ლიზინგის განვითარება საქართველოში მსოფლიო გამოცდილების ფონზე
ვასილ კიკუტიძე
საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღებას, განვითარებასა და აღმავლობას მნიშვნელოვანი ინვესტიციები სჭირდება, რაც მისი მწირი ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, თითქმის შეუძლებელია. ამ მდგომარეობიდან ერთ-ერთი გამოსავალი სალიზინგო ურთიერთობების განვითარებაა.
“ლიზინგი ეს არის ეკონომიკურ-სამართლებრივი კატეგორია. იგი წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობის განსაკუთრებულ ფორმას, რომელიც მიმართულია ინვესტიციებისა და ფინანსური სახსრების მოზიდვისათვის. სალიზინგო ხელშეკრულებით მეიჯარე (ლიზინგის გამცემი) ვალდებულებას იღებს, კონკრეტული მიმწოდებლისაგან შეიძინოს საკუთრებაში ქონება და ეს ქონება გადასცეს მოიჯარეს (ლიზინგის მიმღებს) დროებით სარგებლობაში სამეწარმეო საქმიანობისათვის.
ლიზინგი ინგლისური წარმოშობის ტერმინია (ტო ლეასე), რაც იჯარით აღებას ნიშნავს. ეკონომიკურ ლექსიკონში მისი დამკვიდრება უკავშირდება ამერიკული სატელეფონო კომპანია “ბელლი”-ს ოპერაციებს, რომლის ხელმძღვანელობამ 1877 წელს მიიღო გადაწყვეტილება, კი არ გაეყიდა სატელეფონო აპარატები, არამედ იჯარით გაეცა ისინი. ლიზინგის ობიექტს, როგორც წესი, წარმოადგენს: მანქანები, მოწყობილობები, სატრანსპორტო საშუალებები, შენობები, ნაგებობები, საოფისე მოწყობილობები და ა.შ. აღნიშნული ქონება ლიზინგით გადაეცემა ლიზინგის მიმღებს მოკლე, საშუალო ან გრძელვადიანი პერიოდით. ამასთან, ლიზინგის გამცემი ინარჩუნებს საკუთრების უფლებას სალიზინგო ქონებაზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სალიზინგო ვადის განმავლობაში, ხოლო ლიზინგის მიმღები კი ვალდებულია, ამ პერიოდში გადაიხადოს სალიზინგო გადასახდელი.
დასავლეთის ქვეყნებში ლიზინგის გავრცელება 50-იანი წლებიდან იღებს სათავეს. მან თავიდანვე დიდი კონკურენცია გაუწია საბანკო კრედიტს. სალიზინგო კომპანიების დამფუძნებლებიც ძირითადად ბანკები და სხვა საფინანსო ინსტიტუტები იყვნენ, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უმჯობესია, კლიენტს შესთავაზო კრედიტი არა ფულადი სახით, არამედ ის ქონება რომლის ყიდვასაც იგი აპირებს ამ ფულით. ე.ი. ფაქტობრივად ლიზინგიც კრედიტია (სასაქონლო კრედიტი), რომელიც მანქანა-მოწყობილობების, სატრანსპორტო საშუალებების, შენობებისა და ნაგებობების და ა.შ. სახით ხორციელდება. ქვემოთ მოკლედ მიმოვიხილავთ დასავლეთის განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში ლიზინგის მდგომარეობასა და თავისებურებებს.
