საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების პრობლემები

ბესიკ ალადაშვილი

ზოგადად საფრთხე მუდმივი კატეგორიაა, ის არ ქრება, არ იკარგება, შესაძლებელია მხოლოდ მისი პარამეტრების და მიმართულებების, დროის და წარმოშობის გეოპოლიტიკური სივრცის ცვლილება.

ენერგეტიკული საფრთხე – ესაა ქვეყნის შიდა და გარე ეკონომიკური პრობლემების, პოლიტიკური, სოციალური, ეკოლოგიური და სხვ. (არსებულის და მოსალოდნელის) გართულების შედეგად წარმოქმნილი, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ნეგატიური მოვლენების და პროცესების ერთობლიობა, რომლებიც ხელს უშლიან ქვეყნის სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის მიმდინარე და პერსპექტიულ განვითარებას.
ენერგეტიკის მნიშვნელობა ნებისმიერი ქვეყნის განვითარებისათვის მართლაც რომ განუზომელია და ის ეკონომიკური აღმავლობის აუცილებელი წინაპირობაა.
ენერგეტიკული უსაფრთხოების ღონისძიებების დასახვის წინ უნდა განვსაზღვროთ ძირითადი საფრთხეები. ამ დროს მხედველობაში უნდა მივიღოთ მხოლოდ გლობალური და გეოსტრატეგიული საფრთხეები, რადგან ყოველდღიური პრობლემების და წვრილმანი ნაკლოვანებების გამოსწორება ქვეყნის კონკრეტული, მიმდინარე ეკონომიკური და ენერგეტიკული პოლიტიკის საგანია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტული ენერგეტიკული საფრთხეების გამოკვეთა საკმაოდ გართულებულია იმ გარემოებით, რომ ამ დროს გასათვალისწინებელია არა მხოლოდ ეკონომიკური და ენერგეტიკული განვითარების კანონზომიერებები, ფუძემდებლური და ზოგადგანმსაზღვრელი პროცესები, არამედ ერთი შეხედვით ზედაპირული, გარდამავალი, სუბიექტური და შემთხვევითი მოვლენები.
ენერგეტიკული საფრთხე შეიძლება შემდეგნაირად კლასიფიცირდეს:
1. საგარეო და შიდა ხასიათის:
2. მოკლე და ხანგრძლივი პერიოდისათვის;
3. ღია და ფარული ფორმის;
4. ობიექტური და სუბიექტური მიზეზებით განპირობებული;
5. ექსტრემალური და ნორმალური ვითარებისათვის დამახასიათებელი;
6. არსებული და მოსალოდნელი;
7. გლობალური და ლოკალური;
8. ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კონკრეტული ეტაპიდან გამომდინარე.
თითოეული მათგანი დაწვრილებით განხილვას საჭიროებს.
საგარეო ხასიათის ენერგეტიკული საფრთხე ქვეყნის გარეთ წარმოქმნილი პრობლემების შედეგია და, როგორც წესი, ქვეყნის გარედანაა ინსპირირებული და მართვადი. ამიტომ, სხვა, უპირველესად მეზობელ, ქვეყნებსა და მსოფლიოში მიმდინარე ობიექტური ნეგატიური ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური, დემოგრაფიული, ბუნებრივი და ა.შ. პროცესები უნდა განვიხილოთ, როგორც პოტენციური ენერგეტიკული საფრთხის შემცველი ფაქტორები.
ამგვარ საფრთხეებს მიეკუთვნება:
– ეკონომიკური სანქციების გამოყენება სხვა ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ;
-ემბარგოსა და ბოიკოტის გამოცხადება;
– “სავაჭრო ომი” და სხვა ქვეყნების ექსპორტ-იმპორტის ოპერაციების ბლოკირება;
– დისკრიმინაციული საბაჟო-საგადასახადო და სავიზო პოლიტიკა მეზობელი ქვეყნების მხრიდან;
– სხვა ქვეყნების სატრანსპორტო არტერიების ბლოკირება და ენერგეტიკული ბლოკადის განხორციელება;
– მსოფლიოს ენერგეტიკულ ბაზრებზე კონიუნქტურის მოულოდნელი ცვლილებები;
– სხვა ქვეყნების და მათი ფირმების მიერ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ენერგოობიექტების ხელში ჩაგდება: გაკოტრების, საშინაო და საერთაშორისო ბაზრებიდან გამოდევნის მიზნით;
– სხვა ქვეყნების მიერ საგარეო ენერგეტიკული ვალების ფაქტორის გამოყენება საკუთარი ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესებისათვის;
– სხვა ქვეყნებში მიმდინარე ეკონომიკური (ფინანსური) კრიზისის შესაძლო ნეგატიური ზეგავლენა მეზობელი ქვეყნების ენერგეტიკულ პოლიტიკაზე და სხვა.
