მზის იუბილე, კაცობრიობის უდიდესი ლოჯისტიკური ამოცანა და ქართველების როლი მზის დასაფლავებაში
ემზარ გჯერენაია
ჩვენი მზე წელს იუბილარია, ის 4.59 მილიარდი წლის არის და მალე 4.60 მილიარდი წელი შეუსრულდება, თან ამასთან, როგორც ასტრონომები ამბობენ, მას კიდევ დარჩა 4-5 მილიარდი წლის სიცოცხლე, ანუ სადღაც შუა ასაკისაა. საოცარია, ასტრონომებმა მას მემკვიდრეც კი მოუნახეს – ეს არის საკმაოდ პერსპექტიული და იმედისმომცემი მზარდი ვარსკვლავი V 838 Monocerotis, რომელიც ჩვენი გალაქტიკის ბოლოში, კიდეზეა მოკალათებული და დღეისათვის არცთუ ისე ძლიერად ანათებს, რადგან მისი სხივები ორი წლის დაგვიანებით აღწევს ჩვენამდე.
მაგრამ ასტრონომები იმედოვნებენ მის პროგრესირებად ზრდას და მას მზის უდავო მემკვიდრედ ასახელებენ. როდესაც 4 მილიარდი წლის შემდგომ მზე გადაიქცევა წითელ პლანეტად იქ არ იქნება თერმობირთვული რეაქციით გამოწვეული აფეთქებები და მისი მოცულობა ასჯერ გაიზრდება, ზედაპირის ტემპერატურა 3000 გრადუსამდე დაეცემა, მაშინ მზეს მემკვიდრე შეცვლის. მანამდე კი ის იუბილარია და ამ თარიღის აღნიშვნას ელოდება. უფრო რომანტიკულია მზისა და დედამიწის ურთიერთობის სამომავლო ისტორია. ბევრი მკლევარის მიერ შემუშავებული სცენარით, დედამიწა და მზე რომეო და ჯულიეტას მსგავსად ერთად მოკვდებიან, რადგან მზის გაზრდილი მოცულობის შედეგად ის დედამიწას მიუახლოვდება და როცა დიდი გახდება, დარჩენილი ტემპერატურაც საკმარისია, რომ დედამიწაზე ყველაფერი აორთქლდეს. ბუნებრივია, ყოველი ცოცხალი გაქრება და შესაძლოა დედამიწაც მტვრად იქცეს, ანუ 4 მილიარდი წლის შემდგომ დედამიწა მზესთან ერთად გარდაიცვლება. მაგრამ რომანტიკული ისტორიის არ ჯერა შტეპჰენ Hაწკინგ-ს – მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ფიზიკოსს. მისი აზრით, დადგა დრო, როდესაც კაცობრიობის გადარჩენის ერთადერთი გზა სხვა პლანეტების კოლონიზაცია გახდება. შიდა დედამიწის, სამყაროს პროცესები კაცობრიობის ამ აკვანს სიცოცხლისათვის უვარგისად გადააქცევენ და ის მანამ მოკვდება, სანამ მზეს რაიმე მოუვა. ამიტომ რომანტიზმს არ უნდა ველოდოთ – დედამიწა მზის ორგულია და მას სიცოცხლის ამ რთულ გზაზე მარტო დატოვებს. ეტყობა დედამიწა დაიღალა, იქნებ მას მზის მუდმივი პარტნიორობა არც სურს, იქნებ უნდა მტვრად გადაიქცეს და გალაქტიკას შეუერთდეს, იქნებ სხვა გალაქტიკაშიც აღმოჩნდეს და იქ ისევ გაზის საბურველში გახვეული ახალი ცხოვრება დაიწყოს, მზეს კი მისცეს შანსი სხვა პლანეტას ეფეროს და თავის სითბოთი ათბოს. უფრო მეტიც, ზოგიერთი ფიზიკოსი ამტკიცებს, რომ მზე საშინლად მდიდარია საბადო წიაღისეულით და ადამიანებისათვის არნახული კლონდაიკი – ოქრო, რკინა, ნიკელი, გოგირდი და ა.შ. იქ არის.
ჩვენ აქამდე ყველა ენციკლოპედიაში ვკითხულობდით, რომ მზე არის წყალბადისა და ჰელიუმის ერთობა, გაზი. იქ ხდება წყალბადის ატომების ბირთვული აფეთქებები, რომელიც მაღალი წნევის ქვეშ მოქმედებს მაღალ ტემპერატურულ გარემოში პროტონებისა და ნეიტრონების მოძრაობით და ამ აფეთქებების გამო გამოიყოფა უზარმაზარი ენერგია – სითბო (ატომური აფეთქებები საჭირო და საამური ყოფილა, როგორ იფიქრებ ამ აისის შემხვედვარე, რომ ეს ყველაფერი ასეთი ჯოჯოხეთური აფეთქებებია).
