ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ორიენტირები თავსებადი უნდა იყოს
პაატა კოღუაშვილი, ეკ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი, საქ. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გიორგი ზიბზიბაძე, ეკ. მეცნ. კანდიდატი
მრავალგზის თქმულა, რომ მევენახეობამეღვინეობა საქართველოში ჯერ კიდევ
ჩვენ წელთაღრიცხვამდე მესამე ათასწლეულის დასაწყისიდან იღებს სათავეს, რაზედაც მატერიალური კულტურის მრავალი ძეგლი და არქეოლოგიური გათხრების დროს ქვეყნის ტერიტორიაზე აღმოჩენილი მეღვინეობისათვის საჭირო უძველესი საგნებიც მიუთითებს.
საქართველოდან ღვინო ოდითგანვე გაჰქონდათ ევროპის, შუა აზიის და სხვა ქვეყნებში. ცნობილი ფრანგი მოგზაურის შარდენის ცნობით (რომელმაც მე-17 საუკუნეში იმოგზაურა საქართველოში), ყველაზე მეტი რაოდენობის და საუკეთესო ღვინოს სწორედ საქართველოში აწარმოებდნენ.
გარდა აღნიშნულისა, ის ფაქტი, რომ საქართველოში ხელოვნური გადარჩევის გზით გამოყვანილია 500-ზე მეტი ენდემური ვაზის ჯიში და იწარმოება რამდენიმე ათეული დასახელების ღვინო (თანაც განსხვავებულ ბუნებრივ-კლიმატურ ზონებში წარმოებული ყურძნებისაგან და სხვადასხვა ტექნოლოგიური მეთოდებით, მათ შორის, კახური, იმერული, ევროპული, მესხური და ა.შ.) უტყუარად ამტკიცებს განუყრელ ისტორიულ კავშირს საქართველოს, ვაზსა და ღვინოს შორის.
ეს მცირე შესავალი დაგვჭირდა იმისათვის, რომ როცა ვაზზე და ღვინოზე ვმსჯელობთ ყველამ კარგად გაიცნობიეროს (მათ შორის – ხელისუფლებამ, მევენახემ და მეღვინემ), რა დარგებთან გვაქვს საქმე, კერძოდ, რას წარმოადგენდა ვაზი და ღვინო ქვეყნისათვის ისტორიულ წარსულში და რას წარმოადგენს დღეს, ანუ როგორი იყო დამოკიდებულება ამ დარგებთან წარსულში, როგორი უნდა იყოს ეს დამოკიდებულება დღეისათვის და რა ამოცანები უნდა დავაკისროთ მას მომავალში.
საქართველოს ისტორიაში სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის ათვლის წერტილი 1991 წელია. ამიტომ, შემთხვევითი არაა, რომ როცა განვლილ პერიოდში ამა თუ იმ დარგის თუ საქმიანობის სფეროს წარმატებებზე და ჩავარდნებზე ვსაუბრობთ, ქვეცნობიერად ყოველთვის ვაკეთებთ შედარებებს ან ვავლებთ პარალელებს დამოუკიდებლობის მოპოვებამდე ამ დარგებში არსებულ მდგომარეობასთან. კერძოდ, საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, 1990 წელს ქვეყანაში არსებულ მსხმოიარე ვენახის საერთო ფართობზე (104 ათასი ჰა) წარმოებული იქნა 691 ათასი ტონა ყურძენი (საშუალოდ ერთ ჰა-ზე 67,6 ცენტნერი), საიდანაც სამრეწველოდ გადაამუშავეს 443 ათასი ტონა, ანუ მთელი წარმოებული ყურძნის 64%.
1992-1997 წლებში ამავე დეპარტამენტის მონაცემებით მოსავლიანი ვენახის ფართობი 81,5 ათას ჰა-მდე შემცირდა (2002 წლისათვის იგი 62 ათასი ჰა გახდა). ყურძნის წარმოებამ საშუალოდ წლიურად 336 ათასი ტონა (საშუალოდ ერთ ჰა-ზე 40 ცენტნერი), ხოლო სამრეწველო გადამუშავებამ 67 ათასი ტონა (ანუ 20%) შეადგინა. მდგომარეობა 1998-2004 წლებში კიდევ უფრო გაუარესდა, საშუალოდ წარმოებული იქნა 184 ათასი ტონა, ერთ ჰექტარზე მოსავლიანობამ 37 ცენტნერი შეადგინა, ხოლო სამრეწველო გადამუშავებას დაექვემდებარა 35 ათასი ტონა ყურძენი (19%).
