უმუშევრობის პრობლემები საქართველოში გარდამავალი ეკონომიკის პირობებში
თამილა არნანია-კეპულაძე, ეკ. მეცნ. კანდიდატი ნოდარ ხასაია, ეკ. მეცნ. კანდიდატი იულია ონიანი, ეკ. მეცნ. კანდიდატი
უმუშევრობა საბაზრო ეკონომიკის დამახასიათებელი სოციალურ-ეკონომიკური მოვლენაა, რომელიც ეკონომიკური შინაარსით გამოხატავს ბაზარზე სამუშაო ძალის ჭარბ მიწოდებას მასზე არსებულ მოთხოვნასთან შედარებით. ეს შეუსაბამობა შეიძლება იყოს გამოხატული როგორც რაოდენობრივი, ისევე ხარისხობრივი თვალსაზრისით.
გარდამავალი პერიოდის პირობებში საქართველო გამოირჩევა უმუშევრობის მაღალი დონით. 2004 წელს უმუშევრობის დონემ, ოფიციალური მონაცემების მიხედვით, შეადგინა შსო-ის მკაცრი კრიტერიუმით – 13%, ხოლო შერბილებული კრიტერიუმით – 16,4 % (ცხრილი 1.). ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საექსპერტო მონაცემების თანახმად. ეს მაჩვენებელი გაცილებით უფრო მაღალია.
საქართველოში უმუშევრობის დონე მნიშვნელოვნად განსხვავდება ქალაქ-სოფლის მიხედვით (ცხრილი 2.).
როგორც ცხრილიდან ჩანს, უმუშევრობის დონე ქალაქში 5-6-ჯერ აღემატება უმუშევრობის დონეს სოფლად. ასეთი მდგომარეობა ბევრად არის განპირობებული დასაქმების ცნების მეტად ფართო განსაზღვრით, როცა სოფლად დასაქმებულად ითვლება ყველა, ვინც საკვლევი კვირის განმავლობაში ერთ საათს მაინც მუშაობდა მიწის ნაკვეთზე და არ ითვალისწინებს ამ მიწიდინ მიღებული შემოსავლის მოცულობას. ეს ხელოვნურად ამცირებს სოფლად უმუშევრობის დონეს. გარდა ამისა, უმუშევრობის დონის უსაფუძვლო შემცირება საქართველოში როგორც სოფლად, ისევე ქალაქში, გამოწვეულია იმითაც, რომ სამუშაო ძალას გამოეთიშა ის პირები, რომლებმაც დაკარგეს სამსახურის პოვნის იმედი და აგრეთვე უმუშევართა აღრიცხვის მეთოდიკის ნაკლოვანებებით, დასაქმების სამსახურის მუშაობის არასრულყოფილებით და მოსახლეობის უნდობლობით ამ სამსახურის შესაძლებლობების მიმართ.
მნიშვნელოვნად განსხვავდება უმუშევრობის დონე და დინამიკა საქართველოში რეგიონების მიხედვით. (ცხრილი 3).
რეგიონული უმუშევრობის არსებობა დაკავშირებულია არასწორ, ცალმხრივ რეგიონულ პოლიტიკასთან, რაც წარმოადგენს ისტორიული, სოციალურ-ეკონომიკური თუ დემოგრაფიული ვითარების არასათანადო გათვალისწინების შედეგს. როგორც ცხრილიდან ჩანს, უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონით გამოირჩევა თბილისი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოს რეგიონებიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი ჩადის დედაქალაქში შრომითი მოწყობის მიზნით და პოულობს დასაქმების ადგილს, ასეთი მდგომარეობა, პირველი შეხედვით, რამდენადმე პარადოქსულად გამოიყურება. მაგრამ ამას თავისი ახსნა აქვს. რეგიონებში უმუშევრობის დონე შემცირებულია სოფლად მცხოვრებთა ხარჯზე (სადაც, როგორც აღინიშნა, დასაქმების განსაზღვრის სპეციფიკიდან გამომდინარე, უმუშევრობის დონე ძალზე შემცირებულია). გარდა ამისა, რეგიონებში უმუშევრობის დონე შემცირებულია მოსახლეობის დიდი ნაწილის მიგრაციით ქალაქებიდან სოფელში (სადაც ისინი დასაქმებულად ითვლებიან), თბილისში, საზღვარგარეთ.
