ინვესტიციების თეორიის გენეზისი ეკონომიკური აზრის ევოლუციის პროცესში
ლამარა ქოქიაური, ეკ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი
ის თეორიული პრობლემები, რომლებიც ეკონომიკურ პროცესში ინვესტიციების როლსა და საინვესტიციო საქმიანობისათვის აუცილებელი პირობებისა და მექანიზმების ფორმირებას უკავშირდებიან, ძველთაგანვე აინტერესებდათ ეკონომისტებს. როგორც მეცნიერული ანალიზის ობიექტი, ინვესტიციები აყალიბებენ თეორიული ცოდნის განსაკუთრებულ სისტემას, რომელშიც მრავალი თაობის მეცნიერთა საინვესტიციო თეორიების დასკვნებია გაერთიანებული. ინვესტიციების თეორიის გენეზისი უკავშირდება ეკონომიკური აზრის პრაქტიკულად ყველა სკოლისა და მიმდინარეობის მეცნიერულ პოსტულატებს.
ინვესტიციების არსისა და საზოგადოების ეკონომიკურ პროცესში მათი როლის გააზრების პირველი მცდელობები, რომლებიც ეკონომიკური აზრის ისტორიიდანაა ცნობილი, ანტიკური მკვლევრების – პლატონისა და არისტოტელეს სახელებს უკავშირდება. ინვესტიციების განხილვისადმი მათი მიდგომები მჭიდროდ უკავშირდებოდა საზოგადოებაში ფულის ფუნქციებს, მათი დაგროვებისა და გამოყენების ხერხებსა და მიზნებს. ინვესტიციების არსის თეორიული გააზრების ეს მცდელობები, მართალია, არასრული და არასისტემური იყო, მაგრამ, ეკონომიკური აზრის შემდგომი ევოლუციის პროცესში, მათ სულ უფრო გაშლილი კონცეპტუალური განვითარება პოვეს მომდევნო ეკონომისტების ნაშრომებში.
ინვესტიციების თეორიის ძირითადი პრინციპების თავდაპირველი ეტაპი, ჩვეულებრივ, უკავშირდება მერკანტილისტების სკოლის ეკონომიკური ანალიზის პარადიგმას, რომელთა შორის ყველაზე შესამჩნევ როლს თამაშობდნენ თ. მანნის, დ. იუმის, დ. ლოს, ჟ. კოლბერის, ლ. ზეკენდორფის, ი. ბეჰერის, ფ. გორნიგის თეორიული მიდგომები. ინვესტიციების თეორიის სფეროში მათი მეცნიერული მსოფლმხედველობის წამყვანი პრინციპები განსაზღვრავდნენ, უპირველეს ყოვლისა, საინვესტიციო რესურსების ფორმირების წყაროებს. კაპიტალისა და ფულის ცნების აღრევით, ისინი ფულს განიხილავდნენ საინვესტიციო რესურსების ისეთ განსაკუთრებულ წყაროდ, რომელიც სავაჭრო და საწარმოო საქმიანობის მოცულობის გადიდებას უზრუნველყოფდა. მერკანტილისტებმა პირველებმა დაასაბუთეს იმ პირობების სახელმწიფოებრივად რეგულირების აუცილებლობა, რომლებიც საინვესტიციო რესურსების ჩამოყალიბებას და ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების შემოდინებას უზრუნველყოფენ. მათი მეცნიერული მსოფლმხედველობის შესაბამისად, ფულის მოდინების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფოს აქტიური პროტექციონისტური პოლიტიკა უნდა გაეტარებინა საერთაშორისო ვაჭრობის დარგში და მიეღწია თავისი სავაჭრო ბალანსის დადებითი სალდოსათვის. ფულის დაგროვების ზრდა, მისი ღირებულების იმავდროულად შემცირებისას, მათი აზრით, იმის მთავარი ფაქტორი იყო, რომ მომხდარიყო მეწარმეთა საინვესტიციო საქმიანობის წახალისება და ეკონომიკის ყველაზე უფრო მნიშვნელოვან სტრუქტურაწარმომქმნელ დარგებში პირდაპირი სახელმწიფო ინვესტიციების სტიმულირება.
