რატომ ძვირდება ჩვენი ცხოვრება და რას უნდა ელოდოთ უახლოეს თვეებში
რედაქციისაგან
არასამთავრობო ოგანიზაციამ თავისუფალი ეკონომიკის და ბიზნესის ინსტიტუტმა ჩაატარა საქართველოს ეკონომიკისა და სამომხმარებლო ბაზარზე მიმდინარე ინფლაციური პროცესების და საერთოდ ინფლაციის დინამიკის კვლევა. გთავაზობთ ზოგიერთ ციფრებს და ექსპერტების დასკვნებს არსებულ ტენდენციებზე.
გთავაზობთ 2005 წლის საქართველოს ეკონომიკური განვითარების დაზუსტებულ მაჩვენებლებს, რომელიც საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მიერაა წარმოდგენილი (სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე ზაზა ბროლაძის, ევროგაერთიანების ელჩის საქართველოში ტორბენ ჰოლცეს და გაეროს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის საქართველოში პიტერ ვან რუზველტის მარტის პრეს-კონფერენცია).
მთლიანი შიდა პროდუქტი
2005 წელს მთლიანი შიდა პროდუ-
ქტის (მშპ) რეალურმა ზრდამ 9.3
პროცენტი შეადგინა. საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემთა გავრცელების ზოგად სისტემაზე (GDDS) გადასვლასთან დაკავშირებით, მშპ-ს საბოლოო შესწორება 2006 წლის ნოემბრის ბოლოსათვის მოხდება.
საგრძნობლად მაღალი ტემპებით ვითარდება ფინანსური შუამავლობის სფერო. ამ სექტორში დაფიქსირებული ზრდის ტემპები ყველაზე მაღალია ეკონომიკის სხვა დანარჩენ სექტორებთან შედარებით. 2005 წელს ფინანსური შუამავლობის რეალურმა ზრდის ტემპმა 2004 წელთან შედარებით 52.2 პროცენტი შეადგინა. საბანკო სექტორის მაღალი ტემპებით განვითარება მნიშვნელოვნად განსაზღვრა საზღვარგარეთიდან საკრედიტო ხაზების მოცულობის ზრდამ. წლის განმავლობაში ფინანსური შუამავლობის ხვედრითი წილი მთლიან შიდა პროდუქტში 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. მიუხედავად ამისა, ის კვლავ დაბალ დონეზე რჩება და 2.0 პროცენტს შეადგენს.
განსაკუთრებით დადებით მომენტად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომსესხები კერძო სექტორზე გაიზარდა 80%-ით, ხოლო კომერციული ბანკების საშუალო საპროცენტო განაკვეთები 2004 წელთან შედარებით სესხებზე საშუალოდ 10 პროცენტული პუნქტით შემცირდა. კომერციული ბანკების მიერ ტრადიციულად ძირითადად ეკონომიკის 3 სექტორი დაფინანსდა: ვაჭრობა (მთლიანი სესხების 37.8%), მრეწველობა (26.2%) და მშენებლობა (11,7%). ზემოაღნიშნულის გამო 2005 წელს შეინიშნებოდა მშენებლობის სექტორის 22.3 პროცენტიანი და დამამუშავებელი მრეწველობის 14.3 პროცენტიანი ზრდა, რაც უდავოდ საბანკო კრედიტებითაც არის მიღწეული.
2005 წელს მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში. ამ სექტორში შექმნილი დამატებითი ღირებულება 2004 წელთან შედარებით რეალურ გამოსახულებაში 29.5 პროცენტით გაიზარდა. ამგვარი შედეგი ძირითადად გამოწვეული იყო კავშირგაბმულობის სფეროში ეფექტური სატარიფო პოლიტიკის გატარებით. ამას ემატება ამ სფეროში 2005 წელს რეალიზებული ლიცენზიების ღირებულება და ა.შ.კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში ეკონომიკური აქტივობის ზრდას უნდა ველოდოთ მიმდინარე 2006 წელსაც, რადგან ამ პერიოდში იგეგმება “საქართველოს ელექტროკავშირის” პრივატიზება.
კვლავ სტაბილურად ვითარდება მშენებლობის სექტორი, სადაც 2005 წელს, გასულ წელთან შედარებით 22.3 პროცენტით მეტი დამატებული ღირებულება შეიქმნა. ეს ზრდა უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა, რომ არა I კვარტალში 25.4 პროცენტიანი კლება. როგორც აღინიშნა, მშენებლობის სექტორის განვითარებას მნიშვნელოვნად ხელს უწყობს საბანკო სექტორიდან მშენებლობისთვის ხელსაყრელი გრძელვადიანი დაკრედიტება. მთლიანად 2005 წელს 2004 წელთან შედარებით საბანკო სექტორიდან სამშენებლო სექტორში 4.2-ჯერ მეტი კრედიტი გაიცა. ყოველივე ამას ემატება სახელმწიფოს მიერ სატრანსპორტო გზების მშენებლობა-რეკონსტრუქციაზე მნიშვნელოვნად გაზრდილი დაფინანსება.
ქვეყნის ეკონომიკაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი კვლავ სოფლის მეურნეობას უჭირავს (14.8 პროცენტი). ბოლო წლების განმავლობაში ამ სექტორის ხვედრითი წილი ქვეყნის მთლიან ეკონომიკურ აქტივობაში თანდათანობით მცირდება. 2004 წელს ის 16.4 პროცენტი იყო, ხოლო 2003 წელს – 19.3 პროცენტი. მოვლენათა ამგვარი განვითარება ლოგიკურია, რადგანაც სოფლის მეურნეობაში დამატებითი ღირებულება ძირითადად ამ სექტორში თვითდასაქმებულთა ხარჯზე იქმნება, რაც თავის მხრივ ძალზედ დაბალეფექტურია. სოფლის მეურნეობა 2005 წლის განმავლობაში 12.0 პროცენტით გაიზარდა. ეს ზრდა განპირობებულია ე.წ. დაბალი საბაზო ეფექტით, წინა მოუსავლიან წელთან მიმართებაში: 2004 წელს სოფლის მეურნეობის სექტორის აქტივობა რეალურ გამოსახულებაში 7.9 პროცენტით შემცირდა.
2005 წელს 13.7 პროცენტით შემცირდა სამთომომპოვებით მრეწველობაში დამატებითი ღირებულების მოცულობა. ამ სექტორის ხვედრითი წილი მთლიან შიდა პროდუქტში მხოლოდ 0.7 პროცენტია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სამთომომპოვებით მრეწველობას განვითარების ძალზედ დიდი პოტენციალი აქვს და სახელმწიფოს მიერ ამ სექტორში განხორციელებული პრივატიზების შედეგები მომდევნო პერიოდში აისახება.
მეტ-ნაკლებად სტაბილურად ვითარდება ვაჭრობის სფეროც. ამ სექტორის განვითარება დამოკიდებულია იმპორტული და ადგილობრივი წარმოების საქონლის ბრუნვის მოცულობაზე. 2005 წელს ვაჭრობა 3.4 პროცენტით გაიზარდა. წლიური ზრდის ტემპი შეაფერხა 2005 წლის IV კვარტალში 2004 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.7- პროცენტიანმა კლებამ.
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2005 წელს
2005 წელს, დეკლარირებული მონაცემების მიხედვით (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე), საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 3�357,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2004 წელთან შედარებით 34,6 %-ით მეტია. 2005 წელს ექსპორტმა შეადგინა 866,7 მლნ აშშ დოლარი, რაც 2004 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (646,9 მლნ აშშ დოლარი) 34%-ით მეტია. 34.8%-ით გაიზარდა აგრეთვე იმპორტიც: 2005 წელს – 2490,9 მლნ აშშ დოლარი, 2004 წელს- 1847,9 მლნ აშშ დოლარი.
გაიზარდა საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა არეალი და 2005 წელს საქართველოს ვაჭრობა ჰქონდა 132 ქვეყანასთან (2004 წელსა – 125 ქვეყანასთან) საქართველოს უმსხვილეს პარტნიორ ქვეყნებს შორის არიან: რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა და გერმანია; მათი წილი მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 52,2% პროცენტია (იხ. ცხრილი #1).
უმსხვილეს საექსპორტო პროდუქციად 2005 წელს გვევლინება შავი ლითონების ჯართი1, ყურძნის ნატურალური ღვინოები, ფეროშენადნობები, ახალი ან გამხმარი კაკალი, საფრენი აპარატები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები და აზოტოვანი სასუქები. მათი წილი 2005 წლის ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 52,8%-ს შეადგენს (54,0% – 2004 წელს) (იხ. ცხრილი #2):
იმპორტში უმსხვილესი პოზიციებია – ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, სამკურნალო საშუალებები, სამშენებლო მასალები, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, ხორბალი და ფქვილი, შაქარი, აირის ტურბინები, ტურბოხრახნიანი და ტურბორეაქტიული ძრავები, საფრენი აპარატები და ელექტროენერგია. ისინი მთელი იმპორტის 44,6 %-ს შეადგენს (2004 წელს 41,5%) (იხ. ცხრილი #3):
საქართველოს სტატისტიკური დეპარტამენტის მიერ მოწოდებული მასალის საფუზველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ფასების ცვლილებანი ძირითად საკვებ პროდუქტებზე გამოწვეულია სეზონურობიდან გამომდინარე. სწორედ წლის ამ პერიოდისათვისაა დამახიასიათებელი ფასების შემცირება ისეთ საქონელზე, როგორებიცაა რძე, რძის პროდუქტები, თევზი, ყველი და ხორცი. ჩამოთვლილ საქონელთან შედარებით მნიშვნელოვნადაა შემცირებული ფასები კვრცხსა (4,8%) და ქათამზე (4,2%), რომელზედაც გარდა სეზონურობისა, მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია “ქათმის გრიპთან დაკავშირებულმა მნიშვნელოვანმა მოვლენებმა.
გაზაფხულის მოსვლასთან ერთად გაიაფდა ფასები ისეთ საქონელზეც, როგორებიცაა კიტრი და პომიდორი, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ეს ძირითადად ეხება იმპორტით შემოტანილ (თურქულ) კულტურებს; ხოლო, ეროვნულ სასათბურე მეურნეობებში მოყვანილ კულტურებზე ფასი კვლავ მაღალი რჩება (7 ლარი 1 კგ-ზე).
რაც შეეხება არასასურსათო საქონელს ფასები შემცირდა დიზელის საწვავზე და ბენზინ “რეგულარზე” (0,8%-ით) და ნავთზე (0,6%-ით); ხოლო ფასი გაიზარდა სიგარეტ “ჭინსტონ ლიგჰტ”-ზე (0,9%-ით).
ქ. თბილისში სამომხმარებლო ფასების ინდექსმა (სამომხმარებლო ფასების დონის ცვლილების მაჩვენებელი) ერთი კვირის მანძილზე (3 მარტი – 16 მარტი) 99,25 პროცენტი შეადგინა. საპირისპიროდ თებერვლის ბოლოს არსებული მაჩვენებლისა – 102,06 პროცენტი.
მონეტარული სტატისტიკა
თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის სავაჭრო სესიაზე 2006 წლის მარტის თვეში დაიდო 46 საბირჟო გარიგება, რომლის საერთო მოცულობამ 13 645 711 აშშ დოლარი შეადგინა. მარტის თვის საბირჟო სესიებზე ეროვნულმა ბანკმა გაყიდა 6 036 000 აშშ დოლარი და 2 320 000 აშშ დოლარი შეიძინა.
წინა თვესთან შედარებით, თბსბ სავაჭრო სესიაზე განხორციელდა 32 გარიგებით ნაკლები; შესაბამისად, დაიდო 5904389 აშშ დოლარით ნაკლები მოცულობის გარიგება;
23 მარტიდან ძალაში დარჩა აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი: აშშ დოლარი/1.8275 ლარი.
შიდა სავალუტო ბაზარი
2006 წლის 6 მარტიდან 10 მარტის ჩათვლით აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამყარდა. პარასკევს, 10 მარტს, თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის სავაჭრო სესიაზე 1 აშშ დოლარი 1.8260 ლარის ნიშნულზე დაფიქსირდა. საანალიზო პერიოდში შიდა სავალუტო ბაზრის ბანკნოტურ სეგმენტზე აშშ დოლარი მიმართ ლარის გაცვლითი კურსის მიმოქცევის ამპლიტუდა 1.8280- 1.8350 დიაპაზონში მერყეობდა.
ამავე პერიოდში თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობის მოცულობამ 4350000 აშშ დოლარი და 100000 ევრო შეადგინა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საბირჟო სესიებში 850000 აშშ დოლარი გაყიდა და 2500000 აშშ დოლარი შეისყიდა.
თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე გამართული სავაჭრო სესიების შედეგების დინამიკა საანალიზო პერიოდში
2006 წლის 13 მარტიდან 17 მარტის ჩათვლით აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი სტაბილურობით ხასიათდებოდა. პარასკევს, 17 მარტს, თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის სავაჭრო სესიაზე 1 აშშ დოლარი 1.8275 ლარის ნიშნულზე დაფიქსირდა. საანალიზო პერიოდში შიდა სავალუტო ბაზრის ბანკნოტურ სეგმენტზე აშშ დოლარი მიმართ ლარის გაცვლითი კურსის მიმოქცევის ამპლიტუდა 1.8280 – 1.8350 დიაპაზონში მერყეობდა.
ამავე პერიოდში თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობის მოცულობამ 4350000 აშშ დოლარი და 100000 ევრო შეადგინა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საბირჟო სესიებში 850000 აშშ დოლარი გაყიდა და 2500000 აშშ დოლარი შეისყიდა.
ამავე პერიოდში თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობის მოცულობამ 3440000 აშშ დოლარი და 146000 ევრო შეადგინა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საბირჟო სესიებში 2550000 აშშ დოლარი გაყიდა და 20000 აშშ დოლარი შეისყიდა.
თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე გამართული სავაჭრო სესიების შედეგების დინამიკა საანალიზო პერიოდში
ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონი
2006 წლის 21 მარტს ეროვნული ბანკის ბანკთაშორის 7- დღიან #51 საკრედიტო აუქციონში მონაწილეობდა 1 კომერციული ბანკი (გამყიდველის) და ეროვნული ბანკი (მყიდველის სახით). აუქციონზე შემდგარი გარიგებების საერთო თანხამ შეადგინა 500000 ლარი და დაფიქსირდა წლიური 5%.
მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობის
დინამიკის შესახებ 2004-2005 წლებში
(ინფლაციისა და ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებათა გათვალისწინებით)
2005 წლის დეკემბერში 2003 წლის დეკემბერთან შედარებით საქართველოში ინფლაციამ შეადგინა 14,2 პროცენტი (2003წ. 7,5%, 2005 წ. 6,2%).
სამომხმარებლო ფასების ასეთი ზომიერი მატების (საშუალო წლიური მატება 2004-2005 წლებში 6,9%) მაჩვენებლის მიღმა იმალება გაცილებით მნიშვნელოვანი ზრდა მოსახლეობის ცალკეული კატეგორიებისათვის. ფაქტობრივად, რეალურ ინფლაციას მოსახლეობის თითქმის ყველა კატეგორიისათვის მის ოფიციალურ დონესთან შედარებით გაცილებით მაღალი ნიშნული აქვს.
7 6% 22.03.2006 5% 21.03.2006
28 8% 22.03.2006 7% 21.03.2006
56 14% 26.01.2006 9% 16.11.2005
84 5% 06.07.2005 6% 20.05.2005
ამის განმაპირობებელი ფაქტორი რამდენიმეა. კერძოდ:
ფასების ზრდა განსაკუთრებით შეინიშნება სასურსათო კალათაზე. მაგალითად, ფასების მატება ბოლო ორ წელიწადში ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე 1,5-ჯერ, ხოლო რძეზე, ყველსა და კვერცხზე – 2,0-ჯერ და მეტად მაღალი იყო ინფლაციის საერთო დონესთან შედარებით. აღნიშნულის გამო ფასების მატებამ განსაკუთრებით “დაარტყა” დაბალშემოსავლიანთა ბიუჯეტების მსყიდველობითუნარიანობას, რომელთა მიმდინარე შემოსავლების დიდი ნაწილი სწორედ სურსათზე მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ემსახურებოდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ 2005 წელს 2003 წელთან შედარებით (შესაბამისი წლის ცხრა თვე – ცხრა თვესთან) საშუალოდ ერთ შინამეურნეობაზე მოსახლეობის ყველაზე დაბალშემოსავლიან პირველ კვინტილურ (20%-იან) ჯგუფში ფულადი ხარჯები აბსოლუტურად უცვლელი დარჩა, მაშინ, როდესაც ყველაზე მაღალშემოსავლიან, მეხუთე კვინტილურ ჯგუფში გაიზარდა 18,8 პროცენტით (საშუალოდ საქართველოს ერთ შინამეურნეობაზე გაანგარიშებით – გაიზარდა 14,0 პროცენტით).
