ფირმის კონკურენტუნარიანობა და მისი კრიტერიუმები
იზოლდა პირტახია, ეკ. მეცნ. კანდიდატი, ალისა ვაშაკიძე
საბაზრო ეკონომიკის პირობებში ბაზრისათვის საქონლის მწარმოებელ ფირმას არ შეუძლია, დიდი ხნით ჰქონდეს მყარი პოზიცია მხოლოდ საქონლის კონკურენტუნარიანობაზე დაყრდნობით, თუ არ გაითვალისწინა დანახარჯები მის წარმოებასა და რეალიზაციაზე. ამ დროს საჭიროა არა მხოლოდ საქონლის, არამედ მთლიანად მწარმოებელი ფირმის კონკურენტუნარიანობის შეფასება.
ეკონომიკურ ლიტერატურაში ჯერ კიდევ არ არის შემუშავებული “კონკურენტუნარიანობის” ერთიანი ცნება და მწარმოებლის კონკურენტუნარიანობის შეფასების მეთოდები. არსებობს ამ პრობლემის გადაჭრის რამდენიმე მიდგომა. ფირმის კონკურენტუნარიანობას ზოგჯერ აფასებენ შედარებითი უპირატესობით, ფირმისა და დარგის წონასწორობის მიხედვით, ფირმის საბაზრო პოზიციით, პროდუქციის ხარისხით და ფირმის პროფილით და ა.შ.
მწარმოებლის (ფირმის, დარგის) კონკურენტუნარიანობა შეიძლება განისაზღვროს როგორც შედარებითი დახასიათება, რომელიც ასახავს მოცემული მეწარმის განვითარების განსხვავებას კონკურენტი მეწარმისაგან როგორც თავისი საქონლით (მომსახურებით), საზოგადოებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ხარისხით, ისე საწარმოო საქმიანობის ეფექტიანობით. ამ შემთხვევაში ამ ცნების ძირითადი აზრი ის არის, რომ იგი ახასიათებს მწარმოებლის შეგუების შესაძლებლობას და დინამიკას ბაზარზე კონკურენციის ცვალებად პირობებთან. ამრიგად, მწარმოებლის კონკურენტუნარიანობის ცნება უნდა შეიცავდეს ორ ელემენტს: მოთხოვნილების დაკმაყოფილებას და წარმოების ეფექტიანობის კრიტერიუმებს. კონკურენტების საქმიანობის ეფექტიანობა ხასიათდება გაყიდვის მოცულობით და რენტაბელობის დონით. შეფარდებითი უპირატესობის კანონის შესაბამისად, ქვეყანა სპეციალდება იმ საქონლის წარმოებასა და ექსპორტზე, რომელიც სხვა ქვეყანაში უფრო იაფად იწარმოება, ვიდრე მოცემული ქვეყნის შიგნით. რაც უფრო ნაკლებია წარმოების ხარჯები, მით მაღალია კონკურენტუნარიანობა. აქ წარმოების ფაქტორები ასრულებენ გადამწყვეტ როლს, ასევე მოქმედებს სტიმულირების მეთოდები და საბაჟო პირობები.
ეფექტიანი კონკურენციის თეორიის ჩარჩოებში არსებობს ორი მიდგომა კონკურენტუნარიანობის კრიტერიუმის განსაზღვრისათვის: სტრუქტურული და ფუნქციონალური. სტრუქტურული მიდგომის დროს შეფასება ხდება იმის მიხედვით, თუ როგორია დარგის მონოპოლიზაცია, წარმოებისა და კაპიტალის კონცენტრაცია და ბაზარზე კომპანიის შესვლის ბარიერები; წარმოების დიდმასშტაბურობის გამო ეკონომიურობა, პროდუქციის დიფერენციაცია, არსებული ფირმების აბსოლუტური უპირატესობა ხარჯებში, კაპიტალის სიდიდე, რაც აუცილებელია ეფექტიანი წარმოების მოსაწყობად.
ფუნქციონალური მიდგომის დროს მთავარ როლს ასრულებს ფირმის საქმიანობის მაჩვენებელი: ხარჯებისა და ფასების თანაფარდობა, პროდუქციის გამოშვების მოცულობა, მოგების ნორმა და სხვა. აქ მხედველობაში მიიღება შრომისმწარმოებლურობა (დამატებული ღირებულება შეფარდებული მუშაკთა რიცხვთან), წმინდა მოგების შეფარდება საბრუნავ კაპიტალთან, წმინდა მოგების შეფარდება საქონელბრუნვასთან და სხვა. ეს მიდგომა შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც მთელი დარგის და ფირმის, ისე მისი ცალკეული ნაწილების შესადარებლად და შესაფასებლად. თუ, მაგალითად, შრომისმწარმოებლურობაში 10%-ზე მეტია განსხვავება, ეს სერიოზული საფრთხეა კონკურენტუნარიანობისათვის. ეს მეთოდი ფართოდ გამოიყენება აშშ-ში, ევროპაში და შეიძლება დაინერგოს ჩვენთანაც.
