მაიმუნიდან წარმოიქმნა ადამიანი, თუ პირიქით?
ემზარ ჯგერენაია
I never think about the future
ალბერტ ეინსტეინ
There is no sin except stupidity
Oscar Wilde
ბავშვობიდან მაწუხებდა პასუხი კითხვაზე – მართლა მაიმუნიდან ვართ წარმოშობილი, თუ არა და რა იყო ყველაზე დიდი ცოდვა დედამიწაზე. პირველი წიგნი, რომელსაც ძალიან პატარამ შევეჭიდე “ბიძია თომას ქოხი”-სა და გულივერის მოგზაურობის შემდეგ ჩარლზ დარვინის ევოლუციის თეორია იყო (შემთხვევით მწვანე ყდა მომეწონა). სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ეს ურთულესი იყო და ძალიან გამიჭირდა წაკითხვა, ალბათ, ამიტომაც მახსოვს ასე მწარედ. მაგრამ პასუხი კითხვაზე – მართლა მაიმუნიდან ვართ წარმოშობილი თუ არა, სულ მაწუხებდა, თან საიდან ვართ ასეთი ფარისევლები, ცინიკოსები, დაუნდობლები საკუთარი მოდგმის მიმართ, ფულისა და ბიზნესისათვის გავწიროთ კაცობრიობა – მაიმუნმა დაგვანათლა ეს? არადა, მაიმუნი პირდაპირ აცხადებს – ეს მინდა და ეს არაო, გულწრფელია და პირდაპირი. ჩვენ შეგნებულები ვართ – დემოკრატიაო, საბაზრო ეკონომიკაო, თავისუფალი ეკონომიკაო, ბაზარზე კონკურენციაო, თავისუფლება და შვებაო და ათასი სისულეებით ვიჭყლიტავთ ტვინს. არადა, არასდროს ყოფილა მსოფლიო ეკონომიკა ასეთი არათავისუფალი და ასეთი არადემოკრატიული, როგორც დღეს. ყველაფერს არეგულირებენ ისინი – G8, უბრალოდ ეს სატყუარა ეტყობა დაბალგანვითარებული ეკონომიკებისათვისაა, რათა აქტიურად გაზიდონ რესურსები და დემოკრატიის და ადამიანთა უფლების დაცვის დროშით თავისი თამაშის წესები შესთავაზონ განვითარებად ქვეყნებს. ყველაფერი სტრატეგიული ინტერესებისათვისაა და თუ ამ ინტერესში არ წერიხართ, ჰოო, მაშინ ცუდადაა თქვენი საქმე. ასეთი რამ მაიმუნისაგან მივიღეთ???
გადავწყვიტე ამ პაპანაქება ივლისში ვესტმისტერის სააბატოში ამ იდეის ავტორს – დარვინს ვესტუმრო. ჰოდა, რამდენიმე კითხვაზე მოვთხოვე პასუხის გაცემა. დუმილი არჩია, თავი გამანებეო, გადავიფიქრეო, ეს რა წამომცდაო, ვიხუმრე კაცოო! ჩადი გორილას კითხეო, ნახე მაინც რა კეთილშობილიაო. წავჩანჩალდი რეგენტის პარკში, ლონდონის ზოოპარკში. წამოპლაკული იყო გორილა მხართეძოზე, ჩეროში, ბანჯგვლიანი ხელები (ჯუგაანელი მიტოსავით ალაზნის ჭალების მობიბინე ტყესავით რომ აქვს თმით მკლავები დაფარული) თავქვე ქონდა ამოდებული, ფეხი ფეხზე შემოდებული და მრავლისმთქმელი ღრმა, შავი თვალებით, რომელიც საოცარ სევდას აფრქვევდა, შესცქეროდა ლონდონის ღრუბლიან ცას.
ღრმა ფიქრს მისცემოდა გორილა, ალბათ კაცობრიობის ნათელ მომავალზე და მშრომელი მასების თუ მოწინავე ინგლისელი ინტელიგენციის ინტერსების დაცვაზე ფიქრობდა, რასაც ბოლო დროს გორდონ ბრაუნის ხელისუფლებამ ზურგი შეაქცია.
ალი-კვალი ადამიანი იყო, ტანით, ფეხებით, ხელებით, სახით, სექსუალური ტუჩებითა და უკანალით როგორ გავდა ადამიანს, გაგიჟდებოდი. ცხოვრებაში არ მინახავს გორილა და არ მეგონა ადამიანის ასეთი ასლი თუ იყო. არ უნდოდა ამას დარვინი და თეორიები – სრული ასლია. მე მგონი პირიქითაა – ჩვენგან წარმოიქმნა მაიმუნი. ამაზე ერთი ძველი ანეგდოტი გამახსენდა:
სსრკ-ს ეპოქაა და დაიწყო პერესტროიკის, გარდაქმნის პერიოდი. ლომმა ტყეში (ან ლონდონის ზოოპარკში, რა მნიშვნელობა აქვს) კრება მოიწვია და ცხოველებს განუცხადა: უნდა გარდავიქმნათო, მთავრობის მოთხოვნაა ასეთიო, პერესტროიკა არისო. ყველამ თანხმობა განაცხადა, მაიმუნის გარდა. რატომ ხარ წინააღმდეგიო – ჰკითხა ლომმა მაიმუნს. რომ გარდავიქმნა, ადამიანი უნდა გავხდეო და ადამიანი რომ გავხდები, ცხოვრება ხომ მინდა და ოჯახს რჩენაო, და უნდა ვიმაიმუნო რამე და ისევ მაიმუნი გავხდებიო, აზრი არა აქვსო – მიუგო მაიმუნმა.
