ადგილობრივი ნედლეულიდან მაღალხარისხიანი უალკოჰოლო სასმელების წარმოების სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობა
ციური ხმიადაშვილი
თანამედროვე მსოფლიოში პროდუქციის ხარისხსა და კონკურენტუნარიანობას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენადაც ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური საკითხების დიდი ნაწილის მოწესრიგება მათ გადაჭრაზეა დამოკიდებული. დღევანდელ პირობებში ხარისხისა და კონკურენტუნარიანობის პრობლემას უნივერსალური ხასიათი აქვს ყველა ქვეყნისათვის.
თანამედროვე ეტაპზე კონკურენცია წარმოადგენს საბაზრო ურთიერთობათა განვითარების საფუძველს და ანტიმონოპოლისტურ საშუალებას საბაზრო ფასების ფორმირებაში.
კონკურენცია, როგორც საბაზრო ურთიერთობის განვითარების საფუძველი, აიძულებს მწარმოებელს, განუწყვეტლივ აამაღლოს საქონლის სამომხმარებლო თვისებები, მისი ღირებულების შემცირებისა და მომხმარებელთა მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის. კონკურენციის შედეგად ფირმამ შეიძლება იძულებით მკვეთრად შეამციროს ფასები მაღალი მოთხოვნისა და დანახარჯების მქონე საქონელზეც კი, თუ ისინი (ფირმა და მისი ნომენკლატურის საქონელი) ვერ გაუძლებენ კონკურენტულ ბრძოლას წარმოებისა და გასაღების სფეროებში.
ეკონომიკის საბაზრო მოდელზე გადასვლა, როგორც პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლების საფუძველი, დაკავშირებული უნდა იყოს საქონელმწარმოებლების საგარეო ბაზარზე გასვლის შესაძლებლობის გაფართოებასთან. საწარმოები რეალურად უნდა ცდილობდნენ, მონაწილეობა მიიღონ მსოფლიო ბაზარზე ყიდვა-გაყიდვის კონკურენტულ პროცესში. მათთვის ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე უფრო მიმზიდველი იყო საშინაო ბაზარი, რომელიც პროდუქციას შედარებით ნაკლებ მოთხოვნებს უყენებდა ტექნიკური დონისა და შესრულების ხარისხის მიხედვით, ხოლო ფასები კი სრულიად მისაღები იყო. ამიტომაც საქონელმწარმოებელთა საგარეო ბაზარზე ორიენტაციისა და პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლების ერთადერთი გზაა საწარმოების ჩაყენება ისეთ პირობებში, რომელიც ახლოსაა მსოფლიო ბაზრის პირობებთან;1 მრეწველობის სტრუქტურულად გარდაქმნა და კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით პერსპექტიული დარგების მოდერნიზაცია თანამედროვე საზღვარგარეთული მოწინავე ქვეყნების უახლესი ტექნოლოგიებისა და ტექნიკური აღჭურვილობის ეფექტურად გამოყენების საფუძველზე. წარმოებული პროდუქციის ხარისხის ამაღლების საკითხში უაღესად დიდი მნიშვნელობა აქვს პროფესიონალური კადრების მოზიდვას, სამეცნიერო-კვლევითი და საკონსტრუქტორო ბაზის გაუმჯობესებას, წარმოებული პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებლების მსოფლიო დონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას.
ქვეყნის ეკონომიკის საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლის პერიოდში შექმნილი კონკურენტული გარემო პირობას უყენებს კვების მრეწველობის სხვადასხვა დარგებს, აწარმოონ მაღალხარისხოვანი, კონკურენტუნარიანი პროდუქცია. დიდია უალკოჰოლო სასმელების წარმოების მნიშვნელობა, რამეთუ მათი კვებითი და სამკურნალო ღირებულება მაღალია.
საქართველოში უალკოჰოლო სასმელების წარმოებას საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს (მე-19 საუკუნის მე-2 ნახევარი). ქვეყნის ბუნებრივი პირობები საშუალებას იძლეოდა, ფართოდ გამოეყენებინათ ხილ-კენკროვანთა და ციტრუსოვანთა ნაყოფი მაღალხარისხოვანი წვენებისა და ნაყენების დასამზადებლად. 1900 წელს მიტროფანე ლაღიძის მიერ დაარსებული წარმოების მთავარი მიზანი იყო, უალკოჰოლო სასმელების დასამზადებლად გამოეყენებინათ საქართველოში არსებული სხვადასხვა მაღალხარისხოვანი ხილი, რაც ტრადიციულად წლების მანძილზე გრძელდებოდა ჩვენს ქვეყანაში.
