაცი იყო, 2000 წლისათვის კი-35,2 ათასი, ე.ი. შემცირდა 72,3%-ით. 2003 წელს, 2000 წელთან შედარებით, გარე მიგრაციის სალდო შემცირდა 18,8%-ით და შეადგინა 28,6 ათასი კაცი [4.გვ.47]. სიკვდილიანობის ზრდის და შობადობის შემცირების გამო მოსახლეობის ბუნებრივი მატების მაჩვენებელი 1985 წლიდან მოყოლებული სისტემატურად მცირდება. 1985 წელს ბუნებრივი მატების მაჩვენებელმა 1000 კაცზე შეადგინა 9,8 (დაიბადა 18,5; გარდაიცვალა 8,7), 1995 წელს კი მხოლოდ 1,5 (დაიბადა 11,9; გარდაიცვალა 10,4). 2000 წლისათვის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. ბუნებრივი მატების მაჩვენებელი შემცირდა 0,3-მდე (დაიბადა 11,0; გარდაიცვალა 10,7). ეს მაჩვენებელი არ გაზრდილა 2002 წლისთვისაც (დაიბადა 10,7; გარდაიცვალა 10,7). 2003 წლისათვის ბუნებრივი მატების მაჩვენებელი მხოლოდ 0,1 იყო (დაიბადა 10,7; გარდაიცვალა 10,6) [4.გვ.40-41].
მოსახლეობის მოთხოვნის შემცირება, სხვა თანაბარ პირობებში, იწვევს მოთხოვნილებათა შემცირებას არა მარტო რაოდენობის, არამედ სტრუქტურის მიხედვითაც. სტრუქტურული ცვლილებები მოთხოვნილებებში მოსახლეობის შემცირების დროს დამოკიდებულია მათ გამომწვევ მიზეზებზე. შობადობის შემცირების შემთხვევაში მიმდინარე პერიოდში შემცირდება მოთხოვნა ჩვილი ბავშვებისთვის განკუთვნილ საქონელზე, უახლოეს მომავალში – სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის საჭირო საქონელზე, ხოლო 15-20 წელიწადში – ბიზნესმენთათვის ყველაზე მიმზიდველ “მოზარდთა” სეგმენტის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად საჭირო საქონელზე. სიკვდილიანობის ზრდა, ერთი მხრივ, იწვევს მოთხოვნილებათა შემცირებას, მეორე მხრივ კი, ზოგიერთი სახის საქონელზე გაფართოებას. ამის ნათელი მაგალითია თბილისში მომრავლებული დამკრძალავი ბიუროები, საბანკეტო დარბაზები. რაც შეეხება გარე მიგრაციას, მისი ზრდა მოთხოვნილებათა მთლიან სიდიდეზე არსებით გავლენას არ ახდენს. მართალია, პირველადი მოთხოვნილების საქონელზე მოთხოვნა მცირდება მოსახლეობის რაოდენობის შემცირების გამო, მაგრამ იზრდება სხვა სახის საქონელზე, რადგან საზღვარგარეთ გასული ადამიანები საქართველოში დარჩენილი ოჯახის წევრების მსყიდველობით უნარიანობას უზრუნველყოფენ. ე.ი. მიგრაცია მოთხოვნილებებში ძირითადად სტრუქტურულ ცვლილებებს განაპირობებს.
მოსახლეობის რაოდენობის შემცირება ნორმალურ პირობებში უარყოფითად მოქმედებს წარმოებისა და რეალიზაციის სფეროების მუშახელით უზრუნველყოფაზე. მაგრამ საქართველოში ამ მხრივ უახლოეს მომავალში პრობლემა ნამდვილად არ შეიქმნება. უმუშევართა და პერიოდულად დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა, არაოფიციალური მონაცემებით, იმდენად დიდია, რომ, ვფიქრობთ, ბიზნესში ახლად ამოქმედებული საწარმოების მოთხოვნას თავისუფლად დააკმაყოფილებს მუშახელზე, მაგრამ ალბათ სააჭირო გახდება მათი კვალიფიკაციის შეცვლა. უმუშევრობის დონე ოფიციალური მონაცემებითაც არ არის მცირე. 2003 წელს ეს მაჩვენებელი 11,5% იყო. ამასთან, უმუშევრობის სიდიდე ზრდის ტენდენცით ხასიათდება. 1997 წელს საქართველიში უმუშევართა რაოდენობამ 151,5 ათასი კაცი შეადგინა, 2000 წელს – 212,2, ხოლო 2003 წელს კი – 235,9 ათასი კაცი [4.გვ.51].
