მინისტრების “პახმელია” და ეკონომიკური სტაბლურობა
ემზარ ჯგერენაია
მე დავბადებულვარ რომ მიყვარდეს, არა მძულდეს
სოფოკლე, 496-406 წ. ჩვ.წ-მდე
ჩემს ცხოვრებაში ორი უდიდესი ზეიმია – ახალი წელი და ზაფხული (რა თქმა უნდა, თუ არ ჩამიშხამეს). წვიმისა და ნიაღვრების მიუხედავად, თითქმის ბლოკირებულ და ძალიან განაშენიანებულ მახათას მთაზე მორცხვად წამოსკუპული მზე საშინლად მომნუსხველი თვალებით ეშმაკურად იღერებს ყელს და იდუმალ, საყვარელ თვალებს ნაბავს. მიუხედავად მისი სიშორისა, სიცოცხლეს ენერგიით გივსებს და ცხოვრების მშვენიერებას გრძნობ – ფანტასტიურია, კრიზისის დროსაც კი! მაშინ, როცა კრიზისები (რა? კრიზისი უთვლადია? როგორ გეკადრებათ, ჩვენ თვლადი კრიზისები გვაქვს და თუ გრამატიკაში რამე არ ეწყობა, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ხალხის მოთხოვნით, ყველა წესი სასწრაფოდ შეცვალეთ) მძვინვარებს, გამოვიდა ერთი არტოსივით სიმპათიური მინისტრი და სამყარო გააშავა. ძალიან თავდაჯერებით (არადა, საიდან ასეთი თავდაჯერება, ასეთი ცაშიც არ ექნებათ. ბუნების წინაშე ცაც და ეკონომიკაც კი უძლურია, მაგრამ მათ რიცხვში, როგორც ეტყობა, მინისტრები არ შედიან. ალბათ, მათ ზევსთან აქვთ პირდაპირი კავშირები) აუწყა სრულიად კრიზისულ საქართველოს ხვალ და ზეგ საქართველოს ტერიტორიის 90% დაიტბორება და წყალი წალეკავსო. ყველას დიდი წარღვნა გაახსენდა, სახნავ-სათესები და სახლები მიატოვეს, შეიკრიბნენ, ატყდა ბჭობა – მართალია თუ ტყუილი. ხალხმა თქვა, უბრალო კაცი ხომ არ არის, მინისტრია და ზევით კავშირი ექნებაო. პარალიზებული იყო ქვეყანა და მედია. ყველა ნოეს კიდობანსა და ახალ წარღვნაზე საუბრობდა. საოცარი ის იყო, რომ მეზობელი ქვეყნების ამინდის პროგნოზის ბიუროები და მინისტრები არაფერს იუწყებოდნენ. გაგიჟდა ხალხი, მარტო ჩვენთვის არის გამოწერილი ეს წარღვნაო? არა, ნამდვილად სამყაროს დასასრული იყო და აპოკალიფსის მოლოდინი.
გათენდა. გახდა დილის 11 საათი. მზე ჯიუტად ანათებდა და მორცხვად აცეცებდა თვალებს. უხერხულად გრძნობდა თავს, რომ ღრუბელი არსად ჩანდა და მინისტრის პროგნოზი ვერ მართლდებოდა.
ნაშუადღევის 12 საათი – მზე განგრძობს ღაჟღაჟს, ცხოვრება ლაღობს, გუშინწინდელი წყალდიდობის მაგვარიც კი არ სჩანს, არათუ წარღვნა.
თავგადასავლებისა და ისტორიის სახელმძღვანელოში მოხვედრის ფანებს ენთუზიაზმი გაუქრათ – ეეე… გვეგონა, ისტორიაში მოხვედრის შანსი გვქონდა და კოვზი სამინისტროს ტლაპოში ჩაგვივარდაო. ვიღაცამ თქვა, ალბათ, “პახმელიაზე” იყო და იხუმრაო. ვიღაცამ უპასუხა რა იხუმრა! ჩვენ კი დაგვწყვიტა შიშით, ქვეყნის პარალიზება მოახდინაო. ერთი ჩემი საყვარელი დრო ზაფხული ჩამიშხამა.
ეს რაა, ხდება ხოლმე…. როგორც მოგახსენეთ, მეორე ჩემი საყვარელი ზეიმი ახალი წელია. რამდენიმე წლის წინ ერთი მინისტრი ტელევიზიით გამოვიდა, ისიც “პახმელიაზე” იყო. უბუნჩულეს და დიდი სასიყვარულო აფეთქების ხასიათზე ვიყავი, ისეთზე, რამდენიმე წელიწადში ერთხელ რომ გემართება ადამიანს, მთელ მოთხოვნა-მიწოდებას რომ შთანთქავს და ეჯუორთის მთელ ყუთს იკავებს… და უცებ, მინისტრმა შემზარავი და მკაცრი ხმით (ალბათ, მასაც ზევით ჰქონდა კავშირი) განაცხადა, ახლა საქართველოში ან ჩრდილოეთ-დასავლეთიდან, ან სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ქათმის გრიპი შემოშხუილდება და საქართველოს მოსახლეობის 80%-ს გაწყვეტსო! დიახაც, ასე! ერთდროულად ჯანდაცვისა და ზეცასთან კავშირის მინისტრი იყო უჭიპო. ჩვენთან ხომ მინისტრებს თანამდებობები წყვილ-წყვილად აქვთ.
