საქართველოს ეკონომიკური ინტეგრაცია სამხრეთ კავკასიის რეგიონში
ევგენი ბარათაშვილი ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის დეპარტამენტის უფროსი დავით ბაიდოშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი, საქართველოს მთავარი პროკურატურის
სამხრეთ კავკასია, როგორც ეკონომიკური სივრცე, უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც ტერიტორიული საწარმოო-ეკონომიკური რთული სისტემა. ცალ-ცალკე უნდა შევისწავლოთ მისი ყველა შემადგენელი, განვსაზღვროთ თითოეული მათგანის მნიშვნელობა, ასევე, ადგილი საერთო სისტემაში. თუ სათანადო ანალიზს ასეთი მიდგომებით (სისტემური და სიტუაციური მიდგომების კომბინირებით, პრობლემის ცალკეული მხარების სპეციფიკის გათვალისწინებით) გავაკეთებთ, მდგომარეობას ეფექტურად შევაფასებთ, შეიქმნება საფუძველი იმისთვის, რომ სწორად განისაზღვროს მთელი სისტემის ფორმირების პრინციპები, მექანიზმები, მათი ეფექტიანი ფუნქციონირების გარემო.
სამხრეთ კავკასიის რეგიონი უნდა განვიხილოთ, როგორც მსოფლიოს ეკონომიკური სისტემის ნაწილი, მსოფლიო ბაზრის ტერიტორიული სეგმენტი. ამიტომ პრინციპული მნიშვნელობა აქვს სამხრეთ კავკასიის რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის კომპლექსურ შესწავლას, ამოქმედებას. რეგიონის საწარმოო-ბუნებრივმა პირობებმა განაპირობეს თითოეული ქვეყნის ეკონომიკის მეტ-ნაკლები კომპლექსურობა, სპეციალიზაციის, კონცენტრაციის შედარებით მაღალი დონე, ინტეგრაციული პროცესების გაღრმავების ობიექტური წანამძღვრები. სახეზეა ნავთობის, ნახშირის, ქიმიური მრეწველობის, შავი და ფერადი მეტალურგიის, ელექტროტექნიკური, მსუბუქი, კვების მრეწველობის, მანქანათმშენებლობის, სუბტროპიკული მეურნეობის, საკურორტო და ტურიზმის მეურნეობის სპეციალიზაციის განვითარება და სხვა.
ამრიგად, სამხრეთ კავკასიის რეგიონის საწარმოო ძალების განვითარების, ტერიტორიულ-ეკონომიკური კავშირების არსებული დონე ეკონომიკური ინტეგრაციული პროცესების გაღრმავების ერთ-ერთ უმთავრეს ფაქტორად შეიძლება მივიჩნიოთ. ასეთი წინაპირობების ფონზე უნდა ვივარაუდოთ, რომ ტერიტორიულ-ეკონომიკური კავშირების სრულყოფა ოთხი ძირითადი მიმართულებით (დონე) მოხდება.
პირველი მიმართულება (დონე) – რეგიონში შემავალი ქვეყნების (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი) შინა ბაზრების ფორმირება. მას საფუძვლად დაედება თითოეულ ქვეყანაში საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბების კონცეფცია, შესაბამისი ფულად-საკრედიტო, საგადასახადო, საბაჟო, სამრეწველო, აგრარული პოლიტიკა და ა.შ. საბაზრო ურთიერთობათა საფუძველზე ჩამოყალიბდება თითოეული ქვეყნის ეკონომიკური კომპლექსი, რაც მოამზადებს სათანადო მატერიალურ და ორგანიზაციულ საფუძველს უფრო მაღალი დონის ინტეგრაციული პროცესების გაღრმავებისათვის.
მეორე მიმართულება (დონე) – განვითარდება ინტეგრაციული პროცესები სამხრეთ კავკასიის ეკონომიკური სივრცის შექმნისათვის. არსებული ტერიტორიულ-საწარმოო კავშირების რაციონალიზაცია, უპირველეს ყოვლისა, საჭიროებს შესაბამისი ტერიტორიული ერთეულების (ქვეყნების) შეთანხმებულ კორდინაციას საწარმოო ძალების განვითარებისა და გადაადგილების სფეროში, ანგარიში უნდა გაეწიოს არსებულ სამეურნეო კავშირებს, ტრადიციებს. აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირი საქართველოსა და სომხეთს მიეწოდებოდა, ნავთობი-ბათუმის ქარხანას, რკინის მადანი – რუსთავის მეტალურგიულ კომბინატს. ასევე, სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკებს აზერბაიჯანი აწვდიდა ნავთობპროდუქტებს, ქიმიური მრეწველობის, მანქანათმშენებლობის, ჰიდროტექნიკური მრეწველობისა და სხვა პროდუქციას.
საქართველოს აზერბაიჯანსა და სომხეთში გაჰქონდა შავი ლითონის ნაგლინი, ფოლადის მილები, ფეროშენადნობი, ქვანახშირი, მინერალური სასუქები, ლითონსაჭრელი ჩარხები, სატვირთო ავტომანქანები და სხვა.
სომხეთი აწვდიდა აზერბაიჯანსა და საქართველოს ქიმიურ პროდუქციას, ლითონსაჭრელ ჩარხებს, ელექტროძრავებს, ხელსაწყოებს, ტრანსფორმატორებს, საკაბელო ნაწარმს და სხვა.
ცალკეული პროდუქციის ურთიერთმიწოდების ეს არასრული ჩამონათვალიც კარგად გვიჩვენებს სამხრეთ კავკასიის რეგიონში საწარმო ძალების განვითარების, შრომის ტერიტორიული დანაწილების პროპორციებსა და დონეს, სპეციალიზაციის მიმართულებებს.
