რაღა დაგიმალო და ქართული ქონსალტინგ ბიზნესი
ემზარ ჯგერენაია
ვიცი, რომ არ დაიჯერებთ, მაგრამ ასეა. ამ საყოველთაო და ტოტალური ფეხბურთის გაგანიასა და ბუღში შემთხვევით არგენტინისა და ბრაზილიის გუნდების თამაშით გულგადაწურულმა, რახან თბილისიდან ვერ გავდიოდი, ინტერნეტში ჭყუმპალაობა გადავწყვიტე. ჰოდა, შენ ხარ ჩემი ბატონი, შუა ცურვაში თვალი მოვკარი ქართულ ვებსაიტს – “ოდიში”. ბოდიში ყველა კუთხესთან, მაგრამ ისედაც გულაფრთხიალებულს, გული გადმომივარდა ბუთხუზა მკერდიდან და მაგიდაზე დაიწყო ფართხალი. ვიფიქრე, ჩემს მონატრებულ და გაწამებულ მხარეზეა ლაპარკი, ალბათ, რაიმე სასაიმოვნოა, გავიგებ-მეთქი, ვდგუცე თავი და შევტოპე. ჰოდა, როცა შევტოპე, თვალი გადმომიხტა ბუდიდან. არ დავიჯერე, მაგრამ ფაქტი იყო – თეთრით შავზე ეწერა:
“ნუ გადაიხდით საბაჟოზე იმაზე მეტს, რაც კანონითაა გათვალისწინებული.
ხშირად ბევრ ახალბედა ბიზნესმენს საბაჟოზე გაცილებით მეტი თანხისა და დროის დახარჯვა უხდება. ეს, უმთავრესად, მათ გამოუცდელობას შეიძლება დავაბრალოთ. მიუხედავად გამკაცრებული წესებისა სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს დაიცვას იმპორტიორის უფლებები, გაამარტივოს და გააიაფოს ყველა პროცედურა, მაინც არსებობს უამრავი “ლეგალური” ხერხი იმისა, რომ თქვენ მეტი თანხა დატოვოთ საბაჟოზე, რომელიც, დარწმუნებული იყავით, სახელმწიფო ბიუჯეტში არ წავა. განბაჟებისთვის მომზადება იწყება ყველა აუცილებელი დოკუმენტაციის წინასწარ შეგროვებით. თავიდან დაშვებულ შეცდომას შეუძლია საკმაოდ დიდი ფინანსური ზარალი მოგაყენოთ. საბუთში ჩაწერილი ერთი არასწორი სიტყვაც კი საკმარისია, რომ თქვენ მიმართ გამკაცრებული დაბეგვრის წესები ამოქმედდეს. აუცილებელია იმის ცოდნა, რომელ საბაჟოზე სჯობს ტვირთის შეტანა, რა დაჯდება მთლიანი ხარჯი, რა ვადებში მოხერხდება ტვირთის განბაჟება. ხისტი განწყობა იმის შესახებ, რომ თქვენ მარტო ოფიციალურს გადაიხდით და ვერავინ ვერაფერს დაგაკლებთ, არასწორია. გახსოვდეთ, რომ დრო განბაჟებისას ყოველთვის კლიენტის წინააღმდეგ მუშაობს, განსაკუთრებით საქართველოში.
ჩვენ დაგეხმარებით პრობლემის რაციონალურად გადაჭრაში. საბუთების მომზადება, ხარჯების (თეთრი, შავი) წინასწარი გათვლა, შესაძლო გართულებების განსაზღვრა და მათი თავიდან აცილება. დაგვიკავშირდით წინასწარ, ნუ დაელოდებით ტვირთის შემოსვლას. ტელ: 899 13 90 13, ჩვენ დაგეხმარებით თეთრი და შავი ხარჯების ოპტიმალურ გათვლასა და გადახდაშიო. ასეთი აღიარებითი საჯარო ჩვენება ჯერ არ მინახავს. ზუსტად იცის, რამდენია შავი ხარჯი, თანაც ოპტიმალური. გადაგახდევინებთო ამას, საჯაროდ აღიარებს და თანაც არ ეშინია, რომ ამას იქ წაიკითხავენ, სადაც ჯერ არს და ქონსალტინგი ძალიან ცუდად დამთავრდება. ლომის გული გქონია ძმაო, ასეთი ქონსალტინგი მერი ლინჩისაც კი შეშურდებოდა. ეს სერიოზული თავისებურება ქართული ქონსალტინგ ბიზნესის არა მარტო მიმართულების, არამედ გამჭვირვალებულობის ტრანსფერაბელურობისა და სითამამის მხრივ. ალბათ, იმედი აქვთ ამ ნოუ ჰაუს ავტორებს, ფინანსური პოლიცია მაინც ყველაფერს ხედავს, მაინც აღმოაჩენს და მოიკითხავს, ამიტომ დამალვას აზრი არა აქვსო. სამაგიეროდ, სიახლეა შავი ბიზნესის საჯაროობაა. ბიზნესის ლეგალიზაცია გამიგია და სერიოზული ეკონომიკური პრობლემაა, მაგრამ შავი ბიზნესისა და ქრთამის ასეთი ტრასფერაბელურობა, ალბათ, მსოფლიოს ეკონომიკური მამებისთვისაც სიახლე იქნება. ვაოცებთ მსოფლიოს.
ასე რომ, იმპორტიორებო, ვისაც გსურთ ამ, რაღა დაგიმალო და, ქართული კონსალტინგ სერვისით სარგებლობა, დაუკავშირდით ინტერნეტით www.forms.ge.
ტელეფონი ზევით უწერიათ და ისარგებლეთ ახალი მომსახურებით საქართველოს საოცრებათა სამყაროში. ისე, ყოველი შემთხვევისათვის, ადვოკატიც დაიქირავეთ და საჭირო ნივთები წამოიღეთ თან. რა იცით, რა ხდება!
ვაითუ, სიგრილეში მოგიწიოთ მერე ყოფნამ. ესეც ქართული სინამდვილეა, თანაც ტრანსფერაბელური.