ნუ გეშინია, ევროპავ, ჩვენ თავად ვშიშობთ!
მოამზადა ამბროსი გრიშიკაშვილმა
წერილის ავტორი, ქრისტინა სადოვსკა დაიბადა 1969 წელს. 1996 წელს ლექსების კრებულისათვის- “გზააბნეული მზესუმზირა” მან კლაუს ელსბერგსის ჯილდო მიიღო. მისი ქმარიც ასევე პოეტი და ჟურნალისტია, ჰყავთ ორი შვილი. ქრისტინა ამჟამად თეოლოგიის პროფესორია.
ძნელი არაა იმის შენიშვნა, რომ ლატვიელები ევროპასთან ხელახალ გაერთიანებას გარკვეული შეშფოთებით შეხვდნენ. უფრო მეტიც, ზოგ ლატვიელში ამან გარკვეული განგაშის გრძნობაც გამოიწვია. ყოფილი რკინის ფარდის იქით კი ჩვენი ეშინიათ. ვფიქრობ, ორივე მხარის შიში დაუსაბუთებელია.
ლატვია (ლატვიის რესპუბლიკა);
დედაქალაქი – რიგა;
მოსახლეობა – 2.4 მლნ;
ფართობი – 64589 კვ.კმ.;
მშპ ერთ სულზე – 4477 აშშ დოლარი;
რელიგიური მრწამსი – ლუთერანები;
სახელმწიფო ენა – ლატვიური (საუბრობენ ასევე რუსულად და ლიტვურად);
სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა – 69 წელიწადი;
სპორტის პოპულარული სახეობა – კალათბურთი.
ატვიაში, ჩემს სამშობლოში, ამგვარმა შიშმა განსაკუთრებით ბოლო ხანებში (სტატია დაწერილია 2004 წლის 14
აგვისტოს) მიაღწია აპოგეას: ხალხი გაფაციცებით ყიდულობს თითქმის ყველაფერს, დაწყებული მარილიდან,
რომელიც უკრაინიდან შემოაქვთ. აქ რატომღაც ჰგონიათ, რომ ამგვარი რამ ევროპაში არ იშოვება (რადგან იგი რომელიღაც ევროპულ ნორმებს არ შეესაბამება). მას პირდაპირ ტომრებით ყიდულობენ, იმდენს, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში შეუძლია დააკმაყოფილოს არა თუ მათი ოჯახის, არამედ მათი შვილიშვილების მოთხოვნილებაც კი ამ პროდუქტზე. თქვენ ეს სასაცილოდ გეჩვენებათ?
ჩვენ ყველას ჩვენი საკუთარი მოგონებები გვაქვს და ჭრილობებიც. სამოცდაათი წლის წინათ ალბათ არავის მოუვიდოდა თავში აზრად, რომ ლატვია ევროპას არ მიეკუთვნება. ჩვენი მამა-პაპანი, მართალია, სხვადასხვა ქვეყნებში დაიბადნენ, მაგრამ ლატვია გარკვეული თანამეგობრობის ნაწილი იყო. XX საუკუნის ომებმა და რეჟიმებმა თუმცა გაანადგურეს ეს თანამეგობრობა, მაგრამ ახლა ჩვენ გვაქვს საშუალება, კვლავ შევუერთდეთ მას, როგორც ოჯახს, რომლის წევრებიც ოდესღაც იძულებით იყვნენ ერთმანეთს დაშორებული. თუმცა ეს ასე ადვილი როდია, მსგავსად სიტუაციისა, როდესაც ქმარი ან ვაჟიშვილი ომიდან ბრუნდება. თუმცა იგი უყვართ და ძალზე მოენატრათ კიდეც, მაგრამ როდესაც პარმაღს გადააბიჯებს, ერთგვარად უცხოდაც კი აღიქმება, რომლის უსაშინლესი განცდები და თუნდაც დიდი გამარჯვებები მისი სახლის მოშორებით წარიმართა. თუ აღმოჩნდება სიყვარული და ნათესაური კავშირები საკმარისად ძლიერი, რომ მიუხედავად ამდენი ხნის დაშორებისა, კვლავ აიგოს გაგების ხიდი?
