საქართველოს საექსპორტო პრობლემები

რედაქციისაგან

25 ივლისს, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში”, საქართველოს სავაჭრო პალატამ, ჟურნალმა “საქართველოს ეკონომიკამ” და არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალი ბიზნესისა და ეკონომიკის ინსტიტუტმა” საქართველოს საექსპორტო პრობლემებთან დაკავშირებით, კონფერენცია გამართეს. მასზე დაწვრილებით განიხილებოდა საქართველოს საექსპორტო პოლიტიკის ტენდენციები. სამწუხაროდ, გამოიკვეთა სავალალო შედეგი – საქართველოში, როგორც ასეთი, საექსპორტო პოლიტიკა არ არსებობს, არ მოიძებნება ბანკი, რომელიც საექსპორტო პროექტებზე მუშაობს.

საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ჯემალ ინაიშვილმა მისასალმებელ სიტყვაში განაცხადა, რომ კონფერენციას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან საქართველოს დიდი საექსპორტო პოტენციალი გააჩნია, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთის ბაზრის დაკეტვის შემდეგ, სადაც ჩვენი ექსპორტის თითქმის 80% გადიოდა, ამ სექტორში მრავალმა პრობლემამ იჩინა თავი. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ვეძებოთ რთული სიტუაციიდან გამოსავალი. ჯემალ ინაიშვილმა აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ ბიზნესის პრობლემა არ გახლავთ და მას სერიოზული მხარდაჭერა სჭირდება, მით უმეტეს, რომ აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებშიც კი არსებობს ხელშეწყობის, დახმარების და ექსპორტის ბაზრის ძებნის უამრავი პროგრამა. ბიზნესის წარმომადგენლებმა, მთავრობამ და განსაკუთრებით ეკონომიკურმა ბლოკმა ერთობლივად უნდა იმუშაონ არსებულ პრობლემებზე. მან სამწუხაროდ მიიჩნია ის ფაქტი, რომ კონფერენციას ეკონომიკის მინისტრი და მისი მოადგილეები არ ესწრებოდნენ. სამრეწველო პალატის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მხოლოდ ლიბერალური საბაჟო და საგადასახადო კოდექსის მიღებით სირთულეებს ვერ გადავლახავთ, პირველ რიგში ეს იმპორტზე გადასახადებს ეხებოდა. ის მიიჩნევს, რომ ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკა, რომელიც სრულყოფილიც არ არის და საგადასახადო კოდექსში სერიოზულ ცვლილებებს მოითხოვს, საკმარისი ვერ იქნება. ქართულ ბიზნესს დახმარება სჭირდება. მდგომარეობა საკმაოდ რთულია, სოფლის მეურნეობის ერთადერთი წარმატებული დარგი მეღვინეობა გახლდათ, რომელსაც დიდი პრობლემები შეექმნა, მაგრამ მის გარდა საბჭოთა კავშირის დროს წარმატებული იყო მეჩაიეობისა და მეციტრუსეობის დარგებიც, რომლის წილიც ჩვენს ეკონომიკაში დღეს მინიმალურია. ბატონმა ჯემალმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს საექსპორტო პოტენციალი გააჩნია და მას გამოყენება სჭირდება, ამ მხრივ კი სერიოზული სამუშაოებია ჩასატარებელი, მოსაზიდია ინვესტიციები, გადასაიარაღებელია ადგილობრივი ფაბრიკა-ქარხნები, აუცილებელია, მომხმარებელმა მიიღოს საბოლოო სახის პროდუქცია. მან დასძინა, რომ საქართველოში მეთამბაქეობაც სერიოზული დარგია, მაგრამ მას ყურადღება საერთოდ არ ექცევა. თუ რუსეთის ბაზარი ჩაკეტილია, უნდა ვისარგებლოთ იმ შეღავათებით, რომელიც ევროკავშირმა დაგვიწესა და საშუალებას აძლევს ჩვენს ექსპორტიორს შევიდეს ყველასთვის მიმზიდველ ევროპის ბაზარზე, მაგრამ მანამდე უნდა ჩატარდეს სამუშაოები, რათა ჩვენი პროდუქცია ევროპისთვის მისაღები იყოს, ამიტომ დღეს უნდა გამოიკვეთოს, თუ რა პრობლემები აქვს ბიზნესს და რაში სჭირდება მას მთავრობის დახმარება, აღნიშნა ჯემალ ინაიშვილმა.