მაგრამ 1975 წელს ოლივერ ანუელმა თავისი კვლევებით დაადასტურა, რომ ეს ასე არ არის, არამედ წყალბადი მხოლოდ მზის გარსის ზედაპირზეა და მზე სავსეა ჟანგბადით, რკინით, ნიკელით, ოქროთი და… ასევე დაამტკიცა, რომ ბოლო პერიოდში მსუბუქი იზოტოპების დახმარებით შეიქმნება ნახშირწყალბადები და შეიძლება დისტილატებიც კი. ჰოდა, გაჩნდება ადამიანებისათვის გამოსაყენებელი ულევი რესურსი. ამოცანა ახლა ისაა, თუ რომელი პლანეტა სჯობს კოლონიზაციისათვის, რომ არც ისე შორს იყოს 100-ჯერ გადიდებული მზის მკვდარი სხეულიდან, რათა წიაღისეული საბადოების ტრანსპორტირება ძვირი არ დაჯდეს და არც ისე ახლოს, რომ მზის 100-ჯერ გადიდებულმა მკვდარმა სხეულმა დაგვწვას. ამასთან, აუცილებელი პირობაა, რომ ახლადგამოჩეკილ მზესთან V838 – იყოს ხელსაყრელ დისტანციაზე, რომ ახლა მისმა ზრდამ და მცხუნვარებამ არ შეგვაწუხოს, ანუ კაცობრიობას უზარმაზარი ლოჯისტიკური ამოცანის გადაჭრა მოუწევს და ჩვენ ქართველებმა ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ მსოფლიოს ამ არნახულ გადანაწილებაში. იქნებ საბადოებითა და განძებით სავსე ნაწილი მოვიზომოთ ახალ პლანეტაზე და რაც მთავარია, იქ მაინც არ ვიყოთ ორ ზღვას შუა გაჩაჩხული და რუსეთის ქვევით ამოდებულნი. მისგან შორს და მზის სხეულთან ახლოს მოვიზომოთ რამე უფრო დიდი ტერიტორია, თან მეზობლებად ავირჩიოთ შვეიცარიელები, ან სრულიად შესაძლებელია ჰოლანდიელები, ანდა ახალზელანდიელები და 4 მილიარდი წლის შემდეგ მაინც ვიცხოვროთ ტკბილად ახალ მეზობელთან ახალ პლანეტაზე.
მაგარია არა! გლიჯავს, დარდით ამაღამ არ დაგეძინებათ! კი მაგრამ რამ გაგახსენაო, იტყვის ჩემი ინტრიგანი ოპონენტი, ახლა ესო?
რამ და თურმე რაც უფრო ასაკში შედის მზე, მით უფრო მწველი ხდება!!! როცა მზე პატარა იყო და ძუძუს წოვდა, თუ სკოლაში დადიოდა, 70%-ით ანათებდა იმ განათებისა, რასაც ახლა ანათებს და მომავალში 30%-ით მეტს გაანათებს, ვიდრე ახლა. ჰოდა, გლობალური დათბობაც ეკოლოგიის კი არა მზის ასაკის მომატების ბრალია და ის ყოველწლიურად უფრო ფუფქავს და წვავს. სიბერის ბრალია და არა ეკოლოგიის (ეს ივნისში ჩემს თავზე გადავიტანე), ჰოდა, ყოველი მისი იუბილე და ასაკში შესვლა უფრო ძვირი გვიჯდება. ასე იქნება 4 მილიარდი წელი.
რა ვქნათ მანამდეო, იტყვით თქვენ – მანამდე გადავწყვიტოთ კაცობრიობის ეს ურთულესი ლოჯისტიკური ამოცანა – რომელი პლანეტა ავირჩიოთ კოლონიზაციისათვის და იმ პლანეტაზე რომელი ტერიტორია მოვინიშნოთ ჩვენთვის ქართველებმა. მზეზე დიდი საზრუნავი რა მოგქცეთ? თქვენც გაერთობით, ქვეყანაც დაწყნარდება, ამაღლებულ კოსმიურ იდეებსა და პრობლემებს შეეჭიდებით და რაღაც მიწიერ პრობლემებზე ფიქრით თავს არ დაიღლით. რა დროს ესენია! მზის იუბილეა გადასახდელი, აგერ 4 მილიარდ წელიწადში მზე კვდება და შეიძლება დედამიწაც. ჰოდა, მაგას უნდა მივხედოთ. ხვალიდან დავიწყოთ ამაზე ფიქრი და ქმედება, მაგრად გავერთობით, სხვა თუ არაფერი!
მზე მეცოდება, იწვის…