ეკონომიკური თეორია საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის გზამკვლევი
რევაზ კაკულია, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი
თანამედროვე ეკონომიკური სისტემის პრობლემებს შორის ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა ეკონომიკური კვლევის არადამაკმაყოფილებელი დონე. მარქსიზმ-ლენინიზმის დოგმებმა საფუძველი გამოაცალა ეკონომიკურ სისტემათა შესახებ მეცნიერულ კვლევა-ძიებას. ათეული წლების მანძილზე მარქსისტული პოლიტიკური ეკონომია გვასაზრდოებდა უპირატესად დრომოჭმული დოგმებით. იმის ნაცვლად, რომ ჭეშმარიტ, თეორიულ გამოკვლევებს ეჩვენებინა, თუ რას წარმოადგენდა საზოგადოების ეკონომიკური ცხოვრება რეალურად, იგი იძლეოდა დასკვნას როგორი უნდა ყოფილიყო ეს ეკონომიკური ცხოვრება მომავალში.
სწორედ მომავლის წინასწარ განჭვრეტა იყო მიჩნეული პოლიტიკური ეკონომიკის დიდ მონაპოვრად. ამასთან, ზოგადი ეკონომიკური თეორიის და ეკონომიკური მეცნიერების ცალკეული დარგების კვლევა-ძიების სამუშაოები დაყვანილ იქნა ეკონომიკურ პოლიტიკამდე. მათი “მეცნიერული” დანაწევრება მოხდა სხვადასხვა დისციპლინებად და ფაქტობრივად ისინიც ჩაერთო პოლიტიკაში.
ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლა აუცილებელი და საშური საქმეა. ეკონომიკის მკვდარი წერტილიდან დაძვრა და წარმოების ტემპების ზრდა ობიექტურად ჩამოყალიბებული პრობლემების გადაწყვეტასთან ერთად მოითხოვს ეკონომიკური რეფორმების შუქ-ჩრდილების დროულად და მეცნიერული პოზიციებიდან ანალიზსა და შეფასებას. სხვაგვარად წარმოუდგენელია ეკონომიკის სტაბილიზაცია და მისი შემდგომი აღმავალი გზით განვითარება.
ხაზგასასმელია, რომ საბაზრო ეკონომიკის ფორმირებას ალტერნატივა არ გააჩნია, მაგრამ ეს იმის უფლებას როდი იძლევა ეკონომიკური თეორიის უცოდინარობისა და საერთოდ უგულებელყოფის გამო მისი განვითარება არასწორი გზით წარიმართოს. ეკონომიკური რეფორმების მიზანია ჩვენს ქვეყანაში საბაზრო ეკონომიკის აშენება, ამით მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება და საზოგადოების ყველა წევრისათვის არსებობის აუცილებელი სოციალური და ეკონომიკური პირობების შექმნა. ეს სოციალური მიზანი ჩვენთან არც თუ ისე პოპულარული იყო და 1992-1994 წლებში ყველაფერი არაცივილიზებული საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბებას შეეწირა.
საქართველოში ეკონომიკური რეფორმების საწყის ეტაპზე სტრატეგიულ შენაძენად “შოკურ თერაპიაზე” დაყრდნობილი “სოციალური დარვინიზმის” თეორია იქნა მიჩნეული, რომლითაც ქვეყნის ეკონომიკა ფაქტობრივად მაფიოზური და სპეკულაციური კლანების მტაცებლურ ინტერსებს დაექვემდებარა. კაპიტალის თავდაპირველი დაგროვების პროცესმა ველური, მძარცველური ხასიათი მიიღო. მოსახლეობის სოციალურმა დაძაბულობამ კულმინაციურ წერტილს მიაღწია.
რეფორმების განვლილი პერიოდის ანალიზი საშუალებას გვაძლევს ჭეშმარიტებას თვალი გავუსწოროთ და აღვნიშნოთ, რომ საქართველოში ეკონომიკური რეფორმების პროცესი მოუმზადებლად და ეკონომიკური თეორიის ელემენტარული ცოდნის გარეშე დაიწყო. დილეტანტის დონეზე ათვისებული მონეტარისტული სისტემის ბაზაზე განხორციელდა “შოკური თერაპიის” დოგმების მხოლოდ ერთი ნაწილი, სადაც ვაჭრობისა და ფასების ლიბერალიზაცია რეფორმების ამოსავალ მომენტებად იქნა მიჩნეული.
