კანტის თეორიის კრიზისი და თანამედროვე ეკონომიკის რეალობანი საქართველოში
ემზარ ჯგერენაია
“დრო და სივრცე – აი, ძირითადი, რაც საფუძვლად ედება ნებისმიერ შემეცნებას და განსჯას. ისინი აუცილებელნი ხდებიან, რადგან არც ერთი ნაბიჯის გადადგმა არ შეიძლება, სანამ არ გავიაზრებთ მას დროსა და სივრცეში”.
იმანუელ კანტი, “ზნეობის მეტაფიზიკის საფუძვლები”, 1783.
ეს კანტი გაგაგიჟებს კაცს, რას არ
იტყვის და რას არ გაფიქრებინებს.
რა საჭიროა ყველაფრის დროსა და სივრცეში გაფიქრება. იმაზე მსჯელობა, რომ 7 პლუს 5 – 12-ია, რატომ უნდა გავიაზროთ დროსა და სივრცეში. ეს ალბათ მაშინ იყო საჭირო, თორემ ახლა სხვაგვარადაა ყველაფერი, შეიცვალა, ჩემო კანტი. დრო და სივრცე დარჩა იგივე, მაგრამ რად გინდა, შედეგი – ნული.
არა, არა, აშკარად კრიზისშია კანტის ფილოსოფია, ახლა მეტაფიზიკის ახალი კანონებია.
რას ნიშნავს ეს? ეე, აბა, თქვენა ხართ, თქვენ გინდათ, 2 გვერდზე აგიხსნათ ის, რაც იმ გენიოსმა ორ 1500 – გვერდიან წიგნში გადმოსცა (ისე, კანტს გაუმართლა, რომ დღეს არ ცხოვრობს და თანაც საქართველოში, თორემ ხომ დარჩებოდა უცნობი სამყაროსათვის. აბა, ახლა, ჩვენს დროში და თანაც საქართველოში 3000 გვერდს ვინ წაიკითხავდა). მოკლედ, ეს ნიშნავს – შეცვალეთ ნებისმიერი ეკონომიკური თეზა, დოქტრინა, კანონიც კი და საჭირო არ არის არავითარი გაანგარიშება, არავითარი განხილვა, თუ რატომ, როდის, სად ან რა შედეგი მოჰყვება მას, რატომაა ცუდი ან კარგი. აბა, კანტის ბჟუტურს ხომ არ ავყვებით, ასეა საჭირო და იმიტომ. არა, კანტის თეორია ამ გაგანია გლობალიზაციის, პერმანენტული ეკრეფორმების და გადაძეძგილი ქეისების პირობებში აშკარად ხელისშემშლელად გვევლინება. თანაც ჩვენ რამოდენიმე წელიწადში უნდა დავეწიოთ ჰონ-კონგს, სინგაპურს… მართალია, დღეს ვიეტნამიდანაც შორს ვართ, მაგრამ დავეწევით. აი, ჯერ მოვხსნით საბაჟო გადასახადს, ეს ის ტვირთი იყო, ჩვენს აეროპლანს რომ ამძიმებდა, მერე – დამატებული ღირებულების გადასახადს, მერე გავაუქმებთ ერთ ათეულხარჯიან სახელმწიფო ინსტიტუტს და გავფრინდებით. სად და როდის, ამას არა აქვს მნიშვნელობა. ეს კანტის დროს იყო დრო და სივრცე და იმიტომაც დიდხანს ჯანჯლდებოდა პროგრესი. მახსენდება ერთი საინტერესო ამბავი: ერთ მეგრელ დეპუტატს უკითხავს მავანი სახელმწიფო მინისტრისათვის ევროპას როდის დავეწევით ეკონომიკური განვითარების მხრივო. ის დაფიქრებულა, დაუთვლია და უთქვამს,- თუ ძალიან ჩქარა ვიარეთ, გარდავქმენით ჩვენი ეკონომიკის მართვა და საერთაშორისო ზურგის ქარმაც ხელი შეგვიწყო, 50 წელიწადშიო. რას ამბობ, კაცოო, უყვირია დეპუტატს, ძალიან რომ ვირბინოთო? მაშინ 35-შიო, – უთქვამს მინისტრს. როგორ?! – მრავლისმთქმელად უკივლია დეპუტატს, 3-4 წელიწადში ვერ დავეწევითოოო?! არაო. მერე საიდუმლოდ ყურში უთქვამს -ამის შესახებ ზევით იციანო? და შიშით სავსე მზერა ცისკენ აღუპყრია.
იციან, აბა რა. ჰოდა, ჩვენ, მაგალითად, კანტის ფილოსოფიით რომ გვევლო, ჯერ უნდა დაგვეთვალა, საიდან შევავსებდით ბიუჯეტში 150 მილიონს, რომელიც უნდა შემოეტანა საბაჟო გადსახადს, მერე უნდა დაგვეთვალა, სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის და სხვა წარმოებებს როგორ შევუწყობდით ხელს და თუ არ შევუწყობდით, მათი გაჩერებით რამდენს დავკარგავდით ან რამდენს მოვიგებდით ნედლეულის და დანადგარების ამ 12% შეღავათებით და ყოველივე ამას რომ მივდგომოდით დროსა და სივრცეში გააზრებულად, ააწყობდა ჩვენს ეკონომიკას.
ეეე, ისევ კანტი, ისევ იქ ვართ, რა დროს გათვლებია და თანაც დროსა და სივრცეში, აიღე და გააუქმე და მორჩა. ბანანი გაიაფდება, ბარკალიც, შაშკვლავიც, რომელიც არგენტინიდან შემოვა. იქ კაი შაშკვლავი სცოდნიათ სუფხარჩოსათვის. უცხოურ წვენებს დავლევთ და ა.შ. მარტივად და კონკრეტულად.
საქართველოში ახალი ეკონომიკური თეორიების ხანაა, ძირს კანტი, მისი ფილოსოფია კრიზისშია. სიმარტივეშია სიდიადე – გააუქმე და მორჩა. შეიძლება, კანტი გერმანელი იყო და საფრანგეთში არ ასწავლიდნენ. ოო, შეიძლება. ახლა ყველაფერი შეიძლება, გააჩნია დროსა და სივრცეს.