“კოკა-კოლა”-ს ბიზნესის სოციალურ-ეკონომიკური ასპექტების შესახებ ჰაიტექის ეპოქაში
ემზარ ჯგერენაია
“კოკა-კოლა”-ს ახალი საქველმოქმედო ფონდი” და ხალხის, მშრომელი მასების, მოსწავლე ახალგაზრდობის და სოციალურად დაუცველი ფენების ჯანმრთელობაზე ზრუნვა ქართულად
როგორც იქნა ჩვენც გვეღირსა პაპანაქება! მგონი ზაფხული დაიწყო და დაობებული ხალხი (გაზაფხულის წვიმებისაგან) მოეფინა ქუჩებს.
სიცხესთან ერთად მოეძალათ წყურვილიც და ყველა ანერვიულებული დაეძებს გამაგრილებელ სასმელებს. სადაა ადრინდელი დრო – ყოველ ნაბიჯზე ბოშების ბანაკივით ახუნძული ჯიხურები რომ იდგა! ჩაუვლიდი ჭუჭყიან ქუჩებს და რას არ ნახავდა თვალი – სასმელს დალევდი, შაურიან ხაჭაპურს და სამშაურიან ჰამბურგერს შეჭამდი, 1907 წელში დაჭერილ და 1939-ში შებოლილ თევზს და ლუდისფრად შეღებილ სპირტგარეულ წყალს (ეს სუფთა ქართული რეცეპტია და მეტად საიდუმლო) და ისადილებდი კიდეც, სანამ მეტროს თავამდე მიბაკუნდებოდი. ახლა? ახლა ყველაფერი გაკრიალებული და გაზიზინებულია და ქუჩა აღარაა საინტერესო, მეტროს თავამდე დაღლილი თუ დაღლამონატრებული თბილისელები მთქნარებ-მთქნარებით მიგბლაყუნობენ, ახალი არაფერია და აბა რა ქნან.
ოო, მოიცათ! ო, საოცრებავ, ღმერთი მაინც მოწყენილობისათვის არ გაწირავს ამ კრახმალგავლებულ თეთრეულივით გასუფთავებულ ქუჩაში ადამიანს! აი ახალი ჯიხური, ოღონდ მარტო ჯიხური, კაი იმერელი სასიძოსავით გამოწყობილი და მოციმციმე თვალებით, ნაცნობი “კოკა-კოლა”-ს ფერი და უცნობი მორცხვი იერი. უცებ გამახსენდა ეროვნული ბანკის ბიულეტინში რომ წავიკითხე ჰაიტექის მიღწევებზე მონეტარულ ბიზნესში. ისეთი 1-ლარიანი მონეტა გამოუშვით (არადა, ის მონეტა მართლა მაგარია დიზაინითაც და ღირებულებითაც) და “კოკა-კოლა”-ს მივეცით საშუალება ავტო-ჯიხურები დადგას ქუჩაშიო, ჰოდა დაუდგამთ ბატონო მეტრომდე 200 მეტრში, ბელინსკის ქუჩის ასახვევთან. შენ გაიხარე, იდიდე მუშავ წამებულო, დადგა ყელის ჩაკოკლოზინების ჟამი, კანკალით მოვძებნე ლარიანი მონეტა, სინანულით ჩავაგდე საიდუმლო ჭრილში, როგორც ინსტრუქციაში ეწერა, მივაჭირე სასურველი ბოთლის ღილაკს თითი და მოთმინებით აღვიჭურვე, ველოდე, ველოდე და სრულიად ტყუილად. ვაჟას სიტყვებიც გამახსენდა – უსაზღვროა მტრების მოლოდინიო, ამან ძალა შემმატა, მერე მეორე მოქალაქე მოვიდა წყურვილდატანჯული და იგივე ოპერაცია ჩაატარა, დადგა მორჩილად ჩემს უკან და დაელოდა, ისიც ტყუილად. ვეხვეწეთ ავტომატს – შე კაცო, ნუ დაგვხოცე წყურვილითო, მაგრამ არა, ვირივით გაფშიკა ფეხები და “კოკა-კოლა” არ მოგვცა. იქვე ეწერა მობილური ტელეფონები – თუ რამე გაგიჭირდეთ, დაგვირეკეთო და იქ გავჩნდებითო. დავრეკეთ ნომერზე დიდი იმედით, ბატონო! ასე და ასე-თქო და გვიშველე თქო, კი კაცო, აბა რისთვის ვართ ჩვენო, ცოტა გვაცალეთო. დავრეკეთ 10 წუთში და ის ტელეფონი გათიშული იყო. მერე მეორეზე დავრეკეთ, იგივე, მერე ისიც გათიშეს, მერე ქალაქის ნომერზე, იქ შეწუხებული ტონით ახლახან ექსპრესოთი ყელჩაკოკლოზინებულმა და “ბონაქუათი” დარდგაქარვებულმა ბანოვანმა გვიპასუხა – ნუ შეგვაწუხეთ ბატონო, აუცილებლად გამოვიკვლევთ მაგ საქმეს და შეგატყობინებთო. დაიმედებულებმა დავკიდეთ ყურმილი და მერე მოგვაგონდა, რომ იმ ქალბატონს ტელეფონიც არ უკითხავს და სად დაგვიკავშირდებოდა?