დარგის განვითარების ზემოაღნიშნული დინამიკა მეტყველებს, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ცნობილი მიზეზების გამო, ეროვნული მეურნეობის სხვა დარგებთან ერთად მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა მევენახეობა-მეღვინეობის დარგებსაც. ისინი თანდათანობით დეგრადირდებოდნენ და ხელისუფლებას მისახედად, უბრალოდ, არ ეცალა. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ამ პერიოდში გატარდა ღონისძიებები, რომლებიც მევენახეობა-მეღვინეობის დარგების განვითარების სახელმწიფო რეგულირებისაკენ იყო მიმართული, კერძოდ, ცნობილი “სამტრესტი” გარდაიქმნა მევენახეობა-მეღვინეობის მარეგულირებელ სახელმწიფო სამსახურად. მიიღეს საქართველოს კანონი “ვაზისა და ღვინის შესახებ”, რომელსაც ძირითადად ფრანგული კანონმდებლობა დაედო საფუძვლად, დაარსდა სახაზინო საწარმო “ნერგი” და სხვა. როგორც ფაქტები გვიჩვენებს, აღნიშნულ ღონისძიებებს რაიმე არსებითი შედეგი არ გამოუღია და ეს არცაა გასაკვირი, რამდენადაც რაიმე გადაწყვეტილებისა თუ ნორმატიული აქტის მიღება თავისთავად არაფერს ნიშნავს, თუ ის რეალურ ცხოვრებაში არ იქნება რეალიზებული. ამ რიცხვში მოყვა საქართველოს კანონი “ვაზისა და ღვინის შესახებ”, რომლის მოთხოვნები და დაწესებული ნორმები ვენახის ნაკვეთისათვის ადგილისა და ნიადაგის შერჩევის, ვაზის ჯიშების გაადგილების, გაშენების, მოვლა-მოყვანის აგროტექნიკის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ დღემდე არ სრულდება. ვერ შეასრულა დაკისრებული ამოცანა მევენახეობა-მეღვინეობის მარეგულირებელმა “სამტრესტმაც” სათანადო მარეგულირებელი საშუალებების და ბერკეტების უქონლობის გამო. მევენახეობა-მეღვინეობის დარგები დღესაც თვითდინებაზეა მიშვებული და თანამედროვე მოთხოვნების დონეზე მათი განვითარებისათვის რაიმე არსებითი სახის ღონისძიებები არ ტარდება. პირიქით, კატასტროფულად შემცირდა ვენახის ფართობი (საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2004-2005 წლებში ჩატარებული სასოფლო-სამეურნეო აღწერის მასალების მიხედვით ვენახის საერთო ფართობი (ახალგაზრდა ნარგაობის ჩათვლით) 2004 წლისათვის შეადგენდა მხოლოდ 37,7 ათას ჰექტარს (?) ნაცვლად 1988 წლის 117,7 ათასი ჰექტრისა), იმძლავრა ფალსიფიცირებული ღვინის წარმოებისა და რეალიზაციის მასშტაბებმა როგორც ქვეყნის შიდა, ასევე გარე ბაზრებზე, ჩამოყალიბდა ინტერესთა კონფლიქტი მევენახეებსა და მეღვინეებს შორის და ა.შ.
ვენახების ფართობის, ყურძნის საერთო წარმოებისა და სამრეწველო გადამუშავების მოცულობათა ასეთი მნიშვნელოვანი კლების პირობებში საფუძვლიან ეჭვს ბადებს 1999-2004 წლებში ღვინის ექსპორტის გადიდება როგორც ნატურალურ, ისე ღირებულებით გამოსახულებაში. კერძოდ, ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ღვინის ექსპორტი 1999 წელს 1,9 მლნ დეკალიტრიდან 2003 წლისათვის 2,4 მლნ დეკალიტრამდე გაიზარდა (მ.შ. შუშხუნა ღვინოებისა 66,9 ათასი დეკალიტრიდან 164,3 ათას დეკალიტრამდე), ხოლო ღირებულებით გამოსახულებაში შესაბამისად 14,6 მლნ აშშ დოლარიდან 36,3 მლნ აშშ დოლარამდე.
ზემოაღნიშნული იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი ქვეყნის უძველესი ისტორიის მქონე დარგების პოტენციალი დღემდე არა თუ მაქსიმალურ, მინიმალურ დონეზეც არ გამოიყენება, ანუ ნებით თუ უნებლიეთ უარი ვთქვით იმ შეფარდებითი უპირატესობის გამოყენებაზე, რომელიც ამ მიმართულებით საქართველოს გააჩნია რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით. მხედველობაში გვაქვს ძირითადად ბუნებრივ-კლიმატური პირობები, მოსახლეობის ტრადიციები და უნარ-ჩვევები ვაზის მოვლა-მოყვანის საქმეში. შეფარდებით უპირატესობას განაპირობებს ქვეყნის ტერიტორიაზე განსხვავებული ნიადაგური, კლიმატური და სხვა მახასიათებლებით გამოყოფილი მევენახეობა-მეღვინეობის ზონები (რაც საშუალებას იძლევა წარმოებულ იქნეს მრავალი სახის, დანიშნულების და ხარისხის ღვინოები), აგრეთვე “ვაზისა და ღვინის შესახებ” საქართველოს კანონით დაშვებული 30-მდე ვაზის ჯიშის კულტივირების შესაძლებლობა, რომელთა უმრავლესობა ქართული აბორიგენული ჯიშია და რომელთაც შესწევთ უნარი თანაბარი კონკურენცია გაუწიონ სხვა ქვეყნების ღვინოებს მსოფლიო ბაზარზე.
