ელექტროენერგიის ტარიფის გაანგარიშების კომპიუტერული მოდელირება

მაკა გუდიაშვილი, ნიკო ბჟალავა, თენგიზ ჯიშკარიანი
ელექტროენერგიაზე ტარიფის დადგენას საფუძველად უდევს მინიმალური დანახარჯების პრინციპი. საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფასწარმოქმნის რეგულირების მექანიზმია კონკურენცია, რომლის საშუალებით ხდება პროდუქციაზე ფასის იმ დონემდე შემცირება, რომელიც თითქმის წარმოების დანახარჯებს შეესაბამება.
ენერგეტიკული საწარმოებისათვის წარმოების დანახარჯები შედგება შემდეგი საკალკულაციო მუხლებისაგან: დანახარჯები ძირითადი საშუალებების ამორტიზაციაზე, სათბობზე, რემონტისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილებსა და დამხმარე მასალებზე, პერსონალის შრომის ანაზღაურებაზე, დანარიცხები ხელფასის ფონდზე (სოციალური გადასახადი), სხვა დანახარჯები (შენობების დაცვის, გათბობის და ა.შ.) და მოგების, ქონების, დამატებული ღირებულების გადასახადები.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი დანახარჯის მუხლის ნორმის ცვლილება გარკვეულ ფარგლებში შეიძლება, კერძოდ, ასეთია ამორტიზაციისა და რემონტისათვის საჭირო დანახარჯების ნორმები. რაც შეეხება გადასახადების განაკვეთებს (ნორმებს), ისინი მკაცრად დადგენილია საგადასახადო კანონით, რომლის დამრღვევი ისჯება ამავე კანონის შესაბამისად.
საამორტიზაციო ანარიცხებში სწორად უნდა აისახოს როგორც ძირითად საშუალებათა მფლობელის, ასევე სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესები. საამორტიზაციო ანარიცხების სიმცირე (საწარმოს მასშტაბით) ესაა კვლავწარმოებისათვის საჭირო კაპიტალდაბანდებათა უკმარისობა. საამორტიზაციო ანარიცხები მართალია, იწვევს ძირითადი საშუალებების განახლებისათვის საჭირო ინვესტიციების ზრდას, მაგრამ იმავდროულად იწვევს პროდუქცის თვითღირებულების და ტარიფის გაუმართლებელ მატებასაც. აქედან გამომდინარე, ძირითადი საშუალებების მოქმედების ვადებისა და საამორტიზაციო ნორმების დადგენა საბაზრო ეკონომიკის პირობებში განსაკუთრებით საყურადღებოა. მოქმედი საგადასახადო კოდექსის თანახმად, ამორტიზაციის ნორმები განსაზღვრულია, ჩამოყალიბებულია ხუთი საამორტიზციო ჯგუფი, სადაც თითოეულ ჯგუფს მიკუთვნებული აქვს შესაბამისი ამორტიზაციის ნორმა. ენერგეტიკული საწარმოს ძირითადი საშუალებები შეესაბამება III – IV ჯგუფებს, სადაც ამორტიზაციის საშუალო ნორმა 6,5 – 7%-ის ფარგლებშია, რის მიხედვითაც 14-15 წელიწადში ძირითადი საშუალებები უკვე ამორტიზებული უნდა იყოს. ელექტროენერგეტიკის ძირითადი საშუალებების ძირითადი ნაწილი გამოირჩევა ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადით, ამიტომ საამორტიზაციო ანარიცხების ნორმები რეალურ ცვეთას აღემატება (ექსპლუატაციის ნორმატიული ვადა შემცირებულია), ამის შედეგად გაუმართლებლად იზრდება პროდუქციის თვითღირებულება და ტარიფი.
ძირითადი საშუალებების ამორტიზაციის ნორმები, რომელიც საგადასახადო კოდექსშია მოცემული, რეკომენდაციული ხასიათისაა და შესაძლებელია მათი ცვლილება. 1999 წლიდან ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (bass) შემოღებასთან დაკავშირებით ძირითადი საშუალებების ექსპლუატაციის დაწყებისთანავე საწარმოს ხელმძღვანელობამ უნდა შეადგინოს მათი ცვეთის გეგმა და განსაზღვროს ცვეთის მეთოდი. ბასს-ით ამ პროცესში რაიმე შეზღუდვა არ არსებობს. Kკონკრეტული ეკონომიკურად დასაბუთებული გაანგარიშებისას შესაძლებელია ამორტიზაციის საშუალო ნორმის ცვლილება 2-7%-ის ფარგლებში.
