საქართველოს დაკონსერვებული ოქროს საბადოები
ნინო არველაძე
საქართველოს საექსპორტო პოტენციალი დღეს სერიოზული მსჯელობის საგანია.
მაინც, რა სიმდიდრეს ვფლობთ. რით შეიძლება დავაინტერესოთ მსოფლიო ბაზარი და რა ადგილი დავიკავოთ იქ. როგორ გავამყაროთ ლარი. საიდან ველოდოთ სავალუტო ნაკადებს და როგორ გავისტუმროთ საკმაოდ დიდი საგარეო ვალი?
ეს შეკითხვები ახალი არ არის. მსჯელობა მათზე განყენებული მანამ იყო, სანამ რუსეთმა ჩევნი სავაჭრო ბალანსის სიდიდით მეორე ნაწარმს, ღვინოს და ღვინო მასალის ექსპორტს, თავის ბაზარზე კარი არ გადაუკეტა. საინტერესოა ამის შემდეგ როგორი სურათი დაიხატა საგარეო ვაჭრობის ბალანსზე ან როგორია ჩვენი საექსპორტო კალათა?
2005 წელს ექსპორტის თითქმის ნახევარი, 7 სასაქონლო ჯგუფში მოექცა (იხ. სქემა #1)
წამყვანი პოზიცია უჭირავს ჯართს, რომელიც კლების ტენდენციით ხასიათდება. სერიოზული ზრდა ქონდა 2005 წლის ბოლოს ღვინოს და ღვინო მასალებს, თხილს კაკალს, ასევე მინერალურ წყლებს. მათგან უმრავლესობას, 2006 წელს, საფრთხე დაემუქრა. ღვინო მასალები და მინერალური წყლების სერიოზული კლება დაიწყო. სავაჭრო დეფიციტი რომელიც არნახული იყო 2005-ში, (მინუს 1142 მილიონი აშშ დოლარი) კიდევ უფრო გაღრმავდება.
ქვეყანა რამდენიმე დღეში ტექნოპარკი რომ არ გახდება გასაგებია. ჩვენი გადაორიენტირება რუსეთიდან ევროპისკენ დროს მოითხოვს.
პარალელურად მეტად მზარდი და დამაჯერებელი ტენდეციებით ხასიათდება მომსახურეობის ექსპორტის ბაზარი (იხ. სქემა #2).
ამ სქემის მიხედვით, მომსახურეობის ექსპორტიდან შემოსავალი, წინა წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, 30,6 %ით გაიზარდა. აქედან ტურიზმზე 60.9 მილიონი დოლარი მოდის. ის თითქმის უტოლდება გაერთიანებულ სატრანსპორტო მაჩვენებელს. მიუხედავად იმისა, რომ შარშან, ბოლო კვარტალში საქართველოს საქონლის და მომსახურეობის ბალანსი 46.7 %-ით გაუარესდა, აქ მაინც სერიოზული ლიკვიდური რეზერვებია. ეს რეზერვი ადგილობრივი სამკურნალო ტურიზმია, რომელზეც დიდი მოთხოვნილებაა. რაც მთავარია, ეს დიდი ინვესტიცია, მრეწველობასთან შედარებით, ტევადი არ არის და მოგებაც მოკლე ვადაში მოაქვს. მაგალითად, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი, წყალტუბო, ახტალა, ცაიში, აბასთუმანი, ნუნისი და ა.შ.
რამდენად ვაღიარებთ ამ სფეროს პრიორიტეტად, რა ხდება ამ სფეროში
რა უნდა გაკეთდეს მისი აღორძინების და რეალური საექსპორტო რესურსის, რეალურ ექსპორტად ქცევისათვის?
ნიკა სააკაშვილი. თბილისის ბალნეოლოგიური ცენტრის დირექტორი.
– საუბარს შაბლონური და სტანდარტული ფრაზით დავიწყებ რომელიც, ალბათ, ხშირად გსმენიათ და კიდევ უფრო ხშირად გაიგონებთ. თუმცა, იმ განსხვავებით, რომ მას ფასი ექნება – საქართველო კურორტების ქვეყანაა. ეს მოსაზრება საქართველოში არსებულ რეალობას ზუსტად შეესაბამება. მაგრამ, დღეს ძნელია კურორტების გამოყენების შესახებ საუბარი, რა თქმა უნდა, ეს საერთაშორისო ასაპარეზს და მომსახურეობის ექსპორტს ეხება. 90-იან წლებში ძირითადი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა განადგურდა. ზოგ შემთხვევაში ეს ხელოვნურად ხდებოდა, ზოგ შემთხვევებში – ბუნებრივად. იყო სუბიექტური და ობიექტური მიზეზებიც. ჩვენს შემთხვევაშიც ასე გრძელდებოდა. ასეთივე ბედი უნდა სწვეოდა თბილისის ბალნეოლოგიურ ცენტრს. მაგრამ, მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ თანამშრომლებმა, დირექტორად ჩემს მოსვლამდე, გმირული წინააღმდეგობა გაუწია იმდროინდელ ხელისუფლებას საბოლოოდ რომ არ გაენადგურებინათ ცენტრი. მართალია, სიტყვა – გმირული, ბევრს აღიზიანებს, მაგრამ ეს რეალობაა. ამას, სრული პასუხიმგებლობით ვაცხადებ. ფოტომასალის ნახვის შემდეგ, თვალნათლივ ჩანს განსხვავება ადრინდელ და ახლანდელ მდგომარეობას შორის. 