გარდა ამისა, არის რიგი ფაქტორებისა, რომლებიც შეიძლება განვიხილოთ როგორც მევენახეობა-მეღვინეობის კომპლექსის განვითარების მძლავრი სტიმულები. კერძოდ, ვენახის ფართობები და ყურძნის გადამუშავებელი ქარხნები (როგორც პირველადი, ისე მეორადი) ძირითადად კერძო საკუთრებაშია, რაც ნოყიერ ნიადაგს ქმნის ყურძნის წარმოებისა და გადამუშავების ორმხრივად სასარგებლო (მევენახეთა და მეღვინეთა) ინტერესების ჩამოყალიბებისა და რეალიზაციისათვის, სხვადასხვა სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმის საწარმოთა ფორმირებისა და ფუნქციონირებისათვის. არსებით სტიმულად უნდა იქნეს მიჩნეული აგრეთვე ის ფაქტიც, რომ ქართულ ღვინოებს უკვე დამკვიდრებული აქვთ კუთვნილი ადგილი ღვინის მწარმოებელ ქვეყნებს შორის, სისტემატურად მონაწილეობენ საერთაშორისო გამოფენებზე, კონკურსებზე, დეგუსტაციებზე და აქვთ შესაბამისი რეპუტაცია (იმიჯი). მოკლედ რომ ვთქვათ, ღვინის მწარმოებელ აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის საქართველო წარმოადგენს ქვეყანას, რომელსაც გააჩნია ღვინის წარმოების საუკეთესო პირობები (ნიადაგი, კლიმატი, ყურძნის ჯიშები, ტრადიციები და ა.შ.) და კანონიერი უფლება ღვინის მსოფლიო ბაზარზე აღიარებისათვის. ამასთან ერთად გასათვალისწინებელია ის სუსტი წერტილებიც, რომლებიც ხელს უშლის მევენახეობა-მეღვინეობაში არსებული პოტენციალის სრულად გამოყენების საქმეს. ამ მიმართულებით პირველ რიგში აღსანიშნავია საწარმოო ბაზის (მევენახეობის) განვითარების დღევანდელი არახელსაყრელი მდგომარეობა. კერძოდ, რეფორმირების შედეგად მრავალ ნაკვეთებად დანაწევრებულ ფართობთა სიმრავლე, ვენახების არა ოპტიმალური ჯიშობრივი სტრუქტურა და ასაკობრივი შემადგენლობა. ვაზის 80%-ზე მეტი შედარებით მაღალმოსავლიანი თეთრი ყურძნის ჯიშებითაა წარმოდგენილი, რაც ბოლო პერიოდში არსებითი მუხრუჭი გახდა მევენახეობის განვითარების საქმეში. მხედველობაში გვაქვს ის გარემოება, რომ მსოფლიო ბაზარზე წითელ ღვინოებზე მოთხოვნილების თანდათანობით ზრდის კვალობაზე თეთრი ყურძნის ჯიშების ფასი მნიშვნელოვნად ჩამორჩა წითელი ყურძნის ჯიშების ფასს, რის გამოც თეთრი ჯიშის ყურძნის მწარმოებლები ორმაგი პრობლემის – ყურძნის რეალიზაციის და ყურძნის წარმოებაზე გაწეული დანახარჯების ამოგების, ანუ თეთრ ყურძენზე ფასწარმოქმნის პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ. აღნიშნული პრობლემა თავის მხრივ სხვა მნიშვნელოვან პრობლემას წარმოშობს, რაც იმაში გამოიხატება, რომ წარმოებული ყურძნის უდიდესი ნაწილი გადამამუშავებელი ქარხნების მიერ შეთავაზებული მონოპოლურად დაბალი ფასის გამო არ მიეწოდება ღვინის ქარხნებს, ანუ არ გადის სამრეწველო გადამუშავებას (ეს მაჩვენებელი ბოლო წლებში არ აღემატება ყურძნის საერთო მოცულობის 25%-ს), რის გამოც ზარალდება არა მარტო მწარმოებელი (რომელიც იძულებულია თვითონ გადაამუშაოს, გაყიდოს ან მოიხმაროს პროდუქტი), ასევე სახელმწიფო ბიუჯეტიც (დამატებული ღირებულების, მოგების და სხვა გადასახადების ღვინის ქარხნებიდან ამოუღებლობის გამო).
აღნიშნულის ძირითადი მიზეზი ღვინის ქარხნების მონოპოლური მდგომარეობა და ყურძენზე ფასწარმოქმნის ყოველგვარი ბერკეტების (მ.შ. სახელმწიფო, მწარმოებელთა ასოციაციები, კავშირები და ა.შ.) უქონლობაა. მეღვინეთა დიდი ნაწილი არაა დაინტერესებული ყურძნით, როგორც ნედლეულით, რადგან ის არაა ერთადერთი საშუალება “ღვინის” წარმოებისათვის. დღეს არსებული ტექნოლოგიები იძლევა საშუალებას სხვადასხვა კონცენტრატების, შაქრისა და შაქრის შემცვლელების (საქაროზა) გამოყენებით ფალსიფიცირებული ღვინის უფრო ნაკლები დანახარჯებით და უპრობლემოდ დამზადებისათვის.
