ინვესტორი საქართველოს უჩივის
მაკა ღანიაშვილი
კერძო საკუთრების მორიგი ხელყოფა საქართველოში საერთაშორისო საარბიტრაჟო დავის საგანი გახდა. ამერიკელ და ქართველ ბიზმესმენებთან დავაში საქართველოს ბიუჯეტმა შესაძლებელია 12 მილიონ დოლარზე მეტით იზარალოს. ამერიკულმა კომპანია იზი ინტერპრაისიზმა” და ქართულმა ბიზნესჯგუფმა, რომელიც ლაზერი 2 თბილისს”, სონი ცენტრი თბილისს” და კაფე რუსთაველს” ფლობს, საერთაშრისო საარბიტრაჟო სასამართლოში უკვე შეიტანეს სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ.
ეს პირველი შემთხვევაა საქართველოს ისტორიაში, როდესაც ამერიკელი ბიზნესმენები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში ჩივიან. მოსარჩელე კომპენსაციის სახით 12 მილიონ 100 ათას დოლარს ითხოვს. საარბიტრაჟო სასამართლოსთვის მიმართვა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და მოსარჩელე მხარეს ნახევარი მილიონი დოლარი უჯდება. მაგრამ როგორც ამერიკული ბიზნესკომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, დარწმუნებულები რომ არ იყვნენ სარჩელის მოგებაში, სასამართლოს არ მიმართავდნენ. ისინი ასევე ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ საქართველოში სამართალს ვერ მიაღწიეს, არ ეძლევათ მართლმსაჯულების უფლება, ვინაიდან 17 თვე გავიდა სარჩელის შეტანიდან და თბილისის საქალაქო სასამართლოს დღემდე არცერთი სხდომა არ ჩაუტარებია. მათივე ინფორმაციით, სარჩელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომისიის საერთაშორისო სავაჭრო სამართლის საარბიტრაჟო წესების და აშშ-ს მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისების და ორმხრივი დაცვის შესახებ დადებული შეთანხმების საფუძველზე შევიდა. მოსარჩელე მხარეები არიან: ამერიკული კომპანია “იზი ინტერპრაისიზი”, “ლაზერი 2 თბილისი” და კაფე “რუსთაველი”.
როგორც საარბიტრაჟო სარჩელშია აღნიშნული, დავა წამოიჭრა ნაწილობრივ სამი იჯარის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რომელიც კაფე რუსთაველს”, ლაზერი 2 თბილისს” და სონი ცენტრი თბილისს” მოქალაქე მზია კაკაბაძესთან ჰქონდათ გაფორმებული. დავის წამოჭრის საფუძველია ასევე აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი საინვესტიციო შეთანხმება, რომელიც მოსარჩელე მხარის თქმით, მოპასუხემ დაარღვია იჯარის ხელშეკრულებების გაუქმებით და მოსარჩელეთა იმ შენობებიდან უკანონოდ გამოსახლებით, რომელთა დაკავების უფლებამოსილებაც მათ ჰქონდათ, მოსარჩელის ქონების უკანონო კონფისკაციით, განადგურებით, დაზიანებით და საქართველოში მოსარჩელის ინვესტიციების სხვაგვარად განადგურებით ან მათი ფასის მკვეთრად შემცირებით. სარჩელში აღნიშნულია, რომ მთავრობას სურს გამოიყენოს სახელმწიფოს პოლიციური ძალა კერძო მესაკუთრეთათვის ქონების წასართმევად, კანონის უზენაესობის სრული უგულვებელყოფით და მხოლოდ ფულადი სარგებლობის მიღების მიზნით.
სარჩელის მიხედვით, მას შემდეგ, რაც ხელისუფლება დაინტერესდა მზია კაკაბაძის ქონებით, იმის ნაცვლად, რომ კაკაბაძისთვის შეეთავაზებინათ მოლაპარაკებების წარმოება ქონების გაყიდვაზე მისთვის მისაღებ ფასში, ეკონომიკის სამინისტრომ მოითხოვა შენობაში კაკაბაძის კუთვნილი ფართის სახელმწიფოსთვის “საჩუქრად” გადაცემა, უარის შემთხვევაში კი დაემუქრა მისთვის და მისი ოჯახისთვის ზიანის მიყენებით. 2006 წლის ოქტომბერში მზია კაკაბაძე თავის მეუღლესთან ერთად თბილისში ფინანსურმა პოლიციამ დააკავა. 2006 წლის 23 ნოემბერს მუქარის შემდეგ მ.კაკაბაძე დანებდა და ხელი მოაწერა ქონების უსასყიდლოდ გადაცემის ხელშეკრულებას. მეორე დღეს, 24 ნოემბერს კი ნოტარიუსს დაამოწმებინა განცხადება, რომ ხელი იძულების წესით საბუთს იმიტომ მოაწერა, რომ მისი ოჯახის წევრებს და ნათესავებს საფრთხე ემუქრებოდათ.
სარჩელის მიხედვით, მას შემდეგ, რაც კაკაბაძე მუქარის შედეგად დანებდა, ეკონომიკის სამინისტროს თანამდებობის პირებმა მოითხოვეს მოიჯარეებს დაეტოვებინათ შენობები, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებს 2015-2019 წლამდე ჰქონდათ დადებული იჯარის ხელშეკრულებები, მათ საკმაო თანხები ჩადეს ფართის განახლებასა და იქ თავიანთი ბიზნესის ამუშავებაში. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ბიზნესის წარმატება დიდწილად მაღაზიების ადგილმდებარეობაზე იყო დამოკიდებული.
