სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის საკითხისათვის
ეკა ლეკაშვილი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
პრობლემის აქტუალურობა:
სასურსათო უსაფრთხოება არის საზოგადოებისა და მისი წევრების აუცილებელი საარსებო პირობა, რომელიც ოთხ ძირითად კომპონენტს მოიცავს: 1. მოსახლეობის საჭირო რაოდენობის სურსათით უზრუნველყოფა; 2. დაბალანსებული კვება; 3. სურსათის უვნებლობა; 4. კვების მატერიალური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა.
საქართველოში ყოველდღიურ რაციონში დაბალია სურსათის ენერგეტიკული ღირებულება და სასურსათო უსაფრთხოების საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს არ შეესაბამება. ამასთან, კვლევები გვიჩვენებს, რომ მცირდება ეროვნული სასურსათო პროდუქტებით მოსახლეობის უზრუნველყოფის დონე, იმპორტირებული სურსათის მოცულობის ზრდის ხარჯზე. გამოიკვეთა მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილის შემცირების ტენდენცია.
სურსათის უვნებლობისა და ხარისხის მართვის მხრივ საქართველოში მძიმე მდგომარეობაა. სამომხმარებლო ბაზარი გაჯერებულია უხარისხო პროდუქციით. საკვები პროდუქტების ხარისხი და უვნებლობა, როგორც საერთაშორისო და ეროვნული უსაფრთხოების კომპონენტი, პრიორიტეტულ მიმართულებაა ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსსა და ევროკავშირში. საქართველოს სტრატეგიული ორიენტაცია აღნიშნულ სტრუქტურებთან ინტეგრაციის თვალსაზრისით სურსათის უვნებლობისა და ხარისხის მართვის აქტუალურობას ზრდის.
მეცნიერულ კვლევას მოითხოვს საკვების მატერიალური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის საკითხი, რადგანაც ჩვენი ქვეყნისათვის დამახასიათებელია განსხვავებული გეოგრაფიული ზონები და მოსახლეობის არათანაბარი განლაგება.
კვლევის მიზანი:
კვლევის მიზანია საქართველოში მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის, დაბალანსებული კვების, სურსათის უვნებლობის და კვების მატერიალური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის კრიტერიუმების ანალიზით სურსათის უსაფრთხოების პოლიტიკის სტრატეგიისატვის რეკომენდაციების შემუშავება.
კვლევის ამოცანები:
1. საქართველოს სასურსათო უსაფრთხოების პოლიტიკის არსებული მდგომარეობის შეფასება და მასზე მოქმედი სამართლებრივი, პოლიტიკური ეკონომიკური და დემოგრაფიული ფაქტორების ანალიზი;
2. საქართველოში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სფეროში არსებული პრობლემების გამოვლენა;
3. საქართველოს სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიისათვის რეკომენდაციების შემუშავება.
კვლევის მეთოდები:
კვლევის მეთოდები ემყარება ფილოსოფიის ზოგად და კვლევის კონკრეტულ მეთოდებს. მათ შორის, ინდუქციას და დედუქციას, ანალიზსა და სინთეზს, მეცნიერული აბსტრაქციის, შედარებითი ანალიზის მეთოდებს.
სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებს თვისებრივთან ერთად რაოდენობრივი გამოხატულებაც აქვთ, ამიტომ კვლევაში გამოვიყენეთ სტატისტიკური მეთოდები: დაკვირვების, თავმოყრის, დაჯგუფების, შერჩევითი, საშუალო და სხვა.
ეკონომიკურ – სტატისტიკურ ანალიზში უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეკონომიკური პროცესების დონის, ურთიერთკავშირისა და დინამიკის შესწავლას, რისთვისაც ვისარგებლეთ ეკონომიკურ-დინამიკური მწკრივებით. კვლევაში გამოყენებულია ექსპერტული შეფასების მეთოდი.
საქართველოს სასურსათო უსაფრთხოების პოლიტიკაზე მოქმედი ეკონომიკური ფაქტორების განხილვისას შევისწავლეთ შემდეგი ხარისხობრივი ინდიკატორები: საარსებო მინიმუმის მოცულობა და მისი შესაბამისობა საშუალო სულადობრივ შემოსავალთან; სურსათზე გაწეული დანახარჯების მოცულობა და დინამიკა; სურსათის ფასები დონის დინამიკა, ასევე, სურსათის ფასების შესაბამისობა სამომხმარებლო ფასებთან; სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში და მისი დინამიკა; საქართველოს სურსათის ექსპორტის იმპორტთან შესაბამისობის მაჩვენებელი და ა.შ.
