მენეჯერთა მომზადების ზოგიერთი პრობლემა
რ. მაისურაძე, ო. შუდრა
დღეს მთელი მსოფლიო (და არა მარტო ჩვენი საზოგადოება) განათლების დარგში რევოლუციური ცვლილებების პროცესშია. კომპიუტერების საყოველთაო გავრცელების მნიშვნელობა შეიძლება შევადაროთ მხოლოდ საბეჭდი დაზგის გამოგონებას. იცვლება ცოდნის მთელი სისტემა, ხოლო მაღალი ტექნოლოგების სახელმწიფოებში იწყება ცოდნის რეორგანიზაცია.
განათლების ტრადიციულ სისტემაში პედაგოგს, კლასში, აუდიტორიაში ცენტრალური როლი აქვს მინიჭებული. ასეთი ფსიქოლოგიური როლებია მეთაური, მშობელი, მსაჯი და სხვ., ხოლო მსმენელის როლი პასიურია. ასეთი სისტემა ჩამოყალიბდა ისტორიულად, როცა საზოგადოებას მხოლოდ უბრალო შემსრულებლები სჭირდებოდა.
პედაგოგის დომინირებას განათლების ყველა საფეხურზე, სადაც მსმენელის დაპროგრამება უარყოფითი ფორმითაა (არ დაიგვიანო! რატომ შეგეშალა და სხვ.), უარყოფითი შედეგები აქვს (როგორც პედაგოგისთვის, ასევე მსმენელისთვის). დიდაქტოგენური ნევროზებ ამის ნათელი მაგალითია.
წლების განმავლობაში პედაგოგიური წარმოება მორალური ქადაგების ლოგიკით და არა კარგად გააზრებული ტექნოლოგიით იყო აგებული. მაშინ, როდესაც თუნდაც მენეჯერთა პროფესიული მომზადებისთვის საჭიროა ინოვაციური, ინდივიდუალური უნარების განმავითარებელი, ინტერაქტიული ტექნოლგიები, რომლებიც ხელს უწყობენ ანალიტიკური აზროვნების ფორმირებას და ავითარებენ მართვის ჩვევებს.
მაგალითად, იდეალური მენეჯერი უნდა იყოს მტკიცე და ერთდროულად, მოქნილი, სერიოზული, მაგრამ იუმორის გრძნობით, კეთილგანწყობილი, მაგრამ დისტანციის უნარით, საქმის ერთგული, მაგრამ წარმატებისას ან დამარცხებისას თავშეკავებული, მეოცნებე, მაგრამ კარგად განვითარებული ნებისყოფით, რისკზე წამსვლელი, მაგრამ მხოლოდ კარგი გათვლის შემდეგ და ა.შ.
ზოგადად, განათლების თანამედროვე, ე.წ. საპროექტო მიდგომაში ცოდნის ადგილს იკავებს მოქმედება და ე.წ. საკვანძო (ძირითადი) კომპეტენციები. მეთოდიკა აჩვენე და მოყევი იცვლება მეთოდიკით შეეკითხე და გააკეთა (ask-and-do).
უფრო სწორედ, ცოდნის გარდა მსმენელში უნდა განვითარდეს სოციალური უნარ-ჩვევები, როგორიცაა გადაწყვეტილების მიღება, სტრესების დაძლევა, ადამიანებთან ურთიერთობა. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ურთიერთობებს კოლექტივში, კოლეგებთან, ამხანაგებთან, ოჯახში, სხვა ადამიანის გრძნობებზე რეაგირებას (მეგობრობას) და სხვ.
რაც შეეხება ვიწრო სპეციალიზაციას, სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ტრადიციებია და თუ ეს საფრანგეთში და უმეტეს ქვეყნებში მიღებულია, აშშ, რუსეთსა და ჩვენთან ცდილობენ მსმენელს რაც შეიძლება უნივერსალური, ფართე განათლება მისცენ.
განათლება უნდა გახდეს ემოციური რათა ინტელექტის გარდა ზემოქმედების ქვეშ მოექცეს პიროვნების აღზრდაც, ისე რომ ანგარიში გაეწიოს ადამიანის ფასეულობათა სისტემას. ამიტომ, განათლების ტრადიციული სისტემიდან განსხვავებით ზოგჯერ არ არსებობს სწორი და არასწორი პასუხები, რადგან მათ აქვთ სოციალურ-ფსიქოლოგიური (ეთიკური) ხასიათი და მოითხოვენ დამოუკიდებელ ძიებას (უფრო სწრედ, პასუხი უნდა აწყობდეს მსმენელს).