ბუნებრივია, ამგვარ შიშს განვიცდით, რადგან ისტორიულ სახლში არ ვბრუნდებით ეგზოტიკური ნივთებით დამძიმებულნი და არც ძვირფასი ლითონებით დატვირთული აქლემების ქარავანს მივუძღვებით წინ. თუმცა, ვბრუნდებით როგორც თავისუფალი ადამიანები და ამ თავისუფლებას ჩვენთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. სწორედ თავისუფლების სახელით გადავწყვიტეთ, შევსულიყავით ევროკავშირში და ნატოში. ამავდროულად ძალზე გვაშფოთებს მისი შესაძლო დაკარგვის შიში, ჩვენი სახელმწიფოებრიობის შესაძლო დაკარგვის შიში. XIII საუკუნიდან ჩვენს ისტორიას ხომ სხვა ხალხები და ძალები წერდნენ – გერმანელები, პოლონელები, შვედები, რუსები, ნაცისტები და საბჭოელები. მხოლოდ ორი ხანმოკლე ათწლეულის პერიოდში, ორ მსოფლიო ომს შორის არსებობდა სუვერენული ლატვიური სახელმწიფო. არადა, ჩვენთვის ჩვენი ენისა და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება და დაცვა წარმოადგენს ყველაზე არსებითს. თუ შეგიძლიათ თქვენ ამის გაგება?
ძველი ევროპის შიშს კი სრულიად სხვა ბუნება აქვს. მას თავისი სახელმწიფოების მიღწეული კეთილდღეობის დაკარგვისა ეშინია. ოჰ, ერთი სული მაქვს, ვიყვირო: რა ბედნიერები ხართ! რა კარგი იქნებოდა, ჩვენც ასე შორს ვიყოთ წასულები, რომ მხოლოდ კეთილდღეობის დაკარგვისა გვეშინოდეს! მაგრამ ჩვენ ჯერჯერობით მხოლოდ თავისუფლების დაკარგვა გვაშინებს. ღმერთმა ქნას, რომ თქვენ არასდროს, არასდროს არა გეგრძნოთ ამგვარი შიში.
მეორე მხრივ, ჩვენ ბევრი რამ გვაკავშირებს ერთმანეთთან. ერთ-ერთი ასეთი საერთო ხასიათის ნიშანია ხანმოკლე მახსოვრობა. გთხოვთ, ძალიან ნუ გეწყინებათ ჩემი ასეთი სიტყვები – უბრალოდ, ნაკლი გაცილებით ადვილი შესამჩნევია, ვიდრე წარმატებები. არც თქვენ და არც ჩვენ არ გვახსოვს ჩვენი წარსული, როდესაც ლატვიელები ბერლინში ჩადიოდნენ მეცნიერების შესასწავლად, იტალიაში – ფერწერაში გასაწაფავად, როდესაც რიხარდ ვაგნერი თავის უკვდავ ნაწარმოებებს რიგაში თხზავდა, ხოლო მარკ შაგალმა ვილნიუსი იმიტომ დატოვა, რომ სამუშაოდ პარიზში გადასულიყო. ცხადია, ყველაფერი ეს ერთსა და იმავე დროს არ მომხდარა, მაგრამ ჩვენს შემეცნებაში თითქმის ყველა ეს ფაქტი უკავშირდება ჩვენს ლეგენდარულ წინაპრებს და ამგვარად გარკვეულად ერთმანეთზეა გადაჯაჭვული… და ალბათ კარგა ხნის წინათ დავიწყებული.
ჩვენ უკვე დიდი ხანია, დავივიწყეთ, ისევე, როგორც თქვენ, რომ XIX საუკუნის ბოლოს კარგ სახლში აღზრდილი, არც ერთი თავმოყვარე ქალი სახლიდან თავშალწამოუსხმელი არ გამოვიდოდა. მსგავსი რამის თქმა შეიძლება მამაკაცებზეც – იმ დროს მხოლოდ მათხოვრებსა და მაწანწალებს თუ დაინახავდით ქუჩაში უქუდოდ. რამ გამახსენა ახლა ეს ყველაფერი? იმან, რომ ამ ცოტა ხნის წინათ გერმანულის ლექციაზე წავიკითხეთ სტატია, რომელიც ევროპაში გამართულ კამათს ეხებოდა: უნდა ატარებდნენ თუ არა თავშალს მუსლიმი ქალები.