სამომხმარებლო თვალსაზრისით უალკოჰოლო სასმელები იყოფა ჩვეულებრივ და სპეციალური დანიშნულების სასმელებად. ჩვეულებრივი სასმელები ძირითადად გამოიყენება როგორც გამაგრილებელი სასმელი, რომელსაც ადამიანის ორგანიზმზე დადებითად მოქმედი ქიმიური შემადგენლობა აქვს. სპეციალური დანიშნულების სასმელები, გარდა წყურვილის მოკვლის უნარისა და სასიამოვნო გემოსი, ხასიათდება გარკვეული ფიზიოლოგიური ზემოქმედებითაც, რის გამოც ისინი მზადდება გარკვეული მიზნებისთვის: როგორც პროფილაქტიკური საშუალება ზოგიერთი დაავადების თავიდან აცილების მიზნით, ან კონკრეტული ფიზიოლოგიური ეფექტის მისაღებად.2 მატონიზირებელი სასმელები მათში ალკალოიდების შემცველობის გამო ხასიათდება აღმგზნები თვისებებით, რაც დადებით ფიზიოლოგიურ ეფექტს იწვევს დაღლილობისას. ამ ტიპის სასმელებს აქვთ ტონუსის ამწევი და შიმშილის მომკვლელი თვისებები. ასეთი სახის პოპულარული სასმელია “კოკა-კოლა”, რომლის სისტემატური მიღება არაა მიზანშეწონილი. გარდა მატონიზირებული სასმელებისა, დღესდღეობით უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფუნქციონალური დანიშნულების სასმელებს, კერძოდ ენერგეტიკულ სასმელებს, რომელთა როლი დადებითია ბავშვთა კვებაში და გონებრივად მომუშავე ადამიანთათვის. დღეისთვის ამ სახის სასმელები საქართველოში არ მზადდება. ჩვენ მიერ, პროფ. გ. მიქელაძის ხელმძღვანელობით, დამუშავებულია ენერგეტიკული უალკოჰოლო სასმელის ტექნოლოგია ადგილობრივი ნედლეულის გამოყენებით. ამ ტექნოლოგიით დამზადებული სასმელი “მუზა” აპრობირებულ იქნა საკავშირო სადეგუსტაციო კომისიის მიერ და ერთ-ერთ საუკეთესო სასმელად ჩაითვალა ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით უალკოჰოლო სასმელების წარმოების სფეროში.
ენერგეტიკულ სასმელს ჩვენ მიერ დამუშავებული ტექნოლოგიით ვიღებთ ღვინის ლექისაგან მასში შემავალი ცილოვანი ნივთიერებების ჰიდროლიზის შედეგად, რომელიც მდიდარია ამინომჟავებით, სხვადასხვა სახის ვიტამინებითა და ღვინის შემცველი სასარგებლო ნივთიერებებით.
უალკოჰოლო სასმელებში, რომლებიც განკუთვნილია დიაბეტით დაავადებულთათვის, შაქრის ნაცვლად გამოყენებულია შაქრის შემცველი ნივთიერებები: სახარინი, ქსოლიტი, სორბიტი, ასპარტამი. უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ტიპის და საერთოდ უალკოჰოლო სასმელების დამზადებისას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მათი უვნებლობის საკითხს, რადგანაც ნედლეულის სახეებისა და ინგრედიენტების არასწორად გამოყენებისას ისინი შეიძლება, პირიქით, მავნე აღმოჩნდეს გარკვეული ჯგუფის მომხმარებლისთვის. “სწორედ დოზა ქმნის შხამს” – წერდა ჰიპოკრატე. თუ წარმოებაში არ იქნება დაცული ადამიანის ორგანიზმის დღეღამური მოთხოვნილების ზღვარი (სახარინი – 2,5 მგ/კგ, ასპარტამი – 7,5 მგ/კგ) დიაბეტით დაავადებულთათვის შაქრის შემცველი ნივთიერებების ჭარბი რაოდენობით მიღებამ შეიძლება უარყოფითი შედეგი გამოიღოს.
რესპუბლიკაში ბოლო წლების ღრმა და გახანგრძლივებულმა კრიზისმა მოიცვა თითქმის ყველა სფერო, რაც გამოიხატება წარმოებასა და მომხმარებელს შორის სერიოზული დისპროპორციის წარმოქმნით, მეურნეობრივი კავშირ-ურთიერთობების მოშლით, ინფლაციის მნიშვნელოვანი ზრდით და ა.შ. ანარქიამ, არაცივილურმა კონკურენციამ უარყოფითი გავლენა იქონია კვების მრეწველობის მნიშვნელოვანი სფეროს – უალკოჰოლო სასმელების წარმოებაზეც. საბაზრო მეურნეობის განვითარება და რეგულირება მოითხოვს საბაზრო ურთიერთობაში მიმდინარე მოვლენებისა და პროცესების ყოველმხრივ შესწავლასა და გაანალიზებას.
