დასაქმების სახელმწიფო რეგულირების უცხოური გამოცდილება და პრობლემათა გადაჭრის გზები საქართველოში
ნინო ფარესაშვილი
თანამედროვე პირობებში დასაქმების რეგულირების სისტემა ეფუძნება ეკონომიკური ზრდის სახელმწიფო კონცეფციას, რომელიც პირველ რიგში გულისხმობს წარმოების მოცულობისა და მისი ეფექტიანობის ზრდას, შრომის მწარმოებლურობის ამაღლებას. მოსახლეობის ეფექტიანი დასაქმების უზრუნველყოფის მიზნით, ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება მომუშავეთა დასაქმების დამატებითი პირობების შექმნას.
განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში ყოველთვის დიდი ყურადღება ეთმობოდა უმუშევრობის დაძლევისა და მოსახლეობის ეფექტიანი დასაქმების პრობლემებს. ასე მაგალითად, 1974-1975 წლებში, როცა მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა განვითრებულ ქვეყანათა უმეტეს ნაწილში ეკონომიკური ვარდნა გამოიწვია, უმუშევრობის დაძლევისა და დასაქმების რეგულირების მიზნით ჩამოყალიბდა ერთიანი სახელმწიფო პროგრამების სისტემა და შეიქმნა შესაბამისი საკანონმდებლო აქტები. სწორედ ამ წლებში დასაქმების პოლიტიკა ხდება მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც არსებითად მოქმედებს ეროვნული შრომის ბაზრების ფუნქციობაზე.
განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში დასაქმების სახელმწიფო ორგანოების ყურადღების ცენტრშია მოსახლეობის 5 ავტონომიური ჯგუფი:
1. მაღალკვალიფიციური უმცირესობა, რომელსაც საკმაოდ მყარი პოზიციები უკავია წარმოებაში;
2. საშუალო პროფესიული დონის პირები, რომლებიც მეტ-ნაკლებად არიან დაცულნი პროფკავშირებით და კოლექტიური ხელშეკრულებებით;
3. მაღალკვალიფიციური იშვიათი პროფესიების მქონე მუშაკები;
4. არაკვალიფიციური მუშები, რომლებიც, როგორც წესი, პირველ რიგში ხდებიან უმუშევრები;
5. ინვალიდები, ქრონიკულად დაავადებულნი, ლოთები, ნარკომანები და შელახული რეპუტაციის მქონე პირები.
მოსახლეობის ბოლო ორი ჯგუფი სახელმწიფო ორგანოების ზრუნვის უმთავრესი ობიექტი გახდა.
დასაქმების პოლიტიკა დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ეკონომიკაში მიმდინარე სტრუქტურულ ძვრებზე, სამუშაო ძალის რაოდენობასა და ხარისხზე მოთხოვნის ცვლილებებზე. ტექნოლოგიური განვითარების მასშტაბებიდან გამომდინარე, ეროვნული მთავრობები სხვადასხვა ხარისხით ახდენენ გავლენას ორ მნიშვნელობან ასპექტზე: ეკონომიკური განვითარების მდგომარეობასა და მომსახურების განვითარების დონეზე.
დასაქმების უზრუნველყოფის ერთ-ერთ მიმართულებად შეიძლება მივიჩნიოთ დასაქმების სპეციალური პროგრამების საშუალებით სახელმწიფოს მიერ სამუშაო ადგილების შექმნა ამავე სექტორში.
დასაქმების რეგულირების მიზნით სხვადასხვა ქვეყანაში გამოიყენება მრავალი ეკონომიკური ბერკეტი. მაგ; აშშ-ში მთავრობა შრომით რესურსებზე მოთხოვნას არეგულირებს სახელმწიფო შესყიდვების, სუბსიდიების, საგადასახდო და საკრედიტო პოლიტიკის საშუალებით.
საფრანგეთში დასაქმების პოლიტიკას განსაზღვრავს სპეციალური დეკრეტი, რომლის თანახმად, სოციალური ურთიერთობებისა და ნაციონალური სოლიდარობის სამინისტრო და სამინისტროთაშორისი კომიტეტები შეიმუშავებენ მთლიანი ეროვნული და ადგილობრივი შრომის ბაზრის რეგულირების ღონისძიებებს, ახდენენ მათ კოორდინაციას, განსაზღვრავენ პროფესიული განათლების ძირითად მიმართულებებს, ახორციელებენ დახმარებას კრიზისული რაიონებისათვის და ოლქებისათვის. კონსულტანტის როლში გამოდის ეკონომიკური და სოციალური საბჭო და დასაქმების უმაღლესი კომიტეტი. საბოლოოდ, დასაქმების ფონდი გადაწყვეტილებას იღებს სახსრების განაწილებაზე იმ რეგიონებს შორის, სადაც სამუშაო ძალაზე მოთხოვნასა და მიწოდებას შორის ბალანსი დარღვეულია.