იცვლება რა ცოდნის მთელი სისტემა, ახალი ცოდნის გამოდევნებაში ჩვენ უნებურად გვემუქრება მუდმივი ინფორმაციული ჩამორჩენა. მაგალითად, ვიდრე ჩვენ კანონმდებლობას ვსწავლობთ, ის იცვლება, ისევე როგორც ეკონომიკა და ა.შ. შეუძლებელია ადამიანს ისეთი განათლება მისცე, რომ საკმარისი იყოს მთელი ცხოვრება, ამიტომ ნამდვილად უკეთესია, თუ ასწავლი, როგორ ისწავლოს მთელი ცხოვრება.
ხელოვნური ინტელექტის და ე.წ. საექსპერტო სისტემების სფეროში პროგრესს საექსპერტო ცოდნის დაგროვების ახალ საშუალებებისკენ მივყევართ, ე.ი. ადგილი აქვს ცოდნის რესტრუქტურიზაციას. როგორ მოვიქცეთ, მივცეთ ცოდნა, რომელსაც ასეთი სწრაფი დაძველების თვისება აქვს, თუ არ ვასწავლოთ? რასაკვირველია, უნდა ვასწავლოთ, მაგრამ პირველ რიგში მორალი, კულტურა (კერძოდ, ინფორმაციას მუშაობის კულტურა), კულტუროლოგია (კერძოდ, სამეწარმეო, შრომის), საერთოდ, აღზრდის საკითხები (რადგან გადამწყვეტია არა მარტო აღმზრდელი არამედ, გარემოც.).
მენეჯმენტის უახლესი, თანამედროვე კონცეფციაც ხომ სწორედ კულტურის კონცეფციაა, რადგან ენთუზიაზმი თუ არა აღჭურვილი ცოდნით, ეთიკით, ბოროტების მოტანა უფრო შეუძლია. სხვა სიტყვებით ეგზისტენციალური ვაკუუმის (მარტივად, საერთო აპათიის) გამო, განათლებამ უნდა გადასცეს არა მარტო ცოდნა, არამედ აღზარდოს სინდისიც (როგორც უნივერსალური აზრი, რომელსაც ფასეულობათა რღვევა არ ეხება).
ეკონომიკური რეფორმების და საერთოდ, ყველა პროგრესული ცვლილებების მთავარ საყრდენად (და ერთდროულად, შემაფერხებლად) ადამიანის კულტურა და ცნობიერებაა. მართლაც, განათლებული, მაღალპროფესიული კულტურული კადრების გარეშე ვერც ერთი ქვეყანა ეკონომიკის განვითარების ახალ საფეხურზე ვერ გადავა. ორგანიზაციის სტრატეგიული რესურსის – საუკეთესო კადრების შენარ-ჩუნებაც შეუძლებელია საერთო კორპორაციული კულტურის გარეშე.
მეორე მსოფლიო ომში დამარცხებული გერმანია, იაპონია, ომის შემდგომ წლებში მოშიმშილე სამხრეთ კორეა დღეს განვითარებული ქვეყნებია. მუშაობის კულტურის ძველმა ტრადიციებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ამ ქვეყნების ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლაში. ყოფილი საბჭოთა კავშირის ხალხებმა კი, რომლებმაც ბიზანტიურ-მონღოლური, პრიმიტიული ტრადიციების ზეგავლენა განიცადეს, შრომის კულტურა ვერ აითვისეს.
ბიზნესი უპირველეს ყოვლისა – პრაქტიკაა, ამიტომ სწავლება ძირითადად აქტიური ლექციების, საქმიანი თამაშების და კეის ტექნოლოგების (მათ შორის კონკრეტული სიტუაციების ანალიზის) გამოყენებით ტარდება. ამ ტრენინგების (კოუჩინგის) ცენტრალური ცნებაა იმიტაცია – გამოცდილების დაგროვების და მართვის მენტალობის განვითარების იაფი საშუალება (ჩვენს სინამდვილეში, ეს კაპიტალისტთა ასწლოვანი შეცდომების გათვალისწინებით, კეთდება).
საინტერესოა, რომ მსმენელთა ძალიან მცირე პროცენტს შეუძლია წიგნით მუშაობა (ამიტომაც, ნაკლებად დადიან ბიბლიოთეკებში), დანარჩენები კი, რომლებსაც ჩვენ ტრადიციულად ჩამორჩენილებად ვთვლიდით, ასე ვთქვათ სხვა მასალისგან არიან. ისინი ცოდნას გრძნობის ყველა ორგანოებით აგროვებენ.