არსებული საგადასახადო კოდექსის თანახმად, საწარმოს ხელმძღვანელობას უფლება აქვს ძირითადი საშუალებების კაპიტალური და მიმდინარე რემონტისათვის წარმოების დანახარჯებში გაითვალისწინოს მათი ღირებულების 5%-მდე, კონკრეტული გაანგარიშებისას შესაძლებელია მისი ცვლილება 1-5%-ის ფარგლებში.
განვითარებულ ქვეყნებში მომუშავეთა სოციალური დაცვის მიზნით არსებული შრომის კანონი არეგულირებს შრომის ანაზღაურების ქვედა ზღვარს, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს საარსებო მინიმუმს (სამომხმარებლო კალათის ანაკრების მიხედვით). საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, შრომის ანაზღაურების ქვედა ზღვარი განსაზღვრული არ არის და დამოკიდებულია დამქირავებლისა და დაქირავებულის პირად შეთანხმებაზე. კონკრეტული გაანგარიშებისას საშუალოთვიური ნომინალური ხელფასის განსაზღვრისათვის გამოიყენებაინფორმაციის ოფიციალური წყაროები. კერძოდ, სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, ენერგეტიკულ საწარმოებში მომუშავეთა საშუალოთვიური ნომინალური ხელფასი 2006 წელს იყო 260 ლარი. ამდენად, ხელფასის განაკვეთის ცვლილება შესაძლებელია 150-260 ლარის ფარგლებში.
უნდა აღინიშნოს ელექტროენერგიის ტარიფში გათვალისწინებული მოგების ნორმა, რომელიც ძირითადი საშუალებების ღირებულების 20%-ის შესაბამისია და წარმოადგენს ინვესტორის (ძირითადი საშუალებების მფლობელის) გარანტირებულ შემოსავალს (წმინდა მოგება). მოგების ნორმის ცვლილება შესაძლებელია, მაგრამ მიზანშეწონილი არ არის. წარმოების პროცესი დაკავშირებულია გარკვეულ რისკთან, ამიტომ მოგების ნორმა არ უნდა იყოს იმ თანხაზე ნაკლები, რომელსაც ინვესტორი მიიღებდა საქართველოს ბანკში საანაბრო პროცენტის სახით.
ელექტროენერგიის ტარიფის გაანგარიშებისთვის საჭიროა შრომისა და დროის გარკვეული დანახარჯები. ამიტომ, გაანგარიშების კომპიუტერული მოდელის შექმნა, ალგორითმების დამუშავება და მათი აპრობაცია-რეალიზაციაExcel-ის ცხრილური პროცესორისა და პროგრამირების ენა Visual Basic for Application-ის გამოყენებით, გაანგარიშების მეთოდიკის სრულყოფის და გამოთვლების დაჩქარებისა და მიღებული შედეგების სიზუსტის ამაღლების საშუალებას იძლევა.
კომპიუტერული მოდელი შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც რეალური ობიექტის პირობითი სახე, ანუ ნიმუში, რომელიც აღწერილია ცხრილების, ბლოკ-სქემების, დიაგრამების ან სხვა საშუალებებით და გამოხატავს ამ ობიექტის სტრუქტურას და ობიექტის ელემენტებს შორის კავშირს. ამგვარად კომპიუტერული მოდელირების არსი მდგომარეობს კომპიუტერული მოდელის მიხედვით რეალური ობიექტის მაჩვენებლების რაოდენობრივი და ხარისხობრივი შედეგების მიღებაში.
სამაგალითოდ მოყვანილია ტყიბული-შაორის ქვანახშირზე მომუშავე მრავალპროფილიანი ორთქლური თბოელექტროსადგურის (თესის) ენერგოეკონომიკური მაჩვენებლების გაანგარიშების კომპიუტერული მოდელირება. ტრადიციულისაგან განსხვავებით, მრავალპროფილიანი თესი წარმოადგენს ეკოლოგიურად სუფთა, მრავალმიზნობრივი დანიშნულების, სრულიად ახალი ტიპის ენერგეტიკულ საწარმოს, სადაც ქვანახშირის გაზიფიკაციის ბაზაზე მიიღება არა მარტო ელექტროენერგია და სითბო, არამედ სამეურნეო დანიშნულების სხვა მეორეული პროდუქტებიც, რომლებიც ფართოდ იქნება გამოყენებული მშენებლობაში, მეტალურგიაში, სოფლის მეურნეობასა და სხვა დარგებში.