ბადრი ჯაფარიძე, Georgian Glass and Mineral Waters Company-ის გენერალური დირექტორი:
– ვფიქრობ, საქართველოს საექსპორტო პოტენციალი მნიშვნელოვანი თემაა. კარგად უნდა გვესმოდეს, თუ რას ნიშნავს ბაზრების დივერსიფიცირება, სამწუხაროდ, ამასთან დაკავშირებით ხშირია არაკომპეტენტური მოსაზრებები და იქმნება არარეალისტური მოლოდინი, რაც საბოლოო ჯამში არაადეკვატურ გადაწყვეტილებების მიღებას უწყობს ხელს. რუსეთის ბაზრის დაკეტვიდან გამომდინარე, ჩვენი ექსპორტი შემცირებულია, თუმცა ჩვენი კომპანია მაინც მსხვილ ექსპორტიორად რჩება. ბოლო 10 წლის მანძილზე დინამიკა აბსოლუტურად უპრეცენდენტოა, რადგან ჩვენ დავიწყეთ 1995 წელს 5 მლნ. ბოთლის წარმოებით და შარშანდელი წელი 180 მლნ-ით დავასრულეთ. აპრილში ჩვენი კომპანია რუსეთის ბაზარზე ლიდერი გახდა და პირველად გაუსწრო ისეთ მსხვილ წარმოებებს, როგორიცაა პეპსიკოლა, კოკა-კოლა და აქვამინერალი, ბაზარი რაოდენობისა და ღირებულების თვალსაზრისით იზომება, ჩამოთვლილი წარმოებები რაოდენობის თვალსაზრისით ლიდერებად რჩებოდნენ, მაგრამ ღირებულების თვალსაზრისით მათ გავუსწარით. არაფერს ვამბობ რუსული მინერალური წყლის მწარმოებლებზე, როგორიცაა “ნარზანი” და “ესენდუკი”, რომლებიც ბაზარზე აგრესიულად მუშაობენ. ბაზრის ანალიზმა გვიჩვენა, რომ რუსეთის ბაზარზე “ბორჯომის” შეტანის აკრძალვის შემდგომ ეს სეგმენტი არ გადანაწილდა “ნარზანსა” და “ესენდუკზე”, არამედ ის შეავსო დაბალი მინერალიზაციის წყლებმა, ანუ რუსეთის ბაზარი მაღალი მინერალიზაციის ბაზარი იყო, მაგრამ ის ბუნებას იცვლის და ორიენტაციას დაბალ მინერალურ წყლებზე იღებს, რაც უნდა გავითვალისწინოთ, თუ, იმედია, რუსეთის ბაზარზე დავბრუნდებით. დივერსიფიცირებაზე საუბრისას, უნდა გითხრათ, რომ ვახერხებდით 24 ქვეყანაში პროდუქციის შეტანას, ჩვენი არეალი ტაილანდს, ავსტრალიასა და სამხრეთ კორეას მოიცავს, მაგრამ ყველაზე დიდი ბაზარი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები იყო. წელს ალბათ ბალტიისპირეთის ქვეყნებში გავხდებით ლიდერები, განსაკუთრებით ლატვიასა და ლიტვაში გვაქვს კარგი მდგომარეობა, ლიდერები გავხდებით ყაზახეთშიც, თუმცა ადგილობრივ წყლებთან კონკურენცია ძნელი იქნება, აზერბაიჯანშიც საინტერესო სამუშაოები გველის, ხოლო უკრაინაში ჩვენს პორთფელს ბაზრის 25% უკავია, რაც უპრეცენდენტო მონაცემია, არც ერთ ქართულ პროდუქციას უკრაინაში მსგავსი წილი არ აქვს. ჩვენი კომპანია მთლიანად ექსპორტზეა ორიენტირებული, პროდუქციის 80% ექსპორტზე მოდის, რუსეთის კრიზის გამო ეს მაჩვენებელი შემცირებულია, თუმცა ვფიქრობ, რომ ამ შოკის დაძლევა 3-4 წლის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. კონცეპტუალური თვალსაზრისით მთავარია, თუ როგორ უნდა გავიტანოთ საექსპორტო ბაზარზე ქართული პროდუქცია, ანუ რა უნდა იყოს ჩვენი ნიშა საექსპორტო ბაზარზე – უნდა გვქონდეს იაფი პროდუქტი, თუ უნდა გვქონდეს პრემიალური პროდუქტი, რომელიც შეზღუდულ ნიშას იკავებს, მაგრამ მწარმოებელს საშუალებას აძლევს, შედარებით დიდი