ევროპის ქვეყნები. ევროპის სალიზინგო კომპანიების ასოციაციის – “Leaseurop”-ს მონაცემებით, მასში გაერთიანებულ ევროკავშირის 25 წევრ ქვეყანაში სალიზინგო ოპერაციების მოცულობამ 1994 წელს 85,3 მლრდ დოლარი შეადგინა. სალიზინგო ოპერაციების ასეთი გამოცოცხლება გამოწვეული იყო ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სამრეწველო წარმოების 5,2%-იანი ზრდით. ამ ქვეყნების სალიზინგო ოპერაციების სტრუქტურაში 1994 წელს 81,3% ეკავა მოძრავი ქონების ლიზინგს, ხოლო – 18,7% უძრავი ქონებისას. სალიზინგო ოპერაციების მოცულობით ევროპის ქვეყნებში პირველ ადგილზე გერმანიაა. 1995 წელს გერმანიაში სალიზინგო ოპერაციების მოცულობამ 24,9 მლრდ დოლარი შეადგინა, აქედან 19,2 მლრდ დოლარის გარიგება დადებული იყო მოძრავ ქონებაზე. მეორე ადგილზეა ინგლისი (18,8 მლრდ დოლარი), მესამეზე – საფრანგეთი და პორტუგალია, რომლებმაც 1994 წელს 10 მლრდ დოლარის სალიზინგო ოპერაციები განახორციელეს. სალიზინგო გარიგებების დონეს ანგარიშობენ ინვესტიციებში ლიზინგის ხვედრითი წონის მიხედვითაც. ამ მაჩვენებლით, 1994 წელს ლიდერობდნენ ირლანდია (46%) და ინგლისი (35,8%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები (პოლონეთი, ბულგარეთი, უნგრეთი და ა.შ.), რომლებიც, ჩვენს მსგავსად, ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნებს წარმოადგენენ, ამ მიმართულებით შესამჩნევი აქტიურობით არ გამოირჩევიან. ერთადერთი გამონაკლისია ჩეხეთი, სადაც სალიზინგო გარიგებათა მოცულობამ 1994 წელს 817 მლნ დოლარი შეადგინა.
ამერიკის შეერთებული შტატები. მიუხედავათ იმისა, რომ სალიზინგო გარიგების შესახებ პირველ დოკუმენტურ ცნობად ითვლება ვილჰელმ დამპყრობელის მიერ ბრიტანეთის კუნძულების დასაპყრობად ნორმანდიელი გემთმფლობელებისაგან გემების, ხოლო ორი საუკუნის შემდეგ (1248 წელს) ჯვაროსნების მიერ საომრად საჭირო ამუნიციის იჯარით აღება, ლიზინგის სამშობლოდ მაინც აშშ მიიჩნევა. სწორედ აშშ-ში, კერძოდ სან-ფრანცისკოში, 1952 წელს დაფუძნდა მსოფლიოში პირველი სალიზინგო კომპანია, სახელწოდებით “იუნაიტედ სტეისტს ლიზინგ კორპორეიშენ”. აშშ-ზე მოდის ლიზინგით მიწოდებული საქონლის მსოფლიო ბრუნვის ნახევარი. 1986 წელს აშშ-ში განხორციელდა 85 მლრდ დოლარის მოწყობილობის ლიზინგი, რამაც Mმოწყობილობებში განხორციელებული მთელი ინვესტიციების 28% შეადგინა. აშშ-ში ფუნქციობს ისეთი საერთაშორისო მასშტაბის სალიზინგო კომპანიები, როგორებიცაა: “ILFC”, “Bank Amerilease Group”, “Golodefz” და ა.შ. მაგ. საერთაშორისო სალიზინგო კორპორაცია “ILFჩ” ირლანდიურ სალიზინგო კომპანიასთან – “Gyness Peat Aviation Group(GPA)” ერთად აკონტროლებს მსოფლიო საავიაციო სალიზინგო ბაზარს. მისი აქტივების მოცულობამ, 1992 წლის მონაცემებით, 1,65 მლრდ დოლარი შეადგინა. იგი თავის კლიენტებს ყოველგვარი წინასწარი გადასახდელის გარეშე 3-15 წლის ვადით სთავაზობს თანამედროვე სამგზავრო ლაინერებს, რის შედეგადაც “ILFC” დღეისათვის მსოფლიო საავიაციო სალიზინგო ბაზრის 10% ფლობს.