საქართველოში სასურსათო უსაფრთხოების პოლიტიკის განვითარების შესასწავლად და დასახასიათებლად ვისარგებლეთ ისტორიულ-ქრონოლოგიური მეთოდით.
არსებული მდგომარეობა:
საქართველოში სასურსათო უსაფრთხოების პოლიტიკა ეფუძნება “სასურსათო უსაფრთხოების პროგრამას”, რომელიც ევროკომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობით მომზადდა. იგი მოიცავს სურსათის უვნებლობის სფეროში კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროგრამას, მთავრობის დახმარებას სტრუქტურული რეფორმების განხორციელებასა და სიღარიბის დაძლევის სტრატეგიული დოკუმენტების მომზადებაში.
სასურსათო უსაფრთხოების პროგრამა (FშP) წარმოადგენს სასურსათო დახმარების პროგრამის გაგრძელებას, რომელსაც ევროკავშირის საქართველოში 1994 წლიდან ახორციელებს. 1996 წლიდან ევროკავშირმა სასურსათო უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში საქართველოს 90 მლნ ევრო გამოუყო. პროგრამა მიზნად ისახავს სასოფლო-სამეურნეო სექტორის განვითარებას, სოციალური უსაფრთხოებისა და საბიუჯეტო თანხების მართვას. იგი ემსახურება საბიუჯეტო დახმარების გამოყენებით მთავრობის შესაძლებლობების გაზრდას პოლიტიკის და პროგრამების შემუშავების და განხორციელების სფეროში.1
სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საფუძველი სასურსათო დამო-უკიდებლობაა. უკანასკნელ პერიოდში სასურსათო დამოუკიდებლობა გლობალურ პრობლემებს მიაკუთვნეს.2 ამჟამად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს სასურსათო უსაფრთხოების გლობალური სისტემის შესაქმნელად. საქართველოში სასურსათო დამოუკიდებლობის და სურსათით თვით-უზრუნველყოფის პრობლემაზე მეტყველებს სურსათის იმპორტის მოცულობის ზრდა ექსპორტთან შედარებით. 2010 წელს სურსათის რეგისტრირებული ექსპორტი 1574.1 მლნ აშშ დოლარია, ხოლო იმპორტი 5248.5 მლნ აშშ დოლარი, ანუ სურსათის იმპორტის მოცულობა ექსპორტს 3-ჯერ აღემატება (იხ. დიაგრამა 1). შესაბამისად, სურსათის იმპორტის ექსპორტით დაფარვის კოეფიციენტი 0.33-ს შეადგენს.
საქართველოში სურსათის იმპორტის წილი მთლიან იმპორტში 2005-2011 წლებში საშუალოდ 14 %-ია. 2010 წელს ექსპორტის 2.5 % ღვინით, 4% თხილით და 3.4% სპირტიანი სასმელებით არის წარმოდგენილი. ამავე წელს იმპორტის 1.5%-ს შაქარი, 1.6%-ს სიგარეტები და 3.4 %-ს ხორბალი შეადგენდა4 (იხ. დიაგრამა 2 და 3).
ანალიზიდან ჩანს, რომ ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვან ყურადღებას მოითხოვს სასურსათო დამოუკიდებლობის საკითხი, რაც სათანადოდ უნდა აისახოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში და რეალური სვლა განხორციელდეს ამ მიმართულებით. მხოლოდ შემდგომ ეტაპზე შეიძლება ვიმსჯელოთ სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.
სასურსათო უსაფრთხოების სფეროში წესრიგის პოლიტიკის ჩარჩო პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონით “სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ”. აღნიშნული კანონი, რომელიც 2005 წლის 27 დეკემბერს იქნა მიღებული, საქართველოს პარლამენტის დადგენილებით ძა-ლაშია 2006 წლიდან, სურსათისა და ცხოველთა საკვების ხარისხისა და უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმს უზრუნველყოფს. ამასთან, ევროკავშირის მოთხოვნით მიღებული კანონის მთელი რიგი მუხლის მოქმედება შეჩერებულია. კანონის ამოქმედების შეფერხება ინსტიტუციონალური სისუსტით არის განპირობებული. სასურსათო უსაფრთხოების პრობლემებში გამოიკვეთა ინსტიტუციური და სამართლებრივი ბაზის გაუმართავობა. შესაბამისად, კანონის სრული ამოქმედება 2013 წლისთვის გადავადდა. აღნიშნული გარემობა კიდევ ერთხელ გვიჩვენებს სურსათის უსაფრთხოების სფეროს რეგულირების პრობლემებს.