დღეს ქვეყანას არ გააჩნია ჩვენი სინამდვილისადმი მორგებული ეკონომიკური თეორია. პოლიტიკური ეკონომია უარყოფილ იქნა, როგორც მავნე თეორია. ბევრს სურს, რომ ეკონომიკა მოარგოს რეალურ ცხოვრებას.
ცენტრალიზებულ-გეგმიანი მართვის პირობებში პოლიტიკური ეკონომია “უაღრესად იდეოლოგიზებული აღმოჩნდა, რასაც კანონზომიერად მოჰყვა დეიდეოლოგიიზაციის პროცესი: შედეგად, პოლიტიკურ ეკონომიას არსებითად უარი ეთქვა … პოლიტიკური ეკონომიის, როგორც მეცნიერების, უარყოფის მთავარი მიზეზი მაინც მარქსიზმში და მარქსისტთა მოღვაწეობაშია საძიებელი”1.
პოსტსოციალისტურ ქვეყნებში საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლამ და სამეურნეო და სტრუქტურულმა გარდაქმნებმა გამოიწვია არა მარტო სოციალისტური სისტემის ნგრევა, არამედ მოითხოვა ეკონომიკური თეორიის ძირეულად გარდაქმნა. ისედაც მკაცრი იდეოლოგიური ზეწოლის პირობებში ეკონომიკური მეცნიერების განვითარება მნიშვნელოვნად ჩამორჩა დასავლეთის მოწინავე ქვეყნების თეორიულ მიღწევებს. თუ ახლო წარსულში პოლიტიკური ეკონომიის საფუძველი იყო მარქსისტული შრომითი ღირებულების თეორია და იგი მიჩნეული იყო ერთადერთ მეცნიერულ ჭეშმარიტებად, ამჟამად ეკონომიკური მეცნიერება მეორე უკიდურესობაში ჩავარდა და ეკონომიკური თეორიის საფუძვლად აღებულ იქნა საზღვრითი სარგებლიანობის ნეოკლასიკური (მენგერი, ვალრასი, ჯევონსი) თეორია. საყურადღებოა, რომ ამ უკანასკნელს მარქსისტული პოლიტიკური ეკონომია არ ცნობდა და იგი გადაულოცა ეკონომიკური მოძღვრების ისტორიას, როგორც “ბურჟუაზიული თეორიის კრიტიკის” ობიექტი.
მეცნიერული თვალსაზრისით, სოციალიზმის პოლიტიკურმა ეკონომიამ ბევრი დაკარგა იმის გამო, რომ საწარმოთა საქმიანობის ანალიზში იგნორირებული იყო საზღვრითი სარგებლიანობის სიდიდე. ნეოკლასიკური თეორიის ძირითადი ნაკლოვანება სწორედ საქონლის ღირებულების ფორმირებაში შრომის როლის შეუფასებლობასთან არის დაკავშირებული. თუ შრომითი ღირებულების თეორიაში საბაზრო რეგულატორების შეუფასებლობასთან გვქონდა საქმე, საზღვრითი სარგებლიანობა არ ცნობდა წარმოების როლს2.
ეკონომიკურმა მეცნიერებამ მარქსიზმის კრიზისიდან ვერ გამოიტანა დასკვნები და დღესაც უშვებს შეცდომას, როდესაც ასაბუთებს, რომ ყველაზე ჭეშმარიტია ნეოკლასიკური თეორია და მხოლოდ მისი ცოდნა შეგვიწყობს ხელს ავაშენოთ საბაზრო ეკონომიკა. ეს იმის აღიარებაა, რომ საბაზრო სისტემის გარდა არასოდეს იყო და არც მომავალში იქნება სხვა ეკონომიკური სისტემა.
საბაზრო ეკონომიკის გარიჟრაჟზე, რეფორმების საწყის პერიოდში აშშ-ისა და სხვა ქვეყნების მრჩეველები და კონსულტანტები გვისაბუთებდნენ, რომ მხოლოდ ფასების ლიბერალიზაციითა და სახელმწიფო ქონების პრივატიზებით გაიმარჯვებს კერძო საკუთრების ფენომენი, ამუშავებდა საბაზრო წონასწორობის მექანიზმი და “ბაზრის უხილავი ხელის” მეშვეობით მივაღწევთ საყოველთაო კეთილდღეობას.