ინვესტიციების თეორიის გარკვეული განვითარება უკავშირდება ფიზიოკრატების ეკონომიკური სკოლის წარმომადგენლებს – ფ. კენეს, ჟ. ტიურგოს, გ. რივიერას, თ. სიენსს. საინვესტიციო რესურსების ჩამოყალიბების წყაროებისა და ინვესტირების ობიექტების მიმართ მათი მიდგომა აქცენტირებული იყო ძირითადად მიწათმოქმედებაზე და არა ვაჭრობაზე (მერკანტილისტებისგან განსხვავებით). მათი კონცეფციის თანახმად, ეს იყო მოგების თანხის დადებითი მნიშვნელობის ფორმირების ერთადერთი წყარო, რომლის ერთ ნაწილს საინვესტიციო რესურსად იყენებენ ხოლმე. შესაბამისად, სახელმწიფოსა და ცალკეული მეწარმეების პრიორიტეტულ საინვესტიციო პოლიტიკად მათ მიაჩნდათ სახსრების დაბანდება ეკონომიკის სასოფლო-სამეურნეო სექტორის განვითარებაში. ფიზიოკრატებმა პირველებმა დაუდეს სათავე ინვესტირებული კაპიტალის დაყოფას ძირითად და საბრუნავ კაპიტალად (ამ უკანასკნელს ისინი სხვადასხვაგვარ “ავანსებად” განიხილავდნენ). გარდა ამისა, ინვესტიციების მათეული თეორიის შესაბამისად, საინვესტიციო რესურსების ძირითადი ნაწილის შემქმნელი სასოფლო-სამეურნეო სექტორის ეფექტიანად განვითარებისათვის, სახელმწიფოს ერთიანი გადასახადი უნდა დაეწესებინა მიწის გამოყენებაზე (რენტის მიუხედავად). ბოლოს, ამ სკოლის წარმომადგენლები აიძულებდნენ სახელმწიფოს, უარი ეთქვა პროტექციონისტული სავაჭრო და საინვესტიციო პოლიტიკის განხორციელებაზე.
კლასიკური პოლიტიკური ეკონომიის წარმომადგენლებმა, პირველ რიგში კი – ა. სმითმა, და დ. რიკარდომ, აგრეთვე, ჯ. მილმა, ჟ.ბ. სეიმ, ჯ. ლოდერდეილმა, დ. იუმ, თ მალთუსმა, ნ. სენიორმა – სერიოზულად გააღრმავეს ინვესტიციების არსის კვლევა მისი ყველა ასპექტის მიმართულებით და პირველად ჩამოაყალიბეს საზოგადოების საინვესტიციო მოდელის პარამეტრები. ინვესტიციების განხილვის არე მათ გააფართოვეს ჯერ სამრეწველო წარმოების, შემდეგ კი – არასაწარმოო სფეროებით. ამ სკოლის ეკონომისტებმა პირველად გამიჯნეს მკვეთრად ფულისა და კაპიტალის ცნებები, განსაზღვრეს კაპიტალის დაგროვების როლი საინვესტიციო რესურსების ფორმირებაში, განიხილეს საკრედიტო ფულის როლი ინვესტიციების განვითარებაში. ამ სკოლის ფარგლებში დამტკიცდა ინვესტირებული კაპიტალის შემოსავლიანობის ნორმის შემცირების პროცესის ობიექტურობა მისი გამოყენების მოცულობის გადიდების პარალელურად, გამოვლინდა ინვესტიციების მოცულობის გადიდებასა და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას (მთლიანი ეროვნული პროდუქტის მატებას) შორის ურთიერთკავშირის მექანიზმი, განისაზღვრა არასაწარმოო სახლმწიფო ინვესტიციების სფერო და შეიქმნა ქვეყნის ეკონომიკის მასშტაბებით საინვესტიციო რესურსების განაწილების ოპტიმიზაციის სქემა, საფუძველი ჩაეყარა ინვესტიციების საერთაშორისო მიგრაციის კვლევას [1].
ამ სკოლის ყველაზე უფრო თვალსაჩინო გამოკვლევები და დასკვნები უკავშირდებოდა ბაზრის (მათ შორის, ინვესტიციის ბაზრის) თვითრეგულირების პრინციპებს. ამასთან, მათი წარმომადგენლები ბაზრის თვითრეგულირების მექანიზმის საკმარისობის (“ბაზრის უხილავი ხელის”) შესახებ მეტისმეტად იდეალიზებული იყო.
