როგორ გამოვიდა თურქეთი ჰიპერინფლაციის კრიზისიდან
რედაქციისაგან
16 თებერვალს თურქეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი სურეია სერდენგეჩთი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ რომან გოცირიძის მოწვევით თბილისში სამდღიანი ვიზიტით ჩამოვიდა. იგი თავის სამშობლოში საბანკო და ეკონომიკური რეფორმის ავტორად ითვლება. მისი მმართველობის პერიოდში თურქეთში წარმატებული ფულადი რეფორმა განხორციელდა.
საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის
თურქეთი ბრუნვის მოცულობით მეორე ადგილზეა.
2005 წლის განმავლობაში სავაჭრო ოპერაციების მოცულობამ თურქეთთან 400 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. 1997 წლიდან 2006 წლის პირველ იანვრამდე თურქეთიდან საქართველოში დაახლოებით 175 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა.
17 თებერვალს სასტუმრო “შერატონ-მეტეხი-პალასში” თურქეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა პრეზენტაცია გამართა თემაზე – “მონეტარული ვითარება თურქეთში და ცენტრალური ბანკის როლი ამ პროცესში.”
სურეია სერდენგეჩთი: – მოხარული ვარ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სტუმრად მომიწვია. საუბრის დაწყებამდე მინდა, მოკლედ მოგითხროთ თურქეთის ეკონომიკის შესახებ. მოგეხსენებათ, არც ისე შორეულ წარსულში ჩვენი ეკონომიკა დიდ კრიზისს განიცდიდა, მაგრამ დღეს თურქეთი მსოფლიოს ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქვეყნების შვიდეულში შედის, მისი ეკონომიკა სიდიდით მეოცეა მსოფლიოში და იგი ევროკავშირის მეექვსე სავაჭრო პარტნიორია. სახელმწიფოს სავაჭრო ბრუნვა წელიწადში 189 მილიარდი აშშ დოლარია, სადაც ექსპორტის წილი 52 მილიარდ დოლარს აღწევს, იმპორტი კი 42 მილიარდი დოლარია.
უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში თურქეთის ცენტრალური ბანკი გონივრულ მაკროეკონომიკურ პოლიტიკასა და კონსტრუქციულ რეფორმებს ატარებს, რის შედეგადაც ქვეყნის ეკონომიკამ მყარი მაკროეკონომიკური საფუძველი მიიღო – ეკონომიკის ზრდა მოსალოდნელზე მაღალია და მცირდება ქვეყნის ვალი. ჩამოყალიბდა უფრო სტაბილური ფულადი ბაზარი – ნაკლები თეთრი ლაქებია სახელმწიფოს ეკონომიკაში და მნიშვნელოვნად იზრდება მისი ელასტიკურობა. უნდა ითქვას ისიც, რომ შეიცვალა ეკონომიკის დინამიკა – ახლა სახელმწიფოს უფრო კონკურენტუნარიანი და ეფექტური უძრავი ქონების სექტორი აქვს.
2001 წლიდან გრძელდება ინფლაციის კლების ტენდენცია, ამ მიზნის მიღწევას კი 4 წელი დასჭირდა. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ის ფაქტი, რომ 35 წლის მანძილზე თურქეთის ინფლაციის მაჩვენებელი პირველად გამოისახა ერთნიშნა ციფრით. ჯერ კიდევ 2002 წლის იანვარში იგი 73,2% იყო, 2006 წლის იანვარში კი 7,93%-ია. აღსანიშნავია არა მხოლოდ ინფლაციის მაჩვენებლის კლება, არამედ მისი დინამიკის მნიშვნელოვანი სახეცვლილებაც. მიზანი – შეუქცევადი დისინფლაცია მიღწეულია. რა გზით შეიძლებოდა ამ ცვლილების სამ დეკადაში მიღწევა?
ეს თურქეთის ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობის დამსახურებაა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც ინფლაციის შეჩერება იყო. ბანკმა ნათლად განსაზღვრა განაწესი და დაადგინა სტაბილური ფასები, აღკვეთა საზოგადოებრივი სექტორისათვის კრედიტების გაცემა. ეფექტური კომუნიკაციების, პატიოსნების, დამაჯერებლობის, თანმიმდევრობისა და გამჭვირვალეობის ხარჯზე ინფლაციის ინერცია და მძაფრი ცვალებადობა დაეცა.
აღდგა ფისკალური დისციპლინა – 2003 წლიდან სახელმწიფოს ნამატი 6,5%-ს შეადგენს, რაც ხელს უწყობს ქვეყნის ვალების შემცირებას. ბუნებრივია, ვალების არსებობა ხელს უშლიდა ეკონომიკის სწრაფ განვითარებას.
თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა განახორციელა სავალუტო რეფორმა, რის შედეგადაც აღდგენილია თურქული ლირის ლიკვიდურობა. გაიზარდა ერთ სულ მოსახლეზე ნაღდი ფულის რაოდენობა და რეალური შემოსავალი, რაც ერთ-ერთი კარგი ინდიკატორია რეფორმის შესაფასებლად.
სამომავლოდ თურქეთის ცენტრალური ბანკის მიზანია 2006 წელს ინფლაციის მაჩვენებელი 5%-მდე დაწიოს, 2007 წელს – 4%-მდე და იგი 2008 წელსაც შეინარჩუნოს.