როგორც მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, მხოლოდ ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს არ ძალუძთ რეგიონულ უმუშევრობასთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრა. ეს შესაძლებელია მიზანდასახული საერთოსახელმწიფოებრივი მაკროეკონომიკური და რეგიონული პროგრამების დამუშავებისა და განხორციელების საფუძველზე.
საქართველოს სამუშაო ძალის ბაზარზე აღინიშნება ხანგრძლივი უმუშევრობის მაღალი დონე, რომელსაც ახასიათებს ზრდის ტენდენცია. (სქემა 1.).
თუ 2002 წელს 37.0 ათას რეგისტრირებულ უმუშევართა შორის ყოველი მეორე იყო უმუშევარი 3-6 თვის მანძილზე, ხოლო დანარჩენი 50%-სათვის უმუშევრობის ხანგრძლივობა აღემატებოდა 6 თვეს (მათ შორის: 20,3% იყო უმუშევარი 6 თვიდან 1 წლამდე, 24,7% 1-3წელი და 5% -3 წელზე მეტი), 2004 წელს ეს თანაფარდობა გაუარესდა. ამ დროისათვის გაიზარდა ხანგრძლივად (1-დან 3-წლამდე) უმუშევართა რაოდენობა. 2004 წელს რეგისტრირებულ უმუშევართა 51.8 ათასიდან 6 თვემდე უმუშევარი იყო მხოლოდ 28%, ხოლო დანარჩენი 72%-დან 14,1% იყო უმუშევარი 6-12 თვემდე, 54,5% – 1-3 წლამდე და 3,4% – 3 წელზე მეტი. ასეთ ვითარებაში საქართველოს სამუშაო ძალა განიცდის მზარდ დეკვალიფიკაციას, მცირდება სამსახურის პოვნის შესაძლებლობა და ნდობა დასაქმების სამსახურის ქმედითუნარიანობის მიმართ. ყოველივე ეს აღრმავებს დისპროპორციებს სამუშაო ძალის ბაზარზე და აფერხებს მის ფუნქციობას.
თუ, ზოგადად, უმუშევრობის შესახებ არ არსებობს ერთიანი აზრი1, ხანგრძლივ უმუშევრობას მომხრეები არ ჰყავს. გარკვეული დროის შემდეგ უმუშევრობის ნეგატიური შედეგები სულ უფრო გროვდება: ხანგრძლივი უმუშევრობა აუფასურებს ადამიანურ (შრომით) კაპიტალს და რაც უფრო დიდხანს არ იმუშავებს პიროვნება, მით უფრო რთულდება მისთვის ახალ სამუშაო ადგილზე მოწყობა კვალიფიკაციის დაკარგვისა და დაძველების, შრომის ახალი პირობებისადმი ადაპტირების სირთულისა და ა.შ. გამო. ამას ემატება სოციალური და ფსიქოლოგიურო პრობლემების სიმძიმე.
მნიშვნელოვანი თავისებურებებით ხასიათდება უმუშევრობა საქართველოში უმუშევართა სქესისა და ასაკის მიხედვით. ამასთან დაკავშირებით საჭიროა უმუშევართა განხილვა შემდეგი სოციალურ-დემოგრაფიული ჯგუფების მიხედვით:
მამაკაცები და ქალები;
ახალგაზრდობა (16 – 29 წლის);
საშუალო ასაკის პირები (30-49 წლის);
წინასაპენსიო ასაკის პირები (50-64 წლის).
ჯგუფი მამაკაცები და ქალები წარმოადგენს ყველაზე მსხვილ სოციალურ-დემოგრაფიულ ჯგუფს. ამ ჯგუფისათვის უმუშევრობის დიფერენციაციის საფუძველს წარმოადგენს ქალთა და მამაკაცთა ფიზიოლოგიური განსხვავება2. ქალთა უმუშევრობა განიცდის ზეგავლენას ისეთი დემოგრაფიული ფაქტორების მხრიდან, როგორიცაა მათი ოჯახური მდგომარეობა, რეპროდუქციული ფუნქციის შესრულების, შვილების აღზრდის აუცილებლობა, სკოლამდელი თუ სასკოლო ასაკის ბავშვების თუ ოჯახში საპენსიო ასაკის დამხმარე წევრების არსებობა და ა.შ. ყოველივე ეს განაპირობებს ქალთა უმუშევრობის ხასიათს.
აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქვეყანაში უმუშევრობის გენდერული დიფერენციაცია ნაკლებად გამოვლინდება, რაც აიხსნება ქალთა ეკონომიკური აქტიურობისა და მიღებული განათლების მაღალი დონით, ქალებში შრომითი საქმიანობის გამოცდილების არსებობით, რომელიც არ ჩამორჩება მამაკაცთა გამოცდილებასა და განათლებას. ყოველივე ეს ამყარებს ქალების პოზიციას სამუშაო ძალის ბაზარზე და თუ გავითვალისწინებთ, რომ თანამედროვე მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის მიღწევები აიოლებენ რიგი სამუშაოების შესრულებას და მისაღებად ხდიან მათ ქალისათვის, ქალთა სამუშაო ძალა გარდაიქცევა რეალურ და გასათვალისწინებელ მოვლენად სამუშაო ძალის ბაზარზე3.
16-29 წლის ასაკობრივ ჯგუფში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის წილი შედარებით დაბალია და სამუშაო ძალის ბაზარზე ხასიათდება არაერთგვაროვანი პროცესებით. სხვა ასაკობრივ ჯგუფებთან შედარებით რეგისტრირებულ უმუშევართა შორის ამ ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელთა რაოდენობა უფრო დაბალია (სქემა 2.), ვინაიდან ახალგაზრდობა იშვიათად მიმართავს დასაქმების სამსახურს სამუშაოზე მოსაწყობად4. მაგრამ იმის გამო, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში შრომითი მოწყობა გართულებულია, უმუშევრობის დონე აქ უფრო მაღალია, ვიდრე საზოგადოებაში საერთოდ და 2003 წელს შეადგენდა 22,1%-ს.
ამ ასაკობრივ ჯგუფში უმუშევართა დიდ ნაწილს წარმოადგენენ ქალები, რაც აიხსნება იმით, რომ დაქირავებისას დამსაქმებლები უპირატესობას ანიჭებენ მამაკაცებს, ვიდრე აქტიურ რეპროდუქციულ ასაკში მყოფ ქალებს. უმუშევრობა ახალგაზრდათა შორის წარმოადგენს სამუშაო ძალის ბაზრის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემას. მისი სიმწვავე, როგორც წესი, უფრო გამოკვეთილად ვლინდება დაბალი შემოსავლების მქონე ოჯახებში ანუ იმ ოჯახებში, რომლებიც ვერ უზრუნველყოფენ თავიანთი შვილებისათვის ცხოვრების სათანადო სასტარტო პირობებს ანუ განათლების მიღების მაღალ, კონკურენტუნარიან დონეს და ა.შ., რაც აფერხებს ამ ახალგაზრდების შრომით მოწყობას.
საშუალო ასაკის (30-49 წლის) პირები წარმოადგენენ შრომითი რესურსების ყველაზე მრავალრიცხოვან ასაკობრივ ჯგუფს და რეგისტრირებულ უმუშევართა შორის მათი რაოდენობა 2004 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით შეადგენდა 72,5%. ამ ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლებს, როგორც წესი, აქვთ მაღალი შრომითი პოტენციალი და დიდი პრაქტიკული გამოცდილება, რის გამოც უმუშევრობის გავრცელება ამ ასაკობრივ ჯგუფში დიდ ზარალს აყენებს ეკონომიკას.