ინვესტიციების თეორიის კლასიკურ პარადიგმას ახასიათებენ საზოგადოების საინვესტიციო მოდელისა და ინვესტიციების განხორციელების მექანიზმის პირველ მთლიანობით, მრავალასპექტიან და სისტემატიზებულ კონცეფციად, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ერთმანეთს დავუკავშიროთ საინვესტიციო პროცესების უმნიშვნელოვანესი მაკროეკონომიკური პარამეტრები, განვსაზღვროთ ქვეყნის მასშტაბით მათი გამოვლენის თავისებურებები. კლასიკური პოლიტეკონომიის წარმომადგენლების მიერ ფორმულირებული საზოგადოების საინვესტიციო მოდელის ძირითადი არსობრივი ნიშნები საფუძვლად მიიღო მისმა ყველა შემდგომმა მკვლევარმა. ამ ნიშნებმა დიდი გავლენა იქონიეს ინვესტიციების თეორიის შემდგომ განვითარებაზე.
ინვესტიციების თეორიის კვლევას მარქსისტული ეკონომიკური მოძღვრების სისტემაშიც დიდი ადგილი აქვს დათმობილი, მაგრამ ამ კვლევის მრავალი დასკვნა შემოდგომდროინდელი ეკონომისტების მძაფრი კრიტიკის საგნად იქცა. მარქსისტული სკოლის ინვესტიციების თეორიის ყველაზე უფრო ღირებული დასკვნა გახდა ინვესტიციების განხილვა მოგების ზრდის ფუნქციად. კ. მარქსის მტკიცებით, ინვესტიციებზე არსებული მოთხოვნა შენარჩუნდება და დაგროვილი კაპიტალი სრული მოცულობით ინვესტირდება მანამ, ვიდრე დაბანდებული სახსრები თუნდაც მინიმალურ მოგებას მაინც მოიტანენ (გამონაკლისად განიხილავდნენ ეკონომიკური ციკლის აღმავლობის მხოლოდ უმაღლეს წერტილს, როცა მოგების ნორმის არსებითად დაქვეითება სტიმულს აცლის საინვესტიციო პროცესის განვითარებას, რადგან ამცირებს საინვესტიციო შემოსავლის დაზოგვის შესაძლებლობებს). ამასთან, მისი აზრით, საინვესტიციო მოგების ვარიაციები (ხსენებული გამონაკლისის გარდა) პრაქტიკულად გავლენას არ ახდენენ საინვესტიციო პროცესის ინტენსივობაზე, რადგან მოგებაზე გამოდევნება, მისი ნებისმიერი მოცულობის შემთხვევაში, კაპიტალისტის თვითმიზნად გვევლინება და იგი თავის კაპიტალს აბანდებს პრესტიჟის მოსაზრებიდან გამომდინარე, მისი სოციალური სტატუსის ძალით. მარქსმა საინვესტიციო აქტივობის მთავარ რეგულატორად წინ წამოსწია მოგება, რითაც უგულებელყო საინვესტიციო პროცესზე სხვა ფაქტორების, მათ შორის სასესხო პროცენტის განაკვეთის, გავლენა.
ინვესტიციების თეორიაში მარქსისტული სკოლის პოზიტიურ წვლილად უნდა მივიჩნიოთ მის მიერ დამუშავებული დებულებები, ინოვაციური ინვესტიციების როლის შესახებ, საზოგადოების ეკონომიკურ პროგრესსა და მთელი რიგი ეკონომიკური ფაქტორების ნეგატიური ზემოქმედების დაძლევაში. მარქსისტული მოძღვრების დასკვნების შესაბამისად, ინოვაციური ინვესტიციების მასშტაბურად განხორციელება, ერთი მხრივ, გარკვეულწილად, ხელს უწყობს წარმოების ფაქტორების შეზღუდულობის დაძლევას, ხოლო მეორე მხრივ, არსებითად არბილებს ინვესტირებული კაპიტალის შემოსავლიანობის შემცირების კანონის მოქმედებას. ინვესტიციების მარქსისტული თეორიის თანახმად, ინოვაციური ინვესტირება, რომლის შედეგიცაა წარმოებაში ახალი ტექნიკისა და ტექნოლოგიის დანერგვა, კონკურენტულ უპირატესობათა აქტიურად ფორმირების მნიშვნელოვანი საშუალებაა.