1999 წელს ჩავიბარე ეს დაწესებულება. კოლექტივთან ერთად გადარჩენისათვის ბრძოლა დავიწყე. დღეს შეგვიძლია ყოყმანის გარეშე ვთქვათ, რომ მოხდა თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის რეანიმიაცია. ამას ხაზგასმით ვაცხადებ. ეკონომიკური თვალსაზრისით ეს მკვდარი დაწესებულება იყო. ჩვენი გუნდის თავდაუზოგავი ძალისხმევით კი ეკონომიკურად წელში გაიმართა. როდესაც აქ მოვედი, თვიური შემოსავალი 100-150 ლარს არ სცდებოდა. ხელფასები დარიცხული იყო. აღარაფერს ვამბობ ქაღალდზე გაცემულ ხელფასებზე, რომლებიც დაახლოებით 90 თეთრი იყო. თანამშრომლები, დაახლოებით 15 წლის მანძილზე, ხელფასს ვერ იღებდნენ. ერთი სიტყვით კატასტროფული სიტუაცია იყო. ყველაფერი ხელოვნურ გაკოტრებამდე მიდიოდა. მიზანი დაწესებულების მოსპობა გახლდათ. შეიძლება ითქვას, რომ გადავრჩით. ახლა შემიძლია განვაცხადო, რომ ეს დაწესებულება შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ სათაო ორგანიზაციად კუროლტოროგიის შემდგომ განვითარებაში.. ის ზოგადად კურორტების და სამკურნალო გამაჯანსაღებელი ტურიზმის განვითარებას მოიცავს. ეს საინტერესოა – სამკურნალო გამაჯანსაღებელი ტურიზმი. ჩვენი დაწესებულების აბრაზე ასეთი სახელწოდებაა – თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი, საქართველოს კურორტოლოგიის ფიზიოთერაპიის რეაბილიტაციისა და სამკურნალო ტურიზმის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი. ის ორი დაწესებულების სიმბიოზი გახლავთ – ადრინდელი საკავშირო მნიშვნელობის კურორტსაკავშირო კურორტოლოგიის ფიზიოთერაპიის და რეაბილიტაციის სამეცნიერო პრაქტიკული ინსტიტუტისა, რომელიც გაანადგურეს და რომლის აღდგენაც ჩვენ შევძელით. მაგრამ, სხვა სახით, ანუ ბალნეოლოგიურ კურორტთან კომპლექსში. მინდა დავამატო, რომ ეს სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრია და არა ინსტიტუტი. ჩვენთან ყველა განყოფილებას დაემატა ლაბორატორია, სამეცნიერო ლაბორატორიას მეცნიერების დარგში ჰყავს დანიშნული დირექტორი, რომელიც ფიქსირებულ ხელფასს იღებს. საერთოდ, ყველაფერი ფინანსებამდე მიდის. ჩვენ თვითდაფინანსებაზე ვართ. საბჭოთა კავშირში ეს პირველი დაწესებულება იყო, სადაც ავადმყოფების მიღება თვითდაფინანსებით მოხდა.
– რამდენი ავადმყოფის მიღება შეიძლებოდა ერთდროულად?
– ჩემი ინფორმაციით დღეში 1000-1200-ის.
– რამდენ დღეს მოიცავს ერთი კურსი?
– ეს დაავადებაზეა დამოკიდებული. ამიტომ, სტანდარტულად კურსის ხანგრძლივობაზე საუბარი მართებული არ არის. ძვალსახსროვან, ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ქალურ და კუჭ-ნაწლავის დაავადებებს განსხვავებული მკურნალობა სჭირდებათ. საერთოდ, სიმსივნურის გარდა, ყველა დაავადება, რომელიც მიმდინარეობის ქრონიკულ სტადიაშია, ჩვენს კურორტზე მკურნალობას ექვემდებარება. ყველა დაავადებას განსაზღვრული ხანგრძლივობა და სფეციფიკა აქვს.
– ძირითადი სამკურნალო საშუალება წყალია?
– აქ არ არის მონოთერაპია. ეს მხოლოდ წყალი და ტალახი არ არის. ხშირ შემთხვევაში საუბარი კომპლექსურ მკურნალობაზეა. ხშირ შემთხვევაში მონოთერაპიაზე, სადაც ძირითადად ბუნებრივი რესურსები გამოიყენება, მაგალითად: წყალი, რომელიც თავის შემადგენლობით უნიკალურია, კუმისისა და ახტალის სამკურნალო ტალახი, ფიზიო პროცედურები, ყველაზე ნაკლები დოზით მედიკამენტოზური თერაპია, ასევე მასაჟები, სამკურნალო ფიზკულტურა და რაც მთავარია, დიაგნოსტიკა. ჩვენ დღეს დიაგნოსტიკას თანამედროვე აპარატურით ვახდენთ.
– პაციენტები რომელი ქვეყნებიდან ჩამოდიოდნენ?
