ტექნოპარკების ფორმირების პერსპექტივები საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში

ევგენი ბარათაშვილი ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სტუ-ს სრული პროფესორი. ნანა ნადარეიშვილი გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, სტუ-ს ასოცირებული პროფესორი. ნოდარ ძიძიკაშვილი სტრატეგიული დაგეგმვის კონსულტანტი 

თანამედროვე საქართველო წარმოადგენს ქვეყანას, რომელიც ისწრაფვის თავისი ეკონომიკის ეფექტიანობის ამაღლებისკენ. როგორც მრავალი ქვეყნის გამოცდილება აჩვენებს, ამ პროცესში განსაკუთრებულ როლს თამაშობენ ინოვაციები. ინოვაციური პოლიტიკის რეალიზაცია განიხილება, როგორც ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის ერთ-ერთი მოდელი და ეკონომიკის ზრდის დაჩქარების საშუალება. 

               სამეცნიერო და ტექნოლოგიურ სფეროში არსებული მიღწევების საფუძველზე ქვეყნის განვითარება მოითხოვს მეცნიერების, საწარმოო დაწესებულებების, სახელისუფლებო ორგანოების, სხვა კონტაქტური აუდიტორიის დახმარებისა და ურთიერთშეთანხმებული მუშაობის განსაკუთრებული ფორმების ჩამოყალიბებას. ქვეყნის ინოვაციური ინფრასტრუქტურის თითოეული ელემენტის შეუთანხმებელი მუშაობის გამო არ ხდება პროგრესულ მიმართულებებებში გარღვევა, არ იქმნება სინერგიის ეფექტი და კვლავწარმოებასაც ძველებურად, უმეტესწილად გააჩნია ექსტენსიური ხასიათი. 
               ეკონომიკის ეფექტურობა თანამედროვე ეტაპზე ბევრ შემთხვევაში ფასდება ერთ-ერთი მიმანიშნებელი ინდიკატორის მეშვეობით, თუ როგორ ხორციელდება ურთიერთქმედება მეცნიერებს, საწარმოო კომპანიებს, სახელისუფლო აღმასრულებელ ორგანოებსა და მომხმარებლებს შორის. მრავალი ქვეყნის გამოცდილება და სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის პრაქტიკა აჩვენებს, რომ სტრუქტურები, რომლებსაც ხელეწიფებათ ოპტიმალურად შეითვისონ ინოვაციურ პროცესში მონაწილე ყველა ოთხივე მხარის ძალისხმევა, წარმოადგენენ ეკონომიკური ზრდის სტიმულირების ეფექტურ ფორმებს. საუბარია სტრუქტურებზე, რომლებსაც ტექნოლოგიურ პარკებს (ტექნოპარკებს) უწოდებენ. 
               2008-2009 წლებში მსოფლიოში არსებულმა ფინანსურმა კრიზისმა ნათლად დაანახა ყველას, რომ კრიზისი ყველაზე უმტკივნეულოდ არა მარტო გადაატანინა, არამედ ეკონომიკაში გარკვეული წინსვლაც აღენიშნებათ იმ ქვეყნებს, რომლებიც ანვითარებენ ახალ ტექნოლოგიებს, ნერგავენ ინოვაციებს და მეცნიერულ პროგრესს იყენებენ წარმოებაში. ამასთან, ასეთი ქვეყნების მთლიანი შიგა და ეროვნული პროდუქტის მნიშვნელოვანი შემადგენელია მატერიალური წარმოების დარგებში ინოვაციური პროდუქტის გამოშვება. 
               საქართველოს ეკონომიკური წინსვლისათვის აუცილებელი ხდება განვითარების იმ პრიორიტეტების ჩამოყალიბება გრძელვადიანი პერსპექტივისათვის, რომლებითაც ჩვენი ქვეყანა უნდა შეხვდეს 2020 წლისთვის მეექვსე ტექნოლოგიურ წყობას. აღსანიშნავია, რომ XXI საუკუნის 20-იანი წლებიდან დაწყებულ მეექვსე ტექნოლოოგიურ წყობაში ძირითადი აქცენტი გაკეთდება ახალ, მეცნიერებატევად ინოვაციურ ტექნოლოგიებზე: ნანოტექნოლოგიებზე, ბიოტექნოლოგიებზე, მოლეკულური ბიოლოგიის შედეგებზე, ბიომედიცინაზე, ალტერნატიულ ენერგეტიკაზე და სატრანსპორტო მეურნეობაზე, ახალ მასალებზე და საწვავზე, ასევე უახალესი თაობის საინფორმაციო და ენერგოდამზოგავ ტექნოლოგიებზე. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის სახელისუფლო ელიტამ გაითვალისწინოს მსოფლიო განვითარების ტენდენციები და მომზადებული შეხვდეს ახალ (რიგით მეექვსე, 2020-2060 წლების) ტექნოლოგიურ წყობას. 
               ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასწრაფოდ უნდა შემუშავდეს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია, სადაც აქცენტი გაკეთდება დამატებითი ღირებულების მაქსიმალურად მომტანი დარგების განვითარებაზე, ინოვაციურ ტექნოლოგიებზე, ჩვენთან არსებულ ბუნებრივი რესურსებისა და ინტელექტუალური პოტენციალის გამოყენებაზე. ყოველივე ამის რეალიზაციით, საშუალება მოგვეცემა მსოფლიო თანამეგობრობაში ადგილი დავიმკვიდროთ და პასუხი გავცეთ კითხვებს – რისთვის ვჭირდებით მსოფლიოს? რა შეგვიძლია სხვაზე უკეთ ვაკეთოთ? სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აღნიშნული პრიორიტეტების სტიმულირება, ავტომატურად ნიშნავს ქვეყნის განვითარების სტრატეგიის მთავარი მიზნის მიღწევას – ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობას და ცხოვრების ხარისხის ამაღლებას. მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებაა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის მთავარი მიზანი (ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის დონე) და არა ქვეყნის ბიუჯეტის ზრდა. რაც უფრო მცირე იქნება საბიუჯეტო ხარჯები (ბიუჯეტი, მშპ-ის 25%-ს არ უნდა აღემატებოდეს) და გადასახადები ქვეყანაში, მით სწრაფად განვითარდება ეკონომიკა. ამ მთავარი სტრატეგიული მიზნების მისაღწევად კი, დღეიდანვე უნდა ვიზრუნოთ და ამის ერთ-ერთი ინსტრუმენტია ინოვაციების დანერგვა ბიზნეს-ინკუბატორების, ტექნოპარკების, კოვორკინგ-ცენტრებისა და ეკონომიკური კლასტერების მეშვეობით. 
               ტექნოპარკი – სპეციალური ორგანიზაციაა, რომელშიც გაერთიანებულია სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები, ინდუსტრიის ობიექტები, საქმიანი ცენტრები, საგამოფენო დარბაზები, სასწავლო დაწესებულებები, ასევე მომსახურების ობიექტები: სატრანსპორტო საშუალებები, მისასვლელი გზები, საცხოვრებელი დასახლებები, დაცვის ობიექტები. 
               ტექნოპარკების ძირითადი ამოცანებია: 
               ? კვლევითი ან სასწავლო პოტენციალის შენარჩუნება; 
               ? იდეების, სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროექტების და ინოვაციების საბაზრო გარემოს ფორმირება; 
               ? საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნოლოგიური კავშირების განვითარება, თანამედროვე ტექნოლოგიების ტრანსფერტი; 
               ? საინოვაციო პროექტების საკადრო უზრუნველყოფა, მეურვეობა და სხვა. 
               ცნობილია, რომ პირველი ტექნოლოგიური პარკი შეიქმნა 1950 წელს აშშ-ში, როდესაც ჩამოყალიბდა სტენფორდის უნივერსიტეტთან სამეცნიერო პარკი. რაც შეეხება საბჭოთა კავშირს, პირველი ტექნოპარკი დაარსდა ქ. ტომსკში1 1988 წელს, რომელშიც გამოყენებული იყო საფრანგეთის ერთ-ერთი ინოვაციური რეგიონის გამოცდილება. შემდგომში, სსრკ-ში ერთი წლის განმავლობაში შეიქმნა: მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოპარკი (სამეცნიერო-ტექნოლოგიური პარკი) და ქალაქ ზელენოგრადის ტექნოპარკი. პოსტსაბჭოთა სივრცეში, რესპუბლიკა ბელარუსში 2005 წელს დაარსდა მაღალი ტექნოლოგიების ბელარუსული პარკი. ბევრ ქვეყნებში შექმნილია ტექნოპარკების ასოციაციები, რომლებიც იცავენ ტექნოპარკების ინტერესებსა და უფლებებს. როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ტექნოპარკები, გარკვეული აზრით შეიძლება ეწოდოს აკადემქალაქებსაც. 