თანამედროვე ეკონომიკური თეორიისა და “ეკონომიკს”-ის უცხოურ თუ პოსტსაბჭოურ ქვეყნებში შექმნილ სახელმძღვანელოებში წონასწორობა განსაზღვრულია, როგორც ეკონომიკის მდგრადი და უპრობლემო მდგომარეობა, რომელსაც არ ახასიათებს წინააღმდეგობები და კონფლიქტები. ამ სახელმძღვანელოებში საზღვრითი სარგებლიანობის თეორიაზე დაყრდნობით გაკეთებულია დასკვნა, რომ კაპიტალისტური ეკონომიკა ავტომატურად მიილტვის წონასწორობისაკენ დარგობრივ ბაზრებზე წონასწორული ფასების დაწესებისა და მთლიანად ეკონომიკაში საერთო წონასწორობის მისაღწევად. თითოეული საქონლის ფასი განისაზღვრება იმ სარგებლიანობით, რომელსაც ეს საქონელი აძლევს მომხმარებელს. მათი აზრით, ყოველთვის იცის მომხმარებელმა მისთვის საჭირო საქონლის თვისებების შესახებ და საკუთარი საბიუჯეტო შეზღუდულობის ფარგლებში აკეთებს უშეცდომო შერჩევას და აღწევს შესაძენი საქონლის საერთო სარგებლიანობის მაქსიმუმს. ასე მოქმედებს ბაზარი მოთხოვნის პოზიციებიდან. ზუსტად ასევე მოქმედებს იგი მოწოდების პოზიციებიდანაც. მწარმოებლებიც ასევე წყვეტენ ანალოგიურ ამოცანებს მოგების მიღების გზით. ბაზარი აღწევს მაღალ დონეს საქონლის ისეთი მოცულობის მოწოდებით, როცა ფასი ტოლი ხდება წარმოების ზღვრული დანახარჯებისა, რის გამოც ფასში ჩაქსოვილია როგორც მყიდველის, ისე გამყიდველის ინტერესები. მაგრამ ეს ყოველთვის როდია ჭეშმარიტი, არადა, რა ვუყოთ ციკლურ რყევებს, ინფლაციას, უმუშევრობას, კონფლიქტებს, გაფიცვებს?
ქვეყანამ საბაზრო ეკონომიკურ სისტემაზე გადასვლა დაიწყო სწორედ ასეთი თეორიული დებულებებით, რასაც არშეეძლო დადებითად ემოქმედა.
ამ და მრავალ სხვა საკითხზეა პასუხი გასაცემი. ავიღოთ ღირებულებისა და ფასის კატეგორია. ისინი დღემდე შეუსწავლელია. არ ვიცით ფასწარმოქმნის მექანიზმი. ვერც კ. მარქსის მოძღვრებამ და ვერც მარჟინალისტებმა დღემდე ვერ მოგვცეს ზუსტი და ამომწურავი პასუხი ღირებულებისა და ფასის შესახებ.
ასე, რომ ბევრი პრობლემა დაგროვდა, რომელთა გადაწყვეტა ახალ სიმაღლეზე აიყვანს ეკონომიკურ მეცნიერებას.
შევეხოთ ერთ საკითხსაც. საქართველოში ეკონომიკური კრიზისის აღზევებას ხელი შეუწყო არასწორმა ეკონომიკურმა სტრატეგიამ, რომელიც თავის მხრივ განპირობებული იყო ეკონომიკური თეორიის ფუძემდებლური დებულებების უცოდინრობით და საერთოდ ეკონომიკური პოლიტიკის ფორმირებისადმი ვოლუნტარისტული მიდგომით. “გადამწყვეტი როლი კრიზისის განვითარებაში ითამაშა ეკონომიკური სტრატეგიის არასწორად შემუშავებამ: სწორედ და მკაფიოდ ვერ განისაზღვრა გრძელვადიან პერიოდში განვითარების მიზანი და საშუალებები”3.