– არ ვიცი რამდენად სწორედ წარმართეს 90-იან წლებში ჯანდაცვის რეფორმა. ვფიქრობ მასში ბევრი ხარვეზი იყო. შეიძლება იდეა სწორად განსაზღვრეს, მაგრამ, ბევრ საკითხში მას არ ვეთანხმებოდი. ვფიქრობ, პირველად სადაზღვევო მედიცინის პრინციპები უნდა შექმნილიყო. ახლა სადაზღვევო კომპანიებს, სადაზღვეო მედიცინას და სახელმწიფო სადაზღვეო სისტემებს მეტი ყურადღება ექცევათ. მაშინ ასე არ იყო. სხვათა შორის, ჯანდაცვის რეფორმის მოდელად, ფინანსურ ურთიერთობებთან დაკავშირებით, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის საბჭოთა პერიოდის გამოცდილება გამოიყენეს. რაც შეეხება ჩამოსულთა მასშტაბს, განუსაზღვრელი იყო. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. საბჭოთა პერიოდში იყო ასეთი სტატუსი – “საკავშირო გამაჯანსაღებელი დაწესებულება.” მოგეხსენებათ, მაშინ უცხოეთთან ურთიერთობა გართულებული იყო. მაგრამ, ძირითადად საბჭოთა რესპუბლიკებიდან ჩამოდიოდნენ და მკურნალობდნენ. ეს იყო რუსეთი, ყაზახეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი. არსებობს ამის დამადასტურებელი სტატისტიკა. სამწუხაროდ, ეს წარსულია. დღეს, ჩვენი დიდი სურვილია ავაღორძინოთ კურორტოლოგია და პარალელურად სამკურნალო გამაჯანსაღებელი ტურიზმის ელემენტები. თუ ამ საკითხს ფინანსური თვალსაზრისით მივუდგებით, შევძლებთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საქმეში ერთი დიდი აგური დავდოთ. ერთი შეხედვით, ერთი კურორტის განვითარება თითქოს უმნიშვნელოა. მაგრამ, საკითხი სერიოზულად დგას, ამას შეუძლია ქართული ეკონომიკის აღორძინების გამოწვევა. პირადად მე, ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, ამისთვის ვიღწვი. ავიღოთ ძალიან პატარა სქემა, რომელიც ეკონომისტის თვალთახედვით დილეტანტურია. ჩვენ დედაქალაქის ცენტრში ვმდებარეობთ, სადაც ჩვენი ქალაქი დაიბადა. აქ არის ის გოგირდოვანი წყალი, რომელშიც ლეგენდის მიხედვით ხოხობი დაიხრჩო. ეს უკვე ისტორიაა. ტურისტული თვალთახედვით, საქართველოში ტურიზმის განვითარების აქედან დაწყება, მიზანშეწონილია. მეორე საკითხს ასე დავსვამდი – რა არის ტურიზმი? არსებობს ამ ტერმინის მრავალი განმარტება. ჩემი აზრით, ტურიზმი არის პრევენცია და რეაბილიტაცია. ვთქვათ, ჩვენ ტურისტულ ღონისძიებაში ვმონაწილეობთ. თითოეულ ადამიანს აქვს პრევენციული პერიოდი, როდესაც ჯანმრთელობა და მისი შენარჩუნება უნდა. ადამიანები თხილამურებით სრიალებან, ცურავენ, ლაშქრობებს აწყობენ, ფსიქოლოგიურად ერთობიან. ეს არის პრევენცია, ისინი სტრესული სიტუაციის დაძლევას ახდენენ. მაგრამ, არის მეორე ვარიანტიც – ნაავადმყოფარი ადამიანი, რომელსაც რეაბილიტაცია სჭირდება. ის შეიძლება იყოს სტაციონალური, ამბულატორული. ამ დროს, ყველაზე მართებულია აქტიური რეაბილიტაცია. ეს კი ტურიზმის ერთ-ერთი სახეობაა – დოზირებული სეირნობა, ნერვული სისტემის დამშვიდება, დათვალიერება, ინტელექტულური ინფორმაციის მიღება, ფიზიკური გაკაჟება და გამოჯანრთელება. ერთი სიტყვით – შერწყმული პრევენცია და რეაბილიტაცია შეიძლება იყოს ტურიზმი. ის შეიძლება მრავალი სახის იყოს. რით სულდგმულობს ტურისტი ტურისტული აქტივობისას? – კლიმატით, ნიადაგით, წყალით. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დამისვა შეკითხვა – რა სიხშირით შეიძლება ტურიზმთან დაკავშირებით გამოფენების გამართვა და არის თუ არა საჭირო მათი ყოველწლიურობა? ჩემი პასუხი ასეთი იყო – ყოველწლიურობა კი არა, ყოველდღიურობაა საჭირო. რა თქმა უნდა, ძალიან გაუკვირდა. საქართველოში ტურიზმის მრავალი სახეობის განვითარება შეიძლება. დავიწყოთ სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტურიზმით – დავუთმოთ მის გამოფენას რამდენიმე დღე, მოვიწვიოთ ხალხი, გავუკეთოთ მას საკადრისი რეკლამა. აქტუალურია ღვინის ტურიზმი, ჯერ კიდევ ორი წლის წინ, აქტიურად ვაყენებდი ამ საკითხს. მაგრამ, გამოხმაურება არ მქონდა. ახლა ურემი გადაბრუნებულია. ტარდება უამრავი აქციები. მაგრამ, ვშიშობ, ეს ცოტა დაგვიანებულია. თანაც, ჯობდა სხვა სტილში გაკეთებულიყო. ჩვენ პარალელურად უნდა დავიწყოთ ტურიზმის ამ მიმართულებით განვითარებაზე ფიქრი. ყველამ ვიცით, რომ კახეთი თავისი ისტორიული ძეგლებით, ტურისტული მხარეა. იქ უამრავი ძეგლია. ჩამოვიყვანოთ ტურისტები, ვანახოთ ვენახი, ავუხსნათ ვაზის ისტორია, მასთან ურთიერთობის ტექნოლოგია, ვაჩვენოთ მისი დაწურვის ტექნოლოგია, ნიადაგში არსებული ელემენტები, ყურძენში სასიკეთო ნივთიერებების შემცველობა. აუცილებლია აშენდეს სადეგუსტაციო დარბაზები მსუბუქი კონსტრუქციით, სადაც ადამიანი შევა და დაისვენებს. ერთი სიტყვით ტურისტს ფულის დახარჯვის პირობები და სურვილი უნდა გაუჩნდეს. ეს შრომით, გარჯით და ბუნების სიკეთით მოპოვებული თანხებია, რომელიც ქვეყანას გამოდგება.
– გათვლილია, რომ ტურისტი ერთ კვირაშო 1000 დოლარს მაინც დახარჯავს.
– დიახ. ამ გათვლებთან დაკავშირებით მოგახსენებთ. ერთ-ერთი ამერიკული ოთხსულიანი ოჯახი, ყოველ წელს დადის აფრიკაში გოგირდოვან წყლებზე, სადაც 10 დღის მანძილზე 40 000 დოლარს ხარჯავს, ანუ, ეს მათთვის მეტად ღირებული და ფასეულია. ისრაელში რამდენიმე წუთიანი გოგირდოვანი აბაზანა 30 დოლარი ღირს. ფასდება ის, რაც ამ ქვეყნებს გააჩნიათ. სამწუხაროდ, ჯერ ჩვენთან ეს არ ფასობს. საბედნიეროდ, ვხედავ პერსპექტივას, რომ დაფასდება. 90-იან წლებამდე მას ნამდვილად კარგი დაფასება ჰქონდა. ამ შემთხვევაში პოლიტიკურ შეფასებას ნამდვილად არ ვახდენ.
