სურსათი მარგებელია თუ მავნებელი

რედაქციისაგან

არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალი ეკონომიკის და ბიზნესის ინსტიტუტი” წარმოგიდგენთ წინა ნომერში წარმოგიდგინეთ ამ პრობლემის ირგვლივ დისკუსია, ამჟამად გთავაზობთ პარლამენტარ ზურაბ ცქიტიშვილის მოსაზრებას “სურსათის უვნებლობის და ხარისხის კანონის” შესახებ ზურაბ ცქიტიშვილი ერთ-ერთი მათგანია, ვინც ხორცი შეასხა ამ კანონის შექმნას საერთაშორისო ექსპერტებთან ერთადA და იყო ინიციატორი მისი განხილვისა პარლამენტში.
რა არის ამ კანონის მნიშვნელოვანი დებულებები, როგორ იქმნებოდა ის და რა სარგებლობას მოუტანს მომხმარებლების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეს, როგორ შეუწყობს ხელს კვების მრეწველობის ბიზნესის განვითარებას?
ზურაბ ცქიტიშვილი: – თავდაპირველად შევთანხმდეთ, ეს კანონი იმუშავებს მხოლოდ იმ პირობებში, თუ ამუშავდება ახლად მიღებული დამატებები და შენიშვნები, რომელიც ეხება პროდუქციისა და მომსახურების სერთიფიცირებას, რაც გულისხმობს აკრედიტაციის განახლებული სისტემის დანერგვას ჩვენს ეკონომიკურ სივრცეში და მომავალში მის დამოუკიდებლობას. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ახალი მიდგომა ნებაყოფლობითობასთან დაკავშირებით. ეს ეხება როგორც სტანდარტიზაციას, ასევე სერთიფიცირებას. ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ლაბორატორიული ქსელის განვითარებას და მათ აკრედიტაციას. მხოლოდ აკრედიტებული ლაბორატორიები მიიღებენ მონაწილეობას შესაბამისობის შეფასების პროცესში, მხედველობაში მაქვს როგორც მეწარმის მოთხოვნის საფუძველზე, ასევე სახელმწიფო კონტროლის პროცესში განხორციელებული შეფასება. ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევროპულ კანონში არსებული ყველა წესისა და მოთხოვნის დაცვას. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ რისკის ანალიზის სტრუქტურის ჩამოყალიბებას, რომელიც მოიცავს რისკის შეფასებას, მის კომუნიკაციასა და მართვის საფეხურებს, რომლებიც ამ ერთიან სისტემაში ვერტიკალურად იქნებიან განთავსებულნი და, ბუნებრივია, რომ ვერტიკალზე უფრო მაღალი ადგილი უკავია რისკის და ანალიზის შეფასების სტრუქტურის საკითხებს, რადგანაც აქ თავმოყრილი იქნება მეცნიერთა ის ნაწილი, რომელთაც აქვთ უნარი და შესაძლებლობა, გააანალიზონ მოსალოდნელი საფრთხეები.
– რას ნიშნავს რისკის ანალიზი და რის რისკზეა საუბარი?