სასურსათო უსაფრთხოების სფეროში სამართლებრივი ბაზის გაუმართავობას ემატება ისიც, რომ საქართველოში არ შემუშავებულა ეროვნული სტრატეგია სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნებოდა აღნიშნული მიმართულებით მიზანდასახული ღონისძიებების გატარება.
“სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ” კანონის ძალაში შესვლიდან მოყოლებული, სარეალიზაციაო ქსელში სასურსათო პროდუქტების მონიტორინგი ხორციელდება მათი ნიმუშების საკონტროლო შესყიდვებით და შემდგომ ლაბორატორიული გამოკვლევით. ამ მიზნით 2009 წელს ბი-უჯეტიდან სასურსათო პროდუქტების უვნებლობისა და ხარისხის ლაბორატორიულ კვლევაზე 445 500 ლარი იყო გამოყოფილი, 2010 წელს – 200 000 (ფაქტიურად დაიხარჯა მხოლოდ 89 200 ლარი), 2011 წელს – 172 000 ლარი. 2012 წელს გეგმით ისევ 200 000 ლარი არის გათვალისწინებული5. ლაბორატორიულ კვლევებზე ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხები რამდენადმე აღემატება ფაქტიურად დახარჯულ თანხებს, რაც მეტყველებს სურსათის ხარისხის მონიტორინგის სფეროს მენეჯმენტის პრობლემებზე, მაშინ როდესაც უხარისხო და ფალსიფიცირებული პროდუქციით გაჯერებულია ქართული სასურსათო ბაზარი.
საქართველოში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმა, რომელიც დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე, 2010 წელის დეკემბერში 113.4 ლარი შეადგინა. სულადობრივი საშუალო თვიური შემოსავალი საქართველოში 2010 წელს 178.6 იყო. ციფრებიდან ჩანს, რომ, თუ არ გავითვალისწინებთ შემოსავლების განაწილების დისპროპორციას, მოსახლეობის სულადობრივი საშუალო თვიური შემოსავლის 63% მინიმალური სასურსათო კალათის შეძენას ხმარდებოდა. ოფიციალური სტატისტიკით, 2010 წელს სამომხმარებლო ხარჯებმა ქალაქში 255.2 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო სოფლად – 150.4 მლნ ლარი. აქედან სურსათზე, სასმელზე და თამბაქოზე გაწეულმა დანახარჯებმა შესაბამისად 99.0 მლნ (38%) და 69.0 (45.8%) მლნ ლარი შეადგინა6. ეს ტენდენცია შეიმჩნევა როგორც ქალაქის, ასევე სოფლის მოსახლეობაში, თუმცა ქალაქ-სოფლის ჭრილში განხილვისას უნდა აღინიშნოს, რომ სურსათის, სასმელის და თამბაქოს ხარჯების წილი სამომხმარებლო ფულად ხარჯებში 7.1 პროცენტული პუნქტით აღემატება ანალოგიურ მაჩვენებელს ქალაქის მოსახლეობაში7. ნათელია, რომ საქართველოში შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს მოსახლეობა სურსათსა და საკვებ პროდუქტებზე ხარჯავს.
ხაზგასასმელია ისიც, რომ საქართველოში ფიქსირდება სურსათის ფასების დონის ზრდის ტენდენცია სხვა სამომხმარებლო საქონელის ფასების დონესთან შედარებით. ნაწილობრივ, სურსათის ფასების დონის ზრდითაც აიხსენება სამომხმარებლო ფულადი ხარჯების ზრდა სურსათზე, სასმელზე და თამბაქოზე მთლიან დანახარჯებში (იხ. დიაგრამა 4 და დიაგრამა 5).
ნათელია, რომ საქართველოში საარსებო მინიმუმი სასურსათო უსაფრთხოების დაცვის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს უხეშად უგულებელყოფს. ყოველდღიურ რაციონში ძალზე დაბალია იმ სურსათის ენერგეტიკული ღირებულება, რომელიც შრომისუნარიან მამაკაცს დღის განმავლობაში დაუდგინეს, ეს დღიურად 2300 კკალ-ს არ აღემატება. ამ ციფრის თითქმის ნახევარი, დაახლოებით 47% – პურსა და პურპროდუქტებზე მოდის. ორგანიზმისთვის აუცილებელი ხორცი და მისი პროდუქტები რაციონში მხოლოდ 6.67%-ს შეადგენს, რძე და რძის პროდუქტები 8%-ით არის განსაზღვრული. საბოლოოდ ასეთი კვება ადამიანის ორგანიზმის დაუძლურებასა და თანდათანობით სიკვდილს ნიშნავს.