რაც შეეხება მევენახეობის მეორე არსებით სუსტ მხარეს – ასაკობრივ სტრუქტურას, უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში არსებული ვენახების საშუალო ასაკი 30-დან 35 წლამდე მერყეობს, რომელიც თანდათან ზრდის ტენდენციით ხასიათდება. გარდა ამისა, ახალი ვენახის გაშენების ტემპი სულ უფრო და უფრო ჩამორჩება ვენახების ექსპლუატაციიდან გამოსვლის ტემპს, რის გამოც სახეზეა ვენახების გადაბერების და ფართობების საერთოდ შემცირების ტენდენცია.
რაიმე ფორმით სახელმწიფო მხარდაჭერის უქონლობის, კომერციულ კრედიტებზე ხელმიუწვდომლობის, პროდუქციის აღწარმოებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების არასრულყოფილი უზრუნველყოფისა და სხვა პრობლემების გამო მევენახეს არ შეუძლია გააშენოს ახალი ვენახი, შეცვალოს ვაზის ჯიშობრივი სტრუქტურა ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად, დანერგოს ახალი, უფრო პროგრესული ტექნოლოგია (ისიც კი ვერ შევძელით, რომ ახალგაშენებული ვენახის ფართობი, ვაზის სრულმსხმოიარობაში შესვლამდე 3 წლით, გაგვენთავისუფლებინა მიწის გადასახადისაგან). იგი იძულებულია გაახანგრძლივოს ექსპლუატაცია იმ ვენახებისა, რომელთა ექსპლუატაციის ოპტიმალური ვადა უკვე ამოწურულია, რის გამოც მისი მარგინალური შემოსავალიც ყოველწლიურად მცირდება.
დაახლოებით ამავე რანგშია ასაყვანი ვაზის სანერგე მეურნეობის განვითარების პრობლემაც. კერძოდ, გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოსათვის ქვეყანაში 1000 ჰექტრამდე ვაზის სანერგე მეურნეობის ფართობი ირიცხებოდა, საიდანაც ყოველწლიურად 15-18 მლნ ცალი ნამყენი ვაზის ნერგი იწარმოებოდა. არსებობდა აგრეთვე ვაზის სხვადასხვა ჯიშების აპრობირებული სადედეები და საძირეები, რომლებიც დღეისათვის მცირე გამონაკლისების გარდა პრაქტიკულად აღარ არსებობს. კერძო სანერგეები, რომელთა უმეტესობა “ვაზისა და ღვინის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა სრული უგულებელყოფით საქმიანობენ, ბაზარს ძირითადად არასერტიფიცირებული ვაზის ნერგს აწვდიან, რაც ქმნის სერიოზულ საშიშროებას და რისკს დაბალხარისხიანი, ვირუსით დაავადებული ნერგებით ახალი ვენახების გაშენებაში. ეს კი შესაძლოა დარგის განვითარების სერიოზული შემაფერხებელი ფაქტორი გახდეს მომავალში.
და ბოლოს, განსაკუთრებულ პრობლემათა რიცხვს განეკუთვნება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ ქართული ღვინოების ფალსიფიცირება, რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნების, ქართული ადგილწარმოშობისა და გეოგრაფიული აღნიშვნების უნებართვო გამოყენება, რის გამოც ქვეითდება ქართული ღვინის პრესტიჟი, იკარგება ტრადიციული ბაზრები, ზარალდება ქართული ღვინის მილიონობით მომხმარებელი. ეს კი ნეგატიურად აისახება არა მარტო მეღვინეობის, არამედ მისი საფუძვლის მევენახეობის განვითარებაზეც.
ამის დასტურია ბოლო პერიოდში ღვინის ბაზარზე განვითარებული მოვლენები, რომელიც, ჩვენი აზრით, მეტწილად ქართული მხარის უნებლიე ინიციირებით არის გამოწვეული. მხედველობაში გვაქვს ის გარემოება, რომ ქართული ღვინოების უმეტესობა როგორც შიდა, ისე გარე ბაზრებზე იყიდება ისეთი ეტიკეტებით, რომლებიც რაიონის, რეგიონის, სოფლის დასახელებას გამოხატავენ. ეს ეტიკეტები (დასახელებები) არ წარმოადგენს რომელიმე ცალკე აღებული ღვინის ქარხნის (საწარმოს) ინდივიდუალურ საკუთრებას, რაც თავიდანვე ქმნის ნოყიერ ნიადაგს ეტიკეტების გაყალბებისა და ღვინის ფალსიფიცირებისათვის. სახელმწიფო მოვალეა უზრუნველყოს ადგილწარმოშობისა და გეოგრაფიული აღნიშვნების გამოყენება და დაცვა შესაბამისი ნორმატიული აქტების შემუშავებით.
ამის მაგალითს იძლევა ევროკავშირის კანონმდებლობა ღვინის სექტორისათვის, რომლითაც აღიარებულია, რომ ძირითადი კატეგორიის ღვინოების (განსაზღვრული გეოგრაფიული წარმოშობის ხარისხიანი ღვინოები და სუფრის ღვინოები) ხარისხის დაცვა და კონტროლის რეგულირება მთლიანად ეროვნული კანონმდებლობის ფუნქციას წარმოადგენს.
ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების კანონმდებლობით (გერმანია, ავსტრია, ლუქსემბურგი) ღვინის თითქმის ყველა სახე კლასიფიცირებულია ადგილმდებარეობის დასახელების (გეოგრაფიული წარმოშობის აღნიშვნის მქონე) მაღალხარისხოვან ღვინოებად, მაშინ როცა სხვა ქვეყნებში ამ მიმართულებით ღვინოების კლასიფიცირების კიდევ უფრო მკაცრი კრიტერიუმები არსებობს. აღნიშნულის გამო ევროკავშირის შესაბამისი დადგენილებით განისაზღვრა ზოგიერთი აუცილებელი მოთხოვნა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს მაღალი ხარისხის ღვინო. კერძოდ, ევროგაერთიანების ქვეყნებში გამოიყო ხუთი კლიმატური ზონა, სადაც განსხვავებული პირობები დაწესდა ყურძნის წვენში შაქრის დამატებასთან (იმის გამო, რომ ადგილზე ყურძენი ვერ აგროვებს საკმარის შაქარს) და ღვინოში ალკოჰოლის შემცველობასთან დაკავშირებით. ამასთან, ყველა მაღალი ხარისხის ღვინო ექვემდებარება აუცილებელ ანალიტიკურ და ორგანოლეპტიკურ ტესტირებას.
ღვინის საერთო პოლიტიკის კიდევ ერთ ღონისძიებას ასახავს ევროკავშირის დადგენილება, რომელიც ითვალისწინებს ყურძნის ჯიშების კლასიფიკაციის წესებს. აქ ყურძნის ჯიშები იყოფა სამ ძირითად ჯგუფად: რეკომენდებული, დაშვებული და გეოგრაფიული წარმოშობის მიხედვით (ანუ ჯიშები, რომელთა წარმოება დაშვებულია მხოლოდ კონკრეტულ ადგილებში). ყურძნის ჯიშები, რომლებიც გამოიყენება მაღალი ხარისხის ღვინოების დასამზადებლად, აუცილებლად უნდა შედიოდეს ჩამოთვლილი ჯგუფებიდან ერთ-ერთში.
შესაბამისი დადგენილებით რეგულირდება ანოლოგიური მეთოდები და პროცედურები, რომლითაც იკრძალება იმპორტირებული ყურძნის წვენის დაღვინება და იმპორტირებული ღვინის შერევა ევროგაერთიანების ქვეყნების ღვინოებთან. სპეციალური დადგენილებით განისაზღვრება ასევე პროდუქტის დახასიათება, ეტიკეტირება, პრეზენტაცია და მითითებათა შესრულების აუცილებლობა მომხმარებელთა და მწარმოებელთა ინტერესების დაცვის, შიდა ბაზარზე შეუფერხებელი ვაჭრობისა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. განსაზღვრულია იმ წესების ერთობლიობაც, რომელიც გეოგრაფიული წარმოშობის უმაღლესი ხარისხის ღვინოების წარმოებისას გამოიყენება, აგრეთვე ის პროცედურა, რომლის საფუძველზეც კონკრეტულ ღვინოს შეიძლება საერთოდ ჩამოერთვას გეოგრაფიული წარმოშობის უმაღლესი ხარისხის ღვინის აღმნიშვნელი ეტიკეტი.
საყურადღებოა ასევე მესამე ქვეყნებთან ღვინით ვაჭრობის წესებიც, კერძოდ, წევრი ქვეყნებიდან ღვინის შეტანის უფლება აქვთ მხოლოდ ლიცენზიის მფლობელ იმპორტიორებს და აღნიშნული ლიცენზია მოქმედებს ევროკავშირის ყველა ქვეყნის ტერიტორიაზე.
ცნობილია, რომ ევროგაერთიანების წევრ ქვეყნებში მეღვინეობა უფრო მაღალ დონეზეა განვითარებული, ვიდრე ევროკავშირში გაერთიანების მსურველ ქვეყნებში. ამას განაპირობებს ის, რომ ამ ქვეყნებში ორიენტაცია აღებულია ყურძნის წარმოების გადიდებაზე და არა ყურძნის და ღვინის ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე. მნიშვნელოვანი ჩამორჩენა არსებობს აგრეთვე მეღვინეობის ტექნოლოგიური მოდერნიზაციის თვალსაზრისით, არასაკმარისია ინვესტიციები ვაზის ჯიშობრივი სპეციალიზაციის დონის ამაღლებისა და ღვინის ხარისხის გაუმჯობესებისათვის და ა.შ. აღნიშნულის გამო დღეისათვის უკვე გამოკვეთილია ის ძირითადი ამოცანები, რომლებიც ევროკავშირში გაერთიანების მსურველი ქვეყნების წინაშე დგება. კერძოდ, ესაა სასოფლო-სამეურნეო მიწების შესახებ საინფორმაციო სისტემის მოდერნიზაცია; ვაზის ჯიშობრივი სტრუქტურის მოდერნიზაციისათვის ხელშეწყობა ევროკავშირის მითითებების, მეთოდებისა და მსოფლიო ბაზარზე არსებული ძირითადი ტენდენციების გათვალისწინებით; ღვინის საერთო ბაზრის ორგანიზაციის სფეროში ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მყოფი კანონმდებლობის გამოყენება; იმპორტის პირდაპირი სუბსიდირების შემცირება და გაუქმება; ღვინის ხარისხზე ევროკავშირის კონტროლის სისტემის დანერგვა და გამოყენება.