იაპონიაში ასაკოვან ადამიანთა დასაქმების საკონსულტაციო სამსახურს 1980 წელს 250 ცენტრი ჰქონდა ქვეყნის ყველა რეგიონში. კომისიამ მხოლოდ 1980 წელს შეძლო, მოეწყო სამსახურში მასთან აღრიცხვაზე მყოფი მოსახლეობის 29%. ამ პერიოდში ცალკე გამოყვეს მოსახლეობის ის კატეგორია, რომელსაც შრომითი მოწყობის საკითხებში განსაკუთრებული სიძნელეები ჰქონდა. ესენი იყვნენ: ინვალიდები, უსახლკაროები, ადრე ნასამართლევი პირები და ასევე ისინიც, ვისაც უკვე შეუსრულდა 45 წელი. მათ უფლება ჰქონდათ, მიეღოთ პირველადი საკონსულტაციო დახმარება უფასო გადამზადებაში და ამავე დროს ფულადი დახმარება სახელმწიფო ხარჯზე ექვსი თვის განმავლობაში.
აშშ-ში ფედერალური დასაქმების სამსახურის ყველა შრომის ბიუროში არსებობს პროფორიენტაციის ცენტრები, რომლებსაც პირდაპირი კონტაქტები აქვთ საერთო საგანმანათლებლო სკოლებთან. კორპორაციები და ფირმები სახელმწიფო პროფესიულ-ტექნიკური მომზადების პარალელურად ატარებენ ანალოგიურ კურსებს, რაც ბოლო დროს განსაკუთრებით განვითარდა. ბელგიის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, ნიდერლანდების, გერმანიის და საფრანგეთის მთავრობები მსხვილ სახსრებს გამოყოფენ პროფესიული მომზადების ორგანიზაციისათვის არა მარტო პროფესიულ სახელმწიფო ცენტრებში, კოლეჯებსა და სკოლებში, არამედ უშუალოდ საწარმოებში. ეს ღონისძიებები საწარმოს ადმინისტრაციას საშუალებას აძლევს, შეამციროს პროფესიული განათლების ღირებულება და სამსახურში მიიღონ ახალგაზრდა კადრები. აღსანიშნავია, რომ ეს ხელს უწყობს აგრეთვე სამუშაო ძალის ხარისხის ზრდას და აადვილებს მომვალში შრომით მოწყობას. აღნიშნული ღონისძიებების როლი მნიშვნელოვანია სოციალური დაძაბულობისა და უკმაყოფილების შემცირებისა და აღკვეთის საქმეში.
განვითარებული ქვეყნების გამოცდილების შესწავლამ ცხადყო, რომ შრომის ბაზარი არის საერთო ეკონომიკური საბაზრო მექანიზმის ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი ნაწილი. სწორედ ის იძლევა საშუალებას, ეფექტიანად იქნეს გამოყენებული შრომითი პოტენციალი და შეიქმნას კონკურენტუნარიანი გარემო სამუშაო ადგილებზე. შესაბამისად, მოხდეს კვალიფიციური კადრების რაოდენობრივი ზრდა. შრომის ბაზარი ასევე ხელს უწყობს სამუშაო ძალის მობილურობის ზრდას და, შესაბამისად, დასაქმების ალტერნატიული ფორმების გავრცელებას.
დასაქმების პოლიტიკაში არსებობს საშუალებათა მოძიების რამდენიმე ძირითადი ვარიანტი: პასიური, ზომიერად პასიური, აქტიური. პირველი ითვალისწინებს უმუშევართათვის ფულადი დახმარების გაცემასა და დასაქმების სახელმწიფო სამსახურის მიერ უმარტივესი სამუშაო ადგილების შეთავაზებას; ზომიერად პასიური – უმუშევართა მატერიალურ დახმარებას იმ განსხვავებით, რომ მის მიერ შეთავაზებული სამუშაო ადგილები მრავალფეროვანია. მიმდინარე სახელმწიფო ხარჯების თვალსაზრისით, გარეგნულად ორივე ვარიანტი ეკონომიურია. პასიური მოლოდინის ტაქტიკა გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ძალზე მოქმნილია შრომის ბაზარი და სამუშაო ძალა. პოზიტიური ეკონომიკური პერსპექტივების დროს მაღალია დამოუკიდებელი შრომითი მოწყობის შესაძლებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, პასიური პოლიტიკის შემაფერხებელი რეგულატორები შრომის ბაზარზე სუსტი აღმოჩნდება და ისინი მხოლოდ გააუარესებენ სიტუაციას. დასაქმების აქტიური პოლიტიკის უქონლობა მნიშვნელოვნად ზღუდავს დასაქმების სამსახურებს.
