სავაჭრო საწარმოებში (ფირმებში) სამეურნეო საქმიანობის გაუმჯობესების საკითხები
ე. კახნიაშვილი
საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლასთან დაკავშირებით სამეურნეო საქმიანობის მდგომარეობა და მისი სრულყოფის საკითხები ვაჭრობაში ძირითადად საცალო ვაჭრობის საწარმოების მოვალეობას შეადგენს. იმისათვის, რომ წარმატებით განხორციელდეს მოხმარების საგნების გაყიდვა საბოლოო მომხმარებელზე, საჭიროა, სისტემატურად ხდებოდეს მოთხოვნის შესწავლა და მისი პროგნოზირება, შედეგების ცხოვრებაში გატარება.
თანამედროვე პირობებში ეკონომიკური და სოციალური განვითარების მაჩვენებლები აღარ შეიძლება იყოს საქმიანობის ცალკეული უბნების უბრალო ნაკრები, არამედ იგი წარმოგვიდგება, როგორც საწარმოს განვითარების კომპლექსური გეგმა მისი ყველა ასპექტის სახით. სავაჭრო საწარმოთა საქმიანობა უნდა ემყარებოდეს არა მხოლოდ სადღეისო საკითხებისადმი ზრუნვას, არამედ მისი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს სამომავლო წარმატებული ფუნქციობისათვის მტკიცე ფუნდამენტის აგებისაკენ. ამისათვის საჭირო გახდება მრავალი ეკონომიკური,
ორგანიზაციული თუ სამართლებრივი საკითხის გადაჭრა, რამდენადაც დღევანდელი ცხოვრება საჭიროებს არა უწინდელი დოგმებით და შტამპებით სვლას, არამედ შემოქმედებით საქმიანობას, განუწყვეტელ ძიებას, ყოველი სამეურნეო უჯრედის ეფექტიანობის უზრუნველყოფას. ამასთან დაკავშირებით დიდი მნიშვნელობა აქვს სავაჭრო საწარმოების ეკონომიკური და სოციალური განვითარების ცალკეული უჯრედების (განყოფილებების) თანმიმდევრულ ჩამოყალიბებას.
ყოველივე ამის გამო მიზანშეწონილად მიგვაჩნია საცალო ვაჭრობის მსხვილ ობიექტთა (საწარმო, ფირმა და სხვა) საქმიანობის ერთობლიობა აიგოს შემდეგი ძირითადი განყოფილებების მიხედვით: I განყოფილება – საცალო საქონელბრუნვა და საქონლის მარაგი; II განყოფილება – ფინანსური რესურსების შექმნა და გამოყენება;
III განყოფილება – მოთხოვნის ფორმირება და მისი შესწავლა (მარკეტინგი); IV განყოფილება – მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განყოფილება; V განყოფილება – შრომითი რესურსების განვითარება; VI განყოფილება – სოციალური განვითარება. თავის მხრივ, თითოეულ განყოფილებაში გამოიყოფა ქვეგანყოფილებანი; კერძოდ, საქონელბრუნვისა და საქონლის მარაგის განყოფილებაში შევა საქონელბრუნვის მოცულობა და სტრუქტურა, საქონლის მარაგის მოცულობა და შედგენილობა ყოველი პერიოდის დასაწყისში და ბოლოს, საქონლის მიღების მოცულობა და შედგენილობა და სხვა. ფინანსური რესურსების შექმნის და გამოყენების განყოფილებაში აისახება საერთო შემოსავლების მოცულობა და სტრუქტურა, შემოსავლების გამოყენება და სტრუქტურა, მოგების გამოყენება და შედგენილობა, საბრუნავი საშუალებების შევსება. მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განყოფილებაში აისახება არსებული ობიექტის გაფართოება და რეკონსტრუქცია, ტექნიკური გადაიარაღების ღონისძიებათა განხორციელება, დანახარჯები მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ყოველმხრივ განვითარებასა და სრულყოფაზე და ასე შემდეგ. სავაჭრო საწარმოებში უნდა არსებობდეს სამეურნეო საქმიანობის ყოველმხრივ დასაბუთებული გეგმა, რომელიც შემდგომ უნდა დაზუსტდეს სახელშეკრულებო ვალდებულების საბოლოოდ განსაზღვრის შედეგად.
იმ შემთხვევაში, თუ მოხდება საწარმოს მუშაკების რიცხვის შემცირება, მიღებული ეკონომია გამოყენებულ უნდა იქნეს მოქმედი პერსონალის შრომის ანაზღაურების გასადიდებლად, თუმცა უფრო გამართლებულია, როცა შრომის ანაზღაურების გადიდება ხორციელდება სავაჭრო ტექნოლოგიური პროცესების სრულყოფის შედეგად.
დიდი სოციალური მნიშვნელობა აქვს საცალო ქსელის განვითარებას. სავაჭრო ფართობის გადიდება ამცირებს მოსახლეობის
დროის დანახარჯებს საქონლის შეძენაზე, ხელსაყრელ პირობებს ქმნის მყიდველებისათვის; საჭიროა, საცალო ქსელის გადიდებას ყოველთვის სოციალურ-ეკონომიკური პრინციპებიდან მივუდგეთ. მოსახლეობის მოთხოვნის დაკმაყოფილების დონე დაკავშირებულია სავაჭრო ობიექტის სასაქონლო უზრუნველყოფასა და სავაჭრო-ტექნოლოგიური პროცესების ნორმალურ წარმართვაზე. არანაკლებ მნიშვნელოვანია მოსახლეობის დროის დანახარჯების შემცირება საქონლის მოძებნასა
და შეძენაზე, რისთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს ვაჭრობის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მდგომარეობას. სპეციალისტების მიერ გაანგარიშებულია, რომ სასურსათო საქონლით ვაჭრობაში მოსახლეობის 1000 სულზე სავაჭრო ფართობის 60-დან 80 მ2-მდე გაზრდისას გზის ხარჯები მაღაზიამდე და უკან მცირდება 1,3-ჯერ. ამავე დროს მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს ისეთი მაჩვენებლები, როგორიცაა საანგარიშსწორებო კვანძების ოდენობა, სავაჭრო ფართობის სიდიდე და გამყიდველების სამუშაო ადგილების რიცხვი. მოსახლეობის უზრუნველყოფის გაზრდა სავაჭრო ფართობით სხვა თანაბარ პირობებში საშუალებას იძლევა, მომხმარებლის დრო შემცირდეს ისეთ ოპერაციებზე, როგორიცაა რიგში დგომა და საქონლის შესყიდვა დაახლოებით 6-ჯერ. საცალო საქონელბრუნვის გადიდება, მოთხოვნის სრულყოფილად დაკმაყოფილება
დამოკიდებულია აგრეთვე ვაჭრობის მუშაკთა უნარსა და მოქნილ მუშაობაზე; ისინი მოწოდებულნი არიან, დამატებითი დანახარჯების გარეშე მიაღწიონ
ამ მაჩვენებელთა მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. მუშაობის ამ სფეროში ბევრი ნაკლოვანების და გამოუყენებელი რეზერვის დასახელება შეიძლება. ერთ-ერთი რეზერვი ამ მიმართულებით არის არასასურსათო საქონლით საკომისიო ვაჭრობის გაუმჯობესება. ვაჭრობის ამ სახის მზარდი მოთხოვნა აისახება იმით, რომ, მართალია, მცირედ, მაგრამ მაინც უმჯობესდება მოსახლეობის უზრუნველყოფა პირადი მოთხოვნილების საქონლით, ხანგრძლივი გამოყენების საგნებით. ამის გამო მოსახლეობას უჩნდება მოთხოვნილება, მაგალითად, გარდერობის განახლებაზე მანამ, სანამ სამოსი ფიზიკურად გაცვდება. მეორე მხრივ, დაბალშემოსავლიან მომხმარებლებს სურთ შეიძინონ ნივთები, რომლებიც მორალურად მოძველებეულია და პირვანდელი ღირებულება ნაწილობრივ დაკარგული აქვს, თუმცა არ დაუკარგავთ გარკვეული სამომხმარებლო თვისებები. ეს ეკონომიკურად მომგებიანია არა მარტო მათთვის, ვინც ყიდის, არამედ მათთვისაც, ვინც შეღავათიან ფასებში იძენს მათ. საჭიროა, ჯეროვანი ყურადღება მიექცეს ამ მნიშვნელოვანი რეზერვის ამოქმედებას. სულ ახლო წარსულში საკომისიო ვაჭრობის არსებული ქსელი მთლიანად მოიშალა და აზრადაც არავის მოსდის მისი აღდგენა, არაფერს ვამბობთ შემდგომ გაუმჯობესებაზე. განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს საბავშვო ასორტიმენტის საქონლით ვაჭრობა, რამდენადაც ბავშვის გარდერობი სწრაფად იცვლება, ხოლო შესაბამისი საქონელი ყოველთვის როდი იშოვება. ისეთი მსხვილი სავაჭრო საწარმო, როგორიცაა “ბავშვთა სამყარო” თბილისში, თითქმის ყველა დასახელების სამრეწველო საქონლით ვაჭრობს, ხოლო ის სასაქონლო ასორტიმენტი, რომლის რეალიზაციაზეც უნდა იყოს სპეციალიზებული
სავაჭრო ობიექტი, ხშირად ძალზე მწირია. საცალო საქონელბრუნვის განვითარება, ბაზრის ტევადობის გაფართოება ძვირადღირებული საქონლის ასორტიმენტის