ზემოაღნიშნულის დეტალურად გადმოცემა საჭიროდ ჩავთვალეთ იმისათვის, რომ გვეჩვენებინა, თუ რამდენად არ შეესაბამება ჩვენი მევენახეობა-მეღვინეობის დარგების განვითარების ნორმატიული ბაზა, ევროკავშირის ღვინის სექტორის კანონმდებლობას. რამდენად მიუწვდომელია დღეისათვის ევროპის ბაზარი ქართული ღვინოებისათვის და რამდენად აუცილებელია სახელმწიფოს როლის გააქტიურება ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი დარგების რეალურად რეგულირების საქმეში. რაოდენ საჭიროა ღვინის ფალსიფიკაციასთან ბრძოლა და ღვინის ხარისხის ამაღლებაზე ზრუნვა. რაა აუცილებლად გასაკეთებელი ამ კუთხით იმ ქვეყანაში, რომელსაც გააჩნია ევროატლანტურ სივრცეში ინტეგრაციის პრეტენზია.
ნათქვამია, ზოგი ჭირი მარგებელიაო. ეს ანდაზა დღეს რუსეთ-საქართველოს ე.წ. “ღვინის ომთან” ასოცირდება (ამაზე კიდევ გვექნება საუბარი შემდეგში). მან ყველას დაგვანახა (მათ შორის ხელისუფლებასაც), თუ რაოდენ აუცილებელია სახელმწიფო მხარდაჭერის პოლიტიკის გააქტიურება არა მარტო მევენახეობა-მეღვინეობისადმი, არამედ ექსპორტზე ორიენტირებული ყველა დარგისადმი.
ჩვენი აზრით, მევენახეობა-მეღვინეობის დღევანდელ არასახარბიელო მდგომარეობას მრავალი მიზეზი განაპირობებს, მაგრამ თავი და თავი ამ სექტორის განვითარების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის და მისი განხორციელების მიზანმიმართული პროგრამის უქონლობაა. ქვეყანას არ გააჩნია ექსპორტზე ორიენტირებული არც ერთი დარგის, მათ შორის არც მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების კომპლექსური პროგრამა, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა არა ერთი რომელიმე სეგმენტის, არამედ მთლიანობაში ყურძნის წარმოების, გადამუშავების, ღვინის რეალიზაციის და მათთან დაკავშირებული პრობლემების (ლიცენზირება, სერტიფიცირება, ადგილწარმოშობისა და გეოგრაფიული აღნიშვნების გამოყენება, დაცვა და ა.შ.) დარეგულირებაზე.
მაკროეკონომიკის ნებისმიერ სახელმძღვანელოში შეიძლება ამოვიკითხოთ, თუ რამდენად იზრდება რისკი, როცა ყველა კვერცხი ერთ კალათაშია მოთავსებული. ამით იმის თქმა გვინდა, რომ როცა ქართული საექსპორტო ღვინის 85-90% რუსეთის ბაზარზეა ორიენტირებული, ეს ბიზნესის ერთ-ერთი ყველზე მარტივი ჭეშმარიტების უგულებელყოფაა (რისთვისაც დავისაჯეთ კიდეც). ვის უნდა გაეთვალა რისკის მოსალოდნელი შედეგები და მიეღო შესაბამისი ზომები ბაზრის დივერსიფიცირებისათვის, თუ არა მთავრობას, სავაჭრო-სამრეწველო პალატას, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს “სამტრესტს” და სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებს? ფაქტია, რომ დასახელებული უწყებები მხოლოდ მას შემდეგ გააქტიურდნენ, როცა ომი უკვე წაგებული იყო.
ქვეყანაში რომ ღვინის ფალსიფიკაციამ უკანასკნელ წლებში დიდ მასშტაბებს მიაღწია, ამას დიდი გამოკვლევა არ ესაჭიროებოდა. ის კარგად ჩანდა მეღვინისა და მევენახის ურთიერთობაში, ყურძნისადმი მეღვინის დამოკიდებულებაში. ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ საქართველოში არსებული ღვინის ქარხნების უმეტესობა რუსულ-ქართული ერთობლივი საწარმოებია. არის მათ შორის ისეთებიც, რომლებიც მხოლოდ რუს მეწარმეებს ეკუთვნის. ქართულ ღვინომასალებს იყენებს რუსეთში განთავსებული ღვინის ქარხნების ნახევარი მაინც. გამოდის, რომ ჯერ ვქმნით პრობლემას და შემდეგ ვიწყებთ ზრუნვას მისი დაძლევისათვის. მხედველობაში გვაქვს წარმოების ლიცენზირების და სერტიფიცირების სამსახურის გაუქმება, შესაბამისი კანონების მოთხოვნებისა და ნორმების უგულებელყოფა, ფიტოსანიტარული სამსახურის გაუქმება და ა.შ.. რითაც პრაქტიკულად უარი განვაცხადეთ ევროპისათვის ბუფერის ფუნქციის შესრულებაზე. ასეთ ვითარებაში, ბუნებრივია, მოსაზღვრე სახელმწიფოები გაამკაცრებენ მოთხოვნებს ჩვენი ქვეყნიდან განხორციელებულ იმპორტზე, რაც იქნება არა მხოლოდ პოლიტიკური სარჩულით მოტივირებული, არამედ საკუთარი მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ტრანზიტული მავნე – დაავადებებისაგან დაცვის მოტივებითაც.