შიდა ხასიათის ენერგეტიკული საფრთხის სათავე, როგორც წესი, ქვეყნის საშინაო ეკონომიკური პროცესებიდან იწყება. თუმცა ხშირია შემთხვევები, როცა ქვეყნის გარეთ მიმდინარე ნეგატიურმა მოვლენებმა (გარე საფრთხემ) ბიძგი მისცეს შიდა ენერგეტიკულ პრობლემებს და შიდა საფრთხეების წარმოქმნა განაპირობოს.
ამ სახის საფრთხეები საკმაოდ მრავალია, ამიტომ მიზანშეწონილი იქნება, თუ მხოლოდ ძირითადს გამოვყოფთ:
– ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნის პროცესის გაჭიანურება და მისი ნეგატიური ზეგავლენა სათბობ-ენერგეტიკული რესურსების წარმოება-მოხმარების ბალანსზე;
– ეკონომიკის დარგების არათანაბარი განვითარება: ვაჭრობისა და მომსახურების წინმსწრები განვითარება სამრეწველო, უპირველესად სათბობ-ენერგეტიკულ დარგებთან შედარებით, რაც საბოლოო ჯამში ‘”ნეგატიური იმპორტის” ზრდას და კონვერტირებული ვალუტის გადინებას იწვევს:
– საგარეო ვალების ზრდა;
– ინფლაციის ტემპების ზრდა, რაც სათბობ-ენერგეტიკული რესურსების ფასებზეც აისახება და სხვა.
საფრთხე ხანმოკლე პერიოდისთვის ქვეყნის სათბობ-ენერგეტიკული დარგების განვითარების წინაშე მდგარი კონკრეტული პრობლემებიდან გამომდინარეობს. მათი მოქმედების ხანგრძლივობა დროის მოკლე პერიოდით (სამ წლამდე) განისაზღვრება და მათ დასაძლევად დროის შედარებით მოკლე პერიოდი საკმარისია.
მაგალითად:
– ავარია და საბაზისო ენერგეტიკული საწარმოების შეკეთება;
– კლიმატური პირობების გამო საწვავის ფასების სეზონური ზრდა და ა.შ.
საფრთხე ხანგრძლივი პერიოდისათვის – ამ სახის საფრთხე, როგორც წესი, სტრატეგიული, სიღრმისეული და ურთულესი პრობლემების მიზეზით წარმოიშობა, მათი მოქმედების პერიოდი ხანგრძლივია (3 წელზე მეტი) და მათ დასაძლევად რთული, კომპლექსური ღონისძიებებია ეტაპობრივად განსახორციელებელი.
ასეთ საფრთხეებს მიეკუთვნება:
– ტრადიციული საშინაო და საგარეო ენერგეტიკული ბაზრების დაკარგვა;
– კორუფცია ენერგეტიკულ სფეროში;
– ჰიპერინფლაციური პროცესები და ა. შ.
ღია ფორმის საფრთხეს ახასიათებს საკმაო გამჭვირვალეობა იმისთვის, რომ დროულად დაფიქსირდეს მისი გამომწვევი პრობლემები (მიზეზები), დაისახოს და განხორციელდეს ადეკვატურ მოქმედებათა გეგმა.
ამგვარ საფრთხეებს მიეკუთვნება:
– მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზრებზე სეზონური კონიუნქტურის ცვლილება;
– ბუნებრივი სათბობ-ენერგეტიკული მონოპოლიების არსებობით შექმნილი პრობლემები;
– უცხოური პროდუქციის “ექსპანსია” და ადგილობრივის’გამოძევება შიდა ბაზრებიდან;
– ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განუვითარებლობა და ა. შ.
ფარული ფორმის საფრთხე შესაძლებელია წარმოიშვას როგორც რომელიმე უცხო სახელმწიფოს მტრული ჩანაფიქრის, ასევე საერთაშორისო სამრეწველო-საფინანსო ჯგუფების ვიწრო კორპორაციული ინტერესების განხორციელების შედეგად. გარდა ზემოაღნიშნული შემთხვევებისა, ამ სახის საფრთხის საშიშროება იქმნება მაშინაც, როცა მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზრებზე ან სხვა ქვეყნებში მიმდინარე ღია თუ ფარული ნეგატიური პროცესების მოსალოდნელი ზეგავლენა არასათანადოდაა გათვალისწინებული.