მოსახლეობის სქესობრივი სტრუქტურა უნდა გაითვალისწინონ ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, სიგარეტის, პარფიუმერიის და სხვა სახის საქონლის მწარმოებლებმა და გამსაღებელმა ფირმებმა, რადგან ამ ტიპის საქონლის მოხმარების ხასიათი უშუალოდ არის დამოკიდებული სქესზე. ასაკობრივი სტრუქტურის ცვლილება გარკვეულწილად მოქმედებს ბავშვთა კვების პროდუქტების, სპორტული საქონლის, მოდური საქონლის მოხმარებაზე. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში შემცირდა როგორც მამაკაცების, ისე ქალების რაოდენობა, მაგრამ შემცირების ტემპი შედარებით მაღალია ქალებში. 2000-2004 წლებში მამაკაცების რაოდენობა 2092,8 ათასიდან 2039,0 ათასამდე, ანუ 2,6%-ით შემცირდა, ქალებისა – 2342,4 ათასიდან 2276,2 ათასამდე, ანუ 2,8%-ით. მამაკაცების რაოდენობის შემცირება მოხდა 0-19, 30-44, 55-69 წლის ასაკობრივ ჯგუფებში, ხოლო ქალების – 0-19, 30-44, 60-69 წლის ასაკობრივ ჯგუფებში [4.გვ.36-37]. მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის ცვლილებების ტენდენციები აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ბიზნესმენებმა ბაზარზე მუშაობის სტრატეგიის შემუშავებისას, რადგან მომხმარებელთა ქცევა ყიდვის პროცესში უშუალოდ არის დამოკიდებული სქესსა და ასაკზე. ბაზარზე, როგორც მყიდველები, მკვეთრად განსხვავდებიან ქალები და მამაკაცები, მოზარდები, შუა ხნისა და ასაკოვანი ადამიანები. ქალები მეტ სიფრთხილეს იჩენენ საქონლის ყიდვისას, უყვართ შევაჭრება. მამაკაცებს უმეტეს შემთხვევაში არ სიამოვნებთ ბაზარზე მათთვის მისაღები ვარიანტის შესარჩევად სიარული. მოზარდებს არ უყვართ ვაჭრობა. ისინი მუდმივად ახალი და მოდური საქონლის ძიებაში არიან. ბაზარზე ზომიერი ქცევით გამოირჩევიან შუა ხნის ადამიანები. ასაკოვანები უპირატესად კონსერვატორები არიან. ადამიანების ცხოვრების წესიც, ძირითადად, ასაკით განისაზღვრება, თუმცა, რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არსებობს. ასეა უმეტეს ქვეყანაში. საქართველოში ამ მხრივ განსხვავებული მდგომარეობაა. აქტიური ცხოვრებით ძირითადად შუა ხნის და ასაკოვანი ადამიანები ცხოვრობენ: მუშაობენ, ვარჯიშობენ. რაც შეეხება ახალგაზრდებს, მათი საკმაოდ დიდი ნაწილი უმუშევარია, ან მუშაობს, მაგრამ არ ვარჯიშობს. თუმცა “ვარდების რევოლუციის” შემდეგ მდგომარეობა ბევრი ახალგაზრდის სასარგებლოდ შეიცვალა. ისინი სულ უფრო მეტად იკავებენ თანამდებობას, იწყებენ მუშაობას და დამოუკიდებლად გამოდიან მყიდველების როლშიც. ცხოვრების წესი გარკვეულწილად განსაზღვრავს ადამიანების მიერ მოხმარებული საქონლის სტრუქტურას და მისი, როგორც მყიდველის, ქცევას ბაზარზე, რაც აუცილებლად უნდა იქნეს ასევე გათვალისწინებული.
