კლიმატის ცვლილების ეროვნული სააგენტო “თბილგაზის” გადასარჩენად პროექტს ამუშავებს
ეკა გაბადაძე
ამ დღეებში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან არსებულ კლიმატის კვლევის ეროვნულ სააგენტოში USAID-ის, “თბილგაზისა” და ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მოეწყო, სადაც სხვა ენერგო პროექტებთან ერთად თბილისის გაზმომარაგების სისტემის აღდგენა-რეაბილიტაციის პროექტს განიხილავდნენ. სპეციალისტთა და ექსპერტთა აზრით, ასეთი მიდგომა ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი განვითარების საფუძვლად მოიაზრება.
პროექტის ინიციატორია კლიმატის ცვლილებების ეროვნული სააგენტო, რომელსაც ხელმძღვანელობს ამავე სააგენტოს დირექტორი, ბატონი თენგიზ გზირიშვილი. პროექტი ერთობლივია და მასში მონაწილეობას იღებენUSAID-ის, სს “თბილგაზისა” და ტექნიკური უნივერსიტეტის შენობათა მიკროკლიმატი – გაზმომარაგების კათედრის თანამშრომლები.
ორი სხვადასხვა კომპანიის: კლიმატის ცვლილების ეროვნული სააგენტოსა და “თბილგაზის” ინტერესების გაერთიანება მოხდა ისეთ უმნიშვნელოვანეს კვეთზე, რასაც მსოფლიოში ბოლო ათი წლის მანძილზე ეკონომიკური პოლიტიკის კონტექსტში გარემოს დაცვის საკითხის “ოქროს ჭრილში” გადაკვეთა და თანამშრომლობა ჰქვია. აქედან გამომდინარე, ამგვარი ეკონომიკური პროექტის არსებობას ამართლებს გლობალური გარემოს დაცვითი ფონდის (GEF) მისია, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი მძლავრი მომქმედი ფონდია და პროექტის ღირებულების 30% გრანტის სახით ეძლევათ გარემოს დაცვის პოლიტიკის დამცველებს, საერთაშორისო დონეზე.
ამჟამად, პროექტის დასაფინანსებლად გადადგმულია პირველი ნაბიჯები. ახლო მომავალში მოხდება კვლევა და გაანგარიშებები, რაც პროექტის სასწრაფო განხორციელების საშუალებას მოგვცემს.
აღნიშნულ პროექტში მონაწილეობის ინიციატივა განპირობებულია გარემოს დაცვის დატვირთვით ეკონომიკურ ჭრილში ტექნიკური დანაკარგების შემცირებისათვის.
USAID-ის გარემოს დაცვითი და ენერგეტიკის განვითარების უფროსმა, პიტერ არგომ ხაზი გაუსვა პროექტის მხარდაჭერის აუცილებლობას უმოკლეს დროში, რათა მოხერხდეს თბილისის გაზის მეურნეობის შემდგომი ნორმალური ფუნქციონირება. ბატონი პიტერის აზრით, აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა “თბილგაზს” შესაძლებლობას მისცემს საქმის გარიგების და ამასთან დაკავშირებული რისკის შემცირებას, “ტექნოლოგიური დანაკარგების მინიმუმამდე დაყვანას ემისიების შემცირების კუთხით.
შეხვედრაზე ითქვა, რომ GEF-ის პროექტი ეროვნულ პრიორიტეტთან, სამოქმედო გეგმებთან და პროგრამებთან კავშირშია. გაერთიანებული ერების კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენცია საქართველოს მიერ 1994 წლის 29 ოქტომბერს იქნა რატიფიცირებული.
UNFCCC-ის ქართულმა მხარემ აიღო ვალდებულება ჩამოეყალიბებინა, შეესრულებინა და შემდგომ გამოექვეყნებინა ეროვნული თუ რეგიონალური პროგრამები, რომლებიც გამიზნული იყო მონრეალის პროტოკოლით არარეგულირებადი სათბურის გაზების ანთროპოგენური ემისიებით გამოწვეული კლიმატის ცვლილებების შემსუბუქებისაკენ.