საქართველოს პირობებში საბაზრო ეკონომიკის გარდამავალ პერიოდში დასაქმების პოლიტიკისათვის ოპტიმალური და მისაღები გარანტია აქტიური პოლიტიკის განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის მაქსიმალური რაოდენობის დასაქმებასა და სამუშაო ძალის მაღალ ხარისხს კონკურენტუნარიანი პროდუქციის გამოშვების სტიმულირების, ეკონომიკური ზრდისა და საზოგადოების კეთილდღეობის ფონზე. რა თქმა უნდა, პასიური ზომების მთლიანად გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ მნიშვნელოვანია, დამყარდეს ამ უკანასკნელსა და აქტიურ ზომებს შორის ოპტიმალური შეთანაწყობა.
ცალკეულ ეკონომისტთა აზრით, დასაქმების აქტიური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებია:
1. არაკონკურენტუნარიან და ნაკლებად დაცულ მუშაკთა დასაქმების მხარდაჭერის სპეციალური ფორმების გამოყენება, სპეციალური სამუშაო ადგილების შენარჩუნება და შექმნა, პროფორიენტაცია და პროფგანათლება სამუშაოზე მოწყობის გარანტიით (მათ შორის, ინვალიდები, მარტოხელა დედები, რომლებიც ზრდიან არასრულწლოვან ბავშვებს და მოზარდები).
2. იმ პირთა პროფესიული გადამზადება, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ უმუშევრები;
3. შრომის ბაზარზე სამუშაო ძალის ხარისხის ამაღლება, საშუალო და უმაღლესი განათლების სისტემის სრულყოფის ხარჯზე, რაც ორიენტირებულია დამქირავებლისა და შრომის ბაზრის მოთხოვნაზე;
4. უწყვეტი განათლების სისტემის ფორმირება (სამუშაო ადგილზე განათლების მიღებისა და თვითგანათლების შესაძლებლობების გაფართოების ჩათვლით);
5. პროფორიენტაციის სისტემის დახვეწა და მოსახლეობის ფსიქოლოგიური მხარდაჭერა;
6. ეკონომიკის საბაზრო სექტორში სამუშაო ადგილების შექმნა ან პროფილის შეცვლა, რაც უზრუნველყოფს მუშაკების დასაქმების რესტრუქტურიზაციას, იძულებით უმუშევართა შრომით მოწყობას სპეციალობების მიხედვით და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა.
დასაქმების პრობლემების გადაწყვეტა ეფუძნება საერთო ეკონომიკურ და აქტიურ სოციალურ პოლიტიკას. ეს უკანასკნელი მოიცავს სამუშაო ძალის დინამიკური სტრუქტურის ფორმირებას პროფესიონალური მომზადების სისტემისა და მოქნილი შრომის ბაზრის შექმნის სტიმულირების საშუალებით.
დასაქმების აქტიური პოლიტიკის განხორციელება გულისხმობს ორგანიზაციული ღონისძიებების კომპლექსის გატარებას:
1. შრომის ბირჟების საინფორმაციო ბანკებში სამუშაო ძალის მოთხოვნასა და მიწოდებას შორის შესაბამისობა, შრომის ბაზრის ინფრასტრუქტურის განვითარების უზრუნველყოფა სამუშაო ძალის მესაკუთრესა და დამქირავებელს შორის საინფორმაციო-საკონსულტაციო სპეციალიზებული სამსახურების შექმნის გზით;
2. აქტიური და სპეციალიზებული საშუამავლო ფორმების ფართო გამოყენება: ვაკანსიების ბაზარი, სპეციალისტების დღეები და ა.შ.
3. რეგიონული და ლოკალური შრომითი ბაზრის კონიუნქტურის განვითარების შესაბამისად მოხდეს დაუსაქმებელი სამუშაო ძალის შრომითი, პროფესიული და ტერიტორიული მობილურობის შეთანაწყობა;
4. უმუშევრობის ხანგრძლივობის რეგულირება რეგისტრაციისა და აღრიცხვის რაციონალური ფორმების გამოყენების საფუძველზე, სოციალური გარანტიების კორექტირება რეგიონულ შრომის ბაზარზე მდგომარეობის შეცვლის გათვალისწინებით.