მარქსისტულ კვლევაში შემდგომი პოზიტიური განვითარება პოვა ინვესტიციების საერთაშორისო მიგრაციის თეორიამ. მისი დასკვნების შესაბამისად, ამ პროცესის ორი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა იმპორტიორ ქვეყნებში მეტი ინვესტიციური მოგების მიღების პოტენციური შესაძლებლობა და ექსპორტიორ ქვეყანაში დაგროვილი კაპიტალის სიჭარბე. ვ. ლენინმა ამ ფაქტორებს დაუმატა ეკონომიკის მონოპოლიზაცია და ინტერნაციონალიზაცია, აგრეთვე, მონოპოლიების საკონკურენციო ბრძოლის გამწვავება მსოფლიო ბაზარზე.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ მარქსისტული ეკონომიკური ანალიზის მთელი პარადიგმა გამოირჩეოდა მეტისმეტი პოლიტიზაციით და მისი დასკვნები განიხილებოდა კაპიტალისტებისა და დაქირავებული მუშების კლასებს შორის შეურიგებელი წინააღმდეგობების პრიზმაში.
ინვესტიციების თეორიის განვითარებაში მნიშვნელოვანი პროგრესი უკავშირდება მარჟინალისტების, კერძოდ კი – ს. ჯევონსის, კ. მენგერის, ე. ბემ-ბავერკის, ფ. ვიზერის, ლ. ვალრასის და ჯ. კლარკის გამოკვლევებს. მათი ეკონომიკური პარადიგმის საფუძველს შეადგენდა ზღვრული სარგებლიანობის თეორია, რომლის შემუშავებასაც ეკონომისტები რევოლუციურ მოვლენად აფასებენ. ამ პარადიგმის შუქზე მარჟინალისტები თავიანთ გამოკვლევებში ძირითად ყურადღებას აქცევდნენ მიკროეკონომიკურ ინვესტიციურ ანალიზს. ეკონომიკური ანალიზის ზღვრული მეთოდის გამოყენებით, მარჟინალისტებმა გამოავლინეს საინვესტიციო რესურსებისა და ინვესტიციური საქონლის მოთხოვნასა და მიწოდებაზე მოქმედი უმნიშვნელოვანესი ფაქტორების სისტემა, რაოდენობრივად განსაზღვრეს წარმოების სხვა ფაქტორებთან ინვესტირებული კაპიტალის ურთიერთმოქმედების ფორმები, შემოიტანეს “ინვესტიციური საქონლის ზღვრული სარგებლიანობისა” და “ინვესტირებული კაპიტალის ზღვრული ნაყოფიერების” ცნებები, დაამუშავეს საწარმოების საინვესტივიო პროცესის მთელი რიგი ისეთი მოდელები, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ, ფართოდ გამოვიყენოთ მათეული ინვესტიციების თეორიის დასკვნები ცალკეული ინვესტორების სამეურნეო პრაქტიკაში.
მარჟინალისტების თეორიაში განსაკუთრებული როლი ეკუთვნის საინვესტიციო რესურსებსა და ინვესტიციურ საქონელზე ფასწარმოქმნის პრობლემების კვლევას, კაპიტალის დაგროვებისა და მისი ინვესტირების პროცესზე ფასების გავლენის შესწავლას. მარჟინალისტებმა პირველებმა დაამუშავეს ინვესტორის ახლანდელი და მომავალი დოვლათის ღირებულების შეფასების მექანიზმი, ინვესტიციური მოგების ნორმის გამოყენების საფუძველზე.
მარჟინალისტებმა გარკვეული წვლილი შეიტანეს ინვესტიციების მიგრაციის თეორიაშიც. მათ ჩამოაყალიბეს ე.წ. “ვალრასის წესი” – განტოლება, რომელიც საქონლითა და მომსახურებით საერთაშორისო ვაჭრობის ბალანსს ინვესტირებული კაპიტალის მოძრაობის ბალანსთან (ინვესტიციების მიგრაციასთან) აკავშირებს [4].
ინვესტიციების ანალიზის პრინციპულად ახალი მეთოდოლოგიის გამოყენების წყალობით, მარჟინალისტებმა ჩამოაყალიბეს მიკროეკონომიკური ინვესტიციური მოდელებისა და ინვესტიციური მექანიზმების ფორმირების ფუძემდებლური პრინციპები.