ის, რომ რუსეთის ღვინის ბაზარი გაჯერებულია თავად რუსეთში და სხვადასხვა ქვეყნებში (უკრაინა, მოლდოვა, ბულგარეთი და ა.შ.) დამზადებული ფალსიფიცირებული ღვინოებით ქართული ადგილწარმოშობისა და გეოგრაფიული სადაურობის აღნიშვნებით, ძირითადად ჩვენი “წაყრუებით” გამოწვეული პრობლემაა. თუ საქართველოს მეღვინეები უზრუნველყოფილნი იქნებიან შესაბამისი კანონმდებლობითა და გეოგრაფიული წარმოშობის დასახელების კონტროლირებადი ეროვნული სისტემით, მაშინ მათ შეეძლებათ სამართლებრივად დასაჯონ იმავე სახელწოდებით გამოშვებული სხვა ქვეყნის ღვინის მწარმოებლები და მიიღონ სათანადო კომპენსაციაც მიყენებული ზარალისათვის. ამის ტიპური მაგალითია გასული საუკუნის 60-იან წლებში გახმაურებული სასამართლო პროცესი, რომელიც ფრანგებმა წამოიწყეს ბრიტანელი იმპორტიორის წინააღმდეგ, რომელიც საკუთარ ნაწარმს უშვებდა “ესპანური შამპანურის” ეტიკეტით. საყურადღებოა, რომ პირველ პროცესზე ბრალდებულს სასჯელი არ შეუფარდეს იმ მოტივით, რომ იმ დროისათვის თავად ფრანგებს არ აღმოაჩნდათ გეოგრაფიული წარმოშობის დასახელების კონტროლირებადი სისტემა. ერთი წლის შემდეგ კი, როცა შამპანურის ფრანგმა მწარმოებლებმა კვლავ იგივე სასამართლოში შეიტანეს სარჩელი იგივე იმპორტიორის წინააღმდეგ, სასამართლომ აღიარა, რომ მხოლოდ ფრანგებს ჰქონდათ ექსკლუზიური უფლება გამოეყენებინათ სახელწოდება “შამპანური”, და ბრალდებულს აეკრძალა “შამპანურის” სახელწოდებით რაიმე პროდუქციის წარმოება. ამ პროცესმა კეთილსასურველი გავლენა იქონია ღვინის ბაზარზე და მსგავსი შემთხვევებიც საგრძნობლად შემცირდა.
საყურადღებოა, რომ უკანასკნელ წლებში ღვინის სექტორში ევროკავშირის უპირველეს მიზანს ღვინის ხარისხის განუხრელი ამაღლება წარმოადგენს, რაც განპირობებულია ღვინის მსოფლიო ბაზარზე სულ უფრო მზარდი კონკურენციით. ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდება მომავალში სუფრის ღვინოების მოხმარების შემცირების აშკარად გამოხატული ტენდენციისა და გეოგრაფიული მდებარეობის დასახელების ღვინოებზე მზარდ მოთხოვნასთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნულიდან შეიძლება გაკეთდეს რამდენიმე სასარგებლო დასკვნა. კერძოდ, როგორც ცნობილია, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი გრძელვადიანი ამოცანა ევროკავშირში გაწევრიანებაა (სადღეისოდ და ახლო ხანებისათვის – ე.წ. კეთილმეზობლობის სტატუსი), რისთვისაც საჭიროა არა მარტო “მაასტრიხტის” ცნობილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სოციალურ-ეკონომიკური მოთხოვნების შესრულება, არამედ მატერიალური წარმოების სხვადასხვა დარგებში მოქმედი “თამაშის წესების” ათვისება და განუხრელი დაცვაც. აქ უპირველესად მხედველობაში გვაქვს ის გარემოება, რომ:
1) წევრი ქვეყნებისათვის უკვე დადგენილია ვენახის ფართობების და ყურძნის წარმოების ქვოტები, რომელთა გაზრდა პრაქტიკულად შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, ჩვენი უახლოესი ამოცანა კავშირში გაწევრიანებამდე ქვეყანაში ვენახის ფართობის, ვაზის ჯიშობრივი და ასაკობრივი სტრუქტურის ოპტიმიზაციის მიღწევა უნდა იყოს. ამ მიზნით ახალი ვენახების გაშენება ძირითადად უნდა ხდებოდეს უნიკალური და მსოფლიო ბაზარზე სულ უფრო მზარდი მოთხოვნილების მქონე ყურძნის ჯიშების ხარჯზე.