დიდი ბრიტანეთი. ლიზინგის განვითარება დიდ ბრიტანეთში 1970 წლიდან იწყება, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სალიზინგო ოპერაციების შეღავათიანი დაბეგვრის სისტემის შემოღებამ. კერძოდ, იმ წელს სალიზინგო კომპანიებს შესაძლებლობა მიეცათ, შეემცირებინათ დასაბეგრი მოგება სალიზინგო ინვესტიციის 100%-იანი სიდიდით. ამ შეღავათმა იარსება 1986 წლამდე, რის შემდეგაც იგი თანდათანობით შემცირდა და ამჟამად 25%-ს შეადგენს. ე.ი. დღეისათვის ინგლისში სალიზინგო კომპანიებს უფლება აქვთ, დასაბეგრი მოგება შეამცირონ სალიზინგო ინვესტიციების 25%-ის სიდიდით.
საფრანგეთი. კანონი ლიზინგის შესახებ საფრანგეთში მიღებული იქნა 1966 წელს, რის საფუძველზედაც უკვე 1967 წელს შეიქმნა პირველი სალიზინგო კომპანია “ლოკაფრანს”-ი. საფრანგეთში უძრავი ქონების ლიზინგის ხანგრძლივობა 15-20 წელს შეადგენს. ლიზინგის ობიექტი კი შეიძლება იყოს: ნებისმიერი სახის უძრავ-მოძრავი ქონება, რომელიც ექვემდებარება ამორტიზაციას.
გერმანია. დღეისათვის გერმანიაში 100-მდე მსხვილი სალიზინგო კომპანია არსებობს, აქედან 75 ევროპის სალიზინგო კომპანიების ასოციაციის – “Leaseurope”-ს წევრია. სალიზინგო კომპანიებს შორის უმსხვილესია: “Mitfinanz Gmbh” და B”Betaა-Lising Gmbh”. “Mitfinanz Gmbh” დაფუძნდა 1962 წელს, მისი საწესდებო კაპიტალი შეადგენს 1 მლნ გერმანულ მარკას. აქვს 6 შვილობილი კომპანია. B”Bეტა-Lისინგ Gმბჰ” დაფუძნდა 1968 წელს. მან თავისი არსებობის მანძილზე ლიზინგით გასცა 3 მლრდ გერმანული მარკის ღირებულების მოწყობილობები.
ავსტრია. ლიზინგის საშუალო ხანგრძლივობა ავსტრიაში 2-15 წელია. ლიზინგის ვადის გაგრძელების ან შესყიდვის ოპციონი დაშვებული არ არის. კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ მეიჯარეს შეუძლია, ახალი კონტრაქტი დადოს სალიზინგო ქონებაზე ანდა შეისყიდოს იგი. ლიზინგის განვითარებას ავსტრიაში საფუძვლად დაედო კანონი “ქონების დაქირავების შესახებ”, რომელიც 1984 წელს იქნა მიღებული. აღნიშნული კანონი სალიზინგო კომპანიებისათვის გარკვეულ შეღავათებსაც ითვალისწინებს, კერძოდ, თუ ლიზინგის ხანგრძლივობა არ აღემატება ლიზინგით გასაცემი ქონების გამოყენების ვადის 40-90%-ს. ავსტრიაში სალიზინგო კომპანიებს შორის ყველაზე მსხვილი კომპანიაა “ღეიფეიზენ ლისინგ”.
იტალია. პირველი სალიზინგო კომპანია იტალიაში 1963 წელს დაფუძნდა. ამჟამად მათი რიცხვი 50 აღწევს. მათ შორის ყველაზე დიდი სალიზინგო კომპანიაა “ლოკაფიტ”-ი, რომელიც გემების, თვითმფრინავების, კომპიუტერული ტექნიკის და ა. შ. ლიზინგზე მუშაობს. იტალიაში სალიზინგო კომპანიების ერთ-ერთი ცნობილი დამფუძნებელია “ბანკ ნაციონალ დე ლავორო”, რომელიც მათ არა მხოლოდ იტალიაში, არამედ ჩინეთში, ესპანეთში, უნგრეთში და აშშ-იც კი აფუძნებს.
იაპონია. იაპონიაში უმსხვილესი სალიზინგო კომპანია სახელწოდებით – “გენტური ლეაზინგ სისტემ” შეიქმნა 1969 წელს. მას ფილიალები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აქვს. მისი დამფუძნებლები არიან ერთი კომერციული ბანკი, ერთი სავაჭრო და ორი სადაზღვევო კომპანია.