ეკონომიკური აზრის ნეოკლასიკური მიმართულების (მის პიონერად ა. მარშალს მიიჩნევდნენ) წარმომადგენლებმა მოახდინეს კლასიკური და მარჟინალისტური ინვესტიციური თეორიების სინთეზი. ნეოკლასიკოსების მიდგომებმა, რომლებმაც ამ ორი სკოლის მიღწევები გააერთიანეს, ხელი შეუწყვეს ინვესტიციური თეორიის ცალკეული დებულებების არსებით განვითარებას ინვესტიციების ბაზრის ფუნქციონირების მექანიზმის სფეროში, ინვესტიციური საქონლის მოთხოვნისა და მიწოდების საფუძველზე საბოლოო ფასების ჩამოყალიბების საკითხში.
ნეოკლასიკური მიმართულების ეკონომისტებმა დაწვრილებით გამოიკვლიეს დაგროვილი კაპიტალის (რომელსაც საინვესტიციო რესურსად არ იყენებენ, ობიექტურ შეზღუდვათა გამო) სიჭარბის გავლენა ინვესტიციური საქონლის მიწოდების ფასზე; ჩამოაყალიბეს უფრო იაფი ანალოგიებით ცალკეული სახის ინვესტიციური საქონლის შენაცვლების კანონი[6].
ინვესტიციების თეორიაში ნეოკლასიკური ეკონომიკური დოქტრინის წარმომადგენელთა წვლილს განსაზღვრავს, აგრეთვე, დინამიკური ინვესტიციური ანალიზის საფუძვლების მომზადება მათ მიერ იმ მრავალრიცხოვანი ფაქტორების გამოკვლევის გათვალისწინებით, რომლებიც ინვესტიციის ბაზრის წონასწორობას უზრუნველყოფენ მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერიოდებში.
ბოლოს, ნეოკლასიკური მიმართულების ეკონომისტთა გამოკვლევებს უკავშირდება ფირმის ინვესტიციური ქცევის თეორიის საფუძვლების პირველი სისტემატიზებული აღწერა.
ამასთან, მარჟინალისტების მსგავსად, ვერც ეკონომიკური აზრის ნეოკლასიკური მიმართულების წარმომადგენლებმა შეძლეს არსებითად შეეცვალათ მაკროეკონომიკური ინვესტიციური თეორია და ისინი, ძირითადად, ინვესტიციური პროცესების უპირატესად მაკროეკონომიკური ანალიზის ჩატარებით შემოიფარგლნენ.
ინვესტიციების მაკროეკონომიკურ თეორიაში კარდინალური შემობრუნება მოახდინეს ეკონომიკური აზრის კეინზური მიმართულების წარმომადგენლებმა – ჯ. კეინზმა და მისმა მრავალრიცხოვანმა მიმდევრებმა. მათი კვლევების დასკვნებმა რევოლუციური ცვლილებები შეიტანეს ინვესტიციების მანამდელ დოქტრინებში და საზოგადოების ინვესტიციურ მოდელში. კეინზელობა 1930-იანი წლების დიდმა დეპრესიამ განაპირობა, რომელმაც მთლიანად გადაუსვა ხაზი კლასიკური თეორიის წარმომადგენელთა დასკვნებს კაპიტალისტური ეკონომიკური თვითრეგულირების შესახებ. კეინზელობის პარადიგმა ემყარება დასკვნებს საზოგადოების ეკონომიკური განვითარების ძირითადი პარამეტრების სახელმწიფოებრივი რეგულირების აუცილებლობის შესახებ, ინვესტიციების მოზიდვის პირობების აქტიურად ფორმირების საჭიროების შესახებ ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად [5].