– დავიწყოთ იმით, რომ ეს კანონი ევროპულ რეგულაციებზეა აგებული. მასში გამოყენებული ყველა ტერმინი ყველასათვის გასაგებია, ანუ ნებისმიერი ქვეყნიდან მოსული წარმომადგენლისათვის მისაღებია. მაგალითად. ჩვენ ადრე ხარისხის განმარტება გვესმოდა ერთი მიმართულებით, ხოლო ევროპელს და ამერიკელს კი სხვა მიმართულებით, მათ სხვა პარამეტრებზე აგებული აზრი ჰქონდათ ჩამოყალიბებული. ამის გასარკვევად კანონი გვეუბნება, რომ ხარისხი არის მაჩვენებელთა ის ერთობლიობა, რომელიც მოქმედებს და გავლენას ახდენს მხოლოდ მომხმარებლის ეკონომიკურ ინტერესზე. ერთი საკითხია ხარისხიანი და მეორეა უვნებელი პროდუქტი. როდესაც საუბარია უვნებელ პროდუქტზე, მხედველობაში გვაქვს დამაბინძურებელთა ერთობლიობის ისეთი დონის არსებობა პროდუქტში, რომელიც უარყოფითად არ მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. საუბარია ცხოველებზეც, რადგან ცხოველზე უარყოფითად მოქმედი პროდუქტები საბოლოო ჯამში ადამიანის ორგანიზმზე ახდენს უარყოფით გავლენას. ფაქტობრივად, ამ კანონმა ჩამოაყალიბა თვით სურსათის ცნება, რომელიც გაზიარებულია ევროკავშირსა და მსოფლიოში. ასევე მან განსაზღვრა არა მხოლოდ სუსათის ზოგადი ცნება, არამედ ისიც, რაც არ არის სურსათი. თუ ადრე საღეჭი რეზინი სურსათად მოიაზრებოდა, ამ კანონმა უკვე გაარკვია ეს პრობლემა. ასე რომ, მომავალში აღარ იქნება გაურკვევლობები.
– ექსპერტებს ბევრი შენიშვნა აქვთ კანონში გამოყენებული ტერმინების გამო. ისინი ბრალს დებენ კანონის შემქმნელებს, რომ საქართველოში არის ISO-ს სტანდარტების სახელმძღვანელო ლექსიკონი, რომელსაც აქვს საერთაშორისო აღიარება, სადაც უკვე განმარტებულია ტერმინები და არავის აქვს მათი ინტერპრეტაციის უფლება.
– ტყუილია, ამას იტყოდა ჯემალ მანჯგალაძე. ეს არის არაპროფესიული მიდგომა, უფრო მეტიც, უცოდინარობა და გეტყვით, რატომ. ყველა ტერმინი აღებულია ევროპული რეგულაციიდან. პირადად მე ჯემალ მანჯგალაძის ტერმინოლოგიას ვერ დავეყრდნობი, რადგან ევროკავშირიდან ჩამოსულ ინვესტორს ვერ ვეტყვით, რომ მასთან არსებული ტერმინი არ შეესაბამება ჯემალ მანჯგალაძის მიერ თარგმნილ მასალას. მე მას უნდა ვუთხრა, რომ მწვანე შუქი ჩვენთან, როგორც მასთან არის გაშვების ფერი, ხოლო წითელი კი – შეჩერების. თუ ჩვენთან პირიქით იქნება, ნებისმიერ ინვესტორს გაუჭირდება ჩვენთან ურთიერთობა. მოდით კანონს მივყვეთ.
– მთავრობის წევრებმა თქვეს, რომ, საბედნიეროდ, პარლამენტი იღებს კანონებს და ამ შემთხვევაში ეს კანონი პარლამენტთან გონივრული კომპრომისის შედეგია. ვისთან იყო ეს კომპრომისი და რა კომპრომისზეა საუბარი?
– მე ვიცი, რა კომპრომისზეც არის საუბარი და თუ ნებას მომცემთ, ამ საკითხზე ბოლოს ვისაუბრებ. მანადე კი მოკლედ ვისაუბროთ ამ კანონის რაობაზე. პირველ რიგში, ეს კანონი არის ევროპული განმარტებები სურსათთან დაკავშირებულ ყველა მოქმედ პირზე. იგი ახლებურად განმარტავს, რა არის სურსათი, საფრთხე, ხარისხი, უვნებლობა, რისკის ანალიზი, რისკის კომუნიკაცია, რისკის მართვა. აგრეთვე, რა არის გამჭირვალეობა, ვინ არის პასუხისმგებელი, რა არის ფალსიფიკაცია, ეტიკეტირება. როგორც უკვე ვთქვი, ამ კანონმა შემოიტანა ახალი ევროპული ტერმინოლოგია და ზუსტად ისე დაალაგა, როგორც ამას იყენებენ ჩვენი მეგობარი და მეზობელი ქვეყნები. მინდა გითხრათ, რომ ეს ქვეყნები ამ ტერმინებზე განვითარდნენ და საქართველოს გამო მათ რომ არ შეცვლიან, ნათელია. ბუნებრივია, ბევრმა დეფინიციამ ჰიგიენისტებისა და სხვა სპეციალისტების მხრიდან ამ ახალი ტერმინების მიმართ არაადაპტირებული მიდგომა გამოიწვია. როდესაც პირველად დავიწყე ამ კანონზე მუშაობა და USAID-ისა და მსოფლიო ბანკის ფონდით სხვადასხვა ქვეყნებში სიარული, ბევრი რამ ჩემთვისაც მიუღებელი იყო. ამ კანონის ხერხემალი დაწერა ევროპელმა ექსპერტმა – იან გოლდინგმა.
