“ფუნქციონალური დანიშნულების” ახალი პროდუქტების წარმოების პერსპექტივები საქართველოში
გივი მიქელაძე, ტექ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი, ლიანა ბერიკაშვილი, ეთერ სარჯველაძე, ეკ. მეცნ. კანდიდატი, დალი წულაია, ტექ. მეცნ. კანდიდატი, ელენე ტოფაძე, ტექ. მეცნ. კანდიდატი
დედამიწაზე ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესება და ამასთან დაკავშირებით კვების პროდუქტების დაბინძურება რადიონუკლეიდებით, ტოქსიკური შენაერთებით, ბიოლოგიური აგენტებით, მიკროორგანიზმებით, ხელს უწყობს მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუარესების ზრდის ტენდენციას განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საშიში ნივთიერებების თითქმის 70% ადამიანის ორგანიზმში კვების პროდუქტებიდან ხვდება.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თანამედროვე მძაფრი კონკურენციის პირობებში, პროდუქციის ხარისხის მართვის სისტემის ჩამოყალიბება, ეკოლოგიურად “უსაფრთხო კვების” ნაციონალური კონცეფციის შემუშავება და “ფუნქციონალური დანიშნულების” ტრადიციული თუ ახალი პროდუქტების წარმოებისათვის ხელშეწყობა უნდა განვიხილოთ, როგორც უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი პოლიტიკა.
ცნობილია, რომ ჯანსაღი კვების პროდუქტების საცალო ვაჭრობის პირველი ქსელი შეიქმნა ევროპაში და ამერიკაში ჯერ კიდევ მსოფლიო ომის წინა პერიოდში და აქედან მოყოლებული, იგი სულ უფრო პოპულარული ხდება, რადგან მომხმარებელთა შორის დიდი მოთხოვნით ხასიათდება. ევროპაში ასეთი ტიპის პროდუქტების ბაზრის სეგმენტმა უკვე 10 მლრდ ევროს მიაღწია. პროგნოზული შეფასებით, ზრდის ტემპები უახლოეს წლებში შეადგენს დაახლოებით წელიწადში 20%-ს (8).
კვების სფეროში მომუშავე სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ნატურალური და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები უნდა ხასიათდებოდეს კვებითი ღირებულებით, საგემოვნო თვისებების, ფიზიოლგიური ზემოქმედების მაღალი ხარისხით, ისინი უნდა ემსახურებოდეს ჯანმრთელობის შენარჩუნებას, სწრაფად და ადვილად ადაპტირებას განუწყვეტლივ ცვალებადი გარემომცველი სასიცოცხლო პირობებისადმი. ასეთ პროდუქტებს განეკუთვნება “ფუნქციონალური დანიშნულების”კვების პროდუქტები.
ვინაიდან ჩვენ მიერ შემუშავებული ხილის ახალი ნაყინი და უალკოჰოლო სასმელები გამოირჩევა მაღალი ფიზიოლოგიური აქტივობით და, მათი თვისებებიდან გამომდინარე, მიეკუთვნება “ფუნქციონალური დანიშნულების”კვების პროდუქტების რიცხვს, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, განვიხილოთ ამ ტიპის კვების პროდუქტების კონკურენტუნარიანობა და ადგილი მსოფლიო ბაზარზე.
დღეისათვის მსოფლიო ბაზარზე “ფუნქციონალური დანიშნულების” კვების პროდუქტების რეალიზაცია უკვე აღემატება 50 მილიარდ ამერიკულ დოლარს (7). 2003 წლის ოფიციალური მონაცემებით, ამ პროდუქტების ბაზრის თითქმის 40% ეკუთვნის აშშ-ს, 25%-მდე – იაპონიას და 32%-ზე მეტი – ცენტრალური ევროპის ქვეყნებს (იხილეთ გრაფიკული სურათი 1).
ცენტრალური ევროპის ქვეყნებში “ფუნქციონალური კვების პროდუქტების” ყველაზე აქტიური მწარმოებლები არიან: გერმანია, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი (იხილეთ გრაფიკული სურათი 2).
“ფუნქციონალური დანიშნულების” კვების პროდუქტების ამერიკული ბაზრის ანალიზი 2003 წლიდან 2010 წლისათვის მისი ზრდის ტენდენციას ადასტურებს. ძირითად ჯგუფებად “ფუნქციონალურ დანიშნულების” კვების პროდუქტებში იქნება უალკოჰოლო სასმელები და პროდუქტები მარცვლეულის ბაზაზე (იხილეთ სურათი 3). რაც შეეხება მზა საუზმეებს, რძის პროდუქტებს (მათ შორის ნაყინს), მათი წილი “ფუნქციონალური დანიშნულების” კვების პროდუქტებში 10%-ს არ აღემატება. თუმცა 2010 წლისათვის მათი მოცულობა გაიზრდება 3-3.5-ჯერ.