კონკურენტუნარიანობის შეფასების ერთ-ერთი ხერხია ფირმებში მისი გაზომვა პროდუქციის ხარისხის მიხედვით. იგი ეყრდნობა მარკეტინგის თეორიას და გულისხმობს საქონლის შედარებას ტექნიკურ-ეკონომიკური პარამეტრების მიხედვით. გაანგარიშებების მიხედვით, თუ შედეგები მაღლდება, ეს ნიშნავს, რომ მოთხოვნა პროდუქციაზე იზრდება და ფირმა კონკურენტუნარიანია.
ფირმის მუშაობის ეფექტიანობის შეფასებისას დიდი მნიშვნელობა აქვს მოგებისა და ზარალის ანგარიშის ანალიზს, იმას, თუ რა წილი უჭირავს ხარჯებს რეალიზებული პროდუქციის ღირებულებაში. თუ მას აქვს შემცირების ტენდენცია, ეს ნიშნავს, რომ იზრდება წარმოების რენტაბელობა და ფირმის პროდუქციის კონკურენტუნარიანობა. წარმოების ორგანიზაციის დონის დასახასიათებლად გამოიყენება შრომის ნაყოფიერების მაჩვენებელი, რომელიც მიიღება წარმოებული (ან რეალიზებული) პროდუქციის შეფარდებით დასაქმებულ მუშაკთა საერთო რიცხვთან. ეფექტიანობაზე წარმოდგენას იძლევა სასაქონლო-მატერიალური მარაგის მდგომარეობა; თუ იგი უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე რეალიზაციის მოცულობა, მაშინ ეფექტიანობა ეცემა, საწარმოო სიმძლავრეების დატვირთვა კლებულობს, მცირდება შეკვეთების პორტფელი. ფინანსური მდგომარეობა, რაც აუცილებელია, შესწავლილ იქნეს კონკურენტუნარიანობის დასადგენად, განისაზღვრება მისი გადახდისუნარიანობით – დადგენილ ვადებში დაიფაროს საგამხდელო ვალდებულებები. პირველ ეტაპზე ფირმა ფინანსდება აქციების რეალიზაციიდან, შემდგომში – კაპიტალში დაბანდებული მოგებიდან. საკუთარი კაპიტალის შეფარდება საბალანსო ჯამთან ასახავს, რამდენად დამოუკიდებელია ფირმა დაფინანსების გარე წყაროებისაგან. რაც მაღალი იქნება ეს შეფარდება, მით უფრო მყარია ფირმის ფინანსური მდგომარეობა. მიღებულია, რომ დავალიანების თანხა არ უნდა აღემატებოდეს საკუთარ კაპიტალს. და თუ ეს შეფარდება 50%-ს არ აღემატება, მაშინ ნასესხები კაპიტალი ნორმის ფარგლებში უნდა იქნეს მიჩნეული.
საკუთარი კაპიტალის შეფარდება რეალურ ძირითად კაპიტალთან გვიჩვენებს თუ რა ზომით ხდება ძირითადი ფონდების დაფინანსება საკუთარი სახსრებით. თუ შეფარდება 1-ზე ნაკლებია, მაშინ ჩანს კაპიტალის ნასესხობა. ამ დროს ის პრინციპი მაინც უნდა იყოს დაცული, რომ მოგების დონე მეტი იყოს გრძელვადიანი სესხის პროცენტზე. გრძელვადიანი დავალიანება არ უნდა აღემატებოდეს საკუთარ საბრუნავ კაპიტალს (ანუ მთლიან კაპიტალს გამოკლებული მოკლევადიანი კრედიტი). თუ ეს მოთხოვნა არ არის დაცული, მაშინ გრძელვადიანი კრედიტის ნაწილი ხმარდება მიმდინარე ფინანსურ ოპერაციებს, რაც ზრდის ხარჯებს, რადგან გრძელვადიანი კრედიტი უფრო მაღალი სარგებლის ნორმით (პროცენტით) ხასიათდება, ვიდრე მოკლევადიანი. საბრუნავი აქტივების შეფარდება მოკლევადიან დავალიანებასთან წარმოადგენს დაფარვის კოეფიციენტს, რაც ფირმის გადახდისუნარიანობის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. იგი არ უნდა იყოს 1-ზე ნაკლები. ფირმის გადახდისუნარიანობა მაღალია მაშინ, თუ მისი მთელი დავალიანება იფარება ლიკვიდური აქტივებით ანუ საბრუნავი აქტივებით.