შესყიდვა, მომხმარებელთა თანამედროვე მცირე შემოსავლების პირობებში, შეიძლება უკეთ განხორციელდეს საქონლის განვადებით რეალიზაციის ფართოდ გამოყენების საფუძველზე. ამ მეთოდით საქონლის გაყიდვა შესაძლებელს გახდის, გავზარდოთ ცალკეული არასასურსათო საქონლით ვაჭრობა, რომლითაც სრულად არის გაჯერებული ბაზარი, იგრძნობა საქონლის მარაგის სიჭარბე და მისი ბრუნვადობის შენელება. გადა ამისა, კრედიტით ვაჭრობა დამატებით იმპულსს მისცემს წარმოების განვითარებას, კვლავწარმოების ეფექტიანობის ამაღლებას, მოსახლეობის სავაჭრო მომსახურების სრულყოფას. სავაჭრო მომსახურების სისტემაში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს მომსახურების კულტურის დონეს, რომელიც მოიცავს ისეთ კომპონენტებს როგორიცაა საქონლის ფართო ასორტიმენტის არსებობა
ქსელში, სავაჭრო მომსახურების პროგრესული მეთოდების დანერგვა, სავაჭრო-ტექნოლოგიური პროცესების სრულყოფა და მრავალი სხვა. ამას უნდა დავუმატოთ ადამიანური ფაქტორები: თავაზიანობა, გულთბილი ურთიერთობა, ზრუნვა მყიდველებზე, მათთვის ხელსაყრელი
პირობების შექმნა საქონლის შესაძენად, ისეთი მიკროკლიმატის არსებობა, რის გარეშეც თანამედროვე ეტაპზე წარმოუდგენელია მაღალკულტურული მომსახურება, დადებითი საბოლოო შედეგების მიღება. აქვე წარმოდგენილია სქემა, რომელშიც მოცემულია ის ძირითადი ელემენტები, რომლებსაც უნდა იყენებდეს თანამედროვე
მსხვილი სავაჭრო საწარმო მომხმარებელთა დროულად და მაღალხარისხოვნად მომსახურებისათვის. მარჯვენა გრაფაში ნაჩვენებია მაჩვენებელთა ის აუცილებელი ჩამონათვალი, რომლებიც გამოყენებულ უნდა იქნეს მარცხნივ წარმოდგენილი ელემენტების შესაფასებლად. ავტორის აზრით, მაჩვენებელთა მოტანილი სისტემის მონაცემები რაც უფრო სრულად იქნება ასახული მარჯვენა გრაფის ჩამონათვალში, მით უფრო უკეთ იქნება ორგანიზებული საწარმოში მომხმარებელთა მომსახურების შესაბამისად ეკონომიკური ეფექტიანობა. მაღაზიაში საქონლის ასორტიმენტულ შედგენილობასა და დროულ განახლებაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მოთხოვნის დაკმაყოფილების ხარისხი, საწარმოს სამეურნეო საქმიანობის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები. ამდენად, საქონლის ასორტიმენტის
ფორმირებისას უმნიშვნელოვანეს პირობას წარმოადგენს მომხმარებელთა მოთხოვნის მაქსიმალური დაკმაყოფილება დროის უმცირესი დანახარჯების პირობებში და სავაჭრო საწარმოების ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა. მაღაზიებში ასორტიმენტის რეგულირების ინსტრუმენტია საქონლის ასორტული ჩამონათვალი. რეკომენდებულია, რომ ასეთი ჩამონათვალი დაწესდეს ყოველი კონკრეტული სავაჭრო საწარმოსათვის მისი ტიპის, ბრუნვის მოცულობის, სავაჭრო ფართობის, ადგილმდებარეობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ეს კი საშუალებას იძლევა, არა მხოლოდ რაციონალურად ვარეგულიროთ საქონლის
ასორტიმენტი, არამედ სისტემატურად ვაკონტროლოთ მისი სისრულე და სტაბილურობა. ასორტიმენტის სისრულის კოეფიციენტი საწარმოში გაიანგარიშება საქონლის ფაქტობრივი სტრუქტურული სახესხვაობების რაოდენობის შეფარდებით ასორტიმენტის იმ რაოდენობასთან, რაც გათვალისწინებულია ამ მაღაზიისათვის
დამტკიცებული ასორტიმენტის ჩამონათვალით და იგი გამოისახება შემდეგი ფორმულით: სადაც, Kნ – არის მაღაზიაში საქონლის ასორტიმენტის სისრულის კოეფიციენტი;
P – არის ასორტიმენტული სახესხვაობების ფაქტობრივი რაოდენობა შემოწმების მომენტში; PH – სახესხვაობების რაოდენობა ასორტიმენტული
ჩამონათვალის მიხედვით. სისრულის და სიმყარის კოეფიციენტი შეიძლება გაანგარიშდეს როგორც მთელი საქონლის ასორტიმენტზე, ისე ცალკეული
სასაქონლო ჯგუფების ან სასაქონლო კომპლექსების მიხედვით. აქ შედის მხოლოდ ის საქონელი, რომელიც გათვალისწინებულია მაღაზიის ასორტიმენტული ჩამონათვალით.
საბაზრო ეკონომიკის პირობებში რაციონალური ასორტიმენტის შერჩევისა და მისი შენარჩუნების უზრუნველყოფა სერიოზულად რთულდება. ამიტომ მაღაზიის
მუშაკების და კომერციული სამსახურების წარმომადგენელთა კვალიფიკაციასა და კომპეტენტურობაზე ბევრად არის დამოკიდებული ობიექტის გამართული
მუშაობა, მისი შესაბამისობა თანამედროვე გაზრდილ მოთხოვნებთან და მიზნობრივი ბაზრის ფუნქციობასთან.