– გოლდინგიც USAID-ის მოწვეულია?
– დიახ, ის USAID-ის მოწვეული ექსპერტია.
– ერქვა თუ არა ამ კანონს თავიდანვე სურსათის ხარისხის შესახებ კანონი?
– არა, მას ერქვა სურსათის უვნებლობის შესახებ კანონი. ეს კანონი თვითონ ამბობს, რომ მისი მიზანია ადამიანის ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და ეკონომიკური ინტერესების დაცვა. თუ ხარისხი ადამიანის ეკონომიკურ ინტერესს იცავს, უვნებლობაზე მუშაობა იცავს ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ეკონომიკურ ინტერესთან დაკავშირებით ბევრი შეკითხვა ჩნდება. მოგიყვანთ მარტივ მაგალითს, თუ რას ნიშნავს ეკონომიკური ინტერესი ხარისხობრივ მაჩვენებელთან დაკავშირებით. ხარისხობრივი მაჩვენებლები ის მაჩვენებლებია, რომელთა ცვლილებაც ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე უარყოფითად არ მოქმედებს, უვნებლობის მაჩვენებელთა ცვლილება კი უარყოფით ზეგავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ვიცით, რომ ადამიანები ადგენენ სპეციალურ რაციონს, სადაც კალორიულობას ანგარიშობენ, რომელმაც მათი მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს და არ უნდა გამოიწვიოს ქოლესტერინისა და წონის დაგროვება. კალორიების დათვლისას ადამიანმა იცის, რომ უნდა მიიღოს რძე, რომელშიც არის განსაზღვრული რაოდენობის ნახშირწყალი, პროტეინი და ცხიმი. მაგრამ რძეში, რომელსაც აწერია ცხიმი 3,2%, პროტეინი 3,5% და ნახშირწყალი 4%, სახელმწიფო კონტროლის მიერ ანალიზების ჩატარების შედეგად აღმოჩნდა, რომ არის ამ მაჩვენებელთა ნახევარი, ამ შემთხვევაში ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ საფრთხეშია მისი ეკონომიკური ინტერესი, რადგანაც განსაზღვრული კალორიის მისაღებად მან უნდა იყიდოს ორჯერ მეტი რაოდენობის პროდუქტი. სწორედ სახელმწიფო უნდა დადგეს მოქალაქეების ეკონომიკური ინტერესების სადარაჯოზე და უნდა აწარმოოს სახელმწიფო კონტროლი. საზღვარგარეთ ეს მოვალეობა გადადის არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც უსასრულოდ აქვეყნებენ სტატიებს ამა თუ იმ კომპანიებზე და ძალიან ადვილად შეუძლიათ მათი გაკოტრებაც კი. ამიტომ ყველა უფრთხის, რომ მისი პროდუქცია შეუსაბამო არ იყოს მის მიერ დეკლარირებულ მაჩვენებლებთან. ახლა ვისაუბროთ უვნებლობაზე. ყველა სურსათში განსაზღვრულია დამაბინძურებლების, ანუ კონტამინანტების რაოდენობა. რძეში არის ფერმენტი რედუქტაზა. რაც მეტია რძეში რედუქტაზა მით მეტი ბაქტერიებია ამ პროდუქტში. ამიტომ მერძევე ამოწმებს რედუქტაზის რაოდენობას და ამით საზღვრავს ბაქტერიების რაოდენობასაც. ინგლისში მუშაობს ცალკე ინსტიტუტი. მისი მუშაობისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 120 მილიონი გირვანქა სტერლინგი, რათა აკონტროლონ პესტიციდების დასაშვები ოდენობა სურსათში, რა თქმა უნდა, საუბარი არ არის მომხმარებლის ეკონომიკურ ინტერესებზე, საუბარია მისი ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე. როგორც