ხოდა… დაიწყო, მარა რა დაიწყოო… დახურეს ინვესტიციებით აშენებული ახალი ფერმები, დახოცეს ფრინველი, განადგურდა ქონება. ბიზნესი და ხალხი წელში გაწყდა. ქათმები ღამე გვესიზმრებოდა. არადა, ის გრიპი საქართველოში კაციშვილს არ უნახავს. სამაგიეროდ, ეკონომიკამ ნახა მილიონობით ლარის ზარალი, სამინისტრომ კი მილიონობით გრანტი გამონახა. რიგი დადგა კუბოებზე და ხალხი სასაფლაოებზე ადგილს იზომავდა! აპოკალიფსის ნადვილი მოლოდინი იყო! მეტი რა ქნას ახლა ერთმა მინისტრმა, ამდენი ქათამი გაწყვიტა რამდენიმე დღეში, ინდაურებს თუ არ ჩავთვლით. შემდგომ ბიზნესებიც ისე გაწყვიტა, რომ დღემდე ფეხზე ვერ დგებიან. მერე ჯერი ღორზეც მიდგა და ისე ამოვწყვიტეთ, რომ ქართული გოჭი და ღორი არც რესტორანში და არც ბაზარში არ იშოვნება. ქალის გათხოვება უფრო ადვილია, ვიდრე მისი ქორწილისთვის გოჭის შოვნა!!! ძვალი მოგვენატრა. სადღა ნახავ ღორის ძვლიან მწვადს, მოკვდა ის დრო, ძვალზე რომ ვწუწუნებდით. ახლა ვითხოვთ:
– იქნებ მაგ 5 შამფურ მწვადს პაწა ძვალი გამოაყოლოთ?
– არა ძმაო, ამ ღორს ძვალი არ ქონდაო, მოგაძახებს მიმტანი!
– კიტრი ხომ არაა, შე კაცო,Gღორის ხორცი უძვლოდ ვის გაუგონია?!
ამის შემდეგ ძვალი დეფიციტშია! მერე? მერე ის ნაშრომი მინისტრი, (ისე ამ ქათმების სისხლი სულ მის კისერზეა) ქათმების გამოჩეხვაში თავი რომ გამოიჩინა, დასასვენებლად და გამოცდილების გასაზიარებლად ჩეხეთში გაამწესეს. იქ ქათმები და ღორები ძალიან მომრავლებულან. თურმე ასეთი გაღორებული ჩეხეთი ისტორიას არ ახსოვს.
აბა, რას ერჩით ბლანჟეს, თუ არტოსს. იმას ვერჩი კაცო, რომ იმან ქათმები გაწყვიტა, ეს კი – ხალხს წყვეტს. იმ დღეებში ინფარქტების რაოდენობა 100-ჯერ გაზრდილა. ხალხს ღამე არ ეძინა. მერე რა, დიდი ამბავი, რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე მსხვერპლად შეეწირა და ამიტომაც არ მოხდა წარღვნა. ვმკრეხელობ, ასეა, მაგრამ ფაქტი ერთია – მინისტრების ზევით კავშირი რომ არა, საქართველოს ისეთი პროგნოზები აუხდებოდა, რომ წარღვნა არ აგვცდებოდა. არა, ძმაო, მაგრები არიან ვანგები – ათიანში არტყამენ. არადა, ხომ არიან კეთილშობილი მინისტრები, კეთილშობილად რომ ხუმრობენ. აი თუნდაც, რამდენიმე დღის წინ განაცხადა სოფლის მინისტრმა, რომ ჰოლანდიიდან დედალი ძროხების ჩამოყვანას აპირებს. მერე რა, რომ ძროხა ყველა დედალია. აპატიეთ ერთი პატარა და უვნებელი შეცდომა, სამაგიეროდ ხომ გახალისდით, თან არაფერიც ივნეთ. დასაფასებელია ბჟუტური. პახმელია და მავნებლობა სხვა რამეა.
აღსდექ საქართველოვ! წესით ჩვენ ახლა ნოეს კიდობანში უნდა ვიყოთ. ამით ჩვენ ტერიტორიულ და ევროინტეგრაციის საკითხებსაც გადავწყვეტდით. ევროპაში ამ კიდობნით შევიჭრებოდით, ევროგაერთიანებისა და ნატოს წევრები გავხდებოდით. აბა, ვინ დაუდგებოდა წარღვნას წინ! მიხვდით ჩანაფიქრს? ხოო, მაგარია… ახლა ამ მინისტრსაც დააწინაურებენ. სად? ალბათ, არარატის მთაზე. მთა და ბუნება ისედაც უყვარს, თან კიდობანი იქ გაჩერდა!
არა, ეკონომიკურ თეორიაში, განსაკუთრებით დილინგის და რისკ-მენეჯმენტის ნაწილში, არსებობს პოლიტიკურ-საპახმელიო რისკები, მაგრამ ასე გამოკვეთილი არასოდეს ყოფილა ორი რამ – ზევით კავშირები და ზევიდან ინფორმაციებისა და პროგნოზების აპოკალიფსური თემა. ეს მოდელირების ახალი მეთოდით კვლევა-ძიებას მოითხოვს, რათა ზედმიწევნით დავთვალოთ, თუ რა ჯდება “პახმელია” და კავშირი ზევით.