ანუ ადამიანი არის მაიმუნი, რომელმაც მაიმუნობა დაიწყო. ზუსტია!
გორილა ზუსტად ადამიანის ასლი იყო, ოღონდ უფრო მშვიდი, კეთილშობილი, გულწრფელი, მოყვასის, მისი ტომელების მოყვარული და რაინდული. ეჭვი არაფერზე მეპარებოდა, მაგრამ რადგან მოვედი, მაინც ვკითხე – საიდან ვართ-მეთქი ჩვენ ადამიანები? შემომხედა გამჭოლი და ნაღვლიანი მზერით (ეტყობა ადამიანების საქციელზე და მომავალზე დარდობს). მომნუსხველი იყო ეს მზერა, წამით მეზოზოურ ერაში გადამისროლა და წარმოვიდგინე როგორ იყო გორილა სამყაროს პატრონი. პასუხი რომ დააგვიანა, ქრთამის მიცემა მოვინდომე (ეს ხომ ასე უყვართ ადამიანებს, თუმცა ინტერესს ეძახიან, ხან სტრატეგიულს და ხან პირადულს) და ბანანი ვესროლე. უხეშად უკან მესროლა – ვინაა შენი მათხოვარიო, ბიჭებს წაუღე გმირთა მოედანზე ზოოპარკში, შიმშილით კუჭი რომ უხმებათო, აქ მე პუდინგზე და “ცეზარის” სალათზე ვყავართ შე შტეროო. თქვენ, ადამიანებს ფხიზელი თვალით ვერ გიყურებთ და დღეში 2 ბოთლ ვისკის ვსვამო. კითხვა რომ შევახსენე, დამეკარგე აქედან, შენღა მაკლდიო – მანიშნა უძირო შავი თვალებით. ცინიკურად კი ვგავართ ძმაო, მაგრამ შინაგანადო… შეხედე ჩვენს კეთილშობილ საზოგადოებასო და მიმითითა იქვე გაშხლართულ მოყვასზე, რომელსაც ნამდვილად არ ადარდებდა რა იქნებოდა ხვალ და არც ის იცოდა, რომ სიშტერე ამქვეყნად ყველაზე დიდი ცოდვა იყო. არა, არ იქნება ეგ ამბავი სწორიო – მომიგო გორილამ, დარვინის მოგონილს და ნაბჟუტურალს გავსო… აგერ ზევით ერთი ჭკვინი კაცი წევს საფლავში და იმას კითხე, ისიც მაგ დროს ჩალიჩობდაო.
არ დაიჯერებთ და მითხრა – მიდი მარქსს კითხეო… მეც წავედი, იქვე აღმართი ავიარე, შვეიცარულ კოტეჯებთან და ულამაზეს ბაღში ბატონ მარქსს მივაკითხე. რას გვერჩოდი – მე ვუთხარი, რა დაგიშავეთ? რა კომუნიზმი და ღირებულების შრომითი თეორია აგიტყდა?
როცა გაიგო საიდან ვიყავით, ბევრი იცინა, სულ ვამტკიცებდიო – არ შეიძლება მაგ გადარეულ ქვეყანას ეგ სისტემა გააკაროთო, მაგრამ ვინ დაგიჯერაო. მივიდნენ ეს გიჟები და მოგაწებეს ლენინმა და გერმანიის უშიშროებამო, ჰოდა, მაგას კითხეო. რაც შეეხება დარვინსო, მაშინ ასე გვეგონა ყველას, მაგრამ რაც დრო შეიცვალა, მაიმუნი უფრო კეთილშობილი ჩანსო, თქვენ ყველაფერ ადამიანურს სპობთ, არც თეორიები გიძლებთ და არც დროო. დღეს ყველაზე აქტუალური ხალხზე, მოსახლეობაზე მალთუსის თეორიააო, მრავლდებით ძმაო და გაჭირდა ცხოვრება. რაც შეეხება ღირებულებას, ისევ ადამიანი ქმნის მიწოდებასაც და მოთხოვნასაც, როგორც მაშინ, ისე ახლაო, თქვენთან კი ამომშალეთ სიიდან, მაგრამ ლონდონში ადამ სმიტისა და რიკარდოს გვერდით ვყავთო. თქვენ ეკონომიკა და თეორია არ გიყვარდეთ, მე რას მერჩითო.
ჩვენ გერჩით? – შევიცხადე მე – თქვენი თეორიებით დაგვაქციეთ ისე, რომ დღესაც ბევრი ქართველი ეკონომისტი და პოლიტიკოსი საბაზრო ეკონომიკაზე რომ ლაპარაკობს, მარქსიზმს გულისხმობს, თავისუფალ კონკურენტულ გარემოზე სახელმწიფო მონოპოლიზმს და სოციალიზმს სახელმწიფო რეგულირებასთან ერთად. აბა ვის დავაბრალოთ, წამოპლაკულხარ აქ შუა ლონდონში და ნებივრობ მსოფლიო კაპიტალიზმის დედაქალაქში, აბა ჩვენ გვკითხე!? – მივუგე გამწარებულმა.
რაო, რა ხდებაო? შეშფოთდა მარქსი. მოუყევი!!… და გადაბრუნდა საფლავში…
წამოვედი, რა მექნა… მიუყვებოდი დაღმართს, ლონდონური, უშფოთველი ზაფხულის საღამო იყო და მე ისევ ვსვამდი კითხვას – როგორ ფიქრობთ, მაინც მაიმუნიდან წარმოიქმნა ადამიანი, თუ პირიქით?
და საერთოდ, რომელია ყველაზე დიდი ცოდვა დედამიწაზე?
ემზარ ჯგერენაია
ლონდონი 2008, ივლისი