სამხრეთ კავკასიის რეგიონში ახალი სამეურნეო-ტერიტორიული კავშირების სტრუქტურას და ინტენსივობას განსაზღვრავს თითოეული ქვეყნის ეკონომიკური დონე, თავისებურებები, ტრადიციები, მეურნეობრიობის გამოცდილება. სწორედ მათ საფუძველზე ქვეყნებს შორის ურთიერთობებში ობიექტურად უნდა შეირჩეს ის საერთო ინტერესები, რომლებიც განაპირობებს ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მიზანშეწონილობას, მაგალითად, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს ერთიანი სარკინიგზო, საზღვაო, საავტომობილო სატრანსპორტო კომუნიკაციები ემსახურებოდა. ნიშანდობლივია, რომ მათ მეურნეობის გაძღოლის ერთიანი საბჭოური კონცეფცია ჰქონდათ, საწარმოები, ორგანიზაციები ეკონომიკურად, ტექნოლოგიურად და ცალკეულ შემთხვევებში, ორგანიზაციულადაც ერთმანეთთან უშუალოდ იყვნენ დაკავშირებულნი და წარმოადგენდნენ ერთიანი სამეურნეო კომპლექსის (მეტალურგიული, ქიმიური და სხვა). შემქმნელ სუბიექტებს. ამიტომ ამ ქვეყნებში თითქმის იდენტური იყო ეკონომიკური აზროვნება. გარდა ამისა, უკანასკნელ წლებში ეროვნულ ეკონომიკათა კრიზისის მიზეზები, დეპრესიის პროცესები, სოციალურ-ეკონომიკური შედეგები თითქმის ერთგვაროვანია და მათ საერთო ხელწერა აქვთ. აღნიშნული თავისებურებანი, საწარმოო-ტერიტორიული ურთიერთობების საერთო ნიშნები არსებითად განსაზღვრავს თითოეული ქვეყნის საბაზრო ეკონომიკის განვითარების სტრატეგიას.
რა უპირატესობა ექნება სამხრეთ კავკასიის რეგიონის, როგორც ეკონომიკური სივრცის ფუნქციონირებას?
კომპლექსურად, რაციონალურად გადაწყდება ურთულესი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, მაგალითად, ენერგეტიკის ადგილობრივი რესურსების ბაზაზე განვითარება. თითოეულ ქვეყანას ცალ-ცალკე რესურსების არათანაბარი განაწილებისა და სუსტი ფინანსური რესურსების გამო, მათი ეფექტიანი ათვისება გაუძნელდება. საერთო ძალისხმევით კი, შეიქმნება სამხრეთ კავკასიის რეგიონის ენერგორესურსების კომპლექსურად გამოყენების, ექსპლოატაციის ერთიანი სისტემის ფუნქციონირების ხელსაყრელი პირობები. ასევე, სურსათის წარმოების, სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესის, ჯანმრთელობის, ეკოლოგიის და სხვა პრობლემები უფრო რაციონალურად გადაწყდება.
ეფექტიანად იქნება გამოყენებული რეგიონის გეოპოლიტიკური მდგომარეობა, როგორც სტრატეგიული რესურსი. შეიქმნება ევროპისა და აზიის დაინტერესებულ ქვეყნებთან სამეურნეო კავშირების, საერთაშორისო ტურიზმის, ვაჭრობის განვითარების, საინვესტიციო საქმიანობის, სახელმწიფოთაშორის ახალი ტიპის ურთიეთობათა ჩამოყალიბების, კულტურული, ჰუმანიტარული კონტაქტების გაძლიერების რეალური საფუძველი.
ეროვნულ ეკონომიკათა ინტეგრირებით, მათი ინტერესების დაცვით მრავალმხრივი კავშირების საფუძველზე ჩამოყალიბდება ერთობლივი საწარმოები, ორგანიზაციები, საფინანსო, საკრედიტო სტრუქტურები, გაღრმავდება წარმოებისა და მეცნიერების ინტეგრაციის პროცესი.
სამხრეთ კავკასიის რეგიონი ინტეგრაციული პროცესების გაძლიერების ფონზე უცხოური ინვესტიციების დაბანდების უფრო მიმზიდველი ობიექტი და საიმედო გარანტი გახდება. ამ მომენტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს დღევანდელი კრიზისული სიტუაციიდან ქვეყნების გამოყვანის დაჩქარებისათვის. ამჟამად კავკასიის არც ერთ ქვეყანას ინვესტიციების საკუთარი რეალური წყაროები არ გააჩნია. საჭიროა, რომ ფინანსური ინექციები გარედან ე.ი. ინვესტიციები სხვა ქვეყნებიდან შემოვიდეს. ამის ერთ-ერთი უმთავრესი პირობა კი პოლიტიკური სტაბილიზაციაა. ამასთან, მისი დონე თვით ეკონომიკის გაჯანსაღებაზე ბევრად არის დამოკიდებული.
სამხრეთ კავკასიის რეგიონში ინტეგრაციული პროცესების განვითარება სოციალურ-ეკონომიკური კონცეფციის საფუძველზე მოამზადებს ობიექტურ წანამძღვრებს საბაზრო ურთიერთობათა კავკასიის რეგიონული მოდელის შესაქმნელად. იგი არც ამერიკული, არც შვედური და არც იაპონური არ იქნება. იგი კავკასიის ქვეყნების თავისებურებების, მათი ხალხების შრომის, გამოცდილების, მეურნეობის გაძღოლის, თვითმმართველობის, სოციალური სამართლიანობის, ეკონომიკური ჰუმანიზმის, ტოლერანტობის პრინციპებზე აიგება.
სამხრეთ კავკასიას, როგორც თვითრეგულირებად ეკონომიკურ სივრცეს, ექნება შესაძლებლობა ღია საერთაშორისო ეკონომიკურ სისტემებში შევიდეს ეტაპობრივად, თანმიმდევრულად, გააერთიანოს მასში საკუთარი პოტენციალი, შეიტანოს ის ზოგადსაკაცობრიო, რომელიც მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებითაა შექმნილი და, რომელსაც ნამდვილად აქვს პერსპექტივა. ამით მას შეუძლია ბიძგი მისცეს ინტეგრაციული პროცესების უფრო გაღრმავებას, ხოლო იმავდროულად მსოფლიო მეურნეობიდან აიღოს ის, რაც რეგიონის, მასში შემავალი ქვეყნების კომპლექსურ, ბალანსირებულ განვითარებას სჭირდება.
მესამე მიმართულება (დონე) – სამხრეთ კავკასიის რეგიონის ეკონომიკური კავშირების გაძლიერება, ერთი მხრივ, შავი ზღვის აუზში შემავალ ქვეყნებთან, მეორე მხრივ, შუა აზიის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან, ირანთან, ყაზახეთთან, ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან. ამ ურთიერთობებში ცენტრალურ როლს შეასრულებს ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი. შუა აზიიდან, კერძოდ, ტაშკენტიდან მანძილი საქართველოს საზღვაო პორტებამდე 2000 კმ-ია, მაშინ, როცა სხვა უახლოეს საზღვაო პორტ ბანდერ-აბასამდე – 3900კმ-ია, სანკტ-პეტერბურგამდე – 4000კმ, ოდესამდე – 4230კმ და ა.შ. ასეთი კორიდორით შეიქმნება ერთიანი, გრანდიოზული სატრანსპორტო არეალი, რომელიც აღმოსავლეთიდან, ჩინეთის საზღვაო პორტებიდან გავრცელდება ჩრდილოეთ ევროპის საზღვაო პორტებამდე (ამსტერდამი, როტერდამი). სარკინიგზო მაგისტრალის მეშვეობით წყნარი ოკეანის სანაპიროდან ევროპამდე სარკინიგზო გადაზიდვების მანძილი 4000კმ-ით შემცირდება. აღნიშნული მარშრუტი 8000კმ-ით უფრო მცირეა, ვიდრე საზღვაო ტრასა სუეციის არხის გავლით და 15000 კმ-ით ნაკლები, ვიდრე კეთილი იმედის კონცხის შემოვლით. სპეციალისტების გამოთვლით, მისი ამოქმედება მნიშვნელოვანი მოგების წყარო იქნება 30 ქვეყნისათვის.