– თქვენ ახტალა ახსენეთ, ე.ი მასთან კავშირი გაქვთ.
– ახტალიდან და კუმისიდან მოგვაქვს ტალახი.
– რა არის ახტალის ტალახი?
– ეს არის ვულკანური ქანებისგან მიღებული მასა, რომელიც არნახულ ქიმიურ ელემენტებს შეიცავს. ის პირდაპირ კავშირშია მთელი რიგი დაავადებების გამოჯანმრთელებასთან. საუბარი არ არის პრევენციულ ზომებზე. ახტალის ტალახის მეშვეობით უშვილობის პრობლემის გადაწყვეტა ხდება. სამწუხაროდ, შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვს და ინსტიტუტები, რომლებიც უშვილობაზე მუშაობენ, ნაკლებად იყენებენ ჩვენს რესურსებს და მედიკამენტებზე არიან გადასულნი. მე მიმაჩნია, რომ კომპლექსის გამოყენების შემთხვევაში, უფრო დიდი შედეგის მიღება შეიძლება. ამ ტალახს, თავისი შემადგენლობით, თავისუფლად შევადარებთ მკვდარი ზღვის მინერალებს, აგრეთვე, უკრაინის საკეს ტალახს, რომლისთვისაც იქ უამრავი ტურისტი ჩადის. ის დიდი ფულის შოვნის წყაროა. ჩვენი ტალახი მათ არ ჩამორჩება. მისი საშუალებით ბევრი დაავადების განკურნებაა შესაძლებელი. მოგეხსენებათ, მამაკაცის მეორე გული პროსტატის ჯირკვალია. მამაკაცებში ის ნომერ პირველი პრობლემაა. 20-25 ტალახის სეანსის შემდეგ პროსტატიდები იკურნება. ეს მედიკამენტოზური მკურნალობის გარეშე, მონოთერაპიით ხდება. ტელევიზიით მუდამ გადის ექიმის ან მედიკამენტის რეკლამა, რომელიც მამაკაცებს ამ პრობლემის მოგვარებას სთავაზობს. ეს ყველაფერი ძალიან ძვირია. ჩვენთან კი ყველაზე დაბალი ფასებია. ასევე უდიდესი პრობლემაა ფსორიაზი. ჩვენთან ამასაც ვმკურნალობთ. დღევანდელი საბაზრო ეკონომიკის პირობებში ყველაფერი ბიზნესს უნდა მოიცავდეს. თვითდაფინანსებაზე არსებობა, შეუძლებელია.
– ახლა თუ არსებობს ახტალაში ბალნეოლოგიური კურორტის მსგავსი დაწესებულება?
– ბალნეოლოგიურის მსგავსი არა. მაგრამ, არსებობს დაწესებულება, რომელიც მხოლოდ ზაფხულში და მხოლოდ ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის ფუნქციობს. მას კარგი და ენერგიული დირექტორი ჰყავს. ჩვენ ვთანამშრომლობთ.
– როგორ ხდება ამ ტალახის განახლება?
– ის მუდმივად ამოდის. საქართველოს ზოგიერთ ადგილებში დუღს. საქართველოში ტალახის მნიშვნელობა ბევრს არ ესმის და არასერიოზულად უყურებს. ამის გამო, გული მტკივა. უზარმაზარი სიმდიდრე გაგვაჩნია და არ ვაფასებთ. მსოფლიო კი მისკენ არის შემობრუნებული. კვლავ ტურიზმს დავუბრუნდეთ. ჩვენს დედაქალაქში რამდენიმე სარწმუნოების ხალხი ლოცულობს. აქვეა ისტორიული აბანოები, ციხეები. ეს უკვე მუზეუმია. შუაგულში კი უნიკალური ბუნებრივი რესურსების სამკურნალო დაწესებულებაა. ეს ფაქტები მეტყველებენ, იმაზე, რომ საქართველოში სამკურნალო გამაჯანსაღებელი ტურიზმი უნდა განვითარდეს. ამ რეგიონში არის სასტუმრო, სადაც შეიძლება დასახლება და თან მკურნალობა.
– რამდენი ასეთი კურორტი არსებობს საქართველოში?
– კუმისში მხოლოდ ტალახია, რომელიც ცოტა გაფუჭდა, რადგან სადაც ტალახია, თევზის მოშენება არ შეიძლება. იქ კი თევზსაშენი მოაწყვეს. იყო პერიოდი, როცა თევზმა ტალახი გამოფიტა. ყველაფერს გათვლა სჭირდება. არ შეიძლებოდა გაბურღვა და საბურთალოზე გოგირდოვანი წყლის მოძიება, რაც კომუნისტების მმართველობის დროს მოხდა. ამის შედეგად ბალანსი აირია. მსგავსი წყლებია ნუნისში. იქ სანატორიუმი განკერძოვდა. წყალტუბოშია რადონი. ის ცოტა სხვა მიმართულების წყალია. რადიაქტივობის კუთხით უფრო აქტიურია და ფაქიზი გამოყენება სჭირდება.
– თუ შედის წყალტუბო იმ სქემაში, რასაც სამკურნალო კურორტები და საექსპორტო პოტენციალი ჰქვია?
