რა და ვინ იყო მნიშვნელოვანი მცირე და საშაულო ბიზნესში
სოფო სიჭინავა
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა უკვე მეორე წელია, მცირე
და საშუალო ბიზნესში საუკეთესოთა გამოსავლენად კონკურსს ატარებს. წელს კონკურსის ორგანიზებაში USAIDდა ჟურნალი “საქართველოს ეკონომიკაც” ჩაერთო.
გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია 15 თებერვალს შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა. ღონისძიებას სპონსორობა გაუწიეს: USAID-ის მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროექტმა, კომპანიამ “ლუკოილ-ჯორჯია”, “ბანკი რესპუბლიკამ” და სს “თბილღვინომ”.
კონკურსი 2005 წლის 1 დეკემბერს გამოცხადდა შემდეგ ნომინაციებში:
საუკეთესო მცირე ბიზნეს კომპანია ან ინდ. მეწარმე
საუკეთესო საშუალო ბიზნეს კომპანია
საუკეთესო ინოვაცია მცირე და საშუალო ბიზნესში (ახალი პროდუქციის, სერვისის ან ტექნოლოგიების დანერგვა)
საუკეთესო ექსპორტიორი მცირე და საშუალო ბიზნესიდან
საუკეთესო ფერმერი
კონკურსში მონაწილეობის სურვილი 700-მდე კომპანიამ და ფირმამ გამოთქვა. განაცხადების მიღება 2006 წლის 15 იანვარს დასრულდა.
რეგიონულმა სავაჭრო-სამრეწველო პალატებმა შეკრიბეს და გააანალიზეს რეგიონის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოების 2005 წლის მაჩვენებლები. პალატასთან შეიქმნა კონკურსის კომისია, რომელშიც მონაწილეობენ ცნობილი ბიზნესმენები, ეკონომიკის ექსპერტები და მასმედიის წარმომადგენლები. ჟიურიმ კონკურსის შედეგები შეაჯამა და გამარჯვებულები, თითოეული ნომინაციის მიხედვით გამოავლინა შემდეგი მაჩვენებლების მიხედვით:
2004 წელთან შედარებით ბრუნვის მოცულობის ზრდა;
ინვესტიციების მოცულობა წარმოების გაფართოების ან ხარისხის გაუმჯობესებისათვის;
გავლენა დასაქმებაზე: დასაქმებულთა რაოდენობა, საშუალო ხელფასი, მაჩვენებლების ზრდა წინა წელთან შედარებით; ინოვაციურობა (ახალი ტექნოლოგია, პროდუქცია, მომსახურება, ინოვაციურობა მენეჯმენტში);
ექსპორტის მოცულობა და ზრდა 2004 წელთან შედარებით;
კომპანიის მონაწილეობა მოსახლეობის სოციალური დონის ამაღლებაში (ამ მიზნით მ.შ. კომპანიის მონაწილეობა საზოგადოებრივ პროექტებში);
გამოფენებში მონაწილეობა.
მნიშვნელოვანია, რომ გასული წლის კონკურსის გამარჯვებულები დღესაც აგრძელებენ წარმატებულ ბიზნესს: სტუდია “დემეტრე” – 2004 წლის საუკეთესო მცირე საწარმო, “თელიანი ველი” – საუკეთესო საშუალო საწარმო, რომელიც გასულ წელს მსხვილთა კატეგორიაში გადავიდა; საუკეთესო ფირმა აგრარულ სექტორში “გორის ხილის ექსპორტი”; საუკეთესო ექსპორტიორი – ღვინის მწარმოებელი ფირმა “ვაინ მენი” და საუკეთესო ინოვაცია – შპს “სამგორი+”.
ნომინაციაში საუკეთესო მცირე საწარმო გაიმარჯვა შპს “მარიონელამ”. ლაურეატების სიგელებით დაჯილდოვდნენ: შპს “კინკიდი”, ინდმეწარმე თეიმურაზ კინწურაშვილი.
შპს “მარიონელა” შეიქმნა ქ. ქუთაისში მარინე უგულავასა და ლელა ტურძელაძის მიერ. სახელი გაითქვა თავისი შესანიშნავი ნაწარმით: ქალის მოდელური ტანსაცმლით და განსაკუთრებით საქორწინო კაბებით. გახსნილი აქვს ახალი საფირმო მაღაზიები ქუთაისში, თბილისში, ბორჯომში და საბერძნეთის ქალაქ სალონიკში. წარმოებაში ჩადებული აქვს 70000 $-ის ინვესტიცია, დასაქმებული ჰყავთ 2-ჯერ მეტი პერსონალი, ვიდრე წინა წელს. დანერგილი აქვთ სრული საქორწილო სერვისი, ინტერნეტ მომსახურება, უახლესი საწამოო ტექნოლოგია. გამოშვებული პროდუქციის 32 % რეალიზებულია საზღვარგარეთ. გარდა ამისა, კომპანია ეხმარება გეგუთის უპატრონო ბავშვთა სახლს.