ანალიზში გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ საქართველოში 2011 წლის სამომხმარებლო კალათა 288 დასახელების საქონლისა და მომსახურებისგან შედგება და აქედან 89 დასახელება სასურსათო პროდუქტზე მოდის. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები სამომხმარებლო კალათის 30.3%-ს შეადგენს, ხოლო ალკოჰოლური სასმელები – 5.5%-ს, რაც მიანიშნებს სასურსათო პროდუქტის მნიშვნელობის დონეზე ქართულ სამომხმარებლო სივრცეში.
საქართველოში, შემოსავლების სიმცირის გამო, სურსათის შეძენისას მოსახლეობა ძირითადად არჩევანს აკეთებს საფასე ფაქტორის გავლენით და არა საქონლის ხარისხობრივი შეფასებით. ამ უკანასკნელის შემთხვევაშიც, მომხმარებელი სასუსრსათო პროდუქტის შეფასებას ახორციელებს გაუთ-ვითცნობიერებლად. მას არა აქვს საკმარისი კვალიფიკაცია და ორიენტირებულია მხოლოდ საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და ცოდნაზე. სასურსათო პროდუქციის ქართველი მომხმარებლების და მწარმოებლების არაინფორმირებულობა მნიშვნელოვანდ უწყობს ხელს სასურსათო უსაფრთხოების პოლიტიკის პრობლემების გაღრმავებას. სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა კი პროცესის ყველა მონაწილეზე თანაბრად ნაწილდება: მწარმოებლებზე, ტექნოლოგებზე, დისტრიბუტორებზე, მომხმარებლებსა და მთავრობაზე.
სასურსათო უსაფრთხოების პრობლემებზე მოქმედი დემოგრაფიული საკითხების განხილვისას ხაზგასმას მოითხოვს ის ფაქტი, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა რაოდენობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის ნახევრს შეადგენს (46,9%)8. შეინიშნება ამ მაჩვე-ნებლის უმნიშვნელო შემცირების ტენდენცია, რაც ნაწილობრივ მიგრაციის და ურბანიზაციის ფაქტორით არის განპირობებული. ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების წილი ოჯახური მეურნეობების ფულად შემოსავლებში მხოლოდ 6%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობაში წარმოებული პროდუქტის 94% საკუთარი მოხმარებისთვის იწარმოება. სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა მაღალი წილის მიუხედავად, სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში არ იზრდება. სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში კლების ტენდენციით ხასიათდება (იხ. ცხრილი 1).
ვითარებას ართულებს ისიც, რომ 1999 წელთან შედარებით მარცვლეულის საშუალო მოსავლიანობა შემცირებულია და 1,3-ს შეადგენს. 2006-2010 წლებში წარმოებული ხორბლის რაოდენობა ერთ სულ მოსახლეზე შემცირდა და 11 კგ შეადგინა. შემცირდა სიმინდის (32 კგ), ხილის (28 კგ), ყურძნის (27კგ) და ხორცის (13 კგ) წარმოება ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, სა-ქართველოს მოსახლეობის რაოდენობის უცვლელობის პირობებში. სტაბილური მაჩვენებელი შენარჩუნდა კარტოფილის, რძისა და კვერცხის წარმოებისას. აქვე აღსანიშნავია, რომ 2010 წლისთვის ნათესმა ფართობმა შეადგინა 191,4 ათასი ჰექტარი, რაც 2-ჯერ ნაკლებია 1999 წლის იმავე მაჩვენებელთან შედარებით (378,8 ათასი).10 ამასთან, სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა მსო-ფლიო ბანკის მონაცემებით 1872 აშშ დოლარს შეადგენს წელიწადში, რაც ბევრად ჩამოუვარდება პოსტსაბჭოთა ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ სოფლის მეურნეობა ამ ეტაპზე არ არის ორიენტირებული მდგრადი და დარგის ინტენსიური განვითარების სტრატეგიაზე, რაც მიიღწევა თანამედროვე ინოვაციური და ტექნოლოგური მიდგომების აქტიური დანერგვით.
სასურსათო უსაფრთხოების პოლიტიკის მნიშვნელოვანი მიმართულებაა უშუალოდ სურსათის უვნებლობისა და ხარისხის მართვა. სურსათის უვნებლობის სამართლებრივი პრონციპების მიხედვითსაკვები პროდუქტები უნდა ექვემდებარებოდეს რისკის მეცნიერულ ანალიზს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გარეშე ფაქტორები ან ანალიზის ხასიათი ამას შეუძლებელს ხდის. სურსათს უვნებლობისა და ხარისხი უნდა იყოს გამჭირვალე კვების მთელ ჯაჭვში.