უცებ ღვარღვარი ოფლის მოწმენდის დროს ქალბატონის ცინიზმნარევი სიცილი შემომესმა, მოვიხედე დაბნეულმა და ვიხილე ცოცხალი ყვავილების და მიწის გამყიდველი ქალბატონი, მოჭუტული თვალებით რომ ეშმაკურად მიმზერდა – ნუ დარდობ შვილო, შენი ჭირიც წაუღიაო, ეს ავტომატი რაც დადგეს ესე ყლაპავს მონეტებს და “კოკა-კოლა”-ს არ აძლევს არავისო. მოვლენ მერე საღამოს და ჩამოყრიან მონეტებს, გაიცინებენ თქვენაირად ხახამშრალად დარჩენილებზე და მხიარულად წავლენო, იმიტომ გითიშავენ ყურმილს, რომ თქვენს ჯანმრთელობას უფრთხილდებიანო. მეორემ უთხრა – საქველმოქმედო ფონდია “კოკა-კოლა”-სი და შესაწირს იღებენო.
გავშეშდი, მთლად გადამეფხრიწა ხახა, უცებ ჯანმრთელობა რომ ახსენეს ვიფიქრე, ალბათ სპეციალური სენსორი უყენია აპარატს და გაიგო დიაბეტიანი რომ ვარ და არ მაძლევს მეთქი (სად წავიდა ტექნიკა, ჩემს მეგობარ დაზარალებულს რომ შევავლე შეშინებული თვალები, ისიც კაი ფუმფულა იყო და არც იმას არგებდა შაქრიანი სასმელი და ეტყობა არც იმას მისცა მეთქი). მესამე კი იყო გამხდარი, მაგრამ ის ალბათ შესაწირს იხდიდა ბელინსკის ქუჩის ასახვევში და… აი ახლა, მივხდი რას ნიშნავდა ზევიდან ნათქვამი – ქუჩა მოვაწესრიგეთო – ეტყობა გაუჭირდა “კოკა-კოლა”-ს და შეწირულობას იღებს ან ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავს – ყელი რომ არ გაგვიცივდეს, შაქარმა რომ არ აგვიწიოს და რომ არ გავსუქდეთ! და მაინც, ჩემო სიცხით გატანჯულო, მაგრამ პატივისცემის ღირსო მკითხველო, სანამ “კოკა-კოლა”-ს ჯადოსნურ ყუთში პიწკინა ლარიანს ჩაუშვებთ, დაფიქრდით, თქვენ რომელ კატეგორიას ეკუთვნით. თუ არა, იცოდეთ:
ავტომატი არ მოგცემთ კოლას,
წაუღეთ საჩივარი მინარეთში მოლას,
ან ფული შეწირეთ გმირულად ბობოლას,
ნუ დაიდებ ვალს, ნუ დაკარგავ ლარს,
მაინც ვერ დალევ “ბონაქუა”-ს წყალს,
ნუ მიეცემი დარდს, ნუ მოკითხავ მონეტას,
ნუ გადაეყრები შარს, ნუ დარეკავ ზარს,
შენ მოუგებ “კოკა-კოლა”-ს ჯარს?
დაუბრუნდი ცხოვრებას წყნარს,
სხვაგანაც დალევ წყალს,
მერე რა, რომ ქუჩაში ავტობანდიტი დგას?
ნუ აყვები მას, აუყევი ზევით სახლისაკენ გზას,
და ნუ ეძებ სამართალს,
ნუ დაადებ “კოკა-კოლა”-ს ვალს,
ნუ არკვევ ბრალს,
ნუ უსწორებ უხამსობას თვალს,
ავტომატი ზრუნავს, მწამს, ნუ დაკარგავ წამს,
გადაყლაპა? დაიკიდე,
ნუ აავსებ ცრემლით ჯამს!
და მაინც, რა არის ეს ჰაიტექი კაცო, როგორ ზრუნავს ჩვენზე ეს “კოკა-კოლა”, მაინც როგორ გაიგო დიაბეტი რომ მქონდა და თანაც პუტკუნა ვიყავი? ახლა გავიგე სოციალურად ორიენტირებული ბიზნესის ასპექტები . . მაგარია! მაგრამ შენ მაინც ნუ შეწირავ ლარს.