მაგალითად, ახალი მარშრუტით ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით 15 მლნ ტონა ტვირთის ტრანსპორტირება ყოველწლიურად დაახლოებით 3 მილიარდი დოლარის ეკონომიას უზრუნველყოფს, მნიშვნელოვნად ამაღლდება რეგიონის საინვესტიციო მიმზიდველობა, გაფართოვდება მათი ურთიერთობა საზღვარგარეთის პარტნიორებთან, რაც ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის ამოქმედების მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ ამ დერეფნით დაინტერესებას იჩენს საბჭოთა კავშირის ყოფილი რვა რესპუბლიკა, შავი ზღვის აუზის ქვეყნები, ჩინეთი, ირანი, ევროპის თანამეგობრობა. სხვადასხვა კონტინენტის, განვითარების მხრივ სხვადასხვა დონის ქვეყნების სურვილი საერთო ძალისხმევით გაიხნას ევროპა-კავკასია-აზიის დერეფანი, თავისთავად მეტყველებს მის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე.
აუცილებელია მომავალი დერეფნის ფუნქციონირების რამდენიმე პრინციპული მხარე განვიხილოთ.
ჯერ კიდევ უძველესი სავაჭრო გზა, რომელიც ცნობილია როგორც “დიდი აბრეშუმის” გზა, ორ კონტინენტს შორის არა მარტო საქონლის გაცვლას ემსახურებოდა, არამედ კულტურის დარგში ცვლილებებსაც. ეს ფუნქცია ძლიერ ფაქტორად დარჩება მომავალშიც. დღეს საქართველო, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, დაინტერესებულია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებით. იგი მსოფლიო ინტეგრაციულ პროცესებში ქვეყნის ეკონომიკის შესვლის ობიექტურ წანამძღვრებს შექმნის. აღნიშნული დერეფანი თავისი მნიშვნელობით ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას უდიდეს მასშტაბებს აძლევს. ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის საქართველოს მონაკვეთის ფუნქციები და მასშტაბები სწორად უნდა განისაზღვროს. აუცილებელია ქვეყნის ადგილობრივი პირობების, თავისებურებების, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინება. ეს დღის წესრიგში აყენებს, როგორც ეკონომიკური, ასევე ტექნიკურ-ორგანიზაციული და განსაკუთრებით სოციალური პრობლემების გადაწყვეტისადმი დიფერენცირებული მიდგომის აუცილებლობას. უნდა მომზადდეს დერეფნის მიზანშეწონილების არა მარტო ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, არამედ უნდა განისაზღვროს დერეფნის ფუნქციონირების სოციალური ასპექტებიც (მომავალი შედეგები). დერეფნის მასშტაბის განსაზღვრისას, მხედველობაში უნდა მივიღოთ არა მხოლოდ ევროპისა და აზიის ქვეყნებთან ტვირთბრუნვის პროგნოზული მონაცემები, არამედ ქვეყნის სხვადასხვა სატრანსპორტო არტერიების პოტენციური შესაძლებლობები (რკინიგზა, საავტომობილო ტრანსპორტი, ნავთობ/გაზსადენები, საჰაერო ტრანსპორტი, საზღვაო ტრანსპორტი). საჭიროა თითოეული მათგანის როლისა და მნიშვნელობის შეფასება და მათ საფუძველზე (სოციალურ პრობლემებთან კავშირში) ერთიანი მიდგომა. სატრანსპორტო არტერიების მოქმედების დაბალანსებასთან ერთად, საჭიროა საბაჟო, სავაჭრო, საბანკო საქმის მაღალი ორგანიზაცია, ინფრასტრუქტურის სხვა დარგების განვითარება.
თღAჩEჩA დღეს განიხილება, როგორც ტრანზიტული კორიდორი, რომელიც შეავსებს პირველ რიგში, უკვე არსებულ ევროპულ მარშრუტებს, ამასთან დაკავშირებით წარმოიშვება კასპიის, შავი, ადრიატიკის, ხმელთაშუა ზღვების სატრანსპორტო სისტემების გაერთიანების შესაძლებლობები. არანაკლებ მნიშვნელოვანია ენერგომატარებლების ტრანსპორტირების საკითხის გადაწყვეტა მილსადენი ტრანსპორტით. კერძოდ, ნავთობის ტრანსპორტირების აზერბაიჯანულ-ქართული მარშრუტი გახდა ერთ-ერთი მსხვილმასშტაბიანი პრიორიტეტული პროექტი საქართველოში, რომელიც მნიშვნელოვან საზღვარგარეთულ ინვესტიციებს იზიდავს, ამ პროექტის რეალიზაცია ქმნის საქართველოსა და აზერბაიჯანის ეკონომიკის სხვა სფეროებშიც უფრო აქტიური ინვესტირების წანამძღვრებს, აღარაფერი რომ არ ვთქვათ, სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების ამაღლებაზე.
მეორე მხრივ, ამ პროექტს მომავალი არ ექნებოდა, რომ არ ამოქმედებულიყო აზერბაიჯანიდან რუსეთის გავლით ნავთობის ტრანსპორტირების პროექტი, რადგან კონფლიქტის პირობებში, როცა ნავთობსადენები გადიან “ცხელ წერტილებში” ან მათ სიახლოვეს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ალტერნატიული მილსადენების არსებობას.
ეკონომიკური თვალსაზრისით, აზერბაიჯანი და საქართველო არ წარმოადგენენ სტრატეგიულ კონკურენტებს. ეს იმით აიხსნება, რომ აზერბაიჯანს აქვს ნავთობი და გაზი, საქართველოს კი – საზღვაო გასასვლელი ოკეანეში და თურქეთთან უშუალო მეზობლობა. თითოეულ მათგანს აქვს საკუთარი, ხშირ შემთხვევაში, უნიკალური საწარმოო პოტენციალი. აღნიშნულიდან ცხადია, აზერბაიჯანი და საქართველო არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც კონკურენტები, ისინი უფრო სტრატეგიული ეკონომიკური პარტნიორები არიან.