ფინანსური მდგომარეობის ანალიზიდან გამომდინარე, ფირმებისათვის მუშავდება საშუალოვადიანი (5 წლამდე) და მოკლევადიანი (1 წლამდე) პროგნოზები და რეკომენდაციები გაყიდვის მოცულობისა და დონის, ინვესტიციებისა და მოგების შესახებ, რისთვისაც დგინდება ბალური შეფასებით ექვსი კოეფიციენტი, რომლებიც საბოლოოდ ჯამდება და შეუდარდება სხვა ფირმებს.
1. პირველი კოეფიციენტია ლიკვიდობის კოეფიციენტი, რომელიც წარმოადგენს საბრუნავი საშუალებების (მარაგის გამოკლებით) შეფარდებას ფირმის მიმდინარე დავალიანებასთან.
2. მეორეა ფირმის დავალიანებათა შეფარდება საკუთარ კაპიტალთან. დავალიანება არ უნდა აღემატებოდეს საკუთარ კაპიტალს.
3. მესამეა მთლიანი მოგების კოეფიციენტი ანუ მთლიანი მოგების შეფარდება გაყიდვის მოცულობასთან.
4. მეოთხეა მთლიანი მოგების შეფარდება საკუთარ კაპიტალთან.
5. მეხუთეა წმინდა მოგების შეფარდება მთლიან აქტივებთან (ძირითადი და საბრუნავი ფონდების რენტაბელობის მაჩვენებელი).
6. ბოლოს, მეექვსეა კოეფიციენტი, რომელიც ახასიათებს ფირმის საკუთარი საბრუნავი კაპიტალის გამოყენების ეფექტიანობას (ეს არის გამოყიდვის ჯამის შეფარდება საკუთარ საბრუნავ კაპიტალთან). რაც მეტი იქნება ამ ბალების ჯამი, მით მეტია ფირმის შესაძლებლობა ბაზარზე და ნაკლებ სარისკოა იქ მისი გასვლა. თუ ბალების ჯამი 77-100-ის ფარგლებშია, მაშინ ბაზარზე გასვლის რისკი მინიმალურია, 56-დან 76-მდე – საშუალოა რისკის დონე, ხოლო 55-მდე ბალის დროს ბაზარზე გასვლის რისკი ძალზე მაღალია; თუ ბალები საერთოდ 0-ის ტოლია, ეს ნიშნავს, რომ ფირმას არ გააჩნია შესაძლებლობა, განახორციელოს თავისი ფუნქცია.
ბოლო ხანებში კონკურენციის მოცულობა გაიზარდა, რადგანაც ხშირად უცხოური კომპანიებიც შემოდიან ქვეყნებში და კონკურენციას უწევენ ადგილობრივ პროდუქციას მსგავსი ნაწარმით და მომსახურებით. დაბალი სავაჭრო ბარიერები, უკეთესი ტრანსპორტის სისტემები და მაღალი ხარისხის ელექტრო-ტექნოლოგიები ნიშნავს, რომ ახალ კონკურენტებს შეუძლიათ შემოვიდნენ ბაზარზე. კონკურენტული უპირატესობის პირობებში გლობალიზაცია და კონკურენტულობა სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი კონცეფცია ხდება თანამედროვე კომპანიებისათვის. ამერიკელი მეცნიერის, ფილიპ კოტლერის აზრით, კონკურენტულობა არის მომხმარებლისათვის გაზრდილი ფასეულობის საქონლის მიწოდება. უპირატესობა კონკურენტებს შორის კი მიიღწევა მომხმარებლისათვის უკეთესი პროდუქციის მიწოდებით, ან უფრო დაბალი ფასებით, ან უკეთესი მაჩვენებლებით, რაც ამართლებს მაღალ ფასს. მენეჯმენტის თეორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენლის, პორტერის აზრით კი, ფირმები კონკურენტულ უპირატესობას ქმნიან ინდუსტრიაში ახალი და უკეთესი მეთოდების აღმოჩენით და შემოაქვთ ისინი ბაზარზე, რაც წარმოადგენს ინოვაციების აქტს.
ასეთი ინოვაციების გამომწვევი ფაქტორებია: ახალი ტექნოლოგიები, მაგალითად, პროდუქტის შექმნა, წარმოების ტექნოლოგიები, მიწოდების სისტემები და სხვა; მომხმარებლის ახალი ან შეცვლილი მოთხოვნები, მაგალითად, სწრაფი კვების სახის მომსახურების მოთხოვნილება დაკავებული ადამიანებისათვის, რესტორნების ნაცვლად; ახალი ინდუსტრიის სეგმენტების გამოჩენა ანუ პროდუქტი ან მომსახურება, რომელიც აკმაყოფილებს მყიდველის ახალ ჯგუფს; წარმოების დანახარჯების შეცვლა ან მისაღები დანახარჯები სამუშაო ძალაზე ან გადასამუშავებელ მასალაზე; და, ბოლოს, ცვლილებები სახელმწიფო რეგულირებაში, მაგალითად, სავაჭრო ტარიფებში, წარმოების სტანდარტებში, გარემოს კონტროლში და ა.შ.
