კანონების მუშაობის სეზონურობის და შერჩევადობის პრობლემები საქართველოში, ანუ რატომ დაიჭერენ ეკონომიკის მინისტრს და გობეჯიშვილი როდის იქნება ზონაში
ემზარ ჯგერენაია
აუუუ, რა მაგარია, დავეცი! ამხელა სათაურის მოფიქრება არ გინდა? თანაც ასეთი ბუნდოვანის და არაფრის მთქმელის. ზოგიერთი ჩვენი მინისტრის სატელევიზიო გამოსვლას ჰგავს. მაგრამ ნუ იჩქარებთ, არის ამ სათაურში რაღაც ანტიკური, შარმიანი და მიმზიდველი. მაგალითად, რატომ დაიჭერენ ეკონომიკის მინისტრს? ან ვინ არის ღრმად პატივცემული, მეტად პატივდადებული და ასევე მეტად გაპატივებული და გაუპ… გობეჯიშვილი კოდით 877 555999?
საქართველოში, თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენდა სამწუხაროდ და სავალალოდ, მოქმედებს შრომის კანონმდებლობა (ჩინეთში ასეთი რამ არ არსებობს და ეს პრობლემა არც აწუხებთ, თუმცა იქ არც ჩოგოვაძის მსგავსი მინისტრები ჰყავთ, მათდა საბედნიეროდ), რომლის მიხედვითაც, თუ სამსახურის ლიკვიდაცია ხდება, სახელმწიფო ვალდებულია, ორი თვის სარგო გადაუხადოს დაქირავებულს კომპენსაციის სახით. და ეს კანონია ბიუჯეტის შემდგენელ ფინანსთა სამინისტროსა და იმ უწყებისთვისაც, ვინც მოახდინა ამა თუ იმ ინსტიტუტის ლიკვიდაცია – მან თანამშრომლებზე უნდა გასცეს კომპენსაცია და ეს გაითვალისწინოს თავის ხარჯვით ნაწილში. მით უმეტეს, მათ ლიკვიდაციის ხარჯზე 5-ჯერ და მეტად გაიზარდეს თვითონ ხელფასი. ამ კანონის შესაბამისი მუხლის წაკითხვა თავის დროზე გაუჭირდათ და მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელმაც დაადასტურა ჩვენი ციტატა კანონიდან. ანუ ეკონომიკის სამინისტროს იმ ათასობით ყოფილ მუშაკს, რომელთა სამსახურის ლიკვიდაცია უმოწყალოდ და ენერგიულად მოხდა, უნდა მიეღო კომპენსაცია. უფრო მეტიც, ამ კომპენსაციიდან შესაბამისი გადასახადები ბიუჯეტსაც უნდა მიეღო, მათ შორის, ადგილობრივს, რომლითაც ჩვენ ვულე-ვუს სურნელის მქონე ნაგავსაყრელად ქცეულ და სააკაძის ჯაჭვის პერანგის მსგავს ღრმულებიან გზის საფარს დავაგებდით თუნდაც რამდენიმე თვით (ჩვენი გზები ხომ ერთობ მოდურებია, ზამთარში ერთს იცვამენ, ზაფხულში სხვა საფარს, შემოდგომაზე კი ისევ ილატკებიან. მოკლედ, სულ ფერისცვალებასა და საფრის ცვალებაში არიან).
ეს კომპენსაცია შემოდგომაზე უნდა გაეცა ეკონომიკის მინისტრს, ფინანსთა სამინისტროს კი ბიუჯეტში უნდა გაეთვალისწინებინა. რადგან ყველა სახელისუფლებო ინსტიტუტის თუ სამსახურის ლიკვიდაცია ხდება კანონით, მერე მთავრობის დადგენილებით და ფინანსთა სამინისტრო ხელს აწერს ამ დოკუმენტებს, ყველა კომისიაში ამ საკითხების გადაწყვეტა პირადად ევალება. მაგრამ არაფერს დაგიდევენ, არც კანონს ასრულებენ და არც მთავრობის დადგენილებას. რატომ? სეზონი არ არის და ჯერ გობეჯიშვილი ზონაში არაა. მერე ზამთრისათვის გადაიდო, მაგრამ როგორც მისი, ჩოგოვაძის, იურისტები ხსნიან, ეს კანონი შემოდგომა – ზამთრის სეზონზე არ მუშაობს და ახლა საწყალი ლიკვიდირებულები ელოდებიან გაზაფხულს. თუმცა აქაც არის პრობლემა. გაზაფხულისთვის ამ კანონის ამოქმედებაზე თანხმობა გობეჯიშვილს ჯერ არ უთქვამს და მას ელოდებიან. (საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, ბატონ გობეჯიშვილს კი არ სცალია, პერმანენტულად ატესტაციებს ატარებს საბაჟოზე ან საგადასახადოზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში მეხუთედ და, როგორც ბოროტი ხმები ამბობენ, საერთოდ უვიცებმა გაიარეს მის ხელში ატესტაცია, მერე პერეატესტაცია და ახლა სუპერ ატესტაციისათვის ემზადებიან, მაგრამ კომპეტენცია არა და არ ჩანს. იქნებ გამომცდელს აკლია, რა?) ის არც ერთ ტელეფონს არ პასუხობს და, პრეზიდენტის მკაცრი შენიშვნის მიუხედავად, არ იღებს მობილურს, რომელიც სახელმწიფო ხარჯზე აქვს სხვათა შორის. არ გჯერათ? სცადეთ, აკრიფოდ ნომერი 877-555999. არა, არ ასრულებს გობეჯიშვილი პრეზიდენტის მითითებებს და არც ზონაშია ჯერჯერობით.
