განათლება დიდ ბრიტანეთში
რედაქციისაგან
უცხოელი სტუდენტები დიდი ბრიტანეთის ვიზებს ენის შემსწავლელი სკოლებიდან იღებენ, სადაც არ იძლევიან შესაბამის განათლებას…
ინგლისის შინაგან საქმეთა სამინისტროში გასულ წელს შექმნილმა ჯგუფმა მოინახულა 1 200 დამოუკიდებელი “კოლეჯი” და დაადგინა, რომ მეოთხედი მათგანი ფიქტიური სასწავლო დაწესებულებაა. ათასობით მსგავსი დაწესებულება არის უბრალო შირმა ემიგრანტებისათვის ვიზების მიღების დასახმარებლად.
იქაური განათლების დეპარტამენტი აწარმოებს რეესტრს, რომლითაც უნდა განისაზღვროს ნამდვილი კოლეჯები, სადაც სასწავლებლად იმ ქვეყნის მოქალაქეები მიიღებენ სტუდენტურ ვიზებს, რომლებიც არ შედიან ევროპის კავშირში.
მიმდინარე წლის იანვარში უცხოელმა სტუდენტებმა და ენის შემსწავლელი სკოლების დირექტორებმა Daily Telegraph-ს აცნობეს, რომ დარღვევები ძალიან ხშირია და არაპრესტიჟული კოლეჯები ადვილად ხუჭავენ თვალს ცუდ დასწრებაზე.
შარშან შსს-მ 294 სტუდენტური ვიზა გასცა იმ ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლებიც არ შედიან ევროპის საბჭოში.
ყველაზეDდიდმა ენის შემსწავლელმა ასოციაცია English UK-მ 350 აკრედიტაცია გასცა დამოუკიდებელი კოლეჯებისათვის, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ამ ასოციაციაში, მაგრამ არააკრედიტებული კოლეჯების რაოდენობა, სულ ცოტა, ორჯერ აღემატება აკრედიტებულს.
ერთ-ერთი კოლუმბიელი, რომელიც ბრიტანეთში სტუდენტური ვიზით მოხვდა და არ სურს საკუთარი ვინაობის გამხელა, აცხადებს: “მთელი ეს სისტემა ფარსია, ლონდონში არსებობს სკოლები, სადაც ფულს მხოლოდ იმისთვის გართმევენ, რომ ვიზა მოგცენ. ყველამ იცის, რომ თუ ოქსფორდსთრითზე გაივლი, უამრავ მსგავს სკოლას ნახავ. Aარავინ ამჩნევს, მეცადინეობებს თუ არ დაესწრები. ჩემმა გოგონამ 400 გირვანქა გადაიხადა ერთი კურსისათვის და არც ერთხელ არ დასწრებია მეცადინეობას, სკოლას კი ეს საკითხი არ აღელვებს.”
ენის მოკლევადიანი კურსის სტუდენტებს, რომლებსაც არ ეძლევათ დიპლომი, ქვეყანაში დარჩენა მხოლოდ ორი წლის განმავლობაში შეუძლიათ. თავდაპირველად ისინი იღებენ ვიზებს ერთი წლით, მის გასაგრძელებლად კი უნდა წარადგინონ დასწრების ცნობა.
მექსიკელი სტუდენტი აცხადებს, რომ ერთ-ერთი ასეთი სკოლა დათანხმდა მას ცნობის გაცემაზე იმ პირობით, რომ გადაიხდიდა მეორე წლის საფასურს. 24 წლის სტუდენტი ამბობს: “მე შემომთავაზეს ფასდაკლება იმ პირობით, რომ დავრჩებოდი კოლეჯში კიდევ ერთი წლით და მითხრეს, რომ შეეძლოთ დასწრების ცნობის შეცვლა ჩემს სასარგებლოდ.”
ბორნმუტის დამოუკიდებელი Westover College-ის დირექტორი დესმონდ მეისონი ამბობს: ” მსგავსი შემთხვევები ხშირად ხდება, ხალხი ფულს სტუდენტური ვიზებით ვაჭრობაში შოულობს. რაც შეეხება ხელისუფლებას, როგორც ჩანს, ის ამ საკითხით არ ინტერესდება. ზოგიერთი კოლეჯი უბიძგებს სტუდენტებს, გააცდინონ მეცადინეობები – ეს არის ფარსი.”
სტუდენტების რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე სასწავლებლებს შეუძლიათ, დაიტიონ. ხელისუფლებას აცნობეს, რომ ისინი კანონს არღვევენ. ბევრი კოლეჯი აცხადებს, რომ მათი სტუდენტები ცოდნას მაღალ დონეზე დაეუფლებიან, მაგრამ სინამდვილეში ასე არ ხდება. ისინი აკეთებენ აკრედიტაციას არარსებულ სტრუქტურებში.
24 წლის უკრაინელმა სტუდენტმა, რომელმაც ენისა და ეკონომიკის შესწავლისათვის წლიური გადასახადი – 1 000 გირვანქა სტერლინგი გადაიხადა, აღმოაჩინა, რომ მისი ჯგუფის 10 სტუდენტზე გათვლილი იყო მხოლოდ ორი კომპიუტერი, რომლებიც ინტერნეტშიც არ იყო ჩართული. “ჩვენ მხოლოდ თეორიის შესწავლა შეგვეძლო,” – აცხადებს ის.
English Uk-ს დირექტორ ტონი მილნზის სიტყვებით რომ ვთქვათ, რეესტრი ხარისხის მხარეს არ ითვალისწინებს, რეესტრში მოსახვედრად კომპანიის რეგისტრაცია და სხვა დოკუმენტების მიღება ჯდება 300-დან 500 გირვანქამდე.
დეპარტამენტის პრესმდივანი აცხადებს: ” ჩვენს ჩამონათვალში არაფერია ნათქვამი განათლების სტანდარტებზე. რეესტრის მიზანია, გამოვავლინოთ ის სასწავლებლები, რომლებიც რეალურად არსებობენ და განათლებას იძლევიან.
შსს-ს პრესმდივანი ამბობს: ” გასული წლის აპრილში შევქმენით მუშა ჯგუფი, რომელმაც მოინახულა 1200 კოლეჯი, მათგან 25% ფიქტიური აღმოჩნდა. ჩვენ ვესტუმრეთ ყველა კოლეჯს, რომლებიც სიაში არის შეტანილი, მაგრამ მუდმივად ჩნდება ახალ-ახალი კოლეჯები და ჩვენ შევამოწმებთ თითოეულ მათგანს.”