დღეს, როდესაც ქვეყნის ეკონომიკაში შეიმჩნევა გამოცოცხლების პროცესის დასაწყისი, მის მართვას ბევრი რამ სჭირდება ეკონომიკური ცოდნის ასპექტით. ნურავინ იქნება თვითდაჯერებული ეკონომიკური თეორიის გარეშე ეროვნული მეურნეობის სრულყოფილად ფუნქციონირებაში. არადა, ასე მსჯელობდა ახალი ცხოვრების გარიჟრაჟზე ზოგიერთი რეფორმატორი და თავისი დილეტანტური მოსაზრებით სურდა დაემტკიცებინა არაჭეშმარიტ ეკონომიკურ თეორიასა და კანონზომიერებაზე დაფუძნებული მოსაზრებები, რომლებსაც საერთო არაფერი აქვს საბაზრო ურთიერთობებთან. საბაზრო ეკონომიკის მართვის თეორიის სრულყოფილი ცოდნა მეტად ძნელია ერთ რომელიმე პიროვნებას გააჩნდეს. ამიტომ ვინც იტვირთავს ქვეყნის ეკონომიკის მართვის საპასუხისმგებლო საქმეს, საჭიროა სხვათა მოსაზრების და ალტერნატიული ვარიანტების ჯერ მოსმენა და შემდეგ ეკონომიკური თეორიის ჭეშმარიტი ცოდნის საფუძველზე, მათი გაანალიზება. საქმისადმი ასეთი მიდგომა ნებისმიერი ეკონომიკური პროგრამის ჭეშმარიტებასთან მიახლოების უეჭველი გარანტიაცაა.
საქართველოში XX საუკუნის 90-იანი წლების ეკონომიკურ და პოლიტიკურ მოვლენებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი და თვალშისაცემი გახდა მეურნეობრიობის ცენტრალიზებულ-გეგმიანი მართვის პირობებში ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების მწვავე კრიზისი. სოციალიზმმა ვერ შეძლო მოსახლეობის ვერც მატერიალური კეთილდღეობის სრულად შექმნა და ვერც დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება. უფრო მეტიც, კრიზისმა მოიცვა ამ სისტემის იდეოლოგიური საფუძველი – მარქსიზმ-ლენინიზმის მოძღვრება.
პოსტსოციალისტურ ქვეყნებს კიდევ დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდება, რომ საბაზრო ურთიერთობათა დამკვიდრების გზაზე ეკონომიკურ და სოციალურ გარდაქმნებში წარმატებებს მიაღწიოს. ეს პროცესი მოითხოვს უზარმაზარ მიზანმიმართულ საქმიანობას და სიმტკიცეს. გარდა ამისა, ამ ქვეყნებს გარდაქმნების გზაზე მრავალი თეორიული ხასიათის პრობლემა შეექმნება, რომელთაც ადრე ადგილი არ ჰქონია.
საბაზრო ურთიერთობათა ეკონომიკური აზროვნების წესის დაუფლება შეუძლებელია ცივილიზებული ეკონომიკის შესწავლის გარეშე, რომელშიც მთავარია ეკონომიკის ზოგადი თეორია. თანამედროვე ეკონომიკური თეორიის, თეორიული ეკონომიკის, “ეკონომიკს”-ის თუ პოლიტიკური ეკონომიის უკლებლივ ყველა ავტორი ხაზგასმით მიუთითებს, რომ ის არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის საზოგადოების ოპტიმალურ გადაწყვეტილებას შეზღუდული დეფიციტური რესურსებით რა სახის საქონელი (მომსახურება) როგორ და ვისთვის აწარმოოს4.
“ეკონომიკის საგანია საქონლისა და მომსახურების წარმოებაში იშვიათი რესურსების გამოყენების ეფექტიანი გზების ძიება, მატერიალურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისათვის”5. ეკონომიკური თეორია არის მეცნიერება იმის შესახებ, რომ ადამიანები და საზოგადოება გარკვეული დროის მანძილზე ირჩევენ სხვადასხვა საქონლის საწარმოებლად იშვიათ რესურსებს6. “რესურსების შეზღუდულობის (დეფიციტურობის) პირობებში მაქსიმალური სოციალურ-ეკონომიკური შედეგიანობის მისაღწევად ოპტიმალური არჩევანის შესახებ მეცნიერებას ეკონომიკა ეწოდება”7.
“ეკონომიკს”-ი “პრაქტიკით გაჯერებული, პრაქტიკაზე ორიენტირებული თეორიაა, საბაზრო ეკონომიკის თეორიისა და პრაქტიკის სინთეზია”.
ეკონომიკის, როგორც მეცნიერების, აქ მოტანილი ყველა განმარტება უკავშირდება შეზღუდული რესურსების ოპტიმალურად გამოყენებას, რომ საზოგადოებამ მიიღოს მაქსიმალური ეკონომიკური ეფექტი.