– წყალტუბო უნდა იყოს ერთ-ერთი ლოკომოტივთაგანი თავისი უნიკალური რადონული წყლებით, რომელთაც სერიოზული პრევენციული სარეაბილიტაციო და სამკურნალო თვსებები აქვს. ეს არის ბუნებრივი ლაზეროთერაპია. სამწუხაროდ, ის განადგურებულია. ჩვენს დაქვემდებარებაში სათაფლიის მღვიმე გაგვაჩნია, სადაც სასუნთქი ორგანოების დაავადებებს ვმკურნალობთ. მისი აღდგენა ახლა დაიწყო. წელს, ალბათ, პირველი პაციენტიც გაიგზავნება. იქ ჯერ რემონტია გასაკეთებელი. ეს ნამდვილად უნიკალური რამაა, სადაც მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან შეიძლება ავადმყოფის ჩამოყვანა. ექიმის მეთვალყურეობით მიკროკლიმატში ყოფნის შემდეგ, ბრონქული ასტმა, თუ პაციენტს ყოველდღე აღენიშნება, შეიძლება 6 თვეში, ან წელიწადში ერთხელ გაუმეორდეს. თანაც მსუბუქი ფორმით. ეს სამკურნალო ტურიზმის ერთ-ერთი სახეობაა. საქართველოში ბევრი სიმდიდრეა. მათზე საუბარი ამოუწურავად შეიძლება. შევქმენით “საქართველოს კურორტების აღდგენისა და განვითარების ასოციაცია.” დავსახეთ ამოცანა:
1. საქართველოს კურორტების აღდგენისა და განვითარების ხელშეწყობა.
2. საქართველოს, როგორც საკურორტო ქვეყნის რეკლამირება საზღვარგარეთ.
3. საქართველოს კურორტების ჩართვა მსოფლიოს საკურორტო ნაკადში.
4. საქართველოს საკურორტო ადგილმდებარეობის შესწავლა. სამკურნალო თვისებების შესწავლა – პოპულარიზაცია.
5. საქართველოს კურორტების თანამედროვე სამკურნალო აპარატურით აღჭურვა. კურორტების მართვის თანამედროვე სისტემების დანერგვა. რეფორმების ხელშეწყობა.
6. სხვადასხვა სარეკომენდაციო ნაშრომების მომზადება.
7. გაცვლითი პროგრამების განხორციელება ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისათვის.
8. საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციებთან კავშირის დამყარება.
9. სამედიცინო აპარატურისა და სარემონტო სამუშაოებისათვის საჭირო მასალების მოძიება.
10. წესდებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად ნებისმიერი საქმიანობის განხორციელება, რომელიც კანონით არ არის აკრძალული.
ვინაიდან დაფინანსება არ გვაქვს, ასოციაციის პირველი ნაბიჯი იმ თანხების მოზიდვა გახლდათ, რომლის საშუალებითაც კურორტის ნაწილობრივი რეაბილიტაცია მოხდა. ეს ქველმოქმედებით გაღებული ფულია და არა სახელმწიფოს მხრიდან ჩადებული. ამ ასოციაციამ იმასაც მიაღწია, რომ კურორტოლოგიის ცენტრთან და მეცნიერების ერთ-ერთ ჯგუფთან ერთად, მოხერხდა საქართველოში კურტებისა და ტურიზმის კანონმდებლობაში საკმაოდ სერიოზული ცვლილებების პროექტების მომზადება. პროექტი იხვეწება და საბოლოო ჯამში პარლამენტში გადაიგზავნება. საკანონმდებლო ცვლილებები იმ პრობლემების დაძლევაში დაგვეხმარება, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ტურიზმისა და კურორტების კანონი ძალიან დილეტანტურად იყო დაწერილი. ჩვენ ის გავასწორეთ. შესწორების ძირითადი პრინციპის გასაგებად მაგალითს მოგიყვანთ – წყალტუბოში ყველა აბაზანა გაიყიდა, სადაც წყალი მოდის. პაციენტების მკურნალობის სისტემა იქ აღარ არსებობს. ფულს იხდიან, შედიან და რამდენ ხანსაც მოესურვებათ რჩებიან.
– ამ დროს კი წყალი რადიაციულია.
– რა თქმა უნდა. შეიძლება ორგანიზმში არასასურველი პროცესები დაიწყოს. დეტალური გამოკვლევის გარეშე მისი გამოყენება ჯანმრთელობისთვის მავნებელია. ასევე მავნებელია საირმის წყალი, თუ მას საჭიროებისამებრ არ გამიყენებ. თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტთან არსებული წყალი, ჭრელი აბანოს გოგირდოვანი წყალია და მასში საათობით წოლას და ლუდის სმას შეუძლია ადამიანი სიკვდილამდე მიიყვანოს. ამიტომ, ვინც ასეთ აბაზანებს იყიდის, უნდა გაითვალისწინოს, რომ აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობა. ადრე არსებობდა კურორტოლოგი ექიმების ინსტიტუტი – კარდეოლოგები, გინეკოლოგები, დერმატოლოგები და ა.შ მათ სფეციფიკა იცოდნენ. აი, ეს არის ახლა უდიდესი პრობლემა. სწორედ ამასთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები უნდა შევიდეს.
– არის თუ არა თხუთმეტამდე სერიოზული ობიექტი საქართველოში, დავარქვათ მას რესურსი, რომელიც შეიძლება ამ სახის საექსპორტო პოტენციალის ცენტრად მივიჩნიოთ?
– საქართველოში სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტურიზმისა და კურორტოლოგიის განვითარების სათავე, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი უნდა იყოს. ფიზიოთერაპიის, რეაბილიტაციისა და სამკურნალო გამაჯანსაღებელი ტურიზმის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრიც ეს უნდა გახდეს. ის უნდა ახდენდეს მედპერსონალის ტრეინინგს. ტრეინინგ ჯგუფი უკვე შევქმენით. კანონის მიღებისთანავე მათი გადამზადება დაიწყება. არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება სათაო ორგანიზაციის არსებობის გამორიცხვა. გასაგებია, რომ არსებობს კურორტების დეპარტამენტი. მაგრამ, მას სულ სხვა ფუნქცია აქვს, ის პოლიტიკაა.
– ტურიზმის დეპარტამენტი საქართველოსთვის ქვაკუთხედი უნდა იყოს.