მოსახლეობის რაოდენობის და სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის მხრივ მომავალ ოც წელიწადში საქართველოში ბიზნესის განვითარებისათვის არახელსაყრელი პირობები შენარჩუნდება. მეცნიერ-დემოგრაფთა გამოკვლევის მიხედვით, 2020 წლისათვის ქვეყნის მოსახლეობა შემცირდება და შეადგენს 3749 ათას კაცს, შეიცვლება მისი სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურაც გარე მიგრაციაში მომხდარი ცვლილებების, შობადობის შემცირების, სიკვდილიანობის მატების, სიცოცხლის ხანგრძლივობის მოსალოდნელი ზრდის და სხვა მიზეზების გამო [5.გვ.63-64].
რელიგიური რწმენაც ახდენს გავლენას მყიდველის ტიპის ჩამოყალიბებაზე. ამიტომ საჭიროა რელიგიურ რწმენაში მომხდარი ცვლილებების გათვალისწინება საქონლის და მომსახურების კონკრეტული სახის წარმოებისა და რეალიზაციის პროცესში. საქართველოში უკანასკნელ პერიოდში ამ მხრივაც აღინიშნა ცვლილებები. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გაიზარდა სხვადასხვა სექტაში გაერთიანებული ადამიანების რაოდენობა, რაც ქვეყნისათვის, მისი ეკონომიკისა და პოლიტიკისათვის, ჩვენი აზრით, არასასურველი რეალობაა. “სექტანტები უარს აცხადებენ დღესასწაულებში მონაწილეობაზე, ჯარში სამსახურზე და ა.შ. დღესასწაულები უშუალოდ უკავშირდება მთელი რიგი საქონლის და მომსახურების წარმოებასა და რეალიზაციას, ბიზნესის რიგი დარგების განვითარებას. რამდენადმე განსხვავებულია სხვადასხვა რელიგიის მიმდევრების მიერ მოხმარებული საქონლის სტრუქტურა. ეს, პირველ რიგში, ეხება კვების პროდუქტებს. საბჭოთა პერიოდთან შედარებით, საქართველოში შემცირდა ისლამის და იუდაიზმის მიმდევართა რაოდენობა. ქრისტიანების მსგავსად, ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური პირობების გამო ბევრი მათგანი თავის ისტორიულ სამშობლოში გადასახლდა, ბევრიც სხვა ქვეყანაში წავიდა ემიგრაციაში მრავალ ქართველთან ერთად. 1989 წელს საქართველოში ცხოვრობდა 307,6 ათასი აზერბაიჯანელი, 2002 წლისათვის მათი რაოდენობა შემცირდა 284,8 ათასამდე, თუმცა პროცენტობით მთელ მოსახლეობასთან აზერბაიჯანელების წილი, პირიქით, გაიზარდა 5,7-დან 6,5%-მდე. ამის მიზეზი არის ის, რომ აზერბაიჯანელებთან შედარებით მკვეთრად გაიზარდა საქართველოში მცხოვრები სხვა ერის წარმომადგენლების და ქართველების ემიგრაციაში წასვლის მაჩვენებლები. ებრაელების რაოდენობა იმავე პერიოდში 24,8 ათასიდან 3,6 ათასამდე შემცირდა, რაც პროცენტებში მთელ მოსახლეობასთან, შესაბამისად, 0,5 და 0,1 პროცენტის ტოლია. რამდენადმე შემცირდა ქურთების რაოდენობაც. 1989 წლის აღწერის მონაცემებით, საქართველოში ცხოვრობდა 33,3 ათასი ქურთი, 2002 წლის აღწერის მონაცემებით კი, 20,8 ათასი. პროცენტობით მთელ მოსახლეობასთან ქურთების რაოდენობამ შეადგინა 0,6%-ის ნაცვლად 0,5% [4.გვ.38-39].