კეინზელობის პრინციპულად ახალი ინვესტიციური თეორია, რომელიც მთლიანობაში არ ცვლის საბაზრო თვითრეგულირების პრინციპებს, მთავარ აქცენტს აკეთებდა საინვესტიციო პროცესის რეგულირებაზე აქტიური და მიზანმიმართული ფისკალური და საკრედიტო პოლიტიკის ხარჯზე. საინვესტიციო საქმიანობა, თავის მხრივ, ის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი უნდა გამხდარიყო, რომელიც გავლენას იქონიებდა მთლიანი ეროვნული პროდუქტის ზომაზე, მოსახლეობის დასაქმების ხასიათსა და ინფლაციის დონეზე. კეინზმა ერთ-ერთმა პირველმა გამოიკვლია უმნიშვნელოვანეს მაკროეკონომიკურ მაჩვენებლები – ეროვნულ შემოსავალს, მოხმარებასა და დაზოგვას, კაპიტალის დაგროვებასა და ინვესტიციებს, ინვესტიციებსა და უმუშევრობას შორის ურთიერთკავშირების სისტემა. მათზე ზემოქმედებით სახელმწიფოს შეეძლო ბაზრის პირობებში სოციალურ-ეკონომიკური სისტემის წონასწორობის უზრუნველყოფა. ამ გამოკვლევების პროცესში მან მეცნიერებაში დაამკვიდრა მოხმარებისა და დაზოგვისაკენ ზღვრული მიდრეკილების, ინვესტირებისაკენ მიდრეკილების, ლიკვიდობის მჯობინების, ინვესტიციური მულტიპლიკატორის ცნებები და სხვა.
საინვესტიციო აქტივობის ერთ-ერთ პირობად კეინზს მიაჩნდა ეფექტიანი მოთხოვნის ჩამოყალიბება და განიხილავდა მის ორ სახესხვაობას: სამომხმარებლოსა და ინვესტიციურს. ამასთან, მან გამოავლინა მოთხოვნისა და ინვესტიციების მაჩვენებლების ერთმანეთზე, როგორც პირდაპირი, ისე უკუზემოქმედების, არსებობა. საინვესტიციო პროცესების სტიმულირების კეინზური მოდელი მოიცავდა, ასევე, საბიუჯეტო ხარჯების ფორმირების მეთოდებს, მეურნე სუბიექტების სახელმწიფოებრივ დაკრედიტებას, დაბეგვრის სისტემასა და სხვა მაკროეკონომიკურ ინსტრუმენტებს.
კეინზური თეორიის დადებითი წვლილი უკავშირდება ინვესტიციების მაკროეკონომიკური ანალიზის საფუძვლების შემდგომ განვითარებასაც. კეინზმა გვიჩვენა, რომ ფირმების ინვესტიციურ ქცევას მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავენ ისეთი ფაქტორები, როგორიცაა დაგროვების დონე, ინვესტიციური მოგების დონე და კრედიტების ბაზარზე არსებული პროცენტის ნორმა. ამასთან, ინვესტიციების კეინზური თეორია ითვალისწინებდა ფირმების ინვესტიციური ქცევის ქმედითი სახელმწიფოებრივი რეგულირებისა და კონტროლის აუცილებლობას.
საზოგადოების ინვესტიციური მოდელის მიმართ კეინზის მიდგომები არსებითად განავითარეს მისმა მიმდევრებმა ჯ. ჰიქსმა, რ. ჰაროდმა და სხვებმა, რომლებმაც ნეოკეინზური სკოლა შექმნეს. მათმა დასკვნებმა თვალსაჩინო წვლილი შეიტანეს მაკროეკონომიკური წონასწორობის ინვესტიციური რეგულირების მოდელების ფორმირებაში, ინვესტიციური აქსელერატორის გამოვლინების მექანიზმში, საინვესტიციო აქტივობის დონისა და ფირმის ღირებულებას შორის ურთიერთკავშირში, ინვესტიციების დაკრედიტების ფორმებში, მაკროეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად ინოვაციური ინვესტიციების როლში. ნეოკეინზურ შეხედულებათა სისტემაში ინვესტიციური თეორიას განმსაზღვრელი როლი აქვს მინიჭებული მთელ მაკროეკონომიკურ დინამიკურ ანალიზში.