2004 წელს მოხდა ინფლაციის გაანგარიშებაში მონაწილე საქონელ-წარმომადგენელთა წონების გადაანგარიშება და კალათაში მკვეთრად შემცირდა სასურსათო საქონელწარმომადგენელთა წილი, რამაც შესაბამისად (დაახლოებით 1,3-ჯერ) შეამცირა სასურსათო ნაწილის ზეგავლენა ფასების საერთო დონისა და დინამიკის ფორმირებაზე. შესაბამისად, ძველი “წონების” შენარჩუნების პირობებში 2004-2005 წლებში ჯამური ინფლაცია, ნაცვლად დეკლარირებული 14,1 პროცენტისა, იქნებოდა არანაკლებ 15,7-16,0 პროცენტი.
მხედველობაშია მისაღები, რომ ინფლაციის გათვლაში შედარებით სუსტადაა წარმოდგენილი ან საერთოდ არ მონაწილებს უძრავი ქონების ისეთი ელემენტები, რომლებზეც ფასები ბოლო ორ წელიწადში საგრძნობლად გაიზარდა, ხოლო ვაჭრობის მოცულობა – ინტენსიური გახდა (ბინები, აგარაკები, მიწის ნაკვეთები). მათზე ფასების დინამიკის გათვალისწინებით რეალური ინფლაცია გაცილებით მაღალი იქნებოდა.
ამავე დროს, ეკონომიკურ დანაკარგებს ვერ ასცდა აგრეთვე შედარებით მაღალშემოსავლიანთა კატეგორიაც. გარდა იმისა, რომ ისინი ასევე არიან გაძვირებული სასურსათო საქონლის მომხმარებლები (მოსახლეობის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ათი პროცენტი ყველაზე დაბალშემოსავლიან ათ პროცენტთან შედარებით კვებაზე დაახლოებით 3,8-ჯერ მეტს ხარჯავს), თუ უშუალოდ ამ კატეგორიას განვიხილავთ, როგორც საქართველოში უცხოური ვალუტის მფლობელს, განმკარგავს და მომხმარებელს, ეროვნული ვალუტის გამყარებამ აშშ დოლართან ბოლო ორი წლის მანძილზე 2.075-დან 1.7925-მდე (13,65%-ით) მნიშვნელოვნად შეამცირა უცხოური ვალუტის მსყიდველობითი უნარიანობა. ინფლაციის გათვალიწინებით (რომელიც ეროვნული ვალუტის გამყარების პარალელურად ამცირებდა საქართველოში უცხოური ვალუტის მსყიდველობით უნარიანობას), 2005 წლის ბოლოს 100 აშშ დოლარით საქართველოს შიდა სამომხმარებლო ბაზარზე შეიძლებოდა იმდენივე საქონლის შეძენა, რისთვისაც 2003 წელს საკმარისი იყო მხოლოდ 75,6 აშშ დოლარი (სხვაგვარად რომ ვთქვათ, საქართველოში 2003 წელს 100 აშშ დოლარის საქონლის შესაბამისი რაოდენობის შესაძენად 2005 წელს საჭირო იყო უკვე 132 აშშ დოლარზე მეტი).
ეროვნული ვალუტის გამყარებისა და ინფლაციის გამო კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთიც, ფაქტობრივად, უარყოფით განზომილებაში გადავიდა. 2005 წლის ბოლოს ორი წლის წინანდელი 100 აშშ დოლარის დეპოზიტების მსყიდველობითი უნარიანობა დარიცხული პროცენტის გათვალისწინებითაც კი2 2003 წლის დეკემბრის 87,7 აშშ დოლარის ეკვივალენტური იყო.
2005 წლის ბოლოსათვის საქართველოს საბანკო სისტემაში განთავსებული დეპოზიტების აბსოლუტურ სიდიდეზე გათვლით შეიძლება ითქვას, რომ ბოლო ორი წლის მანძილზე ვალუტის მსყიდველობით უნარიანობაზე თანმხვედრი ნეგატიური ფაქტორების გამო ვალუტის ფიზიკურმა დეპოზიტარებმა იზარალა დაახლოებით 40 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო იმავე სიდიდის არადეპოზიტური თანხის მიხედვით ზარალის სიდიდემ არანაკლებ 80 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
რა არის ინფლაცია, როგორ ითვლიან
მას საქართველოში
ინფლაციის პრობლემები საქართველოში
ინფლაციის პრობლემებთან დაკავშირებით გავესაუბრეთ ექსპერტ სოსო არჩვაძეს.
– ბატონო სოსო, გთხოვთ აგვიხსნათ, რა არის ინფლაცია, პერიოდულობის და სამომხმარებლო კალათების მიხედვით როგორია იგი. რა კავშირი აქვს მოქალაქეებთან, რა არის მომხმარებლის ნდობის ინდექსი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი? ამერიკაში სამომხმარებლო ფასების ინდექსს (CPI) ანგარიშობენ კვების პროდუქტების გარეშეც და ენერგომატარებლების გარეშეც (Core CPI), ჩვენ?
– საზოგადოებას ყოველთვის აინტერესებდა და აინტერესებს ქვეყანაში ინფლაციის მდგომარეობა, რადგან ის თითოეულ ადამიანზე ახდენს უშუალო ზეგავლენას. შემოსავლების, ხარჯების დონე და სიდიდე არაფერს გვეუბნება ქვეყანაში მიმდინარე ფასების ცვლილებებზე, ანუ ინფლაციაზე. მთლიანობაში, სასაქონლო ფულადი ურთიერთობების ისტორია ინფლაციის ისტორიაა.
წარმოების პირობების ცვლის მიხედვით ფასების საერთო დონე იცვლება და ჩაკეტილი ეკონომიკური სისტემის შემთხვევაშიც კი ფასები ცოცხალი ორგანიზმივით ვითარდება და იცვლება. ეკონომიკურ ინდიკატორთა შორის ინფლაცია ყველაზე დიდ ზეგავლენას განიცდის საზოგადოების მხრიდან, რადგან შრომის მწარმოებლურობა სხვადასხვა ფაქტორების თანაფარდობის მაჩვენებელია, ხშირად ინფლაციის დონეზე მოქმედებს საზოგადოებრივი ნდობა და დამოკიდებულება. თუ საზოგადოებას ეს ნდობა არა აქვს, იგი ქცევის რეჟიმს ცვლის, რაც ფასების ზრდით, ან მოცემული ქვეყნის კონკრეტული საგადამხდელო საშუალების – ვალუტის სხვა ქვეყნის ვალუტით ჩანაცვლებით გამოიხატება. ამის მაგალითი იყო კუპონის პერიოდი, როდესაც სხვა ქვეყნის ვალუტით ხდებოდა მისი ჩანაცვლება. საქართველო მსოფლიო ურთიერთობებში თანდათან ერთვება, მათ შორის, საერთაშორისო შრომის დანაწილებაში. 150 ქვეყანასთან გვაქვს ეკონომიკური კავშირი და, ბუნებრივია, რომ ის პროცესები, რაც გლობალურად ხდება, პირდაპირ ზეგავლენას ახდენენ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. შარშან, აგვისტოს თვეში ნავთობპროდუქტებზე ფასების მკვეთრი ზრდა დაიწყო, რამაც სამომხმარებლო აჟიოტაჟი გამოიწვია, ერთი ლიტრი საწვავის ფასი თითქმის 1 დოლარი გახდა. ამიტომ ჩვენ ვერ შევძლებთ მთლიანად შევინარჩუნოთ ჩვენი შიდა აქციების წესი იმის გაუთვალისწინებლად, თუ რა ხდება მსოფლიოში. ეს პირველ რიგში ენერგომატარებლებსა და სასიცოცხლოდ აუცილებელ საქონელს ეხება. როდესაც ფასების ზრდაზე ვსაუბრობთ, ხარჯებისა და ფულის ინფლაცია უნდა განვასხვაოთ. ერთ შემთხვევაში წარმოების ფაქტორების ზრდასთან ერთად იზრდება საბოლოო ფასიც, მეორე შემთხვევაში კი იზრდება საზოგადოების მოთხოვნა ამა თუ იმ მოხმარების საქონელზე და ამან შესაძლოა, მიწოდების შეუსაბამობის პირობებში საქონლის გაძვირება გამოიწვიოს. საქართველოში ორივე შემთხვევა გვაქვს. საზოგადოებას სტატისტიკური სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ მონაცემებზე გარკვეული სკეფსისი გაუჩნდა. იგი კითხვას სვამს – არის კი რეალური ფასების ის დონე, რომელსაც ეს სამსახური აქვეყნებს. საქართველოში ფასების დონე იზრდება, თუ 1998 წლის დეკემბრის თვეს შევადარებთ, როდესაც ეროვნულმა ბანკმა ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ინტერვენცია შეწყვიტა და მის გარეშე სცადა სავალუტო კურსის დარეგულირება. მას შემდეგ კურსი თითქმის იგივეა. ამ ხნის განმავლობაში, საქართველოში, ოფიციალური მონაცემებით, ფასები 54%-ით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თანაბარ პირობებში მსოფლიო ბაზრის ფასებს დავუახლოვდით. არსებობს სხვადასხვა მეთოდები, მაგალითად, ბიგმაკის მეთოდი, როდესაც აშშ-სა და საქართველოში ბიგმაკის ფასების თანაფარდობით ანგარიშობენ ჩვენი ეროვნული ვალუტის მსყიდველობით უნარიანობას აშშ-ის დოლართან მიმართებაში. შეფარდება არა მხოლოდ ოფიციალური კურსით ხდება, არამედ რეალური გაცვლითი კურსის მიხედვითაც. ბიგმაკის მეთოდის მიხედვით, საქართველოში ფასები დაახლოებით 2/3-ის დონეზეა. თუმცა ჩემი გათვლებით, კიდევ უფრო ნაკლებია. საზოგადოება ფასების მატებას გრძნობს. ამერიკული დოლარის სავალუტო ეფექტიანობის შემცირება საზოგადოების კითხვას იწვევს, რამდენად ადეკვატურია ფასების ზრდის მაჩვენებელი სინამდვილეში. საზოგადოებრივი ნდობის ფაქტორი ინფლაციაზე გავლენას ახდენს. 90-იანი წლების შუა ხანებამდე საქართველოს დამოუკიდებელი სრულფასოვანი ვალუტა არ ჰქონდა, ოფიციალურად გადასახდელი საშუალება ეროვნული ბანკის კუპონი იყო, თუმცა მიმოქცევაში პარალელურად რამდენიმე ვალუტაც იყო. სამომხმარებლო ბაზარი მკაცრად სეგმენტირებული იყო – კუპონით ნორმირებული სამომხმარებლო საქონლის შეძენა ხდებოდა, რუსული რუბლით – ყოველდღიური სამომხმარებლო საქონლის, დოლარით კი უფრო ხანგრძლივი მოხმარებისა და უძრავ საქონელს იძენდნენ. ლარის შემოღების შემდეგ ეს პროპორციები დაირღვა. ქართულმა ლარმა რუსული რუბლის ფუნქციები ჩაინაცვლა და მნიშვნელოვანწილად შეამცირა დოლარის კურსიც. თუმცა იმის თქმა, რომ დოლარი, როგორც საგადამხდელო საშუალება, საქართველოს ბაზრიდან ამოვარდა, მართებული არ იქნება. ისიც უნდა ითქვას, რომ ეს სიტუაცია მხოლოდ საქართველოში, როგორც გარდამავალ ქვეყანაში, არ ხდება. ეროვნული ვალუტისადმი ნდობის გაზრდა, ფაქტობრივად, ინფლაციის საწინააღმდეგოდ მიმართული ღონისძიებაა. არსებობს მეორე მხარეც, ინფლაცია თავისთავად ეკონომიკის სიჯანსაღესა და მეწარმეობის განვითარებაზეა დამოკიდებული. რატომ ეჩვენება ჩვენს საზოგადოებას, რომ ფასების საერთო დონე უფრო მაღალია, ვიდრე ამას სტატისტიკის დეპარტამენტი აქვეყნებს. ამ შემთხვევას შევადარებდი, როდესაც კიდურის ამპუტაციის შემდეგ ადამიანს მისი ტკივილის შეგრძნება მაინც რჩება. საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლით საზოგადოებამ ძლიერი დარტყმა მიიღო. 1995 წელს ყოველთვიური ინფლაციის ტემპი 65% იყო. ეს საოცრად მაღალი მაჩვენებელია, ამიტომ საზოგადოების დიდი ნაწილი ეროვნულ ვალუტას ბოლომდე არ ენდობა. რა თქმა უნდა, ამას სხვა ფაქტორებიც განაპირობებს, ესენია ეკონომიკური საზღვრების დაუცველობა, ჩვენი ეკონომიკის სიმცირე მსოფლიო მასშტაბებთან შედარებით. საქართველოს ეკონომიკა დიდი მსოფლიო მეურნეობის მცირე ნაწილია და მასზე გარე ეგზოგენური ფაქტორები დიდ ზეგავლენას ახდენენ, რაც პირველ რიგში ენერგეტიკულ პრობლემებსა და პოლიტიკურ მხარეზე აისახება. ამიტომ, საზოგადოების გარკვეული უნდობლობა იყო, არის და ალბათ მომავალშიც დარჩება, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. სტატისტიკის დეპარტამენტმა რამდენიმე წლის წინ გამოკვლევა ჩაატარა, სადაც იყო კითხვა – თქვენ რომ გქონდეთ თავისუფალი ფულადი სახსრები, სად განათავსებდით მათ? ჩამოთვლილი იყო შემდეგი ვარიანტები – კომერციული ბაკები, საქმეში დაბანდება, გასესხება, უძრავი ქონების შეძენა და ა.შ, შვიდჯერ სჭარბობდა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც სახლში ამჯობინებდა ფულის შენახვას, ვიდრე საბანკო სისტემაში. ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ საზოგადოების ნდობის ფაქტორი დაბალია. ჩემი აზრით, მეტი ხელშეწყობაა საჭირო. დღეს საქართველოს საბანკო სისტემაში დაახლოებით 600 მილიონი დოლარის ფარგლებშია დეპოზიტები. ეს არ არის დიდი მაჩვენებელი და ჩვენ მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით აზერბაიჯანს. თუ გასული საუკუნის 90-იან წლებამდე მონაკვეთს ავიღებთ, მართალია, საქართველო მაშინ ერთიანი საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო, მაგრამ დეპოზიტების მხრივ მშპ-სთან თანაფარდობა ერთი ერთზე იყო – ანუ, ყოველი 100 მანეთის მთლიან შიდა პროდუქტზე იმდენივე დეპოზიტი მოდიოდა. დღეს კი ყოველი 100 ლარის მთლიან შიდა პროდუქტზე მხოლოდ 6 ლარი მოდის. საბანკო რესურსის შიდა ინვესტიციებად გამოყენებისათვის დამატებითი სტიმულებია საჭირო, რისთვისაც აუცილებელია შესაბამისი სამეწარმეო გარემოს ფორმირება. დეპოზიტებზე პროცენტის დაბეგვრაც არ არის იმდენად მნიშვნელოვანი თანხა, რომ მან ბიუჯეტის შევსებაში სერიოზული წვლილი შეიტანოს, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ნაწილიც გადასახედია. კომერციული ბანკების მიღმა უფრო მეტი დოლარის მასა მოძრაობს, ვიდრე მოსახლეობას აქვს საბანკო სექტორში განთავსებული. სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლები სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს ეფუძნება. სამ წელიწადში ერთხელ კი ამ მეთოდიკის გადასინჯვა ხდება. ამჟამად ფასების შეჯერება 71 დასახელების საქონლის მიხედვით ხდება. სამომხმარებლო კალათიდან დაახლოებით ოცამდე ერთეული ამოვიღეთ და მას 35 დავამატეთ. ადრე თუ მასში 297 დასახელების საქონელი შედიოდა, ახლა 311 შედის. თუ ადრე იყო ბინის ქირა, ახლა მას ერთოთახიანი ბინის საბაზრო ღირებულებაც დაემატა.
