გენმოდიფიცირებული პროდუქცია და სასურსათო კონტროლი
პაატა კოღუაშვილი, ეკ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი, დემურ ბახტაძე, ეკ. მეცნ. კანდიდატი, მურ. ტოგონიძე, ეკ. მეცნ. კანდიდატი
კვების პროდუქტების ხარისხსა და უსაფრთხოებას, მართალია, საზოგადოების მხრიდან ოდითგანვე დიდი ყურადღება ექცეოდა, მაგრამ განვითარების სხვადასხვა ეტაპზე არა უვნებლობის, არამედ უფრო სურსათის წარმოების გადიდების რაოდენობრივი ასპექტი პრევალირებდა.
ბოლო პერიოდში წარმოებული კვების პროდუქტების ხარისხი მასობრივი მომხმარებლისთვის მკვეთრად გაუარესდა, რადგან ხდება კვების პროდუქტების მიკრობიოლოგიური წარმოშობის პათოგენური მიკროორგანიზმებით და მიკრობული ენტეროტოქსინებით დაჭუჭყიანება; გარემოსა და კვების პროდუქტებისათვის საჭირო ნედლეულის დაბინძურება პესტიციდებით და სხვა ქიმიური ელემენტებით (მათ შორის, მძიმე მეტალებითაც); მაქსიმალური მოგების მიღების მიზნით საკვებ პროდუქტებში შეჰყავთ სხვადასხვა სახის არაკონტროლირებადი საკვები დანამატები, ემულგატორები და ა.შ. ამიტომ მსოფლიო მასშტაბით დღის წესრიგში დადგა კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების მონიტორინგის აუცილებლობა, რათა მომხმარებელთან არ მოხვდეს არაკეთილსაიმედო პროდუქცია.
პროდუქციის უსაფრთხოება წარმოადგენს მომხმარებლის ერთ-ერთ უმთავრეს უფლებას, რასაც განსაზღვრავს გაეროს 1985 წლის რეზოლუცია – “მომხმარებელთა დაცვის სახელმძღვანელო პრინციპების შესახებ”. ამ რეზოლუციის თანახმად, სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა დაცვის ეროვნული სისტემა და კანონმდებლობა, რაც უზრუნველყოფს მათი უფლებების დაცვას. ამდენად, სასაქონლო ბაზარზე უსაფრთხო პროდუქციის არსებობა, პროდუქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ფორმებისა და მწარმოებელთა პასუხისმგებლობის განსაზღვრა, პროდუქციის უსაფრთხოების ძირითად მიზანს წარმოადგენს.
მეცნიერების განვითარების დღევანდელი დონე საშუალებას იძლევა, სხვადასხვა ცოცხალი ორგანიზმის გენების გადანერგვით შეიქმნას მცენარეთა და ცხოველთა ახალი ჯიშები, რომელთა დამახასიათებელი თვისებაა უხვმოსავლიანობა და მაღალპროდუქტიულობა, სპეციფიკური დაავადებების მიმართ გაზრდილი წინააღმდეგობის ფონზე.
დღეისათვის ამ მეთოდით გამოყვანილია ხორბლის, სიმინდის, ბრინჯის, სოიოს, ბამბის, მარწყვის, პამიდვრის, კარტოფილისა და სხვა კულტურათა ახალი ჯიშები. შედეგები მართლაც შთამბეჭდავია: მარწყვში, ვაშლსა და პამიდორში ცივ წყლებში მობინადრე ქამბალას გენის გადანერგვით მიიღეს ამ კულტურათა ყინვაგამძლე ჯიშები. ახალი ჯიშის ყავა არ შეიცავს კოფეინს, ხორბალში გაზრდილია წებოგვარასა და პროტეინის შემცველობა. ბრინჯში მომატებულია A ვიტამინი (გამოგონების ავტორთა აზრით, ეს ხელს უწყობს განვითარებად ქვეყნებში ე.წ. “ქათმის სიბრმავის” დაავადების კლებას). ბამბისა და კარტოფილის ახალ ჯიშებს არ სჭირდება შხამქიმიკატებით დამუშავება, ისინი თვითონ გამოყოფენ ჰერბიციდს. მთელი რიგი ახალი ჯიშების თესლისაგან აღმოცენებული მცენარის მოსავალი საკვებად ვარგისია, თუმცა, გამრავლების უნარი არა აქვს. ამასთან, შესაბამისი კოდირების შემდეგ იგი სტერილური ხდება, რაც მთავარია, მას შეუძლია, უხვი მოსავალი მოგვცეს შედარებით მწირ ნიადაგებზე (რომელთა ფართობის ხვედრითი წილი მსოფლიოში საკმაოდ დიდია), რაც შიმშილის დაძლევისა და მოსახლეობის დიდი ნაწილის გამოკვების მნიშვნელოვანი რეზერვია.
