დოლარის ბოლო შანსი

მოამზადა ეკა წირღვავამ

ნაციონალური საფინანსო სისტემის მძიმე ვითარებაზე აშშ-ის ადმინისტრაციის არც ისე ეფექტურმა რეაქციამ (განაკვეთების თითქმის ინფლაციის დონეზე დაწევა, საგადასახადო პაკეტი) დაბნეულობა არ უნდა გამოიწვიოს. ამერიკის ელიტამ კარგად იცის, რომ იპოთეკური პრობლემები შეიძლება ფართომასშტაბიან კრიზისში გადაიზარდოს, რაც გრძელვადიან რეცესიას გამოიწვევს.

აშშ-ში იმასაც აღიარებენ, რომ ამჟამინდელმა მდგომარეობამ შესაძლოა დოლარს სარეზერვო ვალუტის სტატუსი დაუკარგოს. მსოფლიო საფინანსო რესურსების მოზიდვის გარეშე კი ამერიკა ამ კრიზისს ვერ გაუმკლავდება. ქვეყანა მზადაა რადიკალური ზომების მისაღებად, კერძოდ, დოლარის მკვეთრი დევალვაციისა და მთელს პლანეტაზე საომარი მოქმედებების გასაჩაღებლად.
აშშ ახალი, დიდი დეპრესიის წინაშეა. ამის პირველი ნიშნები გაჩნდა, როცა ინტერნეტი და IT-კომპანიები ეკონომიკური ზრდის ლოკომოტივის როლს ვეღარ ასრულებდნენ. თუმცა ჯ. ბუშის ადმინისტრაცია შექმნილ პრობლემებს თავს “ანტიტერორისტული” კომპანიით არიდებდა. ამერიკისთვის ეს ნიშნავდა სამხედრო ფულით ეკონომიკის სტიმულირებას, ირანის იაფი ნავთობის ხელმისაწვდომობასა და მსოფლიოში ავტორიტეტის გაძლიერებას. მაგრამ საფინანსო ბაზრების გადახურებითა და ინვესტიციების მოზიდვით რეფორმების უსასრულოდ გადადება არ შეიძლება. რაღაც მომენტში ინვესტორებს და აშშ-ის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ქვეყნის სტაბილურად განვითარების რწმენა გაუქრა. ამის მნიშვნელოვანი ნიშანი გახდა პანიკური რეაქცია ქარიშხალ “კატრინაზე”, რომელიც ახალ ორლეანს დაატყდა თავს. მაშინ ხელისუფლება სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისათვის აბსოლუტურად მოუმზადებელი აღმოჩნდა.
2006 წლის ბოლოს უკვე აღარ არსებობდა ეჭვი, რომ ამერიკის ეკონომიკა დიდ პრობლემებს თავს ვერ აარიდებდა, სწორედ ამ დროს დატოვა ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარის თანამდებობა ალან გრინსპერმა. მომავალ რეფორმებს შეიძლება “გარდაქმნა”, ან ფრანკლის, რუზველტის “ახალი კურსის” გამეორების მცელობა ეწოდოს. თუმცა რუზველტმა ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად შექმნა სოციალური უზრუნველყოფის, საზოგადოებრივი სამუშაოებისა და სახელმწიფო შესყიდვების სისტემა, დღეს კი ბევრ მის მონაპოვარზე ამერიკას უარის თქმა მოუწევს. სხვადასხვა შეფასებების მიხედვით, ამჟამად ამერიკის მშპ-ის 16-20% სოცუზრუნველყოფასა და სამედიცინო დაზღვევაზე მოდის, რაც აშკარად წამგებიანია. სოფლის მეურნეობის რენტაბელურობის უზრუნველყოფა რამდენიმე მილიონი არალეგალური ემიგრანტის ხარჯზე ხდება. მანქანათმშენებლობა კი ევროპული და იაპონური მწარმოებლების მკაცრი კონკურენციის პირობებშია.
ფინანსები და ინტერნეტსექტორი ის სფეროებია, რომელთა რეალიზება გარე სამყაროში ხდება და შესაბამისად დამოკიდებულია აშშ-ის გლობალურ ეკონომიკაში “მეფობაზე”. ქვეყნის შიდა ეკონომიკის ზარალის გადაფარვა საგარეო-ეკონომიკური მიღწევებით ხდება, რაც უზრუნველყოფილია დოლარით, როგორც მსოფლიო სარეზერვო ვალუტით და გლობალური ფინანსური დინებების კონტროლით. ცხადია, ამერიკის ელიტა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა შიდა “გარდაქმნების” ტვირთი მსოფლიოს აკიდოს ზურგზე.
კრიზისიდან მინიმალური დანაკარგით გამოსასვლელად არც ისე ბევრი რამაა საჭირო. პირველ რიგში, სოცუზრუნველყოფის არაეფექტური სისტემა უნდა შეიცვალოს. ამჟამად სახელმწიფო პენსიონერებს ყველა სამედიცინო ხარჯებს უნაზღაურებს, მაგრამ თუ 1950 წელს ამერიკაში ერთ პენსიონერზე 16 ეკონომიკაში ჩაბმული ადამიანი მოდიოდა, ეხლა ეს ციფრი სამის ტოლია, ხოლო 20 წლის შემდეგ 2-მდე შემცირდება. სოციალური სისტემის სანაცია უკვე დაწყებულია. აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ თებერვალში წარდგენილი 2009 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს 5 წლის მანძილზე სამედიცინო მომსახურების ხარჯების 178 მლრდ დოლარით შემცირებას და 556 მლრდ დოლარით – 10 წლის მანძილზე. განათლების სისტემის დაფინანსების შემცირებით ამერიკა 2009 წელს 18 მლრდ დოლარს დაზოგავს. ამასთან თავდაცვის სისტემის ხარჯები, 2001 წელთან შედარებით, 61%-ით გაიზრდება.
ამერიკის ეკონომიკის რეფორმები მკაცრი გადაწყვეტილებების მიღებას მოითხოვს და ვაშინგტონი უკვე შემოწმებულ მექანიზმს – დევალვაციასა და სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონებში პოლიტიკური დაძაბულობის შექმნას ცდილობს.