– რას გვეტყვით პროდუქტებზე?
– პროდუქტებიც საქონელია. გადასინჯვის შემდეგ სასურსათო საქონლის წილი მნიშვნელოვნად შემცირდა. ამ გადაწყვეტილებამ ჩვენს ობიექტურ ინფორმირებას ცუდი სამსახური გაუწია. ეს 2004 წლის დასაწყისში მოხდა, მომდევნო პერიოდში კი, ვარდების რევულუციის შემდგომ პერიოდს ვგულისხმობ, სასურსათო საქონლის ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. რომ არა ძველი წონები, ჩვენი ინფლაციის მაჩვენებელი მხოლოდ სურსათის ხაზით 2-3 პროცენტული პუნქტით მაღალი იქნებოდა, შესაბამისად, უფრო მაღალი იქნებოდა საერთო ინფლაციის მაჩვენებელიც. საქონელწარმომადგენელთა კალათაში წონების გადასინჯვამ და სასურსათო ნაწილის გავლენის შემცირებამ ინფლაციის დაბალ მაჩვენებლამდე მიგვიყვანა.
– ინფლაცია არის მოცემულ დროში ეკონომიკურ სივრცეში არსებული რეალობა. პირველ რიგში კი იგი ეხება სამომხმარებლო ფასებს, მათში კი ძალიან მნიშვნელოვანია 10-15 პუნქტი. ბოლო გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მოსახლეობის 90%-ისათვის მნიშვნელოვანია კვების პროდუქტები და ენერგომატარებლები. მათი ფული იმ 2500 კილოკალორიის მიღებისათვის იხარჯება, რაც ფიზიკური არსებობისთვისაა აუცილებელი და იმისათვის, რომ მისი სხეულის ტემპერატურა 37 გრადუსი იყოს და არ გაიყინოს. საუბარია ფიზიკურ არსებობაზე. ნახშირწყლებიდან ძირითადია პური, რაზეც სერიოზული ინფლაციაა. კარტოფილი, შაქარი, ბრინჯი, ცხიმები, ხორცი უკვე არც ისე მთავარია. ასევე მნიშვნელოვანია დენის, გაზისა და საწვავის ფასები. თუ ჩვენ ინფლაციას აქტიური სამომხმარებლო სასურსათო კალათის მიხედვით გავიანგარიშებთ და მასში 15 კვების პროდუქტს, 3 ენერგომატარებელს და წამალს შევიტანთ, რომლის მხრივაც შემაშფოთებელი სტატისტიკაა (ყველაზე მომგებიანი და წარმატებული ბიზნესი აფთიაქები გახდა) და ბოლოს სამედიცინო მომსახურებას – მათი შეფასების შემდეგ ვნახავთ, რომ ინფლაცია 17-20%-ია. აუცილებლად უნდა დადგინდეს ყოველკვირეული, ყოველდეკადური, ყოველთვიური და კვალიალური ინფლაცია. რაც შეეხება წლიურს ის უკვე რიტორიკის საგანია. მაგრამ ჩვენი ეკონომიკის დასაგეგმავად, პირველ რიგში, ეს 15-პროდუქტიანი კალათა გვჭირდება. ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებლის ნდობის ინდექსის გაანგარიშებაც. მის გარეშე ინფლაციის მაჩვენებელი შეიძლება ფიქციად იქცეს. მას ნებისმიერ ქვეყანაში დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენთან ლარის კურსიც არ არის მიბმული ინფლაციის მაჩვენებელზე, საგარეო ვაჭრობის დეფიციტზე, წარმოების დონესა და მშპ-ს ზრდაზე, ანუ არ არსებობს ურთიერთდამოკიდებულება. ხშირ შემთხვევაში ეკონომიკა ინერციით მოძრაობს. მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ ეკონომიკაში ზრდა არის, რაც მშენებლობასა და ფისკალურ ნაწილში გამოიხატება. მაგრამ არ არსებობს შეფასების კრიტერიუმი, ბაზარი ქაოტურია, ღირებულება კი არარეალური. ინფლაციის გაანგარიშებისას ერთოთახიანი ბინის რეალური ფასი უნდა გავითვალისწინოთ.
– მოსკოვში დაახლოებით 30 პუნქტის მიხედვით ხდება ბინების ფასების დადგენა. თბილისში 20 ადგილის მიხედვით მაინც უნდა ხდებოდეს. ჩვენი საზოგადოება ორი ფენისაგან – მდიდრებისა და ღარიბებისგან შედგება, საშუალო ფენა იმდენად სუსტია, რომ ეკონომიკურ პროცესებზე რეალურ ზეგავლენას ვერ ახდენს. ღარიბისთვის სამომხმარებლოა სურსათის რამდენიმე საქონელი, მათზე კი ფასები 1/5-ჯერ და მეტად გაიზარდა ინფლაციის მაჩვენებელთან შედარებით. ფასების მომატებას მდიდრებიც გრძნობენ, ისინი ღარიბებთან შედარებით სურსათზე მეტს ხარჯავენ. თუ საზოგადოებას 10 ჯგუფად დავყობთ, ყველაზე მდიდრების 10% თითქმის ოთხჯერ მეტ თანხას ხარჯავს სურსათის შესაძენად ვიდრე ყველაზე ღარიბი, ხოლო კალორიულობის მიხედვით კი 30%-ით მეტ კალორიას იღებს. მაგრამ მდიდარი არა მხოლოდ სურსათზე ხარჯავს თანხებს, არამედ არასასურსათო საქონელზეც. ყიდულობს, ვთქვათ,ფერად ტელევიზორს ან რომელიმე ხანგრძლივი მოხმარების საგანს. ბოლო ორი წლის განმავლობაში სავალუტო კურსი ამრიკულ დოლართან შედარებით გამყარდა, ამიტომ მეწარმეებსა თუ ფიზიკურ პირებს, რომელთაც შემოსავლები დოლარებში ჰქონდათ, მეტის გადახდა უწევთ. თუ ადრე ტელევიზორი 400 ლარი ღირდა და მის შესაძენად 125 დოლარი საკმარისი იყო, დღესაც იგივე ღირს, ინფლაციის დონე კი უცვლელია, მაგრამ მის შესაძენად უკვე 225 დოლარია საჭირო. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვისაც საბანკო სექტორში აქვს დეპოზიტი, ის ფაქტობრივად პროცენტს არ იღებს, რადგან დარიცხული პროცენტი ინფლაციასთან შედარებით დაბალია და ვერ ახდენს იმის ამორტიზებას, რასაც ფასების მომატება და ეროვნული ვალუტის კურსის გამყარება ჭამს. ორ წელიწადში დეპოზიტების მხრივ ზარალმა თითქმის 40 მილიონი დოლარი შეადგინა. ე.ი ორი წლის წინ განთავსებული დეპოზიტების დარჩენისა და ეროვნული ვალუტის კურსის უცვლელობის შემთხვევაში იმ დეპოზიტებს 40 მილიონი დოლარით მეტი საქონლის შეძენის უნარი ექნებოდათ დღევანდელთან შედარებით. კიდევ ერთი ფაქტორი, თუ რატომ გრძობს მოსახლეობა მწვავედ ინფლაციას. თუ საზოგადოებას 10 ან 5 თანაბარ ჯგუფად დავყოფთ, ვნახავთ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მათი შემოსავლებისა და ხარჯების დონე არათანაბრად იზრდება. ყველაზე მაღალშემოსავლიანი 20%-ის შემოსავლები და ხარჯები ნომინალურად 20%-ით გაიზარდა, ყველაზე დაბალშემოსავლიანი 20%-ის კი უცვლელია. თბილისში ყოველი სამი ოჯახიდან ერთში მაინც ოჯახის არც ერთ შრომისუნარიან წევრს ანაზღაურებითი სამსახური არა აქვს, ისინი ან უმუშევრები არიან, ან სხვა სახის შემოსავლებზე არიან დამოკიდებულნი. საპენსიო ასაკის მოსახლეობის მხოლოდ 7% ცხოვრობს მარტო, ამიტომ სოციალური დაცულობის, სიღარიბისა და კვების პრობლემა მხოლოდ მოხუცთა და პენსიონერთა სიჭარბეში არ მდგომარეობს, რეალურად პრობლემა ის არის, რომ იმ ოჯახებში, სადაც შრომისუნარიანი წევრიც არის და მოხუციც, შრომისუნარიანი დასაქმებული არ არის, რათა მან საპენსიო ასაკის მოქალაქე არჩინოს. ორ წელიწადში ყველაზე მაღალ ჯგუფში ნომინალური შემოსავლები 18%-ით გაიზარდა, ყველაზე დაბალში კი უცვლელი დარჩა. თუ ამას ინფლაციის ოფიციალურ მაჩვენებელზე გავყოფთ, ანუ დაახლოებით 14%-ზე, ვნახავთ, რომ ყველაზე დაბალშემოსავლიანი 20%-ის რეალური შემოსავლები 15%-ით შემცირდა, ყველაზე მაღალშემოსავლიანებისა კი 5-6%-ით გაიზარდა. პირველი კვინტილური ჯგუფის შემოსავლები გაიზარდა, მეორე ჯგუფის კი იგივე დონეზე დარჩა, ხოლო დანარჩენი 60%-ისა შემცირდა. მთლიანობაში ისე გამოდის, თითქოს ქვეყნის შინამეურნეობათა შემოსავლები და ხარჯები ინფლაციის მაჩვენებელზე სწრაფად იზრდება, მაგრამ რეალურ განზომილებაში ფასების მატებისაგან თავის დაცვა მხოლოდ 20%-მა შეძლო, კიდევ 20%-მა მდგომარეობა გაიუმჯობესა, დანარჩენი 60%-ის კეთილდღეობა კი დაეცა. ვამბობთ, რომ ბიუჯეტი გასამმაგებულია, პენსიები გაორმაგდა, მაგრამ ისევ სტატისტიკური მონაცემებით, სწორედ ამ მიზეზით სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების შინამეურნეობის რაოდენობა არ შემცირებულა. ეს იმის გამო ხდება, რომ დიფერენცირება საკმაოდ მაღალია. არსებობს საზოგადოების უნდობლობის კიდევ ერთი მიზეზი. ინფლაცია არის მაჩვენებელი, რომელიც ახასიათებს ფასების დინამიკას საზოგადოებაში. თავისთავად იგულისხმება, რომ ეს საზოგადოება მეტ-ნაკლებად ერთგვაროვანი უნდა იყოს. თუ საზოგადოებაში საშუალო ფენა არ არის ჩამოყალიბებული, იქმნება ჩატეხილი ხიდის პრობლემა მდიდრებსა და ღარიბებს შორის და ეს ორი სოციალურად განსხვავებული ჯგუფი განსხვავებული ქცევის კულტურით ხასიათდება.
ისინი ერთ ქალაქში ცხოვრობენ, მაგრამ მათი მისწრაფებები და ქცევის კულტურა აბსოლუტურად განსხვავებულია. სწორედ ამ მიზეზით ყალიბდება მყარი უნდობლობა ინფლაციის მაჩვენებლისადმი. იმისათვის, რომ ამ მაჩვენებელმა საზოგადოების გამაერთიანებლის როლი ითამაშოს, საჭიროა საშუალო ფენის ჩამოყალიბებისათვის ზრუნვა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა. ეს მხოლოდ წმინდა სტატისტიკური სამუშაო არ არის. ფასებზე დაკვირვება თვის 10-დან 20 რიცხვამდე მიმდინარეობს, შემდეგ ხდება მისი შედარება მომდევნო თვის 10-20 რიცხვთან, მაგრამ ეს არ არის მთავარი. სანამ საზოგადოება მეტ-ნაკლებად ერთგვაროვანი არ იქნება, ყოველთვის იარსებებს იმის საშიშროება, რომ ინფლაციის მაჩვენებელი საზოგადოების სხვადასხვა ფენის მიერ არათანაბრად აღიქმება. მოქმედი მეთოდიკით, ინფლაციის მაჩვენებელი თვის 10-დან 20 რიცხვამდე აფიქსირებს მომხდარ ცვლილებებს, მაგრამ თუ ფასების ცვლილება თვის 21 ან 22 რიცხვში მოხდება, იგი უკვე აღარ ფიქსირდება. მაგალითად, შარშან აგვისტოს 22 რიცხვიდან ფასების მკვეთრი ზრდა დაიწყო ნავთობპროდუქტებზე, სექტემბრის 9-10 რიცხვში კი დაცემა დაიწყო, მაგრამ ეს ცვლილება დაკვირვების პერიოდს არ დაემთხვა, ამ ხნის განმავლობაში მოსახლეობამ გაცილებით მეტი გადაიხადა, რამაც მისი ჯიბე გვარიანად შეათხელა. ამის გამო მას აღარ დარჩა საშუალება, რომ სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი საქონელი შეეძინა. შეიძლება სხვა საქონელზე ფასები არ გაზრდილა, რადგან ფული აღარ დარჩა, ანუ მოთხოვნის ინფლაციის ფაქტორი მინიმუმამდე შემცირდა, მაგრამ, ინფლაციის გაანგარიშების მოქმედი მეთოდიკით, ეს დაფიქსირება არ მომხდარა. საქართველოში ბევრ საქონელზე იმდენად მაღალი ფასებია, რომ მათი შემდგომი ზრდის შემთხვევაში ისინი გაიანგარიშება, როგორც უცვლელი ფასები და შესაბამისად, ინფლაციის მაჩვენებელზე გავლენას ვერ ახდენს, რეალურად კი მოსახლეობა მათ შესაძენად მაღალ ფასს იხდის. შეიძლება ინფლაცია 6% იყოს, მაგრამ მოსახლეობა კოლოსალურ ფასებს იხდის სამომხმარებლო საქონლის შესაძენად.
დასკვნის სახით მინდა ვთქვა, რომ ჩვენ სისტემური ეკონომიკა არ გვაქვს, როდესაც ერთი ინდიკატორის ცვლილება გარკვეულ ზეგავლენას მოახდენს მეორეზე. ამის გარეშე კი მდგრად განვითარებაზე საუბარი ძნელია. ჩვენი ეკონომიკა ქართულ ზღაპარს ჰგავს, სადაც ბროლის კოშკში მზეთუნახავია გამოკეტილი, რომელსაც ვაჟმა აკოცა. მზეთუნახავს კი დილით და საღამოს მცველები წონიდნენ. აწონვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მისი წონა ერთი კოცნის წონით იყო მომატებული. საქართველოს ეკონომიკაც იმ მზეთუნახავის მდგომარეობაშია. მრეწველობის ზრდის ტემპი ერთი საწარმოს მუშაობაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. არც ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობა უნდა ახდენდეს ზეგავლენას ქვეყნის შიდა პროდუქტზე და ინვესტიციების საერთო მოცულობაზე. ჩვენ ზრდის მაღალი ტემპები, დამატებითი სამუშაო ადგილები და მდგრადი განვითარება გვჭირდება. ყველაფერი სხვა მხოლოდ ზედაპირული მაჩვენებლებია, რომლებიც რეალურ მდგომარეობას ნაკლებად ახასიათებენ. შესაბამისად, ჩვენი ეკონომიკაც, თითოეული ჩვენგანის კეთილდღეობა და ეკონომიკური უსაფრთხოება კვლავ პოლიტიკის მძევლად რჩება.
– დღევანდელი გადასახედიდან, როგორია თქვენი პროგნოზები ინფლაციასთან დაკავშირებით?
– საქართველოს ეკონომიკა მოცულობითა და მნიშვნელობით საკმაოდ პატარაა. საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მსოფლიოში მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 40%-ის დონეზე ვართ. გამოდის, რომ საშუალო დონეზეც კი არ ვართ. ამ დონის მისაღწევად ორნახევარჯერ უნდა გავზარდოთ მთლიანი შიდა პროდუქტი. ჩვენი ზეგავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე ძალიან მცირეა, სამაგიეროდ, მსოფლიო ეკონომიკის ზეგავლენა ჩვენს შიდა ეკონომიკაზე ძალიან მაღალია. პირველ რიგში, ენერგეტიკული რესურსებით ვართ დამოკიდებული სხვა ქვეყნებზე.