გენეტიკურად სახეცვლილი პროდუქციის ძირითადი მწარმოებლები და ექსპორტიორი ქვეყნებია – აშშ, კანადა, არგენტინა, ჩილე, ურუგვაი, ავსტრალია.
უკანასკნელ წლებში მსოფლიოსა და განსაკუთრებით ევროკავშირის ქვეყნებში (მათ მხარს უჭერენ აგრეთვე განვითარებადი ქვეყნები) თანდათანობით ფეხი მოიკიდა უარყოფითმა დამოკიდებულებამ გენეტიკურად სახეცვლილი პროდუქციის წარმოებისა და გამოყენების მიმართ. ასეთი მიდგომის ძირითად არგუმენტად მიჩნეულია ის ფაქტი, რომ გენური ინჟინერიის მეთოდით მცენარეში ინერგება ცოცხალი ორგანიზმების გენები (ევროპაში ასეთ სურსათს “ფრანკენშტაინის სურსათსაც” უწოდებენ), რამაც შესაძლოა, მეტად სავალალო შედეგები გამოიწვიოს სახელდობრ:
– ისეთი კულტურების მოშენება, რომელთაც არ სჭირდებათ შხამქიმიკატებით შეწამვლა, ხელს შეუწყობს მავნებელი მწერებისა და სარეველების ახალი სუპერჯიშების წარმოშობას შხამქიმიკატებისადმი გაზრდილი წინააღმდეგობის უნარით;
– ვინაიდან ამ ჯიშებისაგან მიღებულ თესლს არა აქვს აღწარმოების (გენერაციის) უნარი, ფერმერები მთლიანად დამოკიდებული გახდებიან სტერილური, უხვმოსავლიანი ჯიშების თესლის მწარმოებელ კომპანიებზე;
– ცნობილია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული უხვმოსავლიანი სიმინდის გამანადგურებელი მოქმედება უვნებელი პეპლების მუხლუხოებზე. ეს ფაქტი ხაზს უსვამს ეკოსისტემისა და, შესაბამისად, ადამიანზე მავნე ზემოქმედების საშიშროებას;
– არის ცნობები, რომ გენური ინჟინერიის საშუალებით მუშავდება მცენარეთა ისეთი ჯიშები, რომლებიც სპეციალური “ბრძანების” მიღებით შეწყვეტენ ზრდა-განვითარებას და თვითგანადგურდებიან, ე.ი. იქმნება მოსავლის ხელოვნური მართვის საშუალება.
ვინაიდან ამ ჯიშების დამახასიათებელი თვისებები შეუსწავლელია, მეცნიერები არ გამორიცხავენ ადამიანსა და გარემოზე მავნე ზემოქმედების შესაძლებლობას. ამიტომ ევროკავშირის ქვეყნებში შესაბამისი რეგულირებაცაა შემოღებული, რაც გულისხმობს ასეთი სახის კვების პროდუქტების სპეციალურ ნიშანდებას, რომლის მიხედვითაც მომხმარებელს საშუალება ეძლევა, განასხვაოს ის ჩვეულებრივი გზით მიღებული პროდუქტისაგან. მიუხედავად ამისა, სუპერმარკეტების უმრავლესობამ ევროკავშირის ქვეყნებში ნებაყოფლობით თქვა უარი გენეტიკურად სახეცვლილი პროდუქტების შეტანასა და რეალიზაციაზე.
(ევროკავშირის ფრთხილი მიდგომა მომხმარებელთა და გარემოს უსაფრთხოებისადმი გამოწვეულია აგრეთვე სასურსათო პროდუქციის მავნე ზემოქმედების ისეთი ფაქტებით, როგორიცაა ე.წ. “ცოფიანი ძროხის დაავადება”, “დიოქსინის კრიზისი” და სხვ.)
აშშ-ში შეშფოთებით უყურებენ ევროკავშირის ქვეყნების პოზიციას. მათი აზრით, ასეთი დამოკიდებულება ზღუდავს თავისუფალი ვაჭრობის პრინციპებს და ქმნის გაუმართლებელ ბარიერებს. ცნობილია, რომ ამ მიზეზით აშშ ყოველწლიურად კარგავს 200 მლნ დოლარს. უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირსა და აშშ-ს შორის დღესაც არ არის გადაწყვეტილი დავა ჰორმონებით გამოკვებილი საქონლისა და ფრინველის ხორცის გამო. ევროკავშირი უკვე რამდენიმე წელია, კრძალავს ასეთი ხორცისა და ხორცის პროდუქტების იმპორტს, როგორც ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიშს.