წინასაპენსიო ასაკის (50-64 წლის) პირთა რაოდენობა უმუშევათა საერთო რაოდენობაში გარდამავალი პერიოდის მანძილზე საქართველოში, როგორც ეს მოყვანილი დიაგრამიდან (2.) ჩანს, მერყეობდა 27,6%-დან (1994, 1996წწ) 11%-მდე (1997წ), ხოლო 1992 წელს უმუშევართა რაოდენობა ამ ასაკობრივ ჯგუფში შეადგენდა 5%-ს. 1993-1996 და 2004 წლებში უმუშევართა რაოდენობა წინასაპენსიო ასაკის პირთა შორის იყო უმუშევარ ახალგაზრდებზე უფრო მაღალი, თუმცა ზოგადად უმუშევრობის დონე 50-64 წლის პირთაA შორის დაბალია და 2003 წელს შეადგენდა 8,4%-ს. წინასაპენსიო ასაკის პირები გამოირჩევიან პროფესიული ცოდნის მაღალი დონით და დიდი პრაქტიკული გამოცდილებით, მაგრამ მათი ფიზიკური შესაძლებლობები მკვეთრად მცირდება. ამ კატეგორიის წარმომადგენლებისთვის, ახალგაზრდებთან შედარებით, უფრო რთულია ახალი ტექნიკისა და ტექნოლოგიების ათვისება და გამოყენება. წინასაპენსიო ასაკის ჯგუფის წარმომადგენლებისათვის სულ უფრო რთული ხდება მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის მიღწევებისა და შრომის მზარდი ინტენსივობისადმი ადაპტირება, ხოლო საწარმოს ეფექტიანობის ამაღლების მიზნით ამ საწარმოთა ადმინისტრაცია შეეცდება, განთავისუფლდეს ამ კატეგორიის მომუშავეებისაგან. წინასაპენსიო ასაკის უმუშევრები მხოლოდ ნაწილობრივად შეიძლება განხილული იქნენ, როგორც რეზერვი ახალი შრომითმოწყობისათვის და განსაკუთრებით იმ შრომისმოწყობისათვის, რომელიც მოითხოვს მათ მომზადებასა და გადამზადებას. გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ მოსახლეობის დემოგრაფიული დაბერების ფონზე ამ ასაკობრივი ჯგუფის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. აქედან გამომდინარე, ლოგიკური იქნებოდა ვივარაუდოთ, რომ უმუშევრობის პრობლემა წინასაპენსიო ასაკში კიდევ უფრო გამწვავდება.
ვფიქრობთ, რომ არ იქნებოდა სწორი ამ ტენდენციების აბსოლუტიზება, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, წინასაპენსიო (და საპენსიო) ასაკის პირებს აქვთ შრომის გამოცდილება ანუ ისეთი რესურსი, რომელიც მოიპოვება მხოლოდ წლებით და მისი მნიშვნელობა ფასდაუდებელია. ამიტომ საჭიროა, დამუშავდეს ისეთი ღონისძიებები, რომლებიც საზოგადოებას არ დააკარგვინებს იმ სიმდიდრეს, რომელსაც გამოცდილება ჰქვია და ხელს შეუწყობს მის გამოყენებას და ახალგაზრდებისათვის გაზიარებას, რის შესაძლებლობას ქმნის სამუშაო ძალის შიგა ბაზრის განვითარება.
დღევანდელი საქართველოს სამუშაო ძალის ბაზარი გამოირჩევა უმაღლესი და საშუალო-სპეციალური განათლების მქონე პირთა უმუშევრობის მაღალი დონით. თუ ქვეყანაში 2003 წელს უმუშევრობის დონე შეადგენდა 11,5%, უმაღლესი განათლების მქონე პირებს შორის ამ მაჩვენებელმა მიაღწია 17,0%-ს, ხოლო საშუალო-სპეციალური განათლების მქონე პირებში – 12,4%-ს (ცხრილი 4.).
2003 წელს უმუშევართა საერთო რაოდენობიდან 38,7%-ს უმაღლესი განათლება ჰქონდა მიღებული, ხოლო საშუალო განათლება – 35,3%-ს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოში უმაღლესი განათლების მქონე პირები ნაკლებად გადიან რეგისტრაციას დასაქმების სამსახურში და არარეგისტრირებულ უმუშევართა შორის მათი რაოდენობა 42,4%-ს შეადგენს.