საქმიანობის მთელ რიგ სფეროში დასაქმებულმა ბიზნესმენებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ოჯახების რაოდენობის და ოჯახების სასიცოცხლო ციკლის ეტაპების მონაცემები. საქონელთა საკმაოდ დიდი ჯგუფი ოჯახური მოხმარებისაა, რის გამოც მისი წარმოებისა და გასაღების პროცესი მჭიდროდ უკავშირდება ოჯახების რაოდენობის, შემადგენლობის, სასიცოცხლო ციკლის ეტაპების ცვლილებებს. ოჯახური მოხმარებისაა საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლის აბსოლუტური უმეტესობა. ოჯახების რაოდენობა უშუალოდ უკავშირდება ქორწინებებისა და განქორწინებების რიცხვს. ამ მხრივაც საქართველოში ბიზნესის განვითარებისათვის არახელსაყრელი ვითარებაა, თუმცა განქორწინებების რაოდენობა უფრო სწრაფი ტემპით მცირდება, ვიდრე ქორწინებების. 1990 წელს ქვეყანაში ქორწინებათა რიცხოვნობა 36,8 ათასი იყო, 1995 წლისთვის ამ მაჩვენებელმა უკვე – 21,5, 2000 წელს – 12,9, 2003 წელს კი 12,7 ათასი შეადგინა. აბსოლუტურ მაჩვენებლებში შემცირდა განქორწინებათა რიცხოვნობაც. 1990 წელს განქორწინდა 7,8 ათასი წყვილი, 1995 წელს – 2,5, 2000 წელს – 1,9, 2003 წელს კი – 1,8 ათასი [4.გვ.39].
ბიზნესმენებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ კიდევ ერთ არასასიამოვნო ტენდენციაზე – რეგისტრირებული ქორწინების გარეშე დაბადებულთა რიცხოვნობის ზრდაზე, რაც ძირითადად ორსულიანი ოჯახის (დედა,შვილი) რაოდენობას ზრდის. თუმცა მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ისიც, რომ ქორწინებათა ნაწილის რეგისტრაცია ხდება მხოლოდ კონფესიური წესით. 1990 წელს დაბადებულთა საერთო რიცხოვნობის 18,7% დაიბადა რეგისტრირებული ქორწინების გარეშე. 1995 წლისთვის ამ მაჩვენებელმა – 29,2, 2000 წლისთვის – 39,0, 2003 წლისთვის კი 44,6% შეადგინა [4.გვ.41].
ქორწინებათა რიცხოვნობის შემცირება განაპირობებს შინაბერების და ბერბიჭების რაოდენობის ზრდას. ისინი ქმნიან ერთსულიანი ოჯახების სოციალურ ჯგუფს, რომლის მოთხოვნილებებიც რამდენადმე განსხვავებულია კლასიკური გაგებით, ჩვეულებრივი (საქართველოში ძირითადად ორშვილიანი) ოჯახების მოთხოვნილებებისაგან. ერთსულიანი ოჯახები გამოირჩევიან შემოსავლების მაღალი დონით. ისინი ხშირად სარგებლობენ რესტორნების მომსახურებით, ყიდულობენ ძვირადღირებულ საქონელს, მოგზაურობენ, მიდიან დასასვენებლად, მოიხმარენ მცირე პარტიებად დაფასოებულ საქონელს და ა.შ., რაც ამ პროცესებთან დაკავშირებული ბიზნესის სახეების განვითარების შესაძლებლობას იძლევა.
საქართველოში შეიცვალა შვილიანობის რეპროდუქციული ნორმებისადმი დამოკიდებულებაც [1.გვ.62]. დღეისათვის ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე ქართველი მეცნიერ-დემოგრაფები აკეთებენ პროგნოზს, რომ მომავალში ქვეყანაში ოჯახში საშუალოდ 1-2 შვილი დაიბადება [5.გვ.77]. ასეთ პირობებში მოსალოდნელია სამუშაო ადგილების შეკვეცა, პირველ რიგში, საბავშვო საქონლის მწარმოებელი და გამსაღებელი ბიზნესის საწარმოებში. თუმცა ბიზნესმენებმა უნდა მიიღონ მხედველობაში ისიც, რომ მცირეშვილიანი ოჯახები უფრო აქტიური მყიდველები არიან, ვიდრე მრავალშვილიანი. მათთვის პრობლემა არ არის ძვირადღირებული საბავშვო საქომლის ყიდვა. ბავშვების რაოდენობის შემცირების შესაბამისად შემცირდება როგორც საბიუჯეტო, ისე კერძო ბაგა-ბაღების, შემდეგში კი სკოლების რაოდენობა. ოჯახების შვილიანობის შემცირების ტენდენცია უფრო შორეულ მომავალში შეამცირებს ყველაზე აქტიური მყიდველების-მოზარდების რაოდენობას. შეიქმნება ნაკლები რაოდენობის ოჯახები, შესაბამისად, შემცირდება ოჯახური მოხმარების საქონლის რეალიზაციის შესაძლებლობები და ა.შ.