ამგვარ საფრთხეებს მიეკუთვნება:
– სათბობ-ენერგეტიკული რესურსების ფარული ექსპორტი შიდა ბაზრის გაუჯერებლობის პირობებში;
– უცხო ქვეყნების ფირმების მიერ ადგილობრივი სტრატეგიული საწარმოების ფარული გაკონტროლება მათი გაკოტრების ან საერთაშორისო ბაზრებიდან გამოდევნის მიზნით;
– ქვეყნიდან კვალიფიციური კადრების უკონტროლო არალეგალური გადინება;
– სათბობ-ენერგეტიკული რესურსების კონტრაბანდული იმპორტი, რაც ადგილობრივი ნავთობისა და გაზის რესურსების მოპოვებას და გადამუშავებას არარენტაბელურს ხდის და სხვა.
ობიექტური მიზეზებით გამოწვეული ენერგეტიკულ საფრთხე, როგორც წესი, ეკონომიკაში, საზოგადოებასა და ბუნებაში მიმდინარე ობიექტური პროცესებითაა პროვოცირებული.
ასეთ საფრთხეებს მიეკუთვნება:
– ბუნებრივი მონოპოლიების არსებობა;
– სტიქიური მოვლენები;
– ეკონომიკის ციკლური განვითარება;
– ცალკეულ ქვეყნებში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისი და ა.შ.
სუბიექტური მიზეზებით გამოწვეული საფრთხის სათავე უმთავრესად საზოგადოებაში არსებულ სუბიექტური ხასიათის პრობლემებსა და ინტერესთა კონფლიქტშია საძიები. გარდა ამისა, ქვეყნის ლიდერთა პიროვნული ურთიერთდაპირისპირება და ნეგატიური ისტორიული მემკვიდრეობა და რელიგიური შუღლი (მაგ. სომხეთისა და თურქეთის, ისრაელისა და არაბული ქვეყნების გართულებული ურთიერთობები) ხშირად გამხდარა ქვეყნებს შორის ენერგეტიკული პოლიტიკის განმსაზღვრელი.
ამგვარ საფრთხეებს განეკუთვნება:
– სახელისუფლო ორგანოების კორუმპირებულობა;
– ჩრდილოვანი ეკონომიკა
– ზესახელმწიფოების არადემოკრატიული ლიდერების იმპერიული პოლიტიკა და ა.შ.
საფრთხე, რომელიც ექსტრემალური ვითარებისთვისაა დამახასიათებელი – ამ სახის საფრთხის გამომწვევი მიზეზი, როგორც წესი, ქვეყნის შიგნით და გარეთ მიმდინარე ან მოსალოდნელი პრობლემებია. მისი ლიკვიდაცია ან ნეგატიური შედეგების ლოკალიზება ურთულეს პრობლემას წარმოადგენს და სახელმწიფო მმართველობის ყველა რგოლის კოორდინირებულ ურთიერთმოქმედებას მოითხოვს.
ამ სახის საფრთხეებს მიეკუთვნება:
– ტერორისტული აქტებისა და სტიქიური მოვლენების შედეგად წარმოქმნილი ენერგეტიკული პრობლემები;
– სხვა ქვეყნების მხრიდან ღია აგრესიის, საომარი ვითარების, ეკონომიკური სანქციების და ბლოკადის შედეგად წარმოქმნილი შეფერხებები სათბობ-ენერგეტიკული რესურსებით უზრუნველყოფაში;
– ეკოლოგიური კატასტროფები და სხვ.
სტანდარტული სიტუაციისათვის დამახასიეთებელი ენერგეტიკული საფრთხე, როგორც წესი, ტიპური პრობლემების გამწვავების შედეგია და მისი თავიდან აცილებაც სტანდარტული, უკვე აპრობირებული მეთოდების და ხერხების გამოყენებას მოითხოვს.
არსებული საფრთხე რეალური, მოცემულ მომენტში მიმდინარე ეკონომიკური და სოციალურ-პოლიტიკური პრობლემების შედეგად წარმოიშვება და თუ შესაბამისი ზომები წინასწარ არ იყო განსაზღვრული და გატარებული, მაშინ მომხდარი ფაქტის შემდგომ დაგვიანებულ რეაგირებას თითქმის ყოველთვის არასასურველი შედეგი მოჰყვება.
ამ სახის კონკრეტული მაგალითები, სამწუხაროდ, ძალზე ბევრია როგორც ზოგადად, ასევე საქართველოს დღევანდელობაში. ……..
მოსალოდნელი ანუ პოტენციური საფრთხე წინასწარ ცნობილი მოვლენების ან მოსალოდნელი პრობლემების შედეგია. მის თავიდან ასაცილებლად და ადეკვატური ღონისძიებების დასაგეგმად საჭიროა ამ მოვლენების და პრობლემების შესაძლო განვითარების პროგნოზირება და მოსალოდნელი კრიზისული სიტუაციების მოდელირება, რაც ურთულესი ამოცანაა თვით მაღალგანვითარებული ქვეყნებისთვისაც კი. სამაგიეროდ, წინასწარ დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელების შემდეგ საბოლოო პოზიტიური შედეგების მიღწევის ალბათობაც მაღალია.