               ტექნოპარკების შექმნის გამოცდილების ანალიზი საშუალებას იძლევა გამოიყოს “ტექნოპარკული” მოძრაობის 3 ძირითადი ეტაპი. პირველი ეტაპი დაიწყო XX საუკუნის 50-იანი წლების დასასრულს, როდესაც შეიქმნა პირველი საუნივერსიტეტო ტექნოპარკები სტენფორდში, კემბრიჯში და აშშ-სა და ბრიტანეთის სხვა ქალაქებში.2 უნივერსიტეტებში იქმნებოდა მოედნები, რომლებიც იზიდავდნენ ადგილობრივ მკვლევარებს პრაქტიკული ამოცანების გადასაწყვეტად. პირველი ტექნოპარკებიდან გაიზარდა და განვითარდა მრავალი საერთაშორისო მაღალტექნოლოგიური კომპანია. 
               იმავე დროს ჩამოყალიბდა ტექნოპარკებისა და სამეცნიერო ქალაქების კონცეფციები. პირველ რიგში, ეს დაკავშირებული იყო ინოვაციური ქალაქების აგლომერაციების შექმნის წარმატებულ გამოცდილებასთან, რომელიც ჩამოყალიბებული იყო პირველი ტექნოპარკების გარშემო (მაგალითად, სილიკონის ველი, რომელიც გადაჭიმულია სან-ფრანცისკოდან სამხრეთით, მოიცავს ისეთ ქალაქებს, როგორიცაა სან-ხოსე, სანტა-კარლა, მაუნთინ ვიუ, პალო-ალტო და სხვა). მეორე მხრივ, ეს დაკავშირებული იყო სამეცნიერო ქალაქების წარმატებებთან, რომელთა შექმნის კონცეფციასაც პოპულარიზაციას უწევდა საბჭოთა კავშირი. აკადემქალაქებისნაირი საბჭოთა სამეცნიერო ცენტრების განსხვავება დასავლური ტექნოპარკებისგან ის იყო, რომ ისინი ორიენტირებულნი იყვნენ არა საბაზრო მოთხოვნილებებზე, არამედ გეგმიური ეკონომიკის მკაცრად დასმული დარგობრივი ამოცანების გადაწყვეტაზე. 
               პირველი ტექნოპარკების პროდუქტს, წარმოადგენდა ინოვაციური პროდუქცია, რომელიც დღესაც რჩება ტექნოპარკების დომინირებული პროდუქციის სახეობად. ასეთი ტექნოპარკები ორიენტირებულნი არიან დაგროვილი სამეცნიერო ცოდნის კომერციალიზაციის გზით სამეცნიერო-ტექნოლოგიურ დამუშავებათა დანერგვის პროცესზე, რომელთა მატარებლად შეიძლება გამოვიდნენ უმაღლესი სასწავლებლები, მკვლევარები ან კომპანიები. 
               მეორე ეტაპი შეიძლება მოინიშნოს XX საუკუნის 70-80-იანი წლების საზღვრებში. ამ პერიოდში ტექნოპარკები სულ უფრო ემსგავსებოდნენ რიელტორულ ბიზნესს. ისინი ორიენტირებას აკეთებდნენ სამეცნიერო კვლევებისა და დამუშავებების კომერციალიზაციაზე. მაგრამ, ეს ხდებოდა საიჯარო ფართების გაყიდვითა და მზარდი ინოვაციური ბიზნესისათვის რთული მომსახურების გაწევის მხარდაჭერით. ამავე ეტაპზე გავრცელდნენ ტექნოლოგიური ბიზნეს-ინკუბატორები. გარდა ამისა, გამოჩნდნენ მრავალი ვიწრო სპეციალიზირებული ტექნოპარკები, რომლებიც ორიენტირებულნი იყვნენ ცალკეული სექტორების მომსახურებაზე. ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით, აზიის მზარდი ეკონომიკის ქვეყნებში, განვითარება ჰპოვა მშენებლობის დიდი მასშტაბებით გამორჩეულმა მეგატექნოპარკების ფორმირების კონცეფციამ. ყველაზე ინოვაციური კომპანიების პროდუქტი ამ წლებში იყო ტექნოლოგია. 70-80-იანი წლები ხასიათდება, როგორც ბიზნეს-ინკუბატორების აყვავების ხანა. ამჟამად კი, მსოფლიოში იზრდება ვიწროდარგობრივი სპეციალიზაციის მქონე ტექნოლოგიური პარკების რიცხვი, რაც ნაკარნახევია ინოვაციური პროდუქციის ბაზარზე გამწვავებული კონკურენციის პირობებით.3 