ბიზნესის განვითარებაზე მოქმედი მაკროეკონომიკური ფაქტორებიდან მნიშვნელოვანია მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა, მოსახლეობის შემოსავლების დონე და განაწილება, ვალუტის სტაბილურობა. ეს ფაქტორები უშუალოდ მოქმედებენ მოსახლეობის მსყიდველობით უნარზე და მოხმარების სტრუქტურაზე. სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, 1995-2003 წლებში მთლიანი შიდა პროდუქტი ხასიათდება ზრდის ტენდენციით. 1995 წელს მშპ ტოლი იყო 3694 მლნ. ლარისა. 2000 წლისთვის ეს მაჩვენებელი 6015 მდე, ხოლო 2003 წელს კი 8565 მლნ. ლარამდე გაიზარდა. მშპ-ს მოცულობა გაიზარდა ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებითაც. 1995 წელს მოსახლეობის ერთ სულზე მშპ-ს მოცულობამ შეადგინა 748 ლარი, 2000 წელს – 1297, 2003 წელს კი – 1885 ლარი [4.გვ.26]. აღნიშნული მონაცემები ობიექტურად არ ასახავს რეალურ მდგომარეობას, რადგან ამ პერიოდში ფასებიც გაიზარდა. სამომხმარებლო საქონლის ფასების ინდექსი (დეკემბერი წინა წლის დეკემბერთან) 1995 წელს 157,4% იყო, 2000 წელს – 104,6, ხოლო 2003 წელს კი – 107,0%. 1995-1999 წლებში ფასების ინდექსი ყოველწლიურად საშუალოდ 110%-ით იზრდებოდა. 2000-2003 წლებში ფასების ინდექსის ცვლილებას არაკანონზომიერი ხასიათი ჰქონდა. 2001 წელს, წინა წელთან შედარებით, ფასების ინდექსი 3,4%-ით გაიზარდა, 2002 წელს – 5,4-% ით, 2003 წელს კი – 7%-ით [4.გვ.26-27]. ფასების ზრდის პარალელურად, გაიზარდა საშუალო თვიური დარიცხული ხელფასის ოდენობაც. 2001 წელს ეკონომიკაში დასაქმებულთა საშუალო თვიური დარიცხული ხელფასი 94,6 ლარი იყო და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 30,8%-ით აღემატებოდა. 2002 წელს საშუალო თვიურმა დარიცხულმა ხელფასმა 113,5 ლარი შეადგინა და 20%-ით გადააჭარბა წინა წლის მაჩვენებელს. 2003 წელს საშუალო თვიური დარიცხული ხელფასი, წინა წელთან შედარებით, მეტი იყო 10,9%-ით [4.გვ.26-27]. ასე რომ, ფასების ზრდის მიუხედავად, ბიზნესის განხორციელებისათვის პირობები ქვეყანაში ნელ-ნელა, მაგრამ მაინც უმჯობესდება.
დღეისათვის საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს მხოლოდ დაბალფასიანი და დაბალხარისხიანი საქონლის ყიდვა შეუძლია, რაც მათ ჯანმრთელობას აუარესებს. ამით ფართოვდება მედიკამენტებით ვაჭრობა და კერძო, მაგრამ იაფი, სამედიცინო მომსახურების გაწევის საზღვრები. მკვეთრად ფართოვდება ჰომეოპატიური პრეპარატებით მკურნალობის შესაძლებლობა იმ მიზეზითაც, რომ იგი უფრო იაფი უჯდება მოსახლეობას.