დასაქმების აქტიური პოლიტიკა ხელს უნდა უწყობდეს შრომის ბაზარზე სტრუქტურული გადახრების შემცირებას, სამუშაო ძალის მობილურობის გაზრდას, მოთხოვნის მიხედვით მათ პროფესიულ ადაპტაციას და ხელსაყრელი კონიუნქტურის მქონე რეგიონებში შრომითი მიგრაციის ურთიერთშეთანხმებულ ქმედებას.
დღევანდელ პირობებში უმუშევართა დახმარება განვითარებული საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნების დასაქმების სისტემის აუცილებელი კომპონენტია. დახმარება საშუალებას აძლევს უმუშევარ ადამიანებს, ახალი სამუშაო ადგილის პოვნამდე საარსებო წყარო ჰქონდეთ. უმუშევართა ფულადი დახმარება მეტ-ნაკლებად ამსუბუქებს სამუშაო ბაზრის დაბალანსებას იმით, რომ ადამიანს საშუალებას აძლევს, შეაგროვოს ინფორმაცია სამუშაო ბაზარზე არსებულ მდგომარეობაზე და მიზანმიმართული არჩევანი მიიღოს, რაც ბუნებრივად ხელს უწყობს შრომითი რესურსების გამოყენების ეფექტიანობის გაზრდას. მაგრამ უმუშევართა დახმარებამ შეიძლება სხვადასხვაგვარი გავლენაც მოახდინოს შრომის ბაზარზე. დახმარების ხანგრძლივობამ შესაძლებელია, გამოიწვიოს ხანგრძლივი დაუსაქმებლობა, რისი ხარჯიც დააწვება საზოგადოებას, უფრო ზუსტად, დასაქმებულებს. ამგვარი მდგომარეობა შეიძლება შეიქმნას საქართველოშიც, როდესაც ზოგიერთისთვის უფრო ხელსაყრელი იქნება უმუშევართა დახმარების მიღება, ვიდრე საკუთარი შრომის ფასად უმნიშვნელო ხელფასის აღება.
ამ მიზნით მიზანშეწონილად მიგვაჩნია სოციალური დახმარების ერთიანი სახელმწიფო ფონდის შექმნა, რომელიც სოციალურ დახმარებებს გასცემს შრომისუუნარო ინვალიდებზე, მარტოხელა მოხუცებზე, უმუშევარ მარტოხელა დედებზე, რომლებიც ზრდიან არასრულწლოვან ბავშვებს, მოზარდებზე. ხოლო დანარჩენ კატეგორიაზე კი მხოლოდ განსაზღვრული ვადით (2 თვე) გასცემს სოციალურ დახმარებებს ფულადი სახით; 2 თვის გასვლის შემდეგ კი პიროვნება უნდა დასაქმდეს ამა თუ იმ სფეროში.
დასაქმების სახელმწიფო პროგრამა უნდა ეყრდნობოდეს დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკას. ამ პოლიტიკის მიზანს წარმოადგენს სრული, ეფექტიანი და თავისუფალი არჩევითი დასაქმების ურთიერთშერწყმა, რაც უნდა განხორციელდეს პროფესიული მომზადების, გამოთავისუფლებული მოქალაქეების კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების, ხანგრძლივი დროით (ქრონიკული) უმუშევრობის შეჩერების, დასაქმების სახელმწიფო სამსახურის ეფექტიანობის ამაღლებისა და იმ ღონისძიებათა რეალიზაციის საფუძველზე, რომლებიც მიმართულია შრომის ბაზარზე მოქალაქეების სოციალური დაცვისაკენ.
დასაქმების რეგულირების ამოცანაა როგორც სრული დასაქმების მიღწევა, ასევე უმუშევრობის ხანგრძლივობის შემცირება და უმუშევართა მიერ სამუშაო ადგილების ინტენსიური ძებნის სტიმულირების გაძლიერება. დასაქმების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ასევე მნიშვნელოვანია კადრების პროფესიული მომზადებისა და გადამზადების სისტემის განვითარება, რომელიც შეასრულებს ორ ერთმანეთთან დაკავშირებულ ფუნქციას:
1. უზრუნველყოფს ეკონომიკის მოთხოვნების შესაბამისად მუშაკების პროფესიულ-კვალიფიციური შემადგენლობის ტრანსფორმაციას;
2. შეამცირებს უმუშევრობის მასშტაბებს, განსაკუთრებით მის სტრუქტურულ და ტექნოლოგიურ შემადგენლობებს.