კონკურენტულობა გულისხმობს მომხმარებლის ფართო სპექტრის მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობას. ეს ნიშნავს აგრეთვე მსგავსი პროდუქციის უფრო იაფად მიწოდებას, თუმცა დღეისათვის უმჯობესია არსებულ ფასებში უკეთესი ხარისხის შეთავაზება.
ფირმის კონკურენტუნარიანობა დიდად არის დამოკიდებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობაზე. საქონლის კონკურენტუნარიანობა განიხილება როგორც მისი თვისებების ერთობლიობა, რაც უზრუნველყოფს მის უპირატესობას ბაზარზე და ხელს უწყობს სხვებთან შედარებით წარმატებით გასაღებას კონკურენციის პირობებში.
ბაზარზე პროდუქციის კონკურენტუნარიანობა დამოკიდებულია, ერთი მხრივ, ბაზრის სწორად შერჩევაზე, სადაც არსებობს მოთხოვნა და გამორიცხულია ან სუსტია კონკურენცია და, მეორე მხრივ, იმ ფაქტორების ერთობლიობაზე, რაც ახასიათებს თვით საქონელს.
საქონლის კონკურენტუნარიანობა ბაზარზე განისაზღვრება ისეთი ტექნიკურ-ეკონომიკური პარამეტრებით, როგორიცაა:
– საქონლის მოხმარების ფასი, რაც უდრის საქონლის შეძენის ფასს და მომხმარებლის საექსპლოატაციო ხარჯებს მისი გამოყენების მთელ პერიოდში;
– პროდუქციის კლასი, რომლის ჩარჩოებში განისაზღვრება კონკურენტუნარიანობა;
– ტექნიკური პარამეტრები, რომლებითაც ხასიათდება ნაწარმის დანიშნულება, საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიური თავისებურებები, საიმედოობა, ხანგამძლეობა, რემონტი;
– ნორმატიული პარამეტრები, რომლებიც გვიჩვენებენ საქონლის შესაბამისობას სტანდარტებთან და ნორმებთან, განსაზღვრავენ პატენტის სიწმინდეს და ნაწარმის სამართლებრივად დაცვის მდგომარეობას ბაზარზე;
– ესთეტიკური პარამეტრები, რაც გამოიხატება დიზაინის დონით, მოდასთან შესაბამისობით;
– ორგანიზაციული პარამეტრები ანუ მომსახურების სერვისი, გარანტიები, შესყიდვის დაფინანსების პირობები და სხვა.
საქონლის კონკურენტუნარიანობის შეფასება მოითხოვს ბაზრის ანალიზს, კონკურენტი საქონლის ანალიზს, მყიდველთა მოთხოვნის ანალიზს, შეფასების პარამეტრების შერჩევას, ფასების ანალიზს და გადაწყვეტილების მიღებას საქონლის მომავლის შესახებ.
სასაქონლო პოლიტიკის დამუშავების დროს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სავაჭრო მარკას და შეფუთვას, რომლითაც იგი გაიყიდება ბაზარზე, საწარმოო დანიშნულების საქონელზე კი სერვისის მდგომარეობას.
საქონლის შეფუთვას ორი მთავარი ფუნქცია აქვს. იგი, ჯერ ერთი, იცავს მას დაზიანებისაგან და, მეორე, ემსახურება მის რეკლამას. საქონლის დაცვის მიზნით შეფუთვის დადგენის დროს გაითვალისწინება ბაზარზე და მისი გადაზიდვის პროცესში არსებული კლიმატური პირობები; საქონლის ყოფნის ხანგრძლივობა მიმოქცევის სფეროში და შენახვის პერიოდი სასაწყობო რგოლებში.
შეფუთვის თავისებურებებიდან აღსანიშნავია მისი ზომა, მაგალითად, სუპერმარკეტებში შეფუთვის წონითი ერთეული უფრო დიდია. ქუჩებში კი ზოგიერთი საქონელი, მაგალითად, სიგარეტი, საღეჭი რეზინი, საპარსი და სხვა, ცალობითაც კი იყიდება. შეფუთვა დიდად არ უნდა აძვირებდეს პროდუქციას, გათვალისწინებული უნდა იყოს შესაფუთი მასალის ფერი.
ფირმის და საქონლის კონკურენტუნარიანობის ამაღლების და მოგების გადიდების უმნიშვნელოვანესი ფაქტორი არის საქონლის ხარისხი, მისი მაღალი დონე და მუდმივი გაუმჯობესება. ავიაკონსტრუქტორმა ო. ანტონოვმა დაამტკიცა, რომ თუ ალუმინის შენადნობის სიმტკიცე მხოლოდ 10%-ით ამაღლდება, მაშინ საშუალო სიდიდის თვითმფრინავზე შეიძლება დაიზოგოს 400 კგ-მდე ლითონი, რის შედეგად ყოველი ასეთი თვითმფრინავი დამატებით წაიღებს თითქმის ნახევარ ტონა ტვირთს. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ხარისხობრივ მაჩვენებლებს, რესურსების რაციონალურად გამოყენებას, შრომის ნაყოფიერების განუხრელ ზრდას, მისი ორგანიზაციის სრულყოფას, ლითონისა და სხვა მასალის ხარისხის გაუმჯობესებას, შრომის ახალი ტექნოლოგიების და მეთოდების დანერგვას.