“ფუნქციონალური დანიშნულების” კვების პროდუქტების წარმოება, როგორც (სურათი 3) მონაცემების ანალიზით ვხედავთ, ფართოდ გავრცელდა და აქტიურად ვითარდება მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში. ევროპაში ასეთი პროდუქტების გამოშვება მთლიანი წარმოების მოცულობის 20%-ს აღწევს.
“ფუნქციონალური დანიშნულების” კვების პროდუქტების გავრცელებაში არის ეკოლოგიური ასპექტიც. მოსახლეობის ჯანმრთელობა ეკოლოგიურად არაჯანსაღ რეგიონში შეიძლება გაუმჯობესდეს მათ რაციონში სპეციალური “ფუნქციონალური დანიშნულების” კვების პროდუქტების შეტანით. (3).
მსოფლიოს კვებისა და მედიცინის სფეროს ცნობილი მეცნიერების პროგნოზის თანახმად, უახლოეს ათწლეულში მათი წილი მიაღწევს მთლიანად კვების პროდუქტების ბაზრის 30%-ს. გარდა ამისა, ისინი 35-50%-ით შეამცირებენ ტრადიციული სამკურნალო პრეპარატების მოხმარებას. პროგნოზით, უახლესი ხუთი წლის განმავლობაში ამ სექტორის ყოველწლიური მატება კვების ბაზარზე იქნება არანაკლები 7-10%-ისა (7).
როგორც ვხედავთ, “ფუნქციონალური დანიშნულების” კვების პროდუქტების წარმოება და მათზე მოთხოვნილება თანდათან იზრდება და ბაზრის საკმაოდ დიდ სეგმენტს იკავებს. რაც შეეხება საქართველოს ბაზარს, უნდა ითქვას, რომ ამ მხრივ პროცესი ჩანასახულ მდგომარეობაშიც კი არ არის (1, 2).
საქართველოს ბაზარზე არსებული ადგილობრივი მწარმოებლები ფართო ასორტიმენტის ნაყინს და უალკოჰოლო სასმელებს აწარმოებენ, მაგრამ როგორც კვლევამ გვიჩვენა, მწარმოებელი კომპანიები ძირითადად მათ დასამზადებლად იმპორტული წარმოების ნედლეულს იყენებენ- მზა ფხვნილები, კონცენტრატები ცალკეული კომპონენტების და დანამატების სახით, რომელთა კეთილხარისხოვნებაზე და უვნებლობაზე ინფორმაცია მწირია ან საერთოდ არ არსებობს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ეს ფაქტი იმიტომ, რომ ამ პროდუქტების ძირითადი მომხმარებლები არიან ბავშვები და მოზარდები. ბაზრის მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, ადგილობრივმა მწარმოებლებმა კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად უნდა იზრუნონ “ახალი თაობის” – ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივი ნედლეულით დამზადებული, დიეტური და სამკურნალო თვისებების ნაყინისა და უალკოჰოლო სასმელების წარმოებაზე.
წარმოების სტაბილური კონკურენტუნარიანობის უზრუნველსაყოფად საბაზრო ეკონომიკის პირობებში მნიშვნელოვანია, გათვალისწინებული იქნეს შემდეგი ფაქტორები:
– პროდუქციის სასაქონლო სახე და გემოვანი თვისებები;
– მაღალხარისხოვანი ბუნებრივი ნედლეული;
– არატრადიციული ტექნოლოგიის გამოყენება და მისგან სამკურნალო-პროფილაქტიკური დანიშნულების ასორტიმენტის წარმოება;
– შენახვის ვადების გახანგრძლივება ისეთი ნედლეულისა და დანამატების გამოყენებით, რომელიც შეიცავს ბუნებრივ ანტიოქსიდანტებს და ოპტიმალური ფასი.
ახალი ტექნოლოგიის “ფუნქციონალური დანიშნულების” პროდუქტების წარმოების შემთხვევაში გათვალისწინებულია კონკურენტუნარიანობაზე მოქმედი ყველა ეს ფაქტორი.
ახალი, “ფუნქციონალური დანიშნულების”, ხილის ნაყინისა და უალკოჰოლო ენერგეტიკული სასმელების კონკურენტუნარიანობის შეფასება მოვახდინეთ კომპლექსურად – ხარისხობრივი და ღირებულებითი მაჩვენებლების მიხედვით.
ხარისხობრივი მაჩვენებლებით კონკურენტუნარიანობა შეფასდა შემდეგი ფორმულის მიხედვით:
K= P1
P2
სადაც K – არის ხარისხის ფარდობითი მაჩვენებელი,
P1 – შესაფასებელი პროდუქტის ხარისხის მაჩვენებლების მნიშვნელობა,
P2 – საბაზისო პროდუქტის ხარისხის მაჩვენებლების მნიშვნელობა.