               მესამე ეტაპი დაიწყო XX საუკუნის 90-იანი წლებიდან. ტექნოპარკები თანდათანობით უძრავი ქონების ობიექტებიდან გადაიქცნენ საკომუნიკაციო მოედნებად. ეს ფუნქცია ტექნოპარკებს ადრეც გააჩნდათ, მაგრამ ახლა, საინფორმაციო მომსახურების განვითარების გამო, აქცენტი გადავიდა კომუნიკაციების გაყიდვაზე, ან სხვადასხვა პროფესიულ საზოგადოებებთან (ვენჩურული ფინანსისტები, მკვლევარები, დარგობრივი სპეციალისტები) კონტაქტების დამყარების გზით მკვლევერების გლობალურ ბაზართან დაკავშირებისთვის საჭირო მომსახურებაზე. ტექნოპარკები სულ უფრო ხდებიან ორგანიზაციული სტრუქტურები და აფართოებენ ვირტუალურ შესაძლებლობებს თავიანთი მუშაობაში. ტექნოპარკების ბაზაზე ჩატარებული ღონისძიებების სიხშირე ხდება მათი საქმიანობის ეფექტურობის განმსაზღვრელი მაჩვენებელი. 
               უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად მიმდინარეობს ტექნოპარკული მოძრაობის განვითარების ტრენდის მორიგი მსხვრევა, რომელიც კარგად მოჩანს ქვემოთ მოცემულ სქემაზე (იხ. ნახ. 1). 
                
               ტექნოპარკების განვითარებაზე გავლენის მქონე ძირითად ტენდენციებს შეიძლება მიეწეროს  ნახ. 1-ზე (მარცხნივ) ჩამოთვლილი ფაქტორები. მარჯვნივ მოცემულია ახალი თაობის პოპულარობის ტენდენციები. 
               ამჟამად, საქართველოში არც ერთი ტექნოპარკი არ ფუნქციონირებს (ბევრად შემცირდა როგორც აკადემქალაქის ინტელექტუალური პოტენციალი, ისე ტერიტორია, სადაც ძირითადად საცხოვრებელი სახლები შენდება) მიზანმიმართულად უქმდება და დამოუკიდებლობა ერთმევა მეცნიერებათა აკადემიის ყოფილ ინსტიტუტებს. ამ ინსტიტუტებიდან უმეტესობა უერთდება უმაღლეს სასწავლებლებს, ნაწილი კი, ლიკვიდაციის წინაშე დგას. ამასთან, მსოფლიოში ტექნოპარკების რაოდენობა წლიდან-წლამდე იზრდება. უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად თვით ტერმინ “ტექნოპარკის” ასე გავრცელებული ხმარებისა, ტექნოპარკების შექმნისა და მათი მართვის ერთიანი მოდელი არ არსებობს. და მართლაც, ალბათ, ასეთი უნივერსალური მოდელი არც უნდა არსებობდეს. 
               მსოფლიოში ყველაზე მეტად გავრცელებულია ტექნოპარკის 3 სახეობა: 
               ?  რეგიონული დარგობრივი ტექნოპარკი; 
               ?  საუნივერსიტეტო ტექნოპარკი (იხ. ნახ. 2); 
                
                
               ?  ტექნოლოგიური ინკუბატორი. 
               არსებობს ასევე ტექნოპარკები, რომლებიც მოიცავენ და ასრულებენ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ტექნოპარკის ფუნქციას. 
               ნაშრომის სათაურიდან გამომდინარე, ქვემოთ განხილულია მხოლოდ საუნივერსიტეტო ტექნოპარკი, რადგან სამივე მოდელის წარმოდგენა ამ პატარა სტატიაში ძალიან გაჭირდებოდა. ავტორები იმედოვნებენ. რომ ტექნოპარკების დანარჩენი ორი სახეობის თაობაზე მათ მიერ წარმოდგენილ შემდგომ პუბლიკაციებში იქნება გამახვილებული ყურადღება. 