რაც შეეხება წარმოების ზრდას, იგი თვითმიზანი როდია. მთავარია ადამიანი, მისი მოთხოვნილებები, მატერიალური და სულიერი კეთილდღეობის ზრდა. ამიტომ ყველაფერი – საზრდოც, ტანსაცმელიც, ბინაც, ტრანსპორტიც, წიგნებიც, კინოფილმიც და ა.შ., მთლიანად უნდა აკმაყოფილებდეს მას უმაღლესი ხარისხით. ხარისხი არც ისე ნათელი ცნებაა. ხარისხი არის ის, რაც შეიძლება იყოს კარგიც და ცუდიც, პირველი და დაბალი სორტის, ლამაზი და მახინჯიც. თითქოს ყველაფერი ნათელია. მაგრამ ერთსა და იმავე წიგნს, ფილმს, ტანსაცმელს აფასებენ კარგადაც და ცუდადაც და ამტკიცებენ, გემოვნებაზე არ დავობენო. მაგრამ ხარისხი გემოვნების საქმეა? რა ვუყოთ პროდუქტების სხვადასხვა სორტებს, თვით მოსწავლის სხვადასხვა ნიშნებსაც? შეიძლება აქაც გემოვნებას დავეყრდნოთ? ზოგიერთი ტკბილ ვაშლს ამჯობინებს, ზოგი – მომჟავოს. რომელი ჯობია? რომლის ხარისხია უფრო მაღალი? ამას სხვადასხვა ადამიანის გემოვნებით ვერ დავადგენთ. კიდევ უფრო რთულია სამრეწველო პროდუქციის ხარისხის გარჩევა, რომ არაფერი ვთქვათ კულტურულ და ესთეტიკურ ფასეულობაზე.
ბოლო ხანებში გამოჩნდა სპეციალური მეცნიერული დისციპლინა, რომელიც იკვლევს პროდუქციის ხარისხს, ახდენს მის შეფასებას. ესაა კვალიმეტრია. იგი სვამს უპირველეს კითხვას: რისთვის არის საჭირო ხარისხი, როგორ მოთხოვნებს აკმაყოფილებს იგი, როგორია მიზანი, რასაც ჩვენ ამ ხარისხით ვაღწევთ? დამუშავებულ სტანდარტში არის ხარისხის შემდეგი განმარტება: “პროდუქციის ხარისხი არის მისი თავისებურებების ერთობლიობა, რაც განაპირობებს მის ვარგისიანობას, დააკმაყოფილოს განსაზღვრული მოთხოვნილებანი მისი დანიშნულების შესაბამისად”. მაშასადამე, ხარისხზე უნდა ვისაუბროთ არა საერთოდ, არამედ ამ დანიშნულებასთან მკაცრი შესაბამისობით. ფეხსაცმელი კარგი უნდა იყოს სატარებლად, სასიარულოდ, დაზგა – სამუშაოდ, საწვიმარი ლაბადა – წვიმისაგან დასაცავად და ა.შ. მართალი იყვნენ იტალიური ფირმის თანამშრომლები, რომლებმაც გამოუშვეს საწვიმარი ლაბადები “ბოლონია”, როდესაც პრეტენზიაზე, რომ ისინი ცუდად ირეკლავენ მზის სხივებს, პასუხობდნენ: ჩვენ ვითვალისწინებთ, რომ როდესაც წვიმა მოდის, მაშინ მზე არ ანათებსო. ვარგისიანობის, დანიშნულების, დასახული მიზნის შესაბამისად განსაზღვრავენ ლითონის ხარისხს, ყველა სახის პროდუქტის თვისებებს, ცოდნის მოცულობას ფრიადის მისაღებად და ა.შ. შეიძლება, შეცვალო მიზანი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება ხარისხი და შეფასება მკვეთრად შეიცვლება. მაგალითად, ლითონი, რომლითაც მზადდება ლურსმანი, უვარგისია ინსტრუმენტების დასამზადებლად. ადამიანთა და ცხოველთა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად განკუთვნილ პროდუქტებს სულ სხვადასხვა მოთხოვნა წაეყენება. მაღალი შეფასება მათემატიკაში მოითხოვს სულ უფრო მეტ ცოდნას კლასიდან კლასში გადასვლისას. ამიტომ მატულობს ამოცანების სირთულე. მიუხედავად ამისა, ხარისხის შეფასება მხოლოდ დანიშნულების მიხედვით არასაკმარისია. ლითონი უნდა იყოს არა მხოლოდ მტკიცე, არამედ დრეკადიც, ვაშლი არა მხოლოდ ტკბილი, არამედ მსხვილიც, პასუხი გამოცდაზე არა მარტო სწორი, არამედ მკაცრად არგუმენტირებულიც. ამრიგად, ხარისხი მრავალსახოვანია. ამიტომ იგი უნდა შეფასდეს ყოველი მხრიდან. სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტებმა დაამუშავეს მისი მაჩვენებლების მთელი სისტემა. არსებობს პროდუქციის დანიშნულების მაჩვენებლები. დაზგისთვის ეს არის მისი წარმადობა, დროის ერთეულში მის მიერ დეტალების გამოშვების რაოდენობა, მაგრამ ტელევიზორს არ სჭირდება ასეთი მაჩვენებელი. თითოეული მყიდველი, სხვა თანაბარ პირობებში, არჩევს ფერად ტელევიზორს შავ-თეთრთან შედარებით, სასიარულოდ მოხერხებულ ველოსიპედს და ა.