მარჟის მეშვეობით მოახერხოს მნიშვნელოვანი თანხების წარმართვა მარკეტინგულ, სარეკლამო თუ საკომუნიკაციო საქმიანობაზე. ვფიქრობ, მეორე მიმართულებას გაცილებით დიდი პერსპექტივა აქვს, რადგან მინერალული წყლებისა თუ ღვინის შემთხვევაში არსებობენ დიდი ტრადიციების მქონე ქვეყნები, რომლებიც დაბალი თვითღირებულების შენარჩუნებას ახერხებენ, მათთვის კონკურენციის გაწევა შეუძლებელია, რადგან მათი ხარისხისა და ფასის პროპორცია ძალზედ მაღალია, შესაბამისად, ქართული ღვინის შესვლა, თუნდაც ევროკავშირის ბაზარზე, ან ჩვენს ტრადიციულ ბაზარზე შესაძლებელია მხოლოდ უნიკალური ისტორიის გაყიდვის მეშვეობით – ეს არის შხამქიმიკატებისა და პესტიციდების გარეშე მოყვანილი ყურძენი რომელიც ყველაზე ძველი ტრადიციების მქონე ქვეყნიდანაა და, სწორედ ამის მიშვეობით უნდა მოხერხდეს ქართული ღვინის მიერ ელიტარული ნიშის დაკავება. ეს მარკეტინგის კუთხით ზედმიწევნით კარგად უნდა შესრულდეს, რასაც მხოლოდ ერთი მწარმოებელი ვერ გააკეთებს. ამ სტანდარტების დარღვევა აღარ უნდა მოხდეს. თუ ჩვენს შემთხვევას განვიხილავთ, 10 წლის მანძილზე კონკურენცია გვიწევდა არა მხოლოდ ადგილობრივ წყლებთან, არამედ გვიწევდა ქართველ მწარმოებლებთან აბსოლუტურად არაჯანსაღი კონკურენცია, რომლებიც ბორჯომის სახელს ირქმევდნენ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ გააცნობიეროს, რომ საექსპორტო ბაზარზე წარმატებაზე საუბარიც არ შეიძლება, თუ არ მოხდება მწარმოებლების კონსოლიდირება, სხვაგვარად უმძაფრესი კონკურენციის პირობებში, რომელსაც ევროგაერთიანება ჰქვია, ვგულისხმობ ყოფილი საბჭოთა კავშირის ბაზარსაც, სადაც სტანდარტებიცა და მოთხოვნებიც ბევრად შეიცვალა, საუბარიც არ შეიძლება. საბჭოთა კავშირმა საქართველოს ცუდი სამსახური გაუწია, რადგან ქართული პროდუქტი არაკონკურენტულ გარემოს შეეჩვია, მთავარი იყო მისი წარმოება, დღეს მდგომარება სრულიად განსხვავებულია – შეუძლებელია დაბალხარისხიანი პროდუქციის გაყიდვა, მაღალხარისხიანი კი თავისით არ იყიდება, საჭიროა მისი რეკლამირება. ჩემი აზრით, უნდა შეიზღუდოს ქართული ღვინის ან ქართული მინერალური წყლის ქვეშ ნებისმიერი დაბალი პროდუქციის გატანა ფარგლებს გარეთ, მან შეიძლება საბოლოოდ დაღუპოს ქართული საექსპორტო პოტენციალი. მინდა რამდენიმე ციფრი მოვიყვანო ბაზრის დივერსიფიცირების შესახებ. ჩვენს წარმოებაში მთლიანად რუსეთის ბაზრის წილი 65% იყო, რაც უზარმაზარი მაჩვენებელია, სიტუაცია რთულდება, რადგან წარმოება და კომპანიის სტრუქტურა ამ რაოდენობის პროდუქციაზე და დინამიკაზე იყო აწყობილი. არ ვახდენთ იმ სირთულეების დემონსტრირებას, რაც რუსეთის კრიზისმა გამოიწვია, მაგრამ რეალურად ეს მნიშვნელოვანი დარტყმა იყო, უკრაინასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რომ კარგად წარმოდგენილნი არ ვყოფილიყავით ამ კრიზისის ატანა ჩვენთვის ფაქტიურად შეუძლებელი იქნებოდა, თუმცა რუსეთის აკრძალვამდე აღმოსავლეთ ევროპაში მინერალური წყლების მწარმოებელ კომპანიებს შორის პირველ ხუთეულში შევედით. 