იქნებ უკეთ გაგვეგო სხვებისათვის, ჩვენ რომ უკეთესი მეხსიერება გვქონდეს. ჩვენ ძალზე ხშირად ვცდილობთ ხოლმე, დავივიწყოთ ბევრი რამ. გულმავიწყობა პრაქტიკულად უცოდინრობის ტოლფასია, რაც შიშს წარმოშობს. განა ნორმალურია, რომ სინამდვილეში ერთმანეთისაგან არც ისე დიდად განვსხვავდებოდეთ და ერთმანეთისა კი ასე გვეშინოდეს? ან თუნდაც მათი გვეშინოდეს, რომლებიც, როგორც ეს ჩვენ გვეჩვენება, ჩვენგან განსხვავებულები არიან?
უბრალოდ საჭიროა, რომელიმე მზიან კვირადღეს, მყუდროზე კიდევ ერთხელ გადავათვალიეროთ ჩვენი საოჯახო ალბომი, ძველი ფოტოსურათებით. იქ ჩვენ ყველანი ერთადა ვართ: ჩემი ძალუა ჰერმიონა ვენაში წმ. სტეფანეს სახელობის ეკლესიის ზღურბლზე, შენი პაპისპაპა ფრიდრიხი დიდი ბებია სიბილასთან ერთად, მცირე ხნის წინ ერთმანეთს იდუმალი თანხმობა რომ განუცხადეს და საქორწინო მოგზაურობაში გაეშურნენ. ასეთი ახალგაზრდები… მაგრამ ეს იყო დიდი ხნის წინათ. მომავლისადმი ყოველგვარი შიშის გარეშე ასე ლამაზად იღიმებიან ფოტოაპარატის წინ. ზუსტად ამიტომ არის აღჭურვილი ფოტოაპარატი ობიექტივით (და არა სუბიექტივით) – მან ხომ ჭეშმარიტად რეალური მომენტი უნდა დააფიქსიროს და უკვდავყოს წარსულის წუთები. ხოლო, თავის მხრივ, წარსული გვეხმარება, რომ შევძლოთ მომავლისათვის უფრო თამამად შეხედვა. ამასთან, თვალებში ცხოვრებისეული სიბრძნე გვქონდეს. ჯერ კიდევ ძველი რომაელების დროიდან ისტორია ხომ სპირალის სახით მეორდება და მომავლისაკენ მიისწრაფვის. იქნებ ჩვენ მაინც ვერაფერს ვსწავლობთ ისტორიისაგან?აი, კითხვა, რომელზედაც პასუხის გაცემაა საჭირო ევროპის კავშირშიც და ყველგან სხვაგან, მთელ მსოფლიოში, სადაც კი ადამიანები ცხოვრობენ. რატომ ვიძლევით იმის უფლებას, რომ შიში გაბატონდეს ჩვენს მეხსიერებაზე? რატომ ვიძლევით იმის უფლებას, რომ შიშის ატმოსფეროში მოხდეს ჩვენი მომავლის ფორმირება? რანაირად იქნება დღე მშვენიერი, როდესაც დილაუთენია შავბნელი ფიქრები იპყრობს ჩვენს არსებას?
უკუვყრი ამგვარ შიშს და მივდივარ დორნბირნში პოეზიის ფესტივალზე “Poesie International. თქვენ კი არა გაქვთ სურვილი, მოინახულოთ ძველი ჰანზეანური რიგა? ანდა სიგულდა? ანდა ალუკსი, კულდიგა, რეზეკნე თუ მაზირბა? ანდა იდუმალებით მოცული, უძველესი პოკაინა? ერთხელ და სამუდამოდ შორს მოისროლეთ თქვენი შიში და მობრძანდით ჩვენთან სტუმრად ევროპაში!