არადა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის თანახმად – სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენება, როდესაც სახელმწიფოს მიადგა ზარალი 115000 ლარის 12%-ის ოდენობით (ეს განსაკუთრებულად დიდი ოდენობაა) ათი ათასობით მოქალაქეს და კიდევ ბიუჯეტსაც, რადგან მოქალაქეები ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე იმდენივე საურავს ითხოვენ, რამდენსაც კოდექსი გადასახადის გადამხდელს უყენებს, მათ შორის ეკონომიკის მინისტრს, რომელმაც სამსახურებრივი დაუდევრობით, სამსახურის ბოროტად გამოყენებით და კანონის უხეში დარღვევით გობეჯიშვილთან ერთად ზიანი მიაყენა სახელმწიფოს და მოქალაქეებს, მკაცრად ისჯება და მათ დაპატიმრება ელით.
მავანნი აღშფოთდებიან და ნიშნისმოგებით გვეტყვიან, იჩივლონ სასამართლოშიო, ეს ხომ სამართლებრივი ქვეყანაა. იჩივლეს, მოიგეს და მაინც არაფერი მისცეს. მეორე შემთხვევაში მოსამართლემ საერთოდ სარჩელი არ მიიღო – ბიუჯეტში თუ არ ჩადო გობეჯიშვილმა, მე ამ საქმეს ვერ განვიხილავო. გეკუთვნით, მაგრამ არ გეკუთვნითო. საშუალებას რა ვუთხარი, თორემ, – ცრემლები ღვარა მოსამართლემ, – თქვენ იმნაირი კაი ხალხი ხართ, როგორ არ გეკუთვნითო.
რა უცნაურია. მარტი დადგა, წესით, გაზაფხულზე კომპენსაციების შესახებ კანონი უნდა ამოქმედებულიყო. არადა, ეს გობეჯიშვილი კვლავ ზონაში არ არის, ეკონომიკის მინისტრი კი სანამ გობეჯიშვილის რეზოლუცია არ იქნება, კომპენსაციებს არ აძლევს ხალხს. ამასობაში შეიძლება მოხსნან კიდევაც. მერე მოვა მეორე და ასე უსასრულოდ, სანამ კანონის აღსრულება მინისტრის ხოშზე და კაიფზე იქნება დამოკიდებული – უნდა შეასრულებს, უნდა – არა. გადასახადის გადამხდელმა რომ არ შეასრულოს თავისი ვალდებულება, დავიჭერთ, თანაც სასტიკად გავუსწორდებით. მინისტრს და მის მოადგილეს კი იგივე საქციელზე არ ვიჭერთ. სადაური კანონია? – იკითხავთ თქვენ. სადური და აქაური.
ნეტა როდის მოვა კანონის ამუშავების სეზონი, როდის დაარიგებენ კომპენსაციებს, როდის მოსთხოვენ კანონის დამრღვევ მინისტრებს ხალხის დაჩაგვრისათვის პასუხს და მოადგილეებთან ერთად როდის იქნებიან ზონაში.
რა საოცარია, გეგონება, მართლა ის ქვეყანა ვიყოთ, კანონების მაგივრად ვიღაცის ხოშით რომ იმართება. აბა, გობეჯიშვილს და ჩოგოვაძეს ჰკითხეთ, ასეა თუ არა – კანონის მოქმედება დროსა და სივრცეში კი არ ხდება მარტო, ხასიათშიც და გუნება – განწყობილებაშიც. ეს არის თანამედროვე თავისებურება და მოდერნისტულ-სიმბოლისტური დასავლურ-ნორმანდიული მიმდინარეობა ქართულ საკანონმდებლო სივრცეში.