1998 წელს, როდესაც რუსეთის ფინანსური კრიზისი იყო, რუსეთიანად ვყიდდით იმაზე ნაკლებს, ვიდრე დღეს რუსეთის გარეშე ვყიდით, მაგრამ მაშინ კომპანია უფრო მცირე იყო, ანუ ჩვენ რეალური პოტენციალი გაგვაჩნია. რთულ ვითარებაში არ უნდა დავკარგოთ რუსეთის ტერიტორიაზე შექმნილი უზარმაზარი ინფრასტრუქტურა, რადგან თავიდან მისი აწყობა ხარჯებთან და დროსთან არის დაკავშირებული. საექსპორტო ბაზარზე აუცილებელია ქართულ პორთფელთან ერთად ადგილობრივი პროდუქტიც იყოს, რადგან მისი მეშვეობით უკეთეს შეღწევადობას ვახერხებთ ბაზარზე, პორთფელში შედარებით დაბალი ღირებულების პროდუქტიც არსებობს და იგი დისტრიბუციისათვის ბევრად მიმზიდველია. საბოლოო ჯამში, ექსპორტის პოტენციალის გასაზრდელად უნდა შემუშავდეს საექსპორტო სტრატეგია, რომელიც ორიენტირებული იქნება პრემიალურ სეგმენტზე, მაღალ ხარისხსა და წარმოშობის უნიკალურობაზე, მხოლოდ ასეთი სტილით შეგვეძლება ნიშის დაკავება და აშშ-სა და ევროპის ბაზარზე მუშაობა. აშშ-ში დავიწყეთ 10 000 ბოთლის გადატვირთვით, გასულ წელს კი 3 მლნ. ბოთლი ბორჯომის რეალიზება მოვახდინეთ. რა თქმა უნდა, მოცულობაში დიდი ციფრი არ გვაქვს, მაგრამ 10 000-დან 3 მლნ-მდე გზა გავიარეთ. ევროგაერთიანებაში მაღალი მინერალიზაციის წყლებთან მიმართებაში მკაცრი რეგულაციაა, ბაზრის დაცვის თვალსაზრისით იქ შეზღუდული გარემოა, მაგრამ ვახერხებთ რეგისტრაციას, რაც მნიშვნელოვან ხარჯებს უკავშირდება. დავამატებ, რომ ექსპორტის პოტენციალის მხრივ მნიშვნელოვანი თემაა ტურიზმი, აქაც სტრატეგია ელიტალური ტიპის ტურიზმზე უნდა იყოს ორიენტირებული. მართალია, თურქეთის კურორტებთან კონკურენციის გაწევა რთულია, რადგან მათი უაღრესად კონკურენტული საფასო პოლიტიკა აქვთ, ხოლო მეორეს მხრივ რაც საქართველოს გააჩნია ეთნო-კულტურული და ისტორიული ელემენტები საშუალებას გვაძლევს კურორტების ექსპორტზე ვიფიქროთ. მთავარია, სწორი სტრატეგია შევიმუშავოთ. რუსეთის კრიზისზე დავამატებდი, რომ არაადეკვატური წარმოდგენაა მის შედეგებზე, რადგან ჩვენ დღესაც ვიხდით რუსეთისთვის განკუთვნილ რესურსზე გადასახადს, რაც კომენტარს არ საჭიროებს. ხელშეწყობას რაც შეეხება, მეწარმეს დახმარება სწორი პოლიტიკის თვალსაზრისით ესაჭიროება, მაგრამ როდესაც ფორსმაჟორული ვითარებაა, ის არაორდინალურ რეაგირებას მოითხოვს, რათა პოტენციალი შეინარჩუნო. საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანია არის ქართული ექსპორტის ფლაგმანი, ის ყველაზე დიდი ექსპორტიორია, მოკრძალების გარეშე ვიტყვი, რომ იგი სამაგალითო კომპანიაა. დაგვეკეტა ბაზრის 65%, მაგრამ ვიხდით ბუნებრივი რესურსის გადასახადს, ჩვენს შემთხვევაში ეს არის მინერალური წყლის საბადო, ანუ იმ წყლის გადასახადს, რომელიც რუსეთში უნდა გაგვეყიდა, შესაბამისად რუსეთის ბაზრის დაკეტვის ზარალთან ერთად, ყოველდღიურად ვიხდით იმ რესურსზე გადასახადს, რომლის გაყიდვაც შეუძლებელია. არაკომპეტენტური ადამიანები ამაში დიდ პრობლემას ვერ ხედავენ, მაგრამ ფაქტია, რომ ზარალს კიდევ ზარალი ემატება.
ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული საინვესტიციო სააგენტოს წარმომადგენლის მარაბ ლომინაძის გამოსვლის შემდეგ კონფერენციის დამსწერეებს ბევრი კითხვა გაუჩნდათ.
მიხეილ ჯიბუტი:
– ბატონო მერაბ, თქვენ არ გისაუბრიათ იმ დოკუმენტზე, რომელიც მთავრობაში არსებობს და რომელსაც ექსპორტის პოლიტიკა ჰქვია, ანუ არსებობს თუ არა მთავრობის მიერ დამტკიცებული ისეთი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც თქვენ მოქმედებთ. ასევე მაინტერესებს, თქვენ, როგორც საინვესტიციო სააგენტოს, გაქვთ თუ არა რესურსები და თუ გაქვთ, რა საინვესტიციო პროექტი განახორციელეთ?
მერაბ ლომინაძე:
– საქართველოში ეკონომიკური პოლიტიკა ლიბერალიზაციისკენ არის მიმართული. ამიტომ, ნებისმიერი საკითხის მიმართ შემდეგი მიდგომები ხორციელდება – თუ თემა კერძო ბიზნესისთვის საინტერესოა და ის კონკრეტული საკითხის მიმართ ინიციატივასა და ინტერესს იჩენს, როგორიცაა ღვინის ექსპორტი თურქეთში, ჩაის ექსპორტი ჩინეთში და ა.შ ჩვენ, როგორც სააგენტოს, საკუთარი დებულებით გვევალება მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მას. მეორე კითხვაზე გიპასუხებთ, რომ საინვესტიციო სააგენტოს მიზანი რომელიმე ეკონომიკის სექტორში საკუთარი სახსრების დაბანდება არ არის. თავდაპირველად სააგენტო წარმოადგენდა ორგანოს, რომელიც ქვეყანაში მოზიდულ გრანტებს მათი გადანაწილების მიზნით უკეთებდა ადმინისტრირებას. მიმდინარე ეტაპზე მსგავსი გრანტების პროგრამა პრაქტიკულად შეწყვეტილია, დარჩენილ გრანტებზე კი მუშაობა მიმდინარეობს. სააგენტოს დებულებაში არ უწერია, რომ მან საკუთარი ხარჯები უნდა გასწიოს, ჩვენ ინვესტიციებს სხვა კუთხით ვეხმარებით, ჩვენ ინვესტორს ვეხმარებით გავუადვილოთ საქართველოში საქმიანობა. მონაწილეობა მრავალ პროექტში გვაქვს მიღებული. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ “სილქროუდ ჯგუფთან”, რომელიც საქართველოში აქტიურად მოღვაწეობს. მოგეხსენებათ დღეს საქართველოში ყველაზე მსხვილ ინვესტიციებს ყაზახეთი ახორციელებს, არიან სხვა ქვეყნების წარმომადგენლები და კომპანიებიც. ჩვენი ბიუჯეტი 10 000 დოლარია და იმედი მაქვს, რომ ეს თანხა კიდევ გაიზრდება მომავალი წლისთვის, მაგრამ ამ სახსრებით საინვესტიციო პროექტებზე საუბარი რთულია. მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფო იძლევა ლიბერალურ ეკონომიკურ პოლიტიკას და იგი კერძო სექტორის საქმიანობაში არ ერევა. ჩვენ ის საკანონმდებლო ბაზა და გარემო უნდა უზრუნველვყოთ, რომ კერძო სექტორს ამ ქვეყანასა და მის ეკონომიკაში სურვილი გაუჩნდეს ინვესტიციები განახორციელოს.