კი სურსათში აღმოჩნდება პესტიციდების ის რაოდენობა, რომელიც დასაშვებზე მაღალია, მუშაობას იწყებს მიკვლევადობის პროცედურა. ჩვენ უკვე ჩამოვაყალიბეთ ხარისხსა და უვნებლობას შორის განსხვავებული მიდგომები და განვასხვავეთ ხარისხობრივი და უვნებლობის მაჩვენებლები. სხვათა შორის, ეს კანონი ამბობს, რომ უვნებლობის პარამეტრებს ადგენს ჯანმრთელობის სამინისტრო. მართალია, მაკონტროლებელი ორგანო სოფლის მეურნეობას არის დაქვემდებარებული, მაგრამ ჯანმრთელობის სამინისტროს დავუტოვეთ ბავშვთა კვება, დაბალსიმჟავიანი კონსერვები და უვნებლობის მაჩვენებლების განსაზღვრა სურსათში. ე.ი ამ კანონით ვიწყებთ სურსათში და ცხოველის საკვებში უვნებლობის რეგულირების საკითხებს, ვიწყებთ სურსათში ხარისხის საკითხების რეგულირების პროცედურებს, აგრეთვე ამ კანონით ვადგენთ პასუხისმგებელ პირს – მეწარმეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია – კონკრეტულად ვამბობთ, რომ პასუხისმგებელი პირი არის მეწარმე და კანონის დარღვევის შემთხვევაში დაისჯება. პარალელურად, ეს კანონი ძალიან ზოგადად აყალიბებს სახელმწიფო კონტროლის კონცეფციას და საზღვრავს ამ სფეროში ერთადერთ სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოს. ბუნებრივია, იგი ეფუძნება რისკის ანალიზის შეფასების კომუნიკაციებსა და მართვის სტრუქტურას. აი, რა არის ამ კანონის ხერხემალი. ახლა უშუალოდ გადავიდეთ ამ ხერხემალზე. კანონი გვეუბნება, რომ საფრთხე – ეს არის ბიოლოგიურ, ქიმიურ და ფიზიკურ ნივთიერებათა ერთობლიობა, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ზიანს აყენებენ. ვფიქრობ, ეს მარტივი განმარტებაა. როდესაც კანონი ამ ნივთიერებათა ერთობლიობაზე საუბრობს, გვეუბნება, რომ სახელმწიფომ განსაზღვრა, თუ კონტამინანტების რა ოდენობა დაიშვება სურსათში. მაგრამ თუ სურსათში დადგენილ ნორმაზე მეტია ამ ნივთიერებათა რაოდენობა, მან შეიძლება ცუდი შედეგი გამოიწვიოს. ჩვენ უკვე განვსაზღვრეთ საფრთხის რაობა, ახლა გავარკვიოთ, რა არის რისკი. რისკი არის ამ საფრთხის სიმძიმის ალბათობა. როდესაც მოსალოდნელია საფრთხე, ამ რისკმა დაახლოებით უნდა გაზომოს მისი სიმძლავრე და ამის მიხედვით უნდა განახორციელოს გარკვეული ღონისძიება. სწორედ ამიტომ ყველა სახელმწიფოს ეს სტრუქტურა ზევითა ეშელონში აქვს შექმნილი, ზოგს პრეზიდენტთან, ზოგს კი პრემიერ-მინისტრთან. ზოგ სახელმწიფოში ამ სტრუქტურას ჰქვია სამეცნიერო კომიტეტი და მასში არსებობს სხვადასხვა მიმართულების მქონე კომიტეტები, რომლებიც იკრიბებიან, იღებენ ინფორმაციას მსოფლიოში არსებულ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის – ქათმის გრიპის შესახებ. მინდა გითხრათ, რომ ამ ვირუსმა კანონის მიღება დამაჩქარებინა, როცა მეორე მოსმენით გავიტანე. პირველ მოსმენაზე ბენდუქიძემ თქვა, რომ ეს არის ანტიკონსტიტუციური კანონი. ის ლამის პრეზიდენტის სახელით საუბრობდა. ეს სწორედ მაშინ ხდება, როდესაც ყველანაირად ვცდილობდი, რომ კანონი პირველივე მოსმენით გასულიყო. მიხეილ მაჭავარიანმა მკითხა, როგორც მომხსენებელი თუ ვიყავი თანახმა, რომ კანონისთვის კენჭი გვეყარა. თანხმობა განვაცხადე, რადგან კოლეგების ნდობის იმედი მქონდა. მართლაც მხოლოდ ორი წავიდა ამ კანონის მიღების წინააღმდეგი. გამოდის, რომ მთავრობა არ იყო მისი მომხრე. შემდეგ პრემიერ-მინისტრმა მთხოვა კანონის მთავრობის სხდომაზე გატანა. მთავრობის სხდომაზე ჩემი ოპონენტი იყო კახა ბენდუქიძე, რომელმაც ანდაზებისა და ანეკდოტების ფორმით ისაუბრა მიკვლევადობის პროცედურების შესახებ. ბენდუქიძემ დაამკვიდრა ლიბერალური მიდგომის ინსტიტუტი, რასაც ხშირად სერიოზული საკითხები ეწირება, როგორც მაშინ მოხდა, როდესაც თქვეს, რომ არ გვინდა კონტროლი, რადგან ის კორუფციის წყაროა. სხვათა შორის, სხდომაზე მხარი დამიჭირეს კოტე კემულარიამ, ირაკლი ოქრუაშვილმა, მაგრამ მხარი არ დაგვიჭირა მიხეილ სვიმონიშვილმა, რადგან გავლენას განიცდიდა და ვერ გაბედა. ცხადი იყო, რომ ერთმანეთს პარლამენტში უნდა შევხვედროდით და სხდომაზე დემოკრატიული წესით უნდა გადაგვეწყვიტა ამ კანონის ბედი.
დავუბრუნდეთ რისკის მართვას. სურსათში ან ცხოველის საკვებში აღმოჩენილი დარღვევების შემთხვევაში მაკონტროლებელი იწყებს ამ რისკის მართვას, ანუ თუ ეს კონკრეტულად რომელიმე პროდუქტს ეხება და მეცნიერულად არის დასაბუთებული, რომ მასში დამბინძურებლების მომეტებული რაოდენობაა, მაკონტროლებელი წყვეტს მის ბედს – იღებს ბაზრიდან პროდუქციას, ან ახდენს მის ლიკვიდაციას და ა.შ. თუმცა შეიძლება საფრთხე გამოვლინდეს, მაგრამ მეცნიერებმა ვერ დაასაბუთონ მისი თავიდან აცილების გზები, ესეც ევროპული მიდგომაა, ამ შემთხვევაში რისკის მართვის ორგანო იღებს ადეკვატური საფრთხის ადეკვატურ გადაწყვეტილებას. კანონი პირველ რიგში მომხმარებელს იცავს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზედმეტი სიფრთხილის გამო სურსათი ბაზარზე არ დავუშვათ. მაკონტროლებელი იღებს გარკვეულ ზომებს ამა თუ იმ საფრთხის მიმართ, ამას დროებითი ზომები ჰქვია. შემდეგი საკითხი, რომელიც ამ კანონით მკვიდრდება და სიახლეს წარმოადგენს, ეს არის ევროპული მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, ჩვენ ყველა ეს სისტემა უნდა გვქონდეს დანერგილი. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ბაზარზე ვერ შევალთ. მე ევროპელებს ვკითხე, თუ რატომ არ შეაქვთ ინდური პროდუქცია, როგორც ვიცით, ინდური ხორცი იაფიც არის და კარგიც. მიპასუხეს, რომ მათ ეს პროდუქტი ლაბორატორიამდე არ მიუტანიათ, რადგან ინდური სისტემა სურსათთან მიმართებაში არ შეესაბამება ევროკავშირის მოთხოვნებს. ამით იმის თქმა მინდა, რომ ევროპა, პირველ რიგში, ქვეყნის შიგნით არსებულ სისტემებს აქცევს ყურადღებას. ამ შემთხვევაში საუბარია მიკვლევადობასა და ჰასაპის სისტემებზე. მეწარმეებს ამ სისტემებთან დაკავშირებით ადაპტაცია ესაჭიროებათ, ამიტომ მქონდა წინადადება, რომ ადაპტაციის პერიოდი ყოფილიყო სამი წელიწადი.