               ზემოთ აღნიშნული მოდელებიდან მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულია საუნივერსიტეტო ტექნოპარკები, რომლებიც ანსახიერებენ უნივერსიტეტებსა და საწარმოო კომპანიებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფორმის რეალიზაციას (იხ. ნახ. 2). 
               ჩვენი აზრით, საქართველოში საუნივერსიტეტო ტექნოპარკების ძირითადი ამოცანები უნდა იყოს: 
               ? გამოყენებითი სამეცნიერო კვლევებისა და დამუშავებების განვითარება, ახალი მეცნიერებატევადი ტექნოლოგიების კომერციალიზაცია და ტრანსფერი, სამეცნიერო მიღწევების დანერგვა წარმოებაში; 
               ? სამრეწველო საწარმოების პოტენციალის მოზიდვა საუნივერსიტეტო კომპლექსის სამეცნიერო-ტექნოლოგიური სტიმულირებისა და განვითარებისთვის; 
               ? სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროდუქციის წარმოების ორგანიზაცია, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა; 
               ? ინოვაციური საქმიანობისა და მომიჯნავე სფეროებში მეცნიერებატევადი საწარმოების ხელმძღვანელთა და მენეჯერთა კვალიფიკაციის ამაღლება; 
               ? ინოვაციურ სფეროში დარგთაშორისო, რეგიონთაშორისო და საერთაშორისო კავშირების განვითარება. 
               საუნივერსიტეტო ტექნოპარკებს რეგიონული დარგობრივი ტექნოპარკებისა და ტექნოლოგიური ინკუბატორებისგან განსხვავებით გააჩნიათ შემავალი ფულადი ნაკადების უფრო დივერსიფიცირებული სისტემა. გარდა ამისა, მსოფლიო გამოცდილება აჩვენებს, რომ ტექნოპარკების რეზიდენტები ხდებიან მცირე და საშუალო საწარმოები, რომელთა ჩამოყალიბება, როგორც წესი, ხდება, საუნივერსიტეტო სამეცნიერო-საპროექტო ჯგუფების ბაზაზე. 
               თუმცა, ბევრ ქვეყანაში, ტექნოპარკების ასეთი სახეობა უფრო მიესადაგება მუნიციპალიტეტების მიერ ინიცირებულ პროექტებს, რადგან უმაღლეს სასწავლებლებს თვითონ არ გააჩნიათ ტერიტორიები საკუთრებაში (მიწები მერიის საკუთრებაა) და ტექნოპარკების ფორმირებისას, მხოლოდ მერიასთან ერთად შეუძლიათ გამოვიდნენ თანასწორუფლებიან პარტნიორებად.4 
               ამიტომ, ტექნოპარკის შექმნის პროცესში შეიძლება გამოიყოს ადგილობრივი სახელისუფლო ორგანოთა მონაწილეობის სამი მოდელი: 
               ? მართვა და კომპლექსური დაფინანსება; 
               ? ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფა; 
               ? “რბილი” მხარდაჭერა. 
               აღნიშნული მოდელები განსხვავდებიან ერთმანეთისგან ინვესტორთა და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების მიერ პროექტის დაფინანსებაში მონაწილეობის ხარისხით. 
               მართვა და კომპლექსური დაფინანსება ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის სრულად მონაწილეობას ტექნოპარკის შექმნაში: ტექნოპარკის კონცეფციისა და წესდების ფორმირებიდან, პროექტის პირველი რიგის ძირითადი ხარჯების დაფინანსებით (“Start-Up”) დამთავრებული, ასევე ტექნოპარკის ზოგიერთი ხარჯების შემდგომი დაფინანსება, მათ შორის, მისი ხარჯების დაფარვის გზით რეზიდენტებისათვის შეღავათიანი საიჯარო პირობების შესაქმნელად. ხშირად, ამ მოდელის ფარგლებში იქმნება ავტონომიური დაწესებულება, რომლის საწესდებო კაპიტალი მთლიანად ეკუთვნის მუნიციპალიტეტს. 
               ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფა ითვალისწინებს ტექნოპარკის ფიზიკური ინფრასტრუქტურის შექმნას (შენობა-ნაგებობები, ლაბორატორიები, მიწის ნაკვეთები კომუნალური ქსელების მიყვანით და ა.შ.) ტექნოპარკის პოლიტიკის განსაზღვრაში შემდგომი პირდაპირი მონაწილეობის გარეშე. 