ხარისხის ძირითად მაჩვენებლებად გამოვყავით: ფიზიოლოგიური თვისებები, სასაქონლო სახე, გემო, არომატი, კონსისტენცია (ნაყინის შემთხვევაში).
ყველა მაჩვენებლის მიხედვით, ჩვენ მიერ მიღებული პროდუქტები ხასიათდება მაღალი კონკურენტუნარიანობით.
ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის მეტად მნიშვნელოვანია, რომ ახალი ტექნოლოგიის “ფუნქციონალური დანიშნულების” საკვები პროდუქტების წარმოება შესაძლებელია მთლიანად ადგილობრივი ნედლეულის გამოყენებით. დღეს მსოფლიოში ძნელად მოიძებნება საქართველოს შესაძლებლობების მქონე სხვა ქვეყანა, რომელსაც აქვს ადგილობრივი, ეკოლოგიურად სუფთა ხილ-კენკრის (ვაშლი, მსხალი, ყურძენი, ციტრუსები და ა.შ.) ნედლეულის წარმოების ასეთი მაღალი პოტენციური შესაძლებლობა. ეს ნედლეული სამრეწველო მასშტაბით თითქმის გამოუყენებელია.
ჩვენი ტექნოლოგიით მიღებული “ფუნქციონალური დანიშნულების” ახალი პროდუქტების: ხილის ნაყინი “ჯანმრთელობის” და ენერგეტიკული უალკოჰოლო სასმელების ძირითად კომპონენტს წარმოადგენს ხილის წვენების წარმოების ნარჩენი – ხილის ნაწნეხის სახით. მეორე ძირითადი კომპონენტია ცილოვან-პეპტიდური კონცენტრატი, რომელიც ღვინის წარმოების მეორადი ნედლეულისაგან მიიღება. ნატურალური მეორადი ნედლეულის გამოყენება კი განაპირობებს ამ პროდუქტების დაბალ თვითღირებულებას.
პროდუქციის თვითღირებულების გაანგარიშება მოხდა შემდეგი დანახარჯების მიხედვით: ნედლეულის და დამხმარე მასალების ღირებულება, ენერგეტიკული დანახარჯები, მანქანა-დანადგარების შენახვისა და ექსპლუატაციის ხარჯები, საერთო საწარმოო ხარჯები, არასაწარმოო და სხვა ხარჯები.
ახალი ტექნოლოგიით შემუშავებული საკვები პროდუქტები ფიზიოლოგიური მნიშვნელობით, ხარისხით და ფასით მაღალი კონკურენტუნარიანობით გამოირჩევა, შესაბამისად, ხელს უწყობს წარმოების ეფექტიანობის ამაღლებას.
აღნიშნული ტექნოლოგიები დაპატენტებულია, შემუშავებულია ტექნიკური პირობები და ტექნოლოგიური ინსტრუქციები. შესაბამისი ინვესტიციების შემთხვევაში ამ პროდუქტების წარმოება სირთულეებთან არ არის დაკავშირებული.
“ფუნქციონალური დანიშნულების” პროდუქტების ბაზარზე შესვლის და გადაადგილების სტრატეგიის შემუშავების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია რეკლამა და სარეკლამო კამპანიის სწორად წარმართვა ახალი საქონლის ფიზიოლოგიური თვისებების შესახებ. ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, მომხმარებელი მეტად ენდობა საინტერესო-შემეცნებით სტატიებს, ვიდრე მშრალ რეკლამებს. ასეთი მეთოდის რეკლამის კიდევ ერთი უპირატესობა არის ის, რომ სტატიაში შეიძლება დაწვრილებით მოვუთხროთ მომხმარებელს ახალ პროდუქტზე, ახალ ტექნოლოგიაზე, შემადგენელ ბუნებრივ ნედლეულზე და მის დადებით ფიზიოლოგიურ გავლენაზე.
ამავე სტრატეგიით შეიძლება სარეკლამო კამპანიის განხორციელება ტელევიზიასა და რადიოში.
სარეკლამო პროგრამის შედგენისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს პრომოუშენ-აქციებს. ეს არის ყოველნაირი პრეზენტაციები. “ფუნქციონალური დანიშნულების” საკვები პროდუქტების სარეკლამო სტრატეგია ადაპტირებული უნდა იყოს და გამომდინარეობდეს კონკრეტულად მისი სპეციფიკიდან. შესაბამისი ინფორმაციული უზრუნველყოფის პირობებში ახალი ტექნოლოგიის საკვები პროდუქტები შეძლებენ ბაზრის საკუთარი სეგმენტის დაკავებას.