საქართველო იმითაა დაინტერესებული, რომ კასპიის ნავთობი და გაზი მისი ტერიტორიის გავლით ტრანსპორტირდებოდეს დასავლეთში, რაც იმავდროულად წარმოადგენს აზერბაიჯანის ეკონომიკურ ინტერესსაც, რადგან ამ შემთხვევაში, ყველა ტვირთი აღმოსავლეთიდან დასავლეთით და პირიქით გაივლის მის ტერიტორიაზეც.
იმავდროულად, ქვეყანათშორისი ეკონომიკური კონკურენციის არსებობა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, არ უნდა აღვიქვათ, როგორც განვითარების საბაზრო სტიმულების არარსებობის მიზეზი: ამ ქვეყნებს ჰყავთ სხვა კონკურენტი ქვეყნები, ისინი კი წარმოადგენენ, როგორც ეკონომიკურ პარტნიორებს რეგიონთაშორის კონკურენციაში. აზერბაიჯანისა და საქართველოს ეკონომიკური პარტნიორობა შეიძლება გახდეს (რაც გარკვეული ზომით პრაქტიკითაც დასტურდება) “მაგნიტი” სხვა სუბიექტების მოსაზიდათ, არა მხოლოდ სამხრეთ, არამედ მთელი კავკასიიდან (თუმცა, სამწუხაროდ, ყველა როდი აღიარებს რეგიონის სტრატეგიული ეკონომიკური პარტნიორობის უპირატესობას).
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სტრატეგიული ეკონომიკური პარტნიორობა ის ფუნდამენტია, რომელზეც შესაძლებელია და უნდა აიგოს სამხრეთ კავკასიის ეკონომიკური სისტემა.
სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეკონომიკური დინამიკის ანალიზი რთულია იმის გამო, რომ რეგიონის სამი ქვეყნის გეოპოლიტიკური, გეოეკონომიკური სივრცეები ღრმადაა ერთმანეთთან გადაჯაჭვული, ურთიერთგანპირობებული და ურთიერთდამოკიდებული. სამხრეთ კავკასიის ეკონომიკური დინამიკის შეფასება 4 პოზიციით შეიძლება მოხდეს:
პირველი პოზიცია – მაასტრიხტის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შეფასება და ევროკავშირთან ინტეგრაციის გაღრმავება.
მეორე პოზიცია – ეკონომიკური პროცესების მიზანმიმართულების შეფასება, ადამიანის ცხოვრებისათვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად.
მესამე პოზიცია – მაკროეკონომიკური ეფექტიანობის შეფასება.
მეოთხე პოზიცია – განვითარების მდგრადობის შეფასება. ამ პოზიციით ჩვენთვის მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ, თუ მიღწეული მაჩვენებლები (შედეგები) რამდენად სტაბილურია და შექმნილია თუ არა ქვეყანაში წანამძღვრები მომავალში მდგრადი ზრდისათვის.
1. სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეკონომიკური დინამიკის შეფასებისას, პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ სამივე ქვეყნის სურვილი ევროკავშირში შესვლის შესახებ და ფაქტიური მონაწილეობა “ევროპის სამეზობლო პოლიტიკის” პროგრამაში. ასეთ სიტუაციაში, მიზანშეწონილია განვიხილოთ, სამხრეთ კავკასიის ქვეყნები რამდენად შეესაბამებიან ევროკავშირის ქვეყნებისათვის დადგენილ კრიტერიუმებს, რომლებიც განმტკიცებულთა მაასტრიხტის შეთანხმებაში. ამ შეთანხმებით ინფლაციის (%-ში) მიზნობრივი მაჩვენებელია – 2,5%, სახელმწიფო ვალის (%-ად მშპ-სთან) – 60%, სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი (%-ად მშპ-სთან) – (-3%), გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთი – 5,4%. 2008-2009 წლებში საქართველო ინფლაციის, სახელმწიფო ვალის, სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის, გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთების მაჩვენებლებით სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველ ადგილზე იმყოფება.
დადგენილი კრიტერიუმებიდან სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისათვის შედარებით პრობლემატურია ინფლაცია და გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთი (განსაკუთრებით აზერბაიჯანისა და საქართველოსათვის).
იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სამივე ქვეყანა ატარებს პოლიტიკას, რომელიც მიმართულია საზღვარგარეთული ინვესტიციების მოზიდვისაკენ, ზემოთ აღნიშნულ მაჩვენებლებთან შესაბამისობა უახლოეს წლებში მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული მაკროეკონომიკური და, განსაკუთრებით, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ხარისხზე, კაპიტალის ინტენსიური შემოდენის პირობებში.
დღესდღეობით, მაასტრიხტის კრიტერიუმებთან შესაბამისობის თვალსაზრისით, სომხეთი იმყოფება ყველაზე კარგ მდგომარეობაში. აზერბაიჯანისა და საქართველოსაგან განსხვავებით, სომხეთი იმყოფება დაბალი ინფლაციის ზონაში. საქართველოს მონეტარული ხელისუფლების მიერ გატარებული მაკროეკონომიკური და, კერძოდ, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შეფასებით, უახლოეს წლებში მოსალოდნელია ინფლაციასთან და მთლიანად მაკროეკონომიკურ სტაბილიზაციასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები. ეს პრობლემები, ძირითადად, განპირობებულია იმით, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს არ გააჩნია ინსტრუმენტების სათანადო ნაკრები ეფექტიანი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გასატარებლად.
უახლოეს წლებში სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისათვის ერთ-ერთ ძირითად ამოცანად რჩება ფინანსური სექტორის განვითარება და ფინანსური შუამავლობის დონის ამაღლება. ფინანსური შუამავლობის დონის მახასიათებელი მაჩვენებლები სამივე ქვეყანაში საკმაოდ დაბალ დონეზეა. მაგალითად, საბანკო სისტემის აქტივების თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან სამივე ქვეყანაში არ აღემატება 20%-ს, რაც ასევე ართულებს ეფექტიანი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარებას კონკურენციის დაბალი დონის პირობებში და წარმოადგენს მნიშვნელოვან დაბრკოლებას საპროცენტო განაკვეთის შესამცირებლად.
როგორია ევროკავშირთან ინტეგრაციის პერსპექტივები?