მომავალში ბიზნესის განვითარებისათვის დიდი შესაძლებლობებია ხანგრძლივი მოხმარების საქონლის წარმოების და რეალიზაციის მხრივ. დღეისათვის შინამეურნეობების საკმაოდ დიდ ნაწილს არა აქვს მაცივარი, სარეცხი მანქანა, რადიომიმღები. თითქმის ყველა შინამეურნეობა, ცალკეული გამონაკლისის გარდა, არ არის კომპიუტერის და მსუბუქი ავტომობილის მფლობელი. 2003 წელს ყოველ 100 შინამეურნეობაზე მოდიოდა 75 მაცივარი, 47 სარეცხი მანქანა, 21 რადიომიმღები, 92 ტელევიზორი, 20 მტვერსასრუტი, 48 საკერავი მანქანა, 17 ვიდეომაგნიტოფონი, 32 მაგნიტოფონი, 25 ფორტეპიანო, 18 ფოტოაპარატი, 1 პერსონალური კომპიუტერი, 2 მსუბუქი ავტომობილი [4.გვ.82-83]. ცხოვრების დონის ამაღლების პარალელურად, დასახელებული საქონლის რეალიზაციის შესაძლებლობები ქვეყანაში მკვეთრად გაიზრდება და თანმხლები საქონლის და მომსახურების რეალიზაციის მოცულობის გადიდება გახდება შესაძლებელი, რაც ბიზნესის შესაბამისი დარგების და სფეროების განვითარებას გამოიწვევს.
ვალუტის სტაბილურობის ხარისხიც დიდ გავლენას ახდენს ბიზნესის განვითარებაზე. ინფლაციური პროცესები და არასტაბილური ვალუტა მკვეთრად ზრდის საქმიანობის რისკს, რის გამოც მცირდება ინვესტიციების მოზიდვის და ბიზნესის განვითარების შესაძლებლობა. საქართველოში ბოლო წლებში ეროვნული ვალუტა რამდენადმე გამყარდა, თუმცა ეს ფასების ზრდის ფონზე განხორციელდა.
ბიზნესის განვითარებაზე ძლიერად მოქმედებს პოლიტიკურ და სამართლებრივ (იურიდიულ) სფეროებში შექმნილი მდგომარეობა.
პოლიტიკური სფერო მოიცავს საზოგადოების საერთო პოლიტიკურ კლიმატს, პოლიტიკური ძალების კონცენტრაციის ხარისხს, პოლიტიკური ორგანიზაციების არსს (დეცენტრალიზაციის დონე, ფუნქციების მრავალსახეობა), პოლიტიკური პარტიების სისტემას [8.გვ.297].
წინა წლებთან შედარებით, პოლიტიკური ვითარება საქართველოში უფრო სტაბილური გახდა. ამასთან, აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრობლემა ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, რაც პოლიტიკურ კლიმატს პერიოდულად ძაბავს. ამას ემატება არაჯანსაღი პოლიტიკური სიტუაცია ჯავახეთში. ამის გამო, ბუნებრივია, ფერხდება ადგილობრივი ბიზნესის განვითარება და უცხოური ინვესტიციების მოზიდვა.
პოლიტიკური დაძაბულობის შერბილება ქვეყანაში განპირობებულია პოლიტიკური ძალების კონცენტრაციის ხარისხის ამაღლებითაც. პოლიტიკური პარტიები როგორც პარლამენტის შიგნით, ისე მის გარეთ გაერთიანდნენ ბლოკებში. ამან მკვეთრად შეამცირა იდეოლოგიების დაპირისპირების არეალი. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით არც პარტიებს შორის არაჯანსაღი დაპირისპირებაა ბოლომდე აღმოფხვრილი და არც კორუფციაა მთლიანად დამარცხებული, რაც ხელს უშლის ბიზნესის განვითარებას.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოში პოლიტიკური სისტემა დემოკრატიული გზით ვითარდება, თუმცა ხალხის მიერ არჩეული პირები საერთოდ არ ზრუნავენ ხალხზე და კორუფციის ჭაობში ეფლობიან. ამის წინააღმდეგ ბრძოლა მიმდინარეობს, რაც ბიზნესგარემოს თანდათანობით აჯანსაღებს.
ბიზნესის მარეგულირებელ იურიდიულ სფეროში შედის: კონსტიტუციური ნორმები, სამართლებრივი სისტემა, სხვადასხვა სამთავრობო ქვედანაყოფის იურისდიქცია, სპეციფიკური კანონები, რომლებიც ეხება ორგანიზაციების ფორმირებას, დაბეგვრას და კონტროლს [8.გვ.297].