ბაზარზე საქონლის წარმატების მთავარი ფაქტორი მისი კონკურენტუნარიანობაა. იგი უჩვენებს საქონლის შესაბამისობას ბაზრის მოთხოვნებთან ხარისხობრივი, ტექნიკური, ეკონომიკური და სხვა მაჩვენებლების მიხედვით.3
კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს საწარმოო მარკეტინგს. საწარმოს ხელმძღვანელობა თავისი სტრუქტურული განყოფილებების დახმარებით ბაზრის მარკეტინგული კვლევის საფუძველზე ქმნის პირობებს, რათა მიზანმიმართულად განხორციელდეს კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოების ორგანიზაცია.
გეგმურიდან საბაზრო ეკონომიკაზე ქაოსურმა გადასვლამ ხელსაყრელი პირობები შეუქმნა არაკეთილსინდისიერ მწარმოებლებსა და გამსაღებლებს, რომლებმაც გააჯერეს ბაზარი ყალბი, დაბალხარისხოვანი, ხშირად ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო სახალხო მოხმარების საქონლით. სარგებლობენ რა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის დაბალი სოციალური მდგომარეობით, ისინი პოულობენ გზას საკუთარი მოგებისაკენ. მაკონტროლებელი ორგანოები მკაცრად უნდა მოეკიდონ უალკოჰოლო სასმელების ფალსიფიკაციის საკითხს, რამეთუ მომხმარებლები ძირითად ბავშვები და მოხუცებულები არიან.
მრეწველობის სფეროში წარმოების ტემპების აღმავლობა ობიექტური აუცილებლობით მოითხოვს ქვეყანაში არსებული ადგილობრივი რესურსების რაციონალურ და ეფექტურ გამოყენებას. საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პირობებში უნდა განხორციელდეს ადგილობრივ ნედლეულზე მომუშავე საწარმოების პრიორიტეტული განვითარების სტიმულირება, რათა ამ გზით დაძლეულ იქნეს სახალხო მოხმარების საქონლის დეფიციტი და შეიქმნას გარკვეული პირობები ამ სფეროში სტაბილიზაციის მისაღწევად.
საიჯარო-სამრეწველო ფირმა “ლაღიძე” მრავალი წლის მანძილზე აწარმოებდა ნატურალურ, ადგილობრივ ნედლეულზე დამზადებულ, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ფართო ასორტიმენტს და დღესდღეობითაც ყოველგვარი საშუალება აქვს, რომ იმუშაოს სრული დატვირთვით, როგორც წინა წლებში. მაგრამ იაფფასიანმა, ფალსიფიცირებულმა სასმელებმა, რომლითაც გაჯერებულია ბაზარი, გარკვეულწილად უარყოფითად იმოქმედა “ლაღიძის” მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის პროცესზე.
უალკოჰოლო სასმელების მწარმოებლები იგნორირებას უკეთებენ მაღალ ხარისხს, ბუნებრივ შემადგენლობას და ქმნიან დისტრიბუციის ბუნებრივ პირობებს. მათი მიზანია მაღალი საბაზრო წილის მოპოვება და მოგების მიღება ფალსიფიცირებული სასმელების მაქსიმალური რაოდენობით გაყიდვის ხარჯზე.
დიდი ყურადღება უნდა მიექცეს რესპუბლიკის სანედლეულო ბაზას მაღალხარისხოვანი და ორიგინალური სასმელების წარმოებისათვის, რათა სამამულო წარმოების სასმელებმა კონკურენცია გაუწიოს საზღვარგარეთიდან შემოტანილ, ძვირადღირებულ კონცეტრანტებზე დამზადებულ უალკოჰოლო სასმელებს. ჩვენი კვლევა მიმდინარეობდა სწორედ ზემოაღნიშნული პრიორიტეტების გათვალისწინებით და უალკაჰოლო სასმელები დამზადებულია ადგილობრივი, მაღალახარისხოვანი ნედლეულის ბაზაზე, თანამედროვე მოთხოვნების მაქსიმალური გათვალისწინებით. ამასთანავე, უზრუნველყოფილია საწარმოთა ეფექტურობა.
ჩვენი აზრით, სხვა ღონისძიებებთან ერთად მიზანშეწონილია ამ ასორტიმენტის მასობრივად დანერგვა.