მრავალპროფილიანი თესის მშენებლობის საინვესტიციო პროექტის საფინანსო-კომერციული ეფექტურობის ვარიანტული შეფასების დროს ელექტროენერგიის თვითღირებულება განისაზღვრება სადგურის სრული საექსპლუატაციო დანახარჯებისა და მეორეული პროდუქტების რეალიზაციით მიღებულ მოგებას შორის სხვაობის მიხედვით.
საქართველოში მრავალპროფილიანი ორთქლური თესის დანერგვა უზრუნველყოფს არა მარტო ელექტროენერგეტიკის განვითარების გრძელვადიანი კონცეფციის შემუშავებას და ადგილობრივი დაბალი ხარისხის ნახშირების, როგორც საბაზისო სტრატეგიული სათბობის განხილვის შესაძლებლობას, არამედ ნახშირის მრეწველობის რენტაბელურობისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდასაც.
საწყის მონაცემებად აღებულია თესის ელექტრული სიმძლავრე P, კვტ, კუთრი ღირებულება k, $/კვტ და მუშაობის ხანგრძლივობა ტ, სთ, სათბობისა და მეორეული პროდუქტის (ჩვენ შემთხვევაში, წიდასიტალის მოსაპირკეთებელი ფილები) რაოდენობა და ფასი. მოცემულია აგრეთვე, წარმოების დანახარჯებისა და მოგების ნორმები. გამოთვლების მიმდევრობის ბლოკ-სქემა მოცემულია პირველ ნახაზზე.
თესის პროფილის არჩევის შემდეგ ხდება საწყისი მონაცემებისა და ნორმების მნიშვნელობების შეტანა. მათი სრული ნუსხა მოცემულია მე-2 ნახაზზე.
მონაცემების შეტანის შემდეგ ეკრანზე გამონათდება ფორმა-მოწვევა (ნახ. 3).
ამორჩევისა და ღილაკ დასტური-ზე დაჭერის შემდეგ ეკრანზე გამონათდება გამოთვლის შედეგები შესაბამისად ფორმებში: შედეგები, დანახარჯები და გადასახადები. შედეგების ფორმის მაგალითი მოცემულია ნახ. 4-ზე.
პროგრამა აკონტროლებს მონაცემების შეტანის სისწორეს. მაგალითად, ამორტიზაციისა და სარემონტო ნორმა ნორმატივებით განსაზღვრულ ჩარჩოებს არ უნდა სცილდებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში პროგრამა გამოსცემს შეტყობინებას ამორტიზაციის ნორმის მნიშვნელობა შეტანილია არასწორად ან სარემონტო ნორმის მნიშვნელობა შეტანილია არასწორად.
პროგრამაში გათვალისწინებულია სათბობის ფასის განსაზღვრა შეთავაზებული ტარიფის ფასის მიხედვით. ამის საშუალებას იძლევა ფორმაში სარჩევი – სათბობის ფასის
განსაზღვრა “ელექტროენერგიის ტარიფის მიხედვით; მისი გააქტიურებისა და ღილაკ შესრულება-ზე დაჭერის შემდეგ გამონათებული ფორმის ველში უნდა აიკრიბოს ტარიფის სასურველი ფასი.
ელექტროენერგიის ტარიფის სასურველი ფასის მიხედვით სათბობის ფასის გამოსათვლელად გამოიყენება Gოალშეეკ. Gოალშეეკ, ის არის რა-თუ-ს ანალიზის მეთოდებისა და ბრძანებების ნუსხის ერთ-ერთი წევრი. იგი იხმარება იმ შემთხვევაში, როდესაც ცნობილია ფორმულის მუშაობის შედეგი, მაგრამ უცნობია ის მნიშვნელობა, რაც განსაზღვრავს ფორმულის შედეგს. თუკი ჩვეულებრივ Eხცელ-ის უჯრაში მნიშვნელობების ცვლილების პროცესი გვიჩვენებს, თუ როგორ იცვლება ფორმულით მიღებული შედეგის მნიშვნელობა, GoalSeek- ი ცვლის ამ თანმიმდევრობას.
გაანგარიშების შედეგებმა გვიჩვენა, რომ ტყიბულ-შაორის ქვანახშირზე ნახშირზე მომუშავე თესებში მეორეული პროდუქციის წარმოების ორგანიზაცია მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ელექტროენერგიის გამომუშავების ეკონომიკურ მაჩვენებლებს, რადგან ნახშირის მინერალური კომპონენტებიდან თანაპროდუქტების მიღების შესაძლებლობა იქმნება მნიშვნელოვანი ენერგეტიკული და მატერიალური დანახარჯების გარეშე და მათი შემდგომი რეალიზაცია უზრუნველყოფს უნარჩენო ენერგეტიკული კომპლექსის შექმნის შესაძლებლობას.

1

2

3

4