ეკონომიკური თვალსაზრისით, თბილისს ბრიუსელისათვის არა აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა, როგორც ნედლეულის მომწოდებელს ან სამომხმარებლო საქონლის ბაზარს. თუმცა, საქართველო დამაკავშირებელი ხიდია ვაჭრობისა და კომუნიკაციებისათვის სამხრეთ კავკასიას, ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის. უფრო მეტიც, ენერგომატარებლების მიწოდების დივერსიფიკაცია წარმოადგენს ევროკავშირის ერთ-ერთ ძირითად ამოცანას და საქართველოს, თავისი გეოგრაფიული ადგილმდებარეობის წყალობით, შეუძლია დახმარება გაუწიოს ამ ამოცანის შესრულებაში. ამ ქვეყანაზე გამავალ ტრანზიტული გზების დიდ ნაწილს შეუძლია გვერდი აუაროს “არასტაბილურ ქვეყნებს” და უზრუნველყოს ევროპა შუა აზიისა და კასპიის ზღვის რესურსებთან პირდაპირი კავშირით. ამრიგად, საქართველოს შეუძლია გახდეს ერთ-ერთი ძირითადი ალტერნატიული არტერია. თავის მხრივ, იგი მიისწრაფვის ტრანზიტულ ქვეყნად გახდომას, ეკონომიკური მოგების მიღებისა და თავისი ენერგეტიკული პრობლემების გადაწყვეტის მიზნით. ამასთან ერთად, კონფრონტაციულობის დონის გაძლიერების შემთხვევაში, როგორც თავად საქართველოში, ისე რუსეთთან ურთიერთობებში, ინვესტორებს შეიძლება შიში გაუჩნდეთ იმის გამო, რომ თბილისი ვერ მოახერხებს ევროკავშირისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მილსადენებისათვის უსაფრთხოების გარანტიას.
ეკონომიკურ სფეროში ევროკავშირი პოტენციურად წარმოადგენს საქართველოსთვის ძირითად დასავლურ სავაჭრო პარტნიორს და საინვესტიციო კაპიტალის წყაროს. დამოუკიდებლობის გამოცხადების მომენტიდან ტასის-ის პროგრამამ ხელი შეუწყო ქვეყნის საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლასა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლას. გარდა ამისა, სასურსათო უსაფრთხოების პროგრამა გახდა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი სოფლის მეურნეობისა და სახელმწიფო ფინანსების მართვის სფეროებში.
მიუხედავად ამისა, ბრიუსელმა უგულვებელყო თბილისის მცდელობა, დაჩქარებული ტემპებით შეექმნა თავისუფალი ვაჭრობის ზონა ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ამის ფორმალური მიზეზია – საქართველოში კვების მრეწველობის სტანდარტების მნიშვნელოვანი გაუმჯობესებისა და საერთოევროპული ნიმუშის სპეციალური საექსპორტო სერტიფიკატების შემოღების აუცილებლობა. ცხადია, რომ ეკონომიკურ სფეროში ევროკავშირს საქართველო აინტერესებს, როგორც ტრანზიტული ქვეყანა და ნაწილობრივ, როგორც საინვესტიციო სივრცე. თუმცა, ევროკავშირი არ არის დაინტერესებული საქართველოსთან ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავებით, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების დაბალი დონის, მრეწველობის პერსპექტიული დარგებისა და ნედლეულის ბუნებრივი წყაროების არარსებობის გამო. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან წარმოადგენს საზღვარგარეთულ მოდელზე დამოკიდებულების ერთ-ერთ ფორმას, როგორც პოლიტიკის, ისე ეკონომიკის სფეროში. ევროკავშირი, საქართველოსთან კავშირების გაფართოებით, ცდილობს სამხრეთ კავკასიაში თავისი ყოფნის განმტკიცებას.
ევროპული მიმართულება ერთ-ერთი ძირითადი გახდა სომხეთის საგარეო პოლიტიკაში. ერევანი, იზოლაციის დაძლევის მიზნით, სულ უფრო მეტად იხრება ბრიუსელის მხარეს. სომხეთისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს თანამშრომლობის პროგრამას ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობიდან ევროკავშირთან ინტეგრაციაზე გადასვლას განსაზღვრულ სფეროებში. იმის შესახებ, რომ სომხეთის კურსი ევროპულ ინტეგრაციაზე დეკლარაციულ ხასიათს არ ატარებს, მეტყველებენ ბოლო წლებში გატარებული რეფორმები ეკონომიკურ, სოციალურ და საკანონმდებლო სფეროებში, ეკონომიკის ლიბერალიზაციის პროცესი, აგრეთვე სტაბილური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები. ევროპასთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ერევანისთვის პრიორიტეტულია. ევროკავშირი სომხეთს უწევს დონორულ დახმარებას რიგი ისეთი პროგრამების მეშვეობით, როგორებიცაა ტასისი, სასურსათო უსაფრთხოება, ფინანსური დახმარება და ა.შ. ამრიგად, დამატებითი ფინანსური დახმარება ევროკავშირის მიერ, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება, ეკონომიკური კანონმდებლობის ჰარმონიზაცია, სავაჭრო სატარიფო შეზღუდვების თანმიმდევრული შემცირება, ხელს შეუწყობს ინვესტიციების ზრდას, სომხეთის ექსპორტისა და ეკონომიკის განვითარებას. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ ბრიუსელის ერევანისათვის დახმარების ძირითადი მიზანია, მისი საგარეო პოლიტიკის ევროპული მიმართულებით პერეორიენტაცია. შესაბამისად, რუსეთმა სომხეთთან პოლიტიკური მოკავშირეობის მიღწეული დონის შესანარჩუნებლად, აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს მის ეკონომიკურ ცხოვრებაში, თუმცა, კავშირურთიერთობის ამ სფეროს სათანადო ყურადღება არ ექცევა.
უნდა აღინიშნოს, რომ სამხრეთ კავკასიაში ყველა მსხვილმასშტაბიანი ეკონომიკური პროექტი სომხეთის გვერდის ავლით ხორციელდება. შესაბამისად, ერევანი დგამს ნაბიჯებს ევროკავშირთან დასაახლოვებლად, რათა იზოლაციაში არ აღმოჩნდეს, რაც გამოიწვევს მის ეკონომიკურ ჩამორჩენას განვითარებადი მეზობლებისაგან.
რაც შეეხება ბაქოს, ევროკავშირი დაინტერესებულია აზერბაიჯანთან სწორედ ეკონომიკური თანამშრომლობით, რომელიც წარმოადგენს ენერგორესურსების მიმწოდებელს და მნიშვნელოვან სატრანზიტო ქვეყანას. ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს რეგულარულ დიალოგს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის სფეროში, ევროპული ბაზრის თანდათანობითი გახსნით აზერბაიჯანის ევროპულ სტანდარტებთან მიახლოების კვალობაზე.