კოკი ცეცხლაძე, კომპანია “მარტინ ბაუერი”:
– ყველა სახელმწიფოში არსებობს ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამები და პროექტები. თუ შევადარებთ სოფლის მეურნეობისადმი განხორციელებულ პროექტებს ევროპაში, აშშ-სა და ჩვენს ქვეყანაში უზარმაზარ განსხვავებას დავინახავთ. საუბრისას ნათლად სჩანს, რომ ამერიკული და ევროპული საზოგადოების ცხოვრების 100%-იანი კოპირება გვსურს, მაგრამ უნდა გავიგოთ, რომ პირველ რიგში ეს ეკონომიკის დონეს ეხება.
მიხეილ ჯიბუტი:
– სინგაპურსა და ჰონგკონგში მიწის ნაკვეთები არ არსებობს, შესაბამისად არ არსებობს აგრარული პოლიტიკაც. ამიტომ სინგაპური საქართველოსთვის სოფლის მეურნეობის მაგალითად არ გამოგვადგება.
მერაბ კაკულია
– ძალიან სერიოზული თემაა საკრედიტო რესურსების თემა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საბანკო სისტემა სწრაფი ტემპით ვითარდება და გადაჭარბების გარეშე ვიტყოდი, რომ სახეზეა საკრედიტო ბუმი, რაც საკრედიტო დაბანდებების ძალიან სწრაფი ტემპით ზრდაში გამოიხატება, არის სექტორები, სამწუხაროდ, ისინი ექსპორტთან დაკავშირებული სექტორებია, რომლებიც ამ დაბანდების საერთო მოცულობაში ძალიან დაბალი ხვედრითი წილით სარგებლობენ. დიდი ეჭვი მაქვს, რომ ახლო მომავალში ქართულმა ბანკებმა შექმნან პროდუქტები, რომლებიც ექსპორტზე ორიენტირებული წარმოებების მხარდაჭერისთვის იქნება გამიზნული. ამისთვის მსოფლიოში არსებობს აპრობირებული მექანიზმები, რაც აქ არაერთხელ აღინიშნა, ეს არის ექსიმ ბანკების სისტემა, რომლებიც სახელმწიფო კონტროლს ექვემდებარებიან, სახელმწიფო კი მათი საშუალებით ახორციელებს სერიოზულ საექსპორტო პოლიტიკას. რაც საინვესტიციო სააგენტოს წარმომადგენელმა, მერაბ ლომინაძემ ბრძანა ის სახელმწიფოსთვის საჭირო და მნიშვნელოვანია, მაგრამ საექსპორტო პოლიტიკას უფრო ქმედითი მექანიზმები სჭირდება და ისინი აუცილებლად უნდა უკავშირდებოდეს კრედიტს და საკრედიტო მხარდაჭერას. მხოლოდ სახელმწიფოს შეუძლია საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირება და არა წარმოების სუბსიდირება, რადგან ჩვენთან საპროცენტო განაკვეთები ხანგრძლივვადიანი კლების ტენდენციეს შემდეგ ინფლაციური რისკების გამო საწინააღმდეგო ტენდენციით შეტრიალდა და არ მგონია ეს ტენდენცია ახლო მომავალში შეიცვალოს. ახლა მით უმეტეს აქტუალურია სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და საკრედიტო დაწესებულების შექმნა. ჩვენ ექსიმ ბანკი გვქონდა და სახელმწიფოს მხრიდან არასწორი მიდგომის გამო ის დავკარგეთ, ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი სპეციალიზირებული საბანკო დაწესებულების შექმნისა, მაგრამ ეს ამ ნაწილს არ ეხებოდა. ეს ის სფეროა, სადაც სახელმწიფო საკრედიტო დაწესებულების არსებობა აუცილებელია. ასევე მნიშვნელოვანია კონცეპტუალური საკითხი, აქ მოვისმინეთ, რომ ჩვენ კონკურენციას ვერ შევქმნით და რაოდენობრივად ვერ ვაწარმოებთ იმდენს, რომ ბაზარზე დავიკავოთ განსაკუთრებული ადგილი, მიმაჩნია ეს მიდგომა სწორი არ არის, რადგან თუ ამ მიდგომით ვისარგებლებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნომინალური ხელფასის ზრდის ტენდენცია, რომელიც ბოლო დროს გამოიკვეთა და დოლარში გამოხატული ქართული ხელფასი უახლოვდება ჩვენი მეზობელი ქვეყნების ხელფასების დონეს, უმნიშვნელოა და დიდ გავლენას ვერ მოახდენს. დოლარში გამოთვლილ ხელფას ლარის გამყარება გარკვეულწილად ქვემოთ წევს და, სამუშაო ძალის ხარჯის თვალსაზრისით, რაღაც შეღავათს გვაძლევს, მაგრამ ინფლაციის გამო ბოლო წლებში ნომინალური ხელფასი სწრაფად იზრდება და ლარის გამყარება მას ვერ გადაფარავს, ამიტომ ლარის კურსის გამოყენებით პროცესების რეგულირება არასწორი ხედვაა. ყველაფერთან ერთად შეიცვალა ექსპორტის სტრუქტურაც, წამყვანი ჯართი აღარ არის, 2005 წლის მონაცემებით, წინა წლებთან შედარებით, ჯართის ხვედრითი წილი მკვეთრად დაეცა. I კვარტლის მონაცემებზე რუსეთის ემბარგო არ აისახა, ფეროშენადნობები და კაკალი უნდა გავითვალისწინოთ, ფაქტიურად ეს ისეთი სფეროებია, სადაც, ჯართისგან განსხვავებით, მის შიდა ფასსა და გარე ფასს შორის დიდი სხვაობები არ არის. სამწუხაროდ სახეზეა კატასტროფის ნიშნები, ბოლო მონაცემებით I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სავაჭრო ბალანსის დეფიციტი გაორმაგდა, რაც მიგვანიშნებს, რომ სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ.
გია კაკაბაძე, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორი:
– სამწუხარო ფაქტია, რომ ექსპორტის თემა დისკუსიებში აღიარებული არ არის. სუბსიდიებზე საუბრისას, გასაგებია, რომ დღევანდელი ბიუჯეტი სუბსიდიებს ვერ განახორციელებს, მაგრამ არსებობს საგადასახადო შეღავათები, როდესაც გადასახადების დიფერენციაციაზე უარი ვთქვით. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება ექსპორტთან დაკავშირებით სწორი არ იყო. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე აუცილებელი იყო განსაკუთრებული შესწავლა, თუ რა სექტორებს რა სახის საგადასახადო რეჟიმი აქვთ. ბევრ ქვეყანაში, მაგალითად ლიტვაში, სადაც 9 მლრდ. ევროს ექსპორტია, ბევრი სხვადასხა რეჟიმი აქვს, მსხვილი ინვესტორი მოლაპარაკებას სპეციალური საგადასახადო რეჟიმით აწარმოებს მთავრობასთან, ასევე შექმნილია ორი თავისუფალი ეკონომიკური ზონა, 9 მლრდ-ევროიანი დიდი წილი სწორედ ამ ზონებზე მოდის. იმის თქმა მინდა, რომ ისინი ამ მხრივ გარკვეულ ზომებს იღებენ და ამ მიმართულებით ბევრს ფიქრობენ. ჩვენი დისკუსია იმით უნდა დაიწყოს, თუ ვის დაევალება ექსპორტის პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავება, რომ ექსპორტის განვითარებისთვის სპეციალური პროგრამა შევიმუშავოთ.