ენერგოსექტორში ჩვენი მთავრობის პოლიტიკის ძირითადი მიზანია უმოკლეს დროში გაზარდოს ენერგომომარაგება და გააუმჯობესოს გადასახადის აკრეფა, რაც ძირითადი პირობაა თანამედროვე ენერგოკრიზისის დასაძლევად. მთავრობის მიერ ამ სექტორში მუშავდება სარეფორმო სტრატეგია, რომელიც პასუხობს მის საინსტიტუციო, ფინანსურ და სტრუქტურულ პრობლემებს. ენერგოსექტორში მდგრადი განვითარების მიღწევა, მთავრობის სტრატეგიის საფუძველი იქნება, რომელიც ერთ-ერთ მთავარ ამოცანად რესურსების მოხმარებაში ოპტიმიზირებას, უმცირესი ფასების შესამუშავებელი გეგმის მიხედვით ითვალისწინებს. გარდა ამისა, მოზიდული ინვესტიციების გამოყენება მოხდება განსაკუთრებულად არსებული დანადგარების რეაბილიტაციის მოკლე და საშუალო პერიოდის განმავლობაში. ნავარაუდევია სითბოს და ელექტროობის ეფექტურად გამოყენების ხელშეწყობა-განვითარება და ენერგიის წარმოებისა და მოხმარების პროცესში გარემოს დაცვა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ საქართველოს მთავრობა ბუნებრივი გაზის მოხმარებას საქართველოს ენერგოპოლიტიკის დარგში გრძელვადიან პრიორიტეტულ მიმართულებად მიიჩნევს. კერძოდ, მხედველობაშია თბილისის გაზგამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაცია და განვითარება.
– მაღალეფექტური გაზგამანაწილებელი სისტემის შესაქმნელად უსახსრობის გამო საქართველოს მთავრობა გამოხატავს თავის მხარდაჭერას და ხელს უწყობს ენერგოსისტემების ჩამოყალიბებას, მართვისა და ქმედითუნარიანობის ამაღლებას, – აღნიშნა თენგიზ გზირიშვილმა, – ამასთანავე აღნიშნული მხარდაჭერით მთავრობა არსებული შესაძლებლობების ეკონომიკურ რეაბილიტაციასა და გარემოს დაცვით მხარეს ენერგიის გამომუშავებისა და მოხმარების პროცესში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს.
1998 წლის 26 თებერვალს დამტკიცებული #040455 ბრძანებულების თანახმად, თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება დედაქალაქის ბუნებრივი აირით მომარაგების სრული რეაბილიტაციის შესახებ. თბილისის გაზის მეურნეობაში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, 2000 წლის 2 ნოემბერს საქართველოს მთავრობამ ქალაქის მთავრობის სახით, ხელი მოაწერა USAID-ის კონტრაქტორ PA Consulting-თან. აღნიშნული შეთანხმების თანახმად, კონტრაქტორი სს “თბილგაზს” პრივატიზირებისთვის ამზადებს, რათა ეს ობიექტი სტრატეგიული ინვესტორისათვის მიმზიდველი გახადოს.
პროექტი ხელს უწყობს მთავრობას ეკონომიკური პრობლემების გადაჭრასა და გაეროს კლიმატის ჩარჩო-კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაში – აღნიშნა პიტერ არგომ.
ყველა შესაბამისი ორგანო ვალდებულია მხარი დაუჭიროს GEF-ის პროექტში ყველა სახელმწიფოს თუ კერძო სტრუქტურების მონაწილეობას, ვინაიდან თბილისის გაზის მეურნეობა გადაუდებელ რეაბილიტაციას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დღეს გაზმომარაგების სისტემა ჩიხში აღმოჩნდება. წლების მანძილზე უფინანსობის გამო ვერ ტარდებოდა მილსადენების აღდგენითი და პროფილაქტიკური სამუშაოები, რამაც “ტექნოლოგიური” დანაკარგების შემაშფოთებელი მაჩვენებელი გამოიწვია. ამას ემატება მოხმარებულ გაზზე საფასურის გადაუხდელობა, უნიათო მიდგომა, რამაც შედეგად, “თბილგაზს” დიდი რაოდენობით ვალი დაუგროვა. გაზის მომწოდებელი კომპანიები “იტერა” და “საქგაზი” დავალიანების დროული გადაუხდელობის შემთხვევაში გაზის მიწოდების შეწყვეტას გეგმავენ, რასაც შეიძლება წარმოუდგენელი შედეგები მოჰყვეს. საკმარისია, გავიხსენოთ, წინა წლების გამოცდილება, როცა უგაზოდ დარჩენილი მოსახლეობა იძულებული გახდა 5-6-ჯერ უფრო ძვირად შეესყიდა ეკოლოგიურად მავნე საწვავი. მოხდა მრეწველობისა და ენერგეტიკის პარალიზება, მოსახლეობის დემორალიზება. გაზის სექტორში აღნიშნული წყაროს შეწყვეტა საბოლოო ლიკვიდაციის ტოლფასი იქნება.
ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის ამერიკის განვითარების პროგრამის ოფისის დირექტორის, პიტერ არგოს აზრით, “თბილგაზის” სისტემის რეაბილიტაციას 170 მლნ აშშ დოლარი დასჭირდება. მას მიაჩნია, რომ ამ ობიექტის პრივატიზების პრობლემა, თუ უმოკლეს ხანში არ გადაწყდა, მისი კონსერვაცია გარდაუვალია. ამიტომაც, საინფორმაციო პრივატიზების მემორანდუმს მაისის ბოლოს ვარაუდობენ და ტენდერში რამდენიმე გაზის საერთაშორისო კომპანიის მონაწილეობას არ გამორიცხავენ. დღეს ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა მათ მოიწვიონ ერთ-ერთ დონორად “აემეფი”. USAID-ის ინფორმაციით, ენერგოსექტორში ბოლო ორი წლის მანძილზე მათ 3მლნ-ზე მეტი აშშ დოლარი ჩადეს. მომდევნო სამი წლის განმავლობაში, გაზის დარგში 3მლნ აშშ დოლარის კაპიტალდაბანდება იგეგმება.