ბაქომ მოახერხა დიდი წარმატებების მიღწევა ევროპულ ქვეყნებთან სწორედ ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროში. ბაქოსთვის ევროკავშირი ხდება პერსპექტიული რეგიონული პროექტებისა და ინვესტიციების მნიშვნელოვანი წყარო. ამავე დროს, ქვეყანა ინარჩუნებს თავის თვითსაკმარისობას, ენერგორესურსებისა და განვითარებული საგარეო ეკონომიკური კავშირების მეშვეობით, როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის მიმართულებით.
ევროკავშირი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ურთიერთკავშირებს ენერგორესურსების ტრანსპორტირების სფეროში კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპაში. ცხადია, რომ ის, ვინც აკონტროლებს ენერგორესურსებს და მისი ტრანსპორტირების მარშრუტებს, ქმნის გეოპოლიტიკას. დღესდღეობით აზერბაიჯანი არჩევანის წინაშეა: დამოუკიდებლად, მაგრამ ევროკავშირის მხარდაჭერით გავიდეს ენერგორესურსების დასავლურ ბაზარზე ან იმოქმედოს მოსკოვთან მჭიდრო თანამშრომლობით. პირველ შემთხვევაში, ეს იძლევა მოქმედების მეტ თავისუფლებას, მეორე შემთხვევაში კი – მზა ინფრასტრუქტურას, გამოცდილებას და ერთობლივი პროექტების საინვესტიციო მხადაჭერას.
ევროკავშირი ტასის-ის, ტრასეკ-ის, ინოგეიტ-ის გრძელვადიანი პროგრამების განხორციელებით, თავის ერთ-ერთ ძირითად მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიაში გაბატონებული ეკონომიკური პოზიციების დაკავებას, ანუ რეგიონის გამოყვანას რუსეთის ენერგეტიკული და სატრანსპორტო დამოკიდებულებიდან, რაც მოისაზრება ერთ-ერთ საკვანძო ამოცანად აღნიშნული სტრატეგიული მიზნის ფარგლებში. მართლაც, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ინტეგრაციამ ევროპულ სტრუქტურებში შეიძლება რუსეთი მთლიანად გამოდევნოს ამ რეგიონიდან, ტრასეკა-ს სატრანსპორტო კორიდორის განვითარებამ კი გადაუკეტოს გზა ინდოეთის, ირანის და სამხრეთ აზიის სხვა ქვეყნებისაკენ. ევროკავშირის სურვილია კასპიის პერსპექტიული ნავთობმატარებელი რეგიონისაკენ პირდაპირი გასვლის უზრუნველყოფა. ამ მიზნის მიუღწევლობის შემთხვევაში, ევროკავშირი აღმოჩნდება ენერგომატარებლების მიწოდებაზე ორმაგ დამოკიდებულებაში: რუსეთიდან და კასპიის რეგიონიდან, მაგრამ რუსეთის შუამავლობით. ეს კი პირდაპირ ზიანს მიაყენებს ევროპის ინტერესებს, რომელიც მიისწრაფვის ნავთობისა და გაზის იმპორტის წყაროების დივერსიფიკაციისაკენ.
ევროკავშირისაგან განსხვავებით, რუსეთი არ აპირებს სამხრეთ კავკასიის ჩართვას გლობალურ გეოპოლიტიკურ პროექტებში. აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ წამყვანი მსოფლიო და რეგიონული მოთამაშეების – რუსეთისა და ევროკავშირის სტრატეგიული ინტერესების შეჯახებამ შეიძლება შექმნას სამხრეთ კავკასიის დაჩქარებული პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების პირობები და, მეორე მხრივ, ამ მეტოქეობამ შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს რეგიონის ისედაც ფართო კონფლიქტური პოტენციალი, ამიტომ რუსეთი და ევროკავშირი უფრო მეტად დაინტერესებულნი უნდა იყვნენ არა გეოპოლიტიკური მეტოქეობით, არამედ თავიანთი პოლიტიკის კოორდინაციით სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
2. ეკონომიკური პროცესების მიზანმიმართულების შეფასება, ადამიანის ცხოვრებისათვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად.
ცხოვრების ხარისხი სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მიერ დეკლარირებული ოფიციალური მაჩვენებლების შესაბამისად, სამივე ქვეყანაში დაახლოებით ერთ დონეზეა. თუ გავაანალიზებთ ზოგიერთ დამოუკიდებელ წყაროს, სიტუაცია რამდენადმე იცვლება. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ საშუალო ხელფასის დონე სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყანაში დაახლოებით ერთ დონეზეა, საქართველოში სოციალური დაძაბულობა უფრო გამოხატულია, სადაც სიღარიბის დონე შენარჩუნებულია სომხეთთან და აზერბაიჯანთან შედარებით უფრო მაღალ დონეზე.
აზერბაიჯანში, ზოგიერთი შეფასებით, უმუშევარი შრომისუნარიანი მოსახლეობის რაოდენობა 1 მილიონ ადამიანს აღწევს, რაც არსებითად ამაღლებს ოფიციალურ მაჩვენებელს.
სომხეთი და აზერბაიჯანი მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან საქართველოს ინფორმაციული ტექნოლოგიების მოსახლების ფართო ფენებისათვის მისაწვდომობის თვალსაზრისით.
3. ეკონომიკის ფუნქციონირების მაკროეკონომიკური ეფექტიანობა. მაჩვენებელთა მესამე ბლოკი ახასიათებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეკონომიკების ფუნქციონირების ეფექტიანობას, ანუ სხვა სიტყვებით, რამდენად ეფექტიანადაა მოწყობილი სახელმწიფო.
ბოლო წლებში სამივე ქვეყანაში შეიმჩნევა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები. სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ექსპორტისა და იმპორტის სტრუქტურის ანალიზით შეიძლება გაკეთდეს ერთი არსებითი დასკვნა, სამივე ქვეყნისთვის ექსპორტის ძირითადი მუხლებია სანედლეულო საქონელი.
აზერბაიჯანისათვის ესაა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, საქართველოსთვის ძირითადად შავი და სხვა ლითონი და ღვინის ნაწარმი, სომხეთისთვის – იაფფასიანი ლითონები და კვების პროდუქტები. სამივე ქვეყნის ექსპორტის სტრუქტურაში პრაქტიკულად არ არსებობს რთული კონსტრუქციის საქონელი, რაც მეტყველებს წარმოების ტექნოლოგიზაციის დაბალ დონეზე. თუმცა, შეიძლება ვამტკიცოთ, რომ შედარებით რთულად სტრუქტურირებული და უფრო დივერსიფიცირებული სომხეთის ექსპორტია.