გენეტიკურად სახეცვლილი სურსათის მიმართ საზოგადოებრივი აზრის ცვლილება აღინიშნება თვით აშშ-სა და კანადაში. აშშ-ში 20-მდე კონგრესმენმა (როგორც დემოკრატებმა, ასევე რესპუბლიკელებმა) თავისი ინიციატივით მოამზადა კანონპროექტი გენეტიკურად სახეცვლილი სურსათით ვაჭრობის სპეციალური რეგულირების შემოღების აუცილებლობის შესახებ.
ევროკავშირის გარდა, ე.წ. “ფრანკენშტაინის სურსათის” მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება იზრდება იაპონიასა და მექსიკაში. სახელდობრ, იაპონელი ლუდის მწარმოებლები უარს ამბობენ გენეტიკურად სახეცვლილ მარცვლეულზე (სალუდე ქერზე). ასევე, მექსიკური სიმინდის ჩიპსების მწარმოებლები ამჯობინებენ ჩვეულებრივი სიმინდის გამოყენებას, რაც ნაკარნახევია ბაზარზე არსებული მოთხოვნით. ასევე, გაააქტიურეს ამ საკითხის შესწავლა ამერიკის ფედერალურმა ორგანოებმა, რომლებსაც ევალებათ სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების კონტროლი. ბოლო მონაცემებით, აშშ-ის ადმინისტრაცია გეგმავს, შემოიღოს გენეტიკურად სახეცვლილი მარცვლეულისაგან დამზადებული პროდუქციის ნიშანდება, რაც საშუალებას მისცემს მომხმარებელს, განასხვაოს ჩვეულებრივი სასურსათო პროდუქცია გენეტიკურად სახეცვლილისაგან.
საყურადღებოა, რომ ამ პრობლემების აქტუალობიდან გამომდინარე, მათი რეგულირების მიზნით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2001 წლის იანვარში მონრეალში გაიმართა ბიოუსაფრთხოებისადმი მიძღვნილი კონფერენცია. მასში მონაწილეობდა მსოფლიოს 134 ქვეყანა. კონფერენციამ მიაღწია კომპრომისულ შეთანხმებას და მიიღო “ოქმი ბიოუსაფრთხოების შესახებ”, რომლის თანახმად, შემუშავებული რეგულირების სპეციალური წესები მოიცავს შემდეგ პრინციპებს:
პროდუქციის უსაფრთხოება – ნებისმიერ ქვეყანას მიეცა შესაძლებლობა, ასეთ პროდუქციაზე თავისუფლად შემოიღოს საკუთარი რეგულირების სისტემა და საკანონმდებლო აქტები, აკრძალოს გენეტიკურად სახეცვლილი პროდუქციის იმპორტი მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა მეცნიერულად დასაბუთებული მტკიცებულებანი მისი უვნებლობის შესახებ.
ნიშანდება – ექსპორტიორმა ქვეყნებმა – აშშ-მა და კანადამ, უნდა აღნიშნონ საბითუმო ტვირთზე, რომ იგი შეიძლება შეიცავდეს გენეტიკურად სახეცვლილ ორგანიზმებს.
პასუხისმგებლობა მიყენებული ზიანისათვის – ოქმი შეიცავს მოწოდებას, გაგრძელდეს მოლაპარაკება საერთაშორისო სტრუქტურის შესაქმნელად, რათა განისაზღვროს, რომელი მხარე იქნება პასუხისმგებელი, გენეტიკურად სახეცვლილი პროდუქცია ზიანს თუ მიაყენებს გარემოსა და ადამიანს. მოლაპარაკება დასრულდება 4 წლის განმავლობაში.
განხორციელება – “ოქმს ბიოუსაფრთხოების შესახებ” აქვს იგივე სტატუსი, რაც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს და ძალაში შევა მონაწილე ქვეყნების მიერ მისი რატიფიცირების შემდეგ, რაც სამ წლამდე შეიძლება გაგრძელდეს.
ბუნებრივია, გენეტიკურად სახეცვლილი პროდუქტის უკონტროლო მოხმარება როგორც ეკოლოგიური, ასევე მოსახლეობის გამოკვების თვალსაზრისით, განსაკუთრებით საგანგაშოა განვითარებად ქვეყნებში, რომელთა რიცხვს მიეკუთვნება საქართველო, სადაც ადგილობრივი სამომხმარებლო ბაზარი დაუცველია მსგავსი საფრთხისაგან. ისიც გასათვალისწინებელია, რომ სიღატაკე მოსახლეობას აიძულებს, შეიძინოს რაც შეიძლება იაფი პროდუქტი. სწორედ იაფი და ხელმისაწვდომი კვების პროდუქტების შეძენის გარდაუალობა ქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქტების იმპორტირების პირობებს. ამის დასტურია ის უამრავი ფაქტი, რომელიც თითქმის ყოველდღიურად ფიქსირდება ჩვენს სასურსათო ბაზარზე.