შვედეთი. ლიზინგის განვითარება შვედეთში 60-იანი წლებიდან დაიწყო. თავდაპირველად სალიზინგო მომსახურებით მცირე და საშუალო სიდიდის ფირმები სარგებლობდნენ, ვინაიდან მათ არ გააჩნდათ ბანკიდან სესხის ასაღებად საჭირო საგარანტიო ქონება. ლიზინგის ვადა შვედეთში 3-5 წელია, გამონაკლის შემთხვევებში – 9 წელი.
რუსეთი. პირველი სალიზინგო კომპანიები რუსეთში 1992 წლიდან გამოჩნდა. მათი დამფუძნებლები იყვნენ ისეთი მსხვილი საბანკო სტრუქტურები, როგორებიცაა: “მოსბიზნესბანკი” (სალიზინგო კომპანია “ლიზინგბიზნესი”), “მეჟეკონომსბერბანკი “(რუსეთ-გერმანიის ერთობლივი სალიზინგო კომპანია “მეჟსბერ-იურასკო ლიზინგი”) პეტერბურგის სამრეწველო-სამშენებლო ბანკი (სალიზინგო კომპანია “ბალტლიზ”) და ა.შ. დღეისათვის რუსეთის სალიზინგო ბაზარზე ორი კომპანია: “მეჟსბერ-იურასკო ლიზინგი” და “ბალტლიზ” ლიდერობს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სალიზინგო საქმიანობა რუსეთში ჯერჯერობით სათანადოდ არ არის განვითარებული, ამ სფეროში კონკურენცია ფაქტობრივად არ არსებობს. ბანკები უმრავლეს შემთხვევაში თავს იკავებენ სალიზინგო ოპერაციების წამოწყებისაგან, რადგან ასეთი ოპერაციები დიდ ფინანსურ რესურსებს საჭიროებს, ამოგება კი გვიანდება. ამიტომ რუსეთის ბანკების საკრედიტო პორტფელში სალიზინგო ოპერაციების ხვედრითი წონა მხოლოდ 3-5%-მდეა. ყველაზე მეტი შეკვეთა მოდის უცხოური ავიატექნიკის ლიზინგზე. განსაკუთრებით ეს ეხება ნახმარ ბოინგებს, რომლებიც 25-20%-ით ნაკლებ საწვავს წვავენ რუსულ ავიალაინერებთან შედარებით და თანაც ახალთან შედარებით 7-8-ჯერ იაფი ღირს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს სალიზინგო გადასახდელს. 1993 წელს რუსეთში დაფუძნდა სპეციალიზებული საავიაციო სალიზინგო კომპანია “აეროლიზინგი”, რომელიც დღეისათვის რუსეთის საავიაციო სალიზინგო ბაზაარს აკონტროლებს.
მსოფლიოს მასშტაბით ლიზინგის განვითარების მიმოხილვითი ანალიზი საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ მისი ძირითადი მასა კონცენტრირებულია აშშ-ში, დასავლეთ ევროპასა და იაპონიაში. მაგალითად, 90-იან წლებში აშშ-ში სალიზინგო ოპერაციების მოცულობამ 115 მლრდ დოლარი შეადგინა. ეს იყო ძირითად კაპიტალში ინვესტიციების 1/3. იაპონიაში იგივე პერიოდში სალიზინგო გარიგებების მოცულობამ 64 მლრდ დოლარი შეადგინა2. ეს ქვეყნები იმავე დროს წარმოადგენენ რეგიონულ ლიდერებს საერთაშორისო ბიზნესში (იხ. ცხრ#1).