დევალვაცია
ბოლო წლებში აშშ-ის საფინანსო პოლიტიკა დოლარის დევალვაციით ხასიათდება. ამ პოლიტიკის აზრი სავსებით გამჭვირვალეა: ინვესტორებმა მოგების მიღების მიზნით გამოიყენონ დოლარის კურსის სხვაობა სხვა ძირითად ვალუტებთან (პირველ რიგში, ევროსთან და იენასთან) მიმართებაში და ჩადონ ფული ამერიკულ კორპორატიულ აქტივებში. შეიძლება ითქვას, რომ ეს პოლიტიკა საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა: ევროპული და აზიური ფულის კოლოსალური რაოდენობა შთანთქა აშშ-ის საფინანსო სისტემამ. ამის გამო მსოფლიოში არსად, ჩინეთისა და ინდოეთის გარდა (სადაც სავალუტი რეგულირების მკაცრი სისტემებია), ბოლო 5-6 წლის მანძილზე არ მომხდარა არცერთი მსხვილი ეკონომიკური მოდერნიზაციის პროგრამის რეალიზება.
მიუხევად ამისა, ამერიკელებს არაფერი უშლის ხელს დაუშვან არა ნელად მიმდინარე დევალაცია, არამედ მკვეთრი, რომელიც ერთიანად გააუფასურებს საინვესტიციო პორტფელებს. ამ შემთხვევაში ინვესტიციების რეპატრიაციას ეკონომიკური თვალსაზრისით აზრი არ ექნება, რადგან თუ იმავე დროს აშშ-ის საფონდო ბაზარი ზრდის დემონსტრირებას მოახდენს, ინვესტორების უმეტესობა ამ ბაზარზე დარჩენას ამჯობინებს. ამის შედეგად უზარმაზარი სახსრები დარჩება აშშ-ის ხელისუფლებისთვის არც ისე უცხო ისეთი საფინანსო ჯგუფების ხელში, როგორებიცაა Merrill Lynch, “Morgan Stanley, Carlyle, Kolhberg, “Kravis Robert &CO და სხვა. ეს გახდება ძირითადი საფუძველი, რის ხარჯზეც შესაძლებელი გახდება ამერიკის ეკონომიკის კონკურენტუნარიანი სფეროებისა და სოციალური სფეროს სანაციის დაწყება.
დოლარის დევალვაციის შესახებ გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, გრანდიოზულ სკანდალს გამოიწვევს, მაგრამ აშშ-ში უკვე არაერთხელ გამოიყენეს მსგავსი ტაქტიკა და თითქმის ყოველთვის წარმატებით. ვაშინგტონი ასე მოიქცა როცა უარი თქვა ოქროს სტანდარტზე. იგივე მოუვიდა 1970-იან წლებში ნავთობმომპოვებელი ქვეყნების იმ დროისთვის უზარმაზარ საინვესტიციო პორტფელებს, მოგვიანებით კი – იაპონიის ვალუტას. რატომ არ უნდა გაიმეოროს აშშ-მ იგივე კომბინაცია ეხლა, მითუმეტეს, რომ ევროპელი და ამერიკელი ინვესტორები მზად არიან “ჩაყვინთონ” ამერიკის ბაზარში სტაბილიზაციის პირველივე ნიშნების დროს, მითუმეტეს,თუ მათ ექნებათ იმის იმედი, რომ ამერიკა მათ მისთვის წმიდათაწმიდა – საფინანსო სექტორში და ინფრასტრუქტურაში შეუშვებს.