გარდამავალი პერიოდის პირველ წლებში ეკონომიკაში მომხდარმა ცვლილებებმა ნეგატიურად იმოქმედა, პირველ რიგში, უმაღლესი განათლების მქონე პირებზე და რეგისტრირებული უმუშევრობა მათ რიგებში 1991-1996 წლებში შეადგენდა 70%-79%-ს. შემდგომ (1996-2004) წლებში ეს მაჩვენებელი კვლავინდებურად მაღალი რჩება, თუმცა მას ახასიათებდა დაცემის ტენდენცია და თითქმის ორჯერ შემცირდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო წლებში არსებული ვაკანტური სამუშაო ადგილები ძირითადად გათვალისწინებულია არაკვალიფიციური შრომისათვის და ამავე დროს იზრდება დასაქმება უცხოეთისა და ერთობლივ საწარმო-ორგანიზაციებში, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უმაღლესი განათლების მქონე პირთა უმუშევრობის შემცირება მნიშვნელოვან-წილად მოხდა ამ საწარმოებში დასაქმების შედეგად, ხოლო ნაწილი დასაქმდა ან ეკონომიკის ჩრდილოვან სექტორში ან გადავიდა თვითდასაქმების მუშაობის რეჟიმზე, ასრულებს დაბალკვალიფიციურ სამუშაოს, ხშირად სოფლის მეურნეობაში, რის გამოც განიცდის პერმანენტულ დეკვალიფიკაციას, რაც ნეგატიურად მოქმედებს საქართველოში ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებზე.
20025 წელს უმუშევარ სპეციალისტთა რაოდენობა 30,6%-ით აღემატებოდა უმუშევარ მუშებს, სპეციალისტებისათვის განკუთვნილი თავისუფალი სამუშაო ადგილების რაოდენობა 26%-ით ნაკლები იყო, ვიდრე მუშებისთვის განკუთვნილი ვაკანსია. ანალოგიური მდგომარეობა მომდევნო წლებშიც აღინიშნება. გარდამავალი პერიოდის პირობებში იზრდება (და, სავარაუდოდ, ეს ტენდენცია გაგრძელდება მომავალშიც) უმუშევართა დასაქმება იმ სამუშაო ადგილებზე, რომელიც არ მოითხოვს მომუშავისგან მის მიერ მიღებულ პროფესიულ დონეს. ასეთი ვითარების არსებობა, უწინარეს ყოვლისა, გამოწვეულია, ჩვენი აზრით, ბაზარზე მიწოდებული სამუშაო ძალის პროფესიულ-კვალიფიციურ სტრუქტურასა და მასზე არსებულ მოთხოვნას შორის ღრმა დისპროპორციით, კვალიფიციური შრომის არასაკმარისი მატერიალური წახალისებით და მოთხოვნასთან შედარებით სასწავლო დაწესებულებათა მიერ ჭარბი რაოდენობის სპეციალისტების მომზადებით.
დღევანდელ საქართველოში მასობრივი უმუშევრობაა, რაც შეეხო ქვეყნის ყველა რეგიონს, ყველა ასაკობრივ, სქესობრივ, კვალიფიციურ და პროფესიულ ჯგუფს.
გარდამავალი ეკონომიკის პირობებში საქართველოში, ისევე, როგორც პოსტსოციალისტურ სივრცეში საერთოდ, ფრიქციულმა და სტრუქტურულმა უმუშევრობამ მიიღო დამახინჯებული ფორმები. სტრუქტურული უმუშევრობა გამოვლინდა არა თავისი ტრადიციული გაგებით, არამედ როგორც დასაქმების რეგრესის შედეგი და ახასიათებს მაღალკვალიფიციურ მუშაკთა, მეცნიერთა და ა.შ. გადასვლას არაფორმალურ ბიზნესში, ხოლო ციკლური უმუშევრობა წარმოადგენს უმუშევრობის განმსაზღვრელ ფორმას და თავისი მასშტაბებითა და ხანგრძლივობით სულ უფრო ქრონიკულ ხასიათს იძენს.
უმუშევრობის ნეგატიური შედეგები მძიმე ტვირთად აწვება ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკას, უარყოფითად ზემოქმედებს თითოეული ადამიანის სოციალურ, ეკონომიკურ, ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ამის გამო უმუშევრობის დაძლევაზე მიმართულ ღონისძიებათა მეცნიერულ დამუშავებას და პრაქტიკაში მათ ეფექტურ დანერგვას პირველხარისხოვანი მნიშვნელობა ენიჭება.