ინვესტიციების თეორიაზე, კერძოდ კი – ინვესტიციური ნაკადების მოცულობათა რეგულირების მექანიზმზე, გარკვეული გავლენა იქონია ეკონომიკური აზრის მონეტარისტული მიმართულების მეცნიერულმა დებულებებმა, რომლის ყველაზე უფრო თვალსაჩინო წარმომადგენელია მ. ფრიდმანი [9]. საინვესტიციო პროცესებსა და მათი რეგულირების მექანიზმებს მონეტარისტები განიხილავდნენ მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის და ქვეყანაში ფულის მიმოქცევის პრიზმაში. მიმოქცევაში მყოფი ფულის რაოდენობა, მონეტარისტების ინვესტიციური თეორიის შესაბამისად, არსებითად მოქმედებს საინვესტიციო რესურსებისა და ინვესტიციური საქონლის ფასებზე, კაპიტალის, როგორც საინვესტიციო რესურსების დაგროვების ტემპებზე და ცალკეულ მეურნე სუბიექტების საინვესტიციო აქტივობაზე. მათი შეხედულებით, ქვეყანაში ეკონომიკის და, კერძოდ, საინვესტიციო პროცესების სახელმწიფოებრივი რეგულირების მთელი სისტემა თავმოყრილი უნდა იყოს ფულის მიმოქცევის პარამეტრების – ფულის მასის მოცულობის, მისი მიმოქცევის სიჩქარის, საკრედიტო და ფულის ემისიის, ინფლაციის ტემპების და ა.შ. რეგულირებაზე [3].
ინვესტიციების მონეტარისტული თეორიის სუსტ მხარეებად თანამედროვე მკვლევრებს მიაჩნიათ მათ მიერ ეკონომიკის რეალური სექტორის როლის დაკნინება საინვესტიციო პროცესების ფორმირებაში.
ინვესტიციების თეორიების ჩამოყალიბებაში გარკვეული ადგილი უჭირავთ ინსტიტუციონალიზმის წარმომადგენლებს, კერძოდ, თ. ვებლენს, ა. შპიტჰოფს, ჯ. კომონსს, ვ. მიტჩელს, დ. ბიუკენენს და სხვა თანამედროვე მკვლევრებს. მათი მიდგომების თავისებურებაა საინვესტიციო პროცესების ანალიზის ის მეთოდოლოგია, რომელიც სცილდება წმინდა ეკონომიკური პრობლემებისა და მეთოდების ფარგლებს და არსებითადაა შევსებული პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური, სამართლებრივი და სხვა პრობლემებით. ამავე დროს, ინსტიტუციონალიზმი ეყრდნობა არა ინვესტიციური ანალიზის ერთიან პრინციპებსა და მეთოდოლოგიას, არამედ იყენებს იმ სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინების მიდგომებს, რომლებიც არსებითად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.
ნეოკლასიკური, კეინზური, მონეტარისტული და ინსტიტუციონური ეკონომიკური მიმართულებები განზოგადებულია და პრაქტიკულადაა კონკრეტიზებული ინვესტიციების თეორიის თანამედროვე სინთეზში. ჩამოთვლილი ეკონომიკური მიმართულებების თანამედროვე წარმომადგენლებს შორის გამართულმა პოლემიკამ შესაძლებელი გახადა მათ მიერ შემოთავაზებული ინვესტიციური თეორიების როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეების გამოვლენა, ყოველ მათგანში მოცემული ფასეულისა და რაციონალურის ამორჩევა და ურთიერთშემავსებელი ახალი საინვესტიციო მოდელების ფორმირება. სხვადასხვა სკოლის წარმომადგნელთა თეორიული დასკვნებისა და თანამდეროვე საინვესტიციო პრაქტიკის განზოგადების შედეგების თანამედროვე სინთეზი, რომელიც ცნობილმა ნობელის ლაურეატებმა პ. სამუელსონმა, გ. მარკოვიცმა, მ. მილერმა, ფ. მოდილიანმა, უ. შარფმა, რ. სოლოუმ, დ. ტობინმა და სხვებმა წარმოადგინეს, ამჟამად ორი ძირითადი მიმართულებითაა განვითარებული: 1) მეურნეობის ცალკეული სუბიექტების ინვესტიციური ქცევის იმ მოდელებისა და მექანიზმების კვლევა, რომელცბიც ყველაზე მეტ ეფექტს უზრუნველყოფს მათ საინვესტიციო საქმიანობაში; 2) საინვესტიციო აქტივობის იმ მაკროეკონომიკური პირობების კვლევა და რეგულირება, რომლებიც თანმიმდევრულ ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფენ [8;10].
ინვესტიციების თეორიის თანამედროვე სინთეზის ძირითადი დებულებები ინვესტიციური მენეჯმენტის მეთოდოლოგიურ საფუძველს შეადგენს.