2) ღვინის მწარმოებელ ქვეყნებში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების რეგულირებასა და კონტროლის საქმეში ძირითად როლს, როგორც წესი, სახელმწიფო თამაშობს. აქედან გამომდინარე, ამ სექტორის მოდერნიზაციისა და ინსტიტუციონალური მოწყობის დროს საჭიროა ქართულ სპეციფიკაციასთან ერთად გათვალისწინებული იყოს საფრანგეთის, იტალიის, შვეიცარიის, გერმანიის და სხვა ქვეყნების გამოცდილება. აგრეთვე, მეღვინეობის ახალი ქვეყნებისა, რომელთაც თავისი ღვინის ხარისხით არათუ გადალახეს, შელეწეს სხვადასხვა ბაზრებზე არსებული ბარიერები: არგენტინა, ჩილე, სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია.
3) უდავოა, რომ მევენახეობა-მეღვინეობის დარგებისადმი სახელმწიფო მხარდაჭერის პოლიტიკის გააქტიურების გარეშე ამ სექტორის თანამედროვე მოთხოვნათა დონეზე განვითარება პრაქტიკულად გამორიცხულია. აუცილებელია ვაზისა და ღვინის სახელმწიფო მარეგულირებელი, ჩამრევი სამსახურის ჩამოყალიბება. ჩვენი აზრით, სახელმწიფო მხარდაჭერის მექანიზმები მიმართული უნდა იყოს არა მარტო თეთრი და წითელი ჯიშის ყურძნის წარმოების გადიდებისათვის, არამედ ყურძნის გადამამუშავებელი სიმძლავრეების ტექნოლოგიური გადაიარაღებისაკენ, ღვინის ხარისხის კონტროლის თანამედროვე ლაბორატორიული ქსელის მოწყობისათვის და საექსპორტო მაღალხარისხოვანი პროდუქციის წარმოების სტიმულირებისათვის. ექსპორტზე უნდა დაიშვას მხოლოდ ის ღვინოები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებს პასუხობენ.
4) ღვინის სექტორისადმი სახელმწიფო მხარდაჭერა უნდა მიიმართოს აგრეთვე ხარისხიანი ღვინის რეალიზაციის გეოგრაფიის გაფართოებისაკენ. ამ მიზნით უნდა მომზადდეს რეკლამა, საერთაშორისო გამოფენებისათვის, და ა.შ. საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება უნდა დაეფუძნოს ღვინის რეპუტაციის ამაღლებას, რაც მხოლოდ მაღალხარისხოვანი ღვინის წარმოებით და რეალიზაციით არის შესაძლებელი.
5) რეალურად უნდა სრულდებოდეს “ვაზისა და ღვინის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები სანერგეების, სადედეების მოწყობისა და სერტიფიცირების, ვაზის გაშენების, მოვლა-მოყვანის და აგროტექნიკით გათვალისწინებული სხვა წესების, აგრეთვე ყურძნის გადამუშავების, ღვინის დამუშავების ენოლოგიური მეთოდების და პროცედურების დაცვის შესახებ.
6) ღვინის ფალსიფიკაციასთან ბრძოლა უნდა გამოცხადდეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმედ და მის აღსაკვეთად, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ გამოყენებული უნდა იყოს სახელმწიფოს ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი და ადმინისტრაციულ-ეკონომიკური მექანიზმები.
7)მოწეული ყურძნისათვის მევენახემ მიიღოს ისეთი შემოსავალი, რომელიც უზრუნველყოფს მისი ოჯახის ცხოვრების მისაღებ ხარისხს, მისცემს მას პროდუქციის კვლავწარმოების საშუალებას.
ზემოაღნიშნულს მოითხოვს თანამედროვე ევროპის ღვინის ბაზრის “თამაშის წესები”, რომელთა დაცვა, ადრე თუ გვიან, მაინც მოგვიწევს. ჩვენი ქვეყნის სწრაფვა ევროატლანტურ სივრცეში ინტეგრაციისაკენ უნდა გამოიხატოს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური ვექტორითაც, რადგან მარტო პოლიტიკური ერთობით დიდი სურვილის მიუხედავად სრული ინტეგრაცია განუხორციელებელ ილუზიად შეიძლება დარჩეს მხოლოდ.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. მილკო ბლესიჩი – ევროკავშირის სასურსათო პოლიტიკა და კანონმდებლობა. თბ., 2005
2. პაატა კოღუაშვილი – საქართველოს სასურსათო უშიშროება: რეალობა და პროგნოზები. გამომ. “კოლორი”, თბ., 2004
3. საქართველოს სოფლის მეურნეობა, სტატისტიკური კრებული 2004, თბ., 2005
4. საქართველოს 2004 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერა. სტატისტიკის დეპარტამენტი, თბ., 2005
5. საქართველოს სტატისტიკური წელიწდეული 2004, თბ., 2004