სომხეთში და საქართველოში, აზერბაიჯანისაგან განსხვავებით, სადაც იმპორტის მუხლები დაკავშირებულია ნავთობმომპოვებელ დარგთან, იმპორტი შედარებით რთულადაა სტრუქტურირებული.
მდგრადი განვითარების მახასიათებელი მაჩვენებელია რესპუბლიკათაშორისო ინტეგრაციული პროცესების შეფასება. რაც უფრო სწრაფად დაიწყება ინტეგრაციული პროცესები სამხრეთ კავკასიაში, მით უფრო მეტად რეალიზდება თითოეული ქვეყნის არსებული პოტენციალი.
გლობალიზაციის გამომწვევი მიზეზები სამხრეთ კავკასიის რეგიონის და მისი შემადგენელი ქვეყნების მიმართ ძირითადად შემდეგნაირად წარმოგვიდგენია:
პირველი – საჭირო და აუცილებელია გლობალიზაციის სწორი გაგება და მის მიმართ გაწონასწორებული და გონიერი დამოკიდებულება. საჭიროა გლობალიზაციის არსი მის ყველა განზომილებაში და გლობალიზაციისადმი დამოკიდებულება გავხადოთ ცალსახა, ვაღიაროთ, რომ გლობალიზაცია არის ეკონომიკური ზრდა-განვითარების საუკეთესო საშუალება.
მეორე – გლობალიზაცია რეგიონის ქვეყნებს (მათ შორის, საქართველოს) უქმნის შესაძლებლობას, მოახდინონ თავიანთი ეროვნული ეკონომიკის სტრატეგიის ადაპტირება გლობალიზაციის დინამიკასთან მიმართებაში, თავიანთი ეკონომიკის სტრატეგია შეუხამონ ევროპული და აზიური რეგიონალიზმის განვითარებას, აგრეთვე, ყველა დონის ინტეგრაციულ პროცესებს.
მესამე – ეს არის გლობალიზაციის პირობებში ეროვნული საქონელწარმოების დაცვის პრობლემა, რომელიც საჭიროებს ძალიან აწონ-დაწონილ მიდგომას. არ უნდა შევქმნათ ისეთი სიტუაცია, როდესაც, მაგალითად, საქართველო ხელიდან გაუშვებს სარგებლიანობას, მათ შორის, თუნდაც აზიის ეკონომიკურ კავშირში მიმდინარე ლიბერალიზაციის პროცესებში მონაწილეობით. სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნებისა და კონკრეტულად საქართველოსათვის ხელსაყრელია მსოფლიო ბაზართან ურთიერთქმედების ისეთი პოლიტიკა, რომელიც ადგილობრივ მწარმოებელს თავისი პროდუქციის ხარისხისა და ტექნოლოგიური დონის ამაღლების სტიმულს მისცემს ლიბერალიზაციის, ვაჭრობისა და ინვესტიციების წესებისა და სტანდარტების გამოთანაბრების მეშვეობით. ამ კონტექსტში საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნების ინტერესებს უპასუხებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება (საქართველო უკვე რამდენიმე წელია არის ამ ორგანიზაციის წევრი).
მეოთხე – როგორ იქნეს გამოყენებული სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ინტერესების სასარგებლოდ დასავლეთ ევროპის გაერთიანებასთან და აზიის რეგიონთან მრავალმხრივი ურთიერთობის შესაძლებლობები. გლობალიზაციის ამ გამოწვევასთან ღირსეული პასუხი დაკავშირებულია საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ეკონომიკების მეურნეობის ახალ გლობალურ პირობებთან ადაპტაციის გადაწყვეტის ამოცანასთან.
მეხუთე – როგორ იქნეს გამოყენებული დასავლეთ ევროპისა და აზიის ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესაძლებლობები საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნების უსაფრთხოებისა და იმ საშიშროების თავიდან ასაცილებლად, რაც დაკავშირებულია მსოფლიო საფინანსო რყევების წარმოქმნასთან, ელექტრონული ვაჭრობის გავრცელებასთან, ვაჭრობის ლიბერალიზაციასა და აზიაში ინვესტიციებთან.
მეექვსე – ინტერნაციონალური ძალისხმევით როგორ გამოვაცოცხლოთ საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური პოტენციალი და როგორ გამოვიყენოთ ის გლობალური და რეგიონული ცოდნის კონტექსტში.
გლობალიზაციის ყველა ზემოთ მითითებული გამოწვევების მიმართ ეფექტიან პასუხზე არის დამოკიდებული სამხრეთ კავკასიის რეგიონის და, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკის განვითარების დინამიზმი. ამიტომ ეს გარემოება აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნებისა და, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფოს საერთო ეკონომიკური სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელებისას.
დღეს თითქმის არავისში ბადებს ეჭვს ის გარემოება, რომ ეკონომიკური გლობალიზაციის თანამედროვე პირობებში ნებისმიერი ქვეყნის წარმატებული განვითარება შეუძლებელია მსოფლიო ბაზართან ურთიერთობის გარეშე და ქვეყნის შიდაეკონომიკური და საფინანსო პოლიტიკის გლობალურ და რეგიონულ ლიდერებთან კოორდინაციის გარეშე.
საქართველოს, როგორც ეროვნული სახელმწიფოს დასავლური კურსი, საყოველთაოდ ცნობილია. მაგრამ ქვეყნისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ინტერესები მოითხოვს საქართველოსა და აზიის რეგიონის ურთიერთობის, როგორც ცალკე პრობლემის, სტრატეგიის დამუშავებას. ამოსავალ საყრდენად ამ შემთხვევაში მიჩნეული უნდა იქნეს მიდგომები, რომლებიც გულისხმობს, რომ ინტერესების შეხამების მექნიზმები არ უნდა იყოს ერთხელ და სამუდამოდ განსაზღვრული; მათ უნდა ჰქონდეთ მანევრირების სივრცე და იცვლებოდნენ გარე ვითარებისა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის შესაბამისად და, მაშასადამე, საქართველოს ეკონომიკის გლობალიზაციისა და აზიის რეგიონებისადმი ადაპტაციის შესაბამისად, აღნიშნულის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ საჭიროა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სტრატეგია დამუშავდეს ე.წ. ეკონომიკური გლობალიზაციის “ორ ფეხზე”, რაც გულისხმობს ევროპულს-დასავლეთ-ევროპული ინტეგრაციის გზას და აზიურს – აზიური გზით ინტეგრაციას. შეცდომა რომ არ დავუშვათ, ევროპასა და აზიასთან ურთიერთობის საკითხში, საქართველოს ადგილის განსაზღვრისას, ჩვენი აზრით, საჭიროა, გამოვიყენოთ საქართველოს ორი დონის, ორი სახის შეხედულება. პირველი ეს არის შეხედულება საქართველოზე მთლიანად, როგორც გლობალური, მსოფლიო ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესების მონაწილეზე, ხოლო მეორე, საქართველოზე, როგორც გეოეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ სივრცეში განლაგებულ ქვეყანაზე.