თავის დროზე საქართველოს 100-ზე მეტი მრეწველობის დარგი და წარმოება ჰქონდა განვითარებული, ცოტ-ცოტა ყველაფერი იყო, მაგრამ ეს ჩვენს ეროვნულ ეკონომიკას მონოპოლიურ მდგომარეობას ვერ აძლევდა. ამიტომ ფასების ზრდა დამოკიდებულია იმ გარე ფაქტორებზე, რაც მსოფლიო ეკონომიკაში ვითარდება. იქ კი ენერგომატარებლები ძვირდება, რადგან იზრდება მოთხოვნა. შესაბამისად, ჩვენ გვერდს ვერ ავუვლით ხარჯების ინფლაციას.
რატომ გაძვირდა ჩვენი ცხოვრება და რას უნდა ველოდოთ უახლოს თვეებში
ამ საკითხთან დაკავშირებით გავესაუბრეთ ექსპერტ გელა ხანიშვილს.
– ბატონო გელა, გვითხარით, რა ხდება კვების მრეწველობის ბიზნესში?
– ვფიქრობ, ეს არის დიკუსია, რომელიც თავის გზას ნახავს. დავიწყოთ ხორბლიდან. ხორბალი სახელმწიფოებრივი სტრატეგიული მნიშვნელობით ნებისმიერი სახელმწიფოსათვის საყრდენის როლს თამაშობს. იგი მხოლოდ კვების პროდუქტი როდია, რომელიც შეიძლება იყოს ან არ იყოს სასურსათო კალათაში თუ ნებისმიერ სუფრაზე. ხორბლის ფასს, მის მიწოდებას, წარმოებასა და იმპორტს შეუძლია განსაზღვროს ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების სტრატეგია. ნებისმიერ ქვეყანაში პურის გაძვირება სერიოზული ინდიკატორია იმისათვის, რომ ყველაფერი გაძვირდება. ამ როლს ჩვენთან ნავთობ-პროდუქტები თამაშობს, მაგრამ გაცილებით მეტი დატვირთვა აქვს პურის ფასების დინამიკას და ზოგადად პურით ქვეყნის უზრუნველყოფას. საინტერესოა, თუ რა ხდება დღეს ამ მხრივ საქართველოში. დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის შემდგომ, შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ ქაოსი იყო. შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში არსებობდა მისი ბრძანებულება, რომ ქვეყანას გარდამავალი რესურსი უნდა ჰქონოდა, საუბარი იყო 80 000 ტონა ხორბალზე, რომელიც არასოდეს არ გვქონია. ეს ბრძანებულება 1996 წელს მიიღეს. ამ რესურსის აუცილებლობას ყველა ასაბუთებდა, ვისაც სოფლის მეურნეობის მინისტრის სავარძელი ეკავა. მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ ეს რესურსი არასოდეს არ შექმნილა.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, კონკრეტულად კი 1992 წლიდან საქართველოს ხორბლის ბაზარს ამერიკის შეერთებული შტატები არეგულირებდა. ბაზარზე ყოველთვის იყო ამერიკიდან შემოტანილი ხორბალი – 50 000-100 000 ტონა ან მეტი. თან მუდმივად იყო სტრატეგია, თუ რა რაოდენობის ხორბალი მოეწოდებოდა საქართველოს და როდის. ანუ რეალურად, ეს საკითხი სახელმწიფოებრივი ყურადღებით სარგებლობდა.
– როგორ იცვლებოდა ხორბლის მოხმარება?
– ბოლო წლებში ჩვენს ქვეყანაში ხორბლის მოხმარება ხარისხობრივ და თვისებრივ ცვლილებებს განიცდის, რაც ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის ნაკლებად შესამჩნევია. ხორბალი მოდიოდა რუსეთიდან, უკრაინიდან და შუა აზიიდან, მაგრამ საფუძველი ამერიკული ხორბლის ბაზა იყო, რომელიც მის ხარისხობრივ გაუმჯობესებასა და ნორმალური ხარისხის ფქვილის მიღებას ემსახურებოდა. ანუ ამერიკულ ხორბალს, შეფარული რეზერვის გარდა, კიდევ რამდენიმე დატვირთვა ჰქონდა, რაც ჩვენში უკუღმა გაიგეს. ამერიკული ხორბალი ქართულ ხორბალს ჰყიდდა, ანუ თუ ბაზარზე მაღალხარისხიანი ხორბალი არ იქნება, ადგილობრივი წარმოების ხორბალი, რომელიც, სამწუხაროდ, ხარისხობრივი მაჩვენებლით არ გამოირჩევა, ვერ გაიყიდება. ხორბლის ხარისხს უამრავი ქვედა დონე აქვს. ჩვენთან არ არის კარგი სათესლე მეურნეობა, მიწა არ არის კარგად მოვლილი და დასვენებული, განვითარებული არ არის სასუქის კულტურა. თუ სხვა ქვეყანა ჰექტარზე 8-10 ტონას იღებს, საქართველო იღებს 2-3 ტონას და ეს დიდ წარმატებად ითვლება. იყო შემთხვევა, როდესაც ჩვენში 80 ცენტნერიც აიღეს, მაგრამ როდის? როდესაც გვალვიან 2000 წელს აშშ-მ 6000 ტონა კარგი სათესლე ხორბალი გვაჩუქა და კახეთსა და შირაქში 8 ტონა მოვიდა ჰექტარზე. ჩვენთან არც თესლბრუნვა ხდება და არც ჯიშებზე დაკვირვება, რაც ხდება, იმდენად მცირეა, რომ ამინდს ვერ ქმნის.
– რატომ ვერ შეინახეს ამერიკის ნაჩუქარი კარგი თესლი?
– თესლს ერთი, ორი ან სამი წლის მანძილზე შეუძლია კარგი ხარისხის ხორბლის მოცემა. იგი ნებისმიერი სხვა ნედლეულის მსგავსად განახლებას მოითხოვს. ქვეყანაში უნდა არსებობდეს ბიზნესი, რომელიც თესლს გამოიყვანს და ფერმერს უზრუნველყოფს მაღალხარისხიანი ხორბლის მოსაყვანად. დღეს ამ მხრივ ქვეყანაში ვაკუუმია. გლეხი გადაარჩევს ხორბალს და იქიდან არჩევს სათესლეს.
– რამდენია ჩვენში საერთო მოსავალი?
– მოსავლის საერთო რაოდენობამ საქართველოში პიკის პერიოდში, როდესაც 80 ცენტნერი მოიყვანეს ჰექტარზე, რეალურად მიაღწია დაახლოებით 230-250 ათას ტონას. ეს აბსოლუტურად არასერიოზული მაჩვენებელია, რადგან დაახლოებით 80000 ტონა სასურსათო ხორბალია, რაც ქვეყნის მოთხოვნის მხოლოდ 10%-ს წარმოადგენს. ანუ დაახლოებით 800000 ტონა ხორბალი უნდა დაიფქვას. მოხმარების რაოდენობა მუდმივი არ არის. თუ ქვეყანაში იზრდება ნამცხვარზე ან მაკარონზე მოთხოვნა, ხორბალზე მოთხოვნაც იზრდება. იგივე ეხება მესაქონლეობასაც. თუ გვინდა კონბინირებული საკვების წარმოება, რომ ქვეყანაში არასასურსათო ხორბალიც გვქონდეს, მაშინ ეს 700-800 ათასი ტონა მილიონი გახდება. იმის თქმა მინდა, რომ სისტემა, თუ რამდენი ხორბალი გვჭირდება, მრავალმაჩვენებლიანია, მაგრამ დღეისათვის აპრობირებული და შეთანხმებულია, რომ საქართველო დაახლოებით 700 000 ტონა ხორბალს მოიხმარს. მოთხოვნის 100%-ით დაკმაყოფილება ქვეყანაში ნაწარმოები ხორბლით, ჩემი აზრით, შეუძლებელია, რადგან ის მიწა, რომელზეც უფრო მაღალრენტაბელური და ეკონომიკისათვის მეტად მნიშვნელოვანი სხვა სასურსათო პროდუქცია მოდის, ხორბლით არ უნდა იყოს დაკავებული.
– გამოდის, ხორბლის ბაზრის დაცვას დიდი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა არა აქვს?
– დიახ, ასეა. მაგრამ, ჩემი აზრით, ბაზრის დაცვას ყველა სეგმენტში გააზრება და ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. რას ნიშნავს ხორბლის ბაზრის დაცვა – შეიძლება, ხორბლის წარმოება არ დავიცვათ, მაგრამ აუცილებლად უნდა დავიცვათ ხორბლის გადამამუშავებელი მრეწველობა, ანუ ქვეყანაში უნდა შემოვიტანოთ ხორბალი და არ უნდა შემოვიტანოთ ფქვილი. აი, ეს უნდა იყოს ქვეყნის სტრატეგია. სახელმწიფო ინტერესების დაცვა სრულიად არ გამორიცხავს თავისუფალი ეკონომიკის არსებობას და ამ თავისუფალი ეკონომიკის მსოფლიო სეგმენტში საქართველოს ადგილს. სახელმძღვანელოებში, რომლებიც ამერიკის რაობას განსაზღვრავენ, წერია, რომ ამერიკა იცავს მწარმოებლებისა და მომხმარებლების ინტერესებს.
– იქნებ სჯობს საბაჟო გადასახადის გაუქმება ხორბალზე, რათა გლეხი მიხვდეს და ხორბლის მოყვანას სხვა კულტურის მოყვანა არჩიოს. ავიღოთ სამეგრელოს მაგალითი, ხშირად სიმინდი იქ მოჰყავდათ, სადაც გაცილებით დაბალი შემოსავალი მოჰქონდა, ვიდრე იმავე ადგილზე მოყვანილი ლიმონი მოიტანდა.
– დაგეთანხმებით, მაგრამ, სამწუხაროდ, ხორბლის განვითარების არეალი მკაცრად განსაზღვრულია რეგიონების მიხედვით. ზოგიერთ ფართობზე ხორბლის გარდა სხვა მოსავალს ვერ მოიყვან. რაც შეეხება იმას, შეიძლება თუ არა საქართველოში იმ რაოდენობის ხორბლის მოყვანა, რომელიც ქვეყნის მოთხოვნას უზრუნველყოფს, გიპასუხებთ, რომ შეიძლება, თუ სხვა ფართობს მთლიანად დაუთმობ ამ საქმეს. როგორია სეგმენტი – ხორბლის წარმოება, მისი გადამუშავება, ფქვილის იმპორტი, შემდგომ პურ-პროდუქტების წარმოება და საბოლოოდ მომხმარებლის ინტერესი. რა თქმა უნდა, ყველა სეგმენტი დასაცველია, დაწყებული მომხმარებლის ინტერესიდან, რომელსაც შემოუტან ფქვილს რუსეთიდან და იაფი პური ექნება. მაგრამ არსებობს ზოგადი ეკონომიკური სეგმენტი – საქართველოში არის ისეთი მასშტაბის გადამამუშავებელი მრეწველობა, რომელსაც შეუძლია თანაბარ პირობებში, ანუ სწორად დაბეგვრის პირობებში, მოგვცეს თანაბარფასიანი ფქვილი. ერთი სიტყვით, ეს იქნება კონკურენტუნარიანი ფქვილი. მაგრამ არ ვსაუბრობთ ხარისხზე, რადგან ფქვილის წარმოება ძალიან კონსერვატორულია საქართველოს და მსოფლიოს წისქვილებში. თუ არ ჩავთვლით ავტომატიკის ბოლო ეტაპს, დანარჩენი დანადგარების სისტემა ფაქტობრივად უცვლელია. პრობლემა ის არის, რომ საზღვარზე შემოდის ფქვილი, რომლის განბაჟების ღირებულებაც ხელოვნურადაა შექმნილი. ანუ, ხშირ შემთხვევაში მისი განბაჟება ხორბლის განბაჟებაზე ნაკლები ჯდება. ტონა ხორბალს 170 დოლარიდან აბაჟებდნენ და ტონა ფქვილის განბაჟებაც იგივე თანხაში ხდებოდა, მაშინ, როდესაც სულ მცირე, გადამუშავების ხარჯიდან დაწყებული, მისი ინვოისი 1/3-ით ძვირი უნდა იყოს. მით უმეტეს, რომ ხორბალზეც და ფქვილზეც ძალზე სერიოზულ როლს თამაშობს ტრანსპორტირების ხარჯი. შეიძლება, სეზონზე ხორბალი 80 დოლარად იყიდო ყაზახეთში, მაგრამ მისი ტრანსპორტირება დაგიჯდეს 60 დოლარი. ამით იმის თქმა მინდა, რომ ბაზრის მექანიზმის დაცვის თვალსაზრისით ქართულ ბაზარს ხელოვნური ბარიერების შექმნა არ სჭირდება. მას ერთიანი საბაჟო პოლიტიკის გატარება ესაჭიროება. კი ბატონო, იყოს ნულოვანი დაბეგვრა ამერიკულ, ევროპულ, უკრაინულ და ყველა სხვა ხორბალზე. ასეთ პირობებშიც კი ქართულ ხორბალს პრობლემა არ ექმნება, რადგან მწარმოებელი ტრანსპორტირების ხარჯებს არ იხდის და ის მაინც კონკურენტუნარიანია, მას მაინც რჩება მაღალხარისხიანი ხორბლის მოყვანის სტიმული ამავე დროს მისი დაბალხარისხიანი ხორბალი ღია ფასით შემოტანილ ამერიკულ, რუსულ თუ ყაზახურ მაღალხარისხიან ხორბალთან შერევის გზით მიეწოდება მომხმარებელს.
– რამდენად იმოქმედებს ეს ფასზე? ლოგიკურია, რომ ნულოვანი საბაჟო დაბეგვრით ჩვენ დაუცველად არ ვტოვებთ ქართული ხორბლის ბაზარს, პირიქით, ამით შეიძლება ავამუშავოთ წისქვილკომბინატები. რადგან ტრანსპორტირების ხარჯი ნაკლებია, ქართული წარმოება რეალურად კონკურენტუნარიანია. წისქვილკომბინატების განვითარებას ვუწყობთ ხელს 12%-იანი გადასახადის მოხსნით. რუსულის გარდა, მაღალხარისხიანი კანადური, ევროპული და ამერიკული ხორბალი შემოვა და გადასახადის გაუქმებით პერსპექტივა უჩნდება ჩვენს წისქვილკომბინატებს. ამ მხრივ ხორბალი არ გაძვირდება, მაგრამ ლეგალიზაციის ხარისხის აწევით, კახური ხორბლის ლეგალურად აღრიცხვის პირობებში, რაც დღეს ხშირ შემთხვევაში პირიქითაა, თუ რუსული ხორბალი რეალური ინვოისით შემოვა, ფქვილი გაძვირდება. თქვენი აზრით, რამდენი პროცენტით გაძვირდება ფქვილი?
– არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი – ფაქტობრივი ბიზნესი ხორბლის იმპორტიორებია, მათ შორის, ფქვილის იმპორტიორებიც, რომლებიც მუშაობენ პრინციპით – თვლებიდან მონტაჟი, ეს სამშენებლო ტერმინია, ანუ მოვიდა სამშენებლო კოსტრუქცია, დაიცალა. სამშენებლო კონსტრუქციას ადგილზე არავინ ასაწყობებს. მაგრამ არ შეიძლება იგივე ხდებოდეს ხორბლის წარმოებაში. დღეს ბაზარზე პურისა და ფქვილის ფასს არ არეგულირებს საქართველოს ბიზნესი და ქართული ეკონომიკა, არამედ საქართველოს ეკონომიკის გარეთ მიმდინარე პროცესები. უფრო კონკრეტულად, ქართული ხორბალი სეგმენტზე გადამწყვეტ როლს ვერ თამაშობს, მაგრამ ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანი თვისება აქვს – ქართველი გლეხი ხორბლის მცირე მარაგს ყიდის, ყველა სხვა ქვეყნის გლეხის მსგავსად, ანუ იმდენს, რაც მის დანახარჯებს დაფარავს. ეს ეხება საწვავ ენერგეტიკას, სასუქს და ა.შ, დანარჩენი ხორბლის სეზონისთვის შენახვას ცდილობს. რომელია ეს სეზონი – ხორბალი მოდის ზაფხულში, მოსავლის აღება ხდება ივლის-აგვისტოში, სექტემბერ-ოქტომბერი ის თვეებია, როდესაც ხორბალი ჯერ კიდევ იაფია, ნოემბერში ხდება ფასების სტაბილიზაცია და დეკემბრიდან იწყება მისი ზრდა, რაც ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ არა ქართულ ეკონომიკაზე. საქართველოში ხორბლის ფასს რეალურად რა ემატება, როდესაც არც ერთ მეწარმეს რესურსი არა აქვს მის შემოსატანად. ამიტომ ხორბლის ფასს ბანკის რესურსის გამოყენება აძვირებს.