ნომინაციაში საუკეთესო ექსპორტიორი გაიმარჯვა შპს “გიორგი XXI-მ”. ლაურეატების სიგელებით დაჯილდოვდნენ: შპს “ჯორჯია იმპექსი”, შპს “ქინძმარაული”.
შპს “გიორგი XXI” დაფუძნდა ქ. ზუგდიდში, ხელმძღვანელი ვაჟა ჯურხანძე. კომპანიის პროფილია თხილის დამზადება, გადამუშავება და რეალიზაცია. საწარმო დაკომპლექტებულია უახლესი ტექნიკური დანადგარ-მოწყობილობებით და გამოირჩევა წარმოების მაღალი კულტურით. წარმოებული პროდუქცია მთლიანად ორიენტირებულია ექსპორტზე. წინა წელთან შედარებით მისმა ზრდამ 800% შეადგინა და 4.5 მლნ ლარს მიაღწია. კომპანია ერთ-ერთი საუკეთესოა რეგიონში საგადასახადო ვალდებულებების შესრულებაში.
გამარჯვებული: “ნომინაციაში საუკეთესო ფერმერი არ გამოვლინდა
1 ლაურეატი: შპს “ნაქორუ”
2. ლაურეატი: ფერმერი ლაშა ღლონტი.
ნომინაციაში საუკეთესო ინოვაცია გაიმარჯვა შპს “ბედეგმა”. ლაურეატების სიგელებით დაჯილდოვდნენ: შპს “ჯი ემ პი”, “ქართული ჩაის კომპანია”.
შპს “ბედეგი” – ქ. რუსთავი. უშვებს 12 დასახელების სამშენებლო კონსტრუქციას, რომელიც ხასიათდება მაღალი ხარისხით, ხოლო ზოგიერთს ანალოგია არ ჰქონია საქართველოში. დანერგილია “ნოუ-ჰოუ”, სამშენებლო კონსტრუქციების მეშვეობით შესაძლებელია მშენებლობაში სარტყლების ჩასმა საყალიბო მასალის, ე.წ. “აპალუბკის” გარეშე და მშენებლობის გაგრძელება ბეტონის გაშრობამდე.
კომპანია უშვებს კონსტრუქციებს, რომლის გამოყენებით შენობის ფასადებს არ სჭირდება შელესვა და შეღებვა, ხოლო შენობის ინტერიერში და ექსტერიერში შესაძლებელია, მივიღოთ მრგვალი და სხვადასხვა კონფიგურაციის არქიტექტურული ფორმები. ყველა ეს და სხვა ინოვაცია წარმოადგენს სიახლეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც. აღსანიშნავია ასევე “ბედეგის” თანამედროვე მომსახურების დონე.
ნომინაციაში საუკეთესო საშუალო საწარმო გაიმარჯვა – “ბიოფარმმა”. ლაურეატების სიგელებით დაჯილდოვდნენ: შპს “პალიასტომი”, შპს “რაციონალი”.
“ბაქტერიოფაგის” რესტრუქტურიზაციის შედეგად კოლექტივის 50-მა თანამშრომელმა შექმნა სააქციო საზოგადოება, რომელმაც არამც თუ ააღორძინა ტრადიციული წარმოება, არამედ დანერგა ფარმაკო-ქიმიური პრეპარატების ახალი სპექტრის გამოშვება.
ამჟამად “ბიოფარმი” აწარმოებს 60-მდე დასახელების სამკურნალო საშუალებებს. აღსანიშნავია, რომ ბრუნვის 78% ორიენტირებულია ექსპორტზე. 2005 წელს მოცულობა გაიზარდა 60%-ით, ხოლო ექსპორტი – 100 %-ზე მეტით. შარშან შეძენილ და გაშვებულ იქნა საინექციო ფხვნილების მძლავრი ავტომატური ხაზი. მოდერნიზებულია ბიომასების გენერაციის უბანი. სულ წარმოებაში რეინვესტირებულია 550 ათასი ლარი.