ასეთი ორი სახის, ორი დონის მიდგომა, თანამედროვე მსოფლიოში საქართველოს ადგილის მიმართ საშუალებას გვაძლევს სწორად და უშეცდომოთ დავინახოთ ჩვენი ქვეყნის ადგილი ევროპასთან და აზიასთან ურთიერთობაში, ევროკავშირისა და აზიის რეგიონის კავშირის ქვეყნებთან ურთიერთობაში. ასეთი მიდგომებით გამოიკვეთება საქართველოს როლი, სახე და ადგილი ორ განზომილებაში – გლობალურ ეკონომიკაში და რეგიონულ ეკონომიკაში. ჯერჯერობით, საქართველოს ეკონომიკის გლობალური ხასიათი საკმაოდ მოკრძალებულია ჩვენი ეკონომიკის გახანგრძლივებული მძიმე კრიზისის გამო და გამოიხატება ტვირთების გადაზიდვით, რომელიც უახლოეს პერსპექტივაში საგრძნობლად გაიზრდება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და გაზსადენის ექსპლუატაციაში შესვლით.
აქედან შეიძლება მნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანა: საქართველოს განვითარების სოციალურ-ეკონომიკური კონცეფცია უნდა ითვალისწინებდეს ევროპულის და ამერიკულის პარალელურად, რუსეთის ფაქტორსაც, ამიტომ საქართველოს სტრატეგია უნდა აიგოს გამომდინარე ორსახოვანი მდგომარეობიდან – როგორც გლობალური ეკონომიკიდან და როგორც რეგიონული ეკონომიკიდან. ჩვენ გვჭირდება ისეთი პოლიტიკა და ისეთი მექანიზმები მისი განხორციელებისათვის, რომლებიც უზრუნველყოფენ საქართველოს გლობალური ინტერესების რეგიონულ ინტერპრეტაციას და სამხრეთ კავკასიის რეგიონის სუბიექტების გლობალურ ხედვასა და ამოკითხვას მსოფლიოს მოცემულ მონაკვეთში. ჩვენი ხედვის არსი იმაში გამოიხატება, რომ გლობალური და რეგიონული ერთმანეთს კი არ უნდა უპირისპირდებოდნენ, არამედ უნდა ერთმანეთს შეთანხმებულად ავსებდნენ საქართველოს მიერ სტრატეგიის შემუშავებისა და რეალიზაციის პროცესში. საკითხის კიდევ უფრო დაზუსტებისათვის აღვნიშავთ, რომ საქართველომ სამხრეთ კავკასიის რეგიონის ფარგლებში, პერსპექტივაში უნდა უზრუნველყოს აზიის რეგიონის ეკონომიკასთან გლობალიზაციისა და რეგიონალიზაციის პროცესის მკვეთრად გაძლიერება.
საქართველოს და მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონს განვითარების ევროპულ ფაქტორზე დაყრდნობით გარკვეულ დრომდე შეუძლია განვითარდეს აზიის რეგიონთან ღრმა თანამშრომლობის გარეშე, მაგრამ, ამასთან ერთად, ჩვენს ქვეყანასა და რეგიონსაც, ამით ექნებათ გარკვეულად მნიშვნელოვანი დანაკარგი, პირველ რიგში, დაკავშირებული ისეთი ეკონომიკურ გაგებასთან, როგორიცაა ხელიდან გაშვებული ხელსაყრელობა და სარგებლიანობა.
საქართველოს სტრატეგიული მიზანია აზიის რეგიონთან ურთიერთობაში საქართველო გადაიქცეს ეკონომიკური, საფინანსო, კომუნიკაციური, კულტურული, ცივილიზებული მიმართულებებით ევროპული და აზიური რეგიონის დამაკავშირებულ რგოლად. საქართველოსათვის საშუალოვადიან პერსპექტივად აზიის რეგიონთან ურთიერთობაში უნდა მივიჩნიოთ ეკონომიკურ და ფინანსურ ინტეგრაციაში აქტიური მონაწილეობა, ხოლო მოკლევადიანი მიზნები დაკავშირებულია ორმხრივი ურთიერთობების განვითარებასთან მეზობელ ქვეყნებთან, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და სხვებთან.
ამრიგად, სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული პრობლემების დარეგულირების თვალსაზრისით, რამდენიმე მიდგომა გვესახება. პირველი მიდგომა გულისხმობს განხილულ იქნეს სამხრეთ კავკასიის რეგიონის საერთო-ეკონომიკური და ფინანსური ინტეგრაციის შესაძლებლობის საკითხი. პერსპექტივაში შესაძლებელია მიზანშეწონილი იყოს ერთიანი სამხრეთ კავკასიის რეგიონის საერთო ვალუტის შემოღება და ერთიანი ბაზრის შექმნის კონცეფციების დამუშავება.
მეორე მიდგომა სამხრეთ კავკასიის რეგიონის ეკონომიკას განიხილავს, როგორც პერსპექტივაში ერთიან ეკონომიკურ და საფინანსო სივრცეს. მაგრამ, ამასთან, ჩვენ აღნიშნულ სამხრეთ კავკასიის სივრცეს მივიჩნევთ არა როგორც დასავლეთ ევროპული ინტეგრაციის დაპირისპირებულ ფენომენს, არამედ ისეთად, რომელსაც პერსპექტივაში უნარი უნდა შესწევდეს, შექმნას ევროკავშირის ტიპის რეგიონალიზმი და, რომელიც უფრო შორეულ პერსპექტივაში გახდება ერთიანი მსოფლიო ბაზრის შემადგენელი ნაწილი.
მესამე მიდგომა გამომდინარეობს სამხრეთ კავკასიის ეკონომიკის ინტეგრაციის ეტაპობრივი განვითარებიდან. ცხადად იკვეთება ინტეგრაციული თანამშრომლობისაკენ სწრაფვა შავი ზღვის აუზის ქვეყნების რეგიონში.