რაც შეეხება რეგისტრაციას, მეწარმე ავსებს სარეგისტრაციო ბარათს, სადაც ის პასუხს სცემს დასმულ შეკითხვებზე. მაგალითად, ის წერს, რომ მის საწარმოში ჭერი, კედელი და იატაკი კარგ მდგომარეობაშია ან პირიქით. კარგი მდგომარეობა იმას ნიშნავს, რომ იატაკი არ უნდა იყოს ამოტეხილი და შეუღებავი. ტყუილი ინფორმაციისთვის მას სასამართლო სჯის. შემდეგ მეწარმემ უნდა დაადასტუროს ან უარყოს იმ მანქანა – დანადგარების ფლობა, რომლის მეშვეობითაც ის მითითებულ პროდუქციას უშვებს. ასევე უნდა განაცხადოს, აქვს თუ არა მას დეზინფექციისა და რეცხვის საშუალებები და ტექნოლოგიური რეჟიმების საზომი ხელსაწყოები და თუ აქვს, როგორი სახის. შეიძლება ჰქონდეს თერმომეტრი ან თერმოგრამა. ამით მეწარმე იძლევა ინფორმაციას, რის საფუძველზეც უნდა მოხდეს ინფორმაციის შეჯამება, გაანალიზება და მისი საბანკო მმართველობაში ჩადება. უკვე იარსებებს კლასიფიცირებული საწარმოები. ამის მიხედვით იწყება ფიქრი, თუ ვინ რამდენჯერ და როგორ უნდა გაკონტროლდეს წელიწადის განმავლობაში. დაფიქსირებულია, რომ იმ საწარმოს პროდუქციას, სადაც ტემპერატურას თერმომეტრით სინჯავენ, უფრო მეტჯერ უნდა ჩაუტარდეს ლაბორატორიული შესაბამისობის შეფასების პროცედურა, რადგან იქ საფრთხე ბევრად მეტია. ადაპტაციის ვადის ამოწურვისას უკვე უნდა ითქვას, თუ როგორი ხელსაწყოები მოეთხოვება თითოეულ საწარმოს.