მერაბ ლომინაძე:
– ნუ შევედრებით ეკონომიკით ლიტვას, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე მაინც. გეთანხმებით, რომ ექსპორტის დასახმარებლად აუცილებელია ქმედითი პოლიტიკის შემუშავება და მზად ვართ თქვენთან თანამშრომლობისთვის. რაც შეეხება საკრედიტო რეჟიმს, ზოგადად, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოში ყველზე ცუდად ინფორმირებილი საბანკო პროდუქტების შესახებ ბანკის კლიენტები არიან. ექსიმ ბანკზე საუბრისას ვიტყვი, რომ საქართველოში ამ ეტაპზე სახელმწიფოს მონაწილეობით ბანკის დაარსება შეუძლებელია. საქართველოში დოკუმენტური ოპერაციების წილი, რომელიც უშუალოდ მიზანმიმართულია კომერციულ ბანკებში საექსპორტო ოპერაციებზე მიზერულია. ამიტომ მნიშვნელოვანია ბანკებმა არ გასცენ 20%-იანი სესხი, არამედ 3%-იანი საგარანტიო წერილი, რომელიც უცხოელი პარტნიორისთვის მისაღები იქნება.
მიხეილ ჯიბუტი:
– საქმე იმაშია, რომ საქართველოში ბევრი კატეგორია პოლიტიკის ნაწილი არ გახდა, მაგალითად, საქართველოს მდგომარეობას საგადამხდელო ბალანსით არ აბარებენ, არავინ ამბობს თუ რა მოსდის მას. მთავარია, გაგვაჩნია თუ არა ჩვენ პოლიტიკა. ჩემთვის მნიშვნელოვანია დოკუმენტი, წარმოდგენა და ხედვა, აქვს თუ არა ქვეყანას და არსებობს თუ არა ექსპორტ-იმპორტის პოლიტიკა და სად წერია ის, რათა შემდეგ ქმედებებზე ვიმსჯელო, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესა თუ ის ქმედება ამ პოლიტიკას შეესაბამება ან არა. როდესაც იმპორტს გადასახადებისგან მთლიანად ათავისუფლებ, მაშინ ექსპორტის პოლიტიკაზე საუბარი არ შეიძლება. ექსპორტის პოლიტიკა არის იმპორტშემცვლელი წარმოების სტიმულირება ქვეყნის შიგნით. მთავარი საწარმოს არსებობა არ არის, მთავარია პროდუქტი თუ გვაქვს ჩვენი სამყოფი და თუ გვაქვს, მაშინ რატომ შემოგვაქვს ის სხვა ქვეყნიდან? ანუ დგება პოლიტიკის თემის არსებობის საკითხი, რომელიც არ გაგვაჩნია. ეროვნულ ბანკს ორი აღვირი აქვს – სავალუტო კურსის პოლიტიკა და საპროცენტო განაკვეთების პოლიტიკა, როგორ არის ეს ექსპორტ-იმპორტის პოლიტიკასთან მიბმული? ექსპორტ-იმპორტის პოლიტიკასთანაც არის ორი რამ – ქვეყნის შიგნით სტიმულირების მექანიზმი და იმპორტის გადასახადის საკითხი. ამ ტარიფების დაწევით ჩვენ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მეტ ვალდებულებებს ვიღებთ, ანუ აქ პოლიტიკა არ ჩანს. მისი არსებობა კარგი იქნებოდა. სახელმწიფოს კი საერთოდ არ გააჩნია ეკონომიკური პოლიტიკა დოკუმენტის სახით. პოლიტიკა სამ რამეს ეყარება – თეორიას, სხვა ქვეყნის გამოცდილებასა და საკუთარ გამოცდილებას. თუ რომელიმე აკლია, მას პოლიტიკა აღარ ჰქვია. პოლიტიკის შესახებ საუბრისას უნდა დასახელდეს მიზანი, მისი მიღწევის გზები და ის, თუ რას ემყარება მისი გათვლები. ჩვენი ქვეყანის ყველაზე დიდი ნაკლი ის არის, რომ ეკონომიკის სფეროში, არც ერთი მიმართულებით სტრატეგიული ხედვა არ გაგვაჩნია, შესაბამისად არ გვივარგა ტაქტიკა. ლიბერალიზმს დაცვა სჭირდება, ფასების კანონის გაუქმებით ფასების ლიბერალიზაციის პოლიტიკას დიდი დარტყმა მივაყენეთ. პოლიტის გარეშე მსჯელობა კონცენტრირებული ვერ იქნება, ჩვენ ინდიკატორი არ გვაქვს, რა არის ცუდი და კარგი.