სალიზინგო გარიგებების ასეთი დიდი ზრდა გამოიწვია ჩვეულებრივ სესხთან შედარებით ლიზინგის დიდმა უპირატესობამ. ცნობილია, რომ უმრავლეს შემთხვევაში ნებისმიერი საწარმო, ორგანიზაცია თუ დაწესებულება რაიმე ქონების, ძირითად შემთხვევაში მანქანა-მოწყობილობების, შესაძენად ბანკს მიმართავს სესხის ასაღებად. სესხი გაიცემა გარკვეული საზღაურით (სარგებელი), განსაზღვრული ვადით და აუცილებლად გირაოს (ან რაიმე სხვა გარანტიის) წარდგენით. ამასთან, ბანკი მანქანა-მოწყობილობების ან სხვა ძვირადღირებული ქონების შესაძენად იძლევა არა ამ ქონების ღირებულების ტოლ სესხს, არამედ 15%-ით ნაკლებს. აღნიშნული 15% პროცენტი უნდა დაიფაროს თვითონ სესხის ამღების მიერ, ამის შესაძლებლობა კი უმრავლეს ფირმას არ გააჩნია. ფირმებს არა აქვთ ბანკის სესხის ასაღებად გირაოს ჩადების საშუალებაც, უჭირთ სესხის და სარგებლის იმ მკაცრად დადგენილ ვადებში გადახდა, რომელსაც მათ ბანკი უსაზღვრავს და რომლის დარღვევის შემთხვევაშიც იგი მათ საჯარიმო სანქციებს უწესებს. შესაბამისად, ცხადია, რომ საბანკო სესხი შეზღუდული ფინანსური რესურსების მქონე ფირმებისათვის მეტად “ძვირია”. ლიზინგის უპიტარესობა კი მდგომარეობს შემდეგში: ლიზინგით ქონების აღებას არ სჭირდება გირაო, სალიზინგო ქონების უკან დაბრუნების ან საბოლოო შესყიდვის ვადები ლიზინგის მიმღებთანაა შეთანხმებული, დაფინანსება ხდება 100%-იანი საჭიროების მიხედვით და სალიზინგო გადასახდელიც ბანკის სარგებელზე ნაკლებია. ე.ი. სალიზინგო მომსახურებას ბანკის სესხთან შედარებით აქვს მრავალი უპირატესობა და სწორედ ამის გამო იგი საზღვარგარეთ ფართოდაა გავრცელებული.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის მიუხედავად, ჩვენში ლიზინგი ჯერჯერობით სათანადოდ არ არის განვითარებული. საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IEC) და საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების ასოციაცია “გორბი”-ს მიერ ქვეყანაში ბიზნესის განვითარების პროექტის (GBDP) ფარგლებში 2004 წლის მაისში ჩატარდა საქართველოში ლიზინგის პოტენციური ბაზრის გამოკვლევა, რომლის მიხედვითაც დადგინდა რომ ლიზინგზე პოტენციური მოთხოვნა 15 300 000 დოლარის ტოლია.4 იმ დროისათვის ჩვენში არსებობდა 129 სალიზინგო ფირმა. შესაბამისად, ამ მოთხოვნის ათვისების შემთხვევაში თითოეულ სალიზინგო ფირმას მოუწევს 118 604 ლარის (15 300 000 : 129=118 604 ლარი) სალიზინგო მომსახურების გაწევა. სამუშაოთა ეს მოცულობა კი მიკროსაწარმოს (მცირე საწარმოს საწყისი დონე) სიმძლავრეა, რაც იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის თვალსაზრისით, საქართველოს სალიზინგო სფეროში მიკროზომის საწარმოები უნდა მუშაობდნენ.
დღეისათვის საქართველოში 138 სალიზინგო კომპანიაა დარეგისტრირებული. აქედან 64 ქ. თბილისში, 14 იმერეთში, 26 კახეთში და ა.შ. ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმების მიხედვით მათი სტრუქტურა ასეთია: 53 შპს, 11 სს, 51 ინდივიდუალური საწარმო, 1 კომანდიტური საზოგადოება და 1 კოოპერატივი. სპეციალიზაციის მიხედვით სალიზინგო ფირმების უმრავლესობა მისდევს ავტომობილების ლიზინგს (46 ფირმა), შემდეგ ადგილზეა საყოფაცხოვრებო საქონლისა და პირადი მომსახურების საგნების გაქირავება (35). მეტად მცირე რაოდენობის სალიზინგო ფირმებია გახსნილი სამშენებლო ტექნიკისა (3) და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (7) სალიზინგო ოპერაციებზე. დარეგისტრირებული სალიზინგო ფირმებიდან ფაქტობრივად მცირე ნაწილი, 50-მდე ფირმა, თუ მუშაობს, ამასთან, მათი უმრავლესობა (დაახლოებით 60%) ავტომობილებისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ლიზინგით არის დაკავებული. ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ ეროვნული ეკონომიკის წამყვან დარგებში (მშენებლობა, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა) მოღვაწე სამეურნეო სუბიექტებს სალიზინგო მომსახურება ფაქტობრივად არა აქვთ მაშინ, როდესაც მათ 2004 წლის მდგომარეობით 2214,6 მლნ ლარის ღირებულების ძირითადი საშუალებები ჰქონდათ,5 რომელთა დაახლოებით 70% (ანუ 1550,0 მლნ ლარის) ამორტიზებულია და განახლებას საჭიროებს.