შ. ამრიგად, დასახელებაც აშკარად არასაკმარისია ხარისხის სრულად შეფასებისთვის. ამიტომ დამატებით გამოიყენება რიგითობის შკალა. მაგალითად, სასკოლო და საინსტიტუტო შეფასებები ისმება ასეთი შკალით. თუმცა არც ეს არის საკმარისი. მაგალითად, კარგი უკეთესია დამაკმაყოფილებელზე, მაგრამ უარესია ფრიადთან შედარებით. შეიძლებოდა ასევე ფრიადის შეფასება 1-იანით და ცუდის – ხუთიანით. ზოგიერთ ქვეყანაში ასეც არის. ჩვენ კი ყოველთვის მიგვაჩნია, რომ პირველი სორტი მაღალია მეორეზე და მესამეზე. რიგითობის შკალით ვაფასებთ ხარისხს: ნაწარმის სორტულობით, მოსწავლის მოსწრებით, ლითონის სიმტკიცით, რაც რიცხვებით გამოიხატება. თუმცა რიცხვსა და ხარისხს შორის კავშირი სუსტია: ორი ორიანი არ ნიშნავს ოთხიანს. ამიტომ ხარისხის შკალა, მაშასადამე, ხარისხის ზომა მხოლოდ მიახლოებითია. ის გამოიყენება მაშინ, როცა ხარისხის ზუსტი რიცხობრივი მაჩვენებელი არ არსებობს და შეფასება ხდება თვალზომით, რაიმე მოწყობილობის გარეშე.
იმ შემთხვევაში, როდესაც ხარისხის თითოეულ მნიშვნელობას შეიძლება მიეწეროს განსაზღვრული რიცხვი, იყენებენ უფრო სრულყოფილ შკალას, რომელსაც ინტერვალთა შკალა ეწოდება. მასზე აღინიშნება თანაბარი ინტერვალები რიცხვებს შორის. ასეთი შკალა ახასიათებს ტემპერატურის საზომ თერმომეტრს. საქონლის ცალკეულ თვისებათა განსაზღვრა ჯერ კიდევ არ ნიშნავს მისი ხარისხის შეფასებას. შეიძლება პალტო შეკერილი იყოს კარგი ქსოვილისაგან, კარგი ფერით, მისაღები ფასით, ზომა იყოს ნორმალური, მაგრამ თუ იგი არ შეესაბამება მოდას, ხარისხიანად ვერ ჩაითვლება. ამიტომ საჭიროა ხარისხის კომპლექსური ანუ საერთო შეფასება. ასეთი კომპლექსური შეფასება ზოგჯერ შეიძლება ერთი საერთო ნიშნითაც გამოიხატოს. მაგალითად, “გემრიელი სადილი”, “კარგი ფეხსაცმელი”, “ფრიადოსანი მოსწავლე”. თუმცა ასეთი შეფასებები მიახლოებითია და ძნელი. მაგალითად, ავტომობილის მუშაობის შეფასება ტონა-კილომეტრებში ვერ გვიხსნის, დიდი მანძილის გავლით არის იგი მიღებული თუ ბევრი ტონის გადაზიდვით. ამიტომ დამუშავებულია სხვადასხვა საქონლის ხარისხის გაზომვის სპეციალური მათემატიკური მეთოდები. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, ის, რომ ხარისხი ფასდება მოცემული ნაწარმის ერთი რომელიმე მთავარი მაჩვენებლით, რომელიც დაკავშირებულია მის მთავარ დანიშნულებასთან, მიზანთან, რისთვისაც იგი არსებობს. ვიოლინო კარგად უნდა უკრავდეს, დაზგა – ამუშავებდეს ლითონს, წამალი უნდა კურნავდეს. ზოგჯერ გამოიყენება საშუალო კოეფიციენტები. განმაზოგადებელ მაჩვენებელთა გარდა, გამოიყენება ხარისხის შეფარდებითი მაჩვენებელი, როდესაც მოცემული საქონელი შედარებული იქნება საბაზრო ნაწარმთან. საბაზრო ნაწარმად მიჩნეულია სამამულო ან მსოფლიო საშუალო დონის ნაწარმი. ხარისხის აღნიშნული მაჩვენებლების გაზომვა შესაძლებელია ტექნიკური საშუალებებით – ზომა-წონის ერთეულებით, რასაც ხარისხის განსაზღვრის ექსპერიმენტული მეთოდი ეწოდება. თუმცა იგი არასაკმარისია, რადგან ყველა მაჩვენებელი არ ექვემდებარება ტექნიკურ საშუალებათა მხრივ გაზომვას. მაგალითად, არ არსებობს ხელსაწყო, ჩაის არომატი რომ გაზომოს, ან ქალის ტანსაცმლის მოდელის სილამაზე. აქ საჭიროა დეგუსტატორების და ექსპერტების გამოყენება. ეს საექსპერტო მეთოდია. ამ მეთოდით ფასდება არა მარტო სურსათი, სუნამოები და ა.შ., არამედ სატრანსპორტო საშუალებები, ქარხნები და სხვა.