მართლაც, მსმენელთა დომინირებული ტიპებია: ა) ვიზუალური (35%), ინფორმაციას აღიქვას დიაგრამებით, ქსერომასალით, წიგნის ტექსტით (10%); 2) აუდიალური (25%), ოპტიმალურია ინფორმაციის მიწოდება ასისტენტის ან მაგნიტოფონის საშუალებით; 3) კინესთეტიკური (40%), ინფორმაციას აღიქვამს ილუსტრაციების ხელში მიწოდებით, შეხებით, ხელის ჩამორთმევით და სხვ.
განსაკუთრებით ეფექტურია ვიზუალური ინფორმაცია, რომლის თვისებაა ქვეცნობიერებაში შთაგონების წერტილის ფიქსაცია გონების კონტროლის გარეშე (ვიდეო-ტელეფილმების უარყოფითი გავლენა მოზარდებზე ამის ნათელი მაგალითია).
როგორც ჩანს, მომავლის განათლებაში ტრადიციულ ტექსტის დიქტატს ნაკლები ადგილი დაეთმობა, აღარ იქნება გაფეტიშებული წერა-კითხვა, რომელიც, თანამედროვე წარმოდგენებით, სამყაროს ერთადერთი ფანჯარა როდია…
ამ კონცეფციების, მიდგომების გათვალისწინებით ავტორები ათიოდე წელია ატარებენ ლექცია-ტრენინგებს საოფისე კულტურასა და ეტიკეტში.
ამ მეთოდიკაში პარალელურად, ერთდროულად ჩაქსოვილია საქმიანი თამაში, აქტიური ლექცია (ილუსტრაციების აუდიტორიაში გადაცემით), საოფისე ეტიკეტის, მსმენელში თავშეკავებულობის, დროის ეფექტური გამოყენების ჩვევების აღზრდა. ამ მეთოდიკით მსმენელი მუშაობს ინდივიდუალურ ტემპში, სასწავლო ტესტების ამოხსნის თვითონ შეუძლია თავის შეფასება, საბოლოოდ კი შეფასდება საკუთარი შესაძლებლობების მიხედვით (ანალოგიურად ამერიკული სისტემისა წარმატება ყოველ მსმენელისთვის).
ვინაიდან საქმიანი თამაშის ჩატარება ძვირი სიამოვნებაა, შერჩეულია მარტივი თამაში თათბირზე და მოკლე (ბლიც) ტრენინგები. წინა ლექციაზე ამოხსნილი ტესტების პასუხებს მსმენელი მაგნიტოფონით ისმენს (მუსიკალური პაუზებით, რომელიც ხელს უწყობს დამახსოვრებას). ასევე მაგნიტოფონით ისმენს მსმენელი სატელეფონო კულტურის და სხვა სცენარებს. ამრიგად, ახალი მასალის ათვისება, ძირითადად, ტრენინგებზე წარმოებს.
რეალურად, ტრენინგის სცენარი ასეთი მარტივი არ არის, ის ფაქტობრივად უახლოვდება მხატვრულ კომპოზიციას და ამდენად, მსმენელთა დიდ ინტერესს იწვევს, თუმცა ბუნებრივია, დაღლაც უფრო მეტია, ვიდრე ლექცია – სემინარებზე.
ავტორებს კარგად ესმით, რომ მხოლოდ მსმენელთა აქტიურობა და დაინტერესება (რაც უკუკავშირის ანკეტებით ჩანს), ვერ აჩვენებს ამ ტექნოლოგიის (კოუჩინგის) ზუსტ ფასეულობას, რადგან საჭიროა ასევე საგანმანათლებლო პროცესის ხარისხის განსაზღვრა (თუნდაც პედაგოგ-მწვრთნელის, კოუჩერის თვითდიაგნოსტიკის კითხვებით).
მენეჯერთა მომზადების აქტიურ მეთოდებს, ტრენინგებს საქართველოში უფრო ფართე დანერგვა სჭირდება.
განათლების ტრადიციულმა სისტემამ თავის დროზე საუკეთესო შედეგები მოგვცა (ამის ნათელი მაგალითებია ჩვენი წარმატებები თუნდაც კოსმოსის და ატომური ენერგიის საკითხებში), მაგრამ XXI საუკუნის ახალმა ინფორმაციულმა, კომპიუტერულმა და რობოტულმა ტექნოლოგიებმა რევოლუციური ზეგავლენა მოახდინა არა მარტო განათლებაზე, არამედ თვით სახელმწიფოების პოლიტიკურ მოწყობასა და საზოგადოების დემოკრატიზაციაზეც.