განვითარებად ქვეყნებში ძირითადი კაპიტალის განახლებისათვის საჭირო ინვესტიციების 3-15% ლიზინგით ფინანსდება (3,გვ18), განვითარებულ ქვეყნებში კი ეს მაჩვენებელი 30%-ს აღწევს. განვითარების დღევანდელ ეტაპზე საქართველოსათვის ფიზიკურ ინვესტიციებში ლიზინგის მისაღებ დონედ 3% მიგვაჩნია. ქვეყნის მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და მშენებლობის ამორტიზებულ ძირითად საშუალებებთან ამ მაჩვენებლის მიყენებით ვადგენთ, რომ ამ დარგების სამეურნეო სუბიექტებს უკვე ამჟამად 46,5 მლნ ლარის (155,0&ლოწასტ;3/100=46,5მლნ) სალიზინგო მომსახურება, ანუ ამ ღირებულების ძირითად საშუალებათა ლიზინგით მიწოდება სჭირდებათ. ამასთან, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სალიზინგო ფირმები უმეტესწილად მცირე ფირმებია, რომელთა წლიური ბრუნვის ზღვრული დონე საქართველოში 500 000 ლარია, მაშინ გამოდის, რომ მარტო მრეწველობის, მშენებლობისა და სოფლის მეურნეობის სამეურნეო სუბიექტების სალიზინგო მომსახურებას 93 სალიზინგო კომპანია სჭირდება (46500000/500000=93). ფაქტობრივად კი ამჟამად ამ დარგებს ემსახურება მხოლოდ 10 სალიზინგო ფირმა. აქედან 7 სოფლის მეურნეობას, 3 მრეწველობასა და მშენებლობას.
ამრიგად, ცხადია, რომ საქართველოს ეკონომიკის საწარმოო სფეროში (მრეწველობა, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა) სალიზინგო მომსახურებაზე მოთხოვნა არსებობს, მაგრამ მისი უზრუნველყოფა ვერ ხერხდება შესაბამისი სპეციალიზებული სალიზინგო ფირმების სიმცირის გამო. უკანასკნელი წლების მონაცემებით, მათი გახსნის ინტენსიურობაც არ შეიმჩნევა (წელწადში საშუალოდ იხსნება 2-3 ფირმა). ვინაიდან კერძო სტრუქტურები თავს იკავებენ სალიზინგო ფირმების გახსნისაგან, მიგვაჩნია, რომ საჭიროა, სახელმწიფომ თავის თავზე აიღოს ამის ინიციატივა და გაატაროს მიზანმიმართული პოლიტიკა. კერძოდ, სახელმწიფოს ინიციატივა უნდა განვითარდეს ორი ძირითადი მიმართულებით: 1. სახელმწიფომ თვითონ უნდა დააფუძნოს სალიზინგო ფირმები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში თანამედროვე მაღალმწარმოებლური მანქანა-მექანიზმებისა და სხვადასხვა სახის ტექნოლოგიური დანადგარების შემოდინებას და 2. სახელმწიფომ სალიზინგო ფირმებისათვის უნდა შექმნას ისეთი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ხელს შეუწყობს კერძო სტრუქტურების დაინტერესებას სალიზინგო ფირმების გახსნით.