– რომელიც ბოლო დროს ძალიან გაძვირდა.
– რომელიც ძალიან გაძვირდა და ხორბლისთვის ზოგადად მნიშვნელოვანი ტვირთია, რადგან თუ წარმოვიდგენთ შუა მოვაჭრეს, წისქვილს და რუსეთიდან მომწოდებელს, ყველაზე დიდი მარჟა მოვაჭრისათვის შეიძლება იყოს 10 დოლარი, პიკის დროს კი 15 დოლარი. 5 დოლარი ტონაზე არის ბანკის მომსახურების დანახარჯები და მისი პროცენტი. როდესაც პორტში მოდის ხორბალი, იქ უნდა იყიდო, მისცე მეწარმეს და აიღო ორი ან სამთვიანი პერიოდი, რომ მან ფული გადაგიხადოს. ამ პერიოდის მანძილზე ბანკი იღებს 5 დოლარს, კომპანია კი დაახლოებით ოთხნახევარ დოლარს. მაგრამ ესეც არ არის მთავარი. მთავარია ის, რომ ჩვენ რუსეთის ხორბლის ფასზე ვართ დამოკიდებული.
დღეს რუსეთში ძირითადი მოთამაშეა “გლენკორი” და “დრეიფუსი”. ამ ორმა კომპანიამ მთელი რუსული მარაგი იყიდა და ბაზარზე მონოპოლისტად გვევლინება. მათ თუ უნდათ, სპეკულაციურ ფასებსაც შემოაგდებეს და საერთოდ, იმას გააკეთებენ, რაც სურთ. რუსეთში კიდევ არიან თავისუფალი მოთამაშეები – კოლმეურნეობები, ელევატორები, რომლებსაც დროის გარკვეულ მონაკვეთში თავისუფალი თამაშის საშუალება ჰქონდათ, მაგრამ ზემოხსენებული კომპანიების შემოსვლის შემდეგ ამის საშუალება მოესპოთ. “დრეიფუსმა” ხორბალი პიკურ დაბალ ფასებში იყიდა, რაც მეწარმეს უნდა გაეკეთებინა და დღეს თვითონ გვთავაზობს თამაშის წესებს. დავუშვათ, არის კოლმეურნეობა, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს ხორბალი. რატომ დააგდებს ის ფასს “დრეიფუსზე” დაბლა? ისიც მთავარ მონოპოლისტს მისდევს და ამ მთავარ მონოპოლისტს მისდევს ადგილობრივი ქართველი გლეხიც. ტონა ხორბალი დაახლოებით ორთვენახევრის წინ 125-130 დოლარი ღირდა. საუბარია რუსულ, მესამე კლასის ხორბალზე.
– ამერიკული ხორბალი რა ღირს?
– ამერიკული ხორბალი ბაზარზე აღარ არის და ეს ცალკე თემაა. დღეს საქართველოს იმპორტიორები მეტწილად რუსულ ხორბალზე მუშაობენ. რუსეთს ძალიან მაღალხარისხიანი და კარგი ხორბალი აქვს. ყაზახეთსაც კარგი ხორბალი აქვს, მაგრამ ყაზახური ხორბალი უფრო მკვრივია და ის უნდა გაერიოს სხვას, რომ კარგი ხარისხის ფქვილი მივიღოთ. საერთოდ, რაც მეტი სახეობის ხორბალი გექნება, უფრო კარგია, მაგრამ უნდა არსებობდეს მუდმივი ხორბალი. ქართული საწარმოები დღეს იმის მიხედვით მუშაობენ, თუ რომელი ხორბალი შემოდის ბაზარზე. არ არსებობს დაგეგმილი მთლიანი ციკლი, ასევე არ არსებობს მარაგი. უცნობია, თუ ვინ იგებს ამ ბიზნესში. რა თქმა უნდა, თეორიულად კარგია, თუ ქართველი მეწარმე პიკის პერიოდში ტონა ხორბალს 135 დოლარად იყიდის და კვლავ პიკის პერიოდში 170-175 დოლარად გაყიდის. რა არის რეალური მომენტი – წისქვილს ჰქონდა ხორბალი, დაფქვა და კვლავ უნდა იყიდოს. იგი დაფქვისას იღებს მოგებას, მაგრამ ხორბლის კვლავ შესაძენად მიდის რუსეთში, სადაც გაძვირებული ფასები ხვდება. შემდგომ ეს ეტაპი გრძელდება, ჩIF-ის პირობებში საზღვარზე ტონა ხორბალი 175 დოლარი ღირს.
– რა ეღირება ხორბალი აპრილის შუა რიცხვებში?
– სამწუხაროდ, სტატისტიკა აღარ მაქვს, რადგან ადრე სახელმწიფოში არსებობდა სტრუქტურა, რომელიც დღეს კერძო სტრუქტურად გაიყიდა. ის რუსეთის სხვადასხვა ბაზრებიდან ყიდულობდა ინფორმაციას, ხდებოდა მისი ანალიზი და სახელმწიფოს – ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს, ასევე კანცელარიასაც მიეწოდებოდა განვლილი ეტაპისა და მოსალოდნელი სტატისტიკის ინფორმაცია.
– ვინ იყიდა ეს ორგანიზაცია და რატომ აღარ ხდება ინფორმაციის ანალიზი?
– ეს იყო შპს აგროსისტემები, რომელსაც მრავალგვარი ფუნქცია ჰქონდა. იგი ამერიკელებმა შექმნეს და ევროკავშირის ფულით დაფინანსებული ორგანიზაცია, რომელსაც თავდაპირველად, გარკვეული რეგულირების ფუნქცია ჰქონდა, შემდგომ შპს-დ გადაკეთდა და ეს ფუნქცია მოეხსნა, თუმცა ის პირდაპირი გზით იღებდა ჰუმანიტარულ ხორბალს, მერე კი ტენდერში გამარჯვებების გზით, მაგრამ ბაზრის შესწავლას აგრძელებდა და ამერიკული ხორბლის გარდა, რუსულ, ყაზახურ და უკრაინულ ხორბალზეც მუშაობდა. ამ ორგანიზაციას ფინანსური რესურსი არ გააჩნდა, რომ ბაზარზე სერიოზული წარმატება ჰქონოდა, ბოლო წლებში კი ფაქტობრივად არ მისცეს კომერციული საქმიანობის უფლება. 2002 წელს ამერიკელმა ექსპერტებმა მისი პერსპექტივა შეისწავლეს. ეს ის დროა, როდესაც ერგნეთი ყვავის და კონტრაბანდის სერიოზული პრობლემებია. დასკვნა შემდეგი იყო, რომ ის სახელმწიფოსთვის ვერ ასრულებდა იმ როლს, რომ სახელმწიფოს კომერცია ეწარმოებინა, მაგრამ არსებობდა ალტერნატივა, რომ სახელმწიფოს, თუ ჰქონდა ამის სურვილი, ეს ორგანიზაცია გარდაექმნა ისეთ სტრუქტურად, რომელიც სახელმწიფოს მიერ შესასრულებელ ფუნქციებს შეასრულებდა, ის არ ივაჭრებდა ხორბლით, არამედ მოემსახურებოდა სახელმწიფოს, განახორციელებდა ანალიზს და კვლევას. სახელმწიფოს არჩევანი ასეთი იყო – იგი გაიყიდა როგორც შპს 100%-იანი წილით, იყიდა ინვესტორმა აზერბაიჯანიდან და ამ ორგანიზაციამ არსებობა შეწყვიტა. ის ახლა სხვა ორგანიზაციების მსგავსად, ხორბალს ფქვავს და ყიდის. ბაზარს შეემატა ერთი მოთამაშე წისქვილის სახით, მაგრამ აბსოლუტურად გამოირიცხა ის რგოლი, რომელიც ორგანიზაციის კერძო სამართლის პირის სტატუსით სახელმწიფო საქმეს ასრულებდა. დღეს ამ ინფორმაციას არავინ ყიდულობს.
– შესაბამისად, არ შეგვიძლია განვსაზღვროთ, როგორი იქნება ინფლაცია.
– დიახ. მე შემიძლია ერთი რამ ვთქვა ძველი გამოცდილებიდან, რომ მარტის თვის ფასები ზედა პიკური ზღვარი არ იქნება, იგი კიდევ გაიზრდება. ზოგადი სტატისტიკის მიხედვით, როდესაც ქვეყანაში ხორბლის პროგნოზირებადი მოსავალია, მხედველობაში მაქვს რუსეთი, უკრაინა და ყაზახეთი, ანუ ის რეგიონები, ვინც ძირითადად გვამარაგებს, სტაბილური ფასები იქნება სექტემბერ-ოქტომბერში, დეკემბრიდან ფასები აიწევს, მაისიდან კი შემცირდება. მაგრამ ჩვენ ინფორმაციას რუსული და ამერიკული კომპანიებიდან ვყიდულობდით, რომლებიც იკვლევენ, თუ რა პერსპექტივა აქვს მოსავალს 2006 წელს. ხორბლის ფასი ზღვრულ დაბალ ფასზე არ ჩამოვა, თუ მოსავლის პერსპექტივა ცუდია. დაახლოებით სამი წლის წინ ხორბლის ბაზარზე მახასიათებელი მოვლენა მოხდა. რუსეთი წელიწადში დაახლოებით მოიხმარს 60-70 მილიონი ტონის ფარგლებში სასურსათო ხორბალს. დაახლოებით 10-12 მილიონ ტონა ხორბალს მოიხმარს უკრაინა. თუ არ ვცდები, 2002 წელს რუსეთსა და უკარაინაში ერთდროულად მოვიდა ძალიან დიდი მოსავალი, იმდენად დიდი, რომ რუსეთს ნაშთი დარჩა 20 მილიონ ტონამდე. გაუყიდავი ნაშთები უკრაინაშიც დარჩა. ამ ფაქტმა ბაზარზე ფასის მკვეთრი ვარდნა განაპირობა და კილოგრამი ხორბალი სამი ცენტი ღირდა. ამის გამო რუსეთმა და უკრაინამ მრავალმილიონტონიანი კონტრაქტები გააფორმეს ევროპის ბაზარზე, ბაზარმა ხორბალი გაიწოვა და ამ პირობებში ხელშეკრულებები მომავალი წლისთვის დარჩა. მომავალ წელს ისეთი მოსავალი არ მოვიდა, შეუსრულებელი დარჩა საგარეო ვალდებულებები და დეფიციტი შეიქმნა რუსეთშიც და უკრაინაშიც. რუსულ ბაზარს ციმბირშიც მოჰყავს ხორბალი. იგი რომ ვერსად წაიღეს, თვითონ სახელმწიფომ შეიძინა და დეფიციტის პირობებში ეს ხორბალი რუსეთს გამოადგა. მან ხორბლის ყაზახეთიდან და უზბეკეთიდან შესყიდვაც დაიწყო. უზბეკეთის პრაქტიკაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც 1 მილიონი ტონა ხორბლი ექსპორტზე გაიტანეს. მაგრამ უკრაინამ ვერსაიდან მოახერხა ხორბლის შესყიდვა და აშშ-მ გემით დაიწყო მისთვის ხორბლის მიწოდება, რათა ბაზარზე კატასტროფა არ მომხდარიყო. ამას შეეწირა პრემიერ-მინისტრის მოადგილე და სტატისტიკის კომიტეტი. ქართულ ბაზარზე ტომარა ფქვილი ღირდა 17-20 ლარი, ამ გაძვირებამ კი პირდაპირი დარტყმა მიაყენა საქართველოს და ერთი ტომარა ფქვილის ფასი 40-42 ლარი გახდა. ეს ის პერიოდია, როდესაც სახელმწიფომ არა ღიად, მაგრამ ფარულად ბაზრის რეგულირება დაიწყო და ინსტრუმენტად ერთადერთი რეზერვი, ამერიკული ხორბალი გამოიყენა. დღეს ქართულ ბაზარზე ფასების პიკური ვარდნა არ არის მოსალოდნელი, მაგრამ ფასების რყევა მუდმივი და თანამდევი პროცესია.
– ამიტომ მუდმივად საჭიროა მონიტორინგი.
– საჭიროა, სახელმწიფომ იცოდეს, რა რეზერვი აქვს.
– მით უმეტეს, ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, სადაც ინფლაციის გამოსაანგარიშებლად სამომხმარებლო კალათაში ლომის წილი კვების პროდუქტებში პურს უჭირავს და მისი ფასი განმსაზღვრელი ხდება. როდესაც ინფლაციაზე ვსაუბრობთ, რეალური ინფლაცია უნდა გავიანგარიშოთ.
– ფიქრობთ თუ არა, რომ აპრილ-მაისში პურის ფასი აიწევს?
– მე ვფიქრობ, რომ ფასები სტაბილური იქნება. წელს მარჟები საკმაოდ დიდია. პურის ფასებზე საუბარი დაიწყო, როდესაც ტომარა ფქვილის საშუალო ფასი 42 ლარს მიუახლოვდა. დღეს მისი ღირებულება 30 ლარზე ქვემოთ არის. ამიტომ პურის გაძვირების საშიშროება ჯერ არ ჩანს. არც იმის საშიშროებაა, რომ რუსეთის ბაზარზე შეიქმნას დეფიციტი, როგორც რამდენიმე წლის წინ მოხდა. მაგრამ იქნება ბუნებრივი მატება, თუმცამ შემდგომ ფქვილის მწარმოებლები თუ პურის მცხობელები პურზე ფასს ფორმალურად შეინარჩუნებენ და მას შიდა რესურსების გზით დაარეგულირებენ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პურის ფასები ჯერჯერობით არ აიწევს, თუმცა ლეგალიზაციის მასშტაბების გაზრდამ ენერგოსექტორში, გაზის სექტორში, წყლის სექტორში, თვით პურის აღრიცხვის თვალსაზრისით, რასაც სალარო აპარატები, ვფიქრობ, აუცილებლად გამოიწვევს, შეიძლება მოახდინოს ბაზარზე პროვოცირება ფასების მატების თვალსაზრისით. თუმცა ქართველი მომხმარებლის საბედნიეროდ, უნდა ითქვას, რომ მსხვილ მცხობელებსა და წვრილ მცხობელებს შორის იმდენად მაღალი კონკურენციაა, რომ სხვადასხვა გზებით ფასები მაინც ნარჩუნდება და რომ არა ფასების პიკური ემოციური ვარდნა, კონკურენციის პირობებში მომხმარებლის დაკარგვის შიშით მაინც ცდილობენ ფასის შენარჩუნებას. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ქართული პურის ფასი დასტაბილურდა და შენარჩუნდა იმ პიკური ფასების დროსაც, როდესაც ტომარა ფქვილი 42 ლარი ღირდა, არავინ დააგდო მკვეთრად ფასები. თუმცა იყო გარკვეული რყევა. ამიტომ თონის პური, რომელიც 50 თეთრად იყიდებოდა, 60 თეთრი გახდა, შემდეგ ეს ფასი ბევრმა შეინარჩუნა და ზოგმა კვლავ დაბლა დასწია. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ რესურსი ჯერჯერობით დიდია. მაგრამ პურის ფასის შენარჩუნება არ ნიშნავს იმას, რომ ხორბლის ფასი არ გაძვირდება. მე მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ რეალურად საქართველოს ბიზნესში ჯერჯერობით არ არის ის ძალა, რომელიც იმ მოგებას, რაც ობიექტურად არის ხორბლის ბიზნესში, ქართულ ეკონომიკაში დატოვებს. ჩვენ მხოლოდ ვყიდულობთ და ვყიდით. სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით ქვეყანა დღეს ფაქტობრივად დაუცველია. გვქონდა ერთი შემთხვევა, როდესაც ზვავის გამო საზღვარი ორი კვირით ჩაიკეტა. იმ პერიოდში ჩვენ 12000 ტონა ხორბალი გავყიდეთ, რადგან ქართული ხორბლის გადამამუშავებელი მრეწველობა ხორბლის გარეშე აღმოჩნდა და, შესაბამისად, საცხობი – ფქვილის გარეშე. რომ არა ამერიკული ხორბალი, ანუ რესურსი, რომელიც იმ პერიოდში არსებობდა, პრობლემა უმწვავესი იქნებოდა. დღეს საკმარისია, ასეთი პოლიტიკური დაძაბულობის პირობებში ვინმეს სურვილი გაუჩნდეს და თქვას, რომ ქართულ ბაზარზე არ უნდა იყიდებოდეს მისი ხორბალი, ან თუ გაიყიდება, ფასი მკვეთრად მაღალი უნდა იყოს, რომ ეს სერიოზულ პრობლემებს წარმოშობს. ამერიკიდან დატვირთული გემის ჩამოსვლას 25 დღე სჭირდება. ანუ ამ ბაზარზე ავტომატურად იქნება ერთთვიანი, ან ორთვიანი ვარდნა. სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობს ომარ კაჭარავა, რომლის გამოცდილებაზე, ცოდნასა და პირად ურთიერთობებზე დგას ინფორმაციის მიღება. მინდა გითხრათ, რომ ინფორმაციის წყარო არ არსებობს, რადგან კერძო მეწარმე არ არის ვალდებული, სოფლის მეურნეობის სამინისტროს აცნობოს, თუ რა ხორბალი შემოიტანა და რა რაოდენობით. თან ეს სტატისტიკა მუდმივად ცვლადია, რადგან ვერ იქმნება მარაგი.