ასეთ საფრთხეებს მიეკუთვნება:
– მსოფლიო საფინანსო-ეკონომიკური კრიზისის ან სხვა ქვეყნებში მიმდინარე ეკონომიკური პრობლემების შედეგად განვითარებული'”ჯაჭვური” კრიზისული რეაქცია ეროვნულ ეკონომიკაში;
– სათბობ-ენერგეტიკული რესურსების მარაგების შემცირება;
– ძირითადი ფონდების მოძველება სათბობ-ენერგეტიკული დარგის საწარმო-ებში;
– მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ემიგრაცია და პრობლემები ახალი კადრების მომზადებაში ა.შ.
გლობალური ენერგეტიკული საფრთხე გამოწვეულია მსოფლიოში მიმდინარე იმ პროცესების შედეგად, რომელთა პროგნოზირება და შესაბამისი საპასუხო ღონისძიებების დაგეგმვა სცილდება მხოლოდ ერთი ქვეყნის ძალებს და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიურ ძალისხმევას მოითხოვს.
ამ სახის საფრთხის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია საერთაშორისო (რეგიონული და ტერიტორიული) ენერგეტიკული უსაფრთხოების ღონისძიებათა დაგეგმვა და კოორდინირება.
ამგვარი საფრთხის მაგალითებია:
– მსოფლიო სავალუტო-საფინანსო კრიზისი;
– პოლიტიკური და სამხედრო დაპირისპირების შედეგად წარმოქმნილი მსოფლიო სათბობ-ენერგეტიკული კრიზისი;
– გლობალური ეკოლოგიური კატასტროფების ზემოქმედება საერთაშორისო ენერგეტიკულ ბაზრებზე;
– საერთაშორისო ტერორიზმი და ა.შ.
ლოკალური საფრთხე ძირითადად ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენებითაა გამოწვეული და მისი შედეგიც, როგორც წესი, არ სცილდება ეროვნული ეკონომიკის საზღვრებს.
ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კონკრეტული ეტაპიდან გამომდინარე საფრთხე იცვლება მოცემული ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ცალკეული საფეხურების დაძლევის სიმეტრიულად. მაგ. განვითარებადი, გარდამავალი, განვითარებული და მაღალგანვითარებული ეკონომიკის ქვეყნებისათვის განსხვავებულია როგორც ენერგეტიკული საფრთხეები, ასევე უსაფრთხოების ღონისძიებებიც. ეკონომიკური განვითარების რაც უფრო მაღალ საფეხურზეა ქვეყანა, მით უფრო ნაკლებია ენერგეტიკულ საფრთხეთა ჩამონათვალი და, პირიქით. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მაღალგანვითარებულმა ქვეყანამ უარი უნდა თქვას ჩვეულებრივ ენერგეტიკულ საფრთხეთა სისტემატურ მონიტორინგზე.
უნდა აღინიშნოს, რომ ენერგეტიკული საფრთხის თითოეული სახე ძალზე მჭიდროდაა დაკავშირებული, “ჩაქსოვილი” ერთმანეთში. ასე მაგალითად:
იმპორტირებული ბუნებრივი აირით რომელიმე ქვეყნის ხანგრძლივი პერიოდით (ე.ი. საფრთხე #2) უზრუნველყოფა პირველ რიგში დამოკიდებულია მომწოდებელი ქვეყნების (საფრთხე #1) ინტერესებზე და იქ მიმდინარე (მოსალოდნელ) ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ, დემოგრაფიულ და ბუნებრივ მოვლენებზე (საფრთხე #4,#5,#8).
ამ შემთხვევაში სიტუაციური მოდელის ამოსავალ წერტილად აღებულია სხვა ქვეყნიდან “მომავალი” (ე.ი. #1 – გარე) საფრთხე. სხვა შემთხვევაში კი შესაძლებელია ენერგეტიკული უსაფრთხოების სიტუაციური მოდელის საფუძველი (ღერძი) სხვა საფრთხე ან საფრთხეების კომბინაცია გახდეს, მაგალითად, “უკვე არსებული, ფარული, შიდა საფრთხე ექსტრემალურ ვითარებაში.”
აუცილებელია ენერგეტიკული საფრთხის რანჟირება, სისტემატიზაცია შესაბამისი ინდიკატორებისა და პარამეტრების (რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების) მიხედვით. მომავალი ენერგეტიკული ომების და ბლოკადების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, ენერგეტიკული უსაფრთხოების სარტყელი შემოერტყას ჩვენს ქვეყანას. ეს კი შემდგომი საუბრის თემაა.