               მხარდაჭერის “რბილი” მოდელი ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის პირდაპირი მონაწილეობის კომპლექსურ ღონისძიებებს, კერძოდ: 
               ? ტექნოპარკის მცირე ინოვაციური კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათებს; 
               ? შეღავათებს მსხვილი მაღალტექნოლოგიური კომპანიებისთვის – ტექნოპარკის რეზიდენტებისთვის; 
               ? ინოვაციური პროექტების კონკურსის ფარგლებში სამეწარმეო სუბიექტებისთვის პირდაპირ ფინანსურ დახმარებას; 
               ? მუნიციპალურ საკუთრებაში მყოფი უძრავი ქონების გადაცემას იჯარის შეღავათიანი პირობებით; 
               ? პროექტების პროტეჟირებას საერთაშორისო და რეგიონულ გამოფენებზე; 
               ? მასმედიაში მხარდაჭერას და ა.შ. 
               გარდა ზემოთ აღნიშნულისა, ტექნოპარკის ჩამოყალიბებაში მუნიციპალიტეტის მონაწილეობის მისაღებად შესაძლებელია კიდევ განსხვავებული მოდელებიც.5 მუნიციპალიტეტის მონაწილეობის მოდელის შესარჩევად მნიშვნელობა აქვს, თვით ჩამოსაყალიბებლი ტექნოპარკის სახეობას და მასშტაბს. 
               უკანასკნელ პერიოდში გამოიკვეთა ახალი სტრუქტურების -Coworking-ცენტრების განვითარება, რომლებიც სპეციალისტებში აღიქმება ტექნოპარკებისა და ბიზნეს-ინკუბატორების ალტერნატივად. ეს გამოწვეულია იმით, რომ მრავალ ქვეყანაში შეიმჩნევა ახალი ტექნოპარკების მშენებლობაში მსხვილი კაპიტალდაბანდებიდან შემოსავლების კლების ტენდენცია, რამაც განაპირობა ტექნოპარკების ალტერნატიული მოდელების ძიება. ამ ალტერნატიული მოდელებიდან ამჟამად განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კოვორკინგ-ცენტრებს (ინგლ. Co-Work – სამუშაოს ორგანიზების მოდელი, რომლისთვისაც დამახასიათებელია კონკრეტული ოფისისადმი და ადგილმდებარეობისადმი მიჯაჭვულობის არ ქონა და სამუშაო ამოცანების კოლექტიური გადაწყვეტა). აღნიშნული ცენტრების შემოსავლები გამოიხატება არა შენობა-ნაგებობების ფართის იჯარით გადაცემაში, არამედ მცირე ინოვაციური კომპანიებისთვის მომსახურების გაწევაში. ჩოწორკინგ-ცენტრების მომსახურება გულისხმობს მკვლევართა და მეცნიერთა დაკავშირებას საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრებთან და მათ ჩართვას მკვლევართა და მეცნიერთა გლობალურ თანამეგობრობაში. ამასთან, Coworking-ცენტრები თანდათანობით იწყებენ ტექნოპარკებისა და ბიზნეს-ინკუბატორების ჩანაცვლებას, განსაკუთრებით ისეთების, რომლებიც კომპანიების ინკუბაციაზე არიან ორიენტირებულნი. 
               კოვორკინგ-ცენტრის შექმნისა და ექსპლუატაციისთვის გამოყოფილი დაფინანსების მოცულობა როგორც წესი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ახალი ტექნოპარკის მშენებლობისას დახარჯული თანხები. ამასთან, ასეთი ობიექტების ეფექტურობა შეიძლება აღემატებოდეს ტექნოპარკებისას. კოვორკინგ-ცენტრის შექმნის სასტარტო ინვესტიციები საქართველოს პირობებისთვის (უძრავი ქონების ბაზრის გათვალისწინებით) შეიძლება იყოს მინიმალური (დაახლოებით, 50 000 აშშ დოლარიდან), რაც დამოკიდებულია გამოსაყენებელი სათავსოების ხასიათზე (მხედველობაში გვაქვს ყოფილი საწარმოო ფართები, ანუ საოფისე უძრავ ქონებაზე პერეორიენტაციის შედეგად6 გამონთავისუფლებული ყოფილი საწარმოო ფართები), ფუნქციათა ნაკრებზე (დიზაინ-ცენტრები, არტ-ბიუროები, საოფისე სამუშაო სივრცეები, სამეცნიერო ლაბორატორიები, ინტერნეტ-კლასები და ა.შ.) და სხვა ასპექტებზე. 