– ვინ არის საქართველოში ხორბლის შემომტანი?
– ხორბლის რეალური მომწოდებელი რუსეთიდან არის ერთი, რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს ეს. ეს არის ერთი ქართველი ქალბატონი, რომელიც წარმატებული ბიზნესმენია რუსეთში და ძირითადად ის კვებავს ხორბლის შემომტანებს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სომხეთშიც.
– ვინ არის ეს ქალბატონი?
– სამწუხაროდ გვარი არ ვიცი, მისი სახელი კი მაიაა.
– არსებობს ინფორმაცია, რომ ზოგირთ წისქვილკომბინატს ხორბალი კრასნოდარიდან შემოაქვს.
– ხორბალი შემოაქვს გორის კომბინატს, კაჭრეთს, ქუთაისს, მზეკაბანს და ხორბლის ბირჟას. ხორბლით მომარაგების რეალური საყრდენი წერტილი არის ეს ბიზნესმენი, რომელსაც კარგი ურთიერთობები აქვს და მეტად მნიშვნელოვანია, რომ ამ მაიას მეშვეობით საქართველოში იაფი ხორბალი შემოდის. ანუ თუ ხორბლის მომწოდებელი “გლენკორი” ან “დრეიფრუსი” იქნებოდა იგი 5-10 დოლარით ძვირი ეღირებოდა. ამ შემთხვევაში კი ეს ბიზნესი ლეგალურია, მაგრამ სხვადასხვა წისქვილკომბინატის რეალური მომწოდებელი ერთი წყაროა. დღეს საქართველოში შემოტანილი ხორბლის 200-250 ათასი ტონა რუსულია.
– ხორბლის და ფქვილის ბაზრის 90% რუსეთზეა დამოკიდებული?
– დიახ, ასეა.
– რამდენია ამერიკული დახმარება?
– ამერიკული დახმარება აღარაფერი აღარ არის. ბოლო ამერიკული დახმარება ჰუმანიტარული დახმარების სახით იყო 2004 წლის შემოდგომაზე. მაშინ საქართველოში შემოვიდა 50000 ტონა. თვით ჩვენმა ხელისუფლებამ თქვა უარი ამერიკულ დახმარებაზე. როდესაც ეს დახმარება საქართველოში შემოდიოდა, ის დიდ საქმეს აკეთებდა ბაზარის რეგულირების თვალსაზრისით. ამას გარდა, მას მნიშვნელოვანი ფუნქცია ჰქონდა – ამონაგები თანხა მთლიანად მიემართებოდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეც ანგარიშზე, რომელიც უნდა მოხმარდეს სასოფლო – სამეურნეო პროგრამების განვითარებასა და განხორციელებას. თუმცა ჯერ არაფერი განხორციელებულა.
– შეამცირა თუ არა ამერიკამ დახმარება და ხორბლის ნაცვლად სხვა რამეს თუ გვაძლევს?
– ამერიკის დახმარებაში ხორბალს მხოლოდ ფინანსური რესურსის მოცემის მიზანი არ ჰქონდა. მან ქვეყანა ნამდვილად იხსნა შიმშილისგან.
– ერთი სიტყვით, ჩვენ მთლიანად რუსეთზე ვართ დამოკიდებული არა მხოლოდ გაზით, არამედ მეორე სტრატეგიული პროდუქტითაც – ხორბლით. ჩვენ დაუცველები ვართ, რადგან ხორბლის ალტერნატიული მოწოდების წყარო არ გვაქვს.
– ალტერნატიული წყარო თეორიულად არსებობს, შეიძლება ხორბალი ამერიკისგან ან უკრაინისგან იყიდო.
– რამდენი ძლიერი წისქვილკომბინატია დღეს საქართველოში?
– დაახლოებით 10. ფოთის, ზუგდიდის, ქუთაისის, გორის, ბაზარზე კვლავ დაიწყო თამაში დიდუბემ, მზეკაბანი, სერიოზულად ამუშავდა მარნეულის წისქვილკომბინატი, კაჭრეთს აქვს დიდი პერსპექტივა, რუსთავის, მას დიდი გამოცდილება აქვს, შემოაქვს რუსული ხორბალი მათივე კაპიტალით. შემოაქვს “ანაფს”, რომელიც დამოუკიდებელი მოთამაშეა, აჭარაში აღარ არსებობს ხორბლის გადამამუშავებელი მრეწველობა. ამ ძველი და ძლიერი კომბინატების პარალელურად საქართველოში განვითარდა წისქვილკომბინატები, რომლებსაც მცირეს ვეღარ უწოდებ. თბილისში უკვე არის სამი-ოთხი სერიოზული საწარმო. მაგრამ მათაც პრობლემები აქვთ, რადგან დიდი ინვესტიციებია ჩადებული და უკუგება საკმაოდ მცირეა. კიდევ არსებობს ინფორმაცია, რომ თბილისში ძალზე სერიოზული წისქვილი შენდება. საინტერესო და მთავარი ის არის, რომ 30 000 – ტონიანი ელევატორის და 500 – ტონიანი ახალი, თანამედროვე წისქვილის აშენება უკვე სერიოზული განაცხადია. ჩვენ მიერ ჩამოთვლილი კომბინატებიდან ყველამ თავის წარმადობით რომ იმუშაოს, ფქვილი ამიერკავკასიასა და შუა აზიაშიც გადავა. საქართველოს კომბინატების 20% საკმარისია ქართული ბაზრის დასაკმაყოფილებლად.
– როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს პოტენციალი საექსპორტო პოტენციალად გამოვიყენოთ?
– ჩემი აზრით, ვერაფერს გააკეთებ. სომხეთში ფქვილს ვერ შეიტან, რადგან ამ ქვეყნაში მუშაობს ხორბლის გადამამუშავებელი ყველა საწარმო. სომხეთში ხორბლის ძირითადი მასა შედის საქართველოს გავლით. ჩვენში შემოდის სომხური ფქვილი და მას ადვილად ნახავთ ქართულ ბაზარზე. რაც შეეხება აზერბაიჯანს, იქ შეიძლება სწორი მენეჯმენტის პირობებში ერთადერთი რამის გამო შეხვიდე – ჩვენი ფქვილი ხარისხით უგებს აზერბაიჯანულს. მაგრამ მას ახლოს ჰყავს ყაზახეთი და მასზე უფრო იაფი ხორბალი საქართველოს ვერ ექნება, შესაბამისად, ეს ფქვილსაც ეხება.
– მაშინ რა საჭიროა ამდენი ძლიერი კომბინატი?
– სწორედ მანდ მივედით. ამ სიმძლავრეებში გადარჩება თანამედროვე კომბინატები. მარნეულის კომბინატის მსგავსი გიგანტების დრო წასულია. ფოთის კომბინატი იარსებებს იმიტომ, რომ პორტთან ახლოსაა, მაგრამ იქ წარმოებულ ფქვილს კონკურენტები თურქეთში ჰყავს. თურქეთი პირდაპირი დოტაციით ახალისებს ექსპორტს, ამიტომ მას ძალიან იაფი ფქვილი აქვს.
– აქვს თუ არა ამის უფლება?
– ძლიერ ქვეყნებს ყველაფრის უფლება აქვთ. შეგიძლია, თურქული ფქვილი ქვეყნაში ძალიან იაფად შემოიტანო. თურქეთი ექსპორტიორს პირდაპირ დაფინანსებას აძლევს. ამის შესახებ პარლამენტში მივიტანეთ ცხრილები, მაგრამ შედეგი არ გამოიღო. რატომ არ არის აჭარაში მარცვალგადამამუშავებელი მრეწველობა იმიტომ, რომ ამას აზრი არა აქვს. გორის ფქვილი ხარისხით მაღალია. ფოთის წინა ხელმძღვანელობამ წარმოება მოსპო, ზურაბ ცომაიამ კი ყველაფერი გააკეთა სიტუაციის გამოსასწორებლად, მაგრამ ვერ შეძლო. ფოთის ფქვილი ქართულ ბაზარზე კვოტირებდა, ის იყო ყველაზე მაღალხარისხიანი. დღეს კი ფოთის ფქვილი წარსულის სახელით იყიდება.
– რა იქნება გამოსავალი? რაშია პერსპექტივა?
– ჩვენი პერსპექტივაა ღია ბაზარი ხორბლისთვის, ნულოვანი საბაჟო გადასახადით. ასევე კონკურენტული ბარიერის შექმნა ფქვილისთვის. მაგრამ ეს მხოლოდ თეორიაა, რადგან საქართველოს დადებული აქვს ხელშეკრულებები, რომელთაც ვერ შეცვლის. რჩება მხოლოდ პრაქტიკული გადაწყვეტილება, არ მოხდეს საზღვარზე განბაჟება ხელოვნური ფასის მიხედვით, ანუ ფქვილს არ ჰქონდეს ლობირება, რომ მისი რეალური ღირებულება არ იყოს დაფიქსირებული.
– კეთილი. სამომხმარებლო კალათის მეორე მნიშვნელოვანი პროდუქტია შაქარი, რომლის ინფლაციამაც მოსახლეობა შეაწუხა.
– გულახდილად უნდა ვთქვა, რომ შაქრის ბიზნესში ჩახედული არ ვარ, მაგრამ, ჩემი აზრიათ, შეიძლება შაქრისთვის გაიხსნას ბაზარი, რათა იმპორტის გზით შემოვიდეს. ასევე შეიძლება, თეორიულად განვიხილოთ აგარის წარმოება.
– რამდენად რენტაბელურია იგი?
– აგარა მიბმული იყო შაქრის ჭარხლის მომყვან რეგიონზე – ხაშური, ქარელი, გორი. კომუნისტების დროსაც აგარა ძირითადად კუბის ლერწამს იღებდა და მას ამუშავებდა, ანუ შაქარს ათეთრებდა. მე მაინც ვფიქრობ, რომ აგარის შაქრის წარმოება უფრო პოლიტიკური ანტურაჟი იყო.
– აქვს თუ არა მას რეალური პერსპექტივა?
– სამწუხაროდ, არ ვიცი, რამდენად აქვს მას უნარი, ქვეყნის შაქარზე მოთხოვნა უზრუნველყოს.
– არის თუ არა ქარხნისთვის მომგებიანი ჭარხლის მოყვანა?
– არა. გამორიცხულია. აგარის შაქრის წარმოების მიბმა იმაზე, რომ ქართლის მიწა კვლავ შაქრის ჭარხლის მოყვანისთვის გამოიყენო, რომელიც საშინლად მძიმე კულტურაა, სწორი არ იქნება. ეს დაბალრენტაბელურია და არავის ვურჩევ.
– ანუ, შაქარის ჭარხალზე საბაჟო გადასახადის გაუქმებით ბაზარს ზიანს არ ვაყენებთ. პირიქით, აგარის ქარხანას ნედლეულს ვუიაფებთ. მაგრამ მაინც სერიოზული ინფლაცია გვაქვს შაქრის კუთხით, თან ვარაუდობენ, რომ ცუდი მოსავალი იქნება.
– ჩემი ინფორმაციით, შაქარზე მსოფლიოში დეფიციტი იქნება, რაც რასაკვირველია, ქართულ ბაზარზეც აისახება. ქართულ ბაზარზე შაქარი გაძვირდება, მაგრამ ეს ქართული ეკონომიკის ბრალი არ იქნება. მთავარია, სახელმწიფომ ისეთი პოზა არ დაიჭიროს, თითქოს არაფერი ხდება. ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ ხალხს უნდა აუხსნას სიტუაცია. არის საკითხები, რომლებზედაც პრეტენზიის გამოთქმა შეიძლება, მაგრამ არსებობს ისეთი საკითხიც, რომელიც სახელმწიფოზე არ არის დამოკიდებული და პრეტენზია უადგილოა.
– სამომხმარებლო კალათის შემდეგი ძირითადი ინგრედიენტია ზეთები, მზესუმზირა, ცხიმი.
– მე მგონია, რომ საქართველოში ზეთების წარმოების კარგი გამოცდილებაა. შირაქის ფართობის უმეტესი ნაწილი რამდენიმე კულტურისთვისაა განწირული – მზესუმზირა, ხორბალი. აქაც უნდა შევძლოთ ბაზრის დაცვა.
– რამდენად ხარისხიანია შირაქის ზეთი?
– ქარხნული გადამუშავებით ყოველთვის შეიძლება ხარისხიანი ზეთის მიღება. ის ზეთი, რომელიც დღეს ბაზარზე იყიდება, კუსტარულადაა გადამუშავებული და ძალიან მძიმე და მავნებელია ჯანმრთელობისათვის.
– რამდენად რენტაბელური და მისაღებია ქართული ზეთი?
– საკითხი ასე უნდა დადგეს – რა გვინდა ჩვენ? თუ ქვეყანას შირაქში აქვს ზეთის წარმოების პოტენციალი, მას სტრატეგია უნდა ჰქონდეს. ეს ჩემი პირადი მოსაზრება და სახელმწიფოს სტრატეგია არ არის.
– არის სიმინდის მოყვანისა და მისგან ზეთის წარმოების პროგრამა.
– თუ ეს პროგრამა უზრუნველყოფს, რომ საქართველოს მოსახლეობამ ხარისხიანი ზეთი მიიღოს და მოთხოვნა 100%-ით დაკმაყოფილდეს, მაშინ უკვე უნდა დაიწყოს ზრუნვა, თუ როგორ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა, შეიძლება ჩვენ ზეთზე, შაქარსა და კომბოსტოზე ვისაუბროთ, მაგრამ უნდა გაირკვეს, რა სურს სახელმწიფოს, სოფლის მეურნეობის განვითარების ვექტორს საით მიმართავს. თუ მას ბაზრის დაცვა უნდა, ეს მხოლოდ საბაჟო გადასახადით არ განისაზღვრება. დაცვის უამრავი ბერკეტი არსებობს. ქართლში ამჟამად ვაშლის ბაღი შენდება. ამ ბაღის გაშენება ნიშნავს დასაქმებულ ნავთობ იმპორტიორს, რომელსაც საწვავი შემოაქვს, შხამ-ქიმიკატების იმპორტიორს, ტრაქტორისტს და სოფლის მეურნეობის მუშაკს, ეს ნიშნავს დასაქმებულ და ფერმერად ქცეულ გლეხს. აქ საუბარია ზოგად სახელმწიფო პოლიტიკაზე.
– რა გვაქვს კიდევ ამის მსგავსი, ვაშლის გარდა?
– ყველაფერი გვაქვს. კარტოფილი, მაგალითად.
– კარტოფილი მოდის ბოლნისსა და მარნეულში. გვაქვს ნაადრევი და საშემოდგომო კარტოფილი, რომელიც ქართული ბაზრის მოთხოვნილებებს ვერ აკმაყოფილებს და თუ საქართველო თურქეთიდან კარტოფილს, ხახვს და ბაღჩეულს არ მიიღებს, ვერ იცხოვრებს.