– უნდა იყოს. თუ კანონში იმ ცვლილებებს მიიღებენ, რაც ჩვენ წარვადგინეთ, დაფუძნდება სათაო დაწესებულება, რომელიც საქართველოში კურორტოლოგიისა და სამკურნალო ტურიზმის საკითხებს უხელმძღვანელებს. ამ დარგში მეთოდოლოგიური ხელმძღანელობა უნდა განხორციელდეს. სხვანაირად არ შეიძლება, რადგან დარგი ვერ განვითარდება. კვლავ ვიმეორებ, რომ ტურიზმის დეპარტამენტი სხვა სტრუქტურტაა. ის არის იდეოლოგია და პოლიტიკა. ჩვენი დაწესებულება კი უნდა იყოს პრაქტიკული და რეკომენდაციების მიმცემი, რადგან აქ მუშაობდნენ, მუშაობენ და იმუშავებენ პროფესიონალები. დაიწყო კურორტოლოგი ექიმების დენადობა. ზოგი გარდაიცვალა, ზოგი სხვაგან წავიდა. არსებობს საშიშროება, რომ ახლო მომავალში, საქართველოს კურორტოლოგი ექიმები არ ეყოლება. ჩვენ ამას ცხადად ვხედავთ. საუბარი მქონდა სამედიცინო უნივერსიტეტის ახლად დანიშნულ რექტორ გია მენაბდესთან. მას ავუხსენი, რომ საქართველოში ეს დასაბრუნებელი დარგია და მას სპეციალისტები სჭირდება. შეიქმნა დეპარტამენტი, სადაც სწავლების პერიოდში ერთ-ერთ ძირითად წამყვან ხაზად იქნება კურორტოლოგია, რეაბილიტაცია და სამკურნალო გამაჯანსაღებელი ტურიზმი.
– ეხება თუ არა ამ კურორტებს სეზონურობა?
– შეიძლება ითქვას, რომ არ ეხება.
– ესე იგი საქართველოს სამკურნალო კურორტებს წელიწადში 500 000 ტურისტის მიღება შეუძლიათ.
– ძნელი სათქმელია. სწორი საინვესტიციო პროგრამის და პრომუშენის პირობებში შეიძლება მეტიც მიიღოს.
– საქართველოს ამის რესურსი გააჩნია?
– დიახ, უდავოდ. თუ მხოლოდ თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი დღე-ღამეში 1000-1500 ავადმყოფს იღებდა, წარმოიდგინეთ წყალტუბოს უზარმაზარი კურორტი რამდენ ავადმყოფს მოემსახურება დღეში.
– ე.ი რაოდენობა მილიონს მიუახლოვდა. კარგი ინვესტიციის პირობებში კურორტები უფრო ქმედუნარიანი იქნებიან. ამ სახის ტურიზმს საქართველოში მილიონი ტურისტის მოზიდვა შეუძლია?
– 80-იანი წლების ბოლოს საქართველოში 4.5 მლნ ტურისტი ჩამოდიოდა. ნახევარი კი სამკურნალო ტურიზმზე მოდიოდა.
– ვთქვათ ჩამოვიდა 2 მლნ ტურისტი და არსებული ტარიფით დახარჯა 1000 დოლარი. ეს ქვეყნისთვის 200 მლნ საექსპორტო შემოსავალია.
– როგორც კურორტოლოგი გეუბნებით, რომ საქართველოში ტურიზმი და კურორტოლოგია ერთ პრიზმაში უნდა განვიხილოთ. დეპარტამენტშიც კი, დილენტატური მიდგომა აქვთ. იქ მხოლოდ ტურიზმზე საუბრობენ. ღვინის, სამკურნალო გამაჯანსაღებელი, სამთო სათხილამურო ტურიზმი – ესენი პრევენციას უკავშირდებიან. ამიტომ, ყველა გზა რომში მიდის. ეს სამედიცინო სფეროა. გათვლებზე საუბრისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტურიზმთან ერთად კურორტოლოგია უნდა წამოვწიოთ. აცხადებენ, რომ საქართველოს კურორტები არ არის იმ მდგომარეობაში, რომ კურორტოლოგიის განვითარებაზე ვილაპარაკოთ. ეს სასაცილოა. კურორტოლოგია კორპუსებს არ ნიშნავს. დროთა განმავლობაში ესეც მოგვარდება, რადგან ინფარასტრუქტურა უნდა განვითარდეს.
– გეთანხმებით. როდესაც ტურიზმის განვითარებაზე ვსაუბრობთ, არ ნიშნავს, რომ ტურისტი მხოლოდ ქობულეთის სანაპიროზე წავიყვანოთ, რადგან ის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს ვერ მოუგებს. მას ჩვენი სიმდიდრე უნდა ვანახოთ. თუ შეიცვლება მიდგომა და დონორი ჩვენი განძის შესახებ გაიგებს, ის ფიქრს სხვანაირად დაიწყებს.
– ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი აბასთუმანი. ჩემი ინფორმაციით მას მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. იქ ჭარბად არის O3. ამიტომ, ტუბერკულოზით დაავადებულ ავადმყოფებს უწამლოდ მკურნალობენ. მაგრამ, ამჟამდ ის განადგურებულია, ყურადღებას არავინ აქცევს. მსოფლიოში ტუბერკულოზით დაავადებული ნებისმიერი ადამიანი, გადაიხდის კოლოსალურ თანხას აბასთუმანში მკურნალობისათვის.
მოგიყვანთ უბრალო მაგალითს, ტურიზმისა და კურორტების კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანისას შემოვლითი გზებით სიარული დაგვჭირდა. ისევ და ისევ იმიტომ, რომ ეს დაწესებულება წინ არ არის წამოწეული. თუმცა, მას უდიდესი ისტორიული, საჭირო და ინტელექტუალური მასალა და პოტენციალი გააჩნია.
დღევანდელი ურბანიზაციის პერიოდში, ბუნებრივი ფაქტორები უებარი მალამოა, რომელიც იყიდება და ფული შემოდის.