ბიზნესის მარეგულირებელი ყველა სამართლებრივი აქტი ქვეყნის კონსტიტუციაზეა დამყარებული, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში სახელმწიფოს უზენაესი კანონის მოთხოვნა დარღვეულია. ქვეყნის კონსტიტუციის შესაბამისად არის შექმნილი საქართველოს სამართლებრივი სისტემა. ქვეყანაში მოქმედებს სამოქალაქო სამართლის სისტემა, რომელიც ემყარება სამოქალაქო სამართლის კოდექსში თავმოყრილ, დეტალურად დამუშავებულ სამართლის ნორმებს.
ბიზნესის განვითარებისათვის ხელშეწყობის მიზნით დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოში მიღებულ იქნა კანონები კონკურენციის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის, რეკლამის და ბიზნესთან დაკავშირებული მთელი რიგი სფეროების მოსაგვარებლად. ეს კანონები თანდათანობით იხვეწება და სრულყოფილი ხდება. შესაბამისად, უმჯობესდება ბიზნესის სამართლებრივი გარემო. ასეთი კანონების რიცხვს მიეკუთვნება:
1 საქართველოს კანონი მეწარმეთა შესახებ;
2 საქართველოს კანონი მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ;
3 საქართველოს კანონი რეკლამის შესახებ;
4 საქართველოს კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ;
5 საქართველოს კანონი სასაქონლო ნიშნების შესახებ;
6 საქართველოს კანონი სალიცენზიო მოსაკრებლების და ლიცენზირების შესახებ და ა.შ.
დაიხვეწა და უფრო სრულყოფილი გახდა საგადასახადო კოდექსი. მკვეთრად შემცირებულმა გადასახადებმა, ვფიქრობთ, დადებითად უნდა იმოქმედოს ბიზნესის განვითარებაზე. თუმცა, სპეციალისტების აზრით, საგადასახადო კოდექსის ბევრი მუხლი სამართლებრივი თვალსაზრისით საჭიროებს დახვეწას, განსაკუთრებით კი იმ მიმართულებით, რომ ერთნაირ მდგომარეობაში იყვნენ გადასახადის გადამხდელები და საგადასახადო ორგანოები; ყველა სამთავრობო საგადასახდელო ქვედანაყოფის იურისდიქცია მკაცრად უნდა იყოს რეგლამენტირებული. ამასთან, ისინი, ვინც გადაწყვეტს საკუთარი ბიზნესის წამოწყებას, ან სხვასთან ბიზნესში თანამდებობის დაკავებას, კარგად უნდა გაერკვნენ საგადასახადო და მაკონტროლებელი ორგანოების ფუნქციებში. ამით შესაძლებელი იქნება მათი უფლებების მაქსიმალური დაცვა და ბიზნესის ეფექტიანად წარმართვა.
გარკვეული ცვლილებები იქნა შეტანილი ლიცენზირების შესახებ კანონმდებლობაში. საქმიანობის წამოწყებისათვის ლიცენზიის აღების წესი, რომელიც ადამიანებს უკარგავდა ბიზნესის დაწყების სურვილს, მკვეთრად გამარტივდა. ბიუროკრატიული წნეხის გაუქმება ლიცენზიების გაცემის წესში ბიძგს მისცემს ბიზნესის განვითარებას ქვეყანაში.
ბიზნესის მარეგულირებელი, თუნდაც ყოველმხრივ სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზის შექმნა არ არის საკმარისი მომხმარებლების, მთელი საზოგადოების და საწარმოების ინტერესების შესაბამისად ბიზნესის განხორციელებისათვის. საჭიროა შექმნილი კანონების პრაქტიკაში გატარება და შესაბამისი სამთავრობო ორგანოების მიერ ამ პროცესის გაკონტროლება. ხშირია შემთხვევა, როცა კანონების აღსრულება არ ხდება ისე, როგორც ამას კანონი ითხოვს, რაც მკვეთრად აფერხებს საწარმოთა მუშაობას.
ამრიგად, ბიზნესის განვითარება საქართველოში მჭიდროდ უკავშირდება დემოგრაფიული, პოლიტიკური და ეკონომიკური ხასიათის ფაქტორებს. მათ არსში გარკვევა და პრაქტიკაში გამოყენება ბიზნესმენთა მიერ საქმიანობის ეფექტიანად წარმართვის აუცილებელი პირობაა.