კადრების მომზადება-გადამზადება უნდა განხორციელდეს მაკრო და მიკრო ეკონომიკურ დონეებზე.
პირველ შემთხვევაში საუბარია სახელწიფოს ზემოქმედებაზე მუშაკთა პროფესიონალურ-კვალიფიციური შემადგენლობის ფორმირების პროცესზე, რისი მიზანიცაა უმუშევრობის შემცირება ან მისი მასობრივი გამოვლენისათვის ხელის შეშლა.
მეორე შემთხვევაში იგულისხმება სახელმწიფო და არასახელმწიფო საკადრო პოლიტიკა, რომელიც მიმართულია წარმოების კვალიფიციური კადრებით დაკმაყოფილებაზე. აუცილებელია, შეიქმნას პროფესიული დასაქმების მართვის კომპლექსური სისტემა, რაც საშუალებას მოგვცემს, ეფექტიანად გადავწყვიტოთ უმუშევრობის პრობლემა მოსახლეობის პროფესიული მომზადებისა და გადამზადების გზით. უმუშევრობასთან ბრძოლაში პასიურ ღონისძიებათა გატარებიდან საჭიროა, გადავიდეთ აქტიურ, მიზანმიმართულ ქმედებაზე. დიდი როლი ენიჭება ადგილობრივ ინიციატივებს შრომის მოწყობის, საინოვაციო-სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობაში. მოსახლეობის რეგიონული მობილურობის მიზნით უნდა მოხდეს მათი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის შეცვლასთან დაკავშირებული ხარჯების კომპენსირება. ამგვარად, გარდამავალ პერიოდში დასაქმების პოლიტიკაში უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს დასაქმების სოციალურად მისაღები დონის უზრუნველყოფა.
კრიზისიდან გამოსვლისა და ეკონომიკურ ზრდაზე გადასვლისათვის აუცილებელია დასაქმების სახელმწიფო რეგულირების აქტიური პოლიტიკა, რომელმაც უახლოეს პერიოდში შემდეგი ამოცანები უნდა გადაწყვიტოს:
1. სოციალური, დემოგრაფიული, მიგრაციული პოლიტიკის შეთანხმება დასაქმების პოლიტიკის პრიორიტეტებთან და მიზნებთან. კვალიფიციური კადრების საზღვარგარეთ გასვლის მინიმუმამდე დაყვანა, მიგრანტების დასაქმების ხელშეწყობა, ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა შემოსავლების რეგულირება. შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის ხარისხის რეგულირება (ჯანმრთელობის მდგომარეობა და ა.შ.)
2. საფინანსო-საკრედიტო, სტრუქტურული, საინვესტიციო, შიდა ეკონომიკური პოლიტიკის შეთანხმება დასაქმების პოლიტიკის პრიორიტეტებსა და მიზნებთან;
3. მოქმედ საწარმოებში, სადაც შესაძლებელია ეკონომიკური ზრდა, კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და განახლება, მის მიერ წარმოებულ პროდუქციაზე მოთხოვნის გადიდების და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების ხარჯზე;
4. შრომითი პოტენციალის იმ კვალიფიციური ნაწილის დასაქმების ხელშეწყობა, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია სამეცნიერო-ტექნიკურ პროგრესთან და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებასთან, მაგრამ ამჟამად დროებით კრიზისულ მდგომარეობაშია.
5. საწარმოო პერსონალის იმ ნაწილის წინასწარი გადამზადების უზრუნველყოფა, რომელზეც მოთხოვნა მცირდება წარმოებაში მოსალოდნელი სტრუქტურული ცვლილებებისა და მოდერნიზაციის ან გაკოტრების შედეგად;
6. უმუშევართა დარჩენილი სამუშაო ძალის სასწრაფოდ შრომითი მოწყობის უზრუნველყოფა, რათა თავიდან ავიცილოთ მათი კვალიფიკაციის დაკარგვა.
7. უმუშევართა და მათი ოჯახის დაბალშემოსავლიანი წევრების სოციალური დახმარების გაძლიერება. უმუშევართა სოციალური მხარდაჭერა – ეს არის არსებითად დასაქმების პოლიტიკის ძირითადი მიმართულება.
უმუშევრობის დაძლევისა და ეფექტიანი დასაქმების პრობლემების გადაწყვეტისას დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია დასავლეთის განვითრებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას, საქართველოს სპეციფიკის, ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკური და კულტურული ტრადიციების გათვალისწინებით.