ომი
მეორე შემოწმებული მექანიზმია ამა თუ იმ რეგიონში საომარი დაძაბულობის შექმნა. ამერიკელები შექმნილ ვითარებაში უარს არ იტყვიან ცდუნებაზე, რაც შიდა პრობლემის კონფლიქტით გადაფარვას გულისხმობს. მაგალითად, არსებობს “ახალი დიდი ახლო აღმოსავლეთის” შექმნის გეგმა. რეგიონის ძირეული “გარდაქმნის” პროექტს, საზღვრების გადაკეთებას თან სდევს არა მარტო კონფლიქტების გაჩენა (რაც იქ ისედაც საკმარისადაა), არამედ ხანგრძლივი პოლიტიკური არასტაბილურობა. ამ ვითარებაში ნავთობის ფასი კვლავ გაიზრდება, ხოლო აღმოსავლეთის ნავთობდოლარების კონცენტრირება პორტფელური ინვესტიციების სახით შტატებში მოხდება. ეს ამერიკის ეკონომიკის გაძლიერებას შეუწყობს ხელს და შექმნის დამატებით რეზერვებს სოციალური პროგრამების სანაციის არაპოპულარული, მაგრამ აუცილებელი ზომების მისაღებად. ახლო აღმოსავლეთის არასტაბილური მდგომარეობა, პირველ რიგში, საფრთხეს შეუქმნის ევროპულ ქვეყნებს, რომლებიც ახლოაღმოსავლეთის ნავთობისა და რეგიონის სატრანსპორტო კომუნიკაციაზე დიდად არიან დამოკიდებულნი. ამ ტერიტორიებზე საომარი მოქმედებების პირობებში, ევროს მსოფლიო სარეზერვო ვალუტად გადაქცევაზე საუბარი თავისთავად შეწყდება. გამორიცხული არ არის, რომ კონფლიქტი აზია-წყნარი ოკეანიის რეგიონშიც გაჩაღდეს.
რა თქმა უნდა, აშშ-ისთვის რისკი დიდია, მაგრამ დიდია “ფსონიც”: დოლარს და მთელი ამერიკის ეკონომიკას მხოლოდ ერთი შანსი აქვს დარჩენილი გლობალური ლიდერობის შესანარჩუნებლად. დიდია ასევე “ფსონები” ქვეყნის შიგნით. კერძოდ, თუ ვის ექნება იმ ფინანსური რესურსების განკარგვის უფლება, რომლებიც აკუმულირდება სოციალური ეკონომიკის სანაციისთვის. ვისაც ექნება შესაძლებლობა ისარგებლოს მართალია დაუსრულებელი, მაგრამ მაინც ამოქმედებული დემოკრატიის მართვის სისტემით, რომელსაც ბუშის ადმინისტრაცია ქმნიდა, შეძლებს აშშ-ის პოლიტიკურ ოლიმპზე მყარად დადგომას, თანაც დიდი ხნით. ამასთან დევალვაციისა და ომის მეთოდებს გამოიყენებენ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებაში მოვლენ როგორც დემოკრატები, ასევე რესპუბლიკელები.
სავარაუდოდ, რესპუბლიკელები ქვეყნის შიგნით დემოკრატიის ფორმირებას არ დაიწყებენ. ჯონ მაკკეინს, უპირველეს ყოვლისა, მოუწევს შეზღუდული დემოკრატიის სისტემის შენების დასრულება, ხოლო უკვე შემდგომი რესპუბლიკელი პრეზიდენტი (აბა ვინ უნდა იყოს ის, თუ დემოკრატიის სისტემა ბოლომდე იქნება აშენებული) დაიწყებს ამერიკულ “გარდაქმნას”. დემოკრატი პრეზიდენტი მთელ თავის ძალას ამერიკის ეკონომიკის გარდაქმნას მოახმარს, რადგან ეს პარტია და მასთან დაკავშირებული ელიტა (პირველ რიგში საფინანსო-საწარმოო ჯგუფები) მხოლოდ ამ გზით შეძლებენ მათთვის არასასურველი ბალანსის გარღვევას.