– საექსპორტო კალათაში ვყიდით გვარჯილას, ჯართს, რომელიც უკვე მცირდება. ღვინოს, რომელზეც პრობლემა შეგვექმნა. ხილს და სამკურნალო ბალახებს გერმანიაში. ეს არის და ეს. ჩვენ უნდა ვისწავლოთ შეფუთვა და გატანა. საქართველომ უნდა გააკეთოს “მეიდ ინ ჯორჯიას” პრომოუშენი. ინვესტორი უნდა დავარწმუნოთ, რომ საქართველოში ფულის შოვნა შეიძლება. საუბარია 500 მილიონიდან ზევით ინვესტიციებზე. ჩვენი კერძო ბიზნესმენების ინტერესები, სახლების მშენებლობას ვერ სცდება. ტურიზმის დეპარტამენტმა, ყველაფერს რის შესახებაც ჩვენ ვსაუბრობთ, სერიოზული ინვესტიციის კუთხიდან უნდა შეხედოს.
– ჯერ კიდევ 1999 წელს, როდესაც სამუშაოდ აქ მოვედი, პირველი საკითხი, რომელიც დავაყენე იყო ის, რომ ვითხოვდი სახელმწიფოს მხრიდან ელემენტარულ ყურადღებას, რომლის დახმარებითაც საქართველოში ლუდზე და კოკა-კოლაზე მეტ შემოსავალს შემოვიტანდი. მთავრობამ ჩადოს ფული. შეიძლება ნებისმიერი დაწესებულება ან საავადმყოფო გაიყიდოს.
– რაში უნდა ჩადოს სახელმწიფომ ფული?
– ფული უნდა ჩადოს ისეთი დაწესებულების განვითარებაში, როგორიც ჩვენია. შეიძლება რიგითი საავადმყოფოს გაყიდვა. მაგრამ, ეს ერთადერთია, რომელშიც შეიძლება ჰარმონიულად განვითარდეს ყველაფერი. თუ სახელმწიფო ჩვენი ინფრასტრუქტურის განვითარებაში ჩადებს ლარს, სულ მოკლე ხანში მიიღებს 5 ლარს. ეს გაზვიადებული ნათქვამი არ გახლავთ. ამას დიდი ეკონომისტობა არ სჭირდება. კურორტოლოგია და ტურიზმი ის დარგია, რომელიც ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერი რეჟიმის შემთხვევაში, კურორტოლოგიად და ტურიზმად რჩება. ეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი ბერკეტია.
– სახელმწიფომ სამკურნალო ტურიზმისთვის პოლიტიკის ნაწილში უნდა შექმნას პროგრამა. 2007 წლისთვის უნდა ჩაიდოს 10 მილიონი ლარი. მიმართულება იქნება რესურსების მოვლა – რეაბილიტაცია, ინსტიტუციონალური კვლევა და სწავლება. მოხდება რაიმე, რომ 2007 წლის ბიუჯეტში ამისთვის სახსრები გამოინახოს.
– უნდა მოხდეს პერსონალის გადამზადება, რათა ყველას შეეძლოს პირველადი დახმარების გაწევა.
– ჩვენ საექსპორტო რესურსი, ამის ტოლფასი ბევრი არ გვაქვს.
– ხაზს ვუსვამ, რომ კურორტოლოგია უნდა განვითარდეს ტურიზმთან ერთად. .ის უნდა გახდეს პრიორიტეტი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების. უნდა მომზადდეს კომპლექსური პროგრამა როგორც ინფრასტრუქტირის და ტექნიკური პირობების შესაქმნელად, ისე ექიმების და კადრების გადასამხადებლად. აგრეთვე, საეართაშორისო პრომოუშენის და მარკეტინგის დასახვეწად
მიმაჩნია, რომ ეს საკითხი, როგროც საექსპორტო პოტენციალის ფუნდამენტალური მიმართულება, ცალკე კონფერენციაზე უნდა განიხილონ. სახელმწიფოს სტრატეგიული გეგმის შექმნასა და განხორციელებაში, ეს ძალიან დაეხმარება.
საქართველოს კურორტების როლი სამკურნალო გამაჯანსაღებელი ტურიზმის განვითარებაში
საქართველოს კურორტული ფაქტორების გამოყენება ტურიზმის სფეროში ეკონომიკური კრიზისის დაძლევის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. შემოსული თანხებით შესაძლებელი გახდება კურორტების რეაბილიტაცია, სამკურნალო ტურიზმის განვითარების შესაბამისი ინფრასტრუქტურის და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. ინფრასტრუქტურაში სამედიცინო პერსონალის, კერძოდ კი ექიმების მომზადებას საერთაშორისო სტანდარტებით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. სტატისტიკური მონაცემებით, ჯერ კიდევ 80-იანი წლების ბოლოს, 4,5 მლნ ტურისტიდან თითქმის ნახევარი ყოველწლიურად ჩამოდიოდა სანატორულ-კურორტული მკურნალობისათვის.
მოწინავე ტურისტული ქვეყნების გამოცდილებით (შვეიცარია, ავსტრია, საფრანგეთი, ინგლისი, საბერძნეთი, რუმინეთი, იუგოსლავია და ა.შ.) ისეთი ბუნებრივი რესურსებით მდიდარ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა მიზანშეწონილია სწორედ სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტურიზმის განვითარება.
უცხოელი ექსპერტების აზრით და ჩატარებული კვლევებით დადგენილია, რომ მულტიპლიკაციური ეფექტი ყველაზე მძლავრად არის გამოხატული სწორედ გამაჯანსაღებელ ტურიზმში. ჰავაის უნივერსიტეტის 1994 წლის მონაცემებით ტურისტის მიერ სამკურნალო-გამაჯანსაღებელ მომსახურეობაში დახარჯული ერთი დოლარი გენერირდება 2,15 დოლარად. Mმაშინ, როცა ტიპიური სათავგადასავლო ტურიზმის სფეროში დახარჯული ერთი დოლარი გენერირდება 1,76 დოლარად. 39 ცენტი მოგება მოდის გამაჯანსაღებელი ტურიზმის ხარჯზე. ეს მოითხოვს კვალიფიკაციურ კადრებს და შესაბამის ინფრასტრუქტურას – მინერალური წყლების პავილიონებს, საპროცედუროებს, სააბაზანოებს, აეროსოლარიუმებს, მასაჟის კაბინეტებს, ფიტნეს კლუბებს, სპორტულ მოედნებსა, ღია და დახურულ აუზებს, დიეტური კვების ობიექტებს თუ რესტორნებს, კომფორტულ სასტუმროებს, კენპინგებს, გასართობ პავილიონებსა და კინოთეატრებს. ეს ყველაფერი ინვესტიციებთან არის დაკავშირებული. მიზანი ამართლებს დანახარჯებს.