– რას ვეძახით კარტოფილის, კომბოსტოს და ვაშლის წარმოებას? იმას, რაც გლეხს მოჰყავს? კარგით, მაშინ რამდენი პროცენტია ეს იმისა, რაც შეიძლება მან მოიყვანოს? მე არ მგონია, რომ ეს 30-40%-ზე მეტი იყოს. ჩვენ ანგარიშს არ ვუწევთ იმას, რომ ეს პოტენციალი განადგურებული გვაქვს. ვინ თქვა, რომ რუსეთის გარდა ქართულ კარტოფილს ბაზარი ვერ ექნება? ვინ იმუშავა იმ საკითხზე, რომ ხელი შეუწყონ ქართველ გლეხს იმ კარტოფილის მოყვანაში, რომელიც მსოფლიო ბაზრისთვის იქნება განსაზღვრული? ჩვენ განათლება იმ გლეხამდე უნდა მივიტანოთ. დღეს სახელმწიფოს ეს საკითხი თვითდინებაზე აქვს მიშვებული და ფიქრობს, რომ თავისით მოგვარდება. მაუგლიც გაიზარდა ტყეში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაზრდილი წავკელი გლეხი თავისი ცოდნითა და განათლებით მივა იქამდე, მსოფლიო ბაზარზე შევიდეს. ეს ცალკე თემაა. თუ დღეს გლეხს წაეხმარები და ეტყვი, რომ ვაშლის ჯიში კეხურა რუსული ბაზრისთვის მოჰყავს, სადაც მასზე დიდი მოთხოვნაა, შეიძლება, ხვალ იმავე ბაზარზე სხვა ჯიში – ფუჯი შევიდეს, რომელიც საქართველოს ბაზრისთვის საერთოდ უცნობი იყო. თუ ამის შესახებ ინფორმაციას არ მივაწვდით, ის კვლავ კეხურას მოყვანას განაგრძობს და ბაზარს ვეღარ დააკმაყოფილებს. შემოგვაქვს კაკლის ახალი ჯიში, რომელიც ნაგარა ვაშლის ხელა იზრდება და ბევრ კაკალს ისხამს. ამის შესახებ გლეხებს ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ, რომ ახალი კულტურის გახარება და გამოყენება შეძლონ. სხვა შემთხვევაში, გლეხი იგივე გადაწყვეტილებამდე აუცილებლად მივა, მაგრამ, სამწუხაროდ, გვიან. აქ საუბარია სახელმწიფოზე, რომელმაც ბერკეტები უნდა მონახოს პროცესების დასაჩქარებლად. მან თვითონ უნდა განსაზღვროს ის, რაც არ იცის გლეხმა. თუ სახელმწიფოს არა აქვს ზოგადი სტრატეგია, საით უნდა წავიდეს, ის პრიმიტიული ლოზუნგის პირობებში დარჩება, რომ ყველაფერს ბაზარი დაარეგულირებს. კი ბატონო, დაარეგულირებს, მაგრამ უნდა გავიგოთ, რომ აქ დაგეგმვაზე არ არის ლაპარაკი, როდესაც გლეხს ეტყვი, რომ აუცილებლად 5 ტონა კატოფილი უნდა მოიყვანოს. ამერიკას გეგმური ეკონომიკა აქვს? როგორც კი ძალზე დიდი რაოდენობით ხორბალი მოდის და მისი ფასი ვარდება, პირდაპირი დოტაციით უვსებს ფერმერს, სხვაობას, რათა მან ინტერესი არ დაკარგოს, კვლავ მოიყვანოს ხორბალი და არ მიატოვოს ბიზნესი. ამიტომაც ამერიკას დიდი რეზერვები აქვს. დღეს ჩვენთან ყველაფერი სტიქიურად ხდება. ამჟამად ჩვენში ჭარხლის დიდი დეფიციტია, სოფელში ერთ კილოგრამ ჭარხალში ლარნახევარს იხდიან. შარშან იგი ტონობით იყრებოდა. რატომ? გლეხი, რომელსაც შარშან ჭარხალი გადასაყრელი გაუხდა, წელს სხვა კულტურაზე გადავიდა და ამიტომ დეფიციტი შეიქმნა. ეს გასაცოდავებული გლეხობა, რომელიც ვერ იქცა ფერმერად, მხოლოდ თოხი და ბარი აქვს, კვლავ ჭარხალს დათესავს და მომავალ წელს ისევ ჭარბი ჭარხალი იქნება. ეს იმის შედეგია, რომ ასეთ საკითხებზე ზოგადი მუშაობა არ ხდება. დღეს საუბარი იყო მელიორაციაზე. მე ვიცი, რომ დღევანდელმა სოფლის მეურნეობის მინისტრმა მელიორაციის დაფინანსება მოსვლისთანავე შეაჩერა.
იმის თქმა მინდა, რომ აქ მხოლოდ საბაჟოზე არ არის საუბარი. სახელმწიფომ უნდა იფიქროს ადგილობრივი წარმოებისთვის სტიმულის მიცემაზე და უნდა ზრუნავდეს მისი განვითარებისათვის.
– სოფლის მეურნეობას არა აქვს რაიმე პროგრამა.
– მეც ვხედავ, რომ არა აქვს, მაგრამ სოფლის მეურნეობას დღეს სხვა წინააღმდეგობა უჩნდება. იმ პერსპექტივის გამო, რომ შენ აბსოლუტურად ღია ბაზარს მისცემ ნებისმიერ ვაშლსა და წვენს, ყოველწლიურად ათასობით ჰექტარი ვაშლის ბაღი შენდება, რაც აუცილებლად მოიტანს პრობლემებს. ქართლში რუსეთთან კონფლიქტმა ბაზარი დაკეტა, ხვალ და ზეგ გლეხი ბაღის გაშენებაზე ორჭოფობას დაიწყებს. ერთი ჰექტარი ხეხილის ბაღის მოვლა იაფი არ არის, დანახარჯი კი უნდა ამოიღო. რა თქმა უნდა, ეს ნებისმიერ კულტურას ეხება, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს ბაზარი.
– რას გვეტყვით საერთოდ ხორცისა და ქათმის ხორცის ბაზარზე. ქართული წარმოების ქათმის ხორცი კონკურენტუნარიანი იყო ბაზარზე, მაგრამ გაჩნდა გაუთვალისწინებელი მსოფლიო პრობლემა, სახელმწიფო კი არაფერს აკეთებს წარმოების დასახმარებლად. თუ არ ვცდები, საქართველო 3000 ტონამდე ქათმის ხორცს მოიხმარდა, იმპორტის ჩათვლით კი 5000 ტონა ქათამს და ბარკალს. ამ ყველაფერს სხვა სახის ხორცი ჩაენაცვლა, რომლის ფასიც დაახლოებით 30-40%-ით გაიზარდა. იქნებ სჯობს, ხორცზე საბაჟო გადასახადი გავაუქმოთ, რადგან ჩვენ მისი წარმოების პერსპექტივა არ გვაქვს. ინფლაცია ხორცზე მოსალოდნელია?
-სიმცირის გამო, საქართველოს ეკონომიკა ნებისმიერ გლობალური რყევის მიმართ საოცრად მგრძნობიარეა. დარწმუნებული ვარ, რომ ფრინველის წარმოებაც არ იქნება ამისგან დაზღვეული და თუ ყველაფერი ასევე გაგრძელდება, ის აბსოლუტური გაკოტრებისთვის არის განწირული. ამ პრობლემის მოკლე დროში გადაწყვეტას ვერ ვხედავ. რაც შეიძლება სახელმწიფომ გააკეთოს, ის არის, რომ მან სერიოზულად იფიქროს ფრინველის ისეთი ხორცის წარმოების უზრუნველყოფაზე, რომელიც მოსახლეობისათვის უსაფრთხო იქნება. რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთულია, მაგრამ მარტო გადამფრენი ფრინველების ჩამოვარდნაზე კონტროლი მეწარმეების პრობლემას, რომლებსაც მილიონები აქვთ ამ საქმეში ჩადებული, ვერ გადაჭრის. არის ერთი მომენტი, რომელიც ხვალ შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი გახდეს. ხორცი კატასტროფულად გაძვირდა და კიდევ გაძვირდება. საქართველო რეალურად არ ყოფილა ხორცის მწარმოებელი, რომელიც თუნდაც ცოცხალ ხორცზე დააკმაყოფილებდა მოთხოვნას. ვიცით, რომ რესტორნებისა და საზკვების უმრავლესობა შემოტანილ ხორცზე მუშაობს. აღარაფერს ვამბობ გადამამუშავებელ კომბინატებზე. ძეხვეულიც შემოდის. ჩვენ შიდა ბაზარზე ვსაუბრობთ, რომ ღორის და ძროხის ხორცი გაძვირდება. მაგრამ სად წავა ფრინველის ხორცის პრობლემა? ესეც ხომ ხორცის ფასს გააძვირებს, მხოლოდ ინდოეთზე ხომ არ არის მიბმული მსოფლიო ეკონომიკა. გაძვირდება ძეხვეული, ხორცი, რომელიც ქვეყანაში ნედლეულად მოდის, რადგან ნებისმიერი მწარმოებელი ქვეყანა იგივე პრობლემების წინაშე დადგება. რაც შეეხება საქართველოს ბაზარს, გლეხი გამოზამთრებულ საქონელს გაზაფხულზე არ დაკლავს, მაგრამ ის საკლავი, რომელიც გლეხს ჰყავს, ბაზრის ძალიან მცირე სეგმენტს ავსებს. ძნელია ამაზე საუბარი, მაგრამ რით არის ჩვენი ბაზარი გაჯერებული და რას კლავენ ძალიან ცოტამ თუ იცის. მხოლოდ ინდურ და რუსულ ხორცზე არ ვსაუბრობ. ძროხები ბაგურ კვებაზე გადაჰყავთ და ათასგვარი მაქინაციებით ასუქებენ. ბაზარზე დაფიქსირებული ფასი უკვე გაძვირებულია, მაგრამ უფრო გაძვირდება. როგორც იქნა, საქართველოში ფრინველის წარმოება შეიქმნა, თანაც თანამედროვე კონვეიერული მეთოდით აღჭურვილი. ბაზარზე გაწოდებდნენ ახალ დაკლულ ქათამს. მაგრამ ეს ჯერ მეცხოველეობაში არ დაწყებულა. ისევ გლეხი ზრდის ღორს და ძროხას. კიდევ ერთი, აუცილებლად გაძვირდება ინდური და სხვა ხორცი. უნდა გითხრათ, რომ სოფლის დედალს დაუფიქრებლად მივირთმევ.
– იგივე ეხება თევზსაც, ჩვენ მას არ ვაწარმოებდით. მაგრამ, მაგალითად, თბილი წყლების სტავრიდა ბულგარეთიდან იაფად შემოდიოდა. თევზიც კატასტროფულად გაძვირდა. ლიცენზირებაზე სერიოზული შეცდომა დავუშვით, თურქებმა აიღეს მთელი ლიცენზიები. საბოლოო ჯამში, კვების პროდუქტების სამომხმარებლო კალათა გაძვირებულია და კიდევ გაძვირდება.
– რას ვეძახით გაძვირებას? თუ ფასებს გასულ წელს შევადარებთ, თითქმის გაორმაგებულია.
– კარგით, შევედით WTO-ში. თქვენი აზრით, რატომ ვაუქმებთ საბაჟო გადასახადებს? აღარაფერს ვამბობ იმ 150 მილიონზე, რომელიც ბიუჯეტში შედიოდა. ჩემი აზრით, ქვეყანამ სახე დაკარგა, მას არა აქვს პოლიტიკა. საქმე ისე მიდის, რომ მთავრობის რეორგანიზაცია უნდა მოხდეს, გაუქმდეს ეკონომიკის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტროს გადაეცეს მისი ფუნქციები, გაუქმდეს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ოღონდ რაღაც დარჩეს პროგრამების სახით და ისინი შესყიდვების კანონით განხორციელდეს. სრულად უნდა გაუქმდეს ენერგეტიკა, რომელიც არაფერს აკეთებს. კულტურა, სპორტი და განათლება გაერთიანდეს და დეპარტამენტის სახით იყოს. დარჩება ერთი მსხვილი ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრო. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითზე?
– ბოლო ორი წელია, ეს ხელისუფლება სახელმწიფო სტრუქტურებს იმის მიხედვით კი არ ქმნის, რა ფუნქციები აქვს სახელმწიფოს შესასრულებელი, არამედ იმის მიხედვით, რომ ნაკლები სამინისტრო სჯობს, რადგან ნაკლები ხარჯი იქნება. მე ვიცი ერთი რამ, რომ სახელმწიფოში უნდა არსებობდეს მისი ფუნქციის განმსაზღვრელი, წამყვანი სტრუქტურა. მას სამინისტრო ერქმევა, დეპარტამენტი თუ სხვა რამ, მნიშვნელობა არა აქვს. ვფიქრობ, უნდა განისაზღვროს სახელმწიფოს ფუნქციები. ჩვენ ხელის ერთი მოსმით გადავუსვით ხაზი WTO-ს დოკუმენტს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს არჩეული აქვს ერთი გზა – ყველაფერი ან არაფერი. მივესალმები ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომ რაც ლიბერალური უნდა იყოს – ლიბერალური გახდეს, მაგრამ უნდა იყოს თუ არა ყველაფერი ლიბერალური, ეს სხვა საკითხია და ვფოქრობ, რომ ამაზე არავის უზრუნია და უფიქრია. ყველაფერზე ნულოვანი დაბეგვრა არ შეიძლება და ეს ძალიან მალე იჩენს თავს. მთავარია, ნაბან წყალს ბავშვიც არ გადავაყოლოთ. თეორიულად კარგ და საჭირო მიდგომას ვირჩევთ, მაგრამ იმდენად ვამახინჯებთ, რომ უკუეფექტს ვიღებთ. იგივეა სალარო აპარატების შემთხვევაშიც, ხელისუფლებას უნდა მიეღო ადეკვატური გადაწყვეტილებები და ასეთი შედეგი აღარ იქნებოდა. ეს არ არის ისეთი პრობლემა, რომ მსგავსი ხმაური გამოიწვიოს. ჩიკაგოს აეროპორტში მინახავს ფეხსაცმლის მწმენდავი ზანგი სალარო აპარატთან ერთად, რომელსაც ჰქონდა საკრედიტო ბარათის ჩამოსასმელი. იმაზე კი არ უნდა ვმსჯელობდეთ, საჭიროა თუ არა სალარო აპარატი, არამედ უნდა ვზრუნავდეთ, რომ ფული ჯიბით აღარ ვატაროთ. ესეც იმიტომ მოხდა, რომ აბსოლუტურად არ იყო ნაფიქრი ადმინისტრაციული ღონისძიებების გამკაცრებაზე. სამწუხაროდ, ხშირად, კარგი წამოწყება ცუდად მთავრდება. საბაჟო გადასახადების ლიბერალიზაციას რაც შეეხება, მე ვფიქრობ, სადაც ეს გასაკეთებელია, უნდა გაკეთდეს. დავიჯეროთ, რომ მთელ სისტემაში სახელმწიფოს არსად სჭირდება სტრატეგიის განვითარება? გამოდის, რომ სახელმწიფოს სტრატეგია ნული ყოფილა.
ევროპაში საპროცენტო განაკვეთები იზრდება
ევროპის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთები 2.5%-მდე გაზარდა მზარდი ინფლაციის შესაჩერებლად. ორი წლის მანძილზე ევროპის ცენტრალური ბანკის საპროცენტო განაკვეთი 2% იყო, რაც ბოლო ოთხი თვის განმავლობაში მეორედ გაიზარდა. გასულ თვეში ამ ბანკის პრეზიდენტმა ჟან კლოდ ტრიჩეთმა განაცხადა, რომ ყურადღებით ადევნებენ თვალყურს ინფლაციის მაჩვენებელს.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მიმდინარე წელს საპროცენტო განაკვეთები კვლავ გაიზრდება, მით უმეტეს, როდესაც აშშ-სა და სხვა რეგიონებში იგი ბევრად მაღალია.
ჩინეთი აზიაში ოქროს უდიდესი
მაღაროს მფლობელია
ავსტრალიისა და ჩინეთის ერთობლივი ძალებით აშენებული ოქროს მაღარო, რომელიც ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, სექტემბერში ამუშავდება. ვარაუდობენ, რომ იგი მთელს აზიაში უმსხვილესი იქნება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოქროს მაღაროში განხორციელებული ინვესტიციები 800 მილიონ იანს აღემატება, რაც დაახლოებით 100 მილიონ აშშ დოლარს უდრის. მაღაროს წარმადობა 15 წლის განმავლობაში 180000-200 000 უნცია ოქრო იქნება. იგი მუდმივად კონტროლდება ავსტრალიაში დაფუძნებლი კომპანია Sino Gold Limited-ის მიერ.