ეს შეფასება ემყარება ექსპერტის ინტუიციას, გემოვნებას ან კოლექტიურ გამოცდილებას. თუმცა ისინიც შეიძლება ცდებოდნენ. ამიტომ გამოიყოფა ექსპერტთა ჯგუფი, კომისიები. თვით მათი დონის შესამოწმებლად გამოიყენება კომპეტენტურობის კოეფიციენტი. ამასთან, ყველაზე უფრო დიდი ექსპერტები არიან თვით მომხმარებლები, რომელთა მოთხოვნილებები განსხვავდება ასაკობრივი და სხვა ნიშნების მიხედვით.
შემდეგი მაჩვენებელი ხარისხის სფეროში არის საქონლის საიმედოობა. რაც უფრო მაღალია საიმედობა, მით უკეთესია ხარისხი. საიმედოობა არის იქ, სადაც ნაწარმს არა აქვს ნაკლი და უდეფექტოდ მოქმედებს, ექვემდებარება რემონტს, ხანგამძლეობას როგორც მთლიანად, ისე შემადგენელი ნაწილების მხრივ. არ უნდა ახასიათებდეს შეფერხებები, არ უნდა იჟანგებოდეს და ა.შ.
საიმედოობის გვერდით დგას ხარისხის ისეთი პარამეტრი, როგორიც არის მოქმედებაში ნაწარმის უსაფრთხოება. ვინც მისით სარგებლობს, დაცული უნდა იყოს მექანიკური ელექტრული ტრავმებისაგან, სიდამწვრისა და სხვა მავნე მოვლენათაგან.
ბოლო პერიოდში ამ ნიშნებს დაემატა ტექნოლოგიურობა, რაც გულისხმობს წარმოების ინდუსტრიული მეთოდებით, სტანდარტიზაციის დაცვით უნიფიცირებას და ერთგვაროვნებას. იგი უნდა აკმაყოფილებდეს მასობრივ მოთხოვნას. მავნე ზემოქმედებას არ უნდა ახდენდეს გარემომცველ ბუნებაზე, ეკოლოგიურად სუფთა უნდა იყოს გამოყენების და შენახვის დროს. ეს განსაკუთრებით ეხება ავტომობილებს, ტრაქტორებს და ა.შ. ამასთან, ხმარებაში მოხერხებული და ეფექტიანი უნდა იყოს.
უკანასკნელ როლს როდი თამაშობს ხარისხის ესთეტიკური მაჩვენებლებიც ანუ საგნის სილამაზე და მშვენიერება. სულიერი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებელი პროდუქციისათვის ეს მაჩვენებლები მთავარიც კი არის. ჩვენს ყოფაცხოვრებაში არსებული ნივთები, ავეჯი, თვით ბინა, მხატვრული ნაწარმი უნდა იყოს ჰარმონიული, გამომსახველობითი, მოდური, პრესტიჟულიც. ესთეტიკურობა უნდა ახასიათებდეს არა მარტო პირადი მოხმარების საგნებს, არამედ წარმოების იარაღებსაც, მანქანებსაც, მოწყობილობა-მექანიზმებსაც. ყოველივე ეს ამაღლებს მუშაკთა განწყობილებას, შრომის ნაყოფიერებას.