კურორტოლოგიის, როგორც დარგის პრიორიტეტი საქართველოსთვის განპირობებულია ბუნებრივი ფაქტორების სიუხვით და მრავალფეროვნებით, რომელთა შორისაც გამოყოფილია 340 საკურორტო ადგილი – 120 კურორტი, 2000 მინერალური წყარო, რომელთა დღე – ღამის დებიტი 130 მლნ ლიტრს შეადგენს, სამკურნალო ტალახის საბადოები, ზღვის და მთის კლიმატური ბალნეოლოგიური კურორტები, კარსტული მღვიმეები, ეროვნული პარკები და ნაკრძალები. ეს ამავე დროს, უდიდეს ტურისტულ პოტენციალს წარმოადგენს 12000 ისტორიულ ძეგლთან ერთად.
საბჭოთა კავშირის ნგრევასთან ერთად, დაინგრა საკურორტო მომსახურეობის სისტემაც, რომელთაც პროფკავშირები უძღვებოდნენ. კურორტების უმრავლესობამ დაკარგა თავისი პროფილი, ფუნქცია და ზოგერთი მათგანი მაგალითად წყალტუბო, იძულებით გადაადგილებულ პირთა თავშესაფრად იქცა.
ადამიანი უძველესი დროიდან იყენებდა ბუნებრივ რესურსებს გასაჯანსაღებლად და სამკურნალოდ. საქართველოში ამ ფაქტს ადასტურებენ ანტიკური გათხრები. მე-12 საუკუნეში, როცა ადამიანი განსაკუთრებით სტრესულ სიტუაციაში აღმოჩნდა – ეკოლოგიური კატასტროფები, ეთნოკონფლიქტები, ტერორისტული აქტები, ომები – დადგა გაჯანსაღებისა და განტვირთვის ორიგინალური ფორმების გამოყენების აუცილებლობა, სადაც ერთმანეთთან არის შერწყმული დასვენება, რელაქსაცია, გართობა, ფიზიკური და სულიერი წონასწორობის აღდგენა, ახლის შეცნობა და მკურნალობა, ამ ყველაფრის შერწყმის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტურიზმი.
ამ თვალთახედვით საქართველო უნიკალური ქვეყანაა. აქ 70.000 კვმ-ზე, 1200 ისტორიულ ძეგლთან ერთან, ბუნებრივი სამკურნალო რესურსების ბაზაზე გაშენებულია 102 კურორტი, დადგენილია 400-მდე საკურორტო ადგილი, რომლებიც სრულიად აუთვისებელია მოსახლეობის ორგანიზებული დასვენებისა და გაჯანსაღების თვალსაზრისით. თუ ოქროს საწმისსა და პირველი ევროპელების სამარხებსაც წარმოვაჩენთ, მსოფლიოში იშვიათია ისეთი ქვეყენა, როგორიც საქართველოა სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტურიზმის განვითარებისთვის.
სწორედ ბუნებრივი რესურსების სიმდიდრემ განაპირობა საქართველოში საკურორტო მეცნიერების განვითარება. საქართველოს კურორტებზე წარმატებით მკურნალობენ სხვადასხვა ქრონიკულ დაავადებებს.
ისეთი ქვეყნისათვის როგორიც საქართველოა, ტურიზმი და კურორტები ერთმანეთისაგან განუყოფელია. არ არსებობს ტურისტული მარშრუტი, რომელიც გვერდს უვლიდეს კურორტსა და საკურორტო ადგილს.
საქართველო კურორტების ქვეყანაა. კურორტები განლაგებულია სხვადასხვა კლიმატურ ზონაში. ზღვის სანაპიროზე აფხაზეთში – გაგრა, ბიჭვინთა, ახალი ათონი, სოხუმი, გულირიფში. აჭარაში – ბათუმი, ქობულეთი, მწვანე კონცხი, ჩაქვი, მახინჯაური. გურიაში – ურეკი. სამეგრელოში – მალთაყვა. ბალნეოლოგიური კურორტები – ბორჯომი, წყალტუბო, საირმე, ნუნისი, უწერა და სხვა. მთის კლიმატური კურორტები – აბასთუმანი, წაღვერი, ცემი, ფაფა, მანგლისი, გუდაური, ბაკურიანი, შოვი, ბახმარო. საქართველოს ტერიტორია სუბ-ტროპიკულ-კლიმატური სარტყლის ჩრდილო საზღვარზე იმყოფება, რის გამოც აქ მზის რადიაციისა და თერმული რეჟიმის ოპტიმალური პირობებია შექმნილი. ზღვისა და მთის არსებობა ქმნის ლანდშაპტების და მიკროკლიმატური პირობების დიდ მრავალფეროვნებას, რაც უაღრესად ხელსაყრელია როგორც კურორტების, ისე ტურიზმის განვითარებისათვის.
საქართველოში ტურიზმის ერთ-ერთი ტრადიციული მიმართულება მინერალური წყლების ბაზაზე ჩამოყალიბებულ სამკურნალო დაწესებულებებში – SPA დასვენების ორგანიზაციაა. ამ მხრივ საყურადღებოა საქართველოს დედაქალაქი – თბილისი, რომელიც წარმოადგენს ბალნეოლოგიურ კურორტს და გააჩნია დიდი ისტორიულ-რეკრეაციული პოტენციალი, რათა გახდეს საერთაშორისო ქალაქი-კურორტი.
თამრიკო ჩილინგარიშვილი, ექსპერტი