პუტინი ინფლაციით უკმაყოფილოა
2006 წლის პირველი ორი თვის მანძილზე რუსეთში ინფლაციამ 4.1% შეადგინა, რაც მთავრობის წლიური პროგნოზის თითქმის ნახევარია. ამ შედეგით უკმაყოფილოა პრეზიდენტი პუტინი, რომელიც დამნაშავედ მთავრობას მიიჩნევს და ამბობს, რომ ქვეყნის მთავრობა ბევრს ლაპარაკობს და ცოტას აკეთებს. ეკონომისტები კი ყველაფერს იანვრის ყინვებს აბრალებენ. მათი გათვლებით, წლის ბოლოსთვის ინფლაციის მაჩვენებელი 10% იქნება და არა 8-9%. ვლადიმერ პუტინმა მინისტრთა კაბინეტთან ტრადიციულ შეხვედრაზე მთავრობა გააკრიტიკა, რადგან 2006 წლის ბიუჯეტში ჩადებული პარამეტრები არ ემთხვევა რეალურს და შედეგები პროგნოზებისგან განსხვავდება.
ფადი ასლი ხელისუფლების წინააღმდეგ
საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტის, ფადი ასლის განცხადებით, სისტემატური წნეხი ბიზნესზე ფინანსური პოლიციის მხრიდან ქმნის ტერორის ატმოსფეროს და ნეგატიურად მოქმედებს მცდელობაზე, მოვიზიდოთ უცხოელი ინვესტორები. მან ხაზი გაუსვა, რომ გამოკვეთილი ეკონომიკური პოლიტიკის უქონლობა წარმოადგენს დღევანდელი ხელისუფლების სუსტ წერტილს. ბიზნესს შევარდნაძის დროსაც ავიწროვებდნენ, მაგრამ დღეს სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა. ფინანსური პოლიცია ისე იქცევა, როგორც მილიცია. ეს წარმოუდგენელია. ისინი მიდიან ბიზნესმენთან, წყვეტენ ბიზნესის დახურვას და გზავნიან მასთან საგადასახადო დეპარტამენტს
იგეგმება სარწყავი სისტემის აღდგენა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2010 წლისათვის 300.000 ჰა მიწის გასარწყავებას გეგმავს. მიხეილ სვიმონიშვილის თქმით, გასარწყავების პროგრამა სახელმწიფოს 50 მილიონი დოლარი დაუჯდება. თანხას სხვადასხვა დონორი ორგანიზაციები გამოყოფენ. Qქვეყნის ტერიტორიაზე სარწყავი მიწების მაქსიმალური რაოდენობა 735 ათასი ჰექტარია. თუმცა, 2010 წლისათვის სარწყავი სისტემით მხოლოდ 300 ათასი ჰა ფართობის უზრუნველყოფა იგეგმება.
რა ეღირება კრედიტი და რა ემუქრება
საქართველოს ბანკებს?
საქართველოს ეკონომიკაში ერთ-ერთი ყველაზე მყარი სექტორი, როგორც მოგების კუთხით, ისე კაპიტალიზაციის მხრივ, არის ბანკები. დღემდე ყველა კომერციულ ბანკში, რომლებიც სააქციო საზოგადოებებია, არც ერთ დამფუძნებელს არ ეძლეოდა უფლება, 25%-ზე მეტი წილი ჰქონოდა. ეს ზღვარი მოხსნილია ახალი კანონპროექტის მიხედვით, რომელიც ამჟამად პარლამენტშია წარდგენილი. თუმცა ამ ბარიერს ხელი არ შეუშლია ყაზახური ბანკისთვის -“ტურან ალენი”, ეყიდა “სილქროუდ ბანკის” 75%. ასევე გაერთიანებული ქართული ბანკის 51% – საკონტროლო პაკეტი იყიდა რუსულმა “ვნეშტორგბანკმა” (25% ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს ეკუთვნის). ასევე შემოსულია სომხური “კასკად ბანკი” საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი კაპიტალის 50%, ხოლო მთლიანი საბანკო აქტივების 76% უცხოურ ბანკებს ეკუთვნით. უცხოური კაპიტალის შემოსვლას ეროვნული ბანკიც და მთავრობაც ხელს უწყობენ. ბანკების საწესდებო კაპიტალი გაიზრდება 2007 წლის 1 ივლისამდე – 12 მლნ დოლარის ეკვივალენტი ლარებში. ბუნებრივია, ამ კაპიტალის შესავსებად ქართულ საბანკო ბოსებს უცხოელების მოწვევა მოუწევთ. ამასთან, საკმაოდ სერიოზული კონცენტრაციის და შერწყმის პროცესები მიმდინარეობს ქართულ ბანკებში. ამ კუთხით ყველაზე აგრესიული საქართველოს ბანკია, რომელმაც რამდენიმე ფინანსური სისტემა – “ინტელექტბანკი” და “თბილუნივერსალ ბანკი” შეიერთა. ექსპერტთა აზრით, მათ მალე “ბაზისბანკიც” შეუერთდება. ხდება სერიოზული კაპიტალიზაცია, ამ ბანკის აქციათა ღირებულება 1 ლარიდან 8 ლარამდე გაიზარდა. საფინანსო ბაზრის ექსპერტების აზრით, ის წელსვე 16 ლარი გახდება. ასევე ექსპერტთა აზრით, საქართველოს ბანკის “შეფუთვა” ხდება, რათა ის უახლოეს ხანებში უცხოურ ბანკს მიეყიდოს. უკვე გადაწყვეტილია ფრანგული ბანკის, “სოსიეტე ჟენერალის” მიერ “რესპუბლიკა ბანკის” საკონტროლო პაკეტის შეძენა. წლის ბოლოსთვის კი საქართველოს ბანკის 70% უცხოელთა ხელში იქნება. საქართველოში ამჯერად 19 კომერციული ბანკია, რომელთა კრებსითი მთლიანი აქტივები 2004 წლის დასაწყისში იყო 1372739, იმავე წლის ბოლოსათვის თითქმის 17000000, ხოლო 2005 წლის ბოლოსათვის 2548268, აქედან ნახევარ მილიარდზე მეტი “თიბისი ბანკს” ეკუთვნის. მსხვილი ბანკებია: თიბისი ბანკი, საქართველოს ბანკი, რესპუბლიკა ბანკი, ბანკი ქართუ, გაერთიანებული ქართული ბანკი და პროკრედიტ ბანკი.
გაცემული სესხების რაოდენობა 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით:
იურიდიულ პირებზე – 1217527
ფიზიკურ პირებზე – 482663
მათ შორის, გაცემული სესხების 80% უცხოურ ვალუტაზეა. აგრეთვე საპროცენტო განაკვეთი 15,8, 18.1% კი ეროვნულ ვალუტაში იურიდიული პირებისთვის, ფიზიკური პირებისთვის 22.5%-ია. მათ შორის სესხების 50%-ზე მეტი ვაჭრობაზეა გაცემული, ხოლო 6%-ზე ნაკლები სოფლის მეურნეობაზე. ანუ, მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა უცხოური კაპიტალის მოზიდვა ბანკის აქტივებში, სერიოზულად გაიზარდა ასევე ფიზიკური პირის დეპოზიტები.
2003 წლის დეკემბერი – 287245
2004 წლის დეკემბერი – 359159
2005 წლის დეკემბერი – 527585 (1000 ლარი)
მიხედავად ამისა, არ გაიაფებულა ბიზნესზე გაცემული კრედიტების პროცენტები, პირიქით, 2005 წელს 3-4.5%-ით გაიზარდა. ხოლო გაცემული კრედიტებიდან შემოსავლები უფრო და უფრო იზრდება.
საქართველოს 19 კომერციული ბანკიდან 12-ში უცხოური კაპიტალია, მათგან 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით 6 ბანკს აქვს 10 მლნ ლარზე მეტი კაპიტალი.
ქართულ ბაზარზე სწრაფად მზარდი ბანკები არიან “საქართველოს ბანკი” და “ბტა სილქ როუდ ბანკი”.
მონაცემთა წყარო საქართველოს ეროვნული ბანკი, მონეტარული და საბანკო სტატისტიკის ბიულეტენი.
ჩვენი ექსკლუზივი
რას ერჩის “ფორბსი” ქართველ მილიონრებს
უცნობ-ნაცნობი ქართველი მილიონერები
ჟურნალ Forbes-ის გამოკითხვით, დღეს მსოფლიოში 793 უმდიდრესი ადამიანი ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ 2005 წელს მილიონრების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, მათ შორის სერიოზულად გაიზარდა რუსების რაოდენობა. მოხდა თვისობრივად ახალი აღმოჩენა – არყის მწარმოებელი რუსი ბიზნესმენები პირველად მოხვდნენ სიაში. ეს მხოლოდ რუსეთში თუ მოხდებოდა, მათი ნაციონალური ხასიათიდან გამომდინარე. Forbes-ი, ჩვენი აზრით, ჯეროვან ყურადღებას არ უთმობს ქართველ მილიონრებს. ჩვენმა ექსპერტებმა შეადგინეს ქართველ მილიონერთა სია. წარმოგიდგენთ ბოლო მონაცემებს. პირველ ჯგუფში ის ქართველი მილიონრები შევიდნენ, რომელთა კაპიტალის ძირითადი მოცულობაც რუსეთთანაა დაკავშირებული.
1. ბიძინა ივანიშვილი – 2.3 მილიარდი დოლარი
2. ბადრი პატარკაციშვილი – 1.35 მლრდ (ბორის ბერეზოვსკის კაპიტალთან ერთად)
3. თამაზ სომხიშვილი – 1.25 მლრდ დოლარი
4. დავით ჟვანია – 1.1 მლრდ დოლარი
5. კახა ბენდუქიძე – 800 მლნ დოლარი
6. დავით იაკობაშვილი – 650 მლნ დოლარი (ჯგუფი “ვიმბილდანი”)
7. იოსებ ორჯონიკიძე – 510 მლნ დოლარი
8. ლევან ვასაძე – 350 მლნ დოლარი (ჯგუფი “სისტემა)
9. ტარიელ ვასაძე – 180 მლნ დოლარი (უკრაინა, მეტალის ბიზნესი)
მეორე ჯგუფი:
1. აბრამ ნანიტაშვილი – 700 მლნ დოლარი (ენერგეტიკა)
2. დათო ბეჟუაშვილი – 630 მლნ დოლარი (საქცემენტი ჯგუფი)
3. გია ჯოხთაბერიძე – 320 მლნ (მაგთი ჯგუფი)
4. ასლან აბაშიძე – 250 მლნ (სასტუმროები დუბაიში, “მასკვა”)
5. მამუკა ხაზარაძე, კაპიტალით – 220 მლნ (თიბისი ჯგუფი)
6. ვალერი გელაშვილი – 180 მლნ (პარლამენტარი)
7. ვიკა გელოვანი – 140 მლნ (საქართველოს ბანკი)
8. თემურ ჭყონია – 76 მლნ (კოკა-კოლა)
9. გიორგი რამიშვილი – 70 მლნ დოლარი (სილქ როუდ გრუპი)
10. ავთო წერეთელი – 62 მლნ (სამგორი ჯგუფი)
11. გოგი თოფაძე – 55 მლნ (ყაზბეგი ჯგუფი)
12. თამაზ გაიაშვილი – 52 მლნ დოლარი (აირზენა)
13. რჩეულიშვილები – 50 მლნ (ცენტრპოინტ ჯგუფი)
უცხოელი მილიარდერების სია კი ასე გამოიყურება:
1. უილიამ გეითს III (აშშ) – 46.5 მლრდ (Microsoft)
2. უორენ ბაფეტი (აშშ) – 44 მლრდ (Berkshire Hathaway-ის ინვესტორი)
3. ლაკშმი მიტალი (ინდოეთი) – 25 მლრდ (ფოლადი)
4. კარლოს სლიმ პელუ (მექსიკა) – 23.8 მლრდ (ტელეკომი)
5. პრინც ალვალიდ ბინ თალალ ალსაუდ (ს. არაბეთი) – 23.7 მლრდ (ინვესტიციები)
6. ინგვად კამპრად (შვედეთი) – 23 მლრდ (Ikea)
7. პოლ ალენი (აშშ) – 21 მლრდ (Microsoft ინვესტიციები)
8. კარლ ალბერტი (გერმანია) – 18.5 მლრდ (სუპერმარკეტები)
9. ლოურენს ელისონი (აშშ) – 18.4 მლრდ (ფირმა Oracle)
10. რობინ უოლტონი (აშშ) – 18.3 მლრდ (Wal-Mart)
რუს მდიდრებს შორის ვერ მოხვდა მიხეილ ხადარკოვსკი, რომლის ქონებაც 500 მლნ დოლარზე ნაკლები აღმოჩნდა. წარმოგიდგენთ რუსი მდიდრების ათეულს:
1. რომან აბრამოვიჩი – 18.2 მლრდ (ჩუკოტკის რეგიონის მმართველი)
2. ვაგიტ ალეკპეროვი – 11 მლრდ (Lukoil-ის მთავარი აღმასრულებელი)
3. ვლადიმერ ლიზინი – 10.7 მლრდ (ფოლადის მაგნატი)
4. ვიქტორ ვეკსებერგი – 10 მლრდ (რუსულ-ბრიტანული გაერთიანება TNK-BP)
5. მიხეილ ფრიდმენი – 9.7 მლრდ (ალფა ჯგუფი)
6. ოლეგ დერიპასკა – 7.8 მლრდ (ალუმინის მაგნატი)
7. ალექსეი მორდაშოვი – 7.6 მლრდ (ფოლადის მაგნატი)
8. სულეიმან კემიროვი – 7.1 მლრდ (“ნაფტა მოსკვას” ინვესტიციების ჯგუფი)
9. ვლადიმერ პოტანინი, მიხეილ პროხოვი – 6.4 მლრდ (ნიკელის მთავარი მეწილეები)
10. ვლადიმერ ევტუშენკო – 6.1 მლრდ (მცირე კომპანიები)
11. ელენა ბატურინა – 2.3 მლრდ (სამშენებლო ბიზნესი, მოსკოვის მერი იური ლუჟკოვის მეუღლე).
საგადასახადო კოდექსი
ისევ იცვლება
მთავრობამ გადაწყვიტა ისევ შეცვალოს საგადასახადო კოდექსი. ახალი პროექტის თანახმად
1. მცირდება აქციზი თამბაქოზე.
– იმპორტულზე 90 თეთრიდან 50 თეთრამდე, ანუ თითქმის 40%-ით.
– ადგილობრივ ნაწარმ სიგარეტზე 70-დან 50 თეთრამდე.
ექსპერტთა აზრით ეს გადაწყვეტილება სავარაუდოდ ივნისში შევა ძალაში და გააიაფებს სიგარეტს. ბუნებრივია, შემცირდება კონტრაბანდაც.
2. მეწარმეების მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნების ვადა 6 თვიდან 3 თვემდე მცირდება.
3. არსებული კოდექსის თანახმად, თუ მეწარმე შეგნებულად ან უნებლიედ შეცდომით შემცირებულად აჩვენებს შემოსავლებს დეკლარაციაში შემცირებული თანხის 25%-ით ჯარიმდება.
4. ახალი პროექტის თანახმად, თუ მეწარმე თვითონ მიიტანს შესწორებას ჯარიმისგან თავისუფლდება.
5. მომქმედი კოდექსის თანახმად, თუ მეწარმე დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციაში ან გაზრდის დღგ-ს ოდენობას ან ხელოვნურად შეამცირებს მას, ის ჯარიმდება ამ ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული დღგ-ს 100%-ით, ხოლო პროექტის თანახმად მხოლოდ იმ თანხით, რა თანხიათაც შეამცირა ან გაზარდა დღგ-ს მოცულობა.
6. უიმედო ე.წ ნარჩენი დავალიანების მქონე საწარმოებზე, კოდექსის თანახმად საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ მთლიანი ქონების დაყადაღების, ხოლო პროექტის თანახმად მხოლოდ იმ ნაწილის დაყადაღება შეუძლიათ, რომელიც არსებული დავალიანების გადახდას სჭირდება, ხოლო მეწარმეს უფლება აქვს თვითონ გაყიდოს დაყადაღებული ქონება ერთი თვის განმავლობაში.
7. მკაცრდება იმ ფიზიკურ პირთა პასუხისმგებლობა, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას ეწევიან, მაგალითად, სახლს ან დაჩას აქირავებენ და საგადასახადოში აღრიცხვაზე არ არიან. ქობულეთსა და ბათუმში გაქირავებულ კერძო ბინებსაც იგივე ეხებათ, ჯარიმა 1000 ლარი.
პროექტს უახლოეს მთავრობის სხდომაზე გაიტანენ და გაზაფხულის ბოლომდე ძალაში შევა.