               კოვორკინგ-ცენტრის მნიშვნელოვანი ფუნქცია – მკვლევართა და მეცნიერთა საზოგადოების ფორმირების უზრუნველყოფა კონკრეტული პროექტების გარშემო, რეალიზებადია როგორც უნივერსიტეტებთან, ისე მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილ ტერიტორიებზე. 
               ამ უკანასკნელთან დაკავშირებით, უნდა აღინიშნოს, რომ კოვორკინგ-ცენტრები ხდებიან თანამედროვე ქალაქების ინოვაციური ინფრასტრუქტურის აუცილებელი ელემენტები და წარმოადგენენ თავისებურ მიზიდულობის ცენტრებს თავისუფალი კერძო მკვლევარებისა (Freelancer) და სხვადსხვა განხრის მცირე კომპანიების მენეჯერთა საქმიანი ურთიერთობების ხელშესაწყობად. 
               ამ ბოლო დროს ჩვენთან, როგორც სამთავრობო, ისე სამეცნიერო წრეებში მიდის მსჯელობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე ტექნოპარკის ჩამოყალიბების შესახებ. აღნიშნული სტრუქტურის შექმნა დიდი ხანია მომწიფდა ჩვენს ქვეყანაში და რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი შანსი ტექნოპარკის დასაფუძნებლად ისეთ ტექნიკურ უმაღლეს სასწავლებელს გააჩნია, როგორიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტია. ეს განპირობებულია თვით ტექნიკური უნივერსიტეტის პროფილით და მასში არსებული ფაკულტეტების ინოვაციურ კვლევებში ჩართულობით. მისასალმებელია, რომ აღნიშნულ იდეას მხარს უჭერს, როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, თბილისის მერია, ისე ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა, არასამთავრობო და ბიზნეს წრეები. ტექნოპარკების შექმნა და განვითარება წარმოადგენს ახალ ტენდენციას საქართველოსთვის. ტექნოპარკის შექმნის აზრი იმაშია, რომ ერთიან ტერიტორიაზე კონცენტრირებულ იქნას საქმიანობის საერთო პროფილის სპეციალისტები. ტექნოპარკში გაერთიანებულ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში მეცნიერებს უნდა შეეძლოთ კვლევების ჩატარება, იქვე არსებულ სასწავლო დაწესებულებებში ლექციების წაკითხვა და მონაწილეობის მიღება საკუთარ კვლევათა შედეგების პრაქტიკაში დანერგვის პროცესში. 
               ამასთან, მათი შექმნისა და საქმიანობის ორგანიზაციის პროცესი გართულებულია რიგი პრობლემებით, კერძოდ, ტექნოპარკების მხარდამჭერი ერთიანი საკანონმდებლო ბაზის უქონლობითა და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებისა და ბიზნეს-წრეების მიერ პროექტების მხარდასაჭერი მექანიზმების არასაკმარისი დამუშავებით. ამჟამად, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს ტექნოპარკის ფუნქციონირებისთვის საჭირო აუცილებელი საკანონმდებლო ბაზის ფორმირებისთვის, რის შემდეგაც, დაიწყება ტექნოპარკის კონცეფციისა და სტრატეგიული გეგმის შემუშავება. 