აქამდე არაფერი თქმულა საქონლის ხარისხის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. ეს შეგნებულად მოხდა, რადგანაც ეკონომიკური მომენტები ყველა ზემოაღნიშნულ მაჩვენებელს უნდა ახასიათებდეს. ეკონომიკურ მონაცემებთან არის დაკავშირებული საიმედოობაც, უსაფრთხოებაც, ესთეტიკურობაც და ა.შ. ეკონომიკურ მაჩვენებელთა შორის მთავარია პროდუქციის თვითღირებულება, მისი ფასი, ექსპლუატაციის ხარჯები, მიღებული ეკონომიკური ეფექტი – მოგება და სხვ. მათი გაზომვა სათანადო საზომებითაა შესაძლებელი. მაგრამ საკითხავია, როგორ გაიზომოს საიმედოობა, უსაფრთხოება, სარგებლიანობა, ტექნოლოგიურობა, ანდა რას ნიშნავს საერთოდ ხარისხის გაზომვა? რაოდენობრივი შეფასება ადვილია. ორი ვაშლი ერთზე ორჯერ მეტია, ერთი გაკვეთილი, ლექცია 4,5-ჯერ აღემატება 10 – წუთიან დასვენებას და ა.შ. ხარისხის შეფასება კი უფრო რთულია. მაგალითად, რამდენად აღემტება კარგი პასუხი არადამაკმაყოფილებელს- ორჯერ, ოთხჯერ თუ რამდენჯერ?, უძნელესი დასადგენია. არ შეიძლება ითქვას ისიც, რომ მესამე სორტის პროდუქტი სამჯერ უარესია პირველთან შედარებით. იქნებ საერთოდ არ არის საჭირო რაოდენობრივი მაჩვენებლები ხარისხის შესაფასებლად და დავკმაყოფილდეთ ისეთი ცნებებით, როგორიც არის კარგი, ცუდი, ბევრი, ცოტა და სხვ.? არც ეს გზა მოიტანს წარმატებას. ამას მოწმობს ასეთი შედარება. ვთქვათ, დარბაზი იყო სანახევროდ ცარიელი, ანდა დარბაზი იყო სანახევროდ სავსე. შესაფერისი სიტყვები საწინააღმდეგოა, ხარისხი კი ერთი და იგივე. ამიტომ ხარისხის გაზომვა, მისი შეფასება განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს. იგი ხდება სხვადასხვა შკალის გამოყენებით. არსებობს დასახელებათა ანუ კლასიფიკაციის შკალა, რომლითაც ირკვევა საქონლის წონა, ზომა, ფერი. საგნები იღებენ განსაზღვრულ ანბანურ დასახელებას. მაგალითად, ვიტამინი “ც”, ვიტამინი “დ”, დეტალი # 048 და სხვ. თუმცა ამით ვერ დადგინდება, რომელია უკეთესი, უფრო იაფი. ზოგჯერ რიცხვით დასახელებას კურიოზამდე მივყავართ. მაგალითად, თუ ვიტყვით, რომ საგანი არის ნახევრად ცოცხალი ან ნახევრად მკვდარი, მივალთ იქამდე, რომ 1/2 ცოცხალი = 1/2 მკვდარს, რომლის გამრავლება 2-ზე მოგვცემს ტოლობას: ცოცხალი = მკვდარს.
როდესაც ექსპერტიზაში მონაწილეობს რამდენიმე კაცი, მაშინ ახდენენ გამოკითხვას დისკუსიის, ანკეტირების ან ინტერვიუს ჩამორთმევის გზით. ანკეტირება ხდება წერილობით, ინტერვირება – ზეპირად. ანალიზის შედეგად მიიღება ობიექტის ხარისხის რაოდენობრივი შეფასება, უმთავრესად ქულებით.
მრავალ საწარმოში, ფირმაში შექმნილია პროდუქციის ხარისხის მართვის სისტემა. მისი მიზანია ხარისხის ამაღლება. იგი ამოწმებს, შეესაბამება თუ არა ხარისხი მოთხოვნებს და იღებს ზომებს ნაკლის აღმოფხვრისათვის, აგვარებს ხარისხის კონტროლს. შემოწმება ხდება შერჩევით, რისთვისაც გამოიყენება ალბათობის თეორია, რომლითაც დგინდება მოსალოდნელი ნაკლის, შეცდომის ზღვრული მნიშვნელობა (ვთქვათ, მოწმდება მათი ყოველი ნაწარმი). უნდა მოინახოს გადახრის მიზეზები და დაისახოს ღონისძიებები მათი დროული გამოსწორებისათვის.
თანამედროვე ეტაპზე რესურსების ექსტენსიური ზრდის საზღვრები შეზღუდულია. ნათესი ფართობის წლიური ზრდა 100-ჯერ ნაკლებია არსებულთან შედარებით. ამიტომ ეკონომიკური ზრდ ისათვის საჭიროა რესურსების ინტენსიური გამოყენება, რაც ხარისხობრივ გაუმჯობესებას გულისხმობს. საჭიროა უკეთ მუშაობა. სხვა გზა არ არსებობს.