რედაქტორისაგან

ჯემალ ინაიშვილი
გაგანია ზაფხულია და, წესით, ბუღღმოკიდებულ თბილისისს არ უნდა ეცალოს სერიოზული პრობლემებისათვის, მაგრამ საქართველოსა და არსებული პერიოდის უნიკალურობა და სიმძაფრეც მაგაშია, რომ ჩვენ ამის ფუფუნება არა გვაქვს. არ ცხრება პრობლემები და ვნებები, გნებავთ პოლიტიკაში, გნებავთ, მით უმეტეს ეკონომიკაში.
მსოფლიო ბანკის დასკვნაში, რომელიც მათ ამ ზაფხულს გამოაქვეყნეს, ნათქვამია, რომ საქართველოს ეკონომიკა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე რეფორმირებადი და სწრაფად მზარდი ეკონომიკაა. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმ კურსის მართებულობას, რომელსაც ქვეყანა ახორციელებს. ის, რაც მიუღწეველი იყო გუშინ, დღეს უკვე მიღწეული ისტორიაა, მაგრამ ზრდის ამ ტემპებს თავისი პრობლემებიც მოჰყვა. პირველ რიგში ეს არის რუსეთის ემბარგოს გამო ექსპორტ-იმპორტის ბალანსის გაუგონარი დეფიციტი – 6 თვეში მილიარდ ასი მილიონი. იმის გამო, რომ სერიოზულად დაეცა ექსპორტის მაჩვენებელი რამდენიმე ძირითადი მუხლების მიხედვით და მთელი სიმწვავით დადგა ახალი ბაზრების ათვისების პრობლემა, ხოლო ეს პრობლემა ტოლფასია რეალური დამოუკიდებლობისა, რადგან რუსეთის არასტაბილურ ბაზარზე მიბმული ეკონომიკა წინ ვერ წავა, სწორედ ამიტომ წამოვიწყეთ დისკუსია საექსპორტო პოტენციალისა და, საერთოდ, საექსპორტო პოლიტიკის ირგვლივ. ივლისის ბოლოს მეტეხში მოწვეულმა კონფერენციამ ნათლად დაგვანახვა, რომ აქ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. ამ ნომრის მთავარი თემა სწორედ ეს დისკუსიაა, თუ რა ხდება ამ სფეროში საქართველოში, რა ტენდენციებია მეზობელ ქვეყნებში და ექსპერტები და ეკონომისტები რაში ხედავენ გამოსავალს.
ამ დისკუსიის ნაწილია წერილი ჩაის ბიზნესის ირგვლივ იმ პრობლემებსა და პერსპექტივებზე, რომელიც ჩაის ბიზნესს აქვს, რატომ ვერ ვითვისებთ 50 მილიონიან შიდა ბაზარს და რაა საჭირო იმისათვის, რომ მსოფლიო მიმწოდებელი გავხდეთ. ეს რეალობაა. საქართველო ამას დაუბრუნდება და სერიოზულ საექსპორტო სტადიად გახდის. ჩვენ არ ვიზიარებთ იმ ნიჰილიზმს, რომელიც ზოგიერთ ექსპერტს და სახელმწიფო მოხელეს აქვს ამის მიმართ.
ასევე, ჩვენი ყურადღების ცენტრში ისევ მოექცა დისკუსია საბაჟო გადასახადის და საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესის შესახებ. ეს მეტად ფაქიზი და სერიოზული სფეროა საქართველოში და მოთხოვს სრულყოფას, წინაღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ამ დოკუმენტმა სერიოზული ფისკალური პრობლემა შექმნას და ბაზარიც გააძვიროს.
გამოჩენილ ქართველ ეკონომისტსა და მეცნიერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთ დამაარსებელსა და საბჭოური რეჟიმისაგან უსამართლოდ დევნილ მეცნიერს მემორიალური დაფა გაუხსნეს მის საცხოვრებელ სახლთან ვერაზე. ეს მეტად მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ის იყო ევროპული განათლების მქონე პიროვნება და თავისი პატრიოტული მოღვაწეობით იძლეოდა იმის ბრწყინვალე მაგალითს, თუ როგორ უნდა ემსახურო ქვეყანას და ევროპული ფასეულობებისა თუ განათლების დამკვიდრებით როგორ მიიყვანო ერი სრულ დამოუკიდებლობამდე. ასევე გთავაზობთ ბატონ ფილიპეს მიერ 100 წლის წინ გამოქვეყნებულ სტატიას ილიას “ივერიაში”, სადაც ის, ილიას დავალებით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების საკითხებს რედაქტორობდა. დრო არ ცვლის რუსეთსა და მის ამბიციას. ეს წერილი კიდეევ ერთხელ დაგვაფიქრებს ჩვენს დღევანდელობაზე და ერთ იმპერიულ შტრიხს შეჰმატებს რუსეთს.
გთავაზობთ დიდი რვიანის შეხვედრის დეტალებს, რუსეთის იმედგაცრუებას, მის დაუოკებელ სურვილს – გახდეს ვეტოს წევრი, ბარიერებს, რომელიც მისსავე ქმედებაში დევს. რა მოუტანა სამიტმა რუსეთს? რატო არ ხმაურობენ ანალიტიკოსები ამ შეხვედრის მიღწევებზე და რა ტენდეციები გამოიკვეთა მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაში? – იკითხეთ მსოფლიო ეკონომიკის მიმოხილვაში.
ასევე, ტრადიციულად, გთავაზობთ შიდა და საერთაშორისო ბაზრის მიმოხილვას და სამეცნიერო პუბლიკაციებს ეკონომიკის სხვადასხვა პრობლემებზე.
ბედნიერ დასვენებას გისურვებთ ჩემო მკითხველო და იმედია, ჩვენთან ერთად არ მოიწყენთ. სექტემბრამდე.