მას შემდეგ, რაც დადგა კომპანიების დაკავებული ფართიდან გამოძევების საკითხი, კომპანიის წარმომადგენლებმა არაერთხელ შეახსენეს ხელისუფლებას, რომ საქართველოს კანონმდებლობით მთავრობას მოეთხოვებოდა პატივი ეცა საიჯარო ურთიერთობებისთვის. ნაცვლად ამისა, სამინისტროს საპასუხო ქმედება იყო შენობების იძულებით დაცლის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროდან 200-მდე პოლიციელის გაგზავნა, რომლებმაც ძალის გამოყენებით გამოასახლეს ბიზნესმენები შენობებიდან, ძვირად ღირებული ინვენტარი და აპარატურა გაანადგურეს და მოახდინეს მისი კონფისკაცია. ამ რეიდიდან რამდენიმე დღის შემდეგ ეკონომიკის სამინისტრომ კომპანიებს უკვე ფორმალურადაც შეატყობინა, რომ მათი იჯარის ხელშეკრულებები შეწყვეტილია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონში გარკვევით არის აღნიშნული, რომ, თუ მეიჯარე ასხვისებს ფართს, “მყიდველმა უნდა დაიკავოს მეიჯარის ადგილი და იკისროს იჯარით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები”.
დაზარალებულმა კომპანიებმა ეკონომიკის სამინისტროს წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში 2007 წლის აგვისტოში შეიტანეს სარჩელი, მაგრამ ეს სარჩელი შეჩერებულია მაშინ, როცა საქართველოს კანონმდებლობაში გარკვევით წერია, რომ ასეთი სარჩელები სრულად უნდა იქნას მოსმენილი და გადაწყვეტილი 5 თვის ვადაში.
ამის შესახებ ითქვა საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშშიც, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს მიერ იჯარის ხელშეკრულებების გაუქმება, კომპანიების გამოძევება და კომპანიების სარჩელებზე უმოქმედობა წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სამართლის მოთხოვნათა დარღვევას. საქართველოს ხელისუფლებამ კომპანიებს განუცხადა, რომ მოლაპარაკება და მორიგება არ შეეძლო, ვიდრე თბილისის სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. ამავდროულად სთხოვდა თბილისის სასამართლოს გადაედო სარჩელის განხილვა იმ მიზეზით, რომ ცდილობდა მოსარჩელეებთან მორიგებას. დროის გაწელვითა და არაკეთილსინდისიერი საქციელით მოპასუხემ მიაღწია სასურველს. მოსარჩელეთა მცდელობისმიუხედავად, სარჩელთან დაკავშირებით, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არანაირი წინსვლა არ შეინიშნება.
როგორც სარჩელშია აღნიშნული, “ამ საკითხებზე შეთანხმების კეთილსინდისიერად მიღწევის თითქმის ერთწლიანი მცდელობის და საქართველოს მთავრობის მხრიდან ამ კეთილსინდისიერი საქციელით მანიპულირებისა და ბოროტად გამოყენების შემდეგ მოსარჩელეები მიმართავენ ამ არბიტრაჟს.”
აშშ-საქართველოს ორმხრივი საინვესტიციო შეთანხმების III მუხლის თანახმად, არც ერთმა მხარემ არ უნდა მოახდინოს გარანტირებული ინვესტიციების პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით ექსპოპრიაცია ან ნაციონალიზაცია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს ხდება საზოგადოებრივი მიზნებისათვის, არადისკრიმინაციული სახით. მოპასუხემ დაარღვია ამ მუხლში მოცემული ვალდებულებები. ლაზერი 2-მა” და კაფე “რუსთაველმა” 2007 წლის 7 აგვისტოს უკანონო ქმედებების შემდეგ სარჩელის შეტანამდე მიიღო 2 მილიონ ოთხასი ათას დოლარზე მეტი ზარალი. ზარალის ოდენობა კვლავ იზრდება. მოსარჩელეები იჯარის აღდგენას და ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.
მოსარჩელეები არბიტრაჟისაგან ითხოვენ განაცხადოს, რომ საქართველომ დაარღვია აშშ-საქართველოს ორმხრივი საინვესტიციო შეთანხმება და საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობა, ასევე, უბრძანოს მოპასუხეს, აღადგინოს მოსარჩელეებთან იჯარის ხელშეკრულება; მოსარჩელეებს მიანიჭოს კომპენსაციის მიღების უფლება ყველა ზარალის გამო.
შეტყობინება სარჩელის შეტანაზე გაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, პრემიერ-მინისტრს გრიგოლ მგალობლიშვილს, იუსტიციის მინისტრს ზურაბ ადეიშვილს, ეკონომიკის მინისტრს ეკა შარაშიძეს და საქართველოს ელჩს აშშ-ში დავით სიხარულიძეს.
მკითხველს კი შევახსენებთ, რომ ეს საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან 2007 წელს განხორციელებული კერძო საკუთრების ხელყოფის ერთადერთი ფაქტი როდია. ამერიკულ კომპანიასთან ეს ქმედება სახელმწიფოს შეიძლება 12 მილიონ დოლარად და, რაც ყველაზე უარესია, საერთაშორისო ასპარეზზე პრესტიჟის შელახვად დაუჯდეს.