ამრიგად, საქართველოში სასურსათო უსაფრთხოების სფეროში შემდეგი პრობლემები გამოიკვეთა:
1. გადაუჭრელია სასურსათო დამოუკიდებლობისა და სურსათით თვითუზრუნველყოფის პრობლემა;
2. გაუმართავია ინსტიტუციური და სამართლებრივი ბაზა;
3. შესამუშავებელია სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ ეროვნული სტრატეგია;
4. არაეფექტიანია სასურსათო პროდუქტების მონიტორინგის მომსახურება;
5. შეინიშნება მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილის კლების ტენდენცია;
6. სოფლის მეურნეობის კლებადი პროდუქტიულობა;
7. მომხმარებელთა და მწარმოებელთა ინფორმირებულობის დონის დაბალი დონე სასურსათო უსახრთხოების საკითხებზე;
8. არსებობს კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტი;
9. სახეზეა კვების ჯაჭვში რისკების მართვის პრობლემები და ა.შ
რეკომენდაციები საქართველოს სასურსათო უსაფრთხოების
სტრატეგიისათვის:
საქართველოს სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგია, უპირველეს ყოვლისა, მიმართული უნდა იყოს საქართველოში აგრარული სფეროს განვითარებისკენ, რადგან სასურსათო დამოუკიდებლობის და სურსათით თვითუზრუნველყოფის გარეშე უსაფუძვლოა სასურსათო უსაფრთხოების დაძლევის მოლოდინი. აღნიშნულის მისაღწევად აუცლებელია შემდეგი ღონისძიებების გარატება: სოფლის მეურნეობაში ბიზნესისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნა; აგრარული სფეროს განვითარებისთვის ინვესტიციების მოზიდვა სასოფლიო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის, ირიგაციის და მელიორაციის სისტემის, სასოფლიო სამეურნეო ტექნიკის განახლების, სასაწყობო და სარეალიზაციო ფართების და მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით და ფერმერებისათვის მათი წვდომის უზრუნველყოფა; საწვავით და სასუქით უზრუნველყოფა; აუცილებელია აგროსამრეწველო სექტორის განვითარება; კვალიფიციური სპეციალისტების აღზრდა და მეცნიერული კვლევების განხორციელება; მემცენარეობის და მეცხოველეობის სფეროში ეპიდემიების გავრცელების პრევენცია; კრედიტების ხელმისაწვდომობა; სოფლის მეურნეობაში დაზღვევის სისტემის შექმნა; სასოფლო-სამეურნეო მიწის ფონდის სრულყოფილი დამუშავება; მაღალი ხარისხის თესლით უზრუნველყოფა; საგადასახადო შეღავათების დაწესება; ფერმერთათვის კონსულტაციების გაწევა სოფლის მეურნეობის თანამედროვე მიღწევების შესახებ; სურსათის ხარისხის ეფექტიანი კონტროლი, რაც კონკურენტუნარიანს გახდის ქართულ პროდუქციას ადგილობრივ და საერთშორისო ბაზრებზე და სტიმულს მისცემს სასურსათო წარმოების განვითარებას, შესაბამისად დასაქმების და შემოსავლების ზრდას; ინვესტირება ლაბორატორიების სანდო, პროფესიულ და გამჭირვალე სისტემაში, რომელიც სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სისტემის საკვანძო ელემენტს წარმოადგენს.
დასკვნა:
ამრიგად, საქართველოს სასურსათო უსაფრთხოების პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს სასურსათო ბაზრის განვითარებისაკენ მსოფლიო ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოების, ტექნიკური, სამართლებრივი, საკადრო, კვლევითი და შიდა ბაზრის რისკ-მენეჯმენტის სისტემის სრულყოფის გზით. სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისიდან გამომდინარე, ქვეყანაში აგრარულ სექტორში უნდა შემუშავდეს თვითუზრუნველყოფაზე ორიენტირებული დარგობრივი სტრუქტურა, რომელიც პრო-დუქციის წარმოების მდგრადი განვითარების შესაძლებლობების დამკვიდრებას შეუწყობს ხელს. სასურსათო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის შემუშავებაში გათვალისწინებული უნდა იყოს ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების დაძლევის გზები, რომლის საფუძველზეც მოხდება სასურსათო უსაფრთხოების სისტემის გაჯანსაღება და სურსათის მწარმოებელი კომპანიების კონკურენტუნარიანობის ამაღლება.