უნდა ვაღიაროთ, რომ “ეკონომიკს”-ი უფრო მჭიდრო შეხებაშია ეკონომიკური ცხოვრების “ზედაპირთან” – მის კონკრეტულ მოვლენებთან, ალტერნატიული ვარიანტების არჩევასთან და, მაშასადამე, სუბიექტურ ფაქტორთან. სწორედ ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკსი არის მეცნიერება ადამიანთა ეკონომიკური ქცევის, ეკონომიკური არჩევანის შესახებ … პოლიტიკური ეკონომია ეკონომიკური ორგანიზმის გენეტიკური კავშირების შემსწავლელი მეცნიერებაა, ეკონომიკსი კი – ფუნქციური კავშირებისა”8.
არსებობს ეკონომიკური თეორიისა და პოლიტიკური ეკონომიის გაიგივების საწინააღმდეგო მოსაზრებაც. “ეკონომიკური თეორია, რა თქმა უნდა, ახლოსაა პოლიტეკონომიასთან, მაგრამ ეს უკვე პოლიტეკონომიის, შეიძლება ითქვას, გაგრძელება და განვითარებაა. ის, ალბათ, უფრო ახლოსაა იმ დისციპლინასთან, რომელსაც დასავლეთის ბევრ ქვეყანაში “ეკონომიკს”-ს უწოდებენ. ამასთან, შეცდომა არ იქნება, თუ ეკონომიკური თეორიის სინონიმად ეკონომიკასთან ერთად, პოლიტეკონომიასაც ვიხმართ, მაგრამ იმ პირობით, რომ მისგან ყოველგვარ იდეოლოგიზაციას გამოვრიცხავთ”9.
თანამედროვე დასავლელი ეკონომისტები (ე. კენანი, ა. პიგუ, ა. მარშალი, რ. ხაილბრონერი, ე. პარეტო, ლ. რობინსონი და სხვ.) უპირატესობას ანიჭებენ ეკონომიკური მეცნიერების განსაზღვრას მატერიალური დოვლათის მიზეზების შესწავლასთან კავშირში.
საყურადღებოა, რომ დასავლეთის ეკონომისტები დაინტერესებულნი არ არიან ეკონომიკური თეორიის საგნისა და მეთოდის საკითხებით. ათიდან ცხრა შემთხვევაში მათ ეკონომიკური თეორიის საგნის განსაზღვრა უკრიტიკოდ გადმოაქვთ ადრინდელი ავტორების შრომებიდან.
დასავლეთის თანამედროვე ეკონომისტები ადამიანის ქცევის ნებისმიერ სახეობას ეკონომიკური მეცნიერების საგნად თვლიან. ისინი ამტკიცებენ, რომ ამა თუ იმ საგნის წარმოება ეკონომიკური საქმიანობაა, ხოლო ფილოსოფიური იდეებისა – არაეკონომიკური.
ეკონომიკური თეორიის საგნის ჭეშმარიტ განსაზღვრასთან, ვფიქრობთ, მაშინ გვაქვს საქმე, როცა ეკონომიკური მეცნიერების საგანი შეისწავლის ადამიანის ქცევას, მიზანსა და შეზღუდულ საშუალებებს შორის თანაფარდობას.
ამრიგად, “ეკონომიკური თეორია შეისწავლის ეკონომიკურ ურთიერთობათა სისტემებს, მათი წარმოშობისა და განვითარების კანონებსა და კანონზომიერებებს, ადამიანების ქცევის ძირითად პრინციპებს. ამასთან არა იზოლირებულად, არამედ საერთო კანონებთან და ფასეულობებთან მჭიდრო კავშირში”.
თანამედროვე ეკონომიკური თეორიის ზოგიერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს იმიტომ შევეხეთ, რომ დავაზუსტოთ რამდენად მისაღებია იგი ჩვენთვის და რა სარგებლობას მოუტანს გარდამავალი პერიოდის საქართველოს.
შეიძლება გარკვევით აღინიშნოს, რომ როგორც მარქსისტული, ისე თანამედროვე ეკონომიკური მოძღვრების პირდაპირ გადმოტანა ჩვენთვის დიდი სარგებლობის მომტანი არ უნდა იყოს. ჩვენთვის და საერთოდ, ჩვენი ქვეყნისათვის უფრო მიზანშეწონილია თანამედროვე მოწინავე თეორიული დებულებების ბაზაზე შევიმუშაოთ მაგისტრალური თეორიული დასკვნები და ისინი მივუსადაგოთ ჩვენს მოთხოვნებს, რომელშიც გათვალისწინებული იქნება საზოგადოებრივი რესურსების ეფექტიანად განაწილებისა და გამოყენების შეპირისპირება ისეთ ფასეულობებთან, როგორიცაა: სამართლიანობა, პატივისცემა ადამიანური ცხოვრებისადმი, ექსპლოატაციის, დესპოტიზმის და ავტორიტარიზმის უარყოფა, ზნე-ჩვეულებათა არჩევის თავისუფლება.
