რისკების მართვა ბიზნესში
გოდერძი ჩანადირი
საბაზრო ურთიერთობათა დამკვიდრებამ ბიზნესი საქართველოს ეკონომიკის ბუნებრივი შემადგენელი ნაწილი გახადა. დღეისათვის ბიზნესი ჩვენი მოსახლეობის გარკვეული ნაწილისათვის დასაქმების ძირითად სფეროს წარმოადგენს. საბაზრო ეკონომიკა, უპირველეს ყოვლისა, თავისუფალი მეწარმეობის ეკონომიკაა, რომელიც ქმნის ბიზნესის განვითარების დიდ შესაძლებლობებს.
ამდენად, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის საბაზრო ურთიერთობებზე გადაყვანა დაკავშირებულია ბიზნესის განვითარებასთან. როგორც სამეურნეო პრაქტიკა ცხადყოფს, ბიზნესის განვითარება მნიშვნელოვნად დამოკიდებულია რისკთან. ბიზნესის ეფექტიანი განვითარება საჭიროებს რისკების თეორიის ღრმა ანალიზს და შესწავლას. რისკის ცნება საზოგადოებრივი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კვლევისა და შესწავლის საგანია. აქედან გამომდინარე, რისკის შესწავლას თავისი ასპექტები აქვს. რისკის უამრავი სახეობა არსებობს. ძირითადად განასხვავებენ სოციალურ, ეკონომიკურ-პროფესიულ, სამედიცინო-ბიოლოგიურ და სხვა სახის რისკებს. ბიზნესის სფეროში უფრო ხშირად გავრცელებულია სოციალური და ეკონომიკური რისკები. ზოგადად რისკი განიხილება როგორც მოსალოდნელი ხიფათი (საფრთხე) წარუმატებლობისა. სოციალური რისკის გამომწვევი მიზეზი საკმაოდ მარტივია. მათი უმრავლესობა ობიექტურია და მასობრივ ხასიათს ატარებს. საციალურ რისკებს სხვადასხვა ბუნება აქვთ. ყოველი მათგანის შედეგი სხვადასხვა გზით ვლინდება მომუშავეთა სხვადასხვა კატეგორიაში. მათ შორის ძირითადია შრომის უნარის დაკარგვა. წინდაუხედავმა სოციალურმა რისკმა შესაძლოა, გამოიწვიოს ადამიანის ჯანმრთელობის დაქვეითება, შრომის უნარის ნაწილობრივ ან მთლიანად დაკარგვა, დაინვალიდება და სიკვდილიც კი. შრომის უნარის დაკარგვასთან ერთად ადამიანი კარგავს შემოსავლის წყაროს – ხელფასს. ხელფასის დაკარგვა შეიძლება არა მარტო სახიფათო რისკის, მოხუცებულობის ან ჯანმრთელობის დაქვეითების, არამედ შრომის ბაზარზე სამუშაო ძალის მოთხოვნის დაცემის შედეგი იყოს. ესე იგი, ადამიანი შრომისუნარიანია, პროფესიასაც ფლობს, მაგრამ უმუშევარია, რასაც მასობრივი ხასიათი აქვს საქართველოში. უმუშევრობის რისკი ერთდროულად სამ სუბიექტს აერთიანებს – მომუშავეს, სამუშაოს გამცემს და სახელმწიფო ხელისუფლებას. ასეთი რისკი თვით პიროვნებასთან არის დაკავშირებული, რადგან თავად ირჩევს პროფესიას და კვალიფიკაციაზეც თვითონ ზრუნავს. სამუშაოს გამცემი რისკს ეწევა, როცა იწყებს პროდუქციის რეალიზაციას. სახელმწიფოს გარკვეული როლი აქვს რისკში და მის შედეგებში, რაც დაკავშირებულია საკანონმდებლო სისტემის ნაკლოვანებებთან და არასრულ სოციალურ- ეკონომიკურ პოლიტიკასთან. სამეურნეო პრაქტიკაში რისკის უამრავი სახე არსებობს. მათგან ყურადსაღებია საბაზრო რისკი, ტექნოლოგიური რისკი, დანაკარგების ფაქტორთა რისკი, პოლიტიკური რისკი. ბიზნესში საბაზრო რისკი ძირითადად გამოწვეულია პროდუქციის წარმოებასა და რეალიზაციაზე ფასების მოულოდნელი ცვლილებით. ფასების მუდმივი ცვალებადობა მოქმედებს საქონლის მოთხოვნა-გასაღების მდგომარეობაზე. ამასთან ერთად, ყოველთვის არსებობს ბაზრის კონიუნქტურის შეცვლის რისკი, რაც თავის მხრივ გავლენას მოახდენს კონკრეტული პროდუქციის წარმოებაზე. მიკროეკონომიკის დონეზე ეკონომიკამ შეიძლება განიცადოს ვარდნა. ამან შესაძლოა გამოიწვიოს ბაზრის სტრუქტურისა და პროდუქციის ნაირსახეობის დონის ცვლილება. ასევე შეიძლება მოხდეს ცვლილებები პროდუქციის სასიცოცხლო ციკლში. მოძველდეს უფრო სწრაფად, ვიდრე ეს ნავარაუდევი იყო მისი წარმოებაში გაშვების დროს. ასევე შეიძლება ფირმებმა სწორად ვერ შეაფასონ ბაზრის მოთხოვნა პროდუქციაზე. ბიზნესისათვის მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს ცვლილებები ტექნოლოგიაში – ახალი პროდუქციის ათვისება-დანერგვა, ახალი ტექნოლოგიური პროცესების შემოტანა. ასევე საშიშროებას წარმოადგენს ახალი კვლევებისა და ექსპერიმენტების ჩატარება, რადგანაც არ არსებობს გარანტია იმისა, რომ მათი განხორციელების შედეგად პროდუქციაზე გაჩნდება მოთხოვნა. ცნობილია, რომ ფარმაცევტული კომპანიები ხარჯავენ სოლიდურ თანხებს ახალი პრეპარატების შექმნაზე, რომელთაგან ცოტა თუ აღწევს ბაზრამდე. დანახარჯების ფაქტორთა რისკს განეკუთვნება წარმოების რომელიმე ფაქტორის შესაძლო გაუთვალისწინებლობა. რომელიმე პროექტის ეკონომიკურმა გაანგარიშებამ შეიძლება განიცადოს არსებითი ცვლილებები პროცენტული განაკვეთების მოულოდნელი ცვლილებების გამო. პროექტის სიცოცხლისუნარიანობაზე შეიძლება იმოქმედოს ვალუტის კურსის მკვეთრმა და მოულოდნელმა ცვლილებამ. ბიზნესში პოლიტიკური რისკის გამომწვევი ძირითადი პირობებია მოულოდნელი ცვლილებები ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ბიზნესში საწარმოო რისკი ძირითადად განპირობებულია საწარმოო პირობების შეცვლით. ფინანსური რისკი დაკავშირებულია წარმოების აქტივების ფინანსურ უზრუნველყოფასთან, სესხის კაპიტალის მოულოდნელ ზრდასთან, ფულადი სახსრების გაუთვალისწინებელ მოძრაობასთან და სხვა. ამას გარდა, ბიზნესში არსებობს ისეთი რისკების, როგორიცაა იურიდიული რისკი, ქონების დაკარგვის რისკი, კონტრაქტების შეუსრულებლობის რისკი, ტვირთის გადაზიდვის რისკი და სხვა. ბიზნესი, როგორც წესი, დაკავშირებულია უამრავი სახეობის რისკთან, მაგრამ მათი გათვალისწინება და მართვა ხშირ შემთხვევაში სავსებით შესაძლებელია. მოსალოდნელი გაუთვალისწინებელი მოვლენების გამო გამოწვეული ზარალის მინიმალიზაციის პროცესს რისკების მართვა ეწოდება. ბევრ ფირმაში შემოღებულია მმართველის თანამდებობა რისკების მართვის დარგში. მისი უმთავრესი ფუნქციაა მოსალოდნელი რისკების საწინააღმდეგო ღონისძიებების, პროგრამების შემუშავება დანაკარგების შემცირების მიზნით. პროგრამა ითვალისწინებს მოსალოდნელი რისკის შეფასებას, ანალიზს და რისკის მართვის ღონისძიებებს. მმართველმა უნდა იცოდეს, როგორ შეამციროს რისკის ხარისხი ყველა შესაძლო დაბალ დონემდე. მას შემდეგ, რაც შეფასდება რისკის მასშტაბები, მმართველმა უნდა შეარჩიოს მისი დაძლევის მეთოდი. ცნობილია რისკის დაძლევის ორი მეთოდი – კონტროლისა და დაფინანსების. იმისათვის, რომ ფირმა დაცული იქნეს მოსალოდნელი ზარალისაგან, მმართველი იყენებს ყველა შესაძლო ღონისძიებას. როგორც ცნობილია, პრაქტიკულად მოსალოდნელი დანაკარგების მთლიანად თავიდან აცილება შეუძლებელია, ამიტომ შემუშავებულმა ღონისძიებებმა უნდა უზრუნველყოს ზარალის მინიმალიზაცია. თუ მოსალოდნელი დანაკარგები ფირმისთვის ფინანსურ დაძაბულობას ქმნის, მმართველი არჩევანის წინაშე დგება – ან თავის თავზე უნდა აიღოს სამეურნეო რისკი, ან იგი გადასცეს სხვა ორგანიზაციას. ამ დროს მმართველი იყენებს რისკის დაფინანსების მეთოდებს. ფირმას შეუძლია, შეამციროს თავისი დანაკარგები თვითდაზღვევის გზით, რაც დაკავშირებულია სპეციალური სარეზერვო ფონდის შექმნასთნ და ზარალის დაფარვასთან საკუთარი საბრუნავი ფინანსური სახსრების ნაწილის ხარჯზე, ან სპეციალური სადაზღვევო ფონდიდან აიღონ სახსრები. მსხვილი ფირმები ხშირად საკუთარ სადაზღვევო კომპანიებს აყალიბებენ. რისკების მართვის სფეროში მომუშავე მმართველები – მენეჯერები რისკის კონტროლისა და მართვის მეთოდებიდან იმ მეთოდებს შეარჩევენ, რომლებიც მინიმუმამდე დაიყვანენ ფირმისადმი მიყენებულ ზარალს, ან შეარჩევენ დაზღვევის ისეთ ფორმას, რომელიც ზარალს აანაზღაურებს ხელსაყრელ პირობებში, ისე, რომ შენარჩუნებული იქნეს ფირმის ფინანსური მდგომარეობა.