რატომ ვართ რომის პაპზე მეტად კათოლიკები, ანუ რატომ არ ესმის საქართველოში დამოუკიდებელ კანონშემოქმედს საქართველოსი
ემზარ ჯგერენაია
ამ შობის დღეებში ამოტივტივდა აზრი, თუ როგორ მოგვწონს ქართველებს, ვიყოთ რომის პაპზე მეტად კათოლიკები. არადა, მართლმადიდებლები ვართ, მით უმეტეს გაუგებარია, რატომ ვიჩემებთ პირველობას იქ, სადაც არ გვევალება.
საქართველოში კანონების და ნორმატიული აქტების შემქმნელი ინსტიტუტები ცალკე არსებობენ – სინჯარაში იზოლირებულად. სოციალისტური თუ რაღაც გაუგებარი ვალდებულებები აქვთ აღებული, შექმნან ისეთი საკანონმდებლო სიტუაცია, რომელიც შეიძლება მოწინავე იყოს მთლიანობაში, მაგრამ სრულიად მიუღებელი ამ ეტაპზე საქართველოში. ეკონომიკა თავისთვის მიბაჯბაჯებს და კანონები თავისთვის მიერეკება. ჯერ საჩქაროდ მივიღებთ გეგმას, ვასრულებთ, გვიხარია, მერე კი ავტეხთ განგაშს და ვიწყებთ მის კრიტიკას. ვქმნით კომისიებს მათ შესაცვლელად და… აბა, როგორ გინდა, ძმაო! ესაა ინტრიგა. დასაქმებულია ხალხი, გვაქვს კრიტიკის საგანი და გადაგებული ვართ მშრომელ ხალხზე ზრუნვას.
ვიღაცა გენიოსმა 21-ე საუკუნეში მოიგონა ბრუნვის ჟურნალი და ერთხმად მივიღეთ (ამის გამომგონებელს ეძებენ, ნობელის პრემიაზე რომ წარადგინონ). აღმოჩნდა, რომ მთელი ქვეყანა ჟურნალის მწერლებად გადაიქცა. მიანებეს თავი ვაჭრობას, ბიზნესს, ყველაფერს და დავიწყეთ ჟურნალების შევსება. ამდენი წერა და მწერალი არ უნახავს საქართველოს არსებობის მანძილზე. დავიღალეთ მაინც, ვერ დავწერეთ და მოგვბეზრდა უზარმაზარი ჯარიმების გადახდა. ისე, წერას ბევრი პირდაპირ ჯარიმის გადახდას ამჯობინებდა. დავიწყეთ ცეცხლოვანი კრიტიკა და ჩვენვე შევცვალეთ და საზეიმოდ გავაუქმეთ ეს ჟურნალი საახალწლოდ ისევე ვაჟკაცურად, როგორადაც მივიღეთ.
აგერ, თუ გინდა შავი ფულის გარეცხვის კანონი, რომელსაც ვერაფერს დაუწუნებ და მეტად საჭიროა. მერე ეს უწყინარი კანონი დავამძიმეთ და ბანკებს ყველაფერზე შეტყობინების გაგზავნა მოვთხოვეთ გეგუცაძესთან, ეროვნულ ბანკში ჩარიცხვაზე, ბანკებში მერე იმავე თანხის გადარიცხვაზე, ბანკათაშორის კრედიტებზე. ევროკავშირის წევრ ბალტიისპირელებს კი ასეთი მოთხოვნები ჯერ არ მიუღიათ და ამით თავიანთ ეკონომიკას სერიოზული სიკეთე მოუტანეს. ჩვენ მათზე მეტად ვართ კათოლიკები, წინსწრებით ვმუშაობთ და ჯარიმებით დავაზიანეთ საბანკო სისტემა, ნდობით – საინვესტიციო სფერო და ეკონომიკა. მერე რა, სამაგიეროდ კანონი გვაქვს ყველაზე მკაცრი და ეს პატარა საქმე როდია. რა დროს ეკონომიკა და ბიზნესია, მთავარია კანონი, კანონისათვის დაჯარიმება და თვითკმაყოფილი სახით თქმა – აბა, რა ეგონათ, მაგათი ბურჟუა დედა!
ბოლო, ჯერ გაუცივებელი ამბავია საკასო აპარატის ჩეკის გამოუწერლობაზე 1000 და 25000 – ლარიანი ჯარიმის გამოწერა. აქ ყველას ვაჯობეთ, რაც საერთოდ დაასამარებს საშუალო და მცირე ბიზნესს. მოუხდებათ, აბა, რა ეგონათ. არც დიდ ბიზნესს დაადგება კაი დღე. ჯერ მივიღებთ, მაშ, მერე დავიწყებთ კრიტიკას და მომავალში შეიძლება მოვხსნათ კიდევაც. მაინც რომელი ვალდებულებით ან კონვენციით ვაკეთებთ ამას? ჰო, დამავიწყდა, ყველაზე მეტად კათოლიკები რომ ვართ.
ყველას გილოცავთ შობა-ახალ წელს: კათოლიკებს, მართლმადიდებლებს, მაგრამ იყავით მოწყალენი და ჩამოდით მიწაზე. აქ ხომ თვით მაცხოვარი იყო ერთ დროს.