არადა, დღეს ცივილიზებულ მსოფლიოში ინტერესი ეკონომიკური თეორიის შესწავლისადმი დიდია, რაც, სამწუხაროდ, არ შეიმჩნევა საქართველოში.
ეკონომიკური თეორიის შესწავლა ეს სხვა არაფერია, თუ არა მოტივების შემეცნების ობიექტური აუცილებლობის რეალიზაცია, ადამიანთა მოქმედება სამეურნეო საქმიანობაში, მეურნეობრიობის კანონების ცვალებადობის ხასიათი ანტიკური ეპოქიდან დაწყებული თანამედროვეობით დამთავრებული.
“ეკონომიკა – ესაა მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ადამიანები თუ როგორ ანაწილებენ მათ ხელთარსებულ შეზღუდულ რესურსებს თავიანთი სურვილების დასაკმაყოფილებლად”10.
ეკონომიკა საზოგადოებრივი მეცნიერებაა, რადგან იგი შეისწავლის ადამიანთა მოქმედებას, თანაც იგი შეისწავლის ადამიანთა ქცევის სპეციფიკურ ასპექტებს. მაგრამ ეკონომიკური მეცნიერება როდი სწავლობს ქცევის ყველა სპეციფიკურ მომენტს. ამ დისციპლინის კვლევის სფერო შეზღუდულია ადამიანის ცხოვრების ოთხი ასპექტით, რომლებიც შეისწავლება მათ ურთიერთმოქმედებაში. ესენია: 1. ადამიანთა მოთხოვნილება უსაზღვროა; 2. ამ მოთხოვნილებებს სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს; 3. ამ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებელი საშუალებები შეზღუდულია და 4. ეს საშუალებები შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვადასხვანაირად, ე.ი. შეიძლება წარმოებული იქნეს მრავალი სახის საქონელი და მომსახურება11.
ამასთან, აუცილებელია ეკონომიკური თეორიის რეტროსპექტივაში შესწავლაც, სხვაგვარად სარგებლობას ვერ მოვუტანთ ვერც ეროვნული ეკონომიკის განვითარებას და ვერც საზოგადოებას მთლიანობაში.
სავსებით მართებულად მიგვაჩნია ინგლისელი ეკონომისტის მ. ბლაუგის მოსაზრება: “ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც ჩვენ უნდა შევისწავლოთ ეკონომიკური მოძღვრების ისტორია, სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ის წარმოადგენს თავისებურ ლაბორატორიას, რომელშიც ბევრ მასალაზე დაყრდნობით ჩვენ ვსწავლობთ განვიხილოთ ეკონომისტ-თეორეტიკოსთა მიღწევები აუცილებელი მეთოდოლოგიური წინასწარგანჭვრეტით. თითოეული ეკონომისტი ამას გრძნობს თუ არ გრძნობს, მნიშვნელობა არა აქვს, ის ყოველთვის თან ატარებს ამ ლაბორატორიას”12.
მაინც რატომ ვკარგავთ დროს ეკონომიკური თეორიისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის შესასწავლად? იმიტომ, რომ მნიშვნელოვნად უკეთესია ვიცოდეთ ინტელექტუალური მემკვიდრეობა, რომელიც დაგვიტოვა წინამორბედებმა, ვიდრე მივხვდებით, რომ ის ინახება ჩვენთვის უცნობ ადგილზე და დაწერილია უცხო ენაზე. როგორც ტ. ელიოტი წერდა: “ვიღაცას აქვს ნათქვამი – “წარსულის მწერლები ჩვენგან უფრო შორს იმიტომ არიან, რომ ჩვენ მათზე ბევრი ვიცით და ეს მართალია. ჩვენ მეტი ვიცით იმიტომ, რომ ჩვენ ისინი წავიკითხეთ”.
საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პროცესი მწვავე საზოგადოებრივი კატაკლიზმებით ხასიათდება. საზოგადოების ყოველმხრივმა სისტემურმა კრიზისმა არ შეიძლება თავისი უარყოფითი გავლენა არ მოახდინოს ეკონომიკური მეცნიერების თანამედროვე მდგომარეობაზე.