ვისაუბროთ მიკვლევადობაზე. მეწარმეს ვეუბნებით, რომ 2009 წლისთვის მას დანერგილი უნდა ჰქონდეს მიკვლევადობის სისტემა. ამ კანონთან დაკავშირებით მე სამჯერ წავედი დათმობაზე. პირველი კომპრომისი ის არის, რომ მაკონტროლებელი უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი, მაგრამ გავხადე საქვეუწყებო. რაც შეეხება მეორე კომპრომისს, 2009 წლიდან სურსათის ყველა საწარმო ჰასაპისა და კრიტიკული წერტილების დანერგვის სისტემებზე უნდა გადასულიყო. ყველა საწარმოს აქვს თავისი ტექნოლოგიური ნიშა, როგორ უნდა დაამუშაოს ნედლეული, როგორ შეინახოს და ა.შ. ამავდროულად ძველი კანონი მეწარმეებს ავალებდა, რომ პროდუქცია პარტიების მიხედვით დაეფასოვებინათ. ანუ თითოეულ გამოშვებულ პროდუქტს უნდა ჰქონოდა პარტიის ნომერი. თუ მოხდება რაიმე დარღვევა და გაფუჭდება პროდუქცია, მეწარმეს ზუსტად ეცოდინება, რომელ პარტიაში მოხდა შეცდომა და ამოიღებს მას ბაზრიდან.
– თუ შეიძლება, დავუბრუნდეთ ტერმინებს და მათ განსაზღვრებებს. ვისუბროთ ფალსიფიკაციაზე. ექსპერტები ამბობენ, რომ ეს მუხლი ორმაგი იტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და ამის მიხედვით ადვილია მეწარმის დადანაშაულება.
– აი, რა წერია კანონში. სურსათის შემადგენლობის, მახასიათებლის, ასორტიმენტის და წარმოშობის შეუსაბამობა დადგენილ მოთხოვნებთან ან თანდართულ დოკუმენტებზე, ეტიკეტებზე აღნიშნულ მონაცემებთან. ანუ, თვითონ სურსათის ასორტიმენტის შეუსაბამობაზეა საუბარი, რომელიც არ შეესაბამება ეტიკეტზე აღნიშნულ მონაცემებს.
– რატომ არის აქ ჩადებული სიტყვა ასორტიმენტი?
– იმიტომ, რომ თუ პროდუქცია არის ხაჭო და მეწარმე მას დააწერს ნაყინს ე.ი ფალსიფიკაციასთან გვაქვს საქმე. გააჩნია, ჩვენ რას ვეძახით ფალსიფიკაციას. როდესაც ეტიკეტზე წერია ერთი და სინამდვილეში კი პროდუქცია არის მეორე, ეს მსოფლიოში ყველგან ფალსიფიკაციად ითვლება. თუ არაჟანს წავაწერთ, რომ ის დამზადებულია რძის ცხიმზე, რძის ფხვნილზე და გარკვეული კულტურების დედოზე, შემდეგ კი გასინჯავენ მისი დნობის წერტილს და აღმოჩნდება, რომ იქ არის რძის ცხიმი და უფრო იაფი მცენარეული ცხიმი – ესეც, რა თქმა უნდა, ფალსიფიკაციაა. ხოლო თუ იგივე პროდუქტს წავაწერთ, რომ მასში არის 30% მცენარეული ცხიმი, 70% რძის ცხიმი – ეს არ იქნება ფალსიფიკაცია. შეიძლება, მომხმარებელს მცენარეულ ცხიმზე ალერგია ჰქონდეს, ამიტომ მას აქვს უფლება, იცოდეს პროდუქტის შემადგენლობა. ეს კანონი, უპირველეს ყოვლისა, მომხმარებელს იცავს.
– ჯემალ მანჯგალაძე ამბობს, რომ არეულია ფალსიფიკაციისა და ხარისხის განსაზღვრებები.
– იგი ახალი მიდგომით აღარ აზროვნებს და ხარისხს ისევ ძველი განმარტებით უდგება.
დიახ, კანონი იცავს მომხმარებელს პირველ რიგში, მაგრამ იმავდროულად მეწარმეს უბიძგებს, სრულყოს ტექნოლოგიური პროცესი, იყოს კონკურენტუნარიანი და მისი ტექნოპარკი შესაბამებოდეს თანამედროვე მოთხოვნებს.
ახლა კანონი ამუშავდა და მთავარია, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დროზე შექმნას მარეგულირებელი ორგანო, რომელიც კონტროლს გაუწევს მოქმედებას, რადგან მისი სრულად ამუშავება ჩვენი ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე მეტად მნიშნელოვანია.