პიტერ არგომ ხაზი გაუსვა გაზგამანაწილებელი ქსელების აღდგენის აუცილებლობას და მას საშური საქმე უწოდა. აღსანიშნავია, რომ გაზი სხვა წიაღისეულ საწვავებთან მიმართებაში უფრო ენერგოეფექტურია და სათბური გაზების ნაკლებად ემისიის მქონე ენერგომატარებელი.
შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ისეთ აქტუალურ საკითხს, როგორიცაა ცენტრალური გამათბობელი საქვაბეების დემონტაჟის შედეგად გამოწვეული სირთულეები. კერძოდ, დღეს არსებული გაზის ქსელები არ იყო გათვლილი გამათბობელ ხელსაწყოებზე, რაც, თავისთავად, სხვადასხვა სახის ნეგატიურ გამოვლენებს იწვევს. ამიტომაც დღის წესრიგში დგება ამ მიმართულების სერიოზული სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა.
ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელმა, ბატონმა შოთა მესტვირიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ამავე სასწავლებლის მეცნიერ-მუშაკთა კონცეფცია “თბილგაზის” სარეაბილიტაციოდ. მისი აზრით, კომერციული დანაკარგების აღმოფხვრაზე თანხები უნდა ჩაიდოს. როგორც ქართველი მეცნიერები თვლიან ასეთი მიდგომა გაზის სისტემის გაუმჯობესების ერთ-ერთი ეფექტური მექანიზმია.
USAID ამ კონცეფციით დაინტერესდა. ბატონმა პიტერ არგომ იმედი გამოთქვა, რომ ასეთი წინადადება ახლო მომავალში ნებისმიერი შესაძლო ინვესტორის ყურადღებას მიიპყრობს.
ბუნებრივი გაზი, ელექტროენერგიის ჩანაცვლებადი ენერგო შემცველია და 5-6-ჯერ იაფია ელენერგიაზე. ამიტომ, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ამ ორი ენერგომატარებლის თანაარსებობა. მით უფრო, რომ ბუნებრივი გაზი ნაკლებად აბინძურებს ატმოსფეროს, ვიდრე სხვა ენერგოპროდუქტი.
დღეს თბილისში მწვავედ დგას გათბობისა და ცხელწყალმომარაგების საკითხი. საცხოვრებელ სექტორში ცენტრალიზებული ავტონომიური გაზის გამათბობელი ხელსაწყოებით გათბობის სისტემის ჩანაცვლება მოხდა. ცნობილია, ამგვარი სისტემების გამოყენება უფრო ენერგოეფექტურია, თუმცა, ამ შემთხვევაში გაზის ხარჯი 4-5-ჯერ იზრდება და ადრე არსებული გაზმომარაგების ქსელი ასეთ დატვირთვას არ ითვალისწინებს. ამიტომ გაზის გამოყენების პრიორიტეტულობა გარდაუვალია. ამას ისიც ემატება, რომ უახლოეს მომავალში დაიწყება თურქმენეთიდან და კასპიის დასავლეთ სანაპიროდან აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით თურქეთში ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება. გაზსადენის სატრანზიტო ქვეყნებში კი აირი მნიშვნელოვნად გაიაფდება. ამას ისიც ემატება, რომ საქართველოს ბუნებრივი გაზის საკუთარი რესურსი გააჩნია. ჩვენი ქვეყანა უცხოელ პარტნიორებთან ერთად აპირებს საქართველოს ტერიტორიაზე განავითაროს ბუნებრივი გაზის საძიებო სამუშაოები. გაზის მოპოვებას ნინოწმინდის, კუმისის და ნორიოს ჭაბურღილებიდან აწარმოებს კომპანია “ჩანAრგო”. კონკურენტულ გარემოში შექმნილი გაზის ბაზარი ყოველთვის მძლავრი ბერკეტი იქნება ბუნებრივი გაზის დაბალი ფასის და ტარიფების მოსაგვარებლად.
დაბოლოს, შეხვედრის მონაწილეები განსაკუთრებით ერთსულოვანნი იყვნენ, როცა GEF-ის პროექტის მონაწილეობის აუცილებლობას ხაზს უსვამდნენ. მათი აზრით, აღნიშნული პროექტის მომზადება საპრივატიზაციო ობიექტს ინვესტორის თვალში უფრო მიმზიდველს გახდის.