               თუ გავითვალისწინებთ მსოფლიოში ტექნოპარკების ფორმირების ეტაპებსა და მათ გამოცდილებას, საქართველოს განათლების სისტემაში ტექნოპარკების განვითარებას შეიძლება ძალიან დიდი სინერგეტიკული ეფექტი ჰქონდეს არა მარტო ჩვენთან არსებული მრავალი დარგის განვითარებაზე, არამედ შესაძლებელია, რომ მან ხელი შეუწყოს ახალი და მომგებიანი დარგების განვითარებასაც. ტექნოპარკების ჩამოყალიბება-განვითარება ხელს შეუწყობს ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკის ფორმირებას, რაც თავის მხრივ საგანმანათლებლო სისტემას ახალი გამოწვევების წინაშე დააყენებს. გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის საფუძველზე და მეექვსე ტექნოლოგიური წყობის მოთხოვნიდან გამომდინარე საჭირო გახდება მთელი განათლების სისტემის ახლად გააზრება და რეფორმირება. აუცილებელი იქნება განათლების სისტემის ისე დაგეგმვა, რომ არ წარმოიშვას დეფიციტი ინოვაციურ ტექნოლოგიებში მომუშავე კადრებზე. ასეთი კადრების მომზადება ახლავე უნდა დაიწყოს მომავალი, უახლოესი ტექნოლოგიური წყობის შესაფერის სპეციალობებზე, როგორც ეს თავის დროზე გააკეთა ტაივანმა მეხუთე ტექნოლოგიური წყობის დასაწყისში. მხედველობაში გვაქვს ნახევარგამტარების ფიზიკის განვითარება, რომელმაც ტაივანს მოუტანა აყვავება და ინოვაციური ქვეყნის სტატუსი. ეს მომენტი ობიექტური მიზეზების (საბჭოთა კავშირის არსებობა და ქვეყნის დამოკიდებულობა ადმინისტრაციულ-ცენტრალიზებულ მართველობაზე) გამო ჩვენ ვერ გამოვიყენეთ, თუმცა ნახევარგამტარების ფიზიკის სპეციალობა 1965 წელს გაიხსნა როგორც თბილისის სახ. უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე, ისე საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში და პრესტიჟულ სპეციალობად ითვლებოდა ახალგაზრდებში. წარსული გამოცდილებით შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ ინოვაციური ტექნოლოგიებში ჩამორჩენითა და მხოლოდ მომსახურე დარგების განვითარებით ქვეყანა ვერასდროს ვერ იქნება განვითარებული და აყვავებული ქვეყანა. ამაზე მეტყველებს ქვეყნების გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგიც (დავოსის ფორუმი), სადაც უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში პირველ ათეულში მუდმივად მხოლოდ ტექნოლოგიურად განვითარებული ქვეყნებია (აშშ, შვეიცარია, ფინეთი, დანია, ნორვეგია, შვედეთი, გერმანია, სამხრეთ კორეა, იაპონია, ჰონ-კონგი, სინგაპური და სხვა) და არა ის ქვეყნები სადაც უპირატესად ტურიზმი და რისკიანი აგრარული სექტორია განვითარებული (იხ. OECD-ს სტატისტიკური მასალა ეკონომიკის სტრუქტურაზე7). 
               ტექნოლოგიურ პარკად მოიაზრება საწარმო, რომლის მთავარ ამოცანას წარმოადგენს საინვესტიციო და ინოვაციური პროექტების შესრულება, მეცნიერებატევადი დამუშავებებისა და მაღალი ტექნოლოგიების დანერგვა, კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოება. ამ მხრივ, საქართველოში, გარდა ტექნიკური უნივერსიტეტისა, ტექნოპარკების შექმნის საკმაოდ კარგი პერსპექტივები გააჩნიათ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა, და საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტს. უახლოეს მომავალში, ბათუმის ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ჩამოყალიბებით, საქართველოს გაუჩნდება კიდევ ერთი ტექნიკური პროფილის უმაღლესი სასწავლო დაწესებულება, რომელიც კარგ საფუძვლად შეიძლება გამოდგეს მძლავრი ინოვაციური ცენტრის შესაქმნელად. 
               ყველაფერი დამოკიდებულია ხელისუფლების მიერ არჩეულ პოლიტიკაზე და ინოვაციურ პროექტებში მონაწილეობის მოდელებზე (ტექნოპარკები, ბიზნეს-ინკუბატორები, კოვორკინგ-ცენტრები, თუ კიდევ სხვა სტრუქტურები). ამასთან, საჭიროა გათვალისწინებულ იქნას, რომ ტექნოპარკების, ბიზნეს-ინკუბატორების, ან კოვორკინგ-ცენტრების ფიზიკური ინფრასტრუქტურის შექმნა – ეს კიდევ არ არის პრობლემის გადაწყვეტა, არამედ მხოლოდ მოქმედების მექანიზმის ჩამოყალიბებაა. მთავარია, დაწყებული საქმე ბოლომდე განხორციელდეს, რადგან ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია (მაგ. მსოფლიოში პირველი, სტენფორდის უნივერსიტეტის ტექნოპარკის ჩამოყალიბებას 30 წელი მოუნდა). ამასთან, მოითხოვს დიდ მოთმინებას, სწორ სტრატეგიას, საქმის ცოდნასა და